შპს „სფერო ტვ“-ს მიმართ მოქალაქე კახა კუკავას საჩივრის განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 25, 2025 16:04
მიღების თარიღი ივლისი 17, 2025
შპს „სფერო ტვ“-ს მიმართ მოქალაქე კახა კუკავას საჩივრის განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
მომჩივანი: მოქალაქე: კახა კუკავა
მოპასუხე: შპს „სფერო ტვ“
დავის საგანი: შპს „სფერო ტვ“-ისთვის კანონმდებლობის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება.
კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 10 ივლისი 15:00 საათი, 17 ივლისი, 15:00 საათი.
1. მომჩივანის პოზიცია
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში - კომისია) საჩივრით (კომისიაში რეგისტრაციის 24.06.2025 Nშ-25-9/2577) მიმართა ფიზიკურმა პირმა კახა კუკავამ შპს „სფერო ტვ“- ის ეთერში განთავსებულ სიუჟეტთან დაკავშირებით და მოითხოვა შპს „სფერო ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის დაკისრება.
2. საჩივრის თანახმად, 2024 წლის 25 ოქტომბერს, 19:00 საათზე შპს „სფერო ტვ-ს“ ეთერში გავიდა სიუჟეტი და ასევე განთავსდა სოციალურ ქსელში „Facebook“-პოსტი შემდეგი სახელწოდებით - „გაერთიანება ბრძოლის ახალ ეტაპზე გადავიდა - დღეს, იურისტებმა მევახშესთან ალიანსში მყოფი, პოლიტიკოსი კახა კუკავა ამხილეს“. სიუჟეტში გამოყენებული იქნა შემდეგი ფრაზები: ა) „გაერთიანების მიერ არა ერთი მევახშე იქნა მხილებული, მათ წარმომადგენელთა რიგებში ყველასათვის კარგად ცნობილი, პოლიტიკოსი - კახა კუკავაც კი აღმოჩნდა, რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, აღნიშნული პიროვნება ახორციელებს მევახშის უფლებრივი ინტერესების დაცვას“. ბ) „იკვეთება კახა კუკავას, როგორც მევახშეების წარმომადგენლის ინტერესები“. გ) „იგი თავს არიდებს და იგი ცდილობს გაექცეს სამართლებრივ პასუხისმგებლობას“. დ) „იგი ასევე ცილისმწამებლური განცხადებების საფუძველზე შეურაცხმყოფელი ფრაზებით გამოირჩევა დაზარალებულის მიმართ“. ე) „მევახშესთან ერთად ალიანსში მყოფი პოლიტიკოსი - კახა კუკავა“.
3. მომჩივანი აღნიშნავს, რომ შპს „სფერო ტვ“-ს სიუჟეტში გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. კახა კუკავას არანაირი ინტერესი არ გააჩნია სამევახშეო საქმიანობაში და მრავალი წელია იბრძვის გამოსახლების წინააღმდეგ, ის არ ახორციელებს არცერთი მევახშის უფლების დაცვას. ასევე სიუჟეტშიც არ არის იდენტიფიცირებული ვინ არის მევახშე ან რა ფორმით ახორციელებს კახა კუკავა მისი ინტერესების დაცვას. ამასთან, კახა კუკავა არანაირ სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ არიდებს თავს, მით უფრო მაშინ როდესაც არ არსებობს არანაირი კონკრეტული სამართლებრივი პროცესი ან პასუხისმგებლობა. საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ შეურაცხყოფა კახა კუკავას არ მიუყენებია ე.წ. „დაზარალებულისათვის“ და მსგავსი რამ არ დასტურდება არც სიუჟეტში, შესაბამისად მსგავსი ფრაზების სიუჟეტში გამოყენება კახა კუკავას მიმართ ცილისწამებაა.
4. საჩივარში მითითებულია, რომ 2025 წლის 24 ოქტომბრის სიუჟეტთან დაკავშირებით, კომისიის 2025 წლის 3 აპრილის Nგ-25-16/169 გადაწყვეტილების საფუძველზე კ. კუკავამ 2025 წლის 13 აპრილს შპს „სფერო ტვ“-ს თვითრეგულირების ორგანოს საჩივრით მიმართა ელ. ფოსტაზე: info.sferotv@gmail.com თუმცა უკუკავშირი არ მიუღია.
5. საჩივრის ავტორმა კომისიისგან მოითხოვა შპს „სფერო ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის - ჯარიმის დაკისრება კანონით დადგენილი წესით.
6. შპს „სფერო ტვ“-ს მიმართ მოქალქე კახა კუკავას საჩივართან დაკავშირებით კომისიის მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2025 წლის 10 ივლისს.
7. კომისიის 2025 წლის 10 ივლისის სხდომაზე გამოცხადდნენ მომჩივანი კ. კუკავა და შპს „სფერო ტვ“-ს წარმომადგენელი ს. პეტრიაშვილი.
2. მოპასუხის პოზიცია
8. შპს „სფერო ტვ“-მ 2025 წლის 10 ივლისს კომისიაში წარმოადგინა წერილობითი შუამდგომლობა (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/2863) სხდომის გადადების თაობაზე. შპს „სფერო ტვ“-მ შუამდგომლობაში მიუთითა, რომ მომჩივანის მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე მაუწყებელს საჩივარი არ მიუღია და აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად მიმართა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“. შუამდგომლობას თანდართული აქვს ექსპერტიზის ბიუროსთან გაფორმებული ხელშეკრულება საექსპერტო მომსახურების შესახებ.
9. კომისიის 2025 წლის 10 ივლისის მოსამზადებელ სხდომაზე შპს „სფერო ტვ“-ს წარმომადგენელმა ს. პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ მისი მარწმუნებელი თანახმაა, რომ ახლაც განიხილოს საჩივარი და თვითრეგულირების ორგანოს პასუხი დაუბრუნოს მომჩივანს.
10. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ გამოთქვა მზადყოფნა საჩივრის განხილვაზე, კომისიამ მიუთითა მომჩივანს, რომ კიდევ ერთხელ გაეგზავნა საჩივარი შპს „სფერო ტვ“-ს ფაქტობრივ მისამართზე. კომისიის სხდომა გადაიდო 2015 წლის 17 ივლისისთვის.
11. 2025 წლის 17 ივლისს კომისიას წერილობით მიმართა (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/2926) შპს „სფერო ტვ“-მ და აცნობა, რომ მაუწყებელს 2025 წლის 16 ივლისს ჩაბარდა კახა კუკავას საჩივარი, რომელსაც განიხილავს მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანო კანონით დადგენილ ვადებში. მაუწყებლის წერილი გადაეგზავნა მომჩივანს.
12. 2025 წლის 17 ივლისს კომისიაში შემოვიდა კ. კუკავას განცხადება (კომისიას რეგისტრაციის Nშ-25-9/2930), რომლის მიხედვით, მომჩივანმა მოითხოვა მის საჩივართან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა, ვინაიდან „სფერო ტვ“-მ დაადასტურა საჩივრის მიღება და აიღო ვალდებულება განიხილოს იგი კანონით დადგენილი წესით.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
13. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით,„მაუწყებელი ვალდებულია ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას მაუწყებლის თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას“.
14. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 პუნქტის მიხედვით, „მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, აგრეთვე სალიცენზიო პირობებისა და ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს კომისიას“.
15. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 პუნქტის თანახმად, „საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს“.
16. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 451 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, „დავის განხილვის დაწყებისას კომისია ეკითხება მხარეებს, ხომ არ სურთ დავის მორიგებით დამთავრება. მხარეები უფლებამოსილი არიან დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვონ დავის მორიგებით დამთავრება. კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილებით დაამტკიცოს მორიგება ან არ დაეთანხმოს მორიგებას და მიიღოს სხვა გადაწყვეტილება, თუ მხარეთა მორიგება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. განმცხადებელი/საჩივრის ავტორი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე. მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის/საჩივრის ავტორის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის წარმოების შეწყვეტის თაობაზე“.
III. სამართლებრივი შეფასება
17. კომისიამ დაადგინა, რომ მოქალაქე კახა კუკავა უარს აცხადებს საჩივრის განხილვაზე და ითხოვს საჩივრის განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 451 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, განმცხადებელი/საჩივრის ავტორი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. შესაბამისად, უნდა შეწყდეს შპს „სფერო ტვ“-ს მიმართ მოქალაქე კახა კუკავას საჩივრის (24.06.2025 Nშ-25-9/2577) განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 451 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე - 98-ე მუხლების და VII თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს შპს „სფერო ტვ“-ს მიმართ მოქალაქე კ. კუკავას საჩივრის განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება.
2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) წინამდებარე გადაწყვეტილების მხარეებისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
5. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი