შპს „მთავარი არხის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 09, 2025 14:12
მიღების თარიღი ივლისი 03, 2025
შპს „მთავარი არხის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე
მომჩივანი მხარე: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“
მოპასუხე: შპს „მთავარი არხი“
დავის საგანი: შპს „მთავარი არხისთვის“ კანონმდებლობის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება
კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 3 ივლისი
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საჩივარი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში - კომისია) საჩივრით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-6/2174, 27.05.2025) მიმართა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ“ (შემდგომში - მომჩივანი) შპს ,,მთავარი არხის“ მიერ სოციალურ მედიაში განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და მოითხოვა შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება.
2. საჩივრის მიხედვით, შპს ,,მთავარმა არხმა“ სოციალურ მედიაში (“Facebook’’) განათავსა (30.04.25) შემდეგი ინფორმაცია: ,,ოცნების კულტურის სამინისტრო ქართული კულტურის საზღვარგარეთ პოპულარიზაციის საბაბით, საზღვრებს გარეთ საგამოფენო სივრცეებში განთავსებისთვის, ქართული ეროვნული სამოსის, სამკაულების და 8 ცალი მანეკენის გამარტივებულ შესყიდვას აპირებს. ოლიგარქის კულტურის სამინისტრომ გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობა მიიღო”. მომჩივანი აღნიშნავს, რომ „ოცნების კულტურის სამინისტრო“ და „ოლიგარქის კულტურის სამინისტრო“ არის პირადი შეფასება, რომელიც ფაქტისგან გამიჯნული არ არის და განმარტავს, რომ ფაქტის და შეფასების გამიჯვნა ჟურნალისტიკის მნიშვნელოვანი სტანდარტია. გამიჯვნის პრინციპი გულისხმობს ინფორმაციის ისეთი სახით მიწოდებას, რომ მაყურებელმა დაინახოს განსხვავება ფაქტებსა და მოსაზრებებს შორის. ამასთანავე, დაუშვებელია პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრებების საფუძველზე და რომელიმე პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა.
3. საჩივრის მიხედვით, შპს ,,მთავარმა არხმა“ სოციალურ მედიაში (“Facebook’’) განათავსა (1.05.25) შემდეგი ინფორმაცია: ,,მოსამართლემ 11 პოლიტპატიმარი პატიმრობაში დატოვა“. მომჩივანი აღნიშნავს, რომ „11 პოლიტპატიმარი“ არის პირადი შეფასება, რომელიც ფაქტისგან გამიჯნული არ არის და განმარტავს, რომ ფაქტის და შეფასების გამიჯვნა ჟურნალისტიკის მნიშვნელოვანი სტანდარტია. გამიჯვნის პრინციპი გულისხმობს ინფორმაციის ისეთი სახით მიწოდებას, რომ მაყურებელმა დაინახოს განსხვავება ფაქტებსა და მოსაზრებებს შორის.
4. საჩივრის მიხედვით, შპს ,,მთავარმა არხმა“ სოციალურ მედიაში (“Facebook’’) გამოაქვეყნა (2.05.25) შემდეგი ინფორმაცია: ,,მოსამართლემ 8 პოლიტპატიმარი პატიმრობაში დატოვა“. საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ „8 პოლიტპატიმარი“ არის პირადი შეფასება, რომელიც ფაქტისგან გამიჯნული არ არის და განმარტავს, რომ ფაქტის და შეფასების გამიჯვნა ჟურნალისტიკის მნიშვნელოვანი სტანდარტია. გამიჯვნის პრინციპი გულისხმობს ინფორმაციის ისეთი სახით მიწოდებას, რომ მაყურებელმა დაინახოს განსხვავება ფაქტებსა და მოსაზრებებს შორის.
5. მომჩივანმა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის, 591 მუხლის მე-5 პუნქტისა და 764 მუხლის საფუძველზე მოითხოვა კომისიის მიერ საჩივრის განხილვა, მაუწყებლის მიერ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის დადგენა და შპს ,,მთავარი არხისთვის“ შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება.
6. „შპს „მთავარი არხის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განსახილველად მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ“ კომისიის 2025 წლის 5 ივნისის № გ-25-16/273 გადაწყვეტილებით საჩივარი განსახილველად იქნა მიღებული, ხოლო დავის განხილვის დღედ განისაზღვრა 2025 წლის 19 ივნისი. ამასთან, კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს დაევალა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივარში მითითებული გარემოებების შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა 2025 წლის 19 ივნისამდე.
7. კომისიის 2025 წლის 19 ივნისის სხდომაზე, მიუხედავად შეტყობინების ჩაბარებისა, არ გამოცხადდა შპს ,,მთავარი არხის“ წარმომადგენელი. კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 451 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მხარის (მხარეების) გამოუცხადებლობის შემთხვევაში დავის განხილვა გადაიდება კომისიის შემდეგი სხდომისთვის. არასაპატიო მიზეზით განმეორებითი გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს კომისიის მიერ დავის განხილვას. შესაბამისად, დავის განხილვა გადაიდო და დაინიშნა 3 ივლისს.
8. კომისიის 2025 წლის 3 ივლისის სხდომაზე, შეტყობინების ჩაბარების მიუხედავად, განმეორებით არ გამოცხადდა შპს ,,მთავარი არხის“ წარმომადგენელი და არც შუამდგომლობით მოუმართავს კომისიისთვის საქმის განხილვის გადადების თაობაზე. ვინაიდან, კომისიის მიერ შესრულებულ იქნა კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულება - შპს ,,მთავარი არხის“ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უზრუნველყოფის თაობაზე, კომისიამ კომისიის 2003 წლის 27 ივნისის დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 451 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიზანშეწონილად მიიჩნია საკითხის განხილვა კომპანიის წარმომადგენლის დასწრების გარეშე.
2. მომჩივანის პოზიცია
9. კომისიის 2025 წლის 3 ივლისის სხდომაზე, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შპს „მთავარ არხთან“ დაკავშირებით სადავოდ გახადეს სამი ე.წ. „ქარდი“, რომლებიც გავრცელდა სოციალურ მედიაში. ინფორმაცია ე.წ. „ქარდებით“ ინტერნეტის საშუალებით ახალი ამბების მსგავსად ვრცელდება და გადაეცემა აუდიტორიას. კონკრეტული „ქარდი“, რომელიც სადავოდ არის გამხდარი, წარმოდგენილია მიკერძოებით, არ არის გამიჯნული ფაქტი აზრისაგან და მხოლოდ მმართველი პარტიის საწინააღმდეგო პოზიცია არის წარმოდგენილი, რაც ეწინააღმდეგება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობას.
2. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა
10. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის (N 25-10-1429, 3.07.25) მიხედვით, დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ შპს „მთავარი არხის“ სოციალური მედიაპლატფორმის გვერდზე მაუწყებლის მიერ გამოქვეყნებულ მასალებში გამოყენებულია ფრაზები: „ოცნების კულტურის სამინისტრო“, ,,ოლიგარქის კულტურის სამინისტრო“, „11 პოლიტპატიმარი“ და „8 პოლიტპატიმარი“.
დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 54-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევისთვის მაუწყებელს პასუხისმგებლობა ეკისრება აგრეთვე მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე (მათ შორის, სოციალურ ქსელში) ინფორმაციის განთავსების გამო. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ფაქტისა და მოსაზრების მკაფიო გამიჯვნა, ხოლო, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა. აღნიშნული ვალდებულებები მთლიანობაში ემსახურება სამართლიანობის და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფას მაუწყებლობაში. მიუკერძოებლობის ძირითადი არსი კი იმაშია, რომ მაუწყებელი არ ანიჭებდეს უპირატესობას რომელიმე მხარეს ან რომელიმე მოსაზრებას და საკითხებს განიხილავდეს სათანადო ობიექტურობით.
დეპარტამენტი განმარტავს, რომ ფაქტი არის განცხადება, რომელიც შეიძლება ობიექტურად გადამოწმდეს ან დადასტურდეს მტკიცებულებებით, როგორც ჭეშმარიტი ან მცდარი. მოსაზრება არის სუბიექტური განცხადება, რომელიც ასახავს პირად რწმენას, გრძნობებს ან ინტერპრეტაციას და ვერ დასტურდება როგორც ჭეშმარიტება. ფაქტები ეფუძნება დაკვირვებას, გაზომვად მტკიცებულებებს და რჩება ჭეშმარიტი პირადი შეხედულებების მიუხედავად. მოსაზრებები დამოკიდებულია ინდივიდუალურ პერსპექტივებზე.
დეპარტამენტს მიაჩნია, რომ საჩივარში მოყვანილი ყველა სადავო ტერმინი: „ოცნების კულტურის სამინისტრო“, ,,ოლიგარქის კულტურის სამინისტრო“, „11 პოლიტპატიმარი“ და „8 პოლიტპატიმარი“, იმ კონტექსტში, რომელშიც ისინი არიან გამოყენებული, განეკუთვნება მოსაზრებას/შეფასებას. მაუწყებლის სოციალურ ქსელში ინფორმაცია გამოხატავს მაუწყებლის პოზიციას და არა მესამე პირის მოსაზრებას ან შეფასებას. შესაბამისად, მაუწყებლის მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ საჩივარში მითითებული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა დადგინდეს შპს „მთავარი არხის” მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევა.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
11. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში საქმიანობას არეგულირებს კომისია“. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ფუნქციებს მიეკუთვნება ,,მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება“, ხოლო „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ,,მედიამომსახურების ან/და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში“.
12. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ,,ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა“.
13. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა”, მე-2 პუნქტის შესაბამისად, ,,ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ფაქტისა და მოსაზრების მკაფიო გამიჯვნა“, ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, ,,დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ- პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ- პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა“.
14. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ,,მაუწყებელს ამ კანონის 52-ე, 54-ე - 542, 552 და 553 - 564 მუხლების მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება აგრეთვე მის მიერ მასობრივი ინფორმაციის ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილი ინტერნეტდომენის ან/და ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, აგრეთვე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე (მათ შორის, სოციალურ ქსელში) ინფორმაციის განთავსების გამო“.
15. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 764 მუხლის თანახმად, მაუწყებლის მიერ ამ კანონის 52-ე, 54-ე, 541, 542, 553, 56-ე და 564 მუხლების მოთხოვნათა 2025 წლის 1 ივნისამდე დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს ამ კანონით დადგენილი წესით. კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს შეუფარდოს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სანქცია, რომელიც აღსასრულებლად არ მიექცევა. მაუწყებლის მიერ ამ კანონის 52-ე, 54-ე - 542, 553, 56-ე და 564 მუხლების მოთხოვნათა 2025 წლის 1 ივნისის შემდეგ დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს და მაუწყებელს შესაბამის სანქციას შეუფარდებს კანონით დადგენილი წესით.
16. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.
III. სამოტივაციო ნაწილი
1. გამოკვლეული მტკიცებულებები
17. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-6/2174, 27.05.2025) თანდართული დოკუმენტაციით (სოციალურ მედიაში - ‘’Facebook” განთავსებული ინფორმაციის ამსახველი ამონაბეჭდები).
18. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა (N 25-10-1429, 3.07.25)
19. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება კომისიის 2025 ლის 3 ივლისის სხდომაზე.
20. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს ,,მთავარი არხის“ შესახებ.
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
21. შპს „მთავარი არხი“ არის მაუწყებლობის სფეროში ტელემაუწყებლობაზე ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი: 18.04.2019).
მტკიცებულება: ინფორმაცია კომისიის უწყებრივი რეესტრიდან.
22. შპს „მთავარმა არხმა“ 2025 წლის 30 აპრილს სოციალურ მედიაში (“Facebook’’) განათავსა შემდეგი ინფორმაცია: ,,ოცნების კულტურის სამინისტრო ქართული კულტურის საზღვარგარეთ პოპულარიზაციის საბაბით, საზღვრებს გარეთ საგამოფენო სივრცეებში განთავსებისთვის, ქართული ეროვნული სამოსის, სამკაულების და 8 ცალი მანეკენის გამარტივებულ შესყიდვას აპირებს. ოლიგარქის კულტურის სამინისტრომ გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობა მიიღო”. შპს ,,მთავარმა არხმა“ 2025 წლის 1 მაისს სოციალურ მედიაში (“Facebook’’) განათავსა შემდეგი ინფორმაცია: ,,მოსამართლემ 11 პოლიტპატიმარი პატიმრობაში დატოვა“, ხოლო 2025 წლის 2 მაისს - ,,მოსამართლემ 8 პოლიტპატიმარი პატიმრობაში დატოვა“.
მტკიცებულება: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-6/2174, 27.05.2025) თანდართული დოკუმენტაციით (სოციალურ მედიაში (‘’Facebook”) განთავსებული ინფორმაციის ამსახველი ამონაბეჭდები (N 25-10-1429, 3.07.25); კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა (N 25-10-1429, 3.07.25).
3. სამართლებრივი შეფასება
3.1. კანონმდებლობაში შესული ცვლილებები მაუწყებლობის შინაარსობრივ მოთხოვნებთან დაკავშირებით
23. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში 2025 წლის 1 აპრილის კანონით (დოკუმენტის N394-IIმს-XIმპ) შესული ცვლილებით ახლებურად მოწესრიგდა მაუწყებლობის მიმართ წაყენებული შინაარსობრივი მოთხოვნები და მათი აღსრულების წესი. კერძოდ, კანონში შესული ცვლილებებით ახლებურად მოწესრიგდა ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება ან/და გადაცემა, შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის ან/და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქება, პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანი პირის დაცვის ცალკეული საკითხები. კანონში ცვლილების შეტანამდე დასახელებული შინაარსობრივი მოთხოვნების ნაწილი (მაგალითად, შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის ან/და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქების მოწესრიგება) „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით არ რეგულირდებოდა და კომისიის 2009 წლის 12 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ იყო განსაზღვრული. ამასთან, შინაარსობრივი მოთხოვნების დამდგენი დებულებების ნაწილი (მაგალითად, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა) „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით იყო გათვალისწინებული, თუმცა, „მაუწყებელთა ქცევის კოდექსისგან“ განსხვავებული, ნაკლებად დეტალური მოწესრიგებით გამოირჩეოდა. უნდა აღინიშნოს, რომ „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში შესული ცვლილებებით ჩამოყალიბებული შინაარსობრივი მოთხოვნები თითქმის ემთხვევა კომისიის 2009 წლის 12 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ გათვალისწინებულ შესაბამის დებულებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, უშუალოდ მოთხოვნების მატერიალური შინაარსის თვალსაზრისით მაუწყებლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის 2025 წლის 1 აპრილის კანონით „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში შესული ცვლილებები სიახლე არ ყოფილა.
24. მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების ახლებურად დაწესების გარდა, 2025 წლის 1 აპრილის კანონით დადგინდა ამ მოთხოვნების აღსრულების ახალი წესი. კერძოდ, 2025 წლის 1 აპრილის კანონის ძალაში შესვლამდე შინაარსობრივი მოთხოვნების დიდი ნაწილი აღსრულდებოდა მხოლოდ მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ და მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილების სასამართლოში, კომისიაში ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება არ დაიშვებოდა. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში 2025 წლის 1 აპრილს შესული ცვლილებების გათვალისწინებით ახლებურად ჩამოყალიბდა კანონის მე-14 და 591 მუხლები და დადგინდა, რომ კომისიას აქვს სამართლებრივი რეაგირების უფლებამოსილება ისეთი შინაარსობრივი მოთხოვნების დარღვევის საკითხებზე, როგორებიც არის ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება ან/და გადაცემა, შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის ან/და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქება, პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანი პირის დაცვის ცალკეული საკითხები.
25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2025 წლის 1 აპრილის კანონით დადგინდა, მაუწყებლებისათვის კარგად ცნობილი, კომისიის 2009 წლის 12 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ გათვალისწინებული წესების კომისიის მიერ აღსრულების წესი.
3.2. მაუწყებლობის მიუკერძოებლობის რეგულირება
26. 2025 წლის 1 აპრილის კანონის შესაბამისად „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით კომისიის მიერ აღსრულებას დაექვემდებარა შინაარსობრივი მოთხოვნა, როგორიც არის მაუწყებლის მიუკერძოებლობა. მიუკერძოებლობა მაუწყებლობის და ზოგადად მედიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია. მიუკერძოებლობის პრინციპი მოითხოვს, რომ მაუწყებელმა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები გააშუქოს სათანადო ობიექტურობით და უზრუნველყოს, რომ საჯარო დისკუსიის არცერთ მხარეს არ მიენიჭოს უპირატესობა. მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა შესაძლებელია შესაბამისი სარედაქციო ხერხების გამოყენებით. აღნიშნული პრინციპის ცალკეული მოთხოვნები გაწერილია „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამის დებულებებში.
27. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია ახალი ამბების პროგრამაში ფაქტისა და მოსაზრების მკაფიო გამიჯვნის მოთხოვნა, მე-3 პუნქტით კი - პოლიტიკური თანამდებობის პირის ან პოლიტიკური პარტიის წევრის მონაწილეობის აკრძალვა ახალი ამბების, საინფორმაციო პროგრამის წამყვანის, ინტერვიუერის ან ჟურნალისტის სახით.
28. მიუკერძოებლობის პრინციპის უმთავრესი შემადგენელი კომპონენტია ბალანსის დაცვა.
„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დავის გაშუქებისას მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს ბალანსის დაცვა თითოეულ პროგრამაში ან პროგრამების ციკლის განმავლობაში. მაუწყებელმა ყველა საგულისხმო მოსაზრება მიუკერძოებლად და არადისკრიმინაციულად უნდა წარმოაჩინოს.
29. მიუკერძოებლობის პრინციპი ასევე მოითხოვს, რომ მაუწყებელმა გამოავლინოს მიუკერძოებლობა ახალი ამბებისა და ცალკეულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში და არ გამოხატოს საკუთარი პოზიცია. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის განმარტებითი ბარათში მითითებულია, რომ „იზღუდება მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში, აგრეთვე სხვა საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას (საავტორო პროგრამების გარდა) პოზიციის გამოხატვა.“1
30. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა. კანონი უშვებს ამ პრინციპიდან გადახვევას და მაუწყებლის პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობას საავტორო პროგრამებში. თავის მხრივ, საავტორო პროგრამის შესახებ სათანადოდ უნდა ეცნობოს აუდიტორიას. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-6 პუნქტის პირველი წინადადების მიხედვით, საავტორო პროგრამის გადაცემისას უშუალოდ პროგრამის დაწყების წინ აუდიტორიას უნდა ეცნობოს, რომ პროგრამა საავტოროა.
31. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კი - მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობის ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკისა და საქართველოსთვის იურიდიული ძალის მქონე სხვა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად.
32. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია. სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება ამავე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით კი - მედიაპლურალიზმის დაცვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში აზრის გამოხატვის თავისუფლების რეალიზების, მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში მომხმარებელთა და მეწარმეთა უფლებების დასაცავად შექმნილი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ინსტიტუციური და ფინანსური დამოუკიდებლობა გარანტირებულია კანონით.
33. ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ ის „ინფორმაცია“ და „იდეები“, რომლებიც სასურველად არის მიღებული ან აღიქმება როგორც უწყინარი და ინდიფერენტული, არამედ - ისეთებიც, რომელიც შეურაცხმყოფელი, შემაწუხებელი და შოკისმომგვრელია სახელმწიფოსთვის ან მოსახლეობის რომელიმე ნაწილისთვის.2 ამასთან, სასამართლო პრაქტიკა არ გამორიცხავს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, როდესაც ილახება სხვა ადამიანის უფლებები და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესები.
1 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ N 07-3/29/11, 2
2 ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, საჩივარი No. 5493/72, § 4
34. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები საზოგადოებისა და ინდივიდების მიერ ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების, აზრის ფორმირების ერთ-ერთი ცენტრალური, ფართომასშტაბიანი და ეფექტური პლატფორმაა. სწორედ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შეუფერხებელი, ავტონომიური, ჯეროვანი და დამოუკიდებელი საქმიანობა განაპირობებს საზოგადოებისა და თითოეული ინდივიდის მიერ აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლების პრაქტიკულ და ეფექტურ რეალიზაციას.3 სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, ისეთ სენსიტიურ სექტორში, როგორიც არის აუდიოვიზუალური მედია, ჩაურევლობის ნეგატიურ მოვალეობასთან ერთად, სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, შექმნას შესაბამისი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტურ პლურალიზმს.4
35. სტრასბურგის სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, მაუწყებლების გამოხატვის თავისუფლება შესაძლებელია ლეგიტიმურად შეიზღუდოს, როდესაც ეს აუცილებელია ინფორმაციის პლურალიზმის დასაცავად, აგრეთვე გავლენიან მედია პლატფორმებზე სამართლიანი და თანასწორი დემოკრატიული დისკურსის უზრუნველსაყოფად.5 მაუწყებლის მიუკერძოებლობის პრინციპი ემსახურება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დემოკრატიული დებატის სანდოობის დაცვას იმგვარად, რომ არ მოხდეს სამაუწყებლო მედია პლატფორმების მიტაცება ვიწროპარტიული ინტერესების გამტარებელი ძლიერი ფინანსური ან გავლენიანი ჯგუფების მიერ. საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, მიუკერძოებლობის პრინციპიდან გამომდინარე ვალდებულებები ასრულებს უმთავრეს როლს, რომ საზოგადოებას ჰქონდეს მიუკერძოებელ და ზუსტ ინფორმაციაზე წვდომა და მოსაზრებებისა და პერსპექტივების ფართო სპექტრის გაცნობის შესაძლებლობა. ეს ვალდებულებები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სათანადოდ ინფორმირებულ დემოკრატიულ დებატებს.6
36. ამავდროულად, სამაუწყებლო მედიას დემოკრატიულ საზოგადოებაში უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. დიდია მაუწყებლების როლი საზოგადოების ინფორმირებისა და საჯარო მმართველობის პროცესზე მეთვალყურის (“watchdog”) ფუნქციის შესრულებაში.7 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სამაუწყებლო მედიას შეეძლოს გამოიკვლიოს და გააშუქოს ნებისმიერი საკამათო საკითხი, ასევე საზოგადოების წევრებს მისცეს შესაძლებლობა, გამოხატონ კრიტიკული მოსაზრებები საზოგადოებისთვის მნიშნელოვან ამა თუ იმ საკითხზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამაუწყებლო მედიამ დაიცვას მიუკერძოებლობის პრინციპი, ზუსტად და მიუკერძოებლად გადასცეს ყველა ფაქტი და საგულისხმო მოსაზრება.
3 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე ,,შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-71,72, ასევე იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის №2/6/1311 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სტერეო+“, ლუკა სევერინი, ლაშა ზილფიმიანი, რობერტ ხახალევი და დავით ზილფიმიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-58
4 ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ცენტრო ევროპა 7 ს.რ.ლ. და დი შტეფანო იტალიის წინააღმდეგ” [GC] - საჩივარი No. 38433/09, § 134.
5 ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ANIMAL DEFENDERS INTERNATIONAL გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ [GC] - საჩივარი No 48876/08, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სიგმა რადიო ტელევიზია კვიპროსის წინააღმდეგ“, საჩივრები No. 32181/04 და 35122/05
6 Communications White Paper – A New Future for Communications, December 2000, https://webarchive.nationalarchives.gov.uk/20100407160140/http://www.culture.gov.uk/images/publications/communi cationswhitepaper_fullreport.pdf, section 6.6.1, Issue 369 of Ofcom’s Broadcast and On Demand Bulletin 20 December 2018, 21
7 ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის 1994 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „იერსილდი დანიის წინააღმდეგ“, საჩივარი No. 1589/89,
37. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, კომისია, გათვალისწინებს მაუწყებლისა და აუდიტორიის გამოხატვის თავისუფლების დაცვის ინტერესს, რომ მაუწყებელს ჰქონდეს ლეგიტიმური შესაძლებლობა, შეასრულოს საზოგადოებრივი მეთვალყურის ფუნქცია და მწვავედ, კრიტიკულად გააშუქოს ნებისმიერი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მოვლენა და მოსაზრება. მეორე მხრივ, ასევე მხედველობაში მიიღება მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ ინტერესი, რომ სამაუწყებლო მედიამ დაიცვას მიუკერძოებლობა და ხელი შეუწყოს ინფორმირებულ დემოკრატიულ დებატს.
3.3. ახალი ამბების/საზოგადოებრივ პოლიტიკურ პროგრამაში მაუწყებლის მოსაზრების გამოხატვის შეზღუდვა
38. როგორც აღინიშნა, მიუკერძოებლობის პრინციპის შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონი ზღუდავს მაუწყებლის შესაძლებლობას, ახალი ამბებისა და ცალკეულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში გამოხატოს საკუთარი მოსაზრება ან/და მიმდინარე მოვლენები გააშუქოს მიკერძოებულად, საკუთარი შეხედულების მიხედვით. კერძოდ,
„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა. ამგვარი განმარტება ასევე გამომდინარეობს კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდანაც, რომლის მიხედვითაც, „იზღუდება მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში, აგრეთვე სხვა საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას (საავტორო პროგრამების გარდა) პოზიციის გამოხატვა.“8
39. მაუწყებლის პოზიციის გამოხატვის შეზღუდვა ემსახურება მაუწყებლისა და საზოგადოებრივ- პოლიტიკური დისკურსის დაცვას, რათა აღიკვეთოს ვიწროპარტიული ინტერესების გამტარებელი ძლიერი ფინანსური ან გავლენიანი ჯგუფების მიერ მაუწყებლის მეშვეობით საზოგადოებრივ აზრზე არასათანადო ზემოქმედება. ამასთან, აღნიშნული დებულების მიზანია, არ დაუშვას მაუწყებლის მესაკუთრის მიერ მისი სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფა და მაუწყებლის გამოყენება მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე კონკრეტული ინტერესთა ჯგუფისთვის ხელსაყრელი მოსაზრებების გავრცელებისათვის, რაც საბოლოო ჯამში არასათანადო გავლენას ახდენს პოლიტიკურ დისკურსსა და დემოკრატიულ დებატზე.
40. ამასთან, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, მაუწყებლის მიერ რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვის შეზღუდვა ვრცელდება ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებზე (გარდა საავტორო პროგრამებისა).
3.4. სოციალურ ქსელში განთავსებული ინფორმაცია
41. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 591 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით,„მაუწყებელს ამ კანონის 52-ე, 54-ე−542, 552 და 553−564 მუხლების მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება აგრეთვე მის მიერ მასობრივი ინფორმაციის ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილი ინტერნეტდომენის ან/და ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, აგრეთვე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე (მათ შორის, სოციალურ ქსელში) ინფორმაციის განთავსების გამო“. აღნიშნული საკანონმდებლო დებულების თანახმად, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მოთხოვნები ისევე ვრცელდება მაუწყებლის სოციალურ მედიაში და ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე. შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია დაიცვას მიუკერძოებლობის მოთხოვნები, მათ შორის, საკუთარი სოციალური ქსელის გვერდისა და ვებგვერდის მეშვოებით ინფორმაციის გავრცელებისას. ამრიგად, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 591 მუხლის მე-5 პუნქტისა და 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, იკრძალება მაუწყებლის მიერ ახალი ამბების გადაცემისას საკუთარი პოზიციის გამოხატვა, მათ შორის, სოციალური ქსელების მეშვეობით.
8 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ N 07-3/29/11, 2
42. განსახილველ შემთხვევაში, მომჩივანი დავობს სოციალური ქსელის გვერდზე განთავსებული ინფორმაციის შესახებ. მომჩივანის მიერ მითითებული სოციალური ქსელი მონიშნულია მაუწყებლის ვებგვერდზე: https://mtavari.tv/, რომელიც, თავის მხრივ, მაუწყებელს კანონმდებლობის შესაბამისად წარმოდგენილი აქვს კომისიაში და ასახულია კომისიის უწყებრივ რეესტრში. შესაბამისად, დასახელებული სოციალური ქსელის გვერდი ეკუთვნის მაუწყებელს - შპს „მთავარ არხს“.
43. სოციალური ქსელის გვერდზე მაუწყებელს ინფორმაცია განთავსებული აქვს იმგვარად, რომ ახალი ამბების გავრცელებასთან ერთად გამოხატულია მაუწყებლის პოზიცია. კერძოდ, ახალი ამბების წარდგენასთან ერთად მაუწყებელი გამოხატავს კონკრეტული ინტერესთა ჯგუფების სასარგებლო/საწინააღმდეგო მოსაზრებას. კერძოდ, სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციაში მაუწყებელი ეჭვქვეშ აყენებს კულტურის სამინისტროს ლეგიტიმაციას და მოიაზრებს მას როგორც ,,ქართული ოცნების“ და ,,ოლიგარქის“ სამინისტროდ, ხოლო, სასამართლოს მიერ პატიმრობაში დატოვებულ პირებს, როგორც ,,პოლიტპატიმრებს“. ამდენად, შპს ,,მთავარი არხის“ მიერ სოციალურ ქსელში (“Facebook”) ინფორმაციით მაუწყებელი გამოხატავს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური პლატფორმის, ხედვებისა და პოზიციონირების საწინააღმდეგო პოზიციას.
44. ამრიგად, სოციალურ ქსელში ინფორმაციის განთავსებისას საკუთარი პოზიციისა და კონკრეტული ინტერესთან ჯგუფის სასარგებლო/საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვით შპს ,,მთავარი არხის“ მიერ დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტი და 591 მუხლის მე-5 პუნქტი.
3.5. ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნა
45. მომჩივანი ასევე მიუთითებს, რომ მაუწყებლის მიერ არ მოხდა სოციალური ქსელის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნა, რითაც დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 591 მუხლის მე-5 პუნქტისა და 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით, მაუწყებელი ვალდებულია სოციალურ ქსელში ინფორმაციის განთავსებისას უზრუნველყოს ფაქტისა და მოსაზრების მკაფიო გამიჯვნა. მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს ჰქონდეთ წვდომა მიუკერძოებელ ახალ ამბებზე და მაუწყებლებმა უზრუნველყონ, რომ აუდიტორიისთვის ნათელი იყოს ფაქტებსა და მოსაზრებებს შორის სხვაობა. საქართველოს კანონის 591 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით აღნიშნული ვალდებულება ასევე ვრცელდება მაუწყებლის მიერ სოციალური ქსელების მეშვეობით აუდიტორიის ინფორმირებაზე.
46. როგორც აღინიშნა, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტი და 591 მუხლის მე-5 პუნქტი ზღუდავს სოციალურ ქსელში ინფორმაციის განთავსებისას მაუწყებლის მოსაზრების გამოხატვას. შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტისა და მოსაზრების მკაფიო გამიჯვნის ვალდებულება ვერ გავრცელდება მაუწყებლის მიერ, რომელიმე ინტერესთა ჯგუფის სასარგებლოდ/საწინააღმდეგოდ გამოხატული მოსაზრების ფაქტისგან გამიჯვნაზე, ვინაიდან მაუწყებლის მიერ ამგვარი მოსაზრების გამოხატვა კანონით თავისთავად აკრძალულია. კერძოდ, ახალი ამბების პროგრამაში /სოციალური ქსელების მეშვეობით ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებლის მიერ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება სრულად აკრძალულია, რადგან ირღვევა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც მაუწყებელი გამოხატავს სხვა სუბიექტების, მაგალითად, საზოგადოების წარმომადგენლების მოსაზრებებს, აუცილებელია უზრუნველყოს ამ მოსაზრებების ფაქტებისგან გამიჯვნა.
47. განსახილველ შემთხვევაში კომისიის მიერ დადგინდა, რომ მომჩივანის მიერ მითითებული მასალა შეეხება სოციალური ქსელების მეშვეობით ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებლის მიერ საკუთარი პოზიციისა და ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი/საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვას. შესაბამისად, მაუწყებლის ამ მოსაზრების ფაქტისგან გამიჯვნის ვალდებულება არ გამომდინარეობს „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან (მათ შორის, არც „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 591 მუხლის მე-5 პუნქტთან კავშირში). ამგვარად, მაუწყებლის მიერ დარღვეული არ არის „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები.
4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები
48. ამრიგად, კომისიის მიერ დგინდება, რომ მაუწყებლის მხრიდან დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 591 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 71-ე მუხლის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.
49. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 764 მუხლის მიხედვით, მაუწყებლის მიერ ამ კანონის 52-ე, 54-ე, 541, 542, 553, 56-ე და 564 მუხლების მოთხოვნათა 2025 წლის 1 ივნისამდე დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს ამ კანონით დადგენილი წესით. კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს შეუფარდოს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სანქცია, რომელიც აღსასრულებლად არ მიექცევა. მაუწყებლის მიერ ამ კანონის 52-ე, 54-ე−542, 553, 56-ე და 56 4 მუხლების მოთხოვნათა 2025 წლის 1 ივნისის შემდეგ დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს და მაუწყებელს შესაბამის სანქციას შეუფარდებს კანონით დადგენილი წესით.
50. უნდა აღინიშნოს, რომ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებამდე კომისიას არ განუხილავს „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში 2025 წლის 1 აპრილის კანონით (დოკუმენტის N394-IIმს-XIმპ) შესული ცვლილებით გათვალისწინებული საკითხები. კომისიას აქამდე არ უმსჯელია მაუწყებლის მიუკერძოებლობის სტანდარტებზე, არ შეუფასებია მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში მიუკერძოებლობის დაცვის, საკუთარი მოსაზრების გამოხატვის აკრძალვის მოთხოვნები. ამასთან, მაუწყებლის მიერ დარღვევა ჩადენილია 2025 წლის 30 ოქტომბერს, 1 და 2 მაისს, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 764 მუხლით გათვალისწინებულ 2025 წლის 1 ივნისამდე. ამ პერიოდში ჩადენილი დარღვევებისთვის, მართალია, კომისია უფლებამოსილია, მაუწყებელს შეუფარდოს კანონით გათვალისწინებული სანქცია, თუმცა სანქცია აღსასრულებლად არ მიექცევა.
51. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია მიიჩნევს, რომ მაუწყებლებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, გაითვალისწინონ და პრაქტიკაში დანერგონ კომისიის მიერ დადგენილი სტანდარტები. შესაბამისად, კარგი მმართველობის, განსაზღვრულობისა და თანაზომიერების პრინციპების გათვალისწინებით, კომისიას მიზანშეწონილად არ მიაჩნია მაუწყებლისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება. მაუწყებელი ცნობილი უნდა იქნეს სამართალდამრღვევად „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 591 მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევის გამო და გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6, მე-7, 53-ე მუხლების, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტების, მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის, 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 591 მუხლის მე-5 პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 764 მუხლის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 23-ე, 33-ე და 34-ე მუხლების, კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 451 მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად:
გადაწყვიტა:
1. შპს ,,მთავარი არხი“ ცნობილ იქნეს სამართალდამრღვევად ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 და 591 მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევის გამო.
2. შპს ,,მთავარი არხი“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.comcom.ge გამოქვეყნებისთანავე.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის დაინტერესებული მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის განმავლობაში.
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) წინამდებარე გადაწყვეტილების მხარეებისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
6. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს შპს „მთავარი არხის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესახებ მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა.
7. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 და მე-6 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი