წვდომის მენიუ

შპს „სფერო ტვ“-ის წინააღმდეგ მოქალაქე კახა კუკავას საჩივრის განხილვის თაობაზე

ნომერი: გ-25-16 / 469

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 19, 2025 15:35

მიღების თარიღი სექტემბერი 18, 2025

შპს „სფერო ტვ“-ის წინააღმდეგ მოქალაქე კახა კუკავას საჩივრის განხილვის თაობაზე

მომჩივანი მხარე: კახა კუკავა

მოპასუხე: შპს „სფერო ტვ“

დავის საგანი: შპს „სფერო ტვ“-ისთვის კანონმდებლობის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება

კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 11 სექტემბერი, 18 სექტემბერი

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში-კომისია) საჩივრით (კომისიაში რეგისტრაციის  Nშ-25-6/3495;  თარიღი:  19.08.2025)  მიმართა  ფიზიკურმა  პირმა  კახა  კუკავამ შპს „სფერო ტვ“- ის ეთერში განთავსებულ სიუჟეტთან დაკავშირებით და მოითხოვა შპს „სფერო ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის დაკისრება.

2.საჩივრის თანახმად, 2024 წლის 25 ოქტომბერს, 19:00 საათზე შპს „სფერო ტვ-ს“ ეთერში გავიდა სიუჟეტი და ასევე განთავსდა სოციალურ ქსელში „Facebook“-პოსტი შემდეგი სახელწოდებით -„გაერთიანება ბრძოლის ახალ ეტაპზე გადავიდა - დღეს, იურისტებმა მევახშესთან ალიანსში მყოფი, პოლიტიკოსი კახა კუკავა ამხილეს“.   სიუჟეტში გამოყენებული იქნა შემდეგი ფრაზები: ა) „გაერთიანების მიერარა ერთი მევახშე იქნა მხილებული,  მათ წარმომადგენელთა რიგებში ყველასათვის კარგად ცნობილი, პოლიტიკოსი-კახა კუკავაც კი აღმოჩნდა, რაც არ უნდა გასაოცარი იყოს,  აღნიშნული პიროვნება  ახორციელებს  მევახშის  უფლებრივი  ინტერესების  დაცვას“.  ბ) „იკვეთება კახა კუკავას, როგორც მევახშეების წარმომადგენლის ინტერესები“. გ) „იგი თავს არიდებს და იგი ცდილობს გაექცეს სამართლებრივ პასუხისმგებლობას“. დ) „იგი ასევე ცილისწამებლური განცხადებების საფუძველზე შეურაცხმყოფელი ფრაზებით გამოირჩევა დაზარალებულის მიმართ“. ე) „მევახშესთან ერთად ალიანსში მყოფი პოლიტიკოსი - კახა კუკავა“.

3.მომჩივანი აღნიშნავს, რომ შპს „სფერო ტვ“-ს სიუჟეტში გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. კახა კუკავას არანაირი ინტერესი არ გააჩნია სამევახშეო საქმიანობაში და მრავალი წელია იბრძვის გამოსახლების წინააღმდეგ, ის არ ახორციელებს არცერთი მევახშის უფლების დაცვას. ასევე სიუჟეტშიც არ არის იდენტიფიცირებული ვინ არის მევახშე ან რა ფორმით ახორციელებს კახა კუკავა მისი ინტერესების დაცვას. ამასთან, კახა კუკავა არანაირ სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ არიდებს თავს, მით უფრო მაშინ როდესაც არ არსებობს არანაირი კონკრეტული სამართლებრივი პროცესი ან პასუხისმგებლობა. საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ  შეურაცხყოფა კახა კუკავას არ მიუყენებია ე.წ. „დაზარალებულისათვის“ და მსგავსი რამ არ დასტურდება არც სიუჟეტში, შესაბამისად მსგავსი ფრაზების სიუჟეტში გამოყენება კახა კუკავას მიმართ ცილისწამებაა.

4. საჩივრის თანახმად, შპს „სფერო ტვ“ წარმოადგენს შპს „სფერო ჰოლდინგთან“ და „იპოთეკითა და „მევახშეებისგან“  დაზარალებულთა  გაერთიანებასთან“  დაკავშირებულ  კომპანიას,  რომლის დამფუძნებელია გიგა წულეისკირი. მომჩივანის მტკიცებით, აღნიშნული სიუჟეტის მომზადებაში მონაწილეობდა „იპოთეკითა და „მევახშეებისგან“ დაზარალებულთა გაერთიანების“ იურისტი სოფო პეტრიაშვილი, რომელიც, წარმოადგენდა წულეისკირის ინტერესებს და ახორციელებდა გამოძალვას, კერძოდ, კახა კუკავასგან მოითხოვდა, რომ მას ზეგავლენა მოეხდინა სხვა პირზე - კერძო მესაკუთრეზე, რომ მას გაესხვისებინა თავისი ქონება წულეისკირზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა, რომ გავიდოდა მისი მაკომპრომატირებელი სიუჟეტი.  საჩივარში მითითებულია, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მომჩივანმა მიმართა შპს „სფერო ტვ“-ს თუმცა უკუკავშირი არ მიუღია.

5. საჩივრის ავტორი მიუთითებს შემდეგ სამართლებრივ საფუძვლებზე: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, საწყისი განცხადების გაკეთებიდან (მათ შორის, ფაქტის მოყვანიდან) 10 დღის ვადაში შესაბამის მაუწყებელს მოსთხოვოს, მისცეს მას შესაძლებლობა, თავად უზრუნველყოს საწყის განცხადებაში მოყვანილი არასწორი (მცდარი) ფაქტის შესწორება ან უარყოფა მაუწყებლის ეთერში თანაზომიერი საშუალებებითა და ფორმით, საწყისი განცხადების ხანგრძლივობით და დაახლოებით იმ დროს, როდესაც საწყისი განცხადება გაკეთდა, ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, პასუხის უფლებაზე მაუწყებლის უარი შეიძლება გასაჩივრდეს კომისიაში ან სასამართლოში. საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, რომელთა მიხედვით, მაუწყებლები ვალდებული არიან უზრუნველყონ ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. მაუწყებლები ვალდებული არიან ახალი ამბების პროგრამებში უზრუნველყონ ფაქტებთან და მოვლენებთან დაკავშირებული ყველა საგულისხმო განსხვავებული აზრის სათანადოდ წარმოჩენა რომელიმე ჯგუფისა თუ აზრის დისკრიმინაციის გარეშე. მომჩივანი ასევე აპელირებს კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებულ „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ 30-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, მაუწყებელმა და მისმა თანამშრომლებმა თავიდან უნდა აიცილონ ინტერესთა კონფლიქტი, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობას და სამართლიანობას“.

6. მომჩივანს მიაჩნია, რომ შპს „სფერო ტვ“-მ დაარღვია ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმები და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ითხოვს მაუწყებლისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას.

7. საჩივრის ავტორმა მოსამზადებელ სხდომაზე დააზუსტა მოთხოვნა და კომისიისგან მოითხოვა შპს „სფერო ტვ“-ს თვითრეგულირების ორგანოს ეფექტიანობის საკანონმდებლო მოთხოვნის დარღვევისთვის შპს „სფერო ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის  დაკისრება კანონით დადგენილი წესით.

8. კომისიის 2025 წლის 11 სექტემბრის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „სფერო ტვ“-ის წარმომადგენელი ს. პეტრიაშვილი და მომჩივანი - კახა კუკავა.

9. მომჩივანმა კომისიას განუმარტა, რომ მხარს უჭერს წარმოდგენილ საჩივარს. ამასთან, აღნიშნა, რომ თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილება მისთვის დღემდე არ არის ცნობილი და არც ამ ორგანოს სხდომაზე არ     ყოფილა მიწვეული. მას მხოლოდ წერილის სახით ეცნობა გადაწყვეტილების შინაარსი კომისიის 27 აგვისტოს მოსამზადებელი სხდომის დაწყებამდე ზუსტად 1 წუთით ადრე.

10. მოპასუხის წარმომადგენელმა, ს. პეტრიაშვილმა განმარტა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს საწყისი განცხადების გაკეთებიდან, მათ შორის ფაქტების მოყვანიდან, 10 დღის ვადაში შესაბამის მაუწყებელს მოსთხოვოს, მისცეს მას შესაძლებლობა თავად უზრუნველყოს განცხადებაში მოყვანილი არასწორი, შეცდომაში შემყვანი ფაქტის შესწორება. მისი პოზიციით, თუ მომჩივანი თვლიდა, რომ კონკრეტულ სიუჟეტში კონკრეტული ფაქტობრივი გარემოება ან გადმოცემული ინფორმაცია იყო არასწორი, შეცდომაში შემყვანი,   თავდაპირველი განცხადების გაკეთებიდან, 10 დღიან ვადაში მას უფლება ჰქონდა მიემართა  შპს „სფეროტვ“-ს თვითრეგულირების საბჭოსთვის. მაშინ როდესაც მიმართვა გაკეთებულია 2025 წლის 13 აპრილს - 10 დღიან ვადას და სამართლებრივ ნაწილს რომ სიღრმისეულად ჩაუღრმავდნენ, ანუ ამ დეტალს, მას თავის საჩივარი 10 დღიანი ვადის დარღვევით და გასულია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.   მიუხედავად ამის, საბჭომ მაინც განიხილა საჩივარი, თუმცა,   თვითრეგულირების საბჭოს სხდომაზე მომჩივანის მოწვევა არ განხორციელდა იმის გამო, რომ კახა კუკავას სამართლებრივად, უკვე სასამართლოში მიმართული აქვს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. შპს „სფერო ტვ“ აქ მოპასუხედ არის ზუსტად იმავე დავის საგანზე ჩართული და 2025 წლის 23 სექტემბერს აქვთ თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი. შესაბამისად, მისი უშუალოდ თვითრეგულირების საბჭოს სხდომაზე მოწვევა და სხდომაზე კიდევ სიღრმისეულად მისი მოთხოვნის განხილვა, არ მიიჩნიეს მართებულად, როდესაც მისი პოზიცია წერილობითი სახით კომუნიკაციების კომისიაშიც დაფიქსირებული იყო და წერილობითი პოზიცია მაუწყებელსაც მიღებული ჰქონდა. იმ წერილობითი პოზიციით იხელმძღვანელა საბჭომ.

11. მოპასუხის წარმომადგენელმა, ასევე, განმარტა, რომ შპს „სფერო ტვ“-ის თვითრეგულირების ორგანო იყო ერთსაფეხურიანი, შედგებოდა 6 წევრისგან და სააპელაციო ორგანო არ ჰქონდა მაუწყებელს.

12. შპს „სფერო ტვ“-ის წარმომადგენელმა ასევე, ისაუბრა ვებგვერდთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ 2025 წლის 2 მაისის განცხადებით მის მიერ კომისიაში იყო წარმოდგენილი წერილი ვებგვერდის შესახებ, სადაც იყო მითითებული ინფორმაციაა თვითრეგულირების საბჭოს თავმჯდომარის, მისი მონაცემების, საბჭოს წევრთა სიის და ოდენობის შესახებ. თუმცა, ამ ეტაპისთვის ვებგვერდი არის განახლების პროცესში, რაც განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ტელევიზიაში მიმდინარეობს შიდა პროცესები (უნდა განახლდეს ბადე, გადანაწილდეს ფუნქციები და სხვ.).

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

13. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,„მაუწყებელი ვალდებულია ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას მაუწყებლის თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და  დასაბუთებულ რეაგირებას.“ ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით „მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმი მოიცავს მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს და მაუწყებლის თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოს.“;

14.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების (გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა), აგრეთვე სალიცენზიო პირობებისა და ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, მიმართოს კომისიას, ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევაზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის  ფარგლებში; ამავე კანონის  მე-14 მუხლის მე-7 პუნქტის  შესაბამისად, „საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს“;

15.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“  ქვეპუნქტის  თანახმად,„დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი ან  იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე  პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს  მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობა“;

16.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,„მაუწყებელი ვალდებულია ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას მაუწყებლის თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას“. ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილება ქცევის კოდექსით დადგენილი წესით საჩივრდება მაუწყებლის თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოში, რომელსაც ქმნის მაუწყებელი ან მაუწყებელთა გაერთიანება და რომელიც ფუნქციონირებს ქცევის კოდექსის შესაბამისად“;

17. 2024 წლის 25 ოქტომბრისთვის მოქმედი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების, აგრეთვე ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევაზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრული მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების, ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული საკითხების, აგრეთვე ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრული მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში, კომისიაში ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება დაუშვებელია, გარდა ამ კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

18. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ავტორიზებული პირი ვალდებულია „დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა“.

19. „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  451   მუხლის  მე-13  პუნქტის  შესაბამისად,„საქართველოში ავტორიზებულმა პირმა თავის ვებგვერდზე უნდა უზრუნველყოს სულ მცირე შემდეგი ინფორმაციის მარტივი და მუდმივი ხელმისაწვდომობა: ა) ავტორიზებული პირის სახელი; ბ) ავტორიზებული პირის იურიდიული მისამართი და ფაქტობრივი მისამართი; გ) ავტორიზებული პირის საკონტაქტო მონაცემები, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის მისამართი, რაც უზრუნველყოფს მასთან სწრაფი და ეფექტიანი დაკავშირების შესაძლებლობას; დ) ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომისია არის ის კომპეტენტური მარეგულირებელი ორგანო, რომელსაც ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა შეუძლია მიმართოს ავტორიზებული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დარღვევის ჩადენის შემთხვევაში.“;

20. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“   (შემდგომში - ქცევის კოდექსი) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „დაინტერესებულ პირს საწყისი განცხადების გაკეთებიდან, მათ შორის, ფაქტის მოყვანიდან 10 დღის ვადაში უფლება აქვს მოსთხოვოს შესაბამის მაუწყებელს საწყის განცხადებაში მოცემული მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორება ან უარყოფა საწყისი განცხადების ხანგრძლივობით და დაახლოებით იმ დროს, როდესაც გაკეთდა საწყისი განცხადება „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  52-ე  მუხლით დადგენილი წესით“.

21. ქცევის კოდექსის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, „მაუწყებელს უფლება აქვს აირჩიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და ამ კოდექსის შესაბამისად, რომელიც შეესაბამება მაღალ პროფესიულ სტანდარტებს და ითვალისწინებს საჩივრის ეფექტიანად განხილვის გამჭვირვალე პროცედურას და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას“;

22. ქცევის კოდექსის მე-9 მუხლის შესაბამისად, „1. მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს გადაწყვეტილების მიღება მიუკერძოებელი და სამართლიანი პროცედურის საფუძველზე და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უზრუნველყოს საჩივრის განხილვის გამჭვირვალე პროცესი. 2. საჩივრები განიხილება დროულად, გონივრულ ვადაში. თუ გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელია 21 დღეზე მეტი ვადა, მაუწყებელი ვალდებულია დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება ვადის გაზრდის თაობაზე და აცნობოს ამის შესახებ ყველა დაინტერესებულ პირს.“.

23.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,„მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია  უფლებამოსილია დამრღვევი  წერილობით  გააფრთხილოს.  კომისიის  მიერ  სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს“. ამასთან, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად „კომისია ვალდებულია მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებს დააკისროს ჯარიმა, თუ მათ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრეს გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულეს კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მათ აღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინეს ახალი დარღვევა.“.

24. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისა „ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.“.

III. სამოტივაციო ნაწილი

1.  გამოკვლეული მტკიცებულებები

25. მოქალაქე კახა კუკავას საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/3495; თარიღი: 19.08.2025);

26. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 25-10-1947; თარიღი: 08.09.2025);

27. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათები (N25-10-1931; თარიღი: 03.09.2025 და N 25-10-1971; 11.09.2025);

28. შპს „სფერო ტვ“-ის 2025 წლის 3 აპრილის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/1346; თარიღი:03.04.2025) - თვითრეგულირების საბჭოს შემადგენლობის და საჩივრის განხილვის პროცედურების შესახებ;

29. შპს „სფერო ტვ“-ის 2025 წლის 2 მაისის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/1869; თარიღი: 02.05.2025;

30. კომისიის 2025 წლის 11 სექტემბრის სხდომაზე შპს „სფერო ტვ“-ის წარმომადგენლის და მომჩივანის მიერ გაკეთებული ახსნა-განმრატებები;

31. ინფორმაცია კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „სფერო ტვ“-ის შესახებ.

2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

32. შპს „სფერო ტვ“ არის მაუწყებლობის სფეროში ტელემაუწყებლობაზე ავტორიზებული პირი, მაუწყებლობის თარიღი: 11.08.2022.

მტკიცებულება: ინფორმაცია კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „სფერო ტვ“-ის შესახებ.

33. შპს „სფერო ტვ“-ს ეთერში 2024 წლის 24 ოქტომბერს განთავსდა გადაცემა, რომელშიც მოხსენიებული იყო მოქალაქე კახა კუკავა.

მტკიცებულება: კ. კუკავას საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/3495; თარიღი: 19.08.2025) შპს „სფერო ტვ“- წინააღმდეგ;

34. დღეის მდგომარებით, შპს „სფერო ტვ“-ის ვებგვერდი -  https://sferotv.ge/  არ ფუნქციონირებს.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 25-10-1947; თარიღი: 08.09.2025) და კომისიის 2025 წლის 11 სექტემბრის სხდომაზე შპს „სფერო ტვ“-ის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება;

3.  სამართლებრივი შეფასება

35. შპს „სფერო ტვ“-ს, როგორც მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აკისრია ვალდებულება, რომ შექმნას მაუწყებლის თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

36. მომჩივანი მიუთითებს, რომ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, 2025 წლის 16 ივლისს მეორედ მიმართეს შპს „სფერო ტვ“-ს თვითრეგულირების ორგანოს საფოსტო მისამართზე და მაუწყებელმა დაადასტურა განცხადების მიღება. თუმცა, მომჩივანს თვითრეგულირების საბჭოს დასაბუთებული გადაწყვეტილება არ მიუღია. ამასთან, შპს „სფერო ტვ“-მ არ უზრუნველყო მისი დასწება საბჭოს სხდომაზე. მას თითქმის თვენახევრის დაგვიანებით  ჩაბარდა შპს „სფერო ტვ“-ის დირექტორის 2025 წლის 27 აგვისტოს წერილი, სადაც განმარტება იყო გაკეთებული, რომ მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თვითრეგულირების საბჭოს გადაწყვეტილების მისთვის გაგზავნა ვერ მოხერხდა ტექნიკური ხარვეზების გამო.

37. კომისიის 2025 წლის 11 სექტემბრის სხდომაზე შპს „სფერო ტვ“-ის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საბჭოს სხდომაზე მომჩივანის მოწვევა არ მოხდა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლოში მიმდინარეობს დავა იმავე დავის საგანზე, იმავე მხარეებს შორის. კომისია აღნიშნავს, რომ თვითრეგულირების ორგანოს საქმიანობის პროცედურული ნორმები მოცემულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონსა და ქცევის კოდექსში და მათი დაცვა სავალდებულოა მაუწყებლის მიერ. დავის წარმოება სასამართლოში არ გამორიცხავს მაუწყებლის ვალდებულებას, რომ მან თვითრეგულირების ორგანისთვის წარდგენილი საჩივარი განიხილოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩააბაროს მხარეს.   კომისიას   ერთ-ერთ   საქმეზე   (იხ.  „შპს  „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ს წინააღმდეგ შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ საჩივრის განხილვისა და შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2015 წლის 2 ივლისის N298/18   გადაწყვეტილება)  განმარტებული  აქვს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლით გათვალისწინებული მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის არსებობის მიზანს, ერთი მხრივ, წარმოადგენს მაუწყებლისთვის, ამავე კანონით გათვალისწინებულ, რიგ შინაარსობრივ ვალდებულებებთან დაკავშირებით მაქსიმალური დამოუკიდებლობის მინიჭება, რაც გამოიხატება თავად მაუწყებლის მიერ საჩივრის განხილვაში და, მეორე მხრივ,   მაუწყებლის, როგორც საჯარო ფუნქციების განმახორციელებელი კერძო სამართლის სუბიექტისთვის ვალდებულების დაკისრება, რომ „მაუწყებელთა ქცევის კოდექსითა“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ რიგ შინაარსობრივ ვალდებულებებთან დაკავშირებით მაუწყებელში წარდგენილი საჩივრის განხილვა უზრუნველყოფილ იქნას თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში გამჭვირვალედ, ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით. სწორედ დაინტერესებული მხარის მონაწილეობით საკითხის განხილვა და მისთვის შესაბამისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების წარდგენის საშუალების მიცემა წარმოადგენს იმ ერთ-ერთ ფაქტორს, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს თვითრეგულირების მექანიზმის ეფექტიანობას“.

38. ამასთან, მხარეს უნდა გაეგზავნოს თვითრეგულირების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სათანადო წესით და ფორმით, რომლის გასაჩივრების თაობაზე ინფორმაცია და შესაძლებლობაც უნდა ჰქონდეს დაინტერესებულ პირს.

39. თავის მხრივ, თვითრეგულირების მექანიზმი რომ იყოს ეფექტიანი, დაცული უნდა იყოს როგორც ფორმალური, ასევე, პროცედურული მოთხოვნები და უნდა უზრუნველყოფდეს საჩივრების  განხილვასა  და  მათზე  დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას. კერძოდ, „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის   მე-14   მუხლის   მე-2   პუნქტის   შესაბამისად, „მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმი მოიცავს მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს და მაუწყებლის თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოს“. ამდენად, კანონმდებლობა ავალდებულებს მაუწყებელს შექმნას დაინტერესებული პირების საჩივრის განმხილველი ორსფეხურიანი სისტემა.

40. კომისიის 2025 წლის 11 სექტემბრის სხდომაზე როგორც შპს „სფერო ტვ“-ის წარმომადგენლის მიერ იქნა განმარტებული, მაუწყებელს აქვს ერთსაფეხურიანი თვითრეგულირების საბჭო და არ აქვს სააპელაციო ორგანო. ამდენად, პირს, რომელსაც აქვს სურვილი გაასაჩივროს საბჭოს გადაწყვეტილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და ქცევის კოდექსით დადგენილი წესით, თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოში, ერთმევა აღნიშნულის შესაძლებლობა. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მაუწყებელს არ გააჩნია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ფორმირებული თვითრეგულირების მექანიზმი.

41. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-13 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად,  შპს „სფერო ტვ“ ვალდებულია თავის ვებგვერდზე უზრუნველყოს სულ მცირე შემდეგი ინფორმაციის მარტივი და მუდმივი ხელმისაწვდომობა:   ავტორიზებული პირის სახელი; ავტორიზებული პირის იურიდიული მისამართი და ფაქტობრივი მისამართი; ავტორიზებული პირის საკონტაქტო მონაცემები, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის მისამართი, რაც უზრუნველყოფს მასთან სწრაფი და ეფექტიანი დაკავშირების შესაძლებლობას. კანონით გათვალისწინებული ამ მონაცემების საჯაროობა და თვითრეგულირების ორგანოს შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობაც ასევე წარმოადგენს თვითრეგულირების ორგანოს ეფექტიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვან ელემენტს.

42. „შპს „სფერო ტვ“-ის წინააღმდეგ მოქალაქე კახა კუკავას საჩივრის განხილვის თაობაზე“ კომისიის 2025 წლის 3 აპრილის Nგ-25-16/169 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შპს „სფერო ტვ“-ს დაევალა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ვებგვერდის შექმნა და აღნიშნულის დამადასტურებელი ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში;

43. შპს „სფერო ტვ“-ის წარმომადგენელმა აღნიშნა,   2025 წლის 2 მაისის განცხადებით მის მიერ კომისიაში იყო წარმოდგენილი წერილი ვებგვერდის შესახებ, სადაც იყო მითითებული ინფორმაცია თვითრეგულირების საბჭოს თავმჯდომარის, მისი მონაცემების, საბჭოს წევრთა სიის და ოდენობის შესახებ. თუმცა, როგორც კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათშია (N 25-10-1947; თარიღი: 08.09.2025) მითითებული, შპს „სფერო ტვ“-ის 2025 წლის 2 მაისის N შ-25-6/1869 წერილით შპს „სფერო ტვ“-მ კომისიას მიაწოდა ვებგვერდის მისამართი: https://sferotv.ge/ - რომელიც, დღეის მდგომარეობით აღარ ფუნქციონირებს.

44. კომისია კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მაუწყებლის ვებგვერდზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაციის მიუთითებლობა (მით უფრო, ვებგვერდის არარსებობა) მნიშვნელოვნად ართულებს დაინტერესებული პირის მიერ საჩივრის წარდგენას, რაც, თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმის არსებობას. ამ შემთხვევაში კი, როდესაც შპს „სფერო  ტვ“-ის  ვებგვერდი  საერთოდ  არ  ფუნქციონირებს  დარღვეულია როგორც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე კომისიის   2025 წლის 3 აპრილის Nგ-25-16/169 გადაწყვეტილებით დადგენილი ვალდებულება.

45. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სფერო ტვ“-ის მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტი, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-13 პუნქტი, ასევე კომისიის 2025 წლის 3 აპრილის Nგ-25-16/169 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი .

4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

46. როგორც საქმის გარემოებების შედეგად დგინდება შპს „სფერო ტვ“-ის მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტი, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-13 პუნქტი, ასევე, „შპს „სფერო ტვ“-ის წინააღმდეგ მოქალაქე კახა კუკავას საჩივრის განხილვის თაობაზე“ კომისიის 2025 წლის 3 აპრილის Nგ-25-16/169 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი.

47. თავის მხრივ, „შპს „სფერო ტვ“-ის წინააღმდეგ მოქალაქე კახა კუკავას საჩივრის განხილვის თაობაზე“ კომისიის 2025 წლის 3 აპრილის Nგ-25-16/169 გადაწყვეტილებით   შპს „სფერო ტვ“-ის მიეცა წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი, 451 მუხლის მე-13 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების დარღვევის გამო. აღნიშნული დარღვევები კი არის ანალოგიური ხასიათის იმ კანონდარღვევებისა, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს ახალი ადმინისტრაციული წარმოება.

48.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ამავე კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში (თუ პირი გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრის დარღვევას, არ შეასრულეს კომისიის გადაწყვეტილებას ან თუ მათ აღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდენს ახალ დარღვევას) კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2 500 ლარისა.

49. როგორც კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათებშია (N 25-10-1931; თარიღი: 03.09.2025; N 25-10-1971; 11.09.2025) მითითებული, შპს „სფერო ტვ“-ის შემოსავალი არ აღემატება 2500 ლარს. ამდენად, შპს „სფერო ტვ“-ს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-13 პუნქტისა და „შპს „სფერო ტვ“-ის წინააღმდეგ მოქალაქე კახა კუკავას საჩივრის განხილვის თაობაზე“ კომისიის 2025 წლის 3 აპრილის Nგ-25-16/169 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის დარღვევის გამო  უნდა დაეკისროს ჯარიმა 2 500 ლარის ოდენობით.

50.ამასთან, შპს „სფერო ტვ“-ს უნდა დაევალოს ვებგვერდისა და კანონის შესაბამისი თვითრეგულირების მექანიზმის შექმნა და მოქალაქე კახა კუკავას საჩივრის განხილვა კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის დაცვით.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

2024 წლის 25 ოქტომბრისთვის მოქმედი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-13 პუნქტის, 591 მუხლის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის და 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 72-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-4 მუხლის, 36 და   451 მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად:

გადაწყვიტა:

1. შპს „სფერო ტვ“ მიჩნეულ იქნეს სამართალდამრღვევად და დაეკისროს ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-13 პუნქტის, ასევე კომისიის 2025 წლის 3 აპრილის Nგ-25-16/169 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის დარღვევის გამო;

2. შპს „სფერო ტვ“-იმ უზრუნველყოს:

ა) წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა ამ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ხაზინის ერთიანი  ანგარიში,  ანგარიშის  ნომერი - 200122900; ბანკი - სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი - 302003251;

ბ) ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა, გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს შპს „სფერო ტვ“-ს:

ა) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი თვითრეგულირების მექანიზმის შექმნა და აღნიშნულის დამადასტურებელი ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

ბ) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ვებგვერდის შექმნა და აღნიშნულის დამადასტურებელი ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში;

გ) განიხილოს ფიზიკური პირის კახა კუკავას საჩივარი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) წინამდებარე გადაწყვეტილების მხარეებისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე  (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა  კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი,  დავით აღმაშენებლის  ხეივანი №64) გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის დაინტერესებული მხარისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის განმავლობაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ  ვებგვერდზე www.comcom.ge  გამოქვეყნებისთანავე;

7. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (მ. აკოლაშვილი) შპს „სფერო ტვ“- სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

8. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და მე-7 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი).

9. ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დემარტამენტს (კ. ქორიძე).

ვახტანგ  აბაშიძე              თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე         წევრი

ივანე მახარაძე                 წევრი

ნათია კუკულაძე              წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები