შპს „მთავარი არხის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განსახილველად მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 10, 2025 13:02
მიღების თარიღი ივნისი 05, 2025
შპს „მთავარი არხის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განსახილველად მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
მომჩივანი მხარე: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“
მოპასუხე: შპს „მთავარი არხი“
დავის საგანი: შპს „მთავარი არხისთვის“ კანონმდებლობის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება
კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 5 ივნისი
I. აღწერილობითი ნაწილი
1. მომჩივანის პოზიცია
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში - კომისია) საჩივრით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/2174, 27.05.2025) მიმართა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ“ (შემდგომში - მომჩივანი) შპს ,,მთავარი არხის“ მიერ სოციალურ მედიაში განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და მოითხოვა შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება.
2. საჩივრის მიხედვით, შპს ,,მთავარმა არხმა“ სოციალურ მედიაში (“Facebook’’) განათავსა (30.04.25) შემდეგი ინფორმაცია: ,,ოცნების კულტურის სამინისტრო ქართული კულტურის საზღვარგარეთ პოპულარიზაციის საბაბით, საზღვრებს გარეთ საგამოფენო სივრცეებში განთავსებისთვის, ქართული ეროვნული სამოსის, სამკაულების და 8 ცალი მანეკენის გამარტივებულ შესყიდვას აპირებს. ოლიგარქის კულტურის სამინისტრომ გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობა მიიღო”. მომჩივანი აღნიშნავს, რომ „ოცნების კულტურის სამინისტრო“ და „ოლიგარქის კულტურის სამინისტრო“ არის პირადი შეფასება, რომელიც ფაქტისგან გამიჯნული არ არის და განმარტავს, რომ ფაქტის და შეფასების გამიჯვნა ჟურნალისტიკის მნიშვნელოვანი სტანდარტია. გამიჯვნის პრინციპი გულისხმობს ინფორმაციის ისეთი სახით მიწოდებას, რომ მაყურებელმა დაინახოს განსხვავება ფაქტებსა და მოსაზრებებს შორის. ამასთანავე, დაუშვებელია პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრებების საფუძველზე და რომელიმე პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა. (https://www.facebook.com/TvMtavari/posts/pfbid0A5QdVfsgJtPR77skjY1gDt1hNqJ4pxyEPDgvaMVqQWXaa5obgxpzjFpCAA8mFKnwl?rdid=TOXJtIYFqlbEaDU8#)
3. მომჩივანის განცხადებით, შპს ,,მთავარმა არხმა“ სოციალურ მედიაში (“Facebook’’) განათავსა (1.05.25) შემდეგი ინფორმაცია: ,,მოსამართლემ 11 პოლიტპატიმარი პატიმრობაში დატოვა“. მომჩივანი აღნიშნავს, რომ „11 პოლიტპატიმარი“ არის პირადი შეფასება, რომელიც ფაქტისგან გამიჯნული არ არის და განმარტავს, რომ ფაქტის და შეფასების გამიჯვნა ჟურნალისტიკის მნიშვნელოვანი სტანდარტია. გამიჯვნის პრინციპი გულისხმობს ინფორმაციის ისეთი სახით მიწოდებას, რომ მაყურებელმა დაინახოს განსხვავება ფაქტებსა და მოსაზრებებს შორის. (https://www.facebook.com/100065180380404/posts/1087672536748749/?rdid=Jufed7hRDZ8wT9h7#).
4. საჩივრის მიხედვით, შპს ,,მთავარმა არხმა“ სოციალურ მედიაში (“Facebook’’) განათავსა (2.05.25) შემდეგი ინფორმაცია: ,,მოსამართლემ 8 პოლიტპატიმარი პატიმრობაში დატოვა“. საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ „8 პოლიტპატიმარი“ არის პირადი შეფასება, რომელიც ფაქტისგან გამიჯნული არ არის და განმარტავს, რომ ფაქტის და შეფასების გამიჯვნა ჟურნალისტიკის მნიშვნელოვანი სტანდარტია. გამიჯვნის პრინციპი გულისხმობს ინფორმაციის ისეთი სახით მიწოდებას, რომ მაყურებელმა დაინახოს განსხვავება ფაქტებსა და მოსაზრებებს შორის. (https://www.facebook.com/photo.php?fbid=1088353280014008&set=a.628036179379056&type=3&rdid=Az aUNbByjpBCYUcU&share_url=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fshare%2F16PTztRPjd%2F#)
5. მომჩივანს სამართლებრივ საფუძვლად მითითებული აქვს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლი, 591 მუხლის მე-5 პუნქტი და 764 მუხლი.
6. მომჩივანი ითხოვს კომისიის მიერ საჩივრის განხილვას, მაუწყებლის მიერ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის დადგენასა და შპს ,,მთავარი არხისთვის“ შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას.
7. კომისიის 2025 წლის 5 ივნისის მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა შპს ,,მთავარი არხის“ წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა, რომ მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის, მისი ჩატარების დღის, დროისა და ადგილის შესახებ კომისიის წერილობითი შეტყობინება (№გ-25-03/1244, 2.06.2025) შპს ,,მთავარ არხს“ ჩაბარდა 2025 წლის 2 ივნისს. ვინაიდან, კომისიის მიერ შესრულებულ იქნა კომისიის 2003 წლის 27 ივნისის დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება - შპს ,,მთავარი არხის“ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უზრუნველყოფის თაობაზე, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია საკითხის განხილვა კომპანიის წარმომადგენლის დასწრების გარეშე.
8. კომისიის 2025 წლის 5 ივნისის მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელი, რომელმაც აღნიშნა, რომ საჩივრის განსახილველად მიღების ყველა პირობა სახეზეა, კერძოდ, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საჩივარი, ხოლო მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წარმოადგენს დაინტერესებულ პირს, შესაბამისად, აღნიშნული საჩივარი, წინა ორი საჩივრის მსგავსად, განსახილველად უნდა იქნეს მიღებული.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
9. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ,,მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, აგრეთვე სალიცენზიო პირობებისა და ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს კომისიას“.
10. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ,,საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს“.
11. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობა“.
12. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ,,ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ფაქტისა და მოსაზრების მკაფიო გამიჯვნა“, ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, ,,დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა“.
13. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ,,მაუწყებელს ამ კანონის 52-ე, 54-ე - 542, 552 და 553 - 564 მუხლების მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება აგრეთვე მის მიერ მასობრივი ინფორმაციის ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილი ინტერნეტდომენის ან/და ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, აგრეთვე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე (მათ შორის, სოციალურ ქსელში) ინფორმაციის განთავსების გამო“.
14. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 764 მუხლის თანახმად, მაუწყებლის მიერ ამ კანონის 52-ე, 54-ე, 541, 542, 553, 56-ე და 564 მუხლების მოთხოვნათა 2025 წლის 1 ივნისამდე დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს ამ კანონით დადგენილი წესით. კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს შეუფარდოს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სანქცია, რომელიც აღსასრულებლად არ მიექცევა. მაუწყებლის მიერ ამ კანონის 52-ე, 54-ე - 542, 553, 56-ე და 564 მუხლების მოთხოვნათა 2025 წლის 1 ივნისის შემდეგ დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს და მაუწყებელს შესაბამის სანქციას შეუფარდებს კანონით დადგენილი წესით.
15. კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ,,მოსამზადებელ სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის განხილვის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, თუ დაადგენს, რომ დავის საგანი არ უკავშირდება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, ან განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, თუ განმცხადებელი/საჩივრის ავტორი განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს დამატებით ინფორმაციას ან დოკუმენტს“.
16. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ,,ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს“.
III. სამოტივაციო ნაწილი
17. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით თუ დავის საგანი უკავშირდება კომისიის მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, კომისია უფლებამოსილია მიიღოს საჩივარი განსახილველად და დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება. შესაბამისად, კომისიამ უნდა შეაფასოს საჩივარში დასმული საკითხები განეკუთვნება თუ არა მის უფლებამოსილებას და საჩივარი წარდგენილია თუ არა უფლებამოსილი სუბიექტის მიერ.
18. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ფუნქციებს მიეკუთვნება მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი.
19. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ,,მაუწყებელს ამ კანონის 52-ე, 54-ე - 542, 552 და 553 - 564 მუხლების მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება აგრეთვე მის მიერ მასობრივი ინფორმაციის ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილი ინტერნეტდომენის ან/და ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, აგრეთვე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე (მათ შორის, სოციალურ ქსელში) ინფორმაციის განთავსების გამო“.
20. კომისიის მიერ დგინდება, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დავობს შპს ,,მთავარი არხის“ მიერ სოციალურ ქსელში (“Facebook’’) ინფორმაციის „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების დარღვევით განთავსების თაობაზე. თავის მხრივ, შპს ,,მთავარი არხი“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირია და როგორც მაუწყებელი, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვალდებულია სოციალურ ქსელში ინფორმაციის განთავსებისას დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის ცალკეული ნორმების, მათ შორის, 54-ე მუხლის მოთხოვნები. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში.
21. კომისიის მიერ, ასევე უნდა შემოწმდეს, რამდენად არის მომჩივანი საჩივრის წარდგენაზე უფლებამოსილი, დაინტერესებული პირი. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი განმარტებულია, როგორც ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობა.
22. კომისიის პრაქტიკის თანახმად, პოლიტიკური გაერთიანების კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მედიამომსახურების მიმწოდებლის საქმიანობა, როდესაც ხდება, მათ შორის, პოლიტიკური გაერთიანების სიმბოლიკის, მისი სახელით გაკეთებული განცხადებების, წევრების, პოლიტიკური პლატფორმის, საარჩევნო კამპანიის ხედვის ნეგატიურად წარმოჩენა ან დისკრედიტაცია (იხ. კომისიის 2022 წლის 11 აგვისტოს Nგ-22-16/360 გადაწყვეტილება შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „მთავარი არხის“ და შპს „ფორმულას“ მიმართ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განსახილველად მიღებისა და არსებითად განხილვის თარიღის დანიშვნის თაობაზე).
23. მომჩივანის მიერ მითითებული, შპს ,,მთავარი არხის“ მიერ სოციალურ ქსელში განთავსებული ინფორმაცია უკავშირდება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურ პლატფორმას, ხედვებს, პოზიციონირებას. ამგვარად, შპს ,,მთავარი არხის“ მიერ სოციალურ ქსელში განთავსებული ინფორმაცია პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანონიერ ინტერესზე. შესაბამისად, მომჩივანი საჩივრის წარდგენაზე უფლებამოსილი პირია.
24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ საჩივარი მიღებულ უნდა იქნეს განსახილველად და დავის განხილვის დღედ განისაზღვროს 2025 წლის 19 ივნისი.
25. ამასთან, კომისია მიიჩნევს, რომ კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს უნდა დაევალოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივარში მითითებული გარემოებების შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა 2025 წლის 19 ივნისამდე.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების, 591 მუხლის მე-5 პუნქტისა და 764 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად:
გადაწყვიტა:
1. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-6/2174, 27.05.25) შპს „მთავარი არხის“ წინააღმდეგ მიღებულ იქნეს განსახილველად.
2. დავის განხილვა დაინიშნოს 2025 წლის 19 ივნისს, 15:00 საათზე.
3. დაევალოს შპს ,,მთავარ არხს“ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივარზე წერილობითი პოზიციის წარმოდგენა 2025 წლის 10 ივნისის ჩათვლით.
4. დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივარში მითითებული გარემოებების შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა 2025 წლის 19 ივნისამდე.
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) წინამდებარე გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „მთავარი არხისთვის“ და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ- გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.
7. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი