შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიის“ (ს/კ 4051137755) და ალექსანდრე ზიბზიბაძის საჩივრის განსახილველად მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 10, 2025 14:44
მიღების თარიღი დეკემბერი 04, 2025
შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიის“ (ს/კ 4051137755) და ალექსანდრე ზიბზიბაძის საჩივრის განსახილველად მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
მომჩივანი მხარე: ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემია“ (ს/კ 4051137755) და ალექსანდრე ზიბზიბაძე
მოპასუხე: შპს „ტელეიმედი“.
დავის საგანი: შპს „ტელეიმედისთვის“ კანონმდებლობის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება.
კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 4 დეკემბერი, 15:00 სთ.
I. აღწერილობითი ნაწილი
1. მომჩივანის პოზიცია
1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში - კომისია) საჩივრით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/4890; 01.12.2025) მიმართა ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიამ“ (ს/კ 4051137755) და ალექსანდრე ზიბზიბაძემ (შემდგომში - მომჩივანები) შპს ,,ტელეიმედის“ მიერ სამაუწყებლო ეთერში, ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და მოითხოვა შპს „ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება.
2.საჩივარში აღნიშნულია, რომ 2025 წლის 19 ოქტომბერს, შპს ,,ტელეიმედის“ გადაცემაში - ,,იმედის კვირა“, 20:02:01–20:22:38 საათზე, გავიდა სიუჟეტი -,,ევროკომისიის როლი ხელოვნურ პროტესტში“. სიუჟეტი ასევე განთავსდა მაუწყებლის სოციალურ ქსელ Facebook-ზე, მაუწყებლისა და „იმედის კვირის“ ვებგვერდზე:
https://www.imedi.ge/ge/video/206906/imedis-kvira--19-oqtomberi-2025-tseli;
3. აღნიშნული სიუჟეტი შეეხებოდა ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ დაფინანსებას, აგრეთვე ორგანიზაციისა და მისი დამფუძნებლის, ალექსანდრე ზიბზიბაძის საქმიანობას. გადაცემის წამყვანი ირაკლი ჩიხლაძე და სიუჟეტის ავტორი, ჟურნალისტი მარიამ ოშხნელი ამბობენ შემდეგ ფრაზებს: „ამბავს ამძიმებს და კიდევ უფრო დრამატულს ხდის ის, რომ 14 წლის მოზარდები რადიკალიზმის კამპანიაში ღიად ჩართეს”; „ვინ იღებს პასუხისმგებლობას არასრულწლოვანთა უსაფრთხოებაზე, თუ ისინი სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე ანტიკონსტიტიცუირ აქციებზე წინ დაიყენეს და მოზარდებს ამოეფარნენ”; „GCRT-ს ჩაერიცხა ევროკომისიის გრანტი, რომელიც მოგვიანებით გადანაწილდა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მათ შორის მომავლის აკადემიაზე 15,472 ლარის ოდენობით. ეს თანხა პროტესტის შენარჩუნებას ხმარდება“; „ფრანკლინის კლუბში სწორედ მას [ალექსანდრე ზიბზიბაძეს] ჰქონდა ჩაბარებული ახალგაზრდების დატრენინგება პროვოკაციების მოწყობაში. ჰყავდა 2000-მდე რეკრუტირებული ახალგაზრდა. ალექსანდრე ზიბზიბაძე ახლაც იგივე მიზანს ემსახურება მომავლის აკადემიით, რომელიც ფრანკლინის კლუბის ერთგვარი სამართალმემკვიდრეა”; „გვაინტერესებს, თუ არიან ინფორმირებული მშობლები, რომ საგანმანათლებლო მიზნების ნაცვლად აქ მოზარდების იდეოლოგიური დამუშავება და მათი საპროტესტო აქციებისთვის მომზადება მიმდინარეობს”. „მათ შორის არის ფრანკლინის კლუბის ყოფილი ლექტორი გია ჯაფარიძე, რომელიც ახლა ფაქტობრივად ამ ორგანიზაციის თანადამფუძნებელიცაა”; „ზიბზიბაძე ჩვენი ინფორმაციით 4 ოქტომბერს დაგეგმილი დამხობისთვისაც იმყოფებოდა საქართველოში. მას შემდეგ კი, რაც მორიგი რევოლუციის გეგმა ჩავარდა, ქვეყანა დატოვა”; „GCRT-დან ჩარიცხული ევროკომისიის გრანტის თანხები კი ძალიან მცირეა იმ დაფინანსებასთან შედარებით, რომელიც მომავლის აკადემიას ”Atlas Network“-სგან აქვს”.
4. საჩივრის თანახმად, 2025 წლის 29 ოქტომბერს, მომჩივანებმა ისარგებლეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხის უფლებით და მიმართეს შპს „ტელემედს“, მიეცა მათთვის შესაძლებლობა სათანადო და თანაზომიერი საშუალებით უზრუნველყოფილიყო მათ შესახებ მცდარი და არაზუსტი ინფორმაციის შესწორება. 2025 წლის 20 ნოემბერს, შპს „ტელეიმედის“ 15 ნოემბრის წერილით მათ უარი ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
5. საჩივრის ავტორები უთითებენ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, რომელთა თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია გადასცეს ჯეროვანი სიზუსტით და მიუკერძოებლად, მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება. ისინი ასევე, უთითებენ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-11 პუნქტზე, რომლის თანახმად, პასუხის უფლებაზე მაუწყებლის უარი შეიძლება გასაჩივრდეს კომისიაში ან სასამართლოში.
6. საჩივარში აღნიშნულია, რომ წინამდებარე საჩივრის ფაქტობრივ გარემოებებში მითითებული შპს „ტელეიმედის“ მიერ გავრცელებული განცხადებები წარმოადგენს ზემოთ მოცემული ნორმების დარღვევას, ვინაიდან განცხადებების შინაარსი არის არაჯეროვანი, ცრუ და შეცდომაში შემყვანი:
ა) “ამბავს ამძიმებს და კიდევ უფრო დრამატულს ხდის ის, რომ 14 წლის მოზარდები რადიკალიზმის კამპანიაში ღიად ჩართეს”. მითითებულ განცხადებაში მცდარია, რომ ააიპ “საქართველოს მომავლის აკადემიამ” 14 წლის მოზარდები რადიკალიზმის კამპანიაში ჩართო. საქართველოს მომავლის აკადემია 2015 წლიდან ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტებს, რომელთა მიზანიც ახალგაზრდებში სამოქალაქო განათლების ამაღლება, დებატებისა და საჯარო გამოსვლების კულტურის დამკვირდებაა. მითითებული არაჯეროვანი და ცრუ ინფორმაცია კი არ შეესაბამება სინამდვილეს და ზიანს აყენებს მომჩივანის საქმიან რეპუტაციას. (საჩივრის დანართი 4, დანართი 5).
ბ) „ვინ იღებს პასუხისმგებლობას არასრულწლოვანთა უსაფრთხოებაზე, თუ ისინი სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე ანტიკონსტიტუციურ აქციებზე წინ დაიყენეს და მოზარდებს ამოეფარნენ”. მითითებულ განცხადებაში მცდარია, რომ ა(ა)იპ “საქართველოს მომავლის აკადემიამ” არასრულწლოვნები სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე ანტიკონსტიტუციურ აქციებზე წინ დაიყენა და მათ ამოეფარა. აღნიშნული მტკიცების დამადასტურებელი არანაირი ფაქტი არ არსებობს და მიმართულია მიმართულია მომჩივანების საქმიანი რეპუტაციის შელახვისკენ (საჩივრის დანართი 4, დანართი 5).
გ) “GCRT-ს ჩაერიცხა ევროკომისიის გრანტი, რომელიც მოგვიანებით გადანაწილდა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მათ შორის მომავლის აკადემიაზე 15,472 ლარის ოდენობით. ეს თანხა პროტესტის შენარჩუნებას ხმარდება“. მითითებულ განცხადებაში მცდარია, რომ GCRT- ისგან საქართველოს მომავლის აკადემიისთვის ჩარიცხული თანხები პროტესტის შენარჩუნებას ხმარდება. მიღებული გრანტის მიზანი არ ყოფილა კავშირში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან. (საჩივრის დანართი 4, დანართი 5).
დ) „ფრანკლინის კლუბში სწორედ მას [ალექსანდრე ზიბზიბაძეს] ჰქონდა ჩაბარებული ახალგაზრდების დატრენინგება პროვოკაციების მოწყობაში. ჰყავდა 2000-მდე რეკრუტირებული ახალგაზრდა. ალექსანდრე ზიბზიბაძე ახლაც იგივე მიზანს ემსახურება მომავლის აკადემიით, რომელიც ფრანკლინის კლუბის ერთგვარი სამართალმემკვიდრეა”. მითითებულ განცხადებაში მცდარია, რომ ალექსანდრე ზიბზიბაძე არასრულწლოვნებს ატრენინგებდა პროვოკაციების მოწყობაში და რომ მას ჰყავდა 2000-მდე რეკრუტირებული ახალგაზრდა. ასევე მცდარია, რომ ააიპ „საქართველოს მომავლის აკადემია” ფრანკლინის კლუბის სამართალმემკვიდრეა. საჯარო რეესტრის ამონაწერით მარტივად გადამოწმებადია, რომ „საქართველოს მომავლის აკადემია” არ არის არცერთი ორგანიზაციის სამართალმემკვიდრე. მეტიც იგი „ფრანკლინის კლუბის” შექმნამდე (ფრანკლინის კლუბი 2021 წელს დაფუძნდა) ბევრად ადრე, 2015 წელს დაარსდა, შესაბამისად შეუძლებელია რომ მისი სამართალმემკვიდრე იყოს. (საჩივრის დანართი 3, დანართი 4, დანართი 5, დანართი 6).
ე) „გვაინტერესებს, თუ არიან ინფორმირებული მშობლები, რომ საგანმანათლებლო მიზნების ნაცვლად აქ მოზარდების იდეოლოგიური დამუშავება და მათი საპროტესტო აქციებისთვის მომზადება მიმდინარეობს”. მითითებულ განცხადებაში მცდარია, რომ ა(ა)იპ “საქართველოს მომავლის აკადემიაში” საგანმანათლებლო მიზნების ნაცვლად მოზარდების იდეოლოგიური დამუშავება და მათი საპროტესტო აქციებისთვის მომზადება მიმდინარეობს, აღნიშნული განაცხადის ერთადერთი მიზანი მომჩივანების საქმიანი რეპუტაციის შელახვაა. (საჩივრის დანართი 4, დანართი 5).
ვ) „მათ შორის არის ფრანკლინის კლუბის ყოფილი ლექტორი გია ჯაფარიძე რომელიც ახლა ფაქტობრივად ამ ორგანიზაციის თანადამფუძნებელიცაა”. მითითებულ განცხადებაში მცდარია, რომ გია ჯაფარიძე ააიპ “საქართველოს მომავლის აკადემიის” თანადამფუძნებელია. აღნიშნული ინფორმაციის სიმცდარის გადამოწმება მარტივადაა შესაძლებელი საჯარო რეესტრის მეშვეობით საქართველოს მომავლის აკადემიის ამონაწერში. (საჩივრის დანართი 3).
ზ) „ზიბზიბაძე ჩვენი ინფორმაციით 4 ოქტომბერს დაგეგმილი დამხობისთვისაც იმყოფებოდა საქართველოში. მას შემდეგ კი, რაც მორიგი რევოლუციის გეგმა ჩავარდა, ქვეყანა დატოვა”. მითითებულ განცხადება წარმოაჩენს, რომ ალექსანდრე ზიბზიბაძე საქართველოში აღარ იმყოფება, რაც მცდარია და არ შეესაბამება სინამდვილეს. ალექსანდრე ზიბზიბაძე სიუჟეტის მომზადებისას საქართველოში იმყოფებოდა.
თ) „GCRT-დან ჩარიცხული ევროკომისიის გრანტის თანხები კი ძალიან მცირეა იმ დაფინანსებასთან შედარებით, რომელიც მომავლის აკადემიას °Atlas Network“-სგან აქვს”. მითითებულ განცხადება წარმოაჩენს, რომ ა(ა)იპ “საქართველოს მომავლის აკადემიას კვლავ აქვს Atlas Network-ისგან გრანტები, რაც მცდარია და არ შეესაბამება სინამდვილეს. ორგანიზაციას დონორებთან, მათ შორის ”Atlas Network“-თან არსებული საგრანტო ხელშეკრულებები და შესაბამისი პროექტები დასრულებული/შეწყვეტილი აქვს, ხოლო მორჩენილი თანხები მათ ანგარიშზე ჯერ კიდევ 2025 წლის მაისში გადაირიცხა უკან.
7. საჩივარში აღნიშნულია, რომ შპს „ტელეიმედმა“ უარი უთხრა მომჩივანებს პასუხის უფლებაზე იმ საფუძვლით, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მომჩივნებმა ვერ დაასაბუთეს მათი კანონიერი ინტერესები. მათი მოთხოვნები ბუნდოვანი იყო და არ შეიცავდა მტკიცებულებებს, რომლებიც დაადასტურებდა მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიმცდარეს. მომჩივანები, მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე კომისიის გზამკვლევზე მითითებით, აღნიშნავენ, რომ პასუხის უფლების მოთხოვნის შესახებ განცხადებაში მტკიცების ტვირთი ეხება მხოლოდ იმის დასაბუთებას, რომ მომჩივანს ნამდვილად გააჩნია კანონიერი ინტერესი პასუხის უფლებით სარგებლობისთვის.
8. მომჩივანები აღნიშნავენ, რომ მათ მიერ შპს “ტელეიმედისთვის” გაგზავნილ განცხადება/საჩივარში დეტალურადაა მითითებული რომელი განცხადებებია არაზუსტი და რაში გამოიხატება განცხადებების სიმცდარე. ასევე, ხაზგასმულია რომ მცდარი განცხადებების ეთერში გადაცემით შეილახა მომჩივნების საქმიანი რეპუტაცია. კერძოდ, ტელეკომპანიის ეთერში გაჟღერებული ინფორმაცია არათუ უბრალოდ მცდარია, არამედ შეიცავს ისეთი სიმწვავის ბრალდებებს მათ მიმართ, რომელიც არღვევს მათ პირადი ცხოვრების უფლებას. მეტიც, მაშინ, როდესაც ტელეკომპანიას სიუჟეტში არ მიუთითებია/უჩვენებია არცერთი მტკიცებულება საკუთარი განცხადებების დასადასტურებლად, და ამას განგრძობადი ხასიათიც აქვს, სახეზეა არა უბრალოდ ერთჯერადი ხასიათის ჟურნალისტური ვალდებულებების დარღვევა, არამედ ტელეკომპანიის განზრახვა რომ საზოგადოების თვალში მომჩივანი ორგანიზაციის და მისი დამფუძნებლის რეპუტაცია შეილახოს და საზოგადოებრივი აზრი მათი საქმიანობის შესახებ ნეგატიურად განაწყოს. ამდენად, ტელეკომპანია იმედის უარი, დაუსაბუთებელია და პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას ემსახურება.
9. საჩივარში აღნიშნულია, რომ როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, ისე ეროვნული კანონმდებლობით ჟურნალისტებს/მედია საშუალებებს აკისრიათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ნებისმიერი ინფორმაციის გაშუქებისას და აქვთ ამ ინფორმაციის გადამოწმების ვალდებულება. აღნიშნული, რაც ერთი მხრივ გამომდინარეობს ჟურნალისტთა ეთიკური ვალდებულებებისგან, ხოლო მეორე მხრივ იმ პრინციპიდან რომ მედიას დიდი გავლენა აქვს საზოგადოებრივ აზრზე, შესაბამისად მან თუ არ უზრუნველყო მტკიცებულებების გადამოწმება ამით მარტივად შეიძლება შეილახოს კონკრეტული პირების პირადი ცხოვრებით დაცული სფერო და საქმიანი რეპუტაცია, რის საპასუხოდაც აღნიშნულ პირებს არ გააჩნიათ სათანადო საშუალებები.
10. მომჩივანების განმარტებით, შპს “ტელეიმედმა” სრულიად უგულებელყო აღნიშნული ვალდებულებები და ინფორმაციის გადმოცემამდე არ უცდია მისი გადამოწმება (მაგალითად ენახა საჯარო რეესტრის ამონაწერები, რომელიც ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ყველასთვის საჯაროდ ხელმისაწვდომია). მეტიც, ცრუ ბრალდებების გაჟღერების სისტემატურობა, ჟურნალისტების გადაჭრითი ტონი და პირადი უარყოფითი დამოკიდებულებების გამჟღავნება მიუთითებს, რომ შპს „ტელეიმედი” არათუ გულგრილად მოეკიდა მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს და არ შეამოწმა გადაცემული ფაქტების სისწორე, არამედ განზრახ დაამახინჯა ისინი.
11. მომჩივანები აღნიშნავენ, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-7 პუნქტი დაინტერესებულ პირს ანიჭებს პასუხის უფლებას, ხოლო კანონის სხვა პუნქტები (8-12) განსაზღვრავს პასუხის უფლების განხორციელების პროცედურულ საკითხებს და მოთხოვნის მოცულობას. შპს „ტელეიმედის“ მიმართ განცხადებაში მომჩივანები ითხოვდნენ აღნიშნული კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხის უფლების ფარგლებში ტელეკომპანიის ეთერით სათანადო და თანაზომიერი საშუალებით უზრუნველყოფილიყო მათ შესახებ გაკეთებული მცდარი და არაზუსტი ინფორმაციის შესწორება, რაც გამომდინარეობს 52-ე მუხლის მე-8 პუნქტის ჩანაწერიდან. ამდენად, ტელეკომპანიის პასუხი, რომ მომჩივანების მოთხოვნა სცდება განცხადების შინაარსს, არ არის დასაბუთებული, ვინაიდან მომჩივანების შეფასებით, მათი მოთხოვნა გამომდინარეობდა განცხადებაში მითითებული დასაბუთებიდან და ეფუძნებოდა კანონმდებლობის შესაბამისი მუხლებს.
12. მომჩივანები ითხოვენ შპს „ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევის გამო. ასევე, ითხოვენ, ამავე მუხლის მე-8 და მე-12 პუნქტების საფუძველზე შპს „ტელეიმედს“ დაევალოს მათთვის პასუხის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობის მიცემა, კერძოდ, შპს „ტელეიმედმა“ დაუთმოს მათ პირდაპირი ეთერი, სიუჟეტის გასვლის თანაზომიერ დროს, გაჟღერებულ ბრალდებებზე პასუხის გასაცემად.
13. კომისიის 2025 წლის 4 დეკემბრის მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდა ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიის“ აღმასრულებელი დირექტორი მ. კაპანაძე, რომელიც მინდობილობის საფუძველზე წარმომადგენლობას უწევდა მომჩივან ა. ზიბზიბაძეს. მ. კაპანაძემ მხარი დაუჭირა საჩივარს და აღნიშნა, რომ საჩივრის განხილვა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განეკუთვნება კომისიის უფლებამოსილებას, ხოლო მომჩივანები წარმოადგენენ საჩივრის წარდგენაზე უფლებამოსილ პირებს, ვინაიდან სიუჟეტი და გამოთქმული ფრაზები შეეხებოდა ორგანიზაციის და მისი დამფუძნებლის ალექსანდრე ზიბზიბაძის საქმიანობას.
14. კომისიის 2025 წლის 4 დეკემბრის სხდომას ესწრებოდა შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელი ა. ვაზაგაშვილი, რომელმაც ასევე, განაცხადა, რომ საჩივრის განხილვა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განეკუთვნება კომისიის უფლებამოსილებას, ხოლო მომჩივანები წარმოადგენენ საჩივრის წარდგენაზე უფლებამოსილ პირებს.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
15. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ,,მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, აგრეთვე სალიცენზიო პირობებისა და ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს კომისიას“.
16. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ,,საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს“.
17. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობა“.
18. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „მაუწყებელი ვალდებულია ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია გადასცეს ჯეროვანი სიზუსტით და მიუკერძოებლად“, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, „მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება“. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, „დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, საწყისი განცხადების გაკეთებიდან (მათ შორის, ფაქტის მოყვანიდან) 10 დღის ვადაში შესაბამის მაუწყებელს მოსთხოვოს, მისცეს მას შესაძლებლობა, თავად უზრუნველყოს საწყის განცხადებაში მოყვანილი არასწორი (მცდარი) ფაქტის შესწორება ან უარყოფა მაუწყებლის ეთერში თანაზომიერი საშუალებებითა და ფორმით, საწყისი განცხადების ხანგრძლივობით და დაახლოებით იმ დროს, როდესაც საწყისი განცხადება გაკეთდა,“ ხოლო მე-9 პუნქტის მიხედვით, მაუწყებელი უფლებამოსილია პირს უარი უთხრას პასუხის უფლებაზე, თუ: ა) ფაქტის შესწორების ან უარყოფის მოთხოვნა საწყისი განცხადების გაკეთებიდან 10 დღის ვადაში არ ყოფილა წარდგენილი; ბ) საწყისი განცხადება პირთა განუსაზღვრელ წრეს ეხება ან მომჩივანი განცხადებაში ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული არ არის; გ) ფაქტის შესწორებას ან უარყოფას საწყის განცხადებასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს, ან ფაქტის შესწორების ან უარყოფის ზომა, ფორმა და შინაარსი სცდება საწყის განცხადებაში მოყვანილი ფაქტის თანაზომიერი საშუალებებითა და ფორმით შესწორებისთვის ან უარყოფისთვის აუცილებელ ფარგლებს, ან ხდება საწყის განცხადებაში გამოთქმული აზრის და არა მასში მოყვანილი ფაქტის შესწორება ან უარყოფა; დ) ფაქტის შესწორება ან უარყოფა გამოიწვევს მაუწყებლისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრებას, შეიცავს ცილისწამებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან დანაშაულის ნიშნებს ან უხამსობას; ე) ფაქტის შესწორება ან უარყოფა უსაფუძვლოდ ეხება მესამე პირს; ვ) მომჩივანი თავის კანონიერ ინტერესს ვერ ასაბუთებს. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხის უფლება არსებობს მხოლოდ მაუწყებლის პროგრამაში არასწორი (მცდარი) ფაქტის მოყვანის (გადაცემის) შემთხვევაში და არ ვრცელდება მოსაზრების/შეხედულების გადაცემაზე.
19. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, პასუხის უფლებაზე მაუწყებლის უარი შეიძლება გასაჩივრდეს კომისიაში ან სასამართლოში, ხოლო მე-12 პუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ფაქტის ჯეროვანი სიზუსტის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად მაუწყებელს დაავალოს დაინტერესებული პირისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობის მიცემა.
20. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 764 მუხლის თანახმად, მაუწყებლის მიერ ამ კანონის 52-ე, 54-ე, 541, 542, 553, 56-ე და 564 მუხლების მოთხოვნათა 2025 წლის 1 ივნისამდე დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს ამ კანონით დადგენილი წესით. კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს შეუფარდოს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სანქცია, რომელიც აღსასრულებლად არ მიექცევა. მაუწყებლის მიერ ამ კანონის 52-ე, 54-ე - 542, 553, 56-ე და 564 მუხლების მოთხოვნათა 2025 წლის 1 ივნისის შემდეგ დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს და მაუწყებელს შესაბამის სანქციას შეუფარდებს კანონით დადგენილი წესით.
21. კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „მოსამზადებელ სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის განხილვის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, თუ დაადგენს, რომ დავის საგანი არ უკავშირდება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, ან განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, თუ განმცხადებელი/საჩივრის ავტორი განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს დამატებით ინფორმაციას ან დოკუმენტს“.
22. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ,,ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს“.
III. სამოტივაციო ნაწილი
23. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით თუ დავის საგანი უკავშირდება კომისიის მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, კომისია უფლებამოსილია მიიღოს საჩივარი განსახილველად და დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება. შესაბამისად, კომისიამ უნდა შეაფასოს საჩივარში დასმული საკითხები განეკუთვნება თუ არა მის უფლებამოსილებას და საჩივარი წარდგენილია თუ არა უფლებამოსილი სუბიექტის მიერ.
24. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ფუნქციებს მიეკუთვნება მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი.
25. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 52-ე მუხლი ადგენს მაუწყებლის ვალდებულებას დაიცვას გადაცემული ფაქტების ჯეროვანი სიზუსტე და უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის პასუხის უფლება კანონით დადგენილი წესით.
26. კომისიის მიერ დგინდება, რომ ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემია“ და ალექსანდრე ზიბზიბაძე დავობენ შპს ,,ტელეიმედის“ მიერ ეთერით გავრცელებულ საინფორმაციო პროგრამაში ინფორმაციის „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დარღვევით განთავსებისა და პასუხის უფლებაზე მაუწყებლის უარის თაობაზე. თავის მხრივ, შპს „ტელეიმედი“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირია და როგორც მაუწყებელი, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულია ეთერით გავრცელებულ პროგრამაში ინფორმაციის განთავსებისას დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის ცალკეული ნორმების, მათ შორის, 52- ე მუხლის მოთხოვნები. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიისა“ და ალექსანდრე ზიბზიბაძის საჩივრის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში.
27. გარდა ამისა, კომისიის მიერ უნდა შემოწმდეს, რამდენად არიან მომჩივანები საჩივრის წარდგენაზე უფლებამოსილი, დაინტერესებული პირები. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი განმარტებულია, როგორც ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობა. მომჩივანების მიერ მითითებული, შპს „ტელეიმედის“ ეთერში განთავსებული ინფორმაცია უკავშირდება მათ და აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებით, ასევე, მათთვის პასუხის უფლებაზე უარით, მომჩივანების განცხადებით, დაირღვა მათი კანონიერი ინტერესი. შესაბამისად, მომჩივანები საჩივრის წარდგენაზე უფლებამოსილი პირები არიან.
28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ საჩივარი მიღებულ უნდა იქნეს განსახილველად და დავის განხილვის დღედ განისაზღვროს 2025 წლის 18 დეკემბერი. ამასთანავე, კომისია მიიჩნევს, რომ კომისიის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს უნდა დაევალოს საჩივარში მითითებული გარემოებების შესწავლა და დასკვნის წარმოდგენა.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების, 52-ე და 764 მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად:
გადაწყვიტა:
1. ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ (ს/კ:405113755) და ალექსანდრე ზიბზიბაძის საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/4890; 01.12.2025) შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ განსახილველად იქნეს მიღებული;
2. დავის განხილვა დაინიშნოს 2025 წლის 18 დეკემბერს, 15:00 საათზე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე) საჩივარში მითითებული გარემოებების შესწავლა და დასკვნის წარმოდგენა;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) წინამდებარე გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „ტელეიმედისთვის“, ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიისთვის“ (ს/კ: 405113755) და ალექსანდრე ზიბზიბაძისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და 6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
