წვდომის მენიუ

შპს „სეზონი ტვ“-ის წინააღმდეგ მოქალაქეების მარიამ გაფრინდაშვილის, ნანა ქაჯაიას და ნატალია ქაჯაიას საჩივრის განსახილველად მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: გ-25-16 / 369

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 15, 2025 13:56

მიღების თარიღი ივლისი 03, 2025

შპს „სეზონი ტვ“-ის წინააღმდეგ მოქალაქეების მარიამ გაფრინდაშვილის, ნანა ქაჯაიას და ნატალია ქაჯაიას საჩივრის განსახილველად მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

მომჩივანი მხარე: მოქალაქეები მარიამ გაფრინდაშვილი, ნანა ქაჯაია და ნატალია ქაჯაია

მოპასუხე: შპს „სეზონი ტვ“

დავის საგანი:   შპს   „სეზონი   ტვ“-ისთვის   კანონმდებლობის   დარღვევისთვის   ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება

კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 3 ივლისი

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საჩივარი

1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში - კომისია) საჩივრით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/2639, თარიღი:25.06.2025) მიმართეს მოქალაქეებმა მარიამ გაფრინდაშვილმა, ნანა ქაჯაიამ და ნატალია ქაჯაიამ (შემდგომში - მომჩივანები) შპს ,,სეზონი ტვ“-ის ეთერითა და სოციალური ქსელით გავრცელებულ  პროგრამაში გადაცემის წამყვანისა და  სტუმრის მიერ მათ მიმართ გამოთქმული სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებთან დაკავშირებით და მოითხოვეს შპს „სეზონი ტვ“-ისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება.

2. საჩივრის  მიხედვით, 2025  წლის  10  ივნისს,  შპს  „სეზონი  ტვ“-ის პირდაპირ ეთერში  გაჟღერდა არაერთი უმძიმესი, ღირსების შემლახავი და აშკარად შეურაცხმყოფელი გამონათქვამი  შპს „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტების მარიამ გაფრინდაშვილის, ნანა ქაჯაიას, ნატალია ქაჯაიასა და ტელეკომპანია პირველის მიმართ. გაკეთებული განცხადებების ერთადერთი მიზანი იყო ჟურნალისტებისა და შპს „ტელეკომპანია პირველის“ დისკრედიტაცია, შეურაცხყოფა და სიძულვილის ენის ფართო აუდიტორიაში სიძულვილის დანერგვა, მტრული და უარყოფითი დამოკიდებულების გაჩენა.

3.საჩივარში აღნიშნულია, რომ დასახელებული მედიასაშუალების პირდაპირ ეთერში წამყვანებმა ნიკოლოზ მჟავანაძემ და დიტო ჩუბინიძემ საჯაროდ მოიხსენიეს შპს „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტები, როგორც „მეძავები“, ხოლო თავად ტელევიზია - „ბორდელად“.

4.საჩივრის თანახმად, გადაცემის თანაწამყვანმა დიტო ჩუბინიძემ გააკეთა შემდეგი განცხადებები:

ა) „მაგათი საგზური ის არის რომ სადღაც ექნება ბუნაგი მოწყობილი და იქ გააფორმებს.“

ბ) „ესე ყავთ ნაყიდი, რაა, ეხლა. აი, ამ 30 000 ლარად აქვთ ნაყიდი, ესე, ეს ახალგაზრდა გოგონები ყავს ნაყიდი ბატონ ელტონს, ჭყონიას.“

გ) „რაც შეეხება ამ გოგოშკებს, ელტონის გოგოშკებს. აი, არ ვიცი, რა. თქვენ რა გიწოდოთ არ ვიცი.“

დ) „ეხა, მამაშენს რომ გაეგო, ნანუკა, რომ შენ, მამის ტოლა კაცი 30 000 ლარს გაძლევს, რომ იმის შემდგომ მოიქცე ისე, როგორც იქცევი, ანუ გახდე ელტონის პუ**ნკა. რა ჭკუაზე დადგებოდა?! იმ ავტომატს ხომ შემოგიტრიალდებოდა (საუბარია ნანუკა ქაჯაიას მამაზე) აფსუებს რომ ებრძოდა და ხომ მოუშვებდა მთელ ჯერს და ჩაგცხრილავდა ადგილზე და იქნებოდი კიდევაც ჩასაცხრილი და მოსაკლავი. ხართ სამარცხვინო, სამარცხვინოები ხართ თქვენ. ერთხელ მოვიდა ეს გაფრინდაშვილი, პრესკომფერენციას ვატარებდი, დამიჯდა წინ, ცოტა შემაღლებულ ადგილზე ვიყავი, ისე დაჯდა რომ გეუბნები პრესკომფერენცია კინაღამ ჩამივარდა კაცო, ერთი ოთხი კაცი იჯდა გვერდით და წამოხტნენ ის ხალხი. ნუ არ ვიცი ახლა იმას ვერ აღვწერ ახლა ის ისე დაჯდა ეს გოგო, კაცო, რომ მე არ ვიცი ეხლა, კაცები ვართ ყველანი.“

ე) „ესენი არიან, პირდაპირ გეუბნებით, ეგ სხვათა შორის თემურ ჭყონია ადრე ამბობდა რომ ის ჩემი მეგობარიაო, სააკაშვილის და მისი ძმების საერთო მოხმარების ქალი რომ არის ხატია დეკანოიძე, ადრე იმასთან არ დადიოდა ხელიხელ გადახვეული ჩემი მეგობარიაო. ახლა ამათ აძლევს.“

ვ) „30 დოლარიც თამაშობს, ესენიც ათამაშებენ და არის ერთი ამბავი“.

ზ) „არა, გულუხვი არ არის, უბრალოდ ახლა რაც ახალგაზრდობაში დააკლდა, იმას ამ სიბერეში ისრულებს, ეტყობა, მარა. ბატონო ელტონ, თქვენ ეხლა ტრანკვილიზატორებს ან რაღაცებს ღებულობთ ალბათ, ამაჩქარებლებს და ერთი ორი კაცი ვიცი, აი, ისე გარდაიცვალნენ რომ კუბოს თავი ვერ დაახურეს და თქვენც ისე არ გაგისტუმრონ მაგ ქაჯაიებმა.“

თ) „ეხლა, რომელ დედობაზე ვლაპარაკობთ ჩვენ, ბატონო ნიკოლოზ. ქალი რომ ამას იკადრებს, ქართველი ქალი, რომელიც ყოველ დღე გამოდის ნუ რაღაცა ჭ კლასის ტელევიზიით, მაგრამ მაინც გამოდის.“

ი) „ამას რომ იკადრებს და ვაგზლის უკანასკნელი მეძავივით დაიწყებს ლაპარაკს, ასე ის ქალებიც კი არ ლაპარაკობენ. ჩვენ რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ?! და ამათი იმედი აქვს საქართველოს და აი, ესენი არიან დედები და ესენი არიან ის ხალხი ჰოი, დედანო, მარად ნეტანო.“

კ) „ეს არის უზნეო თაობა.“

ლ) „ეს არის დაღუპული თაობა.“

მ) „ათასჯერ მითქვამს და ათას მეერთეჯერ ვიტყვი, ეს არის ერის ჭუჭყი და ერის ნაგავი. ეს არის დემორალიზებული, ამორალური სოციუმი, რომელიც უკვე მკურნალობას აღარ ექვემდებარება. ეს არის ნახირი, რომელიც უნდა ჩაირეცხოს, ამათი მოტრიალება აღარ შეიძლება. ესენი ქართველები არ არიან. ამათ ეროვნება არა აქვთ. ამათ ყველაფერი დაკარგული აქვთ. სინდისიც დაკარგული აქვთ და ნამუსიც. ცხოვრებაზე და რაღაცაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. საჭმელის ჭამა არ შეიძლება ამათთან.

ეს არის აბსოლუტურად გახრწნილი ხალხი პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით. ეს არის გახრწნილი საზოგადოება. ეს არის ამორალური ხალხი, რომელიც ყარს აბსოლუტურად. რომელ ქართველობაზე გვაქვს ლაპარაკი და რომელ ქართველ ქალობაზეა ლაპარაკი. ეს არის გახრწნილი თაობა. გახრწნილი საზოგადოება. ჩვენი საზოგადოება და თუ საქართველოს გადარჩენა უწერია, ეს არის სიმსივნე, მეტასტაზი, რომელიც უნდა მოიკვეთოს. ამიტომ მე მოვუწოდებ ამ ხელისუფლებას რომ ბორდელია აბა რაა, ეს არის ბორდელი.“

ნ) „ამაზე უნდა დაიკითხოს თემურ ჭყონია და ეს გოგოები, თუ გოგოები არიან“.

5. საჩივარში აღნიშნულია, რომ გადაცემის წამყვანმა ნიკოლოზ მჟავანაძემ გააკეთა შემდეგი განცხადებები:

ა) „არა, ეს არის, ტელებორდელებს იმიტომ ვეძახით ჩვენ.“

ბ) „ამდენ ახალგაზრდა ქალბატონის გაძლება ძააან ძნელი არის, თან ენერგიული ქალბატონების. ძაან ძნელი არის და მე არ ვიცი ეხლა, მაგარი „მალინკი გიგანტ ბალშოვა სექსა“. მე ერთი რამე შემიძლია ვთქვა, ხალხო, ასე ღიად მაინც ნუ გამოიტანთ თქვენ რაღაც პირად ცხოვრებას, ცოტა რაღაცა დახურული მაინც გახადეთ ეს ყველაფერი. ხო წარმოგიდგენია 30 000 კიდევ რას აყოლებს“.

გ) „არა, ეს ბორდელები უნდა დაიხუროს, კაცო. ბორდელი, ეს არის ტვ ბორდელი. ეს არის, საქართველოში თუ კანონით თუ პროსტიტუცია აკრძალულია, დაკეტეთ ეს პროსტიტუციის წყაროები. ეხა ყოველ დღე ბორდელს ვუყურებთ, ხალხო რა უბედურებაა. პირდაპირ ეთერში იგინებიან, ილანძღებიან, თქვენი დედა, თქვენი ისა, თქვენი ესა, რა.“

6.მომჩივანები უთითებენ, რომ წამყვანების მონოლოგი/დიალოგი, გარდა იმისა რომ გადაიცემოდა მაუწყებლის პირდაპირი ეთერით, ასევე განთავსდა ფეისბუქ გვერდზე. ვიდეოებს ჰქონდა მაღალი გამოხმაურება. ის ათი ათასობით ადამიანმა ნახა, მოჰყვა შეურაცხმყოფელი განცხადებები და ამ გზით გაიზარდა ჟურნალისტებისთვისა და შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ უკანონო მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ხარისხიც.

7.საჩივრის სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით, მომჩივანები აღნიშნავენ, რომ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულია, რომ ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო. ასევე, ყველას აქვს თავისუფლად აზრის გამოხატვის უფლება, ეს მოიცავს აზრის თავისუფლად გამოხატვის, მიღების და გავრცელების თავისუფლებას. გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ კანონის საფუძველზე, როცა ის სხვათა უფლებებს, ღირსებას, თავისუფლებას ან სახელმწიფო უსაფრთხოებას აზიანებს. მოცემული მუხლი ცხადად განსაზღვრავს, რომ საზოგადოების ინფორმირების თავისუფლება არ ამართლებს სხვა პირის ღირსებისა და რეპუტაციის შელახვას, შესაბამისად საზოგადოებრივი მედიაც ვალდებულია თავი შეიკავოს დაუზუსტებელი ან ცილისმწამებლური განცხადებებისაგან.

8.მომჩივანების  განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-2 მუხლის “ც” ქვეპუნქტის თანახმად, პროგრამა არის მოძრავი გამოსახულებების კრებული, ხმით ან ხმის გარეშე, რომელიც არის ტელემაუწყებლის მიერ ორგანიზებული ქრონოლოგიური განრიგის ან გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის კატალოგის შემადგენელი ინდივიდუალური ნაწილი, მისი ხანგრძლივობის მიუხედავად, აგრეთვე პირდაპირ ან ჩანაწერის მეშვეობით რადიომაუწყებლის მიერ ეთერში ხმით გადაცემული რადიოპროდუქცია. პროგრამებს მიეკუთვნება მხატვრული, ანიმაციური და დოკუმენტური ფილმები, სპორტული ღონისძიებები, საბავშვო პროგრამები, ახალი ამბები, საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები, ვიდეორგოლები, სერიალები და ა. შ.

9.მომჩივანები უთითებენ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს 552 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, აკრძალულია ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება, რომელიც ახდენს პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, სქესის, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ადგილის ან ასაკის ნიშნის მიხედვით ძალადობის ან სიძულვილის წაქეზებას (სიძულვილის ენა), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის კონტექსტის გათვალისწინებით და არ არსებობს სიძულვილის ენის გავრცელების განზრახვა. პროგრამა ან რეკლამა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ამ პუნქტით გათვალისწინებული სიძულვილის ენის შემცველად მხოლოდ მისი შეურაცხმყოფელი ან კრიტიკული შინაარსის გამო. საჩივარში ასევე, მითითებულია ამავე კანონის 591 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, მაუწყებელს ამ კანონის 52-ე, 54-ე−542, 552 და 553−564 მუხლების მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება აგრეთვე მის მიერ მასობრივი ინფორმაციის ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილი ინტერნეტდომენის ან/და ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, აგრეთვე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე (მათ შორის, სოციალურ ქსელში) ინფორმაციის განთავსების გამო.

10.საჩივრის დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებით, საჩივარში აღნიშნულია, რომ მომჩივანები არიან დაინტერესებული პირები, რომელთა მიმართაც არის გაკეთებული განცხადებები და ის აღვივებს სიძულვილს ჟურნალისტების (დები ქაჯაიები და მარიამ გაფრინდაშვილი) სქესის ნიშნით. სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები მიმართულია უშუალოდ მომჩივანების მიმართ და მათ სახელობითად მოიხსენიებს პროგრამაში მონაწილე პირები. მათ მიერ გაკეთებული განცხადებები, მაუწყებლის ეთერით გაკეთებულმა განცხადებებმა და მას შემდგომ საკუთარ სოციალურ ქსელში განთავსებულმა ვიდეო რგოლმა, გარდა იმისა რომ წააქეზა უკანონო მოქმედებები ჟურნალისტების მისამართით, ასევე გამოიწვია მძიმე შეურაცხმყოფელი განცხადებები საზოგადოების მხრიდან და მტრული  დამოკიდებულება, რითაც  გარდა  იმისა, რომ  მომჩივანებს  მიადგათ  გამოუსწორებელი ზიანი, ასევე შეიქმნა საფრთხის შემცველი გარემო.

11.ამავე საჩივარში მომჩივანები უთითებენ, რომ მათთვის არ არის ცნობილი დღის რომელ მონაკვეთში გაკეთდა აღნიშნული განცხადებები, რადგან ინტერნეტ პლათფორმა MYVIDEO.GE-ზე აღარ არის ხელმისაწვდომი 10 ივნისის ვიდეო მასალა და ისინი ხელმძღვანელობენ სოციალურ ქსელში განთავსებული ვიდეოებით, რის გამოც კომისიას მიმართავენ შუამდგომლობით, მოპასუხე მხარისგან გამოითხოვოს აღნიშნული ინფორმაცია და შეისწავლოს რამდენად არის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში გაკეთებული განცხადებები, როგორც უხამსი ქმედებები  და  მისი  ეთერში  განთავსება, რამდენად  არღვევს  კანონის  561  მუხლის  დანაწესს  და ახორციელებს მავნე ზეგავლენას არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებზე.

2. მომჩივანის პოზიცია

12. კომისიის 2025 წლის 3 ივლისის მოსამზადებელ სხდომას ესწრებოდა მომჩივანების წარმომადგენელი თ. მიგინეიშვილი, რომელიც დაეთანხმა საჩივარში მოყვანილ გარემოებებს და მოთხოვნას. მან მიუთითა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელშიც შესული ცვლილებების შედეგად კომისია არის უფლებამოსილი განიხილოს მაუწყებლის წინააღმდეგ საჩივრები სიძულვილის  ენის  თაობაზე.  ამასთანავე,  მომჩივანები არიან  დაინტერესებული  პირები,  რადგან გაკეთებული განცხადებები მათზე ახდენს გავლენას და შესაბამისად, სიძულვილის ენის ნაწილში, პირდაპირ არის წაქეზება ამ მიმართულებით.

3. მოპასუხის პოზიცია

13. კომისიის  2025  წლის  3  ივლისის  სხდომას  ესწრებოდა  შპს  „სეზონი-ტვ“-ის წარმომადგენელი ნ. მჟავანაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ სადავო პროგრამა არ შეიცავდა შეურაცხმყოფელ განცხადებებს და წარმოდგენილი საჩივარი კომისიას არ უნდა განეხილა.

4. მხარეთა შუამდგომლობები

14.2025 წლის პირველ ივლისს, კომისიაში შემოვიდა შპს „სეზონი ტვ“-ის წერილობითი შუამდგომლობა (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/2725) განსახილველ საკითხთან დაკავშირებით პოზიციის წარდგენის ვადის გადავადების თაობაზე. მაუწყებლის განცხადებით, საჩივრის შესახებ მათთვის ცნობილი გახდა ა/წ 30 ივნისს, 17:00 საათზე, რის გამოც მნიშვნელოვნად გართულებული იყო პოზიციის სრულყოფილად მომზადება და წარმოდგენა კომისიის ა/წ 3 ივლისის სხდომისთვის.

15.კომისია აღნიშნავს, რომ ა/წ 3 ივლისს დაინიშნა მოსამზადებელი სხდომა, სადაც განიხილებოდა მოქალაქეების მარიამ გაფრინდაშვილის, ნანა ქაჯაიას და ნატალია ქაჯაიას საჩივრის დასაშვებობის საკითხი. კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მხარეებმა სადავო საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და მტკიცებულებები კომისიას უნდა წარუდგინონ მოსამზადებელ სხდომამდე ან უშუალოდ სხდომაზე. თუმცა, ამავე წესების 451 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დავა განიხილება შეჯიბრებითობის პრინციპის   საფუძველზე.    შეჯიბრებითობის    პრინციპი    არ    ზღუდავს    კომისიას    საკითხთან დაკავშირებული გარემოებების გასარკვევად საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და გამოითხოვოს მტკიცებულებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარეს მიეცემა შესაძლებლობა წარმოადგინოს საკუთარი პოზიცია დავის საგანთან დაკავშირებით მოსამზადებელი სხდომის შემდეგ. ამდენად, კომისიამ მიიჩნია, რომ შპს „სეზონი ტვ“-ის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

16.2025 წლის 2 ივლისს, კომისიაში შემოვიდა მომჩივანების წარმომადგენლის თ. მიგინეიშვილის წერილობითი შუამდგომლობა (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/2739) საკითხის არსებითი განხილვის მიზნით სხდომის ა/წ 10 ივლისს დანიშვნის თაობაზე. შუამდგომლობის თანახმად, თ. მიგინეიშვილი ვერ მიიღებდა მონაწილეობას კომისიის სხდომაში ა/წ 17, 24 და 31 ივლისს, რადგან ამ თარიღებში წარმომადგენლობას უწევდა სხვა პირს თბილისის საქალაქო სასამართლოში და მიუთითა იმაზე, რომ სისხლის სამართლის საქმეები სასამართლოში განიხილებოდა 11:00 საათიდან 18:00 საათამდე. ა/წ 3 ივლისს, კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე, მან დამატებით აღნიშნა, რომ თითქმის ყოველდღიურად შპს „სეზონი ტვ“-ის მთავარი სარედაქციო პოლიტიკა სიძულვილის ენა იყო. ამ შემთხვევაში ჟურნალისტები გახდნენ  აგრესიის და სიძულვილის ენის ადრესატები, ასევე, ხდებიან ყოველდღიურად სხვა პიროვნებები. ამიტომ, მან ითხოვა საკითხის სწრაფად განხილვა, კერძოდ, საკითხის არსებითი განხილვის ა/წ 10 ივლისს დანიშვნა, რაც მისი აზრით, გადაწყვეტილების მიღებისთვის გონივრული ვადა იყო.

17. კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხოლო მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის  გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. კომისია აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჩივარში მითითებული საკითხის სათანადოდ შესწავლა შეუძლებელი იქნებოდა მომჩივანების წარმომადგენლის მიერ მითითებულ ვადაში, რის გამოც მას უარი ეთქვა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

18. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, აგრეთვე სალიცენზიო პირობებისა და ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს კომისიას“.

19. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-7 პუნქტის  შესაბამისად, ,,საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს“.

20. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის  თანახმად „დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობა“.

21. „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს კანონის 552 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,  „აკრძალულია ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება, რომელიც ახდენს პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, სქესის, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ადგილის ან ასაკის ნიშნის მიხედვით ძალადობის ან სიძულვილის წაქეზებას (სიძულვილის ენა), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის კონტექსტის გათვალისწინებით და არ არსებობს სიძულვილის ენის გავრცელების განზრახვა. პროგრამა ან რეკლამა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ამ პუნქტით გათვალისწინებული სიძულვილის ენის შემცველად მხოლოდ მისი შეურაცხმყოფელი ან კრიტიკული შინაარსის გამო“.

22. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის პირველი პუნქტის  თანახმად, „მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან არასრულწლოვნის დაცვა“, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, „აკრძალულია პორნოგრაფიის შემცველი პროგრამის ან რეკლამის, აგრეთვე ადამიანის/მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც უხამსობას შეიცავს. ამ პუნქტით გათვალისწინებული პროგრამა ან რეკლამა (გარდა ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა შემლახავი პროგრამისა ან რეკლამისა) შეიძლება განთავსდეს მხოლოდ კოდირებული ფორმით, მომხმარებელთან ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე“. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „მაუწყებელი ვალდებულია პროგრამათა კატეგორიების დადგენის მიზნით  გამოიყენოს ამ კანონის 562 მუხლით გათვალისწინებული პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები და პროგრამები სამაუწყებლო ბადეში განათავსოს ამ მუხლით დადგენილი დროითი შეზღუდვების შესაბამისად“.

23. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ,,მაუწყებელს ამ კანონის 52-ე, 54-ე - 542, 552  და 553  - 564  მუხლების მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება აგრეთვე მის მიერ მასობრივი ინფორმაციის ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილი ინტერნეტდომენის ან/და ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, აგრეთვე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე (მათ შორის, სოციალურ ქსელში) ინფორმაციის განთავსების გამო“.

24. კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „მოსამზადებელ სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის განხილვის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, თუ დაადგენს, რომ დავის საგანი არ უკავშირდება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, ან განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, თუ განმცხადებელი/საჩივრის ავტორი განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს დამატებით ინფორმაციას ან დოკუმენტს“.

25. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ,,ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს“.

III. სამოტივაციო ნაწილი

26. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით  თუ დავის საგანი უკავშირდება კომისიის მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, კომისია უფლებამოსილია   მიიღოს საჩივარი განსახილველად და დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება. შესაბამისად, კომისიამ უნდა შეაფასოს საჩივარში დასმული საკითხები განეკუთვნება თუ არა მის უფლებამოსილებას და საჩივარი წარდგენილია თუ არა უფლებამოსილი სუბიექტის მიერ.

27. „მაუწყებლობის  შესახებ"  საქართველოს  კანონის  მე-5  მუხლის  მე-3  პუნქტის  „ვ“  ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ფუნქციებს მიეკუთვნება მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი.

28. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 552 მუხლის პირველი პუნქტი კრძალავს სიძულვილის ენის შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელებას, ხოლო ამავე კანონის 591 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ,,მაუწყებელს ამ კანონის 52-ე, 54-ე - 542, 552 და 553 - 564 მუხლების მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება აგრეთვე მის მიერ მასობრივი ინფორმაციის ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილი ინტერნეტდომენის ან/და ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, აგრეთვე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე (მათ შორის, სოციალურ ქსელში) ინფორმაციის განთავსების გამო“.

29. კომისიის  მიერ  დგინდება,  რომ  მოქალაქეები  მარიამ  გაფრინდაშვილი,  ნანა  ქაჯაია  და ნატალია ქაჯაია დავობენ შპს „სეზონი ტვ“-ის მიერ პროგრამის ეთერითა და სოციალური ქსელით (Facebook) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 552 მუხლის პირველი პუნქტითა და 591 მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევით გავრცელების თაობაზე. თავის მხრივ, შპს „სეზონი ტვ“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირია და როგორც მაუწყებელი,  ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 552  მუხლის, ასევე, 591  მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვალდებულია ეთერით გავრცელებულ პროგრამაში და ინტერნეტში, ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში ინფორმაციის განთავსებისას დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის ცალკეული ნორმების, მათ შორის, 552 მუხლის მოთხოვნები.

30. გარდა ამისა, კომისიის მიერ უნდა შემოწმდეს, რამდენად არიან მომჩივანები საჩივრის წარდგენაზე უფლებამოსილი, დაინტერესებული პირები. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი განმარტებულია, როგორც ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობა. მომჩივანების მიერ მითითებული შპს „სეზონი ტვ“-ის“ მიერ ეთერითა და ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაცია უკავშირდება უშუალოდ მათ და აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებით, მომჩივანების განცხადებით, დაირღვა მათი კანონიერი ინტერესი. შესაბამისად, მომჩივანები საჩივრის წარდგენაზე უფლებამოსილი პირი არიან.

31. მომჩივანები საჩივარში ასევე, უთითებენ შპს „სეზონი ტვ“-ის მიერ არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვის თაობაზე მოთხოვნების შესაძლო დარღვევაზე. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლი ადგენს არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვის მოთხოვნებს მაუწყებლების მიმართ. ამავე კანონის 562 მუხლი ადგენს არასრულწლოვანთათვის ასაკობრივი ნიშნით შეუფერებელი პროგრამების კატეგორიებს და სამაუწყებლო ბადეში პროგრამების განთავსების დროით შეზღუდვებს. კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ჩაატაროს შემოწმება კომისიაში შესული საჩივრის, ექს-პარტე შეტყობინების, საგაზეთო ან სხვაგვარი ინფორმაციის საფუძველზე. შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია წინამდებარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეისწავლოს შპს „სეზონი ტვ“-ის მიერ არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვის თაობაზე მოთხოვნების შესაძლო დარღვევის საკითხი.

32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას  მიაჩნია, რომ საჩივარი მიღებულ უნდა იქნეს განსახილველად და დავის განხილვის დღედ განისაზღვროს 2025 წლის 17 ივლისი. ამასთან, კომისია მიიჩნევს, რომ კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს უნდა დაევალოს მოქალაქეების მარიამ გაფრინდაშვილის, ნანა ქაჯაიას და ნატალია ქაჯაიას საჩივარში დაყენებული მოთხოვნისა და მასთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა, ასევე, საჩივარში მითითებულ პროგრამაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561  და 562  მუხლების შესაძლო დარღვევის საკითხის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების, 552  მუხლის პირველი პუნქტის, 561  და 562  მუხლების, 591 მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად:

გაწყვიტა:

1. მოქალაქეების მარიამ გაფრინდაშვილის, ნანა ქაჯაიას და ნატალია ქაჯაიას საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/2639, თარიღი:25.06.2025) შპს „სეზონი ტვ“-ის წინააღმდეგ მიღებულ იქნეს განსახილველად;

2. დავის განხილვა დაინიშნოს 2025 წლის 17 ივლისს, 15:00 საათზე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე) მოქალაქეების მარიამ გაფრინდაშვილის, ნანა ქაჯაიას და ნატალია ქაჯაიას საჩივარში დაყენებული მოთხოვნისა და მასთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე) მოქალაქეების მარიამ გაფრინდაშვილის, ნანა ქაჯაიას და ნატალია ქაჯაიას საჩივარში მითითებულ პროგრამაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561  და 562  მუხლების შესაძლო დარღვევის საკითხის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) წინამდებარე გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „სეზონი ტვ“-სთვის და მოქალაქეების მარიამ გაფრინდაშვილის, ნანა ქაჯაიას და ნატალია ქაჯაიასთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

6. გადაწყვეტილება   ძალაში   შედის   გადაწყვეტილების   სარეზოლუციო   ნაწილის   კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.

7. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).

კახი ბექაური            თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე        წევრი

ეკატერინე  იმედაძე    წევრი

ნათია კუკულაძე        წევრი

ივანე მახარაძე           წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები