შპს „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განსახილველად მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 13, 2025 11:26
მიღების თარიღი ივნისი 05, 2025
შპს „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განსახილველად მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
მომჩივანი მხარე: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“
მოპასუხე: შპს „ტელეკომპანია პირველი“
დავის საგანი: შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ კანონმდებლობის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება
კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 5 ივნისი
I. აღწერილობითი ნაწილი
1. მომჩივანის პოზიცია
1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში - კომისია) საჩივრით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/2173, თარიღი:27.05.2025) მიმართა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ“ (შემდგომში - მომჩივანი) შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ მიერ ეთერით გავრცელებულ პროგრამაში და სოციალურ მედიაში განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და მოითხოვა შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება.
2.საჩივრის მიხედვით, შპს „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში განთავსებულ საინფორმაციო პროგრამაში „პირველები“ ჟურნალისტებმა გაავრცელეს შემდეგი ინფორმაცია:
ა) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2025 წლის 8 მაისი; დრო: 11:13:28-11:14:36;
„შეერთებული შტატების წარმომადგენლობით პალატაში და ქართული ოცნების სავარაუდო სანქციების სიის გამოქვეყნებას ეხმაურება ევროკომისიაც, შეიძლება ითქვას რომ ევროკომისია კმაყოფილია შეერთებული შტატების ძალისხმევით მათ ეს განცხადება ინტერპრესსნიუსთან წერილობით გააკეთეს, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ მეგობარი აქტის დამტკიცება შეერთებული შტატების მხრიდან არის დასტური იმისა, რომ ამერიკა და საერთაშორისო საზოგადოება გულდასმით აკვირდება, რაც ხდება საქართველოში და იმას რომ ქართული ოცნება, არა მხოლოდ ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომავალს, არამედ საერთაშორისო საზოგადოებისგან სრულად იზოლაციაში აქცევს ჩვენს ქვეყანას და ავტოკრატიულ რეჟიმებთან თანამშრომლობს და ქვეყანაში ასევე ავტოკრატიულ მმართველობას აყალიბებს, შესაბამისად, ისევე, როგორც ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატებიც თანაბრად თანხმდებიან იმაზე, რომ დღეს ქვეყანა არასწორი მიმართულებით, სწორედ ბიძინა ივანიშვილის არალეგიტიმური ხელისუფლების გამო ვითარდება.“;
ბ) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2025 წლის 8 მაისი; დრო: 20:09:11-20:10:00;
„საელჩოს წინააღმდეგ, ოცნებამ მოქალაქეების უსაფრთხოების საკითხი პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადაიყვანა. სუსი შტატების დიპლომატიურ უწყებას აკრიტიკებს, რომ სავარაუდო აფეთქების ცნობის მიღების შემდეგ საელჩომ ხალხი მათთან შეუთანხმებლად გააფრთხილა, ვიდრე სუსი პოლიტიკური კინკლაობის რეჟიმზე იყო მოქალაქეების უსაფრთხოებაზე არავინ ფიქრობდა. საელჩოს საგანგებო განცხადების შემდეგ ერთი პოლიციელიც კი არ იდგა იმ სავაჭრო ცენტრებთან, სადაც შესაძლო აფეთქების რისკი იყო. ხალხი ჩვეულებრივად ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გადაადგილდებოდა. ახლა ჩნდება კითხვა რატომ არ დააზღვია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოქალაქეების სიცოცხლე იმ დრომდე მაინც, ვიდრე ინფორმაციას არ გადაამოწმებდა, ამის ნაცვლად რეჟიმმა შტატები რადიკალიზმის გაღვივებაში დაადანაშაულა.“;
გ) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2025 წლის 8 მაისი; დრო:20:30:44 – 20:31:15;
„ვიდრე მეგობარი აქტი ძალაში შევა და დასასანქცირებელი პირების სია დაიდება, უკვე არსებობს იმ ხალხის ჩამონათვალი, რომელიც ივანიშვილს სახელმწიფოს მიტაცებაში ეხმარება, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, პროპაგანდისტები, ყველა ვინც ამ სიაში მოხვდა უკვე ფაქტობრივი სანქციების ქვეშ არიან, რადგან ბიზნესმენებთან, რომელთაც კონგრესმენების სიაში სახელმწიფო მიმტაცებლის სტატუსი აქვთ, საქმიანი კავშირების შენარჩუნების სურვილი ცივილიზებული სამყაროდან არავის ექნება.“;
დ) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2025 წლის 8 მაისი; დრო:20:40:41 – 20:41:22;
„ევროპის დღე ევროპის მოედანზე ქართველ ხალხთან ერთად, დედაქალაქი კიდევ ერთი მასშტაბური მარშისთვის ემზადება. ხვალ, თბილისი მოვლენების ეპიცენტრი 17 საათიდან გახდება, პარლამენტი, რესპუბლიკის მოედანი, მარჯანიშვილის მოედანი და მეტრო ავლაბარი. ოთხი ლოკაციიდან მოქალაქეების მსვლელობა დაიწყება, საგანგებო და ევროპული დღისადმი მიძღვნილი პროტესტის ბოლო გაჩერება სიმბოლურად თბილისის ევროპის მოედანი იქნება. ქართველი ხალხი ქუჩაში უცვლელი მოთხოვნებით გამოდის. ეს იქნება კიდევ ერთი ხმამაღალი გზავნილი, რომ ქვეყნის ევროპული კურსი არის უცვლელი, ამიტომ ოლიგარქის რეჟიმი სწორედ მოქალაქეებმა უნდა აიძულონ, რომ შეწყვიტოს საქართველოს გარუსების მცდელობა.“;
ე) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2025 წლის 10 მაისი;დრო: 13:15:07-13:15:47;
„ყოველდღიურად ჯარიმდებიან აქციის მონაწილე აქტივისტები, რომლებიც უწყვეტად დგანან რუსთაველის გამზირზე, ითხოვენ ხელახალ არჩევნებს, სინდისის პატიმრების გათავისუფლებას, ევროპულ მომავალს ქვეყნისთვის. მათ ყოველდღიურად მისდით ჯარიმები საცხოვრებელ სახლში პოლიციელების ხელით, ასევე ფოსტით, თუმცა ნაწილი მათგანი ასაჩივრებს ამ ჯარიმებს და ელოდება რა გადაწყვეტილებას გამოიტანს მურუსიძის კლანის მსახური მოსამართლე. 41-ე დარბაზში ტარდება სიმბოლურად პროცესები, ის პროცესები, რომლებიც ინიშნება გასაჩივრებულ ჯარიმებთან დაკავშირებით.“;
ვ) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2025 წლის 21 მაისი; დრო: 20:01:07-20:01:27;
„ტრამპის მთავრობა დუმილს არღვევს და ოლიგარქის რეჟიმს პირველ პასუხს უგზავნის, შტატების სახელმწიფო მდივანი ანონსებს, რომ ამერიკა ივანიშვილის წინააღმდეგ ზომებს მიიღებს. ეს არის საკითხი რომელიც განიხილება ამბობს შტატების მაღალჩინოსანი და ამით ოცნებას ბოლო იმედსაც ბოლომდე უკლავს.“;
ზ) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2025 წლის 21 მაისი, დრო: 20:12:52-20:13:26;
„ტრამპის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანმა დღეს თქვა, რომ სწორედ საქართველოს საელჩოსგან ელოდება კონკრეტულ რეკომენდაციებს, როგორ უნდა უპასუხონ საქართველოში ანტი ამერიკულ მთავრობას და რა კონკრეტულ ნაბიჯებზე ექნება ივანიშვილის რეჟიმს რეაგირება, ამიტომაც ამერიკის საელჩოს პოზიცია ახლა და განსაკუთრებით ელჩის პოზიცია არის ძალიან საინტერესო. რას ეტყვიან, რა ინფორმაციას მიაწვდიან ივანიშვილის რეჟიმთან დაკავშირებით და ამის შემდეგ უკვე როგორ იმოქმედებს ტრამპის ადმინისტრაცია რეჟიმის წინააღმდეგ.“;
თ) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2025 წლის 21 მაისი; დრო: 20:28:37-20:29:00;
„ირაკლი ზარქუას ახალი სკანდალი. აბუდაბის შემდეგ ოლიგარქის მსახურს მშვიდი ვახშამი ზუგდიდშიც არ შეერგო. პრორუსული რეჟიმის დეპუტატი თავს შეურაცხყოფილად გრძნობს და ამიტომ სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ საჩივარი დაწერა. ზარქუამ სამარცხვინოს დაძახება ვერ აიტანა და ახლა მარიამ სიჭინავას ციხით ემუქრება.“;
ი) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2025 წლის 21 მაისი; დრო: 20:32:13-20:32:31;
„ზარქუა დე ფაქტო პარლამენტის ერთადერთი დეპუტატი არ არის, ვინც მანდატს აქტივისტების დასასჯელად იყენებს, მანამდე იყო მარიამ ლაშხი, დეპუტატმა მოქალაქეებს სკანდირება:
„თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ და „ძირს რუსული რეჟიმი“ არ აპატია. ლაშხმაც პოლიციაში იჩივლა.“;
კ) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2025 წლის 21 მაისი; დრო:20:33:13-20:33:30;
„პოლიტიკური პატიმრები და ახალი პოლიტიკური რეალობის მოლოდინი. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ციხისთვის ემზადება. რამდენიმე საათში კლანის სასამართლო მის წინააღმდეგ ვერდიქტს გამოაცხადებს. ჯაფარიძე რუსული კომისიის სხდომაზე არ მივიდა, არც გირაო გადაიხადა, შემდეგი ნაბიჯი კი დიდი ალბათობით პატიმრობაა.“;
ლ) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2025 წლის 21 მაისი; დრო: 20:35:35-20:35:43;
„ნიკა მელიასთვის რუსთავის მე-12 დაწესებულება დროებითი საცხოვრებელი ოლიგარქის რეჟიმის პირობებში მეორედ იქნება.“;
მ) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2025 წლის 23 მაისი; დრო: 15:15:32-15:15:50;
„ლიდერები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში იმყოფებიან. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დიპლომატიურ უწყებაში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ სასაუბროდ მივიდნენ. განიხილავენ იმ რეპრესიებსაც, რომელიც ივანიშვილის გუნდმა ოპონენტების გასაქრობად მოიფიქრა და ამის ნათელი მაგალითია ციხეში გამოკეტილი ზურაბ ჯაფარიძე.“.
3. საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ჟურნალისტის ფრაზები - „არალეგიტიმური ხელისუფლება“, „რეჟიმი“, „მიტაცება“, „ოლიგარქიის რეჟიმი“, „გარუსება“, „კლანის მსახური მოსამართლე“, „ივანიშვილის რეჟიმი“, „ოლიგარქის მსახური“, „პრორუსული რეჟიმის დეპუტატი“, „ციხით დამუქრება“, „დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატი“, „მანდატს დასასჯელად იყენებს“, „კლანის სასამართლო“, „რუსული კომისიის სხდომა“, „ოლიგარქის რეჟიმის პირობები“, „რეპრესიები“, „ოპონენტების გაქრობა“ - არის პირადი შეფასებები/ბრალდებები, რომლებიც ფაქტებისგან გამიჯნული არ არის. ფაქტის და შეფასების გამიჯვნა, ჟურნალისტიკის მნიშვნელოვანი სტანდარტია. გამიჯვნის პრინციპი გულისხმობს ინფორმაციის ისეთი სახით მიწოდებას, რომ მაყურებელმა დაინახოს განსხვავება ფაქტებსა და მოსაზრებებს შორის. ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა.
დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე და რომელიმე პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა.
4. საჩივრის მიხედვით, შპს „ტელეკომპანია პირველმა” სოციალურ მედიაში განათავსა შემდეგი ინფორმაცია:
ა) მაუწყებელმა სოციალურ მედიაში (Instagram) განათავსა შემდეგი ინფორმაცია: „ოლიგარქის პარლამენტმა პარტიების აკრძალვის კანონი მიიღო.” მომჩივანი აღნიშნავს, რომ „ოლიგარქის პარლამენტი“ არის პირადი შეფასება, რომელიც ფაქტისგან გამიჯნული არ არის. ფაქტის და შეფასების გამიჯვნა, ჟურნალისტიკის მნიშვნელოვანი სტანდარტია. გამიჯვნის პრინციპი გულისხმობს ინფორმაციის ისეთი სახით მიწოდებას, რომ მაყურებელმა დაინახოს განსხვავება ფაქტებსა და მოსაზრებებს შორის. ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე და რომელიმე პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა;
https://www.instagram.com/p/DJmHeLssvV3/?igsh=aDk1YjI2YnA5Yzdj
ბ) შპს „ტელეკომპანია პირველმა” სოციალურ მედიაში (Facebook) განათავსა შემდეგი ინფორმაცია:
„ოლიგარქმა თავისი პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე დანიშნა.” საჩივრის ავტორის განცხადებით, „ოლიგარქმა დანიშნა“ არის პირადი შეფასება, რომელიც ფაქტისგან გამიჯნული არ არის. ფაქტის და შეფასების გამიჯვნა, ჟურნალისტიკის მნიშვნელოვანი სტანდარტია. გამიჯვნის პრინციპი გულისხმობს ინფორმაციის ისეთი სახით მიწოდებას, რომ მაყურებელმა დაინახოს განსხვავება ფაქტებსა და მოსაზრებებს შორის. ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე და რომელიმე პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა;
https://www.facebook.com/share/1BqSuFVGPd/
გ) მაუწყებელმა სოციალურ მედიაში (Facebook) განათავსა შემდეგი ინფორმაცია: „დიქტატურა დაკანონებულია. ერთპიროვნულმა პარლამენტმა პარტიების აკრძალვის კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა, მუქარა ოპოზიციური პარტიების გაუქმებით”. მომჩივანი აღნიშნავს, რომ „დიქტატურა დაკანონებულია“, „ერთპიროვნული პარლამენტი“, „მუქარა“ არის პირადი შეფასება/ბრალდება, რომელიც ფაქტისგან გამიჯნული არ არის. ფაქტის და შეფასების გამიჯვნა ჟურნალისტიკის მნიშვნელოვანი სტანდარტია. გამიჯვნის პრინციპი გულისხმობს ინფორმაციის ისეთი სახით მიწოდებას, რომ მაყურებელმა დაინახოს განსხვავება ფაქტებსა და მოსაზრებებს შორის. ამასთანავე, დაუშვებელია პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრებების საფუძველზე და რომელიმე პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა;
https://www.facebook.com/share/p/1RNE51y2PJ/
დ) მაუწყებელმა სოციალურ მედიაში (Facebook) განათავსა შემდეგი ინფორმაცია: „რეჟიმმა პარტიების აკრძალვის კანონი მესამე მოსმენით მიიღო“. მომჩივანი აღნიშნავს, რომ „რეჟიმმა მიიღო“ არის პირადი შეფასება/ბრალდება, რომელიც ფაქტისგან გამიჯნული არ არის. ფაქტის და შეფასების გამიჯვნა ჟურნალისტიკის მნიშვნელოვანი სტანდარტია. გამიჯვნის პრინციპი გულისხმობს ინფორმაციის ისეთი სახით მიწოდებას, რომ მაყურებელმა დაინახოს განსხვავება ფაქტებსა და მოსაზრებებს შორის. ამასთანავე, დაუშვებელია პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრებების საფუძველზე;
https://www.facebook.com/share/p/19qpccyrmA/
ე) მაუწყებელმა სოციალურ მედიაში (www.tvpirveli.ge) განათავსა შემდეგი ინფორმაცია:
„მოსამართლე გალუსტაშვილმა რეჟიმის 11 ტყვე პატიმრობაში დატოვა“. მომჩივანი აღნიშნავს, რომ „რეჟიმის 11 ტყვე“ არის პირადი შეფასება/ბრალდება, რომელიც ფაქტისგან გამიჯნული არ არის. ფაქტის და შეფასების გამიჯვნა ჟურნალისტიკის მნიშვნელოვანი სტანდარტია. გამიჯვნის პრინციპი გულისხმობს ინფორმაციის ისეთი სახით მიწოდებას, რომ მაყურებელმა დაინახოს განსხვავება ფაქტებსა და მოსაზრებებს შორის. ამასთანავე, დაუშვებელია პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრებების საფუძველზე. https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/sazogadoeba/100178-mosamartle-galustashvilma-rejimis-11-tkve-patimrobashi-datova
5. საჩივრის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლი, 591 მუხლის მე-5 პუნქტი და 764 მუხლი. მომჩივანი ითხოვს კომისიის მიერ საჩივრის განხილვას, მაუწყებლის მიერ ცალკეულ ნორმათა მოთხოვნების დარღვევის დადგენასა და შპს ,,ტელეკომპანია პირველისთვის“ შესაბამისი სანქციის შეფარდებას, კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში, კანონით დადგენილი წესით.
6. კომისიის 2025 წლის 5 ივნისის მოსამზადებელ სხდომაზე მომჩივანის წარმომადგენელმა ნ. ბოკუჩავამ დაადასტურა საჩივარში აღნიშნული გარემოებები და მოთხოვნები. ამასთანავე, საჩივრის დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ შპს „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში საინფორმაციო გადაცემებისა და ასევე, ინტერნეტსივრცეში ინფორმაციის განთავსება ხდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის დარღვევით. მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი კომუნიკაციების კომისიის ფუნქციაა. მისი განმარტებით, სადავო საინფორმაციო ჩანაწერებში და ასევე, ინტერნეტში განთავსებულ ე.წ. ქარდებში საუბარია პოლიტიკის მიმდინარე საკითხებზე, ქვეყანაში მიმდინარე საკითხებზე. ამასთანავე, განთავსებული სადავო ინფორმაცია მხოლოდ და მხოლოდ მმართველი პარტიის, მათი ლიდერების, პარლამენტის წევრების, მინისტრების საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვით ხასიათდება, რაც უშუალო და პირდაპირ გავლენას ახდენს პარტიის კანონიერ ინტერესზე. შესაბამისად, საჩივრის ავტორი არის დაინტერესებული პირი.
2. მოპასუხის პოზიცია
7. კომისიის 2025 წლის 5 ივნისის მოსამზადებელ სხდომას ესწრებოდა შპს „ტელეკომპანია პირველის“ წარმომადგენელი თ. მიგინეიშვილი. საჩივრის დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებით, მან განაცხადა, რომ საჩივარში დასმული საკითხის განხილვა წარმოადგენდა კომისიის უფლებამოსილებას. თუმცა, მისი განმარტებით, მომჩივანის მიერ წარმოდგენილი პოზიციიდან არ ჩანს არის თუ არა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დაინტერესებული პირი, ხოლო თუ დაინტერესებული პირია, რა ზიანი მიადგა მას. მისი აზრით, მომჩივანმა უნდა დაუსაბუთოს კომისიას, ცალკეული სადავო ფრაზის თუ ტერმინის გამოყენებამ მის ინტერესზე იმოქმედა ცუდად, მოახდინა გავლენა და მიაყენა პირდაპირი და უშუალო ზიანი.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
8. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, აგრეთვე სალიცენზიო პირობებისა და ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს კომისიას“.
9. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ,,საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს“.
10. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, „დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობა“.
11. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა”, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, „ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ფაქტისა და მოსაზრების მკაფიო გამიჯვნა”. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, „დაუშვებელია პოლიტიკური თანამდებობის პირის ან პოლიტიკური პარტიის წევრის მონაწილეობა ახალი ამბების ან საინფორმაციო პროგრამაში წამყვანის, ინტერვიუერის ან ჟურნალისტის სახით”, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, „ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დავის გაშუქებისას მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს ბალანსის დაცვა თითოეულ პროგრამაში ან პროგრამების ციკლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ, პროგრამის ფორმატიდან გამომდინარე, ბალანსის დაცვა დაგეგმილია პროგრამების ციკლის განმავლობაში, ამის შესახებ აუდიტორიას უნდა ეცნობოს პროგრამის დაწყების პირველსავე დღეს”. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, „დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა”, ხოლო მე-6 პუნქტის თანახმად, „საავტორო პროგრამის გადაცემისას უშუალოდ პროგრამის დაწყების წინ აუდიტორიას უნდა ეცნობოს, რომ პროგრამა საავტოროა. საავტორო პროგრამაში აუდიტორიას უნდა მიეწოდოს მოსაზრებათა ფართო სპექტრი, თავიდან უნდა იქნეს აცილებული ფაქტების დამახინჯება და განსხვავებული აზრის არასწორი ინტერპრეტირება. საავტორო პროგრამის წამყვანმა არ უნდა გამოიყენოს საკუთარი მდგომარეობა საკუთარი მოსაზრების იმ ფორმით გავრცელებისთვის, რომელმაც შეიძლება ხელყოს პროგრამის მიუკერძოებლობა”. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, „მაუწყებელი ვალდებულია ჯეროვანი სამართლიანობისა და პატივისცემის დაცვით მოეპყრას პროგრამაში მონაწილე თითოეულ პირს”, ხოლო მე-8 პუნქტის შესაბამისად, „პირს, რომლის მიმართ პროგრამაში ბრალდებები გამოითქვა, უნდა მიეცეს დროული და ჯეროვანი პასუხის გაცემის საშუალება”. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, „პროგრამაში მხოლოდ ერთი დაინტერესებული მხარის მოწვევა აქტუალურ საკითხზე კონკრეტული პოზიციის სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ ჯგუფებზე თავდასხმის საშუალებად, რომლებიც არ მონაწილეობენ პროგრამაში”, ხოლო მე-10 პუნქტის მიხედვით, „პირდაპირ ეთერში შემოსული ზარები უნდა იქნეს შერჩეული სამართლიანობის პრინციპის დაცვით და დაუშვებელია მხოლოდ ერთი შეხედულების გამოხატვა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ამ ზარებით საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირება”.
12. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ,,მაუწყებელს ამ კანონის 52-ე, 54-ე - 542, 552 და 553 - 564 მუხლების მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება აგრეთვე მის მიერ მასობრივი ინფორმაციის ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილი ინტერნეტდომენის ან/და ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, აგრეთვე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე (მათ შორის, სოციალურ ქსელში) ინფორმაციის განთავსების გამო“.
13. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 764 მუხლის თანახმად, მაუწყებლის მიერ ამ კანონის 52-ე, 54-ე, 541, 542, 553, 56-ე და 564 მუხლების მოთხოვნათა 2025 წლის 1 ივნისამდე დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს ამ კანონით დადგენილი წესით. კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს შეუფარდოს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სანქცია, რომელიც აღსასრულებლად არ მიექცევა. მაუწყებლის მიერ ამ კანონის 52-ე, 54-ე - 542, 553, 56-ე და 56 4 მუხლების მოთხოვნათა 2025 წლის 1 ივნისის შემდეგ დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს და მაუწყებელს შესაბამის სანქციას შეუფარდებს კანონით დადგენილი წესით.
14. კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „მოსამზადებელ სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის განხილვის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, თუ დაადგენს, რომ დავის საგანი არ უკავშირდება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, ან განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, თუ განმცხადებელი/საჩივრის ავტორი განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს დამატებით ინფორმაციას ან დოკუმენტს“.
15. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ,,ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს“.
III. სამოტივაციო ნაწილი
16. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით თუ დავის საგანი უკავშირდება კომისიის მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, კომისია უფლებამოსილია მიიღოს საჩივარი განსახილველად და დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება. შესაბამისად, კომისიამ უნდა შეაფასოს საჩივარში დასმული საკითხები განეკუთვნება თუ არა მის უფლებამოსილებას და საჩივარი წარდგენილია თუ არა უფლებამოსილი სუბიექტის მიერ.
17. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ფუნქციებს მიეკუთვნება მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი.
18. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლი ადგენს მაუწყებლის მიერ სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვის სტანდარტს.
19. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ,,მაუწყებელს ამ კანონის 52-ე, 54-ე - 542, 552 და 553 - 564 მუხლების მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება აგრეთვე მის მიერ მასობრივი ინფორმაციის ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილი ინტერნეტდომენის ან/და ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, აგრეთვე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე (მათ შორის, სოციალურ ქსელში) ინფორმაციის განთავსების გამო“.
20. კომისიის მიერ დგინდება, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დავობს შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ მიერ ეთერით გავრცელებულ საინფორმაციო პროგრამაში, ასევე, ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილი დომენის საშუალებით (მაუწყებლის ვებგვერდი) და მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე, კერძოდ, სოციალურ ქსელში (“Facebook’’, ”Instagram”) ინფორმაციის „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის დარღვევით განთავსების თაობაზე. თავის მხრივ, შპს ,,ტელეკომპანია პირველი“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირია და როგორც მაუწყებელი, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის, ასევე, 591 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვალდებულია ეთერით გავრცელებულ პროგრამაში და ინტერნეტში, ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში ინფორმაციის განთავსებისას დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის ცალკეული ნორმების, მათ შორის, 54-ე მუხლის მოთხოვნები. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში.
21. გარდა ამისა, კომისიის მიერ უნდა შემოწმდეს, რამდენად არის მომჩივანი საჩივრის წარდგენაზე უფლებამოსილი, დაინტერესებული პირი. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი განმარტებულია, როგორც ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობა. კომისიის პრაქტიკის თანახმად, პოლიტიკური გაერთიანების კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მედიამომსახურების მიმწოდებლის საქმიანობა, როდესაც ხდება, მათ შორის, პოლიტიკური გაერთიანების სიმბოლიკის, მისი სახელით გაკეთებული განცხადებების, წევრების, პოლიტიკური პლატფორმის, საარჩევნო კამპანიის ხედვის ნეგატიურად წარმოჩენა ან დისკრედიტაცია (იხ. კომისიის 2022 წლის 11 აგვისტოს Nგ-22-16/360 გადაწყვეტილება შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „მთავარი არხის“ და შპს „ფორმულას“ მიმართ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განსახილველად მიღებისა და არსებითად განხილვის თარიღის დანიშვნის თაობაზე).
22. მომჩივანის მიერ მითითებული შპს „ტელეკომპანია პირველის“ მიერ ეთერითა (საინფორმაციო პროგრამა) და ინტერნეტით („Facebook”, „Instagram”, ვებგვერდი) გავრცელებული ინფორმაცია უკავშირდება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურ პლატფორმას, ხედვებს, პოზიციონირებას. ამგვარად, შპს „ტელეკომპანია პირველის“ მიერ საინფორმაციო პროგრამაში, სოციალურ ქსელსა და ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანონიერ ინტერესზე. შესაბამისად, მომჩივანი საჩივრის წარდგენაზე უფლებამოსილი პირია.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ საჩივარი მიღებულ უნდა იქნეს განსახილველად და დავის განხილვის დღედ განისაზღვროს 2025 წლის 19 ივნისი.
24. ამასთან, კომისია მიიჩნევს, რომ კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს უნდა დაევალოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივარში მითითებული გარემოებების შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა 2025 წლის 19 ივნისამდე.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების, 591 მუხლის მე-5 პუნქტისა და 764 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად:
გადაწყვიტა:
1. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-6/2173, 27.05.25) შპს „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ მიღებულ იქნეს განსახილველად;
2. დავის განხილვა დაინიშნოს 2025 წლის 19 ივნისს, 15:00 საათზე;
3. დაევალოს შპს „ტელეკომპანია პირველს” მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივართან დაკავშირებით წერილობითი პოზიციის კომისიაში წარმოდგენა 2025 წლის 10 ივნისის ჩათვლით;
4. დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივარში მითითებული გარემოებების შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა 2025 წლის 19 ივნისამდე;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) წინამდებარე გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
7. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 და 5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი