წვდომის მენიუ

ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წინააღმდეგ მოქალაქე ლევან მამფორიას საჩივრის განსახილველად მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: გ-25-16 / 311

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 17, 2025 12:50

მიღების თარიღი ივნისი 05, 2025

ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი  ობიექტივის“ წინააღმდეგ მოქალაქე ლევან მამფორიას საჩივრის განსახილველად მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

მომჩივანი მხარე: მოქალაქე ლევან მამფორია

მოპასუხე: ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი“

დავის საგანი:    ა(ა)იპ    „არასამეწარმეო    მედია-კავშირი    ობიექტივისთვის“    კანონმდებლობის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება

კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 5 ივნისი

I. აღწერილობითი ნაწილი

1. მომჩივანის პოზიცია

1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში-კომისია) საჩივრით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-9/2268, თარიღი 02.06.2025) მიმართა მოქალაქე ლევან მამფორიამ (შემდგომში - მომჩივანი) ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ მიერ ეთერით გავრცელებულ პროგრამაში და სოციალურ მედიაში განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და მოითხოვა ა(ა)იპ „მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება და მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება.

2. საჩივრის მიხედვით, 2025 წლის 8 მაისს, 20:40 საათზე, ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ ეთერში  დაიწყო გადაცემა სახელწოდებით „სტუდია ნომერი 8“, სადაც გადაცემის წამყვანმა გაავრცელა დეზინფორმაცია და შეურაცხმყოფელი და პატივისა და ღირსების შემლახავი განცხადება - სიუჟეტი საჩივრის ავტორის შესახებ.

3. მომჩივანი აღნიშნავს, რომ გადაცემა გააგრძელა პარტია „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა, რომელმაც მას მიაყენა პიროვნული შეურაცხყოფა, განაცხადა, რომ ის „გააფორმეს უშიშროების ნასედკად“ და ა.შ. საჩივრის ავტორის განცხადებით, მის შესახებ გავრცელებული სიუჟეტი ათ წუთზე მეტი ხანგრძლივობისაა და გაჯერებულია მისი შეურაცხყოფით, ცრუ ინფორმაციით და პატივისა და ღირსების შემლახავი განცხადებებით. აღნიშნულის დასადასტურებლად მომჩივანმა კომისიაში წარმოადგინა სადაო სიუჟეტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები. საჩივრის ავტორის განცხადებით, ანალოგიური სიუჟეტი განთავსდა მაუწყებლის სოციალურ ქსელშიც (“Facebook”).

4. მომჩივანი  აღნიშნავს, რომ ა/წ 14 მაისს, მან წერილობით მიმართა ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს“ იმავე ტელევიზიაში, იმავე გადაცემაში აღნიშნული ინფორმაციის უარყოფისა და მისთვის ბოდიშის მოხდის მიზნით. მაუწყებელს წერილი გაეგზავნა ფოსტით ინტერნეტში მოძიებულ მისამართზე ქ. თბილისი, სობჩაკის ქ.3. თუმცა, მომჩივანს გაგზავნილი წერილი დაუბრუნდა ადრესატის მითითებულ მისამართზე მიუწვდომლობის გამო. აღნიშნულის დასადასტურებლად მომჩივანმა  წარმოადგინა მაუწყებლისთვის გაგზავნილი წერილი და შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ გაცემული დოკუმენტაცია გზავნილის თაობაზე.

5. მომჩივანის ა/წ 14 მაისის წერილის მიხედვით, რომელიც მაუწყებელს ვერ ჩაბარდა, საჩივრის ავტორი სადაოდ ხდის მაუწყებლის მიერ მის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას და მისთვის შეურაცხყოფის მიყენებას. ის სადაოდ ხდის მის მიმართ ისეთი ტერმინების გამოყენებას, როგორიცაა „ნასედკა“, „ვირთხა“. მომჩივანი ასევე, ასაჩივრებს მაუწყებლის მიერ ინფორმაციის გავრცელებას, რომლის თანახმად, ის ასრულებდა უშიშროების სამსახურისა და „ქართული ოცნების“ დავალებებს, ასევე, ის სადაოდ ხდის მაუწყებლის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში მისი აქტიურობა არავის ახსოვს“, მომჩივანი აღნიშნავს, რომ პირიქით, ამ პერიოდში ის აქტიურობდა. მომჩივანი ცრუ ინფორმაციად მიიჩნევს მაუწყებლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, „რამდენიმე თვე გაატარა ციხეში და პატიმრობა ხუთი ათასლარიანი გირაოთი შეუცვალეს.“ საჩივრის ავტორის განცხადებით, მას აღკვეთის ღონისძიება შეუცვალეს არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით, ხოლო შემდგომ ისევ შეუფარდეს პატიმრობა, რადგან ბრალი არ აღიარა. მან საპროცესო გარიგება არ გააფორმა და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის. მომჩივანმა ასევე, გაასაჩივრა მაუწყებლის განცხადება იმის თაობაზე, რომ მან გამოძიებასთან „ზომაზე მეტი ენთუზიაზმით ითანამშრომლა“. საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მას საერთოდ არ მიუცია ჩვენება და ისარგებლა დუმილის უფლებით, რასაც, მისი განმარტებით, დაადასტურებდნენ მისი ადვოკატები და რაც დადასტურდებოდა საქმის მასალებიდანაც. მომჩივანმა, ასევე, გაასაჩივრა მაუწყებლის ეთერით გავრცელებული განცხადება მომჩივნის „უშიშროების სამსახურის ქვედა, დაბალის დონის ნასედკად გაფორმების“ თაობაზე. ა/წ 14 მაისის წერილის მიხედვით, მომჩივანი მაუწყებლისგან ითხოვს, ცრუ ინფორმაციის უარყოფას და ბოდიშის მოხდას. ასევე, სიუჟეტის ამოღებას ტელევიზიიდან და სოციალური ქსელიდან ან გავრცელებული ინფორმაციის დამადასტურებელი ფაქტების მითითებას.

6. კომისიის 2025 წლის 5 ივნისის მოსამზადებელ სხდომას ესწრებოდა მომჩივანი ლევან მამფორია, რომელმაც დააზუსტა საჩივარში აღნიშნული მოთხოვნები კომისიის მიმართ. მომჩივანის მოთხოვნებია:

ა) დაეკისროს ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს“ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ლევან მამფორიას შესახებ არაზუსტი ინფორმაციის გავრცელების გამო;

ბ) დაევალოს ა(ა)იპ არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს“ უარყოს ლევან მამფორიას შესახებ გავრცელებული არაზუსტი ინფორმაცია იმავე საშუალებით, იმავე პროგრამაში;

გ) დაევალოს მაუწყებელს ლევან მამფორიას შესახებ სადავო სიუჟეტის ამოღება სატელევიზიო ეთერიდან და სოციალური ქსელიდან.

7. კომისიის  სხდომაზე  მომჩივანმა  ასევე,  დაადასტურა,  რომ  ა(ა)იპ  „არასამეწარმეო  მედია-კავშირი ობიექტივის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, მათ შორის, ცალკეული ფრაზები და სიტყვები, რომელსაც ის სადავოდ ხდიდა, მითითებული იყო მის 2025 წლის 14 მაისის წერილში მაუწყებლის მიმართ.

II. მოპასუხის პოზიცია

8. ა/წ 4 ივნისს, ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივმა” წარმოადგინა წერილობითი პოზიცია (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/2332) მოქალაქე ლევან მამფორიას საჩივართან დაკავშირებით. წერილობით პოზიციაში აღნიშნულია, რომ თანამედროვე მსოფლიოში და შესაბამისად, საქართველოშიც ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, როგორ დაიცვას მედიამ მაღალი ჟურნალისტური სტანდარტი და როგორ დაიცვას ადამიანი პატივისა და ღირსების შელახვისაგან. იმის მიუხედავად, რომ ადამიანის უფლებათა დეკლარაცია, სხვა არაერთი საერთაშორისო კონვენცია და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობაც იცავს ადამიანის პირად ცხოვრებას, მის პატივსა და ღირსებას, გამოდის, რომ რეალურად დაცული მაინც არავინ არ არის. განსაკუთრებით, სოციალურ ქსელებში ნებისმიერ მომხმარებელს ნებისმიერი სხვა მომხმარებლის არა მარტო შეურაცხყოფაზე, ცილისწამებაზე, პატივისა და ღირსების შელახვაზე, არამედ დეზინფორმაციული კამპანიების ორგანიზებაზეც მიუწვდება ხელი. ეს კამპანიები მართული და დაფინანსებულია დაინტერესებული მხარეების მიერ. დაინტერესებულ მხარეებში კი, შედიან, როგორც პოლიტიკური პარტიები, ისე ბიზნესწრეები და სხვადასხვა საზოგადოებრივად აქტიური ჯგუფები.

9. მაუწყებლის განმარტებით, მოქალაქე ლევან მამფორიას მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელებული არაერთი სტატუსი თუ კომენტარი ტელეკომპანია „ობიექტივის“ და კონკრეტულად, მათი ჟურნალისტების, რესპონდენტების მიმართ იყო შეურაცხმყოფელი, ატარებდა კამპანიურ ხასიათს. მაუწყებლის განმარტებით, სწორედ ეს კამპანია იყო მიზეზი იმისა, რომ „ობიექტივის“ ჟურნალისტური გამოძიება მოქალაქე ლევან მამფორიას საქმიანობით დაინტერესდა. აღნიშნულ პროცესში გაირკვა, რომ მოქალაქე ლ. მამფორია „პოლიციაში მუშაობდა შევარდნაძის დროიდან, სააკაშვილის რეჟიმისას და „ქართული ოცნების“ პირობებშიც. პოლიციის კაპიტანია. სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში საჯარო სივრცეში მისი აქტიურობა არავის ახსოვს. გააქტიურდა 2012 წლიდან, როცა რეჟიმი შეიცვალა“.

10. ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი“ წერილობით პოზიციაში უთითებს, რომ 2016 წლის 22 აგვისტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საგურამოსთან ტერაქტი აღკვეთა. ტერორისტებს რუსეთ-სომხეთის გაზსადენის აფეთქება ჰქონდათ განზრახული. დააკავეს 7 პირი, მათ შორის - პოლიციელი ლევან მამფორია, რომელიც ტერაქტის საქმის ფიგურანტი იყო. მას ბრალად ედებოდა სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება. გამოძიების თანახმად, ლევან მამფორია ტერორისტებს დახმარებას უწევდა, როგორც პოლიციელი. ილია ჩაჩიბაიასთან ინტერვიუში ლევან მამფორია ადასტურებს ტერაქტის საქმეში მონაწილეობის ფაქტს. ლევან მამფორიამ ტერაქტის საქმეზე რამდენიმე თვე ციხეში გაატარა, 2016 წლის ნოემბერში სასამართლომ პატიმრობა 5000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა და ციხიდან გამოუშვეს. ლევან მამფორია სასამართლოს არ გაუმართლებია, მას პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს. მამფორიამ გამოძიებასთან ზომაზე მეტი ენთუზიაზმით ითანამშრომლა და უშიშროების სამსახურის ქვედა, დაბალი დონის „ნასედკად“ გააფორმეს. პატიმრობა კი, 5000 ლარიანი გირაოთი შეუცვალეს.

11. მაუწყებელი წერილობით პოზიციაში უთითებს, რომ ლ. მამფორია იყო ტერაქტის საქმის ფიგურანტი, რაც დასტურდება ინტერნეტში ხელმისაწვდომი მასალით, რომელიც ერთვის წარმოდგენილ წერილს. აღნიშნულს ასევე, ადასტურებს ლ. მამფორიას ადვოკატი, რომელსაც სიუჟეტის მომზადებისას ესაუბრა ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია და თავად ლ. მამფორია. მაუწყებლის განმარტებით, მომჩივანს ბრალად ედებოდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და დანაშაულის შეუტყობინებლობა, რასაც ადასტურებს თავად მომჩივანი და მისი ადვოკატი. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია არის ობიექტური. მაუწყებელი ასევე უთითებს, რომ ლ. მამფორიას პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს და ეს ინფორმაცია არის ობიექტური. მაუწყებელი ასევე, ადასტურებს, რომ მომჩივანმა ითანამშრომლა გამოძიებასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში მას პატიმრობა გირაოთი ვერ შეეცვლებოდა. ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი“ თავის წერილობით პოზიციაში აღნიშნავს, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობის სანაცვლოდ, მომჩივანი გახდა უშიშროების სამსახურის აგენტი. მაუწყებლის გამომძიებელ ჟურნალისტს არაერთი წყარო უდასტურებს აღნიშნულს და ასევე იმას, რომ მომჩივანი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურის ერთ- ერთი ყოფილი მაღალჩინოსნის დავალებით ეწეოდა „ობიექტივის“, მისი ჟურნალისტების და რესპოდენტების პირად შეურაცხყოფას ინტერნეტ სივრცეში.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მაუწყებელს მიაჩნია, რომ სიუჟეტში მოთხრობილი აზრი უტყუარია, ობიექტურია და მისი განცხადებით, ეყრდნობა უშიშროების სამსახურისა და სასამართლოს მიერ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას.

13. კომისიის 2025 წლის 5 ივნისის მოსამზადებელ სხდომაზე ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის” წარმომადგენელმა ბ. ფერაძემ აღნიშნა, რომ მოქალაქე ლ. მამფორიას საჩივრის განხილვა კომისიის კომპეტენციაში არ შედის. მისი განცხადებით, საჩივრის განხილვის უფლებამოსილება აქვს სასამართლოს.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

14. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის  თანახმად, ,,მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, აგრეთვე სალიცენზიო პირობებისა და ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს კომისიას“.

15. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-7 პუნქტის  შესაბამისად, ,,საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს“.

16. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის  თანახმად, ,,დაინტერესებული პირი   არის   ფიზიკური   პირი   ან   იურიდიული   პირი,   რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობა“.

17. „მაუწყებლობის  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „მაუწყებელი ვალდებულია  ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია გადასცეს ჯეროვანი სიზუსტით და მიუკერძოებლად“,

18. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „მაუწყებელს ამ კანონის 52-ე, 54-ე−542, 552 და 553−564 მუხლების მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება აგრეთვე მის მიერ მასობრივი ინფორმაციის  ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილი ინტერნეტდომენის ან/და ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, აგრეთვე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე (მათ შორის, სოციალურ ქსელში) ინფორმაციის განთავსების გამო“.

19. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 764 მუხლის თანახმად, მაუწყებლის მიერ ამ კანონის 52-ე, 54-ე, 541, 542, 553, 56-ე და 564  მუხლების მოთხოვნათა 2025 წლის 1 ივნისამდე დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს ამ კანონით დადგენილი წესით. კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს შეუფარდოს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სანქცია, რომელიც აღსასრულებლად არ მიექცევა. მაუწყებლის მიერ ამ კანონის 52-ე, 54-ე - 542, 553, 56-ე და 564 მუხლების მოთხოვნათა 2025 წლის 1 ივნისის შემდეგ დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს და მაუწყებელს შესაბამის სანქციას შეუფარდებს კანონით დადგენილი წესით.

20. კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ,,მოსამზადებელ სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის განხილვის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, თუ დაადგენს, რომ დავის საგანი არ უკავშირდება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, ან განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, თუ განმცხადებელი/საჩივრის ავტორი განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს დამატებით ინფორმაციას ან დოკუმენტს“.

21. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ,,ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს“.

III. სამოტივაციო ნაწილი

22. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით  თუ დავის საგანი უკავშირდება კომისიის მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, კომისია უფლებამოსილია მიიღოს საჩივარი განსახილველად და დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება. შესაბამისად, კომისიამ უნდა შეაფასოს საჩივარში დასმული საკითხები განეკუთვნება თუ არა მის უფლებამოსილებას და საჩივარი წარდგენილია თუ არა უფლებამოსილი სუბიექტის მიერ.

23. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ფუნქციებს მიეკუთვნება მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი.

24. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,„მაუწყებელი ვალდებულია ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია გადასცეს ჯეროვანი სიზუსტით და მიუკერძოებლად.“

25. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ,,მაუწყებელს ამ კანონის 52-ე, 54-ე - 542, 552  და 553  - 564  მუხლების მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება აგრეთვე მის მიერ მასობრივი ინფორმაციის ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილი ინტერნეტდომენის ან/და ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, აგრეთვე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე (მათ შორის, სოციალურ ქსელში) ინფორმაციის განთავსების გამო“.

26. კომისიის მიერ დგინდება, რომ მოქალაქე ლევან მამფორია დავობს ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია- კავშირი ობიექტივის“ მიერ ეთერით გავრცელებულ პროგრამაში, ასევე, სოციალურ ქსელში (“Facebook”) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევით ინფორმაციის განთავსების გამო. თავის მხრივ, ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი“  მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირია და  როგორც  მაუწყებელი, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის   52-ე მუხლის, ასევე, 591  მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვალდებულია ეთერით გავრცელებულ პროგრამაში და ინტერნეტში, სოციალურ ქსელში ინფორმაციის განთავსებისას  დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის ცალკეული ნორმების, მათ შორის, 52-ე მუხლის მოთხოვნები. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ მოქალაქე ლევან მამფორიას საჩივრის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში.

27. გარდა ამისა, კომისიის მიერ უნდა შემოწმდეს, რამდენად არის მომჩივანი საჩივრის წარდგენაზე უფლებამოსილი, დაინტერესებული პირი. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი განმარტებულია, როგორც ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობა. მოქალაქე ლევან მამფორიას მიერ მითითებული ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ მიერ ეთერითა და ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაცია უკავშირდება უშუალოდ მას და აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებით, მომჩივანის განცხადებით, დაირღვა მისი კანონიერი ინტერესი. შესაბამისად, მომჩივანი საჩივრის წარდგენაზე უფლებამოსილი პირია.

28. ყოველივე  ზემოაღნიშნულიდან  გამომდინარე,  კომისიას მიაჩნია, რომ საჩივარი მიღებულ უნდა იქნეს განსახილველად და დავის განხილვის დღედ განისაზღვროს 2025 წლის 19 ივნისი.

29. ამასთან, კომისია მიიჩნევს, რომ კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს უნდა დაევალოს მოქალაქე ლევან მამფორიას საჩივარში მითითებული გარემოებების შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა 2025 წლის 19 ივნისამდე.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების, 52-ე მუხლის პირველი პუნქტის, 591 მუხლის მე-5 პუნქტისა და 764 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და  კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად:

გაწყვიტა:

1. მოქალაქე ლევან მამფორიას საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-9/2268, თარიღი 02.06.2025) ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წინააღმდეგ მიღებულ იქნას განსახილველად;

2. დავის განხილვა დაინიშნოს 2025 წლის 19 ივნისს, 15:00 საათზე.

3. დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე) მოქალაქე ლევან მამფორიას საჩივარში მითითებული გარემოებების შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა 2025 წლის 19 ივნისამდე.

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) წინამდებარე გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ და მოქალაქე ლევან მამფორიასთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის   კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.

6. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და 4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).

ვახტანგ  აბაშიძე                   თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე              წევრი

ნათია კუკულაძე                   წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები