შპს „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 09, 2025 12:42
მიღების თარიღი ივლისი 03, 2025
შპს „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე
მომჩივანი მხარე: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“
მოპასუხე: შპს „ტელეკომპანია პირველი“
დავის საგანი: შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ კანონმდებლობის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება
კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 19 ივნისი და 3 ივლისი
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საჩივარი
1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში - კომისია) საჩივრით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/2173, თარიღი:27.05.2025) მიმართა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ“ (შემდგომში - მომჩივანი) შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ მიერ ეთერით გავრცელებულ პროგრამაში და სოციალურ მედიაში განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და მოითხოვა შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება.
2.საჩივრის მიხედვით, შპს „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში განთავსებულ საინფორმაციო პროგრამაში „პირველები“ ჟურნალისტებმა გაავრცელეს შემდეგი ინფორმაცია:
ა) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2025 წლის 8 მაისი; დრო: 11:13:28-11:14:36;
„შეერთებული შტატების წარმომადგენლობით პალატაში და ქართული ოცნების სავარაუდო სანქციების სიის გამოქვეყნებას ეხმაურება ევროკომისიაც, შეიძლება ითქვას რომ ევროკომისია კმაყოფილია შეერთებული შტატების ძალისხმევით მათ ეს განცხადება ინტერპრესსნიუსთან წერილობით გააკეთეს, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ მეგობარი აქტის დამტკიცება შეერთებული შტატების მხრიდან არის დასტური იმისა, რომ ამერიკა და საერთაშორისო საზოგადოება გულდასმით აკვირდება, რაც ხდება საქართველოში და იმას რომ ქართული ოცნება, არა მხოლოდ ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომავალს, არამედ საერთაშორისო საზოგადოებისგან სრულად იზოლაციაში აქცევს ჩვენს ქვეყანას და ავტოკრატიულ რეჟიმებთან თანამშრომლობს და ქვეყანაში ასევე ავტოკრატიულ მმართველობას აყალიბებს, შესაბამისად, ისევე, როგორც ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატებიც თანაბრად თანხმდებიან იმაზე, რომ დღეს ქვეყანა არასწორი მიმართულებით, სწორედ ბიძინა ივანიშვილის არალეგიტიმური ხელისუფლების გამო ვითარდება.“;
ბ) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2025 წლის 8 მაისი; დრო: 20:09:11-20:10:00;
„საელჩოს წინააღმდეგ, ოცნებამ მოქალაქეების უსაფრთხოების საკითხი პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადაიყვანა. სუსი შტატების დიპლომატიურ უწყებას აკრიტიკებს, რომ სავარაუდო აფეთქების ცნობის მიღების შემდეგ საელჩომ ხალხი მათთან შეუთანხმებლად გააფრთხილა, ვიდრე სუსი პოლიტიკური კინკლაობის რეჟიმზე იყო მოქალაქეების უსაფრთხოებაზე არავინ ფიქრობდა. საელჩოს საგანგებო განცხადების შემდეგ ერთი პოლიციელიც კი არ იდგა იმ სავაჭრო ცენტრებთან, სადაც შესაძლო აფეთქების რისკი იყო. ხალხი ჩვეულებრივად ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გადაადგილდებოდა. ახლა ჩნდება კითხვა რატომ არ დააზღვია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოქალაქეების სიცოცხლე იმ დრომდე მაინც, ვიდრე ინფორმაციას არ გადაამოწმებდა, ამის ნაცვლად რეჟიმმა შტატები რადიკალიზმის გაღვივებაში დაადანაშაულა.“;
გ) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2025 წლის 8 მაისი; დრო:20:30:44 – 20:31:15;
„ვიდრე მეგობარი აქტი ძალაში შევა და დასასანქცირებელი პირების სია დაიდება, უკვე არსებობს იმ ხალხის ჩამონათვალი, რომელიც ივანიშვილს სახელმწიფოს მიტაცებაში ეხმარება, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, პროპაგანდისტები, ყველა ვინც ამ სიაში მოხვდა უკვე ფაქტობრივი სანქციების ქვეშ არიან, რადგან ბიზნესმენებთან, რომელთაც კონგრესმენების სიაში სახელმწიფო მიმტაცებლის სტატუსი აქვთ, საქმიანი კავშირების შენარჩუნების სურვილი ცივილიზებული სამყაროდან არავის ექნება.“;
დ) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2025 წლის 8 მაისი; დრო:20:40:41 – 20:41:22;
„ევროპის დღე ევროპის მოედანზე ქართველ ხალხთან ერთად, დედაქალაქი კიდევ ერთი მასშტაბური მარშისთვის ემზადება. ხვალ, თბილისი მოვლენების ეპიცენტრი 17 საათიდან გახდება, პარლამენტი, რესპუბლიკის მოედანი, მარჯანიშვილის მოედანი და მეტრო ავლაბარი. ოთხი ლოკაციიდან მოქალაქეების მსვლელობა დაიწყება, საგანგებო და ევროპული დღისადმი მიძღვნილი პროტესტის ბოლო გაჩერება სიმბოლურად თბილისის ევროპის მოედანი იქნება. ქართველი ხალხი ქუჩაში უცვლელი მოთხოვნებით გამოდის. ეს იქნება კიდევ ერთი ხმამაღალი გზავნილი, რომ ქვეყნის ევროპული კურსი არის უცვლელი, ამიტომ ოლიგარქის რეჟიმი სწორედ მოქალაქეებმა უნდა აიძულონ, რომ შეწყვიტოს საქართველოს გარუსების მცდელობა.“;
ე) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2025 წლის 10 მაისი; დრო: 13:15:07-13:15:47;
„ყოველდღიურად ჯარიმდებიან აქციის მონაწილე აქტივისტები, რომლებიც უწყვეტად დგანან რუსთაველის გამზირზე, ითხოვენ ხელახალ არჩევნებს, სინდისის პატიმრების გათავისუფლებას, ევროპულ მომავალს ქვეყნისთვის. მათ ყოველდღიურად მისდით ჯარიმები საცხოვრებელ სახლში პოლიციელების ხელით, ასევე ფოსტით, თუმცა ნაწილი მათგანი ასაჩივრებს ამ ჯარიმებს და ელოდება რა გადაწყვეტილებას გამოიტანს მურუსიძის კლანის მსახური მოსამართლე. 41-ე დარბაზში ტარდება სიმბოლურად პროცესები, ის პროცესები, რომლებიც ინიშნება გასაჩივრებულ ჯარიმებთან დაკავშირებით.“;
ვ) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2025 წლის 21 მაისი; დრო: 20:01:07-20:01:27;
„ტრამპის მთავრობა დუმილს არღვევს და ოლიგარქის რეჟიმს პირველ პასუხს უგზავნის, შტატების სახელმწიფო მდივანი ანონსებს, რომ ამერიკა ივანიშვილის წინააღმდეგ ზომებს მიიღებს. ეს არის საკითხი რომელიც განიხილება ამბობს შტატების მაღალჩინოსანი და ამით ოცნებას ბოლო იმედსაც ბოლომდე უკლავს.“;
ზ) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2025 წლის 21 მაისი, დრო: 20:12:52-20:13:26;
„ტრამპის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანმა დღეს თქვა, რომ სწორედ საქართველოს საელჩოსგან ელოდება კონკრეტულ რეკომენდაციებს, როგორ უნდა უპასუხონ საქართველოში ანტი ამერიკულ მთავრობას და რა კონკრეტულ ნაბიჯებზე ექნება ივანიშვილის რეჟიმს რეაგირება, ამიტომაც ამერიკის საელჩოს პოზიცია ახლა და განსაკუთრებით ელჩის პოზიცია არის ძალიან საინტერესო. რას ეტყვიან, რა ინფორმაციას მიაწვდიან ივანიშვილის რეჟიმთან დაკავშირებით და ამის შემდეგ უკვე როგორ იმოქმედებს ტრამპის ადმინისტრაცია რეჟიმის წინააღმდეგ.“;
თ) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2025 წლის 21 მაისი; დრო: 20:28:37-20:29:00;
„ირაკლი ზარქუას ახალი სკანდალი. აბუ-დაბის შემდეგ ოლიგარქის მსახურს მშვიდი ვახშამი ზუგდიდშიც არ შეერგო. პრორუსული რეჟიმის დეპუტატი თავს შეურაცხყოფილად გრძნობს და ამიტომ სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ საჩივარი დაწერა. ზარქუამ სამარცხვინოს დაძახება ვერ აიტანა და ახლა მარიამ სიჭინავას ციხით ემუქრება.“;
ი) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2025 წლის 21 მაისი; დრო: 20:32:13-20:32:31;
„ზარქუა დე ფაქტო პარლამენტის ერთადერთი დეპუტატი არ არის, ვინც მანდატს აქტივისტების დასასჯელად იყენებს, მანამდე იყო მარიამ ლაშხი, დეპუტატმა მოქალაქეებს სკანდირება:
„თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ და „ძირს რუსული რეჟიმი“ არ აპატია. ლაშხმაც პოლიციაში იჩივლა.“;
კ) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2025 წლის 21 მაისი; დრო:20:33:13-20:33:30;
„პოლიტიკური პატიმრები და ახალი პოლიტიკური რეალობის მოლოდინი. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ციხისთვის ემზადება. რამდენიმე საათში კლანის სასამართლო მის წინააღმდეგ ვერდიქტს გამოაცხადებს. ჯაფარიძე რუსული კომისიის სხდომაზე არ მივიდა, არც გირაო გადაიხადა, შემდეგი ნაბიჯი კი დიდი ალბათობით პატიმრობაა.“;
ლ) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2025 წლის 21 მაისი; დრო: 20:35:35-20:35:43;
„ნიკა მელიასთვის რუსთავის მე-12 დაწესებულება დროებითი საცხოვრებელი ოლიგარქის რეჟიმის პირობებში მეორედ იქნება.“;
მ) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2025 წლის 23 მაისი; დრო: 15:15:32-15:15:50;
„ლიდერები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში იმყოფებიან. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დიპლომატიურ უწყებაში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ სასაუბროდ მივიდნენ. განიხილავენ იმ რეპრესიებსაც, რომელიც ივანიშვილის გუნდმა ოპონენტების გასაქრობად მოიფიქრა და ამის ნათელი მაგალითია ციხეში გამოკეტილი ზურაბ ჯაფარიძე.“.
3. საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ჟურნალისტის ფრაზები - „არალეგიტიმური ხელისუფლება“, „რეჟიმი“, „მიტაცება“, „ოლიგარქიის რეჟიმი“, „გარუსება“, „კლანის მსახური მოსამართლე“,
„ივანიშვილის რეჟიმი“, „ოლიგარქის მსახური“, „პრორუსული რეჟიმის დეპუტატი“, „ციხით დამუქრება“, „დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატი“, „მანდატს დასასჯელად იყენებს“, „კლანის სასამართლო“, „რუსული კომისიის სხდომა“, „ოლიგარქის რეჟიმის პირობები“, „რეპრესიები“, „ოპონენტების გაქრობა“ - არის პირადი შეფასებები/ბრალდებები, რომლებიც ფაქტებისგან გამიჯნული არ არის. ფაქტის და შეფასების გამიჯვნა, ჟურნალისტიკის მნიშვნელოვანი სტანდარტია. გამიჯვნის პრინციპი გულისხმობს ინფორმაციის ისეთი სახით მიწოდებას, რომ მაყურებელმა დაინახოს განსხვავება ფაქტებსა და მოსაზრებებს შორის. ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე და რომელიმე პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა.
4. საჩივრის მიხედვით, შპს „ტელეკომპანია პირველმა” სოციალურ მედიაში განათავსა შემდეგი ინფორმაცია:
ა) მაუწყებელმა სოციალურ მედიაში (Instagram) განათავსა შემდეგი ინფორმაცია: „ოლიგარქის პარლამენტმა პარტიების აკრძალვის კანონი მიიღო.” მომჩივანი აღნიშნავს, რომ „ოლიგარქის პარლამენტი“ არის პირადი შეფასება, რომელიც ფაქტისგან გამიჯნული არ არის. ფაქტის და შეფასების გამიჯვნა, ჟურნალისტიკის მნიშვნელოვანი სტანდარტია. გამიჯვნის პრინციპი გულისხმობს ინფორმაციის ისეთი სახით მიწოდებას, რომ მაყურებელმა დაინახოს განსხვავება ფაქტებსა და მოსაზრებებს შორის. ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე და რომელიმე პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა;
https://www.instagram.com/p/DJmHeLssvV3/?igsh=aDk1YjI2YnA5Yzdj
ბ) შპს „ტელეკომპანია პირველმა” სოციალურ მედიაში (Facebook) განათავსა შემდეგი ინფორმაცია:
„ოლიგარქმა თავისი პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე დანიშნა.” საჩივრის ავტორის განცხადებით, „ოლიგარქმა დანიშნა“ არის პირადი შეფასება, რომელიც ფაქტისგან გამიჯნული არ არის. ფაქტის და შეფასების გამიჯვნა, ჟურნალისტიკის მნიშვნელოვანი სტანდარტია. გამიჯვნის პრინციპი გულისხმობს ინფორმაციის ისეთი სახით მიწოდებას, რომ მაყურებელმა დაინახოს განსხვავება ფაქტებსა და მოსაზრებებს შორის. ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე და რომელიმე პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა;
https://www.facebook.com/share/1BqSuFVGPd/
გ) მაუწყებელმა სოციალურ მედიაში (Facebook) განათავსა შემდეგი ინფორმაცია: „დიქტატურა დაკანონებულია. ერთპიროვნულმა პარლამენტმა პარტიების აკრძალვის კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა, მუქარა ოპოზიციური პარტიების გაუქმებით”. მომჩივანი აღნიშნავს, რომ „დიქტატურა დაკანონებულია“, „ერთპიროვნული პარლამენტი“, „მუქარა“ არის პირადი შეფასება/ბრალდება, რომელიც ფაქტისგან გამიჯნული არ არის. ფაქტის და შეფასების გამიჯვნა ჟურნალისტიკის მნიშვნელოვანი სტანდარტია. გამიჯვნის პრინციპი გულისხმობს ინფორმაციის ისეთი სახით მიწოდებას, რომ მაყურებელმა დაინახოს განსხვავება ფაქტებსა და მოსაზრებებს შორის. ამასთანავე, დაუშვებელია პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრებების საფუძველზე და რომელიმე პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა;
https://www.facebook.com/share/p/1RNE51y2PJ/
დ) მაუწყებელმა სოციალურ მედიაში (Facebook) განათავსა შემდეგი ინფორმაცია: „რეჟიმმა პარტიების აკრძალვის კანონი მესამე მოსმენით მიიღო“. მომჩივანი აღნიშნავს, რომ „რეჟიმმა მიიღო“ არის პირადი შეფასება/ბრალდება, რომელიც ფაქტისგან გამიჯნული არ არის. ფაქტის და შეფასების გამიჯვნა ჟურნალისტიკის მნიშვნელოვანი სტანდარტია. გამიჯვნის პრინციპი გულისხმობს ინფორმაციის ისეთი სახით მიწოდებას, რომ მაყურებელმა დაინახოს განსხვავება ფაქტებსა და მოსაზრებებს შორის. ამასთანავე, დაუშვებელია პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრებების საფუძველზე;
https://www.facebook.com/share/p/19qpccyrmA/
ე) მაუწყებელმა სოციალურ მედიაში (www.tvpirveli.ge) განათავსა შემდეგი ინფორმაცია:
„მოსამართლე გალუსტაშვილმა რეჟიმის 11 ტყვე პატიმრობაში დატოვა“. მომჩივანი აღნიშნავს, რომ „რეჟიმის 11 ტყვე“ არის პირადი შეფასება/ბრალდება, რომელიც ფაქტისგან გამიჯნული არ არის. ფაქტის და შეფასების გამიჯვნა ჟურნალისტიკის მნიშვნელოვანი სტანდარტია. გამიჯვნის პრინციპი გულისხმობს ინფორმაციის ისეთი სახით მიწოდებას, რომ მაყურებელმა დაინახოს განსხვავება ფაქტებსა და მოსაზრებებს შორის. ამასთანავე, დაუშვებელია პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრებების საფუძველზე. https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/sazogadoeba/100178-mosamartle-galustashvilma-rejimis-11-tkve-patimrobashi-datova
5. საჩივრის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლი, 591 მუხლის მე-5 პუნქტი და 764 მუხლი. მომჩივანი ითხოვს კომისიის მიერ საჩივრის განხილვას, მაუწყებლის მიერ ცალკეულ ნორმათა მოთხოვნების დარღვევის დადგენასა და შპს ,,ტელეკომპანია პირველისთვის“ შესაბამისი სანქციის შეფარდებას, კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში, კანონით დადგენილი წესით.
6. კომისიამ 2025 წლის 5 ივნისს მიიღო Nგ-25-16/291 გადაწყვეტილება შპს „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განსახილველად მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ“.
7. კომისიის 2025 წლის 19 ივნისის სხდომაზე, დავის განხილვაზე გამოცხადდნენ მომჩივანის წარმომადგენელი ნ. ბოკუჩავა და შპს „ტელეკომპანია პირველის“ წარმომადგენლები ნ. მელაძე, თ. მიგინეიშვილი და ე. სუბელიანი.
2. მომჩივანის პოზიცია
8. მომჩივანის წარმომადგენელმა კომისიის 2025 წლის 19 ივნისის სხდომაზე მხარი დაუჭირა საჩივარს და დამატებით განაცხადა, რომ შპს „ტელეკომპანია პირველის“ ეთერით გავრცელებული საინფორმაციო გამოშვების ჩანაწერებში ჟურნალისტის მიერ წარმოთქმული ფრაზები არის შეფასებები, რომლებიც არ არის გამიჯნული ფაქტებისგან, რაც ეწინააღმდეგება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტს. გარდა ამისა, ახალი ამბების პროგრამაში საუბარია პოლიტიკის მიმდინარე საკითხებზე მიკერძოებით, სამართლიანობის პრინციპის გვერდის ავლით, მხოლოდ მმართველი პარტიის საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვით, რაც ასევე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების დარღვევაა.
9. მომჩივანის წარმომადგენელმა ასევე, ყურადღება გაამახვილა მაუწყებლის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ე.წ. „ქარდებზე“. მისი შეფასებით, ამ შემთხვევაშიც ირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლიდა მიუთითა ამავე კანონის 591 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, მისი განმარტებით, სოციალური ქსელით მსგავსი დარღვევებით ინფორმაციის განთავსება წარმოქმნის მაუწყებლისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.
10. მომჩივანის წარმომადგენელმა მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე. მისი განმარტებით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უშუალოდ კავშირშია მოვალეობებსა და პასუხისმგებლობასთან, რომელსაც უგულებელყოფენ მედია და ჟურნალისტები. აზრის გამოხატვით მოსარგებლე სუბიექტმა უნდა შეარჩიოს ისეთი ფორმა, რომელიც არ ხელყოფს სხვა ადამიანის უფლებებს (საქმე მიულერი შვეიცარიის წინააღმდეგ).
11. ნ. ბოკუჩავას განმარტებით, საქმეზე რადიო ფრანსი და სხვები საფრანგეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ჟურნალისტი ვალდებულია მოქმედებდეს კეთილი განზრახვით, ჟურნალისტური ეთიკის შესაბამისად და მან ინფორმაცია უნდა გადასცეს სანდოდ და ობიექტურად, როგორც ეს შეეფერება მის პასუხისმგებლობას და მოვალეობებს.
12. მომჩივანის წარმომადგენლის განმარტებით, საქმეზე დე ჰაესი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მედიამ არ უნდა გადაკვეთოს გარკვეული მიჯნები და საზღვრები სხვა პირთა ღირსებისა და რეპუტაციის უგულებელყოფისათვის და მან, განსაკუთრებით პოლიტიკის მიმდინარე საკითხები და საჯარო ინტერესის მქონე საკითხები, უნდა გააშუქოს სამართლიანად და მიუკერძოებლად, როგორც ეს მის მოვალეობებსა და პასუხისმგებლობას შეეფერება.
13. ნ. ბოკუჩავას განცხადებით, ჰენდისაიდის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ყველა შემთხვევაში, შესაძლებელია მედიამ, ჟურნალისტმა გაავრცელოს გამაოგნებელი, შემაშფოთებელი, შეურაცხმყოფელი ინფორმაცია, მაგრამ მას გარკვეული წონა უნდა ჰქონდეს და მხოლოდ და მხოლოდ სხვა პირთა უფლებების დისკრედიტაციას არ უნდა ემსახურებოდეს. ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე, მომჩივანის წარმომადგენელმა დაამატა, რომ მათ მიერ წარმოდგენილია ფაქტები მაუწყებლის მიერ ჩადენილი იმ დარღვევების თაობაზე, რომლებიც ეწინააღმდეგება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონს და საერთაშორისო პრაქტიკას. შესაბამისად, კომისიამ უნდა დაადგინოს შპს „ტელეკომპანია პირველის“ მიერ სამართალდარღვევების ჩადენა.
3. მოპასუხის პოზიცია
14. კომისიის 2025 წლის 19 ივნისის სხდომაზე ახსნა-განმარტების მიცემისას, შპს „ტელეკომპანია პირველის“ წარმომადგენელმა ნ. მელაძემ ყურადღება გაამახვილა საჩივარში სადავოდ მიჩნეულ რამდენიმე ფრაზაზე. მან აღნიშნა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ცენტრალური ოფისის მიერ ოფიციალურად დამკვიდრებული არის ტერმინი “state capture“ – „მიტაცებული სახელმწიფო“. შესაბამისად, ეს არის მოცემულობა, როდესაც საქართველოში არსებულ მდგომარეობას გავლენიანი და ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები აფასებენ, როგორც „მიტაცებულ სახელმწიფოს“. ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს არაერთი საერთაშორისო პარტნიორის და ადამიანის უფლებებზე მომუშავე არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ სანქცირებული არიან საქართველოში მოსამართლეები. ამდენად, საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობის შესაბამისად დამკვიდრებულია ტერმინი „კლანი“ და მიჩნეულია, რომ სასამართლო სისტემას მართავს „კლანი“. მისი განმარტებით, „სინდისის პატიმარი“ არის საერთაშორისო ტერმინი და მას იყენებს „საერთაშორისო ამნისტია“. მან დასვა კითხვა, რომ იმ პირობებში, როდესაც აქციაზე მიმდინარეობს სკანდირება და აქციის მონაწილეების აბსოლუტური უმრავლესობა ფიქრობს, რომ ქვეყანაში დგას გარუსების საფრთხე, მაუწყებელს არ უნდა გამოეყენებინა საინფორმაციო გამოშვებებში სიტყვა „გარუსება“. მან იგივე კითხვა დასვა სხვა სადავოდ მიჩნეულ სიტყვებსა თუ ფრაზებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საჩივრით მოთხოვნილია მაუწყებლისთვის ტერმინების გამოყენების აკრძალვა, რაც არის ცენზურა.
15. კომისიის 2025 წლის 19 ივნისის სხდომაზე შპს „ტელეკომპანია პირველის“ წარმომადგენელმა თ. მიგინეიშვილმა აღნიშნა, რომ მედიის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არის გააშუქოს მოვლენები ობიექტურად, მიუკერძოებლად და საინტერესოდ, რათა ყოველდღიურად მეტი მაყურებელი ჰყავდეს. საინტერესოდ გაშუქების ერთ-ერთი ელემენტი კი არის, რომ მაუწყებელმა, გარდა იმისა, რომ მიაწვდის ინფორმაციას საზოგადოებას, ამავდროულად, შეიძლება საკუთარი შეფასებაც გააკეთოს. მისი განმარტებით, დადგენილია, რომ მოსაზრების გაჟღერება ახალ ამბებში დასაშვებია, თუმცა, პრობლემა არის იმაში, რომ უნდა გაიმიჯნოს ფაქტი მოსაზრებისგან. კომისიამ, პირველ რიგში და განსაკუთრებით პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე მსჯელობის დროს, უნდა განმარტოს, რა არის ფაქტი და რა არის მოსაზრება. თ. მიგინეიშვილის განცხადებით, ევროსასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში, მათ შორის საქმეზე „ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ", განმარტა, რომ ფაქტების არსებობა შეიძლება დამტკიცებულ იქნეს მაშინ, როდესაც შეფასებითი მსჯელობის ნამდვილობა არ ექვემდებარება მტკიცებას. მისი განცხადებით, მომჩივანი მხარისგან უნდა მოესმინათ არგუმენტაცია, რომ ფაქტები არ არის მოსაზრებისგან გამიჯნული და ამ საკითხის ირგვლივ უნდა ყოფილიყო აგებული არგუმენტაცია, თუმცა, მომჩივანმა მხარემ არგუმენტად მოიყვანა ის გარემოება, რომ სწორი იქნებოდა მაუწყებელს გამოეყენებინა ფრაზა „საქალაქო სასამართლოს მოსამართლე” ნაცვლად „მურუსიძის კლანის მოსამართლისა”.
16. შპს „ტელეკომპანია პირველის” წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ საჩივარში სადავოდ მიჩნეული ფრაზები არის მოსაზრებები. საინფორმაციო გამოშვებაში მოყვანილი ფაქტების მაგალითად მან მოიყვანა შემდეგი გავრცელებული ინფორმაცია: „ტრამპის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანმა დღეს თქვა, რომ სწორედ სახელმწიფოს საელჩოსგან ელოდება კონკრეტულ რეკომენდაციას“. თ. მიგინეიშვილის განმარტებით, ეს არის ფაქტი, რომელსაც შემდგომ მოჰყვება შემდეგი შინაარსის ინფორმაცია: „როგორ უნდა უპასუხონ საქართველოში ანტი-ამერიკულ მთავრობას და რა კონკრეტულ ნაბიჯებზე ექნება ივანიშვილის რეჟიმს რეაგირება?“. შპს „ტელეკომპანია პირველის” წარმომადგენლის განმარტებით, ფრაზები „ანტი-ამერიკულ მთავრობა” და „ივანიშვილის რეჟიმი” არის მოსაზრებები.
17. შპს „ტელეკომპანია პირველმა“ კომისიაში დამატებით წარმოადგინა წერილობითი ახსნა-განმარტება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/2623; 25.06.2025) განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. მაუწყებლის აზრით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივარი შპს „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან ის ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკანონმდებლო მოთხოვნებს. მაუწყებლის პოზიციით საჩივარი არის აშკარად დაუსაბუთებელი და მისი ერთადერთი მიზანია ტელეკომპანია პირველისთვის, როგორც დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიისთვის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. წერილობით ახსნა- განმარტებაში აღნიშნულია, რომ კომისიამ, პირველ რიგში, უნდა შეაფასოს რა არის ფაქტი და რა არის მოსაზრება. აზრის გამოხატვა არ შეიძლება გახდეს ტელეკომპანიისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. აზრი ხშირად ეყრდნობა და ეხება ფაქტებს, ფაქტები კი, თავის მხრივ, აზრის საფუძველია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მათ, ამიტომაც ხშირად საკამათო გამონათქვამის, როგორც შეხედულების ან როგორც ფაქტის გადმოცემის, კვალიფიცირების დროს შესაძლებელია გამოთქმის კონტექსტის მიხედვით მისი ცალკეული ნაწილების იზოლირება, მაგრამ ეს მეთოდი გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამით არ იკარგება ან არ ყალბდება გამონათქვამის შინაარსი და ნამდვილი აზრი.
18. მაუწყებელი ადასტურებს, რომ თითოეული სადავოდ გამხდარი სიტყვა არის მოსაზრება, რომელიც მიუხედავად სირთულისა, ჟურნალისტმა მკაფიოდ გამიჯნა ფაქტებისგან ახალი ამბების პროგრამის მიმდინარეობისას და არცერთი მათგანის გამო არ შეიძლება მაუწყებელს დაეკისროს პასუხისმგებლობა. მაუწყებლის განმარტებით, თითოეულ მათგანთან დაკავშირებით ისე არის გაკეთებული განცხადებები, რომ ფაქტის გადმოცემის შემდგომ არის სამართლიანი კომენტარის ფორმით გაკეთებული მოსაზრება, რომელიც დამატებით კიდევ არის არგუმენტი იმისა, რომ ფაქტი აშკარად გამიჯნულია მოსაზრებისგან.
19. შპს „ტელეკომპანია პირველს“ წერილობით ახსნა-განმარტებაში მაგალითად მოჰყავს მაუწყებლის ეთერით გავრცელებული შემდეგი ინფორმაცია: “ვიდრე მეგობარი აქტი ძალაში შევა და დასასანქცირებელი პირების სია დაიდება, უკვე არსებობს იმ ხალხის ჩამონათვალი, რომელიც ივანიშვილს სახელმწიფოს მიტაცებაში ეხმარება, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, პროპაგანდისტები, ყველა ვინც ამ სიაში მოხვდა უკვე ფაქტობრივი სანქციების ქვეშ არიან, რადგან ბიზნესმენებთან, რომელთაც კონგრესმენების სიაში სახელმწიფო მიმტაცებლის სტატუსი აქვთ.” მაუწყებლის განმარტებით, თავად ტერმინი მიტაცება და შესაბამისად მიტაცებაში დახმარება არის შეფასებითი მსჯელობა, აზრი, ფაქტების გაანალიზების შედეგად სამართლიანი კომენტარი. მიმტაცებლის სტატუსის ქონაც არ არის დადასტურებადი ფაქტი, ობიექტურობა, რომლის დოკუმენტური ან სხვაგვარი დადასტურება არის შესაძლებელი. შეუძლებელია მოიძებნოს რამე დოკუმენტი, რომელშიც პირდაპირ იქნება მითითებული მიმტაცებლის სტატუსი და ეს მიკუთვნებული კონკრეტული პიროვნების მიმართ.
20. მაუწყებელს მაგალითად მოჰყავს საინფორმაციო გამოშვებაში გავრცელებული შემდეგი ინფორმაცია:
„ოლიგარქის რეჟიმი სწორედ მოქალაქეებმა უნდა აიძულონ, რომ შეწყვიტოს საქართველოს გარუსების მცდელობა”. შპს „ტელეკომპანია პირველი“ უთითებს, რომ შეუძლებელია რაიმე დოკუმენტი მოიპოვოთ, სადაც ოფიციალური სახით იქნება ჩაწერილი დადასტურებული ტერმინი ოლიგარქის რეჟიმი. ყველა ასეთი განცხადება, რომელიც შეიძლება ნახოთ და არა მარტო მედიაში, ეს არის შეფასებისა და კონკრეტული გარემოებების გამოკვლევის შემდგომ გაკეთებული დასკვნების აღწერილობა.
21. ფრაზა „გარუსების მცდელობასთან“ დაკავშირებით მაუწყებელმა აღნიშნა, რომ არ არსებობს პროცედურა, რომელი გაწერილი იქნება როგორ ხორციელდება გარუსება. თუ მაგალითისთვის საუბარი იქნებოდა მაუწყებლად გახდომის პროცედურაზე, ეს იქნებოდა ფაქტი, რადგან შესაძლებელია გაიწეროს ზუსტად, რა პროცედურები უნდა გაიაროს კომპანიამ, რომ გახდეს მაუწყებელი. შეუძლებელია მსგავსი ოფიციალური პროცედურების ჩამოთვლა და განსაზღვრა, როდესაც საუბარია პროცესზე, რომელსაც ჰქვია გარუსება.
22. მაუწყებელმა წერილობით ახსნა-განმარტებაში მაგალითად მოიყვანა შემდეგი სადავოდ მიჩნეული ინფორმაცია: „ყოველდღიურად ჯარიმდებიან აქციის მონაწილე აქტივისტები, რომლებიც უწყვეტად დგანან რუსთაველის გამზირზე, ითხოვენ ხელახალ არჩევნებს, სინდისის პატიმრების გათავისუფლებას, ევროპულ მომავალს ქვეყნისთვის. მათ ყოველდღიურად მისდით ჯარიმები საცხოვრებელ სახლში პოლიციელების ხელით, ასევე ფოსტით, თუმცა ნაწილი მათგანი ასაჩივრებს ამ ჯარიმებს და ელოდება რა გადაწყვეტილებას გამოიტანს მურუსიძის კლანის მსახური მოსამართლე. 41-ე დარბაზში ტარდება სიმბოლურად პროცესები, ის პროცესები, რომლებიც ინიშნება გასაჩივრებულ ჯარიმებთან დაკავშირებით.“ შპს „ტელეკომპანია პირველის“ განმარტებით, ახალი ამბების ეთერში საუბარია კონკრეტულად A, B ან C მოსამართლეზე, რომელიც საზოგადოების ან მაუწყებლის აღქმით, გამოირჩევა უკანონო გადაწყვეტილებით. მას საზოგადოებრივი აზრის თანახმად, როგორც „კლანის მსახურ მოსამართლეს“ ასე მოიხსენიებენ. ეს არის წმინდა შეფასება.
23. მომჩივანის მიერ სადავოდ მიჩნეულ ტერმინთან „რეჟიმის 11 ტყვე“ დაკავშირებით მაუწყებელმა განაცხადა, რომ საუბარი იყო სინდისის პატიმრებზე, რომლებიც თავს რეჟიმის ტყვეებად მიიჩნევენ და ასე აფასებენ საკუთარ მდგომარეობას. ასე აფასებს საზოგადოება სინდისის პატიმრების დღევანდელ ვითარებას, მაგრამ ოფიციალურად ისინი სისხლის სამართლის პროცესში არიან ბრალდებულები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მაუწყებლის აზრით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა
24. ა/წ 3 ივლისს, კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა წარმოადგინა დასკვნა (N25-10-1427; 03.07.2025), რომლის თანახმად, მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად გამოვლენილია, რომ საჩივარში აღნიშნული ვიდეორგოლები მართლაც განთავსდა შპს „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში და ახალი ამბების პროგრამის წამყვანებმა გამოიყენეს შემდეგი ფრაზები: „არალეგიტიმური ხელისუფლება“, „რეჟიმი“, „მიტაცება“, ოლიგარქის რეჟიმი“, „გარუსება“, „კლანის მსახური მოსამართლე“, „ივანიშვილის რეჟიმი“, „ოლიგარქის მსახური“, „პრორუსული რეჟიმის მოსამართლე“, „ციხით დამუქრება“, „დეფაქტო პარლამენტის დეპუტატი“, „მანდატს დასასჯელად იყენებს“, „კლანის სასამართლო“, „რუსული კომისიის სხდომა“, „ოლიგარქის რეჟიმის პირობები“, „რეპრესიები“, „ოპონენტის გაქრობა“. ასევე, განცხადების თანახმად სოციალურ მედიაში მაუწყებლების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციებშიც გამოყენებულია ფრაზები: „ოლიგარქის პარლამენტი“, „ოლიგარქმა დანიშნა“, „დიქტატურა დაკანონებულია“, „ერთპიროვნული პარლამეტი“, „მუქარა“, „რეჟიმმა მიიღო“, „რეჟიმის 11 ტყვე“.
25. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი მიუთითებს, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია და ხელს უწყობს საზოგადოებისა და ინდივიდის განვითარებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის თანახმად, ეს თავისუფლება დაცულია, მაგრამ შეიძლება შეიზღუდოს კანონით, თუ ეს აუცილებელია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის, სხვათა უფლებების, კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის ან სასამართლოს მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის, შეხედულებების ქონის, ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლება სახელმწიფოს ჩარევის გარეშე. თუმცა, ეს თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს კანონით დადგენილი წესებით, თუ ეს საჭიროა ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, დანაშაულის პრევენციის, ჯანმრთელობის, მორალის, სხვათა რეპუტაციის, კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის ან სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. მაუწყებლებისთვის ეს თავისუფლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მედია მონაწილეობს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში. თუმცა, შეზღუდვები ხშირად მიზნად ისახავს სამართლიანი და მიუკერძოებელი საინფორმაციო გარემოს შექმნას. ახალ ამბებში სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა აუცილებელია, რათა მაყურებელმა მიიღოს დაბალანსებული ინფორმაცია, რაც უზრუნველყოფს მის ინფორმირებულ მონაწილეობას დემოკრატიულ პროცესებში, თავიდან აირიდებს მიკერძოებას და შეინარჩუნებს საზოგადოებრივ ნდობას. ამ კონტექსტში, ფაქტისა და შეფასების გამიჯვნა ახალ ამბებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ფაქტები ობიექტურ ინფორმაციას წარმოადგენს, ხოლო შეფასებები სუბიექტურ მოსაზრებებს გამოხატავს.
26. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას, გასათვალისწინებელია მიუკერძოებლობის საკითხი, რომელიც მოწესრიგებულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლით. კერძოდ, ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა 54-ე მუხლის მე-2 და მე-
5 პუნქტები. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად:
„ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ფაქტისა და მოსაზრების მკაფიო გამიჯვნა.” ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად: „დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა.” აღნიშნული ვალდებულებები მთლიანობაში ემსახურება სამართლიანობის და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფას მაუწყებლობაში. მიუკერძოებლობის ძირითადი არსი კი იმაშია, რომ მაუწყებელი არ ანიჭებდეს უპირატესობას რომელიმე მხარეს ან რომელიმე მოსაზრებას და საკითხებს განიხილავდეს სათანადო ობიექტურობით.
27. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ საკითხზე მსჯელობისას, პირველ რიგში უნდა დადგინდეს, საჩივარში მითითებული სადავო ფრაზები რა ტიპის გადაცემაში იყო გამოყენებული. საჩივრის ავტორის თქმით, მის მიერ მოყვანილი მაგალითები ახალი ამბების პროგრამიდანაა. გაერთიანებული სამეფოს მარეგულირებელი ორგანოს, Ofcom-ის გაიდლაინის თანახმად ყველა პროგრამა განსხვავებულია, თუმცა არსებობს ტიპური ფაქტორები, როგორც კონტენტის, ისე ფორმატის კუთხით, რომელთა არსებობამაც შესაძლოა გამოიწვიოს პროგრამის ახალ ამბებად კატეგორიზაცია. ეს ფაქტორებია: 1. წამყვანი, რომელიც პირდაპირ მიმართავს აუდიტორიას; 2. სიუჟეტების თანმიმდევრობა ან მოკლე ამბების ჩამონათვალი, ხშირად მოკლე ფორმატში; 3. რეპორტიორების ან კორესპონდენტების გამოყენება მზა სიუჟეტების ან პირდაპირი რეპორტაჟების წარსადგენად; 4. ვიდეომასალისა და რეპორტიორის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შერწყმა. თუმცა, დეპარტამენტი განმარტავს, რომ ეს კრიტერიუმები არ არის ამომწურავი, ასევე ყველა ამ კრიტერიუმის ერთდროულად არსებობა სავალდებულო არ არის იმისთვის, რომ გადაცემა ახალი ამბების კატეგორიად ჩაითვალოს. ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, საჩივარში მოყვანილი მაგალითების შესწავლის შედეგად ნათელია, რომ ყველა მოყვანილი მაგალითი ახალი ამბების პროგრამას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხს სადავოდ არ ხდის არც მაუწყებელი.
28. კომისიის აპარატის მედიამომსახურების რეგულირების დეპარტამენტი ასევე, ყურადღებას ამახვილებს ფაქტისა და მოსაზრების საკითხზე. დეპარტამენტის განმარტებით, ფაქტი არის განცხადება, რომელიც შეიძლება ობიექტურად გადამოწმდეს ან დადასტურდეს მტკიცებულებებით, როგორც ჭეშმარიტი ან მცდარი. მოსაზრება არის სუბიექტური განცხადება, რომელიც ასახავს პირად რწმენას, გრძნობებს, ან ინტერპრეტაციას, რომელიც ვერ დასტურდება, როგორც ჭეშმარიტება. ფაქტები ეფუძნება დაკვირვებას, გაზომვად მტკიცებულებებს და რჩება ჭეშმარიტი პირადი შეხედულებების მიუხედავად. მოსაზრებები დამოკიდებულია ინდივიდუალურ პერსპექტივებზე. დეპარტამენტი იზიარებს მხარეების პოზიციას, რომ საჩივარში მოყვანილი ყველა სადავო ტერმინი, როგორიც არის „არალეგიტიმური ხელისუფლება“, „რეჟიმი“, „მიტაცება“, „ოლიგარქის რეჟიმი“ და ა.შ. (სრული ჩამონათვალი ზემოთ არის მოყვანილი) იმ კონტექსტში, რომელშიც ისინი არის გამოყენებული წარმოადგენს მოსაზრება/შეფასებას. ამ საკითხზე მხარეები თანხმდებიან და შესაბამისად, დეპარტამენტის მოსაზრებით, უფრო დეტალურ განხილვას ეს საკითხი აღარ საჭიროებს.
29. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა. დეპარტამენტის განმარტებით, ამ კონტექსტში „მაუწყებლის მიერ პოზიციის გამოხატვა“ გულისხმობს გადაცემის წამყვანის მიერ პოზიციის გამოხატვას. შესაბამისად, ეს მუხლი აწესებს შეზღუდვას, რომელიც წამყვანს უკრძალავს საკუთარი მოსაზრებების, პოზიციისა თუ შეფასებების გამოთქმას ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერად თუ საწინააღმდეგოდ, ახალი ამბების გაშუქებისას. დეპარტამენტის განმარტებით, საინფორმაციო გადაცემებში ნებადართულია და მოსალოდნელიცაა მოსაზრებების რეგულარულად გაშუქება, მაგალითად, პოლიტიკოსებთან ინტერვიუების დროს. ამ დროს მაყურებელმა უნდა შეძლოს ფაქტებისა და მოსაზრებების ერთმანეთისგან გარჩევა. თუმცა, დეპარტამენტის აზრით, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე, საინფორმაციო გადაცემებში „ფაქტებისა და მოსაზრებების“ გარჩევის მოთხოვნა არ ნიშნავს, რომ ჟურნალისტებს აქვთ უფლება გამოთქვან თავიანთი „პირადი მოსაზრებები“ ახალი ამბების გაშუქებისას და ეს მოთხოვნა მხოლოდ მესამე პირების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს ეხება.
30. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტი ავალდებულებს მაუწყებელს, ახალი ამბების გადაცემაში მკაფიოდ გამიჯნოს ფაქტები და მოსაზრებები. მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ მაგალითებში ფაქტები და მოსაზრებები ჩვენი მოსაზრებით არ არის მკაფიოდ გამიჯნული, დეპარტამენტის შეფასებით, ამ საკითხის ღრმა გარჩევა არ არის საჭირო, ვინაიდან აღნიშნული დანაწესი არარელევანტურია ამ შემთხვევაში. ეს მუხლი ეხება მხოლოდ მესამე პირების მოსაზრებების ფაქტებისგან გამიჯვნას, ხოლო, როგორც ზემოთ აღინიშნა, წამყვანის მიერ საკუთარი მოსაზრების გამოთქმა ახალი ამბების გაშუქებისას სრულად აკრძალულია. საჩივარში მოყვანილ მაგალითებში კი, სწორედ წამყვანის მოსაზრებების გაჟღერება ხდება. განსახილველ შემთხვევაში, ისეთი განცხადებები, როგორიცაა „რეჟიმი“, „ოლიგარქის რეჟიმი“ და „კლანის სასამართლო“, აღიქმება როგორც ჟურნალისტების მოსაზრებები. მაუწყებლის მიერ გამოყენებული ტერმინები ნათლად გამოხატავს პოზიციას, ასახავს შეხედულებას და ვერ აკმაყოფილებს ობიექტურობის სტანდარტს.
31. მაუწყებლის სოციალურ მედიაში და ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, სადაც გამოყენებულია შემდეგი ფრაზები: „ოლიგარქის პარლამენტი“, „ოლიგარქმა დანიშნა“, „დიქტატურა დაკანონებულია“, „ერთპარტიული პარლამეტი“, „მუქარა“, „რეჟიმმა მიიღო“, „რეჟიმის 11 ტყვე“, კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის განმარტებით, გასათვალისწინებელია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის მე-5 პუნქტი, რომლის თანახმადაც: „მაუწყებელს ამ კანონის 52-ე, 54-ე−542, 552 და 553−564 მუხლების მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება აგრეთვე მის მიერ მასობრივი ინფორმაციის ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილი ინტერნეტდომენის ან/და ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, აგრეთვე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე (მათ შორის, სოციალურ ქსელში) ინფორმაციის განთავსების გამო.“ აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესის თანახმად 54-ე მუხლის მოთხოვნები ისევე ვრცელდება მაუწყებლის სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე, როგორც მაუწყებლის პროგრამებზე.
32. დასკვნის თანახმად, საჩივარში მოყვანილ მაგალითებში, მაუწყებლის სოციალურ ქსელში ინფორმაცია ისე არის გამოქვეყნებული, რომ ის მაუწყებლის პოზიციას გამოხატავს და არა მესამე პირის მოსაზრების ან შეფასების შესახებ გვიყვება. მაგალითად, „რეჟიმმა პარტიების აკრძალვის კანონი მესამე მოსმენით მიიღო“ ან „მოსამართლე გალუსტაშვილმა რეჟიმის 11 ტყვე პატიმრობაში დატოვა“. შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები, რომლებიც ზღუდავს მაუწყებლის პოზიციის დაფიქსირებას რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერად თუ საწინააღმდეგოდ, ასევე ვრცელდება სოციალურ მედიაში, ამ სახით გამოქვეყნებულ ინფორმაციაზეც. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ საჩივარში გათვალისწინებული ყველა პუნქტი უნდა დაკმაყოფილდეს და შპს „ტელეკომპანია პირველის” მიერ დადგინდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნების დარღვევა, როგორც მაუწყებლობის ნაწილში, ისე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაციის ნაწილში.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
33. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, აგრეთვე სალიცენზიო პირობებისა და ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს კომისიას“.
34. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, „საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს“.
35. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, „დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობა“.
36. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა”, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, „ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ფაქტისა და მოსაზრების მკაფიო გამიჯვნა”. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, „დაუშვებელია პოლიტიკური თანამდებობის პირის ან პოლიტიკური პარტიის წევრის მონაწილეობა ახალი ამბების ან საინფორმაციო პროგრამაში წამყვანის, ინტერვიუერის ან ჟურნალისტის სახით”, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, „ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დავის გაშუქებისას მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს ბალანსის დაცვა თითოეულ პროგრამაში ან პროგრამების ციკლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ, პროგრამის ფორმატიდან გამომდინარე, ბალანსის დაცვა დაგეგმილია პროგრამების ციკლის განმავლობაში, ამის შესახებ აუდიტორიას უნდა ეცნობოს პროგრამის დაწყების პირველსავე დღეს”. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, „დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა”, ხოლო მე-6 პუნქტის თანახმად, „საავტორო პროგრამის გადაცემისას უშუალოდ პროგრამის დაწყების წინ აუდიტორიას უნდა ეცნობოს, რომ პროგრამა საავტოროა. საავტორო პროგრამაში აუდიტორიას უნდა მიეწოდოს მოსაზრებათა ფართო სპექტრი, თავიდან უნდა იქნეს აცილებული ფაქტების დამახინჯება და განსხვავებული აზრის არასწორი ინტერპრეტირება. საავტორო პროგრამის წამყვანმა არ უნდა გამოიყენოს საკუთარი მდგომარეობა საკუთარი მოსაზრების იმ ფორმით გავრცელებისთვის, რომელმაც შეიძლება ხელყოს პროგრამის მიუკერძოებლობა”. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, „მაუწყებელი ვალდებულია ჯეროვანი სამართლიანობისა და პატივისცემის დაცვით მოეპყრას პროგრამაში მონაწილე თითოეულ პირს”, ხოლო მე-8 პუნქტის შესაბამისად, „პირს, რომლის მიმართ პროგრამაში ბრალდებები გამოითქვა, უნდა მიეცეს დროული და ჯეროვანი პასუხის გაცემის საშუალება”. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, „პროგრამაში მხოლოდ ერთი დაინტერესებული მხარის მოწვევა აქტუალურ საკითხზე კონკრეტული პოზიციის სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ ჯგუფებზე თავდასხმის საშუალებად, რომლებიც არ მონაწილეობენ პროგრამაში”, ხოლო მე-10 პუნქტის მიხედვით, „პირდაპირ ეთერში შემოსული ზარები უნდა იქნეს შერჩეული სამართლიანობის პრინციპის დაცვით და დაუშვებელია მხოლოდ ერთი შეხედულების გამოხატვა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ამ ზარებით საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირება”.
37. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ,,მაუწყებელს ამ კანონის 52-ე, 54-ე - 542, 552 და 553 - 564 მუხლების მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება აგრეთვე მის მიერ მასობრივი ინფორმაციის ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილი ინტერნეტდომენის ან/და ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, აგრეთვე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე (მათ შორის, სოციალურ ქსელში) ინფორმაციის განთავსების გამო“.
38. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.
39. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 764 მუხლის თანახმად, მაუწყებლის მიერ ამ კანონის 52-ე, 54-ე, 541, 542, 553, 56-ე და 564 მუხლების მოთხოვნათა 2025 წლის 1 ივნისამდე დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს ამ კანონით დადგენილი წესით. კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს შეუფარდოს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სანქცია, რომელიც აღსასრულებლად არ მიექცევა. მაუწყებლის მიერ ამ კანონის 52-ე, 54-ე - 542, 553, 56-ე და 56 4 მუხლების მოთხოვნათა 2025 წლის 1 ივნისის შემდეგ დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს და მაუწყებელს შესაბამის სანქციას შეუფარდებს კანონით დადგენილი წესით.
III. სამოტივაციო ნაწილი
1. შესწავლილი მტკიცებულებები
40. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/2173, თარიღი:27.05.2025), რომელსაც ერთვის მინდობილობა, ვიდეოჩანაწერები და ინტერნეტში ვებგვერდიდან და სოციალური ქსელიდან ამონაბეჭდები/სურათები;
41. შპს „ტელეკომპანია პირველის“ წერილობითი ახსნა-განმარტება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/2623; თარიღი:25.06.2025);
42. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან მონაცემები შპს „ტელეკომპანია პირველის“ შესახებ;
43. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა (N25-10-1427;03.07.2025);
44. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომებზე მიცემული ახსნა-განმარტება;
45. შპს „ტელეკომპანია პირველის“ წარმომადგენლების მიერ კომისიის სხდომებზე მიცემული ახსნა- განმარტება.
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
46. შპს „ტელეკომპანია პირველი“ არის მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი.
მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ტელეკომპანია პირველის“ შესახებ.
47. შპს „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში განთავსებულ პროგრამაში „პირველები“ წამყვანებმა გაავრცელეს შემდეგი ინფორმაცია:
ა) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2025 წლის 8 მაისი; დრო: 11:13:28-11:14:36;
„შეერთებული შტატების წარმომადგენლობით პალატაში და ქართული ოცნების სავარაუდო სანქციების სიის გამოქვეყნებას ეხმაურება ევროკომისიაც, შეიძლება ითქვას რომ ევროკომისია კმაყოფილია შეერთებული შტატების ძალისხმევით მათ ეს განცხადება ინტერპრესსნიუსთან წერილობით გააკეთეს, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ მეგობარი აქტის დამტკიცება შეერთებული შტატების მხრიდან არის დასტური იმისა, რომ ამერიკა და საერთაშორისო საზოგადოება გულდასმით აკვირდება, რაც ხდება საქართველოში და იმას რომ ქართული ოცნება, არა მხოლოდ ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომავალს, არამედ საერთაშორისო საზოგადოებისგან სრულად იზოლაციაში აქცევს ჩვენს ქვეყანას და ავტოკრატიულ რეჟიმებთან თანამშრომლობს და ქვეყანაში ასევე ავტოკრატიულ მმართველობას აყალიბებს, შესაბამისად, ისევე, როგორც ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატებიც თანაბრად თანხმდებიან იმაზე, რომ დღეს ქვეყანა არასწორი მიმართულებით, სწორედ ბიძინა ივანიშვილის არალეგიტიმური ხელისუფლების გამო ვითარდება.“;
ბ) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2025 წლის 8 მაისი; დრო: 20:09:11-20:10:00;
„საელჩოს წინააღმდეგ, ოცნებამ მოქალაქეების უსაფრთხოების საკითხი პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადაიყვანა. სუსი შტატების დიპლომატიურ უწყებას აკრიტიკებს, რომ სავარაუდო აფეთქების ცნობის მიღების შემდეგ საელჩომ ხალხი მათთან შეუთანხმებლად გააფრთხილა, ვიდრე სუსი პოლიტიკური კინკლაობის რეჟიმზე იყო მოქალაქეების უსაფრთხოებაზე არავინ ფიქრობდა. საელჩოს საგანგებო განცხადების შემდეგ ერთი პოლიციელიც კი არ იდგა იმ სავაჭრო ცენტრებთან, სადაც შესაძლო აფეთქების რისკი იყო. ხალხი ჩვეულებრივად ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გადაადგილდებოდა. ახლა ჩნდება კითხვა რატომ არ დააზღვია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოქალაქეების სიცოცხლე იმ დრომდე მაინც, ვიდრე ინფორმაციას არ გადაამოწმებდა, ამის ნაცვლად რეჟიმმა შტატები რადიკალიზმის გაღვივებაში დაადანაშაულა.“;
გ) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2025 წლის 8 მაისი; დრო:20:30:44 – 20:31:15;
„ვიდრე მეგობარი აქტი ძალაში შევა და დასასანქცირებელი პირების სია დაიდება, უკვე არსებობს იმ ხალხის ჩამონათვალი, რომელიც ივანიშვილს სახელმწიფოს მიტაცებაში ეხმარება, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, პროპაგანდისტები, ყველა ვინც ამ სიაში მოხვდა უკვე ფაქტობრივი სანქციების ქვეშ არიან, რადგან ბიზნესმენებთან, რომლებსაც კონგრესმენების სიაში სახელმწიფო მიმტაცებლის სტატუსი აქვთ, საქმიანი კავშირების შენარჩუნების სურვილი ცივილიზებული სამყაროდან არავის ექნება.“;
დ) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2025 წლის 8 მაისი; დრო:20:40:41 – 20:41:22;
„ევროპის დღე ევროპის მოედანზე ქართველ ხალხთან ერთად, დედაქალაქი კიდევ ერთი მასშტაბური მარშისთვის ემზადება. ხვალ, თბილისი მოვლენების ეპიცენტრი 17 საათიდან გახდება, პარლამენტი, რესპუბლიკის მოედანი, მარჯანიშვილის მოედანი და მეტრო ავლაბარი. ოთხი ლოკაციიდან მოქალაქეების მსვლელობა დაიწყება, საგანგებო და ევროპული დღისადმი მიძღვნილი პროტესტის ბოლო გაჩერება სიმბოლურად თბილისის ევროპის მოედანი იქნება. ქართველი ხალხი ქუჩაში უცვლელი მოთხოვნებით გამოდის. ეს იქნება კიდევ ერთი ხმამაღალი გზავნილი, რომ ქვეყნის ევროპული კურსი არის უცვლელი, ამიტომ ოლიგარქის რეჟიმი სწორედ მოქალაქეებმა უნდა აიძულონ, რომ შეწყვიტოს საქართველოს გარუსების მცდელობა.“;
ე) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2025 წლის 10 მაისი; დრო: 13:15:07-13:15:47;
„ყოველდღიურად ჯარიმდებიან აქციის მონაწილე აქტივისტები, რომლებიც უწყვეტად დგანან რუსთაველის გამზირზე, ითხოვენ ხელახალ არჩევნებს, სინდისის პატიმრების გათავისუფლებას, ევროპულ მომავალს ქვეყნისთვის. მათ ყოველდღიურად მისდით ჯარიმები საცხოვრებელ სახლში პოლიციელების ხელით, ასევე ფოსტით, თუმცა ნაწილი მათგანი ასაჩივრებს ამ ჯარიმებს და ელოდება რა გადაწყვეტილებას გამოიტანს მურუსიძის კლანის მსახური მოსამართლე. 41-ე დარბაზში ტარდება სიმბოლურად პროცესები, ის პროცესები, რომლებიც ინიშნება გასაჩივრებულ ჯარიმებთან დაკავშირებით.“;
ვ) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2025 წლის 21 მაისი; დრო: 20:01:07-20:01:27;
„ტრამპის მთავრობა დუმილს არღვევს და ოლიგარქის რეჟიმს პირველ პასუხს უგზავნის, შტატების სახელმწიფო მდივანი ანონსებს, რომ ამერიკა ივანიშვილის წინააღმდეგ ზომებს მიიღებს. ეს არის საკითხი რომელიც განიხილება ამბობს შტატების მაღალჩინოსანი და ამით ოცნებას ბოლო იმედსაც ბოლომდე უკლავს.“;
ზ) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2025 წლის 21 მაისი, დრო: 20:12:52-20:13:26;
„ტრამპის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანმა დღეს თქვა, რომ სწორედ საქართველოს საელჩოსგან ელოდება კონკრეტულ რეკომენდაციებს, როგორ უნდა უპასუხონ საქართველოში ანტი ამერიკულ მთავრობას და რა კონკრეტულ ნაბიჯებზე ექნება ივანიშვილის რეჟიმს რეაგირება, ამიტომაც ამერიკის საელჩოს პოზიცია ახლა და განსაკუთრებით ელჩის პოზიცია არის ძალიან საინტერესო. რას ეტყვიან, რა ინფორმაციას მიაწვდიან ივანიშვილის რეჟიმთან დაკავშირებით და ამის შემდეგ უკვე როგორ იმოქმედებს ტრამპის ადმინისტრაცია რეჟიმის წინააღმდეგ.“;
თ) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2025 წლის 21 მაისი; დრო: 20:28:37-20:29:00;
„ირაკლი ზარქუას ახალი სკანდალი. აბუ-დაბის შემდეგ ოლიგარქის მსახურს მშვიდი ვახშამი ზუგდიდშიც არ შეერგო. პრორუსული რეჟიმის დეპუტატი თავს შეურაცხყოფილად გრძნობს და ამიტომ სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ საჩივარი დაწერა. ზარქუამ სამარცხვინოს დაძახება ვერ აიტანა და ახლა მარიამ სიჭინავას ციხით ემუქრება.“;
ი) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2025 წლის 21 მაისი; დრო: 20:32:13-20:32:31;
„ზარქუა დე ფაქტო პარლამენტის ერთადერთი დეპუტატი არ არის, ვინც მანდატს აქტივისტების დასასჯელად იყენებს, მანამდე იყო მარიამ ლაშხი, დეპუტატმა მოქალაქეებს სკანდირება:
„თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ და „ძირს რუსული რეჟიმი“ არ აპატია. ლაშხმაც პოლიციაში იჩივლა.“;
კ) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2025 წლის 21 მაისი; დრო:20:33:13-20:33:30;
„პოლიტიკური პატიმრები და ახალი პოლიტიკური რეალობის მოლოდინი. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ციხისთვის ემზადება. რამდენიმე საათში კლანის სასამართლო მის წინააღმდეგ ვერდიქტს გამოაცხადებს. ჯაფარიძე რუსული კომისიის სხდომაზე არ მივიდა, არც გირაო გადაიხადა, შემდეგი ნაბიჯი კი დიდი ალბათობით პატიმრობაა.“;
ლ) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2025 წლის 21 მაისი; დრო: 20:35:35-20:35:43;
„ნიკა მელიასთვის რუსთავის მე-12 დაწესებულება დროებითი საცხოვრებელი ოლიგარქის რეჟიმის პირობებში მეორედ იქნება.“;
მ) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2025 წლის 23 მაისი; დრო: 15:15:32-15:15:50;
„ლიდერები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში იმყოფებიან. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დიპლომატიურ უწყებაში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ სასაუბროდ მივიდნენ. განიხილავენ იმ რეპრესიებსაც, რომელიც ივანიშვილის გუნდმა ოპონენტების გასაქრობად მოიფიქრა და ამის ნათელი მაგალითია ციხეში გამოკეტილი ზურაბ ჯაფარიძე.“.
მტკიცებულება: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/2173, თარიღი:27.05.2025), პროგრამის ვიდეოჩანაწერები, შპს „ტელეკომპანია პირველის“ სამაუწყებლო ბადე
48. შპს „ტელეკომპანია პირველმა” ინტერნეტში განათავსა შემდეგი ინფორმაცია:
ა) 2025 წლის 13 მაისს, მაუწყებელმა სოციალურ მედიაში (Instagram) განათავსა შემდეგი ინფორმაცია:
„ოლიგარქის პარლამენტმა პარტიების აკრძალვის კანონპროექტი მიიღო.”
https://www.instagram.com/p/DJmHeLssvV3/?igsh=aDk1YjI2YnA5Yzdj
ბ) 2025 წლის 7 მაისს, შპს „ტელეკომპანია პირველმა” სოციალურ მედიაში (Facebook) განათავსა შემდეგი ინფორმაცია: „ოლიგარქმა თავისი პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე დანიშნა.”
https://www.facebook.com/share/1BqSuFVGPd/
გ) 2025 წლის 13 მაისს, მაუწყებელმა სოციალურ მედიაში (Facebook) განათავსა შემდეგი ინფორმაცია:
„დიქტატურა დაკანონებულია. ერთპარტიულმა პარლამენტმა პარტიების აკრძალვის კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა, მუქარა ოპოზიციური პარტიების გაუქმებით”. https://www.facebook.com/share/p/1RNE51y2PJ/
დ) 2025 წლის 13 მაისს, მაუწყებელმა სოციალურ მედიაში (Facebook) განათავსა შემდეგი ინფორმაცია:
„რეჟიმმა პარტიების აკრძალვის კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა“. https://www.facebook.com/share/p/19qpccyrmA/
ე) 2025 წლის პირველ მაისს, მაუწყებელმა ვებგვერდზე (www.tvpirveli.ge) განათავსა შემდეგი ინფორმაცია: „მოსამართლე გალუსტაშვილმა რეჟიმის 11 ტყვე პატიმრობაში დატოვა“. https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/sazogadoeba/100178-mosamartle-galustashvilma-rejimis-11-tkve- patimrobashi-datova
მტკიცებულება: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივარი (Nშ-25-6/2173, თარიღი:27.05.2025), ინტერნეტში მაუწყებლის სოციალური ქსელებიდან და ვებგვერდიდან ამონაბეჭდები/სურათები; კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა N25-10-1427; 03.07.2025).
49. შპს „ტელეკომპანია პირველის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ გამოყენებულა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის.
მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებული პირების უწყებრივი რეესტრიდან შპს „ტელეკომპანია პირველის“ შესახებ.
3. სამართლებრივი შეფასება
3.1. „კანონმდებლობაში შესული ცვლილებები მაუწყებლობის შინაარსობრივ მოთხოვნებთან დაკავშირებით”
50. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში 2025 წლის 1 აპრილის კანონით (დოკუმენტის N394- IIმს-XIმპ) შესული ცვლილებით ახლებურად მოწესრიგდა მაუწყებლობის მიმართ წაყენებული შინაარსობრივი მოთხოვნები და მათი აღსრულების წესი. კერძოდ, კანონში შესული ცვლილებებით ახლებურად მოწესრიგდა ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება ან/და გადაცემა, შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის ან/და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქება, პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანი პირის დაცვის ცალკეული საკითხები. კანონში ცვლილების შეტანამდე დასახელებული შინაარსობრივი მოთხოვნების ნაწილი (მაგალითად, შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის ან/და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქების მოწესრიგება) „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით არ რეგულირდებოდა და კომისიის 2009 წლის 12 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ იყო განსაზღვრული. ამასთან, შინაარსობრივი მოთხოვნების დამდგენი დებულებების ნაწილი (მაგალითად, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა) „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით იყო გათვალისწინებული, თუმცა, „მაუწყებელთა ქცევის კოდექსისგან“ განსხვავებული, ნაკლებად დეტალური მოწესრიგებით გამოირჩეოდა. უნდა აღინიშნოს, რომ „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში შესული ცვლილებებით ჩამოყალიბებული შინაარსობრივი მოთხოვნები თითქმის ემთხვევა კომისიის 2009 წლის 12 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ გათვალისწინებულ შესაბამის დებულებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, უშუალოდ მოთხოვნების მატერიალური შინაარსის თვალსაზრისით მაუწყებლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის 2025 წლის 1 აპრილის კანონით „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში შესული ცვლილებები სიახლე არ ყოფილა.
51. მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების ახლებურად დაწესების გარდა, 2025 წლის 1 აპრილის კანონით დადგინდა ამ მოთხოვნების აღსრულების ახალი წესი. კერძოდ, 2025 წლის 1 აპრილის კანონის ძალაში შესვლამდე შინაარსობრივი მოთხოვნების დიდი ნაწილი აღსრულდებოდა მხოლოდ მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ და მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილების სასამართლოში, კომისიაში ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება არ დაიშვებოდა. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში 2025 წლის 1 აპრილს შესული ცვლილებების გათვალისწინებით ახლებურად ჩამოყალიბდა კანონის მე-14 და 591 მუხლები და დადგინდა, რომ კომისიას აქვს სამართლებრივი რეაგირების უფლებამოსილება ისეთი შინაარსობრივი მოთხოვნების დარღვევის საკითხებზე, როგორებიც არის ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება ან/და გადაცემა, შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის ან/და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქება, პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანი პირის დაცვის ცალკეული საკითხები.
52. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2025 წლის 1 აპრილის კანონით დადგინდა მაუწყებლებისათვის კარგად ცნობილი, კომისიის 2009 წლის 12 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ გათვალისწინებული წესების კომისიის მიერ აღსრულების წესი.
3.2. მაუწყებლობის მიუკერძოებლობის რეგულირება
53. 2025 წლის 1 აპრილის კანონის შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით კომისიის მიერ აღსრულებას დაექვემდებარა შინაარსობრივი მოთხოვნა, როგორიც არის მაუწყებლის მიუკერძოებლობა. მიუკერძოებლობა მაუწყებლობის და ზოგადად მედიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია. მიუკერძოებლობის პრინციპი მოითხოვს, რომ მაუწყებელმა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები გააშუქოს სათანადო ობიექტურობით და უზრუნველყოს, რომ საჯარო დისკუსიის არცერთ მხარეს არ მიენიჭოს უპირატესობა. მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა შესაძლებელია შესაბამისი სარედაქციო ხერხების გამოყენებით. აღნიშნული პრინციპის ცალკეული მოთხოვნები გაწერილია „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამის დებულებებში.
54. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია ახალი ამბების პროგრამაში ფაქტისა და მოსაზრების მკაფიო გამიჯვნის მოთხოვნა, მე-3 პუნქტით კი - პოლიტიკური თანამდებობის პირის ან პოლიტიკური პარტიის წევრის მონაწილეობის აკრძალვა ახალი ამბების, საინფორმაციო პროგრამის წამყვანის, ინტერვიუერის ან ჟურნალისტის სახით.
55. მიუკერძოებლობის პრინციპის უმთავრესი შემადგენელი კომპონენტია ბალანსის დაცვა.
„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დავის გაშუქებისას მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს ბალანსის დაცვა თითოეულ პროგრამაში ან პროგრამების ციკლის განმავლობაში. მაუწყებელმა ყველა საგულისხმო მოსაზრება მიუკერძოებლად და არადისკრიმინაციულად უნდა წარმოაჩინოს.
56. მიუკერძოებლობის პრინციპი ასევე მოითხოვს, რომ მაუწყებელმა გამოავლინოს მიუკერძოებლობა ახალი ამბებისა და ცალკეულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში და არ გამოხატოს საკუთარი პოზიცია. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის განმარტებითი ბარათში მითითებულია, რომ „იზღუდება მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში, აგრეთვე სხვა საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას (საავტორო პროგრამების გარდა) პოზიციის გამოხატვა.“1
57. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა. კანონი უშვებს ამ პრინციპიდან გადახვევას და მაუწყებლის პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობას საავტორო პროგრამებში. თავის მხრივ, საავტორო პროგრამის შესახებ სათანადოდ უნდა ეცნობოს აუდიტორიას. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-6 პუნქტის პირველი წინადადების მიხედვით, საავტორო პროგრამის გადაცემისას უშუალოდ პროგრამის დაწყების წინ აუდიტორიას უნდა ეცნობოს, რომ პროგრამა საავტოროა.
58. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კი - მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობის ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკისა და საქართველოსთვის იურიდიული ძალის მქონე სხვა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად.
59. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია. სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება ამავე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით კი - მედიაპლურალიზმის დაცვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში აზრის გამოხატვის თავისუფლების რეალიზების, მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში მომხმარებელთა და მეწარმეთა უფლებების დასაცავად შექმნილი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ინსტიტუციური და ფინანსური დამოუკიდებლობა გარანტირებულია კანონით.
60. ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ ის „ინფორმაცია“ და „იდეები“, რომლებიც სასურველად არის მიღებული ან აღიქმება როგორც უწყინარი და ინდიფერენტული, არამედ - 1 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ N 07-3/29/11, 2 ისეთებიც, რომელიც შეურაცხმყოფელი, შემაწუხებელი და შოკისმომგვრელია სახელმწიფოსთვის ან მოსახლეობის რომელიმე ნაწილისთვის.2 ამასთან, სასამართლო პრაქტიკა არ გამორიცხავს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, როდესაც ილახება სხვა ადამიანის უფლებები და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესები.
61. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები საზოგადოებისა და ინდივიდების მიერ ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების, აზრის ფორმირების ერთ-ერთი ცენტრალური, ფართომასშტაბიანი და ეფექტური პლატფორმაა. სწორედ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შეუფერხებელი, ავტონომიური, ჯეროვანი და დამოუკიდებელი საქმიანობა განაპირობებს საზოგადოებისა და თითოეული ინდივიდის მიერ აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლების პრაქტიკულ და ეფექტურ რეალიზაციას.3 სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, ისეთ სენსიტიურ სექტორში, როგორიც არის აუდიოვიზუალური მედია, ჩაურევლობის ნეგატიურ მოვალეობასთან ერთად, სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, შექმნას შესაბამისი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტურ პლურალიზმს.4
62. სტრასბურგის სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, მაუწყებლების გამოხატვის თავისუფლება შესაძლებელია ლეგიტიმურად შეიზღუდოს, როდესაც ეს აუცილებელია ინფორმაციის პლურალიზმის დასაცავად, აგრეთვე გავლენიან მედია პლატფორმებზე სამართლიანი და თანასწორი დემოკრატიული დისკურსის უზრუნველსაყოფად.5 მაუწყებლის მიუკერძოებლობის პრინციპი ემსახურება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დემოკრატიული დებატის სანდოობის დაცვას იმგვარად, რომ არ მოხდეს სამაუწყებლო მედია პლატფორმების მიტაცება ვიწროპარტიული ინტერესების გამტარებელი ძლიერი ფინანსური ან გავლენიანი ჯგუფების მიერ. საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, მიუკერძოებლობის პრინციპიდან გამომდინარე ვალდებულებები ასრულებს უმთავრეს როლს, რომ საზოგადოებას ჰქონდეს მიუკერძოებელ და ზუსტ ინფორმაციაზე წვდომა და მოსაზრებებისა და პერსპექტივების ფართო სპექტრის გაცნობის შესაძლებლობა. ეს ვალდებულებები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სათანადოდ ინფორმირებულ დემოკრატიულ დებატებს.6
63. ამავდროულად, სამაუწყებლო მედიას დემოკრატიულ საზოგადოებაში უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. დიდია მაუწყებლების როლი საზოგადოების ინფორმირებისა და საჯარო
2 ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, საჩივარი No. 5493/72, § 49
3 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-71,72, ასევე იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის №2/6/1311 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სტერეო+“, ლუკა სევერინი, ლაშა ზილფიმიანი, რობერტ ხახალევი და დავით ზილფიმიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-58
4 ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ცენტრო ევროპა 7 ს.რ.ლ. და დი შტეფანო იტალიის წინააღმდეგ” [GC] - საჩივარი No. 38433/09, § 134.
5 ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ANIMAL DEFENDERS INTERNATIONAL გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ [GC] - საჩივარი No 48876/08, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სიგმა რადიო ტელევიზია კვიპროსის წინააღმდეგ“, საჩივრები No. 32181/04 და 35122/05
6 Communications White Paper – A New Future for Communications, December 2000, https://webarchive.nationalarchives.gov.uk/20100407160140/http://www.culture.gov.uk/images/publication s/communicationswhitepaper_fullreport.pdf, section 6.6.1, Issue 369 of Ofcom’s Broadcast and On Demand Bulletin 20 December 2018, 21
მმართველობის პროცესზე მეთვალყურის (“watchdog”) ფუნქციის შესრულებაში.7 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სამაუწყებლო მედიას შეეძლოს გამოიკვლიოს და გააშუქოს ნებისმიერი საკამათო საკითხი, ასევე საზოგადოების წევრებს მისცეს შესაძლებლობა, გამოხატონ კრიტიკული მოსაზრებები საზოგადოებისთვის მნიშნელოვან ამა თუ იმ საკითხზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამაუწყებლო მედიამ დაიცვას მიუკერძოებლობის პრინციპი, ზუსტად და მიუკერძოებლად გადასცეს ყველა ფაქტი და საგულისხმო მოსაზრება.
64. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, კომისია, გაითვალისწინებს მაუწყებლისა და აუდიტორიის გამოხატვის თავისუფლების დაცვის ინტერესს, რომ მაუწყებელს ჰქონდეს ლეგიტიმური შესაძლებლობა, შეასრულოს საზოგადოებრივი მეთვალყურის ფუნქცია და მწვავედ, კრიტიკულად გააშუქოს ნებისმიერი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მოვლენა და მოსაზრება. მეორე მხრივ, ასევე მხედველობაში მიიღება მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ ინტერესი, რომ სამაუწყებლო მედიამ დაიცვას მიუკერძოებლობა და ხელი შეუწყოს ინფორმირებულ დემოკრატიულ დებატს.
3.3. ახალი ამბების/საზოგადოებრივ პოლიტიკურ პროგრამაში მაუწყებლის მოსაზრების გამოხატვის შეზღუდვა
65. როგორც აღინიშნა, მიუკერძოებლობის პრინციპის შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონი ზღუდავს მაუწყებლის შესაძლებლობას, ახალი ამბებისა და ცალკეულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში გამოხატოს საკუთარი მოსაზრება ან/და მიმდინარე მოვლენები გააშუქოს მიკერძოებულად, საკუთარი შეხედულების მიხედვით. კერძოდ,„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა. ამგვარი განმარტება ასევე გამომდინარეობს კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდანაც, რომლის მიხედვითაც, „იზღუდება მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში, აგრეთვე სხვა საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას (საავტორო პროგრამების გარდა) პოზიციის გამოხატვა.“8
66. მაუწყებლის პოზიციის გამოხატვის შეზღუდვა ემსახურება მაუწყებლისა და საზოგადოებრივ- პოლიტიკური დისკურსის დაცვას, რათა აღიკვეთოს ვიწროპარტიული ინტერესების გამტარებელი ძლიერი ფინანსური ან გავლენიანი ჯგუფების მიერ მაუწყებლის მეშვეობით საზოგადოებრივ აზრზე არასათანადო ზემოქმედება. ამასთან, აღნიშნული დებულების მიზანია, არ დაუშვას მაუწყებლის მესაკუთრის მიერ მისი სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფა და მაუწყებლის გამოყენება მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე კონკრეტული ინტერესთა ჯგუფისთვის ხელსაყრელი მოსაზრებების გავრცელებისათვის, რაც საბოლოო ჯამში არასათანადო გავლენას ახდენს პოლიტიკურ დისკურსსა და დემოკრატიულ დებატზე.
67. ამასთან, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, მაუწყებლის მიერ რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების
7 ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის 1994 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „იერსილდი დანიის წინააღმდეგ“, საჩივარი No. 1589/89,
8 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ N 07-3/29/11, 2
ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვის შეზღუდვა ვრცელდება ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებზე (გარდა საავტორო პროგრამებისა). განსახილველ შემთხვევაში მომჩივანი მიუთითებს, რომ მაუწყებლის მოსაზრების გამოხატვა მოხდა ახალი ამბების პროგრამაში. შესაბამისად, დარღვევის შესაფასებლად უნდა შემოწმდეს, არის თუ არა სახეზე ახალი ამბების პროგრამა.
ა) ახალი ამბების პროგრამა
68. ახალი ამბების პროგრამის არსებობას კომისია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადგენს პროგრამის დასახელების, ფორმატის, საგნის, ფორმის, აუდიტორიისთვის წარდგენის გზებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ახალი ამბების პროგრამა, როგორც წესი სტუდიაში მიჰყავთ წამყვანს ან წამყვანებს, რომლებიც აჯამებენ ყოველდღიურ ინფორმაციას, პროგრამის მასალა ეხება მიმდინარე ან პროგრამის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მომხდარ მოვლენებს ან ინფორმაციას, სტუდიაში შესაძლებელია იყოს ეკრანები გრაფიკული გამოსახულებით, რომელიც შემატებს კონტექსტს ან სხვა ინფორმაციას ახალი ამბის პროგრამის მასალას, ახალი ამბები თანმიმდევრულად მიეწოდება აუდიტორიას, როგორც წესი, მოკლე ფორმატით, ფართოდ გამოიყენება რეპორტიორები და კორესპონდენტები, რომ პაკეტად ან პირდაპირი ეთერის რეჟიმში წარმოადგინონ ახალი ამბები და ა.შ.
69. განსახილველ შემთხვევაში მომჩივანის მიერ დასახელებული პროგრამები განეკუთვნება ახალ ამბებს, რასაც ადასტურებს პროგრამის ფორმატი და შინაარსი. წარმოდგენილი ვიდეორგოლების ნაწილში ჩანს, რომ პროგრამის მიმდინარეობისას სტუდიიდან წამყვანები/წამყვანი თანმიმდევრულად აცნობენ საზოგადოებას დღის განმავლობაში მომხდარი მოვლენების შესახებ ინფორმაციას, ნაწილში კი სიუჟეტის მიმდინარეობისას კონკრეტული მოვლენის ამსახველი გამოსახულების განთავსების პარალელურად წამყვანი საზოგადოებას აწვდის შესაბამისი მოვლენის შესახებ. გარდა ამისა, ახალი ამბების არსებობა იკვეთება პროგრამების შინაარსობრივი ანალიზითაც. კერძოდ, პროგრამაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის ვიდეოჩანაწერები მომჩივანმა წარმოადგინა კომისიაში, ეხება ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მასთან დაკავშირებულ მიმდინარე ან/და ახლად მომხდარ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოვლენებს, რომლებიც, თავის მხრივ, გადმოცემულია მოკლე ფორმატით, თანმიმდევრულად. პროგრამაში საუბარია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების -დემოკრატიული საქართველოს“ სანქცირების თაობაზე ევროკომისიის განცხადება, სავარაუდო აფეთქების ცნობის მიღების თაობაზე თანამშრომელთა გაფრთხილება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის გამოხმაურება ამ საკითხზე, ევროპის დღეს დაგეგმილი მსვლელობის ლოკაციები, საპროტესტო აქციაში მონაწილე პირების დაჯარიმება და მათი მოთხოვნები ხელისუფლების მიმართ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრების ირაკლი ზარქუასა და მარიამ ლაშხის მიერ სამოქალაქო აქტივისტების ქმედებების პოლიციაში გასაჩივრება, ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობასთან. გარდა ამისა, კომისიაში დაცული, შპს „ტელეკომპანია პირველის” მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო ბადის მიხედვით, პროგრამას „პირველები” საინფორმაციო გამოშვების სტატუსი აქვს მინიჭებული. შესაბამისად, ის არის ახალი ამბების პროგრამა (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 47-ე პარაგრაფი) აღსანიშნავია, რომ შესაფასებელი პროგრამის ახალი ამბების პროგრამად მიჩნევას კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს თავად მაუწყებელი. ბ) მაუწყებლის მოსაზრების გამოხატვა
70. კომისიის მიერ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში მაუწყებლის პოზიციის გამოხატვა შეფასდება ინდივიდუალური გარემოებების ანალიზის გზით. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია იმის დადგენა, პოზიციას გამოხატავს თუ არა მაუწყებლის წარმომადგენელი და არის თუ არა გამოხატული რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიცია.
71. განსახილველ შემთხვევაში სადავო ფრაზები გამოთქმულია მაუწყებლის წარმომადგენლების, ახალი ამბების პროგრამის წამყვანების მხრიდან. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას ის გარემოება, რომ ფრაზები მაუწყებელს შეერაცხება. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, სახეზე იყოს მოსაზრების გამოხატვა და არა ფაქტის კონსტატაცია. ამა თუ იმ ფაქტის გადმოცემა, ცხადია, არ მიიჩნევა პოზიციის გამოხატვად.
72. ამავდროულად, კანონი უთითებს რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვაზე. მოცემულ შემთხვევაში მაუწყებლის წამყვანების მიერ წარმოთქმული ფრაზები გამოხატავს კონკრეტული ჯგუფების მხარდამჭერ, ასევე მომჩივანის საწინააღმდეგო პოზიციებს. კერძოდ, ფრაზები: „არალეგიტიმური ხელისუფლება“, „რეჟიმი“, „მიტაცება“, „ოლიგარქიის რეჟიმი“, „გარუსება“, „კლანის მსახური მოსამართლე“, „ივანიშვილის რეჟიმი“, „ოლიგარქის მსახური“, „პრორუსული რეჟიმის დეპუტატი“, „ციხით დამუქრება“, „დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატი“, „მანდატს დასასჯელად იყენებს“, „კლანის სასამართლო“, „რუსული კომისიის სხდომა“, „ოლიგარქის რეჟიმის პირობები“, „რეპრესიები“, „ოპონენტების გაქრობა“ არის მოქმედი ხელისუფლების, შესაბამისად, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საწინააღმდეგო მოსაზრებები, ვინაიდან ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩენენ მის პოლიტიკურ საქმიანობას/შეხედულებებს. გარდა ამისა, მაუწყებლის წამყვანების მიერ წარმოთქმული სადავო ფრაზები გამოხატულია როგორც მათი საკუთარი მოსაზრებები და არა მესამე პირთა შეფასებები. ამასთანავე, შპს „ტელეკომპანია პირველი“ თავად ადასტურებს იმას, რომ დასახელებული სადავო ფრაზები გამოხატავს მაუწყებლის მოსაზრებებს.
73. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში გამოხატულია კონკრეტული ჯგუფის მხარდამჭერი/საწინააღმდეგო პოზიცია, რითაც დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა.
3.3. ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნა
74. მომჩივანი ასევე მიუთითებს, რომ მაუწყებლის მიერ არ მოხდა ახალი ამბების პროგრამაში ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნა, რითაც დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ახალი ამბების პროგრამაში უზრუნველყოს ფაქტისა და მოსაზრების მკაფიო გამიჯვნა. მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს ჰქონდეთ წვდომა მიუკერძოებელ ახალ ამბებზე და მაუწყებლებმა უზრუნველყონ, რომ აუდიტორიისთვის ნათელი იყოს ფაქტებსა და მოსაზრებებს შორის სხვაობა.
75. როგორც აღინიშნა, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტი ზღუდავს ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებლის მოსაზრების გამოხატვას. შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტისა და მოსაზრების მკაფიო გამიჯვნის ვალდებულება ვერ გავრცელდება მაუწყებლის მიერ, რომელიმე ინტერესთა ჯგუფის სასარგებლოდ/საწინააღმდეგოდ გამოხატული მოსაზრების ფაქტისგან გამიჯვნაზე, ვინაიდან მაუწყებლის მიერ ამგვარი მოსაზრების გამოხატვა კანონით თავისთავად აკრძალულია. კერძოდ, ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებლის მიერ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება სრულად აკრძალულია, რადგან ირღვევა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც მაუწყებელი ავრცელებს სხვა სუბიექტების, მაგალითად, საზოგადოების წარმომადგენლების მოსაზრებებს, აუცილებელია უზრუნველყოს ამ მოსაზრებების ფაქტებისგან გამიჯვნა.
76. განსახილველ შემთხვევაში კომისიის მიერ დადგინდა, რომ მომჩივანის მიერ მითითებული მასალა შეეხება ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებლის მიერ რომელიმე ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი/საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვას. შესაბამისად, მაუწყებლის ამ მოსაზრების ფაქტისგან გამიჯვნის ვალდებულება არ გამომდინარეობს „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან. ამგვარად, მაუწყებლის მიერ დარღვეული არ არის „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები.
3.3. სოციალურ ქსელში და ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია
77. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 591 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, „მაუწყებელს ამ კანონის 52-ე, 54-ე−542, 552 და 553−564 მუხლების მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება აგრეთვე მის მიერ მასობრივი ინფორმაციის ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილი ინტერნეტდომენის ან/და ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, აგრეთვე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე (მათ შორის, სოციალურ ქსელში) ინფორმაციის განთავსების გამო“. აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესის თანახმად 54-ე მუხლის მოთხოვნები ისევე ვრცელდება მაუწყებლის სოციალურ მედიაში და ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე.
78. განსახილველ შემთხვევაში კომისიამ დაადგინა, რომ მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში პოზიციის გამოხატვით დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა. მომჩივანი მიუთითებს, რომ ანალოგიური შინაარსის ინფორმაცია მაუწყებლის მიერ გავრცელდა ინტერნეტშიც. კერძოდ, მაუწყებლის სოციალური ქსელის გვერდებზე (Facebook, Instagram) და ვებგვერდზეც. სოციალური ქსელის გვერდებზე განთავსდა შემდეგი ინფორმაცია:
„ოლიგარქის პარლამენტმა პარტიების აკრძალვის კანონპროექტი მიიღო“, „ოლიგარქმა თავისი პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე დანიშნა,” „დიქტატურა დაკანონებულია. ერთპარტიულმა პარლამენტმა პარტიების აკრძალვის კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა, მუქარა ოპოზიციური პარტიების გაუქმებით,” „რეჟიმმა პარტიების აკრძალვის კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა“ მაუწყებელმა ვებგვერდზე (https://tvpirveli.ge) განათავსა შემდეგი ინფორმაცია:
„მოსამართლე გალუსტაშვილმა რეჟიმის 11 ტყვე პატიმრობაში დატოვა“. მომჩივანის მიერ მითითებული სოციალური ქსელის გვერდები (Facebook, Instagram) ეკუთვნის მაუწყებელს. აღნიშნული სოციალური ქსელის გვერდები მონიშნულია მაუწყებლის ვებგვერდზე (https://tvpirveli.ge), რომელიც თავის მხრივ მაუწყებელს კანონმდებლობის შესაბამისად წარმოდგენილი აქვს კომისიაში და ასახულია კომისიის უწყებრივ რეესტრში.
79. სოციალური ქსელის გვერდებზე და ვებგვერდზე მაუწყებელს ინფორმაცია გავრცელებული აქვს იმგვარად, რომ ახალი ამბების გავრცელებასთან ერთად გამოხატულია მაუწყებლის პოზიცია. კერძოდ, ახალი ამბების/მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის წარდგენასთან ერთად მაუწყებელი გამოხატავს კონკრეტული ინტერესთა ჯგუფების სასარგებლო/საწინააღმდეგო მოსაზრებას. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით ასევე იკრძალება მაუწყებლის მიერ ახალი ამბების გადაცემისას საკუთარი პოზიციის გამოხატვა, მათ შორის, ინტერნეტში, სოციალური ქსელის და ვებგვერდის მეშვეობით. განსახილველ შემთხვევაში მაუწყებლის მიერ გამოხატული პოზიცია არის მოქმედი ხელისუფლების, შესაბამისად, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საწინააღმდეგო მოსაზრებები, ვინაიდან ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩენს მის პოლიტიკურ საქმიანობას/შეხედულებებს. გარდა ამისა, მაუწყებლის მიერ გავრცელებული განცხადებები გამოხატულია როგორც მისი საკუთარი მოსაზრებები და არა მესამე პირთა შეფასებები.
80. ამრიგად, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 591 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით, მაუწყებელმა სოციალურ ქსელში და ვებგვერდზე ახალი ამბების გადაცემისას საკუთარი პოზიციის გამოხატვით დაარღვია „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა.
4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები
81. ამრიგად, კომისიის მიერ დგინდება, რომ მაუწყებლის მხრიდან დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 591 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 71-ე მუხლის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.
82. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 764 მუხლის მიხედვით, მაუწყებლის მიერ ამ კანონის 52-ე, 54-ე, 541, 542, 553, 56-ე და 564 მუხლების მოთხოვნათა 2025 წლის 1 ივნისამდე დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს ამ კანონით დადგენილი წესით. კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს შეუფარდოს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სანქცია, რომელიც აღსასრულებლად არ მიექცევა. მაუწყებლის მიერ ამ კანონის 52-ე, 54-ე−542, 553, 56-ე და 56 4 მუხლების მოთხოვნათა 2025 წლის 1 ივნისის შემდეგ დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს და მაუწყებელს შესაბამის სანქციას შეუფარდებს კანონით დადგენილი წესით.
83. უნდა აღინიშნოს, რომ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებამდე კომისიას არ განუხილავს „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში 2025 წლის 1 აპრილის კანონით (დოკუმენტის N394- IIმს-XIმპ) შესული ცვლილებით გათვალისწინებული საკითხები. კომისიას აქამდე არ უმსჯელია მაუწყებლის მიუკერძოებლობის სტანდარტებზე, არ შეუფასებია მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში მიუკერძოებლობის დაცვის, საკუთარი მოსაზრების გამოხატვის აკრძალვის მოთხოვნები. ამასთან, მაუწყებლის მიერ დარღვევა ჩადენილია 2025 წლის პირველ, 7, 8, 10, 13, 21 და 23 მაისს, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 764 მუხლით გათვალისწინებულ 2025 წლის 1 ივნისამდე. ამ პერიოდში ჩადენილი დარღვევებისთვის, მართალია, კომისია უფლებამოსილია, მაუწყებელს შეუფარდოს კანონით გათვალისწინებული სანქცია, თუმცა სანქცია აღსასრულებლად არ მიექცევა.
84. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია მიიჩნევს, რომ მაუწყებლებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, გაითვალისწინონ და პრაქტიკაში დანერგონ კომისიის მიერ დადგენილი სტანდარტები. შესაბამისად, კარგი მმართველობის, განსაზღვრულობისა და თანაზომიერების პრინციპების გათვალისწინებით, კომისიას მიზანშეწონილად არ მიაჩნია მაუწყებლისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება. მაუწყებელი ცნობილი უნდა იქნეს სამართალდამრღვევად „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 591 მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევის გამო და გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6, მე-7, 53-ე მუხლების, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის, 54-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 591 მუხლის მე-5 პუნქტის, 764 მუხლის, შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად:
გადაწყვიტა:
1. შპს „ტელეკომპანია პირველი“ ცნობილ იქნეს სამართალდამრღვევად „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 591 მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევის გამო;
2. შპს „ტელეკომპანია პირველი“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან;
3.გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) წინამდებარე გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის მხარეებისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მხარეებისთვის გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) შპს „ტელეკომპანია პირველის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესახებ მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
7. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი