შპს „ფორმულას“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 10, 2025 12:05
მიღების თარიღი ივლისი 03, 2025
შპს „ფორმულას“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე
მომჩივანი მხარე: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“
მოპასუხე: შპს „ფორმულა“
დავის საგანი: შპს „ფორმულასთვის“ კანონმდებლობის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება
კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 19 ივნისი, 3 ივლისი
I. აღწერილობითი ნაწილი
1. მომჩივანის პოზიცია
1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში - კომისია) საჩივრით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/2172, 27.05.2025) მიმართა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ“ (შემდგომში - მომჩივანი) შპს ,,ფორმულას“ მიერ სამაუწყებლო ეთერში განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და მოითხოვა შპს „ფორმულასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება.
2. საჩივრის მიხედვით, 2025 წლის 22 მაისს, შპს ,,ფორმულას“ სამაუწყებლო ეთერში, საინფორმაციო გამოშვებაში „ფორმულა 11“ ჟურნალისტმა სოფო ვარდიაშვილმა თქვა (11:00:24-11:00:54): „დილა მშვიდობის ფორმულა 11-ზე გიყვებათ მოკლედ ახალ ამბებს. მე სოფო ვარდიაშვილი ვარ. რეჟიმის პატიმრების რიცხვი დღეს შესაძლოა კიდევ ერთით გაიზარდოს. დაკავების მოლოდინი აქვს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, რომლის პროცესიც თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე საათში დაიწყება. კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს სასამართლოსგან 20 000 ლარიანი გირაო აქვს დაკისრებული. მას არალეგიტიმური პარლამენტის ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებიან.“;
3. მომჩივანის განცხადებით, 2025 წლის 22 მაისს, შპს „ფორმულას“ სამაუწყებლო ეთერში, საინფორმაციო გამოშვებაში „ფორმულა 17“ ჟურნალისტმა თქვა (17:13:59-17:14:20): „თუმცა, აქ შეკრებილ ადამიანებს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის გულშემატკივრებს, პოლიტიკოსებს, სამოქალაქო აქტივისტებს, რიგით მოქალაქეებს, რომლებიც გულშემატკივრობენ მას დღევანდელ ეგრეთ წოდებულ სასამართლო პროცესზე, რომელიც რეჟიმის საქალაქო სასამართლოში იმართება ამ წუთებში, არ სჯერათ, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიუღია ძალოვან უწყებებს.“;
4. საჩივრის მიხედვით, 2025 წლის 22 მაისს, შპს „ფორმულას“ სამაუწყებლო ეთერში, საინფორმაციო გამოშვებაში „ფორმულა 17“ ჟურნალისტმა თქვა (17:43:25-17:43:55): „ცოტა ხნის წინ ლიეტუვის გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა: ,,უნდა ვიცოდეთ რომ ეს გადაწყვეტილებები არის ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ 2010 წელს დადებული საერთაშორისო ხელშეკრულების უხეში დარღვევა. მნიშვნელოვანია რომ ევროკავშირმა და მისმა წევრებმა პატივი სცენ მათ საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებს და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს’’ - წერს სოციალურ ქსელში ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარე.“;
5. საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ 2025 წლის 22 მაისს, შპს „ფორმულას“ სამაუწყებლო ეთერში, საინფორმაციო გამოშვებაში „ფორმულა 17“ ჟურნალისტმა სოფო ვარდიაშვილმა თქვა (18:06:17-18:06:37): „გრძელდება პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში, როგორც მოსალოდნელი იყო მოსამართლემ, ზურა გირჩი ჯაფარიძის საქმეზე უარი უთხრა დაცვის მხარეს, რომ დასაკითხი მოწმეების სიაში ეგრეთ წოდებული პარლამენტის, ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი თეა წულუკიანი ჩაესვათ.“;
6. საჩივრის თანახმად, 2025 წლის 24 მაისს, შპს „ფორმულას“ სამაუწყებლო ეთერში, საინფორმაციო გამოშვებაში „ფორმულა 12“ ჟურნალისტმა თქვა (12:01:11-12:02:22): „უილ ნილი, რომელიც ბოლო სამი წელია თბილისში ცხოვრობს, უარი სომხეთ-საქართველოს სახმელეთო საზღვარზე უთხრეს. ოცნების მიერ შავ სიაში შეყვანილი ჟურნალისტი არაერთი გახმაურებული სტატიის ავტორია. სწორედ, მან ამხილა რეჟიმი ევროპელების ფულით ანტი-დასავლური პროპაგანდის გავრცელებაში. გამოავლინა ოლიგარქის ბიზნესპარტნიორის და იმედის მფლობელის რუსული კავშირებიც. ისაა, ასევე, ავტორი ხარებას შესახებ სკანდალური სტატიის. თავად, ჟურნალისტი დარწმუნებულია რომ ქვეყანაში შემოსვლაზე უარი რეჟიმის პასუხია მის საქმიანობაზე. სალომე ლაბაძე დეტალებით აგრძელებს ფორმულას პირდაპირ ეთერში საუბარს. როგორ დაასაბუთებს ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარ გადაწყვეტილებას ანუ როგორ ახსნის იმას რომ ბრიტანელი ჟურნალისტი, რომელიც 2022 წლიდან საქართველოში ცხოვრობს, ამჯერად სომხეთის საზღვრიდან, მან ქვეყანაში არ შემოუშვა. ჩვენ, კითხვებზე პასუხების მისაღებად უკვე დავუკავშირდით გომელაურის უწყებას, თუმცა ვიდრე შემოგვთავაზებს განმარტებას ეს უწყება, ან შემოგვთავაზებს თუ არა საერთოდ მანამდე შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ სავარაუდო ვერსიებზე. მთავარი სავარაუდო ვერსია კი სახელდება ჟურნალისტის კრიტიკული საქმიანობა და მის მიერ გამოქვეყნებული კრიტიკული სტატიები, რომელთა მთავარი ფიგურანტები არიან სწორედ, რეჟიმის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი და მისი პროპაგანდისტული საყრდენის ტელეკომპანია იმედის მფლობელი.“;
7. საჩივრის მიხედვით, 2025 წლის 24 მაისს, შპს „ფორმულას“ სამაუწყებლო ეთერში, საინფორმაციო გამოშვებაში „ფორმულა 5“ ჟურნალისტმა თქვა (17:00:32-17:01:20): „ოლიგარქის დეპუტატი ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქეების ინტერესების დასაცავად. ილია ინჯია რუსებისათვის ძვირადღირებული გადახდების შეზღუდვას აპროტესტებს. ფრიდონ ინჯიას შვილი თავს ესხმის საქართველოს ბანკს, რომელმაც რუს კლიენტებს ამ ბანკის ბარათებით ფუფუნების საგნების ყიდვა აუკრძალა. მიზეზი დასავლეთის მხრიდან დაწესებული სანქციებია. რეჟიმის წარმომადგენლები და მათი სპიკერები კი ბანკის გადაწყვეტილებას ნაცნობი კონსპირაციით ხსნიან დიფ სთეითის შესახებ. პრორუსმა პოლიტიკოსმა ამ თემაზე პარლამენტის შენობაში საგანგებო ბრიფინგიც კი გამართა და ბანკის მიდგომა კომპანია ბლექროქს დაუკავშირა. სწორედ, ამ კომპანიას აცხადებს რეჟიმი დიფ სთეითის ერთ-ერთ საყრდენად და იმის მიუხედავად, რომ ბლექროქი უკვე დიდი ხანია საქართველოს ბანკის მეწილეა, რუსი კლიენტების ახლა შეზღუდვის ინიციატივას მის დავალებად ასაღებს.“;
8. მომჩივანი ასევე მიუთითებს, რომ შპს „ფორმულას“ 2025 წლის 24 მაისის სამაუწყებლო ეთერში, საინფორმაციო გამოშვებაში ჟურნალისტმა თქვა (17:02:00-17:02:29): „თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე. გრიგოლ გეგელიას ოცნების მხარდამჭერი ფიზიკურად მშობლების სახლთან გაუსწორდა. მანამდე ის კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს სიტყვიერად დაუპირისპირდა. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო გამოიძახეს. ჯერ უცნობია დაიწყებს თუ არა გამოძიებას ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმაზე. ლელო ძლიერი საქართველო შინაგან საქმეთა სამინისტროსგან თავდამსხმელის დასჯას მოითხოვს.“;
9. საჩივარში ასევე მითითებულია ბმული შპს „ფორმულას“ სოციალური მედიიდან (“Facebook’’), რომელიც ასახავს მაუწყებლის პოსტს სოციალურ მედიაში: https://www.facebook.com/photo.php?fbid=1137762358385367&set=a.628755205952754&type=3&mibe xtid=wwXIfr&rdid=G6RktKhbdWJLa3lw&share_url=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fshare%
2F19AoK1itD6%2F%3Fmibextid%3DwwXIfr# - რეჟიმის პრემიერი ირაკლი კობახიძე.
10. მომჩივანის მითითებით, შპს „ფორმულას“ სამაუწყებლო ეთერში ჟურნალისტების მიერ გამოყენებული ფრაზები: „რეჟიმის პატიმრები“, „არალეგიტიმური პარლამენტი“, „ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისია“, „ეგრეთ წოდებული სასამართლო პროცესი“, „რეჟიმის საქალაქო სასამართლო“, „ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარე“, „ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი“, „ოცნების მიერ შავ სიაში შეყვანილი“, „ოლიგარქის ბიზნესპარტნიორი“, „ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო“, „რეჟიმის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი“, „პროპაგანდისტული საყრდენის ტელეკომპანია“, „ოლიგარქის დეპუტატი“, „რეჟიმის წარმომადგენლები“, „პრორუსული პოლიტიკური რეჟიმი“, „პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა“, ასევე სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ფრაზები „რეჟიმის პრემიერი“, „კობაზიძე“ - არის პირადი შეფასებები/ბრალდებები, რომლებიც ფაქტებისგან გამიჯნული არ არის. ფაქტის და შეფასების გამიჯვნა, ჟურნალისტიკის მნიშვნელოვანი სტანდარტია. გამიჯვნის პრინციპი გულისხმობს ინფორმაციის ისეთი სახით მიწოდებას, რომ მაყურებელმა დაინახოს განსხვავება ფაქტებსა და მოსაზრებებს შორის. ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე და რომელიმე პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა.
11. საჩივრის ავტორს სამართლებრივ საფუძვლად მითითებული აქვს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლი, 591 მუხლის მე-5 პუნქტი და 764 მუხლი.
12. მომჩივანი ითხოვს კომისიის მიერ საჩივრის განხილვას, მაუწყებლის მიერ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის დადგენასა და შპს ,,ფორმულასთვის“ შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას.
13. კომისიის 2025 წლის 19 ივნისის სხდომაზე გამოცხადდნენ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელი ნ. ბოკუჩავა და შპს „ფორმულას“ წარმომადგენელი ე. ქათამაძე.
14. მომჩივანის წარმომადგენელმა ნ. ბოკუჩავამ მხარი დაუჭირა კომისიაში წარდგენილ საჩივარს.
2. მოპასუხის პოზიცია
15. შპს ფორმულას“ წარმომადგენელი ე. ქათამაძე კომისიის 2025 წლის 19 ივნისის სხდომაზე, თავის ახსნა-განმარტებაში არ დაეთანხმა საჩივარს და განაცხადა, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის გამო.
16. 2025 წლის 27 ივნისს კომისიაში წარმოდგენილი იქნა შპს „ფორმულას“ წერილობითი პოზიცია (შ-25-6/2681) რომლის თანახმად, შპს „ფორმულა“ არ ეთანხმება საჩივარს. შპს „ფორმულა“ მიუთითებს“, რომ საჩივარში გამოყოფილია ჟურნალისტის ის სიტყვები და ფრაზები, რომლებიც სადავოდ არის მიჩნეული და მითითებულია, რომ ეს სიტყვები/ფრაზები არის ჟურნალისტის პირადი შეფასებები, რაც ფაქტებისგან გამიჯნული არ არის. შპს „ფორმულას“ განმარტებით, მაშინ როდესაც საჩივრის ავტორმა შეძლო გაერჩია ფაქტი მოსაზრებისაგან, მაყურებელიც თავისუფლად განასხვავებს ფაქტს მოსაზრებისგან.
17. შპს „ფორმულა“ განმარტავს, რომ ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ფაქტისა და მოსაზრების მკაფიო გამიჯვნა. კერძოდ, საჩივარში მითითებული რამდენიმე სიტყვა/ფრაზა:: -,,არალეგიტიმური პარლამენტის ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისია’’ -„ეგრეთ წოდებული სასამართლო პროცესი“ -,,ეგრეთ წოდებული სასამართლო პროცესზე, რომელიც რეჟიმის საქალაქო სასამართლოში იმართება ამ წუთებში“, ,,ეგრეთ წოდებული პარლამენტის, ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი’’, ტერმინი „ეგრეთ წოდებული“ (ე.წ.) მიუთითებს, რომ სიტყვების ავტორი - ჟურნალისტი, არ ეთანხმება იმას, რომ პროცესს ეწოდოს „სასამართლო პროცესი“ — ეს არის შეფასება, რაც მიუთითებს მის არალეგიტიმურობაზე ან ფორმალურობაზე. ფრაზა ე.წ. - ეგრეთ წოდებული გამოიყენება, როდესაც ,,მთქმელი უნდობლად ეპყრობა, ირონიით აღნიშნავს რასმე“. შესაბამისად, სიტყვა ,,ეგრეთ წოდებული“ თავის თავში მოიცავს შეფასებას და გამოხატავს პირად დამოკიდებულებას. ტერმინი „რეჟიმის საქალაქო სასამართლო“ — ასევე შეფასებითია, რადგან ტერმინი „რეჟიმის“ მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი, არამედ ემორჩილება მმართველ რეჟიმს. ეს არ არის მხოლოდ ფაქტის კონსტატაცია, არამედ გადმოსცემს ავტორის - ჟურნალისტის კრიტიკულ დამოკიდებულებას პროცესისა და სასამართლოს მიმართ და ეს აღქმადია ნებისმიერი პირისათვის.
18. შპს „ფორმულა“ ასევე აღნიშნავს, რომ რაც შეეხება, ტერმინს „ოცნების შავ სიაში შეყვანილი“, არ არსებობს ოფიციალური დოკუმენტი სახელწოდებით „ოცნების შავი სია“. ეს არის მეტაფორული ან ირონიული ფორმულირება, რომელიც გამოხატავს ჟურნალისტის დამოკიდებულებას.
19. „ოლიგარქის ბიზნესპარტნიორი“ – ტერმინი „ოლიგარქი“ არის შეფასებითი, რადგან საქართველოში იურიდიულად არ განისაზღვრება ვინ არის „ოლიგარქი“. „ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო“ – იურიდიულად უწყება არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ტერმინი „ოცნების სამინისტრო“ ასოცირდება პოლიტიკური მიკუთვნებით და წარმოადგენს შეფასებას უწყების კონტროლის შესახებ.
20. შპს „ფორმულას“ წერილობითი პოზიციის მიხედვით, „რეჟიმის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი“ არის შეფასება, თუმცა „რეჟიმის ლიდერი“ – პოლიტიკური შეფასებაა, რადგან „რეჟიმი“ არის სუბიექტური ტერმინი. შპს „ფორმულას“ წერილობით პოზიციაში ასევე აღნიშნულია, რომ მაუწყებელს იგივე პოზიცია აქვს საჩივარში მითითებულ ყველა სიტყვასთან/ფრაზასთან მიმართებით და მოითხოვს, რომ კომისიამ საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილებაში იმსჯელოს სამართლებრივად თითოეულ სადავო სიტყვასთან/ფრაზასთან დაკავშირებით და განმარტოს, როგორ უნდა გამოხატოს ჟურნალისტმა შეფასება, რომ არ დაარღვიოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი.
21. შპს „ფორმულა“ მიუთითებს, რომ ჟურნალისტის მიერ ტერმინების გამოყენება, როგორიცაა „რეჟიმი“, „ოლიგარქი“, „რეჟიმის პატიმრები“ და სხვ., არამხოლოდ კონკრეტული ჟურნალისტის ინდივიდუალური შეფასებაა, არამედ შეიძლება გამოხატავდეს მედიის სარედაქციო ხაზს, ანუ იმ მყარ პოზიციას, რომელიც მედიას აქვს ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ ან დემოკრატიულ პროცესებთან მიმართებით. ეს პრინციპი დაცულია როგორც, საქართველოს კონსტიტუციით, ისე ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-10 მუხლით, და განმარტებულია არაერთ საერთაშორისო გადაწყვეტილებაში.
22. შპს „ფორმულას“ განმარტებით, სარედაქციო ხაზი არ უდრის მაუწყებლის ან ჟურნალისტის მიკერძოებას, მედია თავისუფალია ჰქონდეს ღირებულებითი პოზიცია, თუკი ის არ ამახინჯებს ფაქტებს და არ ტოვებს აუდიტორიას მცდარ შთაბეჭდილებაში. მოცემულ შემთხვევაში, სადავო სიტყვები/ფრაზები არ ტოვებს მაყურებელს შეცდომაში, რადგან სიტყვები/ფრაზები თავის თავში მოიცავს შეფასებას და ეს ნებისმიერი მსმენელისთვის არის აღქმადი. ტერმინების გამოყენება, რომელიც ემყარება მედიის სარედაქციო პოლიტიკას, წარმოადგენს დაცულ გამოხატვას და არა სამართლებრივ დარღვევას. ასეთი პოზიცია არ არღვევს მიუკერძოებლობის სტანდარტს, როცა მასში არ არის გაყალბებული ფაქტები, მკაფიოდაა წარმოდგენილი პოზიცია და შეფასება, არ ხდება ცილისწამება. სარედაქციო ხაზის დახასიათება როგორც „მიკერძოებულობა“ — არის მცდელობა, მიეთითოს მედიას რა თქვას და როგორ თქვას, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება სიტყვის თავისუფლების პრინციპს, აღნიშნულია შპს „ფორმულას“ წერილობით პოზიციაში.
23. შპს „ფორმულა“ ასევე აღნიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლება და თავისუფალი მედია დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტური ელემენტებია. თუმცა, როდესაც ჟურნალისტის მიერ გამოხატული თითოეული სიტყვა, აზრი ან შეფასება შეიძლება გახდეს საჩივრის ან სანქციის საფუძველი, ფაქტობრივად იქმნება თვითცენზურის მექანიზმი და იზღუდება მედიის თავისუფალი ფუნქციონირება. ამასვე განმარტავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა: სასამართლო საქმეში Lingens v. Austria (1986) ასხვავებს ფაქტობრივ მტკიცებებს და ღირებულებით მოსაზრებებს (value judgments), რაც შეიძლება ჰქონდეს ჟურნალისტს. საქმეში Handyside v. the United Kingdom (1976) სასამართლო განმარტავს, რომ გამოხატვის თავისუფლება იცავს არამხოლოდ მიუღებელ ან შეურაცხმყოფელ ინფორმაციას, არამედ შეიცავს მოსაზრებებსაც, რომლებიც „შეიძლება შოკისმომგვრელი, შემაწუხებელი ან შემაშფოთებელი იყოს“. შესაბამისად, ის რომ გამოყენებული ფრაზები/სიტყვები შეიძლება კონკრეტული პირისთვის ან პირთა ჯგუფისთვის არ იყოს მისაღები, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოსაზრებები ავტომატურად არ იმიჯნება ფაქტებისგან. მოსაზრებების უარყოფა მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ დამტკიცდა, არღვევს გამოხატვის თავისუფლებას.
24. შპს „ფორმულა“ ასევე აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კომისია დააკმაყოფილებს საჩივრის მოთხოვნას, ასეთი მიდგომა რამდენიმე მიმართულებით აღძრავს სერიოზულ პრობლემებს, კერძოდ, ჟურნალისტებში გააძლიერებს თვითცენზურის განცდას, ეს ავტომატურად გამოიწვევს ინფორმაციის ფილტრაციას და აზრის გამოხატვის შეზღუდვას. გაურკვეველი და ზოგადი სტანდარტების რისკი – კანონის ფართო განმარტება თუ არ არსებობს მკაფიოდ განსაზღვრული, წინასწარ ცნობილი და ნათლად ინტერპრეტირებადი სტანდარტები, ქმნის სამართლებრივ დაუცველობას. მაუწყებელს არ აქვს შესაძლებლობა წინასწარ განსაზღვროს, რა არის დასაშვები და რა არა.
25. შპს „ფორმულას“ წერილობითი პოზიციის დასკვნით ნაწილში აღნიშნულია, რომ მაუწყებლის მხრიდან დარღვეული არ არის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის არცერთი მუხლი. შპს „ფორმულა“ იცავს მაუწყებლობის შესახებ კანონის 54-ე მუხლის მოთხოვნებს - სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის ნაწილში. ასევე, მითითებულ სადავო ფრაზებში/სიტყვებში სრულად დაცულია ფაქტისა და მოსაზრების მკაფიო გამიჯვნის პრინციპი. შესაბამისად, შპს „ფორმულას“ მიაჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა
26. განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის (N25-10-1428 03.07.2025) მიხედვით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივარში მითითებულია შპს „ფორმულას“ ჟურნალისტების მიერ საინფორმაციო გამოშვებებში გაჟღერებული გამონათქვამები: „რეჟიმის პატიმრები“, „არალეგიტიმური პარლამენტი“, „ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისია“, „ეგრეთ წოდებული სასამართლო პროცესი“, „რეჟიმის საქალაქო სასამართლო“, „ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარე“, „ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი“, „ოცნების მიერ შავ სიაში შეყვანილი“, „ოლიგარქის ბიზნესპარტნიორი“, „ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო“, „რეჟიმის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი“, „პროპაგანდისტული საყრდენის ტელეკომპანია“, „ოლიგარქის დეპუტატი“, „რეჟიმის წარმომადგენლები“, „პრორუსული პოლიტიკური რეჟიმი“ და „პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა“, ასევე სოციალური მედიის პოსტში მითითებული ფრაზა „რეჟიმის პრემიერი ირაკლი კობახიძე“ არის პირადი შეფასებები/ბრალდებები, რომლებიც ფაქტებისგან გამიჯნული არ არის.
27. დასკვნის მიხედვით,მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად გამოვლენილია, რომ განცხადებაში აღნიშნული ვიდეორგოლები განთავსებული იყო შპს „ფორმულას“ ეთერში, ხოლო პოსტი მაუწყებლის სოციალური მედია პლატფორმის გვერდზე (იხ. ბმული - https://www.facebook.com/photo.php?fbid=1137762358385367&set=a.628755205952754&type=3&mibextid=wwXIfr&rdid=G6RktKhbdWJLa3lw&share).
29. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი მიუთითებს, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ფუნდამენტური ადამიანის უფლებაა, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია და ხელს უწყობს საზოგადოებისა და ინდივიდის განვითარებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის თანახმად, ეს თავისუფლება დაცულია, მაგრამ შეიძლება შეიზღუდოს კანონით, თუ ეს აუცილებელია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის, სხვათა უფლებების, კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის ან სასამართლოს მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის, შეხედულებების ქონის, ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლება სახელმწიფოს ჩარევის გარეშე. თუმცა, ეს თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს კანონით დადგენილი წესებით, თუ ეს საჭიროა ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, დანაშაულის პრევენციის, ჯანმრთელობის, მორალის, სხვათა რეპუტაციის, კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის ან სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. მაუწყებლებისთვის ეს თავისუფლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მედია მონაწილეობს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში. თუმცა, შეზღუდვები ხშირად მიზნად ისახავს სამართლიანი და მიუკერძოებელი საინფორმაციო გარემოს შექმნას. ახალ ამბებში სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა აუცილებელია, რათა მაყურებელმა მიიღოს დაბალანსებული ინფორმაცია, რაც უზრუნველყოფს მის ინფორმირებულ მონაწილეობას დემოკრატიულ პროცესებში, თავიდან აირიდებს მიკერძოებას და შეინარჩუნებს საზოგადოებრივ ნდობას. ამ კონტექსტში, ფაქტისა და შეფასების გამიჯვნა ახალ ამბებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ფაქტები ობიექტურ ინფორმაციას წარმოადგენს, ხოლო შეფასებები სუბიექტურ მოსაზრებებს გამოხატავს.
30. დასკვნაში აღნიშნულია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საკითხის გადაწყვეტისას, გათვალისწინებული უნდა იქნეს მიუკერძოებლობის საკითხი, რომელიც მოწესრიგებულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლით. კერძოდ, განსაკუთრებით საყურადღებოა 54-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტები.
31. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: „ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ფაქტისა და მოსაზრების მკაფიო გამიჯვნა“. ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად: „დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა.“ აღნიშნული ვალდებულებები მთლიანობაში ემსახურება სამართლიანობის და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფას მაუწყებლობაში. მიუკერძოებლობის ძირითადი არსი კი იმაშია, რომ მაუწყებელი არ ანიჭებდეს უპირატესობას რომელიმე მხარეს ან რომელიმე მოსაზრებას და საკითხებს განიხილავდეს სათანადო ობიექტურობით.
32. საკითხზე მსჯელობისას, პირველ რიგში უნდა დადგინდეს, საჩივარში მითითებული სადავო ფრაზები რა ტიპის გადაცემაში იყო გამოყენებული. საჩივრის ავტორის თქმით, მის მიერ მოყვანილი მაგალითები ახალი ამბების პროგრამიდანაა.
33. გაერთიანებული სამეფოს მარეგულირებელი ორგანოს, Ofcom-ის გაიდლაინის თანახმად ყველა პროგრამა განსხვავებულია, თუმცა არსებობს ტიპიური ფაქტორები, როგორც კონტენტის, ისე ფორმატის კუთხით, რომელთა არსებობამაც შესაძლოა გამოიწვიოს პროგრამის ახალ ამბებად კატეგორიზაცია. ეს ფაქტორებია: 1. წამყვანი, რომელიც პირდაპირ მიმართავს აუდიტორიას; 2. სიუჟეტების თანმიმდევრობა ან მოკლე ამბების ჩამონათვალი, ხშირად მოკლე ფორმატში; 3. რეპორტიორების ან კორესპონდენტების გამოყენება მზა სიუჟეტების ან პირდაპირი რეპორტაჟების წარსადგენად; 4. ვიდეომასალისა და რეპორტიორის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შერწყმა.
34. დეპარტამენტი განმარტავს, რომ ეს კრიტერიუმები არ არის ამომწურავი, ასევე ყველა ამ კრიტერიუმის ერთდროულად არსებობა სავალდებულო არ არის იმისთვის, რომ გადაცემა ახალი ამბების კატეგორიად ჩაითვალოს. ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, საჩივარში მოყვანილი მაგალითების შესწავლის შედეგად ნათელია, რომ ყველა მოყვანილი მაგალითი ახალი ამბების პროგრამას მიეკუთვნება. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხს სადავოდ არ ხდის არც მაუწყებელი.
35. რაც შეეხება ფაქტის და მოსაზრების საკითხს, დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ფაქტი არის განცხადება, რომელიც შეიძლება ობიექტურად გადამოწმდეს ან დადასტურდეს მტკიცებულებებით, როგორც ჭეშმარიტი ან მცდარი. მოსაზრება არის სუბიექტური განცხადება, რომელიც ასახავს პირად რწმენას, გრძნობებს ან ინტერპრეტაციას და ვერ დასტურდება როგორც ჭეშმარიტება. ფაქტები ეფუძნება დაკვირვებად, გაზომვად მტკიცებულებებს და რჩება ჭეშმარიტი პირადი შეხედულებების მიუხედავად. მოსაზრებები დამოკიდებულია ინდივიდუალურ პერსპექტივებზე.
36. დეპარტამენტი იზიარებს მხარეების პოზიციას, რომ საჩივარში მოყვანილი ყველა სადაო ტერმინი, როგორიც არის „რეჟიმის პატიმრები“, „არალეგიტიმური პარლამენტი“, „ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისია“ და ა.შ. (სრული ჩამონათვალი ზემოთ არის მოყვანილი) იმ კონტექსტში, რომელშიც ისინი არის გამოყენებული წარმოადგენს მოსაზრება/შეფასებას. ამ საკითხზე მხარეები თანხმდებიან და შესაბამისად, დეპარტამენტის მოსაზრებით, უფრო დეტალურ განხილვას ეს საკითხი აღარ საჭიროებს.
37. დეპარტამენტს მიაჩნია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ- პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა. ამ კონტექსტში „მაუწყებლის მიერ პოზიციის გამოხატვა“ გულისხმობს გადაცემის წამყვანის მიერ პოზიციის გამოხატვას, ვინაიდან სწორედ წამყვანის განცხადებები ასახავს მაუწყებლის პოზიციას. შესაბამისად, ეს მუხლი აწესებს შეზღუდვას, რომელიც წამყვანს უკრძალავს საკუთარი მოსაზრებების, პოზიციისა თუ შეფასებების გამოთქმას ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერად თუ საწინააღმდეგოდ, ახალი ამბების გაშუქებისას. ასევე აღნიშნულია, რომ საინფორმაციო გადაცემებში ნებადართულია და მოსალოდნელიცაა მოსაზრებების რეგულარულად გაშუქება, მაგალითად, პოლიტიკოსებთან ინტერვიუების დროს. ამ დროს მაყურებელმა უნდა შეძლოს ფაქტებისა და მოსაზრებების ერთმანეთისგან გარჩევა. თუმცა, დეპარტამენტის აზრით, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე, საინფორმაციო გადაცემებში „ფაქტებისა და მოსაზრებების“ გარჩევის მოთხოვნა არ ნიშნავს, რომ ჟურნალისტებს აქვთ უფლება გამოთქვან თავიანთი „პირადი მოსაზრებები“ ახალი ამბების გაშუქებისას და ეს მოთხოვნა მხოლოდ მესამე პირების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს ეხება.
38. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტი ავალდებულებს მაუწყებელს, ახალი ამბების გადაცემაში მკაფიოდ გამიჯნოს ფაქტები და მოსაზრებები. მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ მაგალითებში ფაქტები და მოსაზრებები დეპარტამენტის მოსაზრებით არ არის მკაფიოდ გამიჯნული, დეპარტამენტის შეფასებით, ამ საკითხის ღრმა გარჩევა არ არის საჭირო, ვინაიდან აღნიშნული დანაწესი არარელევანტურია ამ შემთხვევაში, რადგან ეს მუხლი ეხება მხოლოდ მესამე პირების მოსაზრებების ფაქტებისგან გამიჯვნას, ხოლო, როგორც ზემოთ აღინიშნა, წამყვანის მიერ საკუთარი მოსაზრების გამოთქმა ახალი ამბების გაშუქებისას სრულად აკრძალულია. საჩივარში მოყვანილ მაგალითებში კი, სწორედ წამყვანის მოსაზრებების გაჟღერება ხდება.
39. განსახილველ შემთხვევაში, ისეთი განცხადებები, როგორიცაა „რეჟიმი“, „ოლიგარქის რეჟიმი“ და „კლანის სასამართლო“, საჭიროებს გარკვეულ კონტექსტს სათანადო მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. ისინი აღიქმება როგორც ჟურნალისტების პირადი მოსაზრებები. მაუწყებლის მიერ გამოყენებული ტერმინები ნათლად გამოხატავს პოზიციას, ასახავს შეხედულებას და ვერ აკმაყოფილებს ობიექტურობის სტანდარტს.
40. რაც შეეხება მაუწყებლის სოციალურ მედიაში განთავსებულ ინფორმაციას, სადაც გამოყენებულია შემდეგი ფრაზა: „რეჟიმის პრემიერი“, აქ გასათვალისწინებელია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის მე-5 პუნქტი, რომლის თანახმადაც:
„მაუწყებელს ამ კანონის 52-ე, 54-ე−542, 552 და 553−564 მუხლების მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება აგრეთვე მის მიერ მასობრივი ინფორმაციის ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილი ინტერნეტდომენის ან/და ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, აგრეთვე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე (მათ შორის, სოციალურ ქსელში) ინფორმაციის განთავსების გამო.“ აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესის თანახმად 54-ე მუხლის მოთხოვნები ისევე ვრცელდება მაუწყებლის სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე, როგორც მაუწყებლის პროგრამებზე.
41. დასკვნის თანახმად, საჩივარში მოყვანილ მაგალითში, მაუწყებლის სოციალურ ქსელში ინფორმაცია ისე არის გამოქვეყნებული, რომ ის მაუწყებლის პოზიციას გამოხატავს და არა მესამე პირის მოსაზრებას ან შეფასებას. მაგალითად, მოყვანილია პრემიერ-მინისტრის ციტატა, რომელსაც ბოლოს მიწერილი აქვს „რეჟიმის პრემიერი - ირაკლი კობახიძე“. შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები, რომლებიც ზღუდავს მაუწყებლის პოზიციის დაფიქსირებას რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერად თუ საწინააღმდეგოდ, ასევე ვრცელდება სოციალურ მედიაში, ამ სახით გამოქვეყნებულ ინფორმაციაზეც.
42. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და დადგინდეს შპს „ფორმულას” მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნების დარღვევა, როგორც მაუწყებლობის ნაწილში, ისე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაციის ნაწილში.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
43. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ,,მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, აგრეთვე სალიცენზიო პირობებისა და ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს კომისიას“.
44. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ,,საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს“.
45. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობა“.
46. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა”, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, „ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ფაქტისა და მოსაზრების მკაფიო გამიჯვნა”. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, „დაუშვებელია პოლიტიკური თანამდებობის პირის ან პოლიტიკური პარტიის წევრის მონაწილეობა ახალი ამბების ან საინფორმაციო პროგრამაში წამყვანის, ინტერვიუერის ან ჟურნალისტის სახით”, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, „ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დავის გაშუქებისას მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს ბალანსის დაცვა თითოეულ პროგრამაში ან პროგრამების ციკლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ, პროგრამის ფორმატიდან გამომდინარე, ბალანსის დაცვა დაგეგმილია პროგრამების ციკლის განმავლობაში, ამის შესახებ აუდიტორიას უნდა ეცნობოს პროგრამის დაწყების პირველსავე დღეს”. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, „დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ- პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა”, ხოლო მე-6 პუნქტის თანახმად, „საავტორო პროგრამის გადაცემისას უშუალოდ პროგრამის დაწყების წინ აუდიტორიას უნდა ეცნობოს, რომ პროგრამა საავტოროა. საავტორო პროგრამაში აუდიტორიას უნდა მიეწოდოს მოსაზრებათა ფართო სპექტრი, თავიდან უნდა იქნეს აცილებული ფაქტების დამახინჯება და განსხვავებული აზრის არასწორი ინტერპრეტირება. საავტორო პროგრამის წამყვანმა არ უნდა გამოიყენოს საკუთარი მდგომარეობა საკუთარი მოსაზრების იმ ფორმით გავრცელებისთვის, რომელმაც შეიძლება ხელყოს პროგრამის მიუკერძოებლობა”. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, „მაუწყებელი ვალდებულია ჯეროვანი სამართლიანობისა და პატივისცემის დაცვით მოეპყრას პროგრამაში მონაწილე თითოეულ პირს”, ხოლო მე-8 პუნქტის შესაბამისად, „პირს, რომლის მიმართ პროგრამაში ბრალდებები გამოითქვა, უნდა მიეცეს დროული და ჯეროვანი პასუხის გაცემის საშუალება”. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, „პროგრამაში მხოლოდ ერთი დაინტერესებული მხარის მოწვევა აქტუალურ საკითხზე კონკრეტული პოზიციის სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ ჯგუფებზე თავდასხმის საშუალებად, რომლებიც არ მონაწილეობენ პროგრამაში”, ხოლო მე-10 პუნქტის მიხედვით, „პირდაპირ ეთერში შემოსული ზარები უნდა იქნეს შერჩეული სამართლიანობის პრინციპის დაცვით და დაუშვებელია მხოლოდ ერთი შეხედულების გამოხატვა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ამ ზარებით საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირება”.
47. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ,,მაუწყებელს ამ კანონის 52-ე, 54-ე - 542, 552 და 553 - 564 მუხლების მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება აგრეთვე მის მიერ მასობრივი ინფორმაციის ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილი ინტერნეტდომენის ან/და ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, აგრეთვე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე (მათ შორის, სოციალურ ქსელში) ინფორმაციის განთავსების გამო“.
48. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.
49. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 764 მუხლის თანახმად, მაუწყებლის მიერ ამ კანონის 52-ე, 54-ე, 541, 542, 553, 56-ე და 564 მუხლების მოთხოვნათა 2025 წლის 1 ივნისამდე დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს ამ კანონით დადგენილი წესით. კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს შეუფარდოს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სანქცია, რომელიც აღსასრულებლად არ მიექცევა. მაუწყებლის მიერ ამ კანონის 52-ე, 54-ე - 542, 553, 56-ე და 564 მუხლების მოთხოვნათა 2025 წლის 1 ივნისის შემდეგ დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს და მაუწყებელს შესაბამის სანქციას შეუფარდებს კანონით დადგენილი წესით.
III. სამოტივაციო ნაწილი
1. გამოკვლეული მტკიცებულებები
50. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/2172, 27.05.2025) თანდართული დოკუმენტაციით და ვიდეომასალით;
51. შპს „ფორმულას“ წერილობითი პოზიცია (შ-25-6/2681 27.06.2025);
52. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა (03.07.2025 N 25-10-1428);
53. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლის ნ. ბოკუჩავას მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებები კომისიის 2025 წლის 19 ივნისის სხდომაზე;
54. შპს „ფორმულას“ წარმომადგენლის ე. ქათამაძის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებები კომისიის 2025 წლის 19 ივნისის სხდომაზე;
55. ინფორმაცია კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ფორმულას“ შესახებ;
56. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან მონაცემები შპს „ფორმულას“ შესახებ;
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
57. შპს „ფორმულა“ არის მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირი;
მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ტელეკომპანია პირველის“ შესახებ.
58. შპს „ფორმულას“ ეთერში განთავსებულ პროგრამებში წამყვანებმა გაავრცელეს შემდეგი ინფორმაცია:
ა) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2025 წლის 22 მაისი; დრო: 11:00:24-11:00:54;
„დილა მშვიდობის ფორმულა 11-ზე გიყვებათ მოკლედ ახალ ამბებს. მე სოფო ვარდიაშვილი ვარ. რეჟიმის პატიმრების რიცხვი დღეს შესაძლოა კიდევ ერთით გაიზარდოს. დაკავების მოლოდინი აქვს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, რომლის პროცესიც თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე საათში დაიწყება. კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს სასამართლოსგან 20 000 ლარიანი გირაო აქვს დაკისრებული. მას არალეგიტიმური პარლამენტის ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებიან.“;
ბ) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2025 წლის 22 მაისი; დრო: 17:13:59-17:14:20;
„თუმცა, აქ შეკრებილ ადამიანებს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის გულშემატკივრებს, პოლიტიკოსებს, სამოქალაქო აქტივისტებს, რიგით მოქალაქეებს, რომლებიც გულშემატკივრობენ მას დღევანდელ ეგრეთ წოდებულ სასამართლო პროცესზე, რომელიც რეჟიმის საქალაქო სასამართლოში იმართება ამ წუთებში, არ სჯერათ, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიუღია ძალოვან უწყებებს.“;
გ) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2025 წლის 22 მაისი; დრო: 17:43:25-17:43:55;
„ცოტა ხნის წინ ლიეტუვის გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა: ,,უნდა ვიცოდეთ რომ ეს გადაწყვეტილებები არის ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ 2010 წელს დადებული საერთაშორისო ხელშეკრულების უხეში დარღვევა. მნიშვნელოვანია რომ ევროკავშირმა და მისმა წევრებმა პატივი სცენ მათ საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებს და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს’’ - წერს სოციალურ ქსელში ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარე.“;
დ) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2025 წლის 22 მაისი; დრო: 18:06:17-18:06:37;
„გრძელდება პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში, როგორც მოსალოდნელი იყო მოსამართლემ, ზურა გირჩი ჯაფარიძის საქმეზე უარი უთხრა დაცვის მხარეს, რომ დასაკითხი მოწმეების სიაში ეგრეთ წოდებული პარლამენტის, ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი თეა წულუკიანი ჩაესვათ.“;
ე) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2025 წლის 24 მაისი; დრო: 12:01:11-12:02:22;
„უილ ნილი, რომელიც ბოლო სამი წელია თბილისში ცხოვრობს, უარი სომხეთ-საქართველოს სახმელეთო საზღვარზე უთხრეს. ოცნების მიერ შავ სიაში შეყვანილი ჟურნალისტი არაერთი გახმაურებული სტატიის ავტორია. სწორედ, მან ამხილა რეჟიმი ევროპელების ფულით ანტი- დასავლური პროპაგანდის გავრცელებაში. გამოავლინა ოლიგარქის ბიზნესპარტნიორის და იმედის მფლობელის რუსული კავშირებიც. ისაა, ასევე, ავტორი ხარებას შესახებ სკანდალური სტატიის. თავად, ჟურნალისტი დარწმუნებულია რომ ქვეყანაში შემოსვლაზე უარი რეჟიმის პასუხია მის საქმიანობაზე. სალომე ლაბაძე დეტალებით აგრძელებს ფორმულას პირდაპირ ეთერში საუბარს. როგორ დაასაბუთებს ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარ გადაწყვეტილებას ანუ როგორ ახსნის იმას რომ ბრიტანელი ჟურნალისტი, რომელიც 2022 წლიდან საქართველოში ცხოვრობს, ამჯერად სომხეთის საზღვრიდან, მან ქვეყანაში არ შემოუშვა. ჩვენ, კითხვებზე პასუხების მისაღებად უკვე დავუკავშირდით გომელაურის უწყებას, თუმცა ვიდრე შემოგვთავაზებს განმარტებას ეს უწყება, ან შემოგვთავაზებს თუ არა საერთოდ მანამდე შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ სავარაუდო ვერსიებზე. მთავარი სავარაუდო ვერსია კი სახელდება ჟურნალისტის კრიტიკული საქმიანობა და მის მიერ გამოქვეყნებული კრიტიკული სტატიები, რომელთა მთავარი ფიგურანტები არიან სწორედ, რეჟიმის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი და მისი პროპაგანდისტული საყრდენის ტელეკომპანია იმედის მფლობელი.“;
ვ) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2025 წლის 24 მაისი; დრო: 17:00:32-17:01:20;
„ოლიგარქის დეპუტატი ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქეების ინტერესების დასაცავად. ილია ინჯია რუსებისათვის ძვირადღირებული გადახდების შეზღუდვას აპროტესტებს. ფრიდონ ინჯიას შვილი თავს ესხმის საქართველოს ბანკს, რომელმაც რუს კლიენტებს ამ ბანკის ბარათებით ფუფუნების საგნების ყიდვა აუკრძალა. მიზეზი დასავლეთის მხრიდან დაწესებული სანქციებია. რეჟიმის წარმომადგენლები და მათი სპიკერები კი ბანკის გადაწყვეტილებას ნაცნობი კონსპირაციით ხსნიან დიფ სთეითის შესახებ. პრორუსმა პოლიტიკოსმა ამ თემაზე პარლამენტის შენობაში საგანგებო ბრიფინგიც კი გამართა და ბანკის მიდგომა კომპანია ბლექროქს დაუკავშირა. სწორედ, ამ კომპანიას აცხადებს რეჟიმი დიფ სთეითის ერთ-ერთ საყრდენად და იმის მიუხედავად, რომ ბლექროქი უკვე დიდი ხანია საქართველოს ბანკის მეწილეა, რუსი კლიენტების ახლა შეზღუდვის ინიციატივას მის დავალებად ასაღებს.“;
59. შპს „ფორმულამ“ ინტერნეტში სოციალური მედიის Facebook-ის პოსტში: https://www.facebook.com/photo.php?fbid=1137762358385367&set=a.628755205952754&type=3&mib extid=wwXIfr&rdid=G6RktKhbdWJLa3lw&share_url=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fshare%2F19AoK1itD6%2F%3Fmibextid%3DwwXIfr# - ტექსტის ავტორად მიუთითა სიტყვები „რეჟიმის პრემიერი ირაკლი კობახიძე“.
მტკიცებულება: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივარი (Nშ-25-6/2172, თარიღი: 27.05.2025), ინტერნეტში მაუწყებლის სოციალური ქსელიდან ამონაბეჭდი; კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა N25-10-1428; 03.07.2025).
60. შპს „ტელეკომპანია პირველის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ გამოყენებულა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის.
მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებული პირების უწყებრივი რეესტრიდან შპს
„ტელეკომპანია პირველის“ შესახებ.
3. სამართლებრივი შეფასება
3.1. კანონმდებლობაში შესული ცვლილებები მაუწყებლობის შინაარსობრივ მოთხოვნებთან დაკავშირებით
61. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში 2025 წლის 1 აპრილის კანონით (დოკუმენტის N394-IIმს-XIმპ) შესული ცვლილებით ახლებურად მოწესრიგდა მაუწყებლობის მიმართ წაყენებული შინაარსობრივი მოთხოვნები და მათი აღსრულების წესი. კერძოდ, კანონში შესული ცვლილებებით ახლებურად მოწესრიგდა ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება ან/და გადაცემა, შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის ან/და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქება, პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანი პირის დაცვის ცალკეული საკითხები. კანონში ცვლილების შეტანამდე დასახელებული შინაარსობრივი მოთხოვნების ნაწილი (მაგალითად, შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის ან/და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქების მოწესრიგება) „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით არ რეგულირდებოდა და კომისიის 2009 წლის 12 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ იყო განსაზღვრული. ამასთან, შინაარსობრივი მოთხოვნების დამდგენი დებულებების ნაწილი (მაგალითად, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა) „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით იყო გათვალისწინებული, თუმცა, „მაუწყებელთა ქცევის კოდექსისგან“ განსხვავებული, ნაკლებად დეტალური მოწესრიგებით გამოირჩეოდა. უნდა აღინიშნოს, რომ „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში შესული ცვლილებებით ჩამოყალიბებული შინაარსობრივი მოთხოვნები თითქმის ემთხვევა კომისიის 2009 წლის 12 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ გათვალისწინებულ შესაბამის დებულებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, უშუალოდ მოთხოვნების მატერიალური შინაარსის თვალსაზრისით მაუწყებლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის 2025 წლის 1 აპრილის კანონით „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში შესული ცვლილებები სიახლე არ ყოფილა.
62. მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების ახლებურად დაწესების გარდა, 2025 წლის 1 აპრილის კანონით დადგინდა ამ მოთხოვნების აღსრულების ახალი წესი. კერძოდ, 2025 წლის 1 აპრილის კანონის ძალაში შესვლამდე შინაარსობრივი მოთხოვნების დიდი ნაწილი აღსრულდებოდა მხოლოდ მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ და მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილების სასამართლოში, კომისიაში ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება არ დაიშვებოდა. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში 2025 წლის 1 აპრილს შესული ცვლილებების გათვალისწინებით ახლებურად ჩამოყალიბდა კანონის მე-14 და 591 მუხლები და დადგინდა, რომ კომისიას აქვს სამართლებრივი რეაგირების უფლებამოსილება ისეთი შინაარსობრივი მოთხოვნების დარღვევის საკითხებზე, როგორებიც არის ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება ან/და გადაცემა, შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის ან/და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქება, პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანი პირის დაცვის ცალკეული საკითხები.
63. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2025 წლის 1 აპრილის კანონით დადგინდა, მაუწყებლებისათვის კარგად ცნობილი, კომისიის 2009 წლის 12 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ გათვალისწინებული წესების კომისიის მიერ აღსრულების წესი.
3.2. მაუწყებლობის მიუკერძოებლობის რეგულირება
64. 2025 წლის 1 აპრილის კანონის შესაბამისად „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით კომისიის მიერ აღსრულებას დაექვემდებარა შინაარსობრივი მოთხოვნა, როგორიც არის მაუწყებლის მიუკერძოებლობა. მიუკერძოებლობა მაუწყებლობის და ზოგადად მედიის ერთ- ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია. მიუკერძოებლობის პრინციპი მოითხოვს, რომ მაუწყებელმა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები გააშუქოს სათანადო ობიექტურობით და უზრუნველყოს, რომ საჯარო დისკუსიის არცერთ მხარეს არ მიენიჭოს უპირატესობა. მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა შესაძლებელია შესაბამისი სარედაქციო ხერხების გამოყენებით. აღნიშნული პრინციპის ცალკეული მოთხოვნები გაწერილია „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამის დებულებებში.
65. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია ახალი ამბების პროგრამაში ფაქტისა და მოსაზრების მკაფიო გამიჯვნის მოთხოვნა, მე-3 პუნქტით კი - პოლიტიკური თანამდებობის პირის ან პოლიტიკური პარტიის წევრის მონაწილეობის აკრძალვა ახალი ამბების, საინფორმაციო პროგრამის წამყვანის, ინტერვიუერის ან ჟურნალისტის სახით.
66. მიუკერძოებლობის პრინციპის უმთავრესი შემადგენელი კომპონენტია ბალანსის დაცვა.
„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დავის გაშუქებისას მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს ბალანსის დაცვა თითოეულ პროგრამაში ან პროგრამების ციკლის განმავლობაში. მაუწყებელმა ყველა საგულისხმო მოსაზრება მიუკერძოებლად და არადისკრიმინაციულად უნდა წარმოაჩინოს.
67. მიუკერძოებლობის პრინციპი ასევე მოითხოვს, რომ მაუწყებელმა გამოავლინოს მიუკერძოებლობა ახალი ამბებისა და ცალკეულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში და არ გამოხატოს საკუთარი პოზიცია. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის განმარტებითი ბარათში მითითებულია, რომ „იზღუდება მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში, აგრეთვე სხვა საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას (საავტორო პროგრამების გარდა) პოზიციის გამოხატვა.“1
1 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ N 07-3/29/11, 2
68. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ- პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა. კანონი უშვებს ამ პრინციპიდან გადახვევას და მაუწყებლის პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობას საავტორო პროგრამებში. თავის მხრივ, საავტორო პროგრამის შესახებ სათანადოდ უნდა ეცნობოს აუდიტორიას. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-6 პუნქტის პირველი წინადადების მიხედვით, საავტორო პროგრამის გადაცემისას უშუალოდ პროგრამის დაწყების წინ აუდიტორიას უნდა ეცნობოს, რომ პროგრამა საავტოროა.
69. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კი - მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობის ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკისა და საქართველოსთვის იურიდიული ძალის მქონე სხვა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად.
70. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია. სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება ამავე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით კი - მედიაპლურალიზმის დაცვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში აზრის გამოხატვის თავისუფლების რეალიზების, მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში მომხმარებელთა და მეწარმეთა უფლებების დასაცავად შექმნილი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ინსტიტუციური და ფინანსური დამოუკიდებლობა გარანტირებულია კანონით.
71. ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ ის „ინფორმაცია“ და „იდეები“, რომლებიც სასურველად არის მიღებული ან აღიქმება როგორც უწყინარი და ინდიფერენტული, არამედ - ისეთებიც, რომელიც შეურაცხმყოფელი, შემაწუხებელი და შოკისმომგვრელია სახელმწიფოსთვის ან მოსახლეობის რომელიმე ნაწილისთვის.2 ამასთან, სასამართლო პრაქტიკა არ გამორიცხავს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, როდესაც ილახება სხვა ადამიანის უფლებები და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესები.
72. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები საზოგადოებისა და ინდივიდების მიერ ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების, აზრის ფორმირების ერთ-ერთი ცენტრალური, ფართომასშტაბიანი და ეფექტური პლატფორმაა. სწორედ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შეუფერხებელი, ავტონომიური, ჯეროვანი და დამოუკიდებელი საქმიანობა განაპირობებს საზოგადოებისა და თითოეული ინდივიდის მიერ აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლების პრაქტიკულ და ეფექტურ რეალიზაციას.3 სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, ისეთ სენსიტიურ სექტორში, როგორიც არის აუდიოვიზუალური მედია, ჩაურევლობის ნეგატიურ მოვალეობასთან ერთად, სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, შექმნას შესაბამისი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტურ პლურალიზმს.4
73. სტრასბურგის სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, მაუწყებლების გამოხატვის თავისუფლება შესაძლებელია ლეგიტიმურად შეიზღუდოს, როდესაც ეს აუცილებელია ინფორმაციის პლურალიზმის დასაცავად, აგრეთვე გავლენიან მედია პლატფორმებზე სამართლიანი და თანასწორი დემოკრატიული დისკურსის უზრუნველსაყოფად.5 მაუწყებლის მიუკერძოებლობის პრინციპი ემსახურება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დემოკრატიული დებატის სანდოობის დაცვას იმგვარად, რომ არ მოხდეს სამაუწყებლო მედია პლატფორმების მიტაცება ვიწროპარტიული ინტერესების გამტარებელი ძლიერი ფინანსური ან გავლენიანი ჯგუფების მიერ. საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, მიუკერძოებლობის პრინციპიდან გამომდინარე ვალდებულებები ასრულებს უმთავრეს როლს, რომ საზოგადოებას ჰქონდეს მიუკერძოებელ და ზუსტ ინფორმაციაზე წვდომა და მოსაზრებებისა და პერსპექტივების ფართო სპექტრის გაცნობის შესაძლებლობა. ეს ვალდებულებები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სათანადოდ ინფორმირებულ დემოკრატიულ დებატებს.6
2 ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, საჩივარი No. 5493/72, § 49
3 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-71,72, ასევე იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის №2/6/1311 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სტერეო+“, ლუკა სევერინი, ლაშა ზილფიმიანი, რობერტ ხახალევი და დავით ზილფიმიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-58
4 ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ცენტრო ევროპა 7 ს.რ.ლ. და დი შტეფანო იტალიის წინააღმდეგ” [GC] - საჩივარი No. 38433/09, § 134.
5 ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ANIMAL DEFENDERS INTERNATIONAL გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ [GC] - საჩივარი No 48876/08, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სიგმა რადიო ტელევიზია კვიპროსის წინააღმდეგ“, საჩივრები No. 32181/04 და 35122/05
74. ამავდროულად, სამაუწყებლო მედიას დემოკრატიულ საზოგადოებაში უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. დიდია მაუწყებლების როლი საზოგადოების ინფორმირებისა და საჯარო მმართველობის პროცესზე მეთვალყურის (“watchdog”) ფუნქციის შესრულებაში.7 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სამაუწყებლო მედიას შეეძლოს გამოიკვლიოს და გააშუქოს ნებისმიერი საკამათო საკითხი, ასევე საზოგადოების წევრებს მისცეს შესაძლებლობა, გამოხატონ კრიტიკული მოსაზრებები საზოგადოებისთვის მნიშნელოვან ამა თუ იმ საკითხზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამაუწყებლო მედიამ დაიცვას მიუკერძოებლობის პრინციპი, ზუსტად და მიუკერძოებლად გადასცეს ყველა ფაქტი და საგულისხმო მოსაზრება.
75. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, კომისია, გაითვალისწინებს მაუწყებლისა და აუდიტორიის გამოხატვის თავისუფლების დაცვის ინტერესს, რომ მაუწყებელს ჰქონდეს ლეგიტიმური შესაძლებლობა, შეასრულოს საზოგადოებრივი მეთვალყურის ფუნქცია და მწვავედ, კრიტიკულად გააშუქოს ნებისმიერი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მოვლენა და მოსაზრება. მეორე მხრივ, ასევე მხედველობაში მიიღება მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ ინტერესი, რომ სამაუწყებლო მედიამ დაიცვას მიუკერძოებლობა და ხელი შეუწყოს ინფორმირებულ დემოკრატიულ დებატს.
3.3. ახალი ამბების/საზოგადოებრივ პოლიტიკურ პროგრამაში მაუწყებლის მოსაზრების გამოხატვის შეზღუდვა
76. როგორც აღინიშნა, მიუკერძოებლობის პრინციპის შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონი ზღუდავს მაუწყებლის შესაძლებლობას, ახალი ამბებისა და ცალკეულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში გამოხატოს საკუთარი მოსაზრება ან/და მიმდინარე მოვლენები გააშუქოს მიკერძოებულად, საკუთარი შეხედულების მიხედვით. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების
6 Communications White Paper – A New Future for Communications, December 2000, https://webarchive.nationalarchives.gov.uk/20100407160140/http://www.culture.gov.uk/images/publication s/communicationswhitepaper_fullreport.pdf, section 6.6.1, Issue 369 of Ofcom’s Broadcast and On Demand Bulletin 20December 2018, 21
7 ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის 1994 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „იერსილდი დანიის წინააღმდეგ“, საჩივარი No. 1589/89, საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ- პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა. ამგვარი განმარტება ასევე გამომდინარეობს კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდანაც, რომლის მიხედვითაც, „იზღუდება მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში, აგრეთვე სხვა საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას (საავტორო პროგრამების გარდა) პოზიციის გამოხატვა.“8
77. მაუწყებლის პოზიციის გამოხატვის შეზღუდვა ემსახურება მაუწყებლისა და საზოგადოებრივ- პოლიტიკური დისკურსის დაცვას, რათა აღიკვეთოს ვიწროპარტიული ინტერესების გამტარებელი ძლიერი ფინანსური ან გავლენიანი ჯგუფების მიერ მაუწყებლის მეშვეობით საზოგადოებრივ აზრზე არასათანადო ზემოქმედება. ამასთან, აღნიშნული დებულების მიზანია, არ დაუშვას მაუწყებლის მესაკუთრის მიერ მისი სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფა და მაუწყებლის გამოყენება მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე კონკრეტული ინტერესთა ჯგუფისთვის ხელსაყრელი მოსაზრებების გავრცელებისათვის, რაც საბოლოო ჯამში არასათანადო გავლენას ახდენს პოლიტიკურ დისკურსსა და დემოკრატიულ დებატზე.
78. ამასთან, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, მაუწყებლის მიერ რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვის შეზღუდვა ვრცელდება ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებზე (გარდა საავტორო პროგრამებისა). განსახილველ შემთხვევაში მომჩივანი მიუთითებს, რომ მაუწყებლის მოსაზრების გამოხატვა მოხდა ახალი ამბების პროგრამაში. შესაბამისად, დარღვევის შესაფასებლად უნდა შემოწმდეს, არის თუ არა სახეზე ახალი ამბების პროგრამა.
ა) ახალი ამბების პროგრამა
79. ახალი ამბების პროგრამის არსებობას კომისია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადგენს პროგრამის დასახელების, ფორმატის, საგნის, ფორმის, აუდიტორიისთვის წარდგენის გზებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ახალი ამბების პროგრამა, როგორც წესი სტუდიაში მიჰყავთ წამყვანს ან წამყვანებს, რომლებიც აჯამებენ ყოველდღიურ ინფორმაციას, პროგრამის მასალა ეხება მიმდინარე ან პროგრამის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მომხდარ მოვლენებს ან ინფორმაციას, სტუდიაში შესაძლებელია იყოს ეკრანები გრაფიკული გამოსახულებით, რომელიც შემატებს კონტექსტს ან სხვა ინფორმაციას ახალი ამბის პროგრამის მასალას, ახალი ამბები თანმიმდევრულად მიეწოდება აუდიტორიას, როგორც წესი, მოკლე ფორმატით, ფართოდ გამოიყენება რეპორტიორები და კორესპონდენტები, რომ პაკეტად ან პირდაპირი ეთერის რეჟიმში წარმოადგინონ ახალი ამბები და ა.შ.
8 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ N 07-3/29/11, 2
80. განსახილველ შემთხვევაში მომჩივანის მიერ დასახელებული პროგრამები განეკუთვნება ახალ ამბებს, რასაც ადასტურებს პროგრამის ფორმატი და შინაარსი. წარმოდგენილი ვიდეორგოლების ნაწილში ჩანს, რომ პროგრამის მიმდინარეობისას სტუდიიდან წამყვანები აცნობენ საზოგადოებას დღის განმავლობაში მომხდარი მოვლენების შესახებ ინფორმაციას, განთავსებულია სიუჟეტები და სიუჟეტების მიმდინარეობისას კონკრეტული მოვლენის ამსახველი გამოსახულების განთავსების პარალელურად წამყვანები ინფორმაციას აწვდიან საზოგადოებას შესაბამისი მოვლენების შესახებ. გარდა ამისა, ახალი ამბების არსებობა იკვეთება პროგრამების შინაარსობრივი ანალიზითაც. კერძოდ, პროგრამაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის ვიდეოჩანაწერები მომჩივანმა წარმოადგინა კომისიაში, ეხება ქვეყანაში მიმდინარე ან/და ახლად მომხდარ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოვლენებს. გარდა ამისა, კომისიაში დაცული, შპს „ფორმულას” მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო ბადის მიხედვით, პროგრამებს („ფორმულა 11“, „ფორმულა 12“, „ფორმულა 17“) საინფორმაციო გამოშვების სტატუსი აქვს მინიჭებული. შესაბამისად, ის არის ახალი ამბების პროგრამა (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 58-ე პარაგრაფი) აღსანიშნავია, რომ შესაფასებელი პროგრამის ახალი ამბების პროგრამად მიჩნევას კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს თავად მაუწყებელი.
ბ) მაუწყებლის მოსაზრების გამოხატვა
81. კომისიის მიერ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში მაუწყებლის პოზიციის გამოხატვა შეფასდება ინდივიდუალური გარემოებების ანალიზის გზით. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია იმის დადგენა, პოზიციას გამოხატავს თუ არა მაუწყებლის წარმომადგენელი და არის თუ არა გამოხატული რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიცია.
82. განსახილველ შემთხვევაში სადავო ფრაზები გამოთქმულია მაუწყებლის წარმომადგენლების, ახალი ამბების პროგრამების წამყვანების მხრიდან. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას ის გარემოება, რომ ფრაზები მაუწყებელს შეერაცხება. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, სახეზე იყოს მოსაზრების გამოხატვა და არა ფაქტის კონსტატაცია. ამა თუ იმ ფაქტის გადმოცემა, ცხადია, არ მიიჩნევა პოზიციის გამოხატვად.
83. ამავდროულად, კანონი უთითებს რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვაზე. მოცემულ შემთხვევაში მაუწყებლის წამყვანების მიერ წარმოთქმული ფრაზები გამოხატავს კონკრეტული ჯგუფების მხარდამჭერ, ასევე მომჩივანის საწინააღმდეგო პოზიციებს. კერძოდ, ფრაზები: „რეჟიმის პატიმრები“, „არალეგიტიმური პარლამენტი“, „ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისია“, „ეგრეთ წოდებული სასამართლო პროცესი“, „რეჟიმის საქალაქო სასამართლო“, „ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარე“, „ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი“, „ოცნების მიერ შავ სიაში შეყვანილი“, „ოლიგარქის ბიზნესპარტნიორი“, „ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო“, „რეჟიმის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი“, „პროპაგანდისტული საყრდენის ტელეკომპანია“, „ოლიგარქის დეპუტატი“, „რეჟიმის წარმომადგენლები“, „პრორუსული პოლიტიკური რეჟიმი“ და „პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა“ არის მოქმედი ხელისუფლების, შესაბამისად, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საწინააღმდეგო მოსაზრებები, ვინაიდან ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩენენ მის პოლიტიკურ საქმიანობას/შეხედულებებს. გარდა ამისა, მაუწყებლის წამყვანების მიერ წარმოთქმული სადავო ფრაზები გამოხატულია როგორც მათი საკუთარი მოსაზრებები და არა მესამე პირთა შეფასებები. ამასთანავე, შპს „ფორმულა“ თავად ადასტურებს იმას, რომ დასახელებული სადავო ფრაზები გამოხატავს მაუწყებლის მოსაზრებებს.
84. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში გამოხატულია კონკრეტული ჯგუფის მხარდამჭერი/საწინააღმდეგო პოზიცია, რითაც დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა.
3.4. ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნა
85. მომჩივანი ასევე მიუთითებს, რომ მაუწყებლის მიერ არ მოხდა ახალი ამბების პროგრამაში ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნა, რითაც დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ახალი ამბების პროგრამაში უზრუნველყოს ფაქტისა და მოსაზრების მკაფიო გამიჯვნა. მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს ჰქონდეთ წვდომა მიუკერძოებელ ახალ ამბებზე და მაუწყებლებმა უზრუნველყონ, რომ აუდიტორიისთვის ნათელი იყოს ფაქტებსა და მოსაზრებებს შორის სხვაობა.
86. როგორც აღინიშნა, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტი ზღუდავს ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებლის მოსაზრების გამოხატვას. შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტისა და მოსაზრების მკაფიო გამიჯვნის ვალდებულება ვერ გავრცელდება მაუწყებლის მიერ, რომელიმე ინტერესთა ჯგუფის სასარგებლოდ/საწინააღმდეგოდ გამოხატული მოსაზრების ფაქტისგან გამიჯვნაზე, ვინაიდან მაუწყებლის მიერ ამგვარი მოსაზრების გამოხატვა კანონით თავისთავად აკრძალულია. კერძოდ, ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებლის მიერ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება სრულად აკრძალულია, რადგან ირღვევა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც მაუწყებელი ავრცელებს სხვა სუბიექტების, მაგალითად, საზოგადოების წარმომადგენლების მოსაზრებებს, აუცილებელია უზრუნველყოს ამ მოსაზრებების ფაქტებისგან გამიჯვნა, იმგვარად, რომ მოსაზრების ავტორი იყოს მითითებული.
87. განსახილველ შემთხვევაში კომისიის მიერ დადგინდა, რომ მომჩივანის მიერ მითითებული მასალა შეეხება ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებლის მიერ რომელიმე ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი/საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვას. შესაბამისად, მაუწყებლის ამ მოსაზრების ფაქტისგან გამიჯვნის ვალდებულება არ გამომდინარეობს „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან. ამგვარად, მაუწყებლის მიერ დარღვეული არ არის „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები.
3.4. სოციალურ ქსელში განთავსებული ინფორმაცია
88. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 591 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, „მაუწყებელს ამ კანონის 52-ე, 54-ე−542, 552 და 553−564 მუხლების მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება აგრეთვე მის მიერ მასობრივი ინფორმაციის ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილი ინტერნეტდომენის ან/და ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, აგრეთვე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე (მათ შორის, სოციალურ ქსელში) ინფორმაციის განთავსების გამო“. აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესის თანახმად 54-ე მუხლის მოთხოვნები ისევე ვრცელდება მაუწყებლის სოციალურ მედიაში და ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე.
89. განსახილველ შემთხვევაში კომისიამ დაადგინა, რომ მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში პოზიციის გამოხატვით დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა. მომჩივანი მიუთითებს, რომ ანალოგიური შინაარსის ინფორმაცია გავრცელდა მაუწყებლის სოციალური ქსელის გვერდზეც. კერძოდ, სოციალური ქსელის Facebook-ის გვერდზე განთავსდა პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება ბრჭყალებში, ხოლო აღნიშნული განცხადების ავტორად მითითებული იქნა: „რეჟიმის პრემიერი ირაკლი კობახიძე”. მომჩივანის მიერ მითითებული სოციალური ქსელის გვერდი ეკუთვნის მაუწყებელს: აღნიშნული სოციალური ქსელის გვერდზე მითითებულია შპს „ფორმულას“ სახელწოდება და ლოგო, მითითებულია მაუწყებლის ვებგვერდი (www.formula.ge), რომელიც თავის მხრივ მაუწყებელს კანონმდებლობის შესაბამისად წარმოდგენილი აქვს კომისიაში და ასახულია კომისიის უწყებრივ რეესტრში.
90. სოციალური ქსელის გვერდზე მაუწყებელს ინფორმაცია გავრცელებული აქვს იმგვარად, რომ ახალი ამბების გავრცელებასთან ერთად გამოხატულია მაუწყებლის პოზიცია. კერძოდ, ახალი ამბების წარდგენასთან ერთად მაუწყებელი გამოხატავს კონკრეტული ინტერესთა ჯგუფების სასარგებლო/საწინააღმდეგო მოსაზრებას. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით ასევე იკრძალება მაუწყებლის მიერ ახალი ამბების გადაცემისას საკუთარი პოზიციის გამოხატვა, მათ შორის, სოციალური ქსელების მეშვეობით. განსახილველ შემთხვევაში მაუწყებლის მიერ გამოხატული პოზიცია (რეჟიმის პრემიერი ირაკლი კობახიძე) არის მოქმედი ხელისუფლების, შესაბამისად, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საწინააღმდეგო მოსაზრებები, ვინაიდან ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩენს მის პოლიტიკურ საქმიანობას/მმართველობას. გარდა ამისა, მაუწყებლის მიერ გავრცელებული განცხადებები გამოხატულია, როგორც მისი საკუთარი მოსაზრებები და არა მესამე პირთა შეფასებები.
91. ამრიგად, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 591 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით, მაუწყებელმა სოციალურ ქსელში ახალი ამბების გადაცემისას საკუთარი პოზიციის გამოხატვით დაარღვია „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა.
4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები
92. ამრიგად, კომისიის მიერ დგინდება, რომ მაუწყებლის მხრიდან დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 591 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 71-ე მუხლის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.
93. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 764 მუხლის მიხედვით, მაუწყებლის მიერ ამ კანონის 52-ე, 54-ე, 541, 542, 553, 56-ე და 564 მუხლების მოთხოვნათა 2025 წლის 1 ივნისამდე დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს ამ კანონით დადგენილი წესით. კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს შეუფარდოს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სანქცია, რომელიც აღსასრულებლად არ მიექცევა. მაუწყებლის მიერ ამ კანონის 52-ე, 54-ე−542, 553, 56-ე და 564 მუხლების მოთხოვნათა 2025 წლის 1 ივნისის შემდეგ დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს და მაუწყებელს შესაბამის სანქციას შეუფარდებს კანონით დადგენილი წესით.
94. უნდა აღინიშნოს, რომ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებამდე კომისიას არ განუხილავს „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში 2025 წლის 1 აპრილის კანონით (დოკუმენტის N394-IIმს-XIმპ) შესული ცვლილებით გათვალისწინებული საკითხები. კომისიას აქამდე არ უმსჯელია მაუწყებლის მიუკერძოებლობის სტანდარტებზე, არ შეუფასებია მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში მიუკერძოებლობის დაცვის, საკუთარი მოსაზრების გამოხატვის აკრძალვის მოთხოვნები. ამასთან, მაუწყებლის მიერ დარღვევა ჩადენილია (ეთერში გასვლის თარიღი) „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 764 მუხლით გათვალისწინებულ 2025 წლის 1 ივნისამდე. ამ პერიოდში ჩადენილი დარღვევებისთვის, მართალია, კომისია უფლებამოსილია, მაუწყებელს შეუფარდოს კანონით გათვალისწინებული სანქცია, თუმცა სანქცია აღსასრულებლად არ მიექცევა.
95. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია მიიჩნევს, რომ მაუწყებლებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, გაითვალისწინონ და პრაქტიკაში დანერგონ კომისიის მიერ დადგენილი სტანდარტები. შესაბამისად, კარგი მმართველობის, განსაზღვრულობისა და თანაზომიერების პრინციპების გათვალისწინებით, კომისიას მიზანშეწონილად არ მიაჩნია მაუწყებლისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება. მაუწყებელი ცნობილი უნდა იქნეს სამართალდამრღვევად „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 591 მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევის გამო და გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6, მე-7, 53-ე მუხლების, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის, 54-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 591 მუხლის მე-5 პუნქტის, 764 მუხლის, შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად:
გადაწყვიტა:
1. შპს „ფორმულა“ ცნობილი იქნეს სამართალდამრღვევად „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 591 მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევის გამო;
2. შპს „ფორმულა“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) წინამდებარე გადაწყვეტილების მხარეებისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი№64) გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის დაინტერესებული მხარისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის განმავლობაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.comcom.ge გამოქვეყნებისთანავე;
6. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (თ. ხუხუნაიშვილი) შპს „ფორმულას“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესახებ მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
7. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი