შპს „სეზონი ტვ“-ის წინააღმდეგ მოქალაქეების მარიამ გაფრინდაშვილის, ნანა ქაჯაიას და ნატალია ქაჯაიას საჩივრის განხილვის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 06, 2025 17:07
მიღების თარიღი ივლისი 31, 2025
შპს „სეზონი ტვ“-ის წინააღმდეგ მოქალაქეების მარიამ გაფრინდაშვილის, ნანა ქაჯაიას და ნატალია ქაჯაიას საჩივრის განხილვის თაობაზე
მომჩივანი მხარე: მოქალაქეები მარიამ გაფრინდაშვილი, ნანა ქაჯაია და ნატალია ქაჯაია
მოპასუხე: შპს „სეზონი ტვ“
დავის საგანი: შპს „სეზონი ტვ“-ისთვის კანონმდებლობის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება
კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 3, 17 და 31 ივლისი
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საჩივარი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში - კომისია) საჩივრით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/2639, თარიღი:25.06.2025) მიმართეს მოქალაქეებმა მარიამ გაფრინდაშვილმა, ნანა ქაჯაიამ და ნატალია ქაჯაიამ (შემდგომში - მომჩივანები) შპს ,,სეზონი ტვ“-ის ეთერითა და სოციალური ქსელით გავრცელებულ პროგრამაში გადაცემის წამყვანისა და სტუმრის მიერ მათ მიმართ გამოთქმული სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებთან დაკავშირებით და მოითხოვეს შპს „სეზონი ტვ“-ისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება.
2. საჩივრის მიხედვით, 2025 წლის 10 ივნისს, შპს „სეზონი ტვ“-ის პირდაპირ ეთერში გაჟღერდა არაერთი უმძიმესი, ღირსების შემლახავი და აშკარად შეურაცხმყოფელი გამონათქვამი შპს „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტების მარიამ გაფრინდაშვილის, ნანა ქაჯაიას, ნატალია ქაჯაიასა და ტელეკომპანია პირველის მიმართ. გაკეთებული განცხადებების ერთადერთი მიზანი იყო ჟურნალისტებისა და შპს „ტელეკომპანია პირველის“ დისკრედიტაცია, შეურაცხყოფა და სიძულვილის ენის ფართო აუდიტორიაში სიძულვილის დანერგვა, მტრული და უარყოფითი დამოკიდებულების გაჩენა.
3. საჩივარში აღნიშნულია, რომ დასახელებული მედიასაშუალების პირდაპირ ეთერში წამყვანებმა ნიკოლოზ მჟავანაძემ და დიტო ჩუბინიძემ საჯაროდ მოიხსენიეს შპს „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტები, როგორც „მეძავები“, ხოლო თავად ტელევიზია - „ბორდელად“.
4. საჩივრის თანახმად, გადაცემის თანაწამყვანმა დიტო ჩუბინიძემ გააკეთა შემდეგი განცხადებები: ა) „მაგათი საგზური ის არის რომ სადღაც ექნება ბუნაგი მოწყობილი და იქ გააფორმებს.“
ბ) „ესე ყავთ ნაყიდი, რაა, ეხლა. აი, ამ 30 000 ლარად აქვთ ნაყიდი, ესე, ეს ახალგაზრდა გოგონები ყავს ნაყიდი ბატონ ელტონს, ჭყონიას.“
გ) „რაც შეეხება ამ გოგოშკებს, ელტონის გოგოშკებს. აი, არ ვიცი, რა. თქვენ რა გიწოდოთ არ ვიცი.“
დ) „ეხა, მამაშენს რომ გაეგო, ნანუკა, რომ შენ, მამის ტოლა კაცი 30 000 ლარს გაძლევს, რომ იმის შემდგომ მოიქცე ისე, როგორც იქცევი, ანუ გახდე ელტონის პუ**ნკა. რა ჭკუაზე დადგებოდა?! იმ ავტომატს ხომ შემოგიტრიალდებოდა (საუბარია ნანუკა ქაჯაიას მამაზე) აფსუებს რომ ებრძოდა და ხომ მოუშვებდა მთელ ჯერს და ჩაგცხრილავდა ადგილზე და იქნებოდი კიდევაც ჩასაცხრილი და მოსაკლავი. ხართ სამარცხვინო, სამარცხვინოები ხართ თქვენ. ერთხელ მოვიდა ეს გაფრინდაშვილი, პრესკომფერენციას ვატარებდი, დამიჯდა წინ, ცოტა შემაღლებულ ადგილზე ვიყავი, ისე დაჯდა რომ გეუბნები პრესკომფერენცია კინაღამ ჩამივარდა კაცო, ერთი ოთხი კაცი იჯდა გვერდით და წამოხტნენ ის ხალხი. ნუ არ ვიცი ახლა იმას ვერ აღვწერ ახლა ის ისე დაჯდა ეს გოგო, კაცო, რომ მე არ ვიცი ეხლა, კაცები ვართ ყველანი.“
ე) „ესენი არიან, პირდაპირ გეუბნებით, ეგ სხვათა შორის თემურ ჭყონია ადრე ამბობდა რომ ის ჩემი მეგობარიაო, სააკაშვილის და მისი ძმების საერთო მოხმარების ქალი რომ არის ხატია დეკანოიძე, ადრე იმასთან არ დადიოდა ხელიხელ გადახვეული ჩემი მეგობარიაო. ახლა ამათ აძლევს.“
ვ) „30 დოლარიც თამაშობს, ესენიც ათამაშებენ და არის ერთი ამბავი“.
ზ) „არა, გულუხვი არ არის, უბრალოდ ახლა რაც ახალგაზრდობაში დააკლდა, იმას ამ სიბერეში ისრულებს, ეტყობა, მარა. ბატონო ელტონ, თქვენ ეხლა ტრანკვილიზატორებს ან რაღაცებს ღებულობთ ალბათ, ამაჩქარებლებს და ერთი ორი კაცი ვიცი, აი, ისე გარდაიცვალნენ რომ კუბოს თავი ვერ დაახურეს და თქვენც ისე არ გაგისტუმრონ მაგ ქაჯაიებმა.“
თ) „ეხლა, რომელ დედობაზე ვლაპარაკობთ ჩვენ, ბატონო ნიკოლოზ. ქალი რომ ამას იკადრებს, ქართველი ქალი, რომელიც ყოველ დღე გამოდის ნუ რაღაცა ჭ კლასის ტელევიზიით, მაგრამ მაინც გამოდის.“
ი) „ამას რომ იკადრებს და ვაგზლის უკანასკნელი მეძავივით დაიწყებს ლაპარაკს, ასე ის ქალებიც კი არ ლაპარაკობენ. ჩვენ რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ?! და ამათი იმედი აქვს საქართველოს და აი, ესენი არიან დედები და ესენი არიან ის ხალხი ჰოი, დედანო, მარად ნეტანო.“
კ) „ეს არის უზნეო თაობა.“
ლ) „ეს არის დაღუპული თაობა.“
მ) „ათასჯერ მითქვამს და ათას მეერთეჯერ ვიტყვი, ეს არის ერის ჭუჭყი და ერის ნაგავი. ეს არის დემორალიზებული, ამორალური სოციუმი, რომელიც უკვე მკურნალობას აღარ ექვემდებარება. ეს არის ნახირი, რომელიც უნდა ჩაირეცხოს, ამათი მოტრიალება აღარ შეიძლება. ესენი ქართველები არ არიან. ამათ ეროვნება არა აქვთ. ამათ ყველაფერი დაკარგული აქვთ. სინდისიც დაკარგული აქვთ და ნამუსიც. ცხოვრებაზე და რაღაცაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. საჭმელის ჭამა არ შეიძლება ამათთან.
ეს არის აბსოლუტურად გახრწნილი ხალხი პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით. ეს არის გახრწნილი საზოგადოება. ეს არის ამორალური ხალხი, რომელიც ყარს აბსოლუტურად. რომელ ქართველობაზე გვაქვს ლაპარაკი და რომელ ქართველ ქალობაზეა ლაპარაკი. ეს არის გახრწნილი თაობა. გახრწნილი საზოგადოება. ჩვენი საზოგადოება და თუ საქართველოს გადარჩენა უწერია, ეს არის სიმსივნე, მეტასტაზი, რომელიც უნდა მოიკვეთოს. ამიტომ მე მოვუწოდებ ამ ხელისუფლებას რომ ბორდელია აბა რაა, ეს არის ბორდელი.“
ნ) „ამაზე უნდა დაიკითხოს თემურ ჭყონია და ეს გოგოები, თუ გოგოები არიან“.
5. საჩივარში აღნიშნულია, რომ გადაცემის წამყვანმა ნიკოლოზ მჟავანაძემ გააკეთა შემდეგი განცხადებები:
ა) „არა, ეს არის, ტელებორდელებს იმიტომ ვეძახით ჩვენ.“
ბ) „ამდენ ახალგაზრდა ქალბატონის გაძლება ძააან ძნელი არის, თან ენერგიული ქალბატონების. ძაან ძნელი არის და მე არ ვიცი ეხლა, მაგარი „მალინკი გიგანტ ბალშოვა სექსა“. მე ერთი რამე შემიძლია ვთქვა, ხალხო, ასე ღიად მაინც ნუ გამოიტანთ თქვენ რაღაც პირად ცხოვრებას, ცოტა რაღაცა დახურული მაინც გახადეთ ეს ყველაფერი. ხო წარმოგიდგენია 30 000 კიდევ რას აყოლებს“.
გ) „არა, ეს ბორდელები უნდა დაიხუროს, კაცო. ბორდელი, ეს არის ტვ ბორდელი. ეს არის, საქართველოში თუ კანონით თუ პროსტიტუცია აკრძალულია, დაკეტეთ ეს პროსტიტუციის წყაროები. ეხა ყოველ დღე ბორდელს ვუყურებთ, ხალხო რა უბედურებაა. პირდაპირ ეთერში იგინებიან, ილანძღებიან, თქვენი დედა, თქვენი ისა, თქვენი ესა, რა.“
6. მომჩივანები უთითებენ, რომ წამყვანების მონოლოგი/დიალოგი, გარდა იმისა რომ გადაიცემოდა მაუწყებლის პირდაპირი ეთერით, ასევე განთავსდა ფეისბუქ გვერდზე. ვიდეოებს ჰქონდა მაღალი გამოხმაურება. ის ათი ათასობით ადამიანმა ნახა, მოჰყვა შეურაცხმყოფელი განცხადებები და ამ გზით გაიზარდა ჟურნალისტებისთვისა და შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ უკანონო მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ხარისხიც.
7. საჩივრის სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით, მომჩივანები აღნიშნავენ, რომ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულია, რომ ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო. ასევე, ყველას აქვს თავისუფლად აზრის გამოხატვის უფლება, ეს მოიცავს აზრის თავისუფლად გამოხატვის, მიღების და გავრცელების თავისუფლებას. გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ კანონის საფუძველზე, როცა ის სხვათა უფლებებს, ღირსებას, თავისუფლებას ან სახელმწიფო უსაფრთხოებას აზიანებს. მოცემული მუხლი ცხადად განსაზღვრავს, რომ საზოგადოების ინფორმირების თავისუფლება არ ამართლებს სხვა პირის ღირსებისა და რეპუტაციის შელახვას, შესაბამისად საზოგადოებრივი მედიაც ვალდებულია თავი შეიკავოს დაუზუსტებელი ან ცილისმწამებლური განცხადებებისაგან.
8. მომჩივანების განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “ც” ქვეპუნქტის თანახმად, პროგრამა არის მოძრავი გამოსახულებების კრებული, ხმით ან ხმის გარეშე, რომელიც არის ტელემაუწყებლის მიერ ორგანიზებული ქრონოლოგიური განრიგის ან გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის კატალოგის შემადგენელი ინდივიდუალური ნაწილი, მისი ხანგრძლივობის მიუხედავად, აგრეთვე პირდაპირ ან ჩანაწერის მეშვეობით რადიომაუწყებლის მიერ ეთერში ხმით გადაცემული რადიოპროდუქცია. პროგრამებს მიეკუთვნება მხატვრული, ანიმაციური და დოკუმენტური ფილმები, სპორტული ღონისძიებები, საბავშვო პროგრამები, ახალი ამბები, საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები, ვიდეორგოლები, სერიალები და ა. შ.
9. მომჩივანები უთითებენ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს 552 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, აკრძალულია ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება, რომელიც ახდენს პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, სქესის, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ადგილის ან ასაკის ნიშნის მიხედვით ძალადობის ან სიძულვილის წაქეზებას (სიძულვილის ენა), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის კონტექსტის გათვალისწინებით და არ არსებობს სიძულვილის ენის გავრცელების განზრახვა. პროგრამა ან რეკლამა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ამ პუნქტით გათვალისწინებული სიძულვილის ენის შემცველად მხოლოდ მისი შეურაცხმყოფელი ან კრიტიკული შინაარსის გამო. საჩივარში ასევე, მითითებულია ამავე კანონის 591 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, მაუწყებელს ამ კანონის 52-ე, 54-ე−542, 552 და 553−564 მუხლების მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება აგრეთვე მის მიერ მასობრივი ინფორმაციის ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილი ინტერნეტდომენის ან/და ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, აგრეთვე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე (მათ შორის, სოციალურ ქსელში) ინფორმაციის განთავსების გამო.
10. საჩივრის დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებით, საჩივარში აღნიშნულია, რომ მომჩივანები არიან დაინტერესებული პირები, რომელთა მიმართაც არის გაკეთებული განცხადებები და ის აღვივებს სიძულვილს ჟურნალისტების (დები ქაჯაიები და მარიამ გაფრინდაშვილი) სქესის ნიშნით. სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები მიმართულია უშუალოდ მომჩივანების მიმართ და მათ სახელობითად მოიხსენიებს პროგრამაში მონაწილე პირები. მათ მიერ გაკეთებული განცხადებები, მაუწყებლის ეთერით გაკეთებულმა განცხადებებმა და მას შემდგომ საკუთარ სოციალურ ქსელში განთავსებულმა ვიდეო რგოლმა, გარდა იმისა რომ წააქეზა უკანონო მოქმედებები ჟურნალისტების მისამართით, ასევე გამოიწვია მძიმე შეურაცხმყოფელი განცხადებები საზოგადოების მხრიდან და მტრული დამოკიდებულება, რითაც გარდა იმისა, რომ მომჩივანებს მიადგათ გამოუსწორებელი ზიანი, ასევე შეიქმნა საფრთხის შემცველი გარემო.
11. ამავე საჩივარში მომჩივანები უთითებენ, რომ მათთვის არ არის ცნობილი დღის რომელ მონაკვეთში გაკეთდა აღნიშნული განცხადებები, რადგან ინტერნეტ პლათფორმა MYVIDEO.GE-ზე აღარ არის ხელმისაწვდომი 10 ივნისის ვიდეო მასალა და ისინი ხელმძღვანელობენ სოციალურ ქსელში განთავსებული ვიდეოებით, რის გამოც კომისიას მიმართავენ შუამდგომლობით, მოპასუხე მხარისგან გამოითხოვოს აღნიშნული ინფორმაცია და შეისწავლოს რამდენად არის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში გაკეთებული განცხადებები, როგორც უხამსი ქმედებები და მისი ეთერში განთავსება, რამდენად არღვევს კანონის 561 მუხლის დანაწესს და ახორციელებს მავნე ზეგავლენას არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებზე.
12. 2025 წლის 3 ივლისს კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება Nგ-25-16/369 „შპს „სეზონი ტვ“-ის წინააღმდეგ მოქალაქეების მარიამ გაფრინდაშვილის, ნანა ქაჯაიას და ნატალია ქაჯაიას საჩივრის განსახილველად მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ“.
2. მომჩივანის პოზიცია
13. კომისიის 2025 წლის 17 ივლისის სხდომას ესწრებოდა მომჩივანების წარმომადგენელი თ. მიგინეიშვილი, რომელმაც მხარი დაუჭირა საჩივარს და აღნიშნა, რომ კომისიამ ყურადღება უნდა გაამახვილოს, პირველ რიგში, სადავო პროგრამაში განთავსებულ შინაარსზე. მისი შეფასებით, მას არანაირი ახსნა და გამართლება არ აქვს. თ. მიგინეიშვილის განმარტებით, გადაცემა მიეძღვნა მომჩივანებს არა რომელიმე საჯარო ინტერესის მქონე საკითხის გაშუქების მიზნით, არამედ მომჩივანების, როგორც მდედრობითი სქესის წარმომადგენლების საზოგადოებაში დაკნინების და არა მხოლოდ ამ მიზნით. მათ მიმართ სიძულვილის ენის წამქეზებელი ფრაზები იყო გამოყენებული. მომჩივანების წარმომადგენელმა გაამახვილა ყურადღება მაუწყებლის/გადაცემის წამყვანის ვალდებულებაზე გაემიჯნოს გადაცემაში გამოთქმულ სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებს, რასაც მისი განცხადებით, განსახილველ შემთხვევაში ადგილი ჰქონია ჰქონია. შესაბამისად, გადაცემის მიზანი იყო მომჩივანების შეურაცხყოფა. მისი განცხადებით. საჩივარი შემოიტანეს იმიტომ, რომ ამ ფორმით გაჟღერებული ფრაზებით ხდება სიძულვილის ენის წაქეზება, რომელსაც შეიძლება რეალურად, სხვა უფრო მძიმე გაგრძელება მოჰყვეს. გადაცემაში წამყვანმა და სტუმარმა გამოხატეს დამოკიდებულება მომჩივანების მიმართ როგორც მდედრობითი სქესის წარმომადგენლების მიმართ. თ. მიგინეიშვილის განცხადებით, ასევე, ადგილი არ ჰქონია კანონით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებს, როგორიცაა პროგრამის კონტექსტით გამართლება და სიძულვილის ენის გავრცელების განზრახვის არარსებობა. გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება და მას შეზღუდვები აქვს მაშინ, როდესაც განსაკუთრებით შეურაცხყოფას აყენებენ სხვა პიროვნებებს. თ. მიგინეიშვილის განმარტებით, პროგრამაში თითოეული ფრაზა ისე არის მოყვანილი, რომ საერთო კონტექსტითაც და ცალ-ცალკეც, არის სიძულვილის ენის წამქეზებელი.
3. მოპასუხის პოზიცია
14. კომისიის 2025 წლის 17 ივლისის სხდომას ესწრებოდა შპს „სეზონი-ტვ“-ის წარმომადგენელი ნ. მჟავანაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ მომჩივანებთან დაკავშირებულ ფაქტს გადაცემის მცირე მონაკვეთი დაეთმო. კერძოდ, „პოსტვ“-ის ჟურნალისტი ნათია ბერიძე დაუკავშირდა კომპანია „კოკა- კოლას“ პრეზიდენტს, თემურ ჭყონიას და უთხრა, რომ „ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ თქვენ აფინანსებთ ნანუკა ქაჯაიას“. ამ შემთხვევაში ჭყონიამ დაუდასტურა: "მე 30,000 ლარს ვაძლევ და თუ შენ იმეგობრებ ჩემთან, შენც მოგცემ". ნ. მჟავანაძემ აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული კომპანია საკმაოდ ცნობილი ფირმაა და ასევე, ცნობადები არიან ჟურნალისტები, რამაც გამოიწვია დაინტერესება საკითხისადმი, ხომ არ ჰქონდა ადგილი ჟურნალისტების მოსყიდვას. გადაცემაში გამოყენებულ ცალკეულ სადავო ფრაზებთან დაკავშირებით (მათ შორის, როგორიცაა „ეს არის უზნეო თაობა“), ნ. მჟავანაძემ აღნიშნა, რომ ისინი გადაცემაში საუბრობდნენ ყველა თემაზე, მათ შორის, მომჩივან ჟურნალისტებზე, ასევე, მიტინგში მონაწილე ახალგაზრდებზე. სიტყვა „ტელებორდელებთან“ დაკავშირებით, მაუწყებლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ისინი ზოგადად მედიის საკითხს განიხილავდნენ პოლიტიკურ ჭრილში. მან განაცხადა, რომ გადაცემაში გამოყენებული ფრაზები არ იყო შეურაცხმყოფელი.
4. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა
15. ა/წ 31 ივლისს, კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა წარმოადგინა დასკვნა (კომისიაში რეგისტრაციის N25-10-1669; 31.07.2025), რომლის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ გამოთხოვილ იქნა შპს „სეზონი ტვ“-ისგან ვიდეო ჩანაწერი და შესწავლილ იქნა მომჩივანის მიერ მითითებული სრული გადაცემა. შპს „სეზონი ტვ“-ის მიერ წარმოდგენილი ვიდეო ჩანაწერიდან დგინდება, რომ მომჩივანის მიერ მითითებული გადაცემა „დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან“ შპს „სეზონი ტვ“-ის ეთერში გავიდა მიმდინარე წლის 9 ივნისს 21:00 საათზე და დასრულდა 22:16 საათზე. დასკვნის თანახმად, საჩივარში მოყვანილია გადაცემის ფარგლებში ნიკოლოზ მჟავანაძისა და დიტო ჩუბინიძის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომლებიც მომჩივანთა აზრით, შეიცავს სიძულვილის ენას. კერძოდ, ჟურნალისტები მოიხსენიებიან როგორც „მეძავები“, ხოლოტელეკომპანია „პირველი“ – „ბორდელად“. მომჩივანები მიიჩნევენ, რომ ამ განცხადებების მიზანი იყო მათი დისკრედიტაცია და სიძულვილის ენის გავრცელება, რაც არღვევს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 552 მუხლის მოთხოვნებს. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ გადაცემის კონტექსტი ეხებოდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხს, კერძოდ, ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, სადაც ბიზნესმენი თემურ ჭყონია სატელეფონო საუბარში აღნიშნავს, რომ ის უხდის ხელფასს „გაფრინდაშვილსა და ქაჯაიებს“. დეპარტამენტი არ იკვლევს აღნიშნული ჩანაწერის, ან მასში გაჟღერებული ამბის ფაქტობრივ სისწორეს, თუმცა აღნიშნავს, რომ გადაცემაში სწორედ ამ საკითხის განხილვა მიმდინარეობდა, რაც განსაზღვრავს განცხადებების გაკეთების კონტექსტს და გადაცემის სპიკერების განზრახვაც ამ ამბის გაშუქება იყო. დასკვნის მიხედვით, საჩივარში მოყვანილი ციტატების ნაწილი, მაგალითად, „ამას რომ იკადრებს და ვაგზლის უკანასკნელი მეძავივით დაიწყებს ლაპარაკს“ და „გახდე ელტონის პუ**ნკა“, აშკარად შეიცავს შეურაცხმყოფელ და ღირსების შემლახავ ელემენტებს. თუმცა, ზოგიერთი განცხადება, როგორიცაა „ეს არის უზნეო თაობა“ ან „ეს არის დაღუპული თაობა“, არის ზოგადი შეფასება, რომელიც არ მიემართება კონკრეტულ პირებს. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 552 მუხლის თანახმად, სიძულვილის ენად არ მიიჩნევა განცხადება მხოლოდ მისი შეურაცხმყოფელი ან კრიტიკული ხასიათის გამო. გამონათქვამის სიძულვილის ენად კვალიფიკაციისთვის საჭიროა სახეზე იყოს ძალადობის წაქეზება ან მისი გამართლების/მოწონების აშკარა განზრახვა კანონით განსაზღვრული ნიშნ(ებ)ის მიხედვით, რაც ამ შემთხვევაში არ დასტურდება. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის შეფასებით, მიუხედავად განცხადებების შეურაცხმყოფელი ხასიათისა, ისინი არ აკმაყოფილებენ სიძულვილის ენის განმარტებას, რადგან არ იკვეთება ძალადობის წაქეზება, მოწონება ან წახალისება სქესის ნიშნით, რაზეც მომჩივანი აპელირებს, არამედ განცხადებები კონკრეტულ პირებს მიემართება ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული აუდიოჩანაწერის განხილვის კონტექსტში. განცხადებები არ იწვევს გონივრულ ალბათობას, რომ მათ შედეგად განხორციელდეს ძალადობრივი ქმედებები მომჩივანთა ან მათი ჯგუფის მიმართ. განცხადებები, მიუხედავად იმისა, რომ შეურაცხმყოფელ ხასიათს ატარებდა, არ აკმაყოფილებს სიძულვილის ენის დეფინიციას.
16. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი ასკვნის, რომ საჩივარში მოყვანილი განცხადებები, მიუხედავად მათი შეურაცხმყოფელი ხასიათისა, არ აკმაყოფილებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 552 მუხლით განსაზღვრულ სიძულვილის ენის კრიტერიუმებს, რადგან არ იკვეთება ძალადობის წაქეზების ან მისი გამართლების განზრახვა სქესის ან კანონით განსაზღვრული სხვა რომელიმე ნიშნით. თუმცა, განცხადებების ნაწილი არღვევს ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებსა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ ნორმებს, რაც მაუწყებლის მხრიდან გასათვალისწინებელია.
17. დასკვნის თანახმად, არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვის საკითხთან დაკავშირებით ვიდეოჩანაწერის შესწავლისას გამოვლინდა, რომ პროგრამა „დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან“, შეიცავდა შეურაცხმყოფელ ლექსიკას. კერძოდ, 9 ივნისს 21:09 საათზე გადაცემის წამყვანი ამბობს - „სხვათა შორის ამ ნანუკა ქაჯაიაზე თქვა მე გიშვილოთო მინდაო, არ ვიცი ეტყობა იმ ქალმა ვერ გაამართლა მისი იმედები პიდ***სტების შოუებს, რომ აწყობდა“. 21:12 საათზე გადაცემის სტუმარი ამბობს - „ეხა, მამაშენს რომ გაეგო, ნანუკა, რომ შენ, მამის ტოლა კაცი 30 000 ლარს გაძლევს, რომ იმის შემდგომ მოიქცე ისე, როგორც იქცევი, ანუ გახდე ელტონის პუ**ნკა. რა ჭკუაზე დადგებოდა?!“. ასევე, 21:17 საათზე ეთერში განთავსდა ვიდეო რგოლი სადაც ჟღერდება შემდეგი ფრაზა - „აქ ვინმე ქოცი ხომ არ არის შემთხვევით? ძაან კარგი, ვინც არის იმის დედას შე**ცი“. ასევე, 21:19 საათზე გადაცემის წამყვანი - „თუ პრობლემა გაქ და კაცი ვერ მოგინახია თქვით, ამ პიდ***სტებთან რომ დადიხართ ეგ არის მაგის ბრალი“. ასევე, 21:34 საათზე გადაცემის წამყვანი - „9 ჯერ გათხოვილი ქალი, 10 ჯერ ნაბ**ავები, 10 ჯერ ნასექსავები“.
18. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის შეფასებით, პროგრამა შეიცავდა შეურაცხმყოფელ ლექსიკას, რომლის გამოყენებაც არ იყო კონტექსტით გამართლებული. შესაბამისად, იგი განეკუთვნება 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელ პროგრამას. ამასთან, პროგრამა ეთერში გავიდა 21:00 საათზე (შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენების ფაქტები ფიქსირდება 21:00-საათიდან 22:16-ის ჩათვლით გასულ გადაცემაში). „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა დაუშვებელია ეთერში განთავსდეს 6 - დან 23 საათამდე. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, დეპარტამენტს მიაჩნია, შპს „სეზონი ტვ-ის“ მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-2 პუნქტის და მე-5 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის მოთხოვნები.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
19. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, აგრეთვე სალიცენზიო პირობებისა და ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს კომისიას“.
20. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,„საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს“.
21. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად,„დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობა“.
22. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა“.
23. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 552 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „აკრძალულია ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება, რომელიც ახდენს პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, სქესის, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ადგილის ან ასაკის ნიშნის მიხედვით ძალადობის ან სიძულვილის წაქეზებას (სიძულვილის ენა), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის კონტექსტის გათვალისწინებით და არ არსებობს სიძულვილის ენის გავრცელების განზრახვა. პროგრამა ან რეკლამა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ამ პუნქტით გათვალისწინებული სიძულვილის ენის შემცველად მხოლოდ მისი შეურაცხმყოფელი ან კრიტიკული შინაარსის გამო“.
24. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან არასრულწლოვნის დაცვა“, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, „მაუწყებელს ეკრძალება შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდებისა და სათანადო საეთერო დროის განსაზღვრის გარეშე ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში ისეთი მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას, ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობასა და სოციალიზაციას.“ ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „მაუწყებელი ვალდებულია პროგრამათა კატეგორიების დადგენის მიზნით გამოიყენოს ამ კანონის 562 მუხლით გათვალისწინებული პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები და პროგრამები სამაუწყებლო ბადეში განათავსოს ამ მუხლით დადგენილი დროითი შეზღუდვების შესაბამისად“, ხოლო მე-5 პუნქტის მიხედვით, „მაუწყებელი ვალდებულია სამაუწყებლო ბადე დაგეგმოს შემდეგი შეზღუდვების გათვალისწინებით: ა) 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 24 საათამდე; ბ) 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 23 საათამდე; გ) 12 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 21 საათამდე; დ) 7 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 21 საათამდე“.
25. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „მედიამომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული/გავრცელებული პროგრამის, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა.“
26. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „კომისია ვალდებულია მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებს დააკისროს ჯარიმა, თუ მათ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრეს გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულეს კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მათ აღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინეს ახალი დარღვევა“, ხოლო 72-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2 500 ლარისა.“
III. სამოტივაციო ნაწილი
1. შესწავლილი მტკიცებულებები
27. მოქალაქეების მარიამ გაფრინდაშვილის, ნანა ქაჯაიას და ნატალია ქაჯაიას საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/2639, თარიღი:25.06.2025) თანდართული მასალით (ამონაბეჭდები სოციალური ქსელიდან, პროგრამის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, მინდობილობა);
28. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა (N25-10-1669; 31.07.2025);
29. შპს „სეზონი ტვ“-ის ეთერში ა/წ 9 ივნისს განთავსებული პროგრამის „დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან“ ამსახველი ვიდეოჩანაწერი.
30. შპს „სეზონი ტვ“-ის შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საჯარო რეესტრიდან;
31. კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N25-10-1659; 30.07.2025);
32. მხარეთა მიერ კომისიის სხდომებზე მიცემული ახსნა-განმარტებები.
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
33. შპს „სეზონი ტვ“ არის მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი.
მტკიცებულება: შპს „სეზონი ტვ“-ის შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან;
34. 2025 წლის 9 ივნისს, 21:00 საათზე შპს „სეზონი ტვ“-ის ეთერში გავიდა პროგრამა „დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან“, რომელიც დასრულდა 22:16 საათზე;
მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა (N25-10-1669; 31.07.2025) და ამავე დასკვნით წარმოდგენილი პროგრამის ამსახველი ვიდეოჩანაწერი;
35. მაუწყებლის მიერ მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვანთა დაცვის მოთხოვნების შესრულების საკითხის შესწავლისას გამოვლინდა, რომ 2025 წლის 9 ივნისს, 21:09 საათზე, შპს „სეზონი ტვ“-ის ეთერში განთავსებულ გადაცემაში „დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან“ წამყვანმა წარმოთქვა შემდეგი ფრაზა: „სხვათა შორის ამ ნანუკა ქაჯაიაზე თქვა მე გიშვილოთო მინდაო, არ ვიცი ეტყობა იმ ქალმა ვერ გაამართლა მისი იმედები პიდ***სტების შოუებს, რომ აწყობდა“. ამავე გადაცემაში, 21:12 საათზე გადაცემის სტუმარმა გამოიყენა შემდეგი ფრაზა: „ეხა, მამაშენს რომ გაეგო, ნანუკა, რომ შენ, მამის ტოლა კაცი 30 000 ლარს გაძლევს, რომ იმის შემდგომ მოიქცე ისე, როგორც იქცევი, ანუ გახდე ელტონის პუ**ნკა. რა ჭკუაზე დადგებოდა?!“.ასევე, 21:17 საათზე შპს „სეზონი ტვ“-ის ეთერში განთავსდა ვიდეო რგოლი სადაც გაჟღერდა შემდეგი ფრაზა - „აქ ვინმე ქოცი ხომ არ არის შემთხვევით? ძაან კარგი, ვინც არის იმის დედას შე**ცი“. 21:19 საათზე გადაცემის წამყვანმა წარმოთქვა შემდეგი ფრაზა: „თუ პრობლემა გაქ და კაცი ვერ მოგინახია თქვით, ამ პიდ***სტებთან რომ დადიხართ ეგ არის მაგის ბრალი“. 21:34 საათზე გადაცემის წამყვანმა გამოიყენა შემდეგი ფრაზა: „ცხრა ჯერ გათხოვილი ქალი, ათჯერ ნაბ**ავები, ათჯერ ნასექსავები“.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა (N25-10-1669; 31.07.2025) და ამავე დასკვნით წარმოდგენილი პროგრამის ამსახველი ვიდეოჩანაწერი;
36. შპს „სეზონი ტვ“-ის მიმართ მსგავსი/იდენტური სამართალდარღვევის ჩადენისთვის გამოყენებული იყო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სხვადასხვა სახე ბოლო ერთი წლის განმავლობაში. კერძოდ, კომისიის 2025 წლის 26 ივნისის Nგ-25-18/333 გადაწყვეტილებით შპს „სეზონი ტვ“-ს დაეკისრა ჯარიმა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-2 პუნქტის და მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო, ხოლო 2024 წლის 17 ოქტომბრის Nგ-24-18/491 გადაწყვეტილებით, შპს „სეზონი ტვ“-ის მიეცა წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-2 პუნქტის და მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო.
მტკიცებულება: შპს „სეზონი ტვ“-ის შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან 3. 1. სიძულვილის ენა
38. სიძულვილის ენის ამკრძალავი ნორმა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შემოღებულია აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების შესახებ 2010/13/EU დირექტივასთან ჰარმონიზების მიზნით. კერძოდ, დირექტივის მე-6 მუხლი შეეხება ძალადობის ან სიძულვილის წაქეზების აკრძალვას ევროკავშირის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შესახებ ქარტიის 21-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით.
39. ზემოხსენებული შინაარსობრივი აკრძალვა მიზნად ისახავს იმ პირის ან პირთა ჯგუფის ინტერესების დაცვას, რომლებსაც უშუალოდ მიემართება პროგრამა/რეკლამა ან რომელთა გამოსახულებაც არის გამოყენებული პროგრამაში/რეკლამაში. კერძოდ, სიძულვილის ენის ამკრძალავი საკანონმდებლო ჩარჩო მიმართულია ხსენებულ პირთა ისეთი საფრთხეებისგან დაცვაზე, როგორიცაა მაგალითად, გარკვეული ნიშნით გამორჩეული პირთა ჯგუფის დისკრიმინაცია, მათზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა და სხვ. კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვა ასევე, ემსახურება მედიამომსახურების აუდიტორიის უფლებების დაცვას. აუდიტორიას აქვს უფლება, შესაბამისი სტანდარტების დაცვით იყოს ინფორმირებული საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებისა და მათ შესახებ არსებული თვალსაზრისების თაობაზე.
40. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით გავრცელებული პროგრამისა და რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის ვალდებულება აქვთ მედიამომსახურების მიმწოდებელ პირებს, მათ შორის, მაუწყებლებს. ამასთანავე, ზემოაღნიშნული შინაარსობრივი აკრძალვა შეეხება ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, გასართობ, შემეცნებით და ნებისმიერ სხვა ტიპის პროგრამებს (ანონსებს), ისევე როგორც რეკლამის ყველა კატეგორიას - კომერციულ, სოციალურ და წინასაარჩევნო/პოლიტიკურ რეკლამას.
41. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 552 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შინაარსობრივი აკრძალვა შეეხება როგორც ჩანაწერის მეშვეობით, ისე - პირდაპირ ეთერში განთავსებულ მასალას, იმის მიუხედავად, აკრძალული შინაარსის გამოხატვას ავრცელებს მედიამომსახურების მიმწოდებლის წარმომადგენელი თუ მესამე პირი მედიამომსახურების მიმწოდებლის მეშვეობით.
42. საკანონმდებლო ნორმის მიხედვით აკრძალვა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
ა) პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ ძალადობის ან სიძულვილის წაქეზება - გამოხატვა, რომ სიძულვილის ენის შემცველად იქნეს მიჩნეული აუცილებელია იგი აქეზებდეს ძალადობას ან სიძულვილს კანონით გათვალისწინებულ რომელიმე ნიშანს მიკუთვნებული პირების ან პირთა ჯგუფის მიმართ. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია გაანალიზდეს მასალის ფორმა, შინაარსი, გავრცელების ფორმატი, კონტექსტი და ა. შ. სიძულვილის ან ძალადობის წაქეზების არსებობის დადგენისათვის საყურადღებო ინდიკატორების/კრიტერიუმების შერჩევისას კომისია იხელმძღვანელებს საერთაშორისო გამოცდილებით. ამ სფეროში არსებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ავტორიტეტული დოკუმენტია რაბათის სამოქმედო გეგმა ეროვნული, რასობრივი ან რელიგიური ნიშნით სიძულვილის ადვოკატირების აკრძალვის თაობაზე.1 რაბათის სამოქმედო გეგმის მიხედვით, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგი კრიტერიუმები: კონტექსტი, სპიკერი, განზრახვა, ფორმა და შინაარსი, გავრცელების არეალი, ზიანის ალბათობა/მყისიერება.
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, სქესის, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ადგილის ან ასაკის ნიშანი - იმისათვის, რომ გავრცელებული სიძულვილის ენა მოექცეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შინაარსობრივი აკრძალვის ქვეშ, ის უნდა იყოს მიმართული პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ შემდეგი ერთ-ერთი ნიშნის მიხედვით: ა) შეზღუდული შესაძლებლობა, ბ) ეთნიკური ნიშანი, გ) სოციალური წარმომავლობა, დ) სქესი, ე) ეროვნება, ვ) რასა, ზ) რელიგია ან რწმენა, თ) სექსუალური ორიენტაცია, ი) კანის ფერი, კ) გენეტიკური მახასიათებლები, ლ) ენა, მ) პოლიტიკური შეხედულება, ნ) სხვა შეხედულება, ო) ეროვნული უმცირესობის წევრობა, პ) ქონება, ჟ) დაბადების ადგილი, რ) ასაკის ნიშანი.
გ) გამონაკლისის არარსებობა - სიძულვილის ენის გავრცელება არ არის კონტექსტით გამართლებული - კანონი საგანგებოდ გამოყოფს შემთხვევას, როდესაც, მართალია სიძულვილის ენა, შესაძლოა, ფორმალურად გავრცელდეს მედიამომსახურების პროგრამაში, თუმცა პროგრამის კონტექსტით ეს გამართლებული იყოს და არ იქნეს მიჩნეული მართლსაწინააღმდეგოდ. კერძოდ, აკრძალვა არ ვრცელდება შემთხვევებზე, როდესაც „ეს აუცილებელია პროგრამის კონტექსტის გათვალისწინებით და არ არსებობს სიძულვილის ენის გავრცელების განზრახვა“. მაგალითად, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ განხილულ საქმეზე „იერსილდი დანიის წინააღმდეგ მომჩივანი იყო ჟურნალისტი, რომელმაც მოამზადა დოკუმენტური გადაცემა, სადაც აისახა ადგილობრივი ახალგაზრდების ჯგუფის „მწვანეჟაკეტებიანების“ 3 წევრის ინტერვიუ. ახალგაზრდები აკეთებდნენ შეურაცხმყოფელ კომენტარებს ემიგრანტებისა და დანიაში მყოფი სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლების მიმართ. მომჩივანს მსჯავრი დაედო რასობრივი რემარკების გავრცელებისთვის. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა გამოხატვის თავისუფლება, ვინაიდან ჟურნალისტი აშუქებდა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან, საჭირბოროტო საკითხს და დოკუმენტური გადაცემა ერთობლივად აღებული არ ქმნიდა რასისტული შეხედულებების და იდეების პროპაგანდას, არამედ იგი - საზოგადოებას ინფორმაციას აწვდიდა მნიშვნელოვანი სოციალური საკითხის შესახებ.2 1 „რაბათის სამოქმედო გეგმა ეროვნული, რასობრივი ან რელიგიური ნიშნით სიძულვილის ადვოკატირების აკრძალვის თაობაზე, რომელიც აქეზებს დისკრიმინაციას, მტრობას ან ძალადობას“ დასკვნები და რეკომენდაციები, ექსპერტთა მე-4 რეგიონალური სამუშაო შეხვედრა, OHCHR, ექსპერტების დამტკიცდა რაბათში, მოროკოში 2012 წლის 5 ოქტომბერს, https://www.ohchr.org/sites/default/files/Rabat_draft_outcome.pdf 2 ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის 1994 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „იერსილდი დანიის წინააღმდეგ“, საჩივარი No. 1589/89,
43. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 552 მუხლში მოცემული, ზემოთმოყვანილი კრიტერიუმები გამოხატვის კანონით აკრძალული სიძულვილის ენად კვალიფიკაციისთვის სავალდებულო და კუმულაციურია. კერძოდ, იმისათვის, რომ მედიამომსახურების მიმწოდებელს სიძულვილის ენის გავრცელების გამო პასუხისმგებლობა დაეკისროს, აუცილებელია, სახეზე იყოს, პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ ძალადობის ან სიძულვილის წაქეზება, რომელიმე ამ ნორმით გათვალისწინებული ნიშანი და არ არსებობდეს აკრძალვიდან გამონაკლისი - კონტექსტით გამართლება.
44. ამასთანავე, კანონი საგანგებოდ მიუთითებს, რომ პროგრამა ან რეკლამა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სიძულვილის ენის შემცველად მხოლოდ მისი შეურაცხმყოფელი ან კრიტიკული შინაარსის გამო. შესაბამისად, მხოლოდ შეურაცხმყოფელი ან კრიტიკული შინაარსის არსებობა არ არის საკმარისი სიძულვილის ენად კვალიფიკაციისთვის.
3.2. შპს „სეზონი ტვ”-ის ეთერში განთავსებული პროგრამის შეფასება სიძულვილის ენის კონტექსტში
45. კომისიის მიერ დადგენილია, რომ 2025 წლის 9 ივნისს, 21:00 საათზე შპს „სეზონი ტვ“-ის ეთერში გავიდა გადაცემა „დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან“. მომჩივანები სადავოდ ხდიან იმ გარემოებას, რომ აღნიშნულ პროგრამაში წამყვანმა და მოწვეულმა სტუმარმა მათ შესახებ წარმოთქვეს სქესის ნიშნით სიძულვილის ენის შემცველი ფრაზები, რითაც მათი შეფასებით, შპს „სეზონი ტვ“-იმ დაარღვია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 552 მუხლის პირველი პუნქტი და ასევე, 591 მუხლის მე-5 პუნქტი, სადავო პროგრამის სოციალურ ქსელში განთავსების გამო.
46. როგორც კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2025 წლის 31 ივლისის დასკვნიდან (N25-10-1669) ირკვევა, გადაცემის კონტექსტი ეხებოდა საზოგადოებრივ- პოლიტიკურ საკითხს, კერძოდ, ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, სადაც, გადაცემის წამყვანების მტკიცებით, ერთ-ერთი ბიზნესმენი სატელეფონო საუბარში ადასტურებს, რომ ის უხდის ხელფასს „გაფრინდაშვილსა და ქაჯაიებს“. ამდენად, გადაცემაში ეს საკითხი განიხილებოდა და გადაცემის წამყვანისა და მოწვეული სტუმრის განზრახვა სწორედ ამ გავრცელებული ინფორმაციის გაშუქება და ამ საკითხზე მოსაზრებების გამოხატვა იყო.
47. როგორც აღინიშნა, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 552 მუხლით გათვალისწინებული სიძულვილის ენის იდენტიფიცირებისას უნდა შეფასდეს არის თუ არა სახეზე ამავე მუხლით განსაზღვრული ნიშნით პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ სიძულვილის ან ძალადობის წაქეზება. თავის მხრივ, სიძულვილის ან ძალადობის წაქეზების არსებობის დადგენისათვის საყურადღებო ინდიკატორების/კრიტერიუმების შერჩევისას კომისია იხელმძღვანელებს საერთაშორისო გამოცდილებით, რომლის მიხედვითაც, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგი კრიტერიუმები: კონტექსტი, სპიკერი, განზრახვა, ფორმა და შინაარსი, გავრცელების არეალი, ზიანის ალბათობა/მყისიერება.
48. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სეზონი ტვ“-ის ეთერში ა/წ 9 ივნისს განთავსებულ პროგრამაში „დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან“ მომჩივანების მიმართ წარმოთქმული ფრაზები იყო უაღრესად შეურაცხმყოფელი და დამაკნინებელი. ამასთან, როგორც აღინიშნა, მხოლოდ შეურაცხმყოფელი ან კრიტიკული შინაარსის არსებობა არ არის საკმარისი სიძულვილის ენად კვალიფიკაციისთვის. ამისთვის აუცილებელია გამოხატვამ მიაღწიოს იმ კრიტიკულ ნიშნულს, როდესაც ზემოთჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით ხდება განსაზღვრული ნიშნით პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ სიძულვილის ან ძალადობის წაქეზება. განსახილველ შემთხვევაში შეურაცხმყოფელი და კრიტიკული შინაარსის გამოხატვა უკავშირდებოდა ცალკეული პირების საზოგადოებრივ-პოლიტიკური და პროფესიული საქმიანობის კრიტიკას. როგორც აღინიშნა, საკითხის შეფასებისას კომისია მხედველობაში იღებს საქართველოს კონსტიტუციით და კონვენციით აღიარებულ გამოხატვის თავისუფლების მოთხოვნებს. გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, საზოგადოებრივ- პოლიტიკურ, პროფესიულ საკითხებზე კრიტიკა დაცვის მაღალი სტანდარტით სარგებლობს. შესაბამისად, ასეთ შემთხვევებში მაღალია გამოხატვის სიძულვილის ენად მიჩნევის ზღვარი. განსახილველ შემთხვევაში სიძულვილის გამოხატვის ფორმისა და შინაარსის, აგრეთვე დასახელებული კონტექსტის ანალიზით არ იკვეთება სქესის ნიშნით პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ ძალადობის ან სიძულვილის წაქეზება და არც ასეთი განზრახვა. მიუხედავად მაუწყებლის ეთერში განთავსებული მასალის შეურაცხმყოფელი შინაარსის სიმძიმისა, მაუწყებლის მიერ გავრცელებული გამოხატვა (მომჩივანების მიერ სადავოდ მიჩნეული ფრაზები) არ გასცდენია კანონმდებლობით დადგენილ ზღვარს, რომლის მიღმა გამოხატვა მიიჩნეოდა სიძულვილის ენის გავრცელებად.
49. ამრიგად, საქმეზე არსებული მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ პროგრამაში მომჩივანების შესახებ წარმოთქმული ფრაზებით მოხდა მომჩივანების მიმართ სქესის ნიშნით სიძულვილის/ზიზღის და ძალადობის წაქეზება. ასევე, არ იკვეთება გონივრული ალბათობა იმისა, რომ გადაცემის წამყვანისა და მოწვეული სტუმრის მიერ მომჩივანების მიმართ გამოხატული დამოკიდებულება გამოიწვევს ან შესაძლოა გამოიწვიოს მსგავსი შედეგი.
50. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული წარმოების მასალების შესწავლის საფუძველზე დგინდება, რომ სახეზე არ არის სიძულვილის ენის კვალიფიკაციისთვის სავალდებულო და კუმულაციური პირობები. ამასთან, მხოლოდ შეურაცხმყოფელი შინაარსის არსებობა არ არის საკმარისი სიძულვილის ენის ამკრძალავი ნორმის დარღვევის ფაქტის დადგენისთვის. ამდენად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „სეზონი ტვ“-ის წინააღმდეგ მოქალაქეების მარიამ გაფრინდაშვილის, ნანა ქაჯაიას და ნატალია ქაჯაიას საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
51. ამასთანავე, კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ 54-ე მუხლის მიხედვით, „მაუწყებელმა უნდა დაიცვას საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტები, რათა უზრუნველყოს საზოგადოების წარმომადგენელთა დაცვა მავნე და შეურაცხმყოფელი მასალისგან.“ მაუწყებელმა პროგრამაში ინფორმაციის გავრცელებისას უნდა გაითვალისწინოს გამოსაქვეყნებელი მასალის კონტექსტი და მხედველობაში მიიღოს მოსალოდნელი ზიანისა და შეურაცხყოფის მიყენების ფორმა, რომელიც შესაძლებელია მოახდინოს პროგრამაში გარკვეული შინაარსის მასალის გავრცელებამ. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „სეზონი ტვ“ პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვასა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებას, რაც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ზნეობისა და ადამიანური ღირებულებების დასაცავად, საზოგადოებრივი თანხმობისა და ტოლერანტობის განსამტკიცებლად.
3.3. არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვის მოთხოვნების დარღვევის საკითხი
52. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი მაუწყებელს აკისრებს ვალდებულებას დაიცვას არასრულწლოვნების ინტერესები და შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდების მინიჭებითა და დროითი შეზღუდვის გათვალისწინებით დაგეგმოს სამაუწყებლო ბადე. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მაუწყებელმა 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ უნდა განათავსოს 6 საათიდან 23 საათამდე. თავის მხრივ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 562 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევს პროგრამას (ანონსს), რომელიც შეიცავს შეურაცხმყოფელ ლექსიკას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს კონტექსტით გამართლებულია. ამრიგად, პროგრამა, რომელიც შეიცავს შეურაცხმყოფელ ლექსიკას და ეს კონტექსტით არ არის გამართლებული, დაუშვებელია მაუწყებლის ეთერში განთავსდეს 6 საათიდან 23 საათამდე. ამასთანავე, როგორც კომისიამ ზემოთ აღნიშნა, კომისიის 2009 წლის 12 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ 54-ე მუხლის მიხედვით, „მაუწყებელმა უნდა დაიცვას საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტები, რათა უზრუნველყოს საზოგადოების წარმომადგენელთა დაცვა მავნე და შეურაცხმყოფელი მასალისგან.“ ამდენად, საქართველოს კანონმდებლობა შეურაცხმყოფელი ლექსიკის შემცველი პროგრამის გავრცელებას, საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტების დარღვევად მიიჩნევს, ასევე, 23:00 საათის შემდეგ.
53. როგორც კომისიის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, შპს „სეზონი ტვ“-ის ეთერში განთავსებული პროგრამა განეკუთვნება 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელ პროგრამას. კერძოდ, პროგრამის სტუმრისა და წამყვანის მიერ გამოყენებულია შეურაცხმყოფელი ლექსიკა (დეტალურად იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 35-ე პარაგრაფი).
54. იმის შესაფასებლად, იყო თუ არა შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენება კონტექსტით გამართლებული, მნიშვნელოვანია, მხედველობაში იქნეს მიღებული პროგრამის ბუნება და პროგრამის არსის გადმოცემაში შეურაცხმყოფელი ლექსიკის ფუნქცია. მაგალითად, კომისია კონტექსტით გამართლებულად მიიჩნევს შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენებას მაშინ, როდესაც ეს განპირობებულია პერსონაჟის მახასიათებლებით და ნაწარმოების მხატვრული ღირებულებით (იხ.„შპს „ფორმულასათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2020 წლის 31 დეკემბრის №გ-20-18/966 გადაწყვეტილება). კომისია მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამის მნიშვნელობისა და ფუნქციის გათვალისწინებით, ასეთ პროგრამებში შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენება არ არის კონტექსტით გამართლებული (იხ. შპს „სეზონი ტვ”-ისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2024 წლის 17 ოქტომბრის№გ-24-18/491 გადაწყვეტილება; „შპს ,,სეზონი ტვ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ" კომისიის 2022 წლის 9 დეკემბრის №გ-22-18/523 გადაწყვეტილება). ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენება მოხდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში, შესაბამისად, არ იყო კონტექსტით გამართლებული.
55. აღსანიშნავია, რომ შეურაცხმყოფელი ლექსიკა განთავსდა შპს „სეზონი ტვ“-ის პირდაპირ ეთერში. პირდაპირ ეთერში არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამის განთავსებასთან დაკავშირებით კომისიის პრაქტიკა მიუთითებს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 და 562 მუხლების გათვალისწინებით მაუწყებელი ვალდებულია გაატაროს გონივრული და ეფექტიანი ღონისძიებები არასრულწლოვნებისთვის მავნე ზეგავლენის მომხდენი ინფორმაციის გავრცელების აღსაკვეთად. ასეთ გონივრულ ღონისძიებად შეიძლება მიჩნეულ იქნეს პროგრამის პირდაპირ ეთერში გადაცემის შეჩერება ან პროგრამის წამყვანის (ან მაუწყებლის სხვა წარმომადგენლის) ინტერვენცია, რომლის ფარგლებშიც წამყვანი შეაწყვეტინებს მესამე პირს (სტუმარს, რესპოდენტს) არასრულწლოვნისთვის მავნე ზეგავლენის მომხდენი ინფორმაციის გავრცელებას და გაემიჯნება მის შინაარსს. ასეთივე ეფექტურ და გონივრულ საშუალებად შეიძლება ჩაითვალოს სათანადო ტექნოლოგიური გადაწყვეტების გამოყენება, რომლებიც უზრუნველყოფს პირდაპირი ეთერით გასული გადაცემის დაყოვნების შესაძლებლობას (ე.წ. “Broadcast delay”) და მაუწყებელს შესაძლებლობას მისცემს რეალურ დროში ჩაერიოს და ეთერში არ განათავსოს ისეთი მასალა, რომელიც არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 და 562 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები ვრცელდება როგორც პირდაპირ, ასევე, ჩანაწერის მეშვეობით, ეთერში გადაცემულ ტელერადიოპროდუქციაზე და მოიცავს ნებისმიერი ტიპისა და კატეგორიის პროგრამას. გარდა ამისა, მაუწყებელს აქვს ვალდებულება, გაატაროს სათანადო ეფექტური და გონივრული ღონისძიებები, რათა აღიკვეთოს არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ინფორმაციის ეთერში გავრცელება, როგორც მაუწყებლის წარმომადგენლების (მაგალითად, წამყვანის), ისე - მესამე პირების (მაგალითად, რესპონდენტების) მიერ“ (იხ. „შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ მერი მელქაძის საჩივრის განხილვის თაობაზე" კომისიის 2021 წლის 12 აგვისტოს N გ-21-16/475 გადაწყვეტილება; ,,შპს „სეზონი ტვ”- ისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2024 წლის 17 ოქტომბრის№გ-24-18/491 გადაწყვეტილება; „შპს ,,სეზონი ტვ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ" კომისიის 2022 წლის 9 დეკემბრის №გ-22-18/523 გადაწყვეტილება).
56. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სეზონი ტვ“-ის მიერ საზოგადოებრივ- პოლიტიკურ გადაცემაში 21:00-საათიდან 22:16-საათის ჩათვლით განთავსდა 15 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი პროგრამა, რომელიც შეიცავდა შეურაცხმყოფელ ლექსიკას და ეს არ იყო კონტექსტით გამართლებული. ამასთან, დარღვევა სრულად შეერაცხება მაუწყებელს, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაცემის წამყვანი თავად იყენებდა შეურაცხმყოფელ ლექსიკას და მეორე მხრივ, მან არ შეაჩერა სტუმრის მხრიდან შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენება. შესაბამისად, მაუწყებლის მიერ დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-2 პუნქტის და მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები.
4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები
57. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „სეზონი ტვ“-იმ სამართალდარღვევა ჩაიდინა 2025 წლის 9 ივნისს, კომისიის 2024 წლის 17 ოქტომბრის Nგ-24-18/491 გადაწყვეტილებით მისთვის მსგავსი დარღვევის ჩადენისთვის წერილობითი გაფრთხილების მიცემის შემდეგ 1 წლის განმავლობაში და კომისიის 2025 წლის 26 ივნისის Nგ-25-18/333 გადაწყვეტილებით ჯარიმის დაკისრებამდე პერიოდში, შპს „სეზონი ტვ“-ის ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 72- ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უნდა დაეკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა. ვინაიდან, შპს ,,სეზონი ტვ“-ის წლიური შემოსავალი შეადგენს 0 ლარს, კომპანიას უნდა დაეკისროს ჯარიმის მინიმალური ოდენობა - 2500 ლარი.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6, მე-7, 53-ე მუხლების, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის, 552 მუხლის პირველი პუნქტის, 561 და 562 მუხლების, 70-ე, 71-ე და 72-ე მუხლების, კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად:
გადაწყვიტა:
1. არ დაკმაყოფილდეს მოქალაქეების მარიამ გაფრინდაშვილის, ნანა ქაჯაიას და ნატალია ქაჯაიას საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/2639, თარიღი:25.06.2025) შპს „სეზონი ტვ“-ის წინააღმდეგ;
2. შპს „სეზონი ტვ“-ის დაეკისროს ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-2 პუნქტის და მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
3. შპს „სეზონი ტვ“-იმ უზრუნველყოს:
ა) წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა ამ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900; ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი - 302003251;
ბ) ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა, გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას წინამდებარე გადაწყვეტილების მხარეებისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
7. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) შპს „სეზონი ტვ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა.
8. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი).
9. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
