წვდომის მენიუ

სს „სილქნეტის“, შპს „მაგთიკომის“, შპს „სელფი მობაილის“ წინააღმდეგ შპს „ირკას“ საჩივრის განსახილველად მიღების საკითხის განხილვის თაობაზე

ნომერი: გ-25-16 / 217

გამოქვეყნების თარიღი მაისი 15, 2025 12:41

მიღების თარიღი მაისი 01, 2025

სს „სილქნეტის“, შპს „მაგთიკომის“, შპს „სელფი მობაილის“ წინააღმდეგ შპს „ირკას“ საჩივრის განსახილველად მიღების საკითხის განხილვის თაობაზე

I.აღწერილობითი ნაწილი

1. მომჩივანის პოზიცია

1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას საჩივრით (მიმართვა) მომართა (16.04.2025 Nშ-25-6/1555) შპს  „ირკამ“  სს  „სილქნეტის“,  შპს  „მაგთიკომისა“  და  შპს  „სელფი მობაილის“ წინააღმდეგ. საჩივარში  აღნიშნულია,    რომ    ზემოაღნიშნული    მნიშვნელოვანი  საბაზრო ძალაუფლების მქონე პირები ითხოვენ შპს „ირკასგან“, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირისაგან, მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფის კატეგორიაში, კერძოდ, ტექსტური შეტყობინების მომსახურების კუთხით (კატეგორიის სახე -  B.M.2_1), ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაზე, ლოკალური ან/და საერთაშორისო არასტანდარტული სახის მოკლე ტექსტური შეტყობინებების (SMS) დასრულების  მომსახურების   შესახებ   ხელშეკრულების  დანართის ხელმოწერას. მომჩივანის მითითებით,  დანართი ითვალისწინებს მარეგულირებელთან შეთანხმებული ოფერტის შესაბამისად   საერთაშორისო   მოკლე  ტექსტური   შეტყობინებების კლასიფიკაციის საკითხს.

2. საჩივარში აღნიშნულია,  რომ  მსგავსი  საჩივრით  კომპანიამ  კომისიას  მიმართა    2023 წლის დასაწყისში და  ხანგრძლივი  განხილვების  შემდეგ  კომისიამ  დაადგინა,  რომ  მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე პირები უფლებამოსილნი არიან მათი მსგავსი კომპანიებისგან მოითხოვონ, შპს „ირკას“ შეფასებით, შეუსაბამოდ მაღალი ღირებულების გადახდა.

3.შპს „ირკას“ საჩივრის თანახმად,  სს „სილქნეტის“, შპს „მაგთიკომისა“ და შპს „სელფი მობაილის“ მიერ შეთავაზებული საერთაშორისო SMS-ების  განმარტება არის დისკრიმინაციული, არასამართლიანი, სახეზეა   მათ   ხელთ   არსებული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, SMS-ის, როგორც პროდუქტის დაზიანება და ზოგადად, საქართველოს ბიზნეს გარემოსა და ეკონომიკის დამაზიანებელი ქმედება.

4.შპს „ირკას” საჩივარში აღნიშნულია, რომ Bulk ტიპის მოკლე ტექსტური შეტყობინების  (A2P) დაკვეთა ხორციელდება ინტერნეტწყაროების მეშვეობით. მისი დაკვეთისას არ გამოიყენება სხვა ადგილობრივი თუ უცხოური ოპერატორის სერვისი, რაც იმას ნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომს“, სს „სილქნეტს“ და შპს „სელფი მობაილს“ საერთაშორისო არასტანდარტული სახის მოკლე ტექსტური შეტყობინებების (SMS) დასრულების მომსახურების გაწევისას არ წარმოეშობათ დამატებითი ხარჯი. აღნიშნული ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ინტერნეტ წყაროების მეშვეობით მიღებული დაკვეთისას, ფასის განმსაზღვრელი კრიტერიუმი ვერ იქნება დაკვეთის განხორციელების გეოგრაფიული მდებარეობა (რამდენადაც ეს არ იწვევს ოპერატორისთვის რაიმე დამატებითი ხარჯის, ქმედების ან ვალდებულების დაკისრებას). შესაბამისად, არ არსებობს რაიმე ფიზიკური ან ლოგიკური კავშირი წამოწყების ადგილისა და ტარიფის ზრდის საჭიროებას შორის. კომპანიის მოსაზრებით, შეთავაზებული ხელშეკრულება ხელოვნურად ქმნის ბარიერს ინტერნეტის, როგორც საერთაშორისო ხელმისაწვდომი კავშირის სიკეთეების გამოყენებაზე. შპს „ირკას“ მიაჩნია, რომ არასამართლიანი, დისკრიმინაციული და საქართველოს ეკონომიკისთვის ზიანის მომტანია ის ფაქტი, რომ მომსახურებისთვის, რომელიც არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გაწევას, ხორციელდება საფასურის ხელოვნური ზრდა. ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი, არაადეკვატურად მაღალი ტარიფის დადგენა მიმართულია დისკრიმინაციისაკენ, უცხოური კომპანიებისთვის საქართველოს ბაზარზე არსებობის ინტერესების დაზიანებისა და შპს „ირკასა“ და მისი მსგავსი კომპანიებისათვის სამეწარმეო საქმიანობის ხელოვნურად შეჩერებისაკენ.

5. შპს   „ირკას“   განმარტებით,   ზემოაღნიშნული   დასტურდება   კომისიის   მიერ   ჩატარებული კვლევებიდან (რომელიც განთავსებულია კომისიის ვებგვერდზე), რომ ყოველწლიურად მცირდება საცალო მომხმარებლების მიერ ამ პროდუქტის გამოყენება, რადგან ბაზარზე არსებობს გაცილებით იაფი, მოქნილი და ეფექტური ტექნიკური არხები შეტყობინებების გაგზავნისათვის. SMS-ის, როგორც პროდუქტის, გამოყენების დიდი წილი მოდის Bulk SMS ებზე, რომელთა ზრდის ტენდენცია მიმდინარეობს, რაც პირდაპირ დაკავშირებულია შპს „ირკასა“ და მისი  საქმიანობის მსგავსი კომპანიების ბაზარზე ოპერირებასთან. თუ ასეთი კომპანიები დაკარგავენ მომხმარებლებს არაადეკვატურად და უსაფუძვლოდ გაზრდილი ტარიფების გამო, ისინი შეწყვეტენ არსებობას, რაც საბოლოოდ SMS-ების, როგორც პროდუქტის, ბაზრიდან გაქრობას გამოიწვევს და აღნიშნული სეგმენტი სრულად გადაერთვება ისეთ დაბალფასიან და მოქნილ პროდუქტებზე, რომელსაც ინტერნეტი და სმარტფონები სთავაზობენ.

6. მომჩივანი განმარტავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ29  ქვეპუნქტის თანახმად, „ურთიერთჩართვა არის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ფიზიკური და ლოგიკური კავშირი, რომელსაც იყენებს ერთი ან რამდენიმე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი, რათა ერთი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცეს, დაუკავშირდეს იმავე ან სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს, ან/და ისარგებლოს სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომსახურებით, და რომელიც ხორციელდება ოპერატორების მიერ საკუთარი ქსელების შესაბამის ელემენტებთან შეუზღუდავი, სავალდებულო და არადისკრიმინაციული ურთიერთდაშვებით“. ევროპის ელექტრონული კომუნიკაციების კოდექსის მე-2 მუხლის 28-ე პუნქტის თანახმად, ურთიერთჩართვა არის დაშვების სპეციფიკური სახე, განხორციელებული საჯარო ქსელის ოპერატორებს შორის, საჯარო ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ფიზიკური ან ლოგიკური კავშირის მეშვეობით, რომელიც გამოიყენება იმავე ან სხვა ოპერატორის მიერ იმ მიზნით, რომ ერთი ოპერატორის მომხმარებლებს მიეცეს შესაძლებლობა დაუკავშირდნენ იმავე ოპერატორის ან სხვა ოპერატორის მომხმარებლებს ან ჰქონდეთ დაშვება სხვა ოპერატორის მომსახურებებზე, რა დროსაც ასეთი მომსახურებები მომხმარებელს მიეწოდება ქსელის ოპერატორების მიერ ან ქსელთან დაშვების მქონე ოპერატორების მიერ. დაშვების დირექტივის (2002/19/EC) პრეამბულის მე-6 პუნქტის თანახმად, ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებს უნდა ჰქონდეთ უფლებამოსილება უზრუნველყონ მომსახურებებთან ადეკვატური დაშვება და ურთიერთჩართვა და ამ მომსახურებების ურთიერთოპერაბელურობა ბოლო  მომხმარებელთა  ინტერესების სასარგებლოდ. კერძოდ, მათ შეუძლიათ უზრუნველყონ ორ წერტილს შორის კავშირი იმ ავტორიზებულ პირზე პროპორციული ვალდებულების დაკისრებით, რომელიც აკონტროლებს მომხმარებლებთან დაშვებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, A2P შეტყობინებების გაგზავნა, რომელთა მიღება ხორციელდება ინტერნეტ არხების, ამ შემთხვევაში, შპს „ირკას“ ვებ-გვერდის მეშვეობით, სამივე ოპერატორის მიერ უნდა განხორციელდეს არსებული (ადგილობრივი) ტარიფებით და არა 8 ცენტით, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახეზე იქნება მომსახურებებზე არაადეკვატური დაშვება (უსამართლო და უსაფუძვლო დეფინიციით გამართლებული შეუსაბამოდ მაღალი ტარიფი), რომელიც პირდაპირ აზიანებს როგორც შპს „ირკას“ ინტერესებს, ისე მათ მომხმარებლებს, რადგან ზიანდება როგორც შეტყობინების გამგზავნი, ასევე მისი მომხმარებლების ინტერესები, რომლებიც ვეღარ შეძლებენ SMS-ის მეშვეობით Bulk შეტყობინებების მიღებას არაადეკვატური ტარიფის გამო.

7. შპს „ირკას“ საჩივრის შესაბამისად, შპს ,,მაგთიკომი“, სს ,,სილქნეტი“ და  შპს „სელფი მობაილი“, როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირები ექცევიან „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების ფარგლებში, რომლის მიხედვით, „მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირების დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების მიწოდება უნდა განახორციელოს დანახარჯებზე ორიენტირებული და არადისკრიმინაციული ტარიფით.“. შპს „ირკას“ მიაჩნია, რომ მოკლე ტექსტური შეტყობინების მომსახურების დასრულების (ტერმინაციის) პირობები უნდა იყოს ერთნაირი, მიუხედავად მისი წამოწყების გეოგრაფიული მდებარეობისა, ბრენდის წარმომავლობის, საქმიანობის ლიცენზირებისა და სხვა კრიტერიუმებისა, როდესაც ოპერატორისთვის მომსახურების გაწევის და მისი ხარჯების ნაწილში არავითარი ცვლილება არ ხორციელდება.

8. შპს „ირკას“ საჩივარში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის 25 იანვარს ელ.ფოსტის მეშვეობით დაუკავშირდა სს „სილქნეტის“ წარმომადგენელი, რომელმაც მოითხოვა ურთიერთჩართვის ხელშეკრულების დანართის ხელმოწერა. შპს „ირკას“ მითითებით, ხელშეკრულების დანართი ოფერტასთან შედარებით კიდევ უფრო ფართოდ განმარტავს საერთაშორისო SMS-ის კლასიფიკაციის   საკითხს.   შპს   „ირკამ   „სს   „სილქნეტს“   წარუდგინა   შენიშვნები,   თუმცა სს „სილქნეტმა“ არ გაიზიარა აღნიშნული შენიშვნები და შპს „ირკას“ განუმარტა, რომ წარდგენილი ვერსია არ შეიცვლებოდა.

9. საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ სს „სილქნეტი“ ითხოვს შეტყობინებებისთვის საერთაშორისო ტრაფიკისთვის გამოყოფილი და იდენტიფიცირებული არხის შექმნას, რომლის მეშვეობითაც მოხდება მხოლოდ საერთაშორისო ტრაფიკის გატარება და მისი შესაბამისი ტარიფით ანგარიშსწორება, რადგან მათ ფროდის სამსახურის მიერ გარკვეული შეტყობინებები (მაგ: Bolt.ge), რომლის თანახმად,   ფროდის დადგენის ალგორითმმა აღნიშნული სახის sms შეტყობინებები დააიდენტიფიცირა, როგორც საერთაშორისო არასტანდარტული ტიპის sms.

10. შპს „ირკა“ განმარტავს, რომ მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს განცალკევებული არხით გატარდეს საერთაშორისო შეტყობინებები, თუმცა მისთვის მიუღებელია ის განმარტებები, რომლებსაც ითვალისწინებს სს „სილქნეტის“ წარმოდგენილი ხელშეკრულების დანართის პროექტი საერთაშორისო შეტყობინებების კლასიფიკაციასთან დაკავშირებით.

11. ზემოაღნიშნული დასაბუთების საფუძველზე შპს „ირკას“ მოთხოვნებ: 1. მომსახურების ამ სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორების მიერ შპს „ირკას“ მსგავსი ავტორიზებული პირების მიმართ დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენების აღკვეთა და მათი ქმედებების საკანონმდებლო ჩარჩოებში მოქცევა; 2. A2P შეტყობინებების გაგზავნა, რომელთა მიღება ხორციელდება ინტერნეტ არხების (smsoffice.ge) და მისი მსგავსი ვებ- გვერდების  მეშვეობით,  სს  „სილქნეტის“,  შპს „მაგთიკომის“ და შპს „სელფი  მობაილის“ მიერ განხორციელდეს დანახარჯებზე დაფუძნებული ტარიფის (ლოკალური არასტანდარტული სახის SMS-ის დასრულების ტარიფი) მიხედვით; 3. აღმოიფხვრას დისკრიმინაცია და უზრუნველყოფილი იქნას ამ სფეროში არსებული სხვა მეწარმე სუბიექტების საქმიანობის გაგრძელება.

12. სს „სილქნეტის“, შპს „მაგთიკომისა“ და შპს „სელფი მობაილის“ წინააღმდეგ შპს „ირკას“ საჩივრის განსახილველად მიღების საკითხის განხილვის მიზნით დაინიშნა კომისიის მოსამზადებელი სხდომა 2025 წლის 1 მაისს 15:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე ეცნობათ მხარეებს, გაეგზავნათ შეტყობინებები და განემარტათ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად, უფლება აქვთ კომისიას წარუდგინონ მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით, გაეცნონ ადმინისტრაციული წარმოების მასალებს, მოითხოვონ ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების ასლები.

13.  კომისიის 2025 წლის 1 მაისის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „ირკას“ წარმომადგენლები: ნანა არაყიშვილი, სულხან ჯაში და დავით გოლოშვილი, სს „სილქნეტის“ წარმომადგენელი ნინო ნიჟარაძე და შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელი ლევან გიორგაძე.

14. კომისიის 2025 წლის 1 მაისის სხდომაზე შპს „ირკას“ წარმომადგენელმა ნანა არაყიშვილმა განმარტა კომისიისთვის განმეორებით მომართვის მიზეზი და განსხვავება 2023 წლის საჩივარსა და 2025 წლის საჩივარს შორის. შპს „ირკას“ წარმომადგენლის ნ. არაყიშვილის განცხადებით, მის მარწმუნებელს 2023 წელს, კომისიისთვის მომართვისას, ჰქონდა მოლოდინი, რომ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე პირთა ოფერტები გამოიწვევდა ბევრ პრობლემას, გაუგებრობას და დიდ ზიანს მიაყენებდა ბიზნეს სექტორს, როგორც შპს „ირკას“ მსგავს კომპანიებს, ისე მათ მომხმარებლებს, ხოლო დღეის მდგომარეობით ასეთი ზიანი უკვე სახეზეა. კერძოდ, ნ. არაყიშვილმა აღნიშნა, რომ კომისიაში წარმოდგენილი აქვს ელექტრონული ფოსტის მიმოწერა და ე.წ. სქრინები, სადაც ნათლად ჩანს შეთანხმებული ოფერტის ბუნდოვანების შედეგი. კერძოდ, სს „სილქნეტის“ მიერ მოთხოვნილ იქნა, რომ შპს „ირკას“ შეემოწმებინა თითოეული შეტყობინების შინაარსი და ამის მიხედვით მიენიჭებინა შეტყობინებისთვის ადგილობრივი ან საერთაშორისო სტატუსი. ნ. არაყიშვილის განცხადებით, სს „სილქნეტმა“ მოითხოვა, რომ კომპანია „Bolt“-ის sms- ები, სადაც შეტყობინების შინაარსი არის: „მანქანა მოვიდა" - დაკვალიფიცირდეს, როგორც ადგილობრივი sms და დაერიცხოს ლოკალური ტარიფი, ხოლო თუ sms-ის შინაარსი არის ვერიფიკაციის კოდი, რასაც კომპანია „Bolt“ იყენებს თავის მომხმარებლებთან ურთიერთობისას - ჩაითვალოს საერთაშორისო sms-ად და დაერიცხოს საერთაშორისო sms-ისთვის დაწესებული ტარიფი.

15. ნ. არაყიშვილის განცხადებით, 2023 წელსაც და დღესაც, შპს „ირკას“ აქვს ერთი და იგივე პოზიცია. კომუნიკაციების კომისიამ საერთაშორისო sms-ები განმარტა ჯერ კიდევ ამ ოფერტის შეთანხმებამდე და ნათლად განსაზღვრა, რომ საერთაშორისო sms არის ისეთი sms, რომლის წამოწყებაც ხდება საქართველოს ფარგლებს გარეთ. შესაბამისად, ის ბუნდოვანი ჩანაწერები, რაც არის ოფერტაში, წინააღმდეგობაში მოდის კომისიის ამ განმარტებასთან, რადგან შეიცავს საერთაშორისო sms-ის ზოგად განმარტებებს და ჩამონათვალს. შპს „ირკას“ წარმომადგენლის განმარტებით, რისიც  2023 წელს ეშინოდა შპს „ირკას“, დღეს რეალობად იქცა და ოპერატორები საკუთარი შეხედულებისამებრ, თავიანთი ხასიათის თუ სხვა კრიტერიუმების მიხედვით საზღვრავენ, შეტყობინება არის ადგილობრივი თუ საერთაშორისო.

16.  შპს „ირკას“ წარმომადგენლის ნ. არაყიშვილის განცხადებით, კანონმდებლობის თანახმად, SMS- ის ტარიფი უნდა იყოს დანახარჯებზე ორიენტირებული, რაც მათ შემთხვევაში არ არის უზრუნველყოფილი. შეტყობინება, რომელიც გზავნის ვერიფიკაციის კოდს და შეტყობინება - „მანქანა მოვიდა", ერთნაირად იგზავნება, თუმცა ტარიფები განსხვავებულია.

17.  შპს „ირკას“ წარმომადგენელმა ს. ჯაშმა მხარი დაუჭირა, ნ. არაყიშვილის პოზიციას და დაამატა, რომ ახალი ხელშეკრულების პროექტი ბუნდოვანია, რადგან, მაგალითად,  შეტყობინება „ტაქსი მოვიდა“ არის ადგილობრივი შეტყობინება, თუმცა იმავე გზით გაგზავნილი სხვა ხასიათი შეტყობინება   არის საერთაშორისო. ს. ჯაშის განმარტებით, შპს „ირკას“ მსგავსი ბუნდოვანი ჩანაწერების გამო ექმნება პრობლემა მომხმარებელთან ურთიერთობაში, რადგან არ იცის როგორი შეთავაზება გაუკეთოს მომხმარებელს.

2. მოპასუხეების პოზიცია

18.  კომისიის 2025 წლის 1 მაისის სხდომაზე სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა ნ. ნიჟარაძემ და შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა ლ. გიორგაძემ დააყენეს შუამდგომლობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსის  102-ე  მუხლის  პირველი  და  მე-2  ნაწილების  შესაბამისად შპს „ირკას“ საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე,. კომპანიების წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ კომისიას მსგავსი საჩივრით შპს „ირკამ“ მიმართა 2023 წლის 7 აპრილს იმავე მხარეების წინააღმდეგ. მათი განმარტებით, შპს „ირკას“ 2023 წლის საჩივარსა და 2025 წლის საჩივარში მითითებული დავის საგანი და მოთხოვნები არის იდენტური, არ შეცვლილა კანონმდებლობა და ფაქტობრივი გარემოებები, რაც ქმნის საფუძველს, რომ შპს „ირკას“ უარი ეთქვას საჩივრის განხილვაზე.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

19.   „ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   მე-11   მუხლის  მე-3  პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითად ფუნქციებს მიეკუთვნება ელექტრონული  კომუნიკაციების  სფეროში  საქმიანობის განმახორციელებელ   ავტორიზებულ  პირთა  შორის, აგრეთვე  მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი  დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ხოლო ,,ე“ ქვეპუნქტის       შესაბამისად,   ელექტრონული   საკომუნიკაციო       ქსელის      ელემენტებთან დაშვების     ან/და ურთიერთჩართვის  ტექნიკურ-ეკონომიკური  და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება.

20. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  კომისია  ავტორიზებულ პირებს  შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე მუხლის  მე-5   პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ  პირებს  შორის დავის თაობაზე  წარდგენილი   განცხადება   მიიღება, თუ  მისი  მოთხოვნა არ სცილდება კომისიის უფლებამოსილებების ფარგლებს, ხოლო მე-6 პუნქტის თანახმად, თუ განცხადებაში პირის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნა არსებითად დაკავშირებულია  იმგვარ მოთხოვნასთან ან  გარემოებასთან,  რომელთან  დაკავშირებითაც  კომისიას მიღებული აქვს კონკურენციის უზრუნველმყოფი და წინასწარ რეგულირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, განცხადების საფუძველზე მხარეთა შორის დავა არ განიხილება. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების  მქონე პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თაობაზე, ამ კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად.

21. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  2003  წლის  27  ივნისის №1დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის განხილვის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, თუ დაადგენს, რომ დავის საგანი არ უკავშირდება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი  ფუნქციების განხორციელებას, ან განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე, თუ განმცხადებელი განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს დამატებით ინფორმაციას ან დოკუმენტს.

22. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს  ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან  სამართლებრივი  მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი  ან  ახლად  გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც უარი ითქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე.

III. სამოტივაციო ნაწილი

23.  ამრიგად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ განცხადებაში პირის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნა არსებითად დაკავშირებულია იმგვარ მოთხოვნასთან ან გარემოებასთან, რომელთან დაკავშირებითაც კომისიას მიღებული აქვს კონკურენციის უზრუნველმყოფი და წინასწარ რეგულირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, განცხადების საფუძველზე მხარეთა შორის დავა არ განიხილება. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თაობაზე, ამ კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად. გარდა ამისა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც უარი ითქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე.

24.  „არასტანდარტული სახის (ე.წ. Bulk) მოკლე ტექსტური შეტყობინებების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ“ კომისიის 2020 წლის 30 მარტის Nგ-20-9/385 გადაწყვეტილებით სს „სილქნეტი“, შპს „მაგთიკომი“ და შპს ,,ვიონი საქართველო“  (შპს „სელფი მობაილი“)  განისაზღვრნენ  მობილური  ქსელით  არასტანდარტული  სახის  (ე.წ.  Bulk) მოკლე ტექსტური შეტყობინებების მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე საქმიანობის განმახორციელებელ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებად და სპეციფიკური ვალდებულების სახით დაეკისრათ დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება.

25.  განსახილველ შემთხვევაში შპს „ირკას“ საჩივარი წარდგენილია კომისიის 2020 წლის 30 მარტის Nგ-20-9/385 გადაწყვეტილებით მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე სუბიექტების - სს „სილქნეტის“, შპს „მაგთიკომის“ და შპს „სელფი მობაილის“ მიმართ. ამასთან, საჩივარი შეეხება მობილური ქსელით არასტანდარტული სახის (ე.წ. Bulk) მოკლე ტექსტური შეტყობინებების მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტს, რომელზეც აღნიშნული სუბიექტები განსაზღვრული არიან მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებად. ამასთანავე, შპს „ირკას“ მოთხოვნა და წარმოდგენილი არგუმენტაცია არსებითად უკავშირდება კომისიის 2020 წლის 30 მარტის Nგ-20-9/385 გადაწყვეტილებით მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისთვის დაკისრებულ სპეციფიკურ ვალდებულებას - რომლის მიხედვითაც, თითოეული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, ტექნიკურ საშუალებებთან, თავისუფალ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვების შეთავაზებისას, არსებითად მსგავსი გარემოებებისა და ეკვივალენტური მოთხოვნების პირობებში, ვალდებულია უზრუნველყოს მოთხოვნილი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებისა და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის მსურველი ავტორიზებული პირისათვის არადისკრიმინაციულად (შეუზღუდავად), ერთსა და იმავე ვადებში და ერთნაირი პირობებით მიწოდება.

26.  მნიშვნელოვანია   აღინიშნოს,   რომ   იდენტურ   საკითხზე   ამავე   სუბიექტების   წინააღმდეგ საჩივრით შპს „ირკამ“ კომისიას უკვე მიმართა კომისიას 2023 წლის 7 აპრილს (Nშ-23-6/1178). აღნიშნული საჩივრის თანახმად, საერთაშორისო არასტანდარტული სახის მოკლე ტექსტური შეტყობინებისათვის, ე.წ. Bulk sms-ისთვის, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირების        მიერ    შეთავაზებული    განახლებული    ხელშეკრულებებით    გათვალისწინებული განმარტებისა და ტარიფების გამო უარს აცხადებდა ხელშეკრულებების ხელმოწერაზე და ასაბუთებდა, რომ ავტორიზებული პირების მიერ წარდგენილი ოფერტები და ხელშეკრულებების პროექტები ეწინააღმდეგებოდა კანონმდებლობასა და კომისიის პრაქტიკას.

27.  2023 წლის 7 აპრილის საჩივართან დაკავშირებით, კომისიის 2023 წლის 13 აპრილის N გ-23-12/191 გადაწყვეტილებით, შპს „ირკას“ უარი ეთქვა  სს „სილქნეტთან“, შპს „მაგთიკომთან“ და შპს „ვიონი საქართველოსთან“ (ამჟამინდელი სახელწოდება: შპს „სელფი მობაილი“) კონკურენციის უზრუნველყოფისა და წინასწარი რეგულირების მიზნით მიღებული კომისიის 2020 წლის 30 მარტის  Nგ-20-9/385 გადაწყვეტილების დარღვევასთან დაკავშირებით დავის  განხილვაზე, „ელექტრონული კომუნიკაციების    შესახებ"    საქართველოს    კანონის    36-ე  მუხლის  მე-6 პუნქტის საფუძველზე, რადგან მიიჩნია, რომ საჩივრით წარმოდგენილი მოთხოვნა არსებითად უკავშირდებოდა კომისიის 2020 წლის 30 მარტის Nგ-20-9/385 გადაწყვეტილებით მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის დაკისრებულ ვალდებულებებს. ამასთან,   კომისიის გადაწყვეტილებით კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს დაევალა შეესწავლა სს „სილქნეტის“, შპს „მაგთიკომისა“ და შპს „ვიონი საქართველოს“  მიერ დაირღვა თუ არა 2020 წლის 30 მარტის Nგ-20-9/385 გადაწყვეტილებით დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულება. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტმა შეისწავლა აღნიშნული საკითხი და მომზადებული დასკვნის თანახმად, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების მხრიდან კომისიის მარეგულირებელი გადაწყვეტილების დარღვევა არ გამოვლენილა. აღნიშნულის თაობაზე ეცნობათ დაინტერესებულ მხარეებს.

28.  ამავდროულად, შპს „ირკას“ საჩივარში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი და არ არის წარმოდგენილი დასაბუთება, რომ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა შეიცვალა მის სასარგებლოდ.

29. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საფუძველზე, შპს

„ირკას“ უარი უნდა ეთქვას სს „სილქნეტის“, შპს „მაგთიკომის“ და შპს „სელფი მობაილის“ წინააღმდეგ, კონკურენციის უზრუნველყოფისა და წინასწარი რეგულირების მიზნით მიღებული კომისიის 2020 წლის 30 მარტის Nგ-20-9/385 გადაწყვეტილების დარღვევასთან დაკავშირებული საჩივრის (16.04.2025 Nშ-25-6/1555) განსახილველად მიღებაზე.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების, 36-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების, 38-ე მუხლის პირველი  პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII თავის, 102-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1.  უარი ეთქვას შპს „ირკას“ სს „სილქნეტის“, შპს „მაგთიკომის“ და შპს „სელფი მობაილის“ წინააღმდეგ, კონკურენციის უზრუნველყოფისა და წინასწარი რეგულირების მიზნით მიღებული კომისიის 2020 წლის 30 მარტის Nგ-20-9/385 გადაწყვეტილების დარღვევასთან დაკავშირებული საჩივრის (16.04.2025 Nშ-25-6/1555) განსახილველად მიღებაზე .

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას წინამდებარე გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების დამოწმებული  ასლის შპს „ირკასთვის“,  სს  „სილქნეტისთვის“,  შპს „მაგთიკომისთვის“  და  შპს  „სელფი  მობაილისთვის“  გაგზავნა და  კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ო.ვოტ).

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე   (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე.

4. გადაწყვეტილება   შეიძლება   გასაჩივრდეს   თბილისის   საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) გადაწყვეტილების შპს „ირკასთვის“ სს „სილქნეტისთვის“, შპს „მაგთიკომისთვის“ და შპს „სელფი მობაილისათვის“  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

5. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე    დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი).

ვახტანგ  აბაშიძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები