თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიასა“ და შპს „მაგთიკომს“ შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 03, 2026 16:32
მიღების თარიღი დეკემბერი 30, 2025
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიასა“ და შპს „მაგთიკომს“ შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვის თაობაზე
დავის მხარეები: შპს გ.ს.ი. ტექნოლოგია“ და შპს „მაგთიკომი“
დავის საგანი: ურთიერთჩართვიდან გამომდინარე დარიცხული დავალიანება, ურთიერთჩართვის პირობების შეუსრულებლობა და ზარის დასრულების კანონიერება
კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 30 დეკემბერი
I. აღწერილობითი ნაწილი
1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ 2015 წლის 28 აპრილს კომისიას საჩივრით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/2443-15; 28.04.2015) მიმართა შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიამ“ და მოითხოვა შპს „მაგთიკომის“ მობილურ ქსელში ადგილობრივი ზარების საერთაშორისო დასრულების ტარიფით დათვლის შესახებ შპს „მაგთიკომის“ მოთხოვნისა და შპს „მაგთიკომის“ მობილურ ქსელში ადგილობრივი ზარების დასრულების მის მიერ განსაზღვრული ტარიფის უკანონოდ ცნობა და შპს „მაგთიკომისთვის“ არსებული რეგულაციებისა და კანონის მიხედვით მოქმედების დაკისრება.
2. 2015 წლის 5 მაისს, კომისიას საჩივრით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/2705-15; 05.05.20215) მიმართა შპს „მაგთიკომმა“ და მოითხოვა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომისიისგან თანხმობა, რათა შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიისთვის“ შეეწყვიტა ურთიერთჩართვა, ამ უკანასკნელის მიერ შემდეგი სამივე პირობის დაკმაყოფილებამდე: ა) შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ არსებული დავალიანების სრულ დაფარვამდე; ბ) შპს ,,გსი. ტექნოლოგიის“ მიერ შპს „მაგთიკომის“ მოწვევის ოფერტით გათვალისწინებული ვალდებულების, კერძოდ, ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარმოდგენამდე; გ) შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ შპს „მაგთიკომთან“ ახალი მოწვევის ოფერტის პირობების შესაბამისად ხელშეკრულების გაფორმებამდე. შპს „მაგთიკომმა“ ასევე, მოითხოვა განმარტება მასზედ, თუ რამდენად შესაბამისობაში იყო მოქმედ კანონმდებლობასთან, მათ შორის, კომისიის გადაწყვეტილებებთან, შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ საერთაშორისო ზარების შემოტანა/დასრულება ადგილობრივი ნომრით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოცემული სქემით საერთაშორისო ზარის დასრულება არ ეწინააღმდეგებოდა კანონმდებლობას, ქსელის მფლობელი ოპერატორის მიერ ასეთი ზარი მიჩნეული უნდა ყოფილიყო საერთაშორისო თუ ადგილობრივ ზარად. შპს „მაგთიკომმა“ ასევე ითხოვა საკითხის საფუძვლიანად შესწავლისთვის, კომისიას დაედგინა, თუ რომელი პარტნიორი კომპანიების საშუალებით ახორციელებდა შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგია“ საერთაშორისო ზარების შემოტანას, რა სახის სახელშეკრულებო ურთიერთობები გააჩნდათ აღნიშნულ კომპანიებს და ასევე, კომისიას გამოეთხოვა პარტნიორ- კომპანიასთან/კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებები.
3. შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიასა“ და შპს „მაგთიკომს“ შორის დავის განხილვის ფარგლებში 2015 წლის 4 ივნისის კომისიის სხდომის N38 საოქმო დავალების თანახმად, კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს დაევალა შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ ტექნიკური მონიტორინგი და შესაბამისი დასკვნის მომზადება.
4. შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიამ“ კომისიის აპარატის უფლებამოსილ თანამშრომლებს მისცა დაშვება მის მფლობელობაში არსებულ პროგრამულ კომუტატორებზე და სერვერებზე არსებულ ინფორმაციასთან, საიდანაც რეალურ დროში შეიძლებოდა ზარების დეტალური ჩანაწერების მიხედვით გაკეთებულიყო განხორციელებული ზარების მონიტორინგი. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ც. უჯმაჯურიძისა და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის დ. ქუთათელაძის 2015 წლის 9 დეკემბრის Nშ-10/9688-15 მოხსენებითი ბარათის თანახმად, მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგია“ იღებდა ტექსტურ შეტყობინებას პარტნიორი კომპანიიდან, შეტყობინება შეიცავდა გამოსაძახებელი აბონენტის ნომერს საქართველოში და თურქეთის რესპუბლიკაში შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ პარტნიორი კომპანიის ე.წ. ქოლ ცენტრის ნომრებს (ინდექსი: 9085073009XX). განხორციელებული ზარების ამსახველ ჩანაწერში არ ჩანდა საზღვარგარეთიდან დაკავშირების მსურველი (პირობითად „ა“ ნომრის მფლობელი) აბონენტის ნომერი. შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ ზარის განხორციელების სქემის თანახმად, შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ პარტნიორი ოპერატორი იღებდა საერთაშორისო ზარებს სხვადასხვა ქვეყნიდან და ახდენდა ზარების ტრანსფორმაციას ტექსტურ ფორმატში და შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგია“ მიღებული ტექსტური ინფორმაციის საფუძველზე ტექნიკურად ერთდროულად ახორციელებდა 2 გამავალ ზარს. ამავე მოხსენებითი ბარათის თანახმად, 2015 წლის 7 დეკემბერს კომისიის აპარატის თანამშრომლის სატელეფონო ნომერზე 577737XXX, გერმანიიდან განხორციელდა ზარი 19:28 საათზე შეკვეთის გარეშე („ა“ ნომრით 491624048XXX.). დეტალური ინფორმაციის მიხედვით, კომისიის თანამშრომელთან სატელეფონო ზარი განხორციელდა „ა“ ნომრით 322160162. ამავე დროს შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიიდან“ გამავალი საერთაშორისო ზარი დაფიქსირდა არა გერმანიის 491624048XXX ნომერზე, არამედ შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ პარტნიორი კომპანიის ნომერზე (90850730009XX).
5. კომისიამ დაადგინა, რომ შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის მიერ “ შპს „მაგთიკომის“ ქსელში 2015 წლის 7 დეკემბერს დასრულებული ზარი წარმოადგენდა საერთაშორისო ზარს. ამასთანავე, შპს „გ.ს.ი ტექნოლოგიამ“ აღნიშნული ზარი დაასრულა გამომძახებელი აბონენტის ნომრის იდენტიფიცირების გარეშე.
6. კომისიის 2016 წლის 28 იანვრის N60/16 გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „მაგთიკომის“ განცხადება შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიასთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემის შესახებ შემდეგი პირობებით: 1) წინამდებარე ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგენილი სატელეფონო ზარის განხორციელების სქემით შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ სატელეფონო ზარის ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელში დასრულება წარმოადგენდა საერთაშორისო ზარის დასრულებას; 2) შპს „მაგთიკომს“ უნდა უზრუნველეყო მის ქსელში მხოლოდ სრულად იდენტიფიცირებული „A“ სატელეფონო ნომრით განხორციელებული ზარების დაშვება; 3) მხარეებს უნდა უზრუნველეყოთ 20 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი შედარების აქტის გაფორმება შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ შპს „მაგთიკომის“ ქსელში 2015 წლის განმავლობაში დასრულებული ზარების თაობაზე და ანგარიშსწორება შპს ,,მაგთიკომის“ ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შეთავაზების თაობაზე 2014 წლის პირველი ნოემბრის მოწვევის ოფერტით განსაზღვრული პირობებით. ამასთან, შპს „გ.ს.ი ტექნოლოგიას“ მიეცა წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო, კერძოდ, გამომძახებელი აბონენტის ნომრის იდენტიფიცირების გარეშე ზარის დასრულების გამო.
7. შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიამ“ სასამართლო წესით გაასაჩივრა კომისიის 2016 წლის 28 იანვრის N60/16 გადაწყვეტილება და მოითხოვა მისი ბათილად ცნობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით (საქმე N3/3720-16) სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი კომისიის 2016 წლის 28 იანვრის N60/16 გადაწყვეტილება, კომისიას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა განესაზღვრა თუ რამდენად იყო შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ განხორციელებული გამავალი ადგილობრივი ზარები და საერთაშორისო ზარები საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი რეგულირების სფეროში, რისთვისაც სავალდებულო იყო ნომრის გამჭვირვალედ გადაცემა. სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ განხორციელებული ზარები იყო მხოლოდ გამავალი ხასიათის, კერძოდ, გამავალი ადგილობრივი და გამავალი საერთაშორისო ზარები, რის გამოც ვერ დაფიქსირდებოდა თავდაპირველი შემკვეთი აბონენტი. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე, აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მხოლოდ იმ მოტივზე დაყრდნობით იქნა მიღებული, რომ მოსარჩელე საერთაშორისო ზარის დასრულებას ახორციელებდა შპს „მაგთიკომის“ ქსელში საერთაშორისო ნომრის გამჭვირვალედ გადაცემის გარეშე, იმ გარემოების გათვალისწინების გარეშე, რომ შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგია“ არ იღებდა შემომავალ საერთაშორისო ზარებს.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება კომისიის მიერ გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომლის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინება კომისიის მიერ გასაჩივრდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 10 თებერვლის განჩინებით (Nბს-566(კ-20)) სასამართლომ დაუშვებლად ცნო კომისიის საკასაციო საჩივარი და უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებაში აღნიშნულია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება, რომ შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ სადავო სერვისის, სქემის პირობებში ზარის განხორციელება ხდებოდა შემდეგი პროცესით - შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგია“ პარტნიორი უცხოური კომპანიისგან ტექსტური შეტყობინების საფუძველზე იღებდა შეკვეთას, რომელშიც მითითებული იყო ზარის შემკვეთი აბონენტის ნომერი, დასაკავშირებელი აბონენტის ნომერი და დაკავშირებისთვის სასურველი დრო, რის შემდეგ კომპანიის ქოლცენტრიდან ქოლცენტრის ნომრით ხორციელდებოდა ერთის მხრივ ადგილობრივი გამავალი ზარი გამოსაძახებელ აბონენტთან, ხოლო მეორეს მხრივ საერთაშორისო გამავალი ზარი (პარტნიორი კომპანიის გავლით) შემკვეთ აბონენტთან, რისი საშუალებითაც შემკვეთი აბონენტი უკავშირდებოდა დასაკავშირებელ აბონენტს ანუ პროცესი ითვალისწინებდა არა შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ ნომერზე/ცენტრში ზარის შემოსვლას, არამედ ინიცირების საფუძველზე, შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ საკუთარი ნომრ(ებ)ით ორი გამავალი ზარის განხორციელებას და მათ შეერთებას. ამდენად, საკასაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასება, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ მომხდარა გარემოებების სრულყოფილი შესწავლა და შეფასება. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრებოდა ვალდებულება განესაზღვრა თუ რამდენად იყო შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ განხორციელებული გამავალი ადგილობრივი და საერთაშორისო ზარები საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი რეგულირების სფეროში, რისთვისაც სავალდებულო იყო ნომრის გამჭვირვალედ გადაცემა. ამასთან, სადავო შემთხვევის მე-13 მუხლის რეგულირების სფეროში მოქცევის პირობებში რამდენად ირღვეოდა ნომრის გამჭვირვალედ გადაცემის პრინციპი.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, კომისიამ შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიისა“ და შპს „მაგთიკომს“ შორის დავის განხილვის მიზნით დანიშნა სხდომა 2025 წლის 30 დეკემბერს, რის თაობაზეც მხარეებს ეცნობათ კომისიის შეტყობინებებით (Nგ-25-03/3073; 26.12.25; Nგ-25-03/3074; 26.12.25).
10. კომისიის სხდომას ესწრებოდნენ შპს „გ.ს.ი ტექნოლოგიის“ დირექტორი გ. ჩიკვაიძე და შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენელი ლ. გიორგაძე. მოდავე მხარეებმა მხარი დაუჭირეს თავის საჩივრებს და აღნიშნულ საჩივრებში დაყენებულ მოთხოვნებს.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
11. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას („ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის N1929-რს მიღებამდე მოქმედი რედაქცია). ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;
12. ,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით; მხარეები კომისიაში საქმის წარმოებას იწყებენ კომისიისთვის სათანადო განცხადების წარდგენით;
13. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
14. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება. დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით. ამავე კანონის მე-2 მუხლის ჰ29) ქვეპუნქტის თანახმად, ურთიერთჩართვა არის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ფიზიკური და ლოგიკური კავშირი, რომელსაც იყენებს ერთი ან რამდენიმე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი, რათა ერთი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცეს, დაუკავშირდეს იმავე ან სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს, ან/და ისარგებლოს სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომსახურებით, და რომელიც ხორციელდება ოპერატორების მიერ საკუთარი ქსელების შესაბამის ელემენტებთან შეუზღუდავი, სავალდებულო და არადისკრიმინაციული ურთიერთდაშვებით;
15. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნუმერაციის ეროვნულ სისტემას ადგენს საქართველოს მთავრობა კომისიასთან შეთანხმებით, ხოლო მეორე პუნქტის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს კომისია. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვას კომისია გასცემს ამ კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ და „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად („ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის N1929-რს მიღებამდე მოქმედი რედაქცია).
16. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ დებულების მიღების მიზანია საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ნუმერაციის რესურსების ჰარმონიზებული და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება და სახელმწიფო ნუმერაციის რესურსებით სარგებლობის გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული პირობების უზრუნველყოფა, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ დებულებით დგინდება ნუმერაციის რესურსების ერთგვაროვანი სტრუქტურა და ფორმატი; რესურსების განაწილების, გამოყოფისა და მინიჭების, აგრეთვე ავტორიზებული პირებისა და მომხმარებლების მიერ ამ რესურსებით სარგებლობის საერთო პირობები, მათ შორის, ნუმერაციის რესურსების მართვისა და გამოყენების წესები.
17. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებიდან გამავალი ან/და შემომავალი ან/და ტრანზიტული საერთაშორისო კავშირის განხორციელების დროს გამოძახებების იდენტიფიცირებისათვის უზრუნველყოფილ უნდა იქნეს გამომძახებელი აბონენტის საერთაშორისო ნომრის გამჭვირვალედ გადაცემა ან/და მიღება ან/და ტრანზიტი. ამავე დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოძახების წამომწყები აბონენტის ნომრის იდენტიფიცირება არის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორის მიერ გამოძახების წამომწყები, მომსახურების მიმღები აბონენტის ნომრის იდენტიფიცირება, ხოლო ამავე პუნქტის „ჰ11“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააბონენტო ნომერი (შემოკლებული აღნიშვნა – „SN“) არის სააბონენტო ნუმერაციის რესურსი, გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ნუმერაციის კონკრეტულ ზონაში აბონენტის ან მისი ტერმინალური მოწყობილობის იდენტიფიცირებისათვის და/ან გამოძახებების ან საინფორმაციო სიგნალების დამისამართებისათვის გამოყენებული ციფრების კომბინაცია. ტერმინები – „სააბონენტო ნომერი“ და „ბოლო მომხმარებლის ნომერი“ გამოიყენება ეკვივალენტური მნიშვნელობით.
18. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა („ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის N1929-რს მიღებამდე მოქმედი რედაქცია).
19. „საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასამართლოს აქტი, აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მოთხოვნა და განკარგულება სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოსათვის.
II. სამოტივაციო ნაწილი
1. შესწავლილი მტკიცებულებები
20. შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ 2015 წლის 28 აპრილის №შ-6/2443-15 საჩივარი თანდართული დოკუმენტაციით (2015 წლის 22 აპრილის №07/04-15 და 2015 წლის 25 თებერვლის №1/02-15 წერილები, შპს ,,მაგთიკომის“ 2015 წლის მარტის თვის შედარების აქტი მის მობილურ ქსელში დასრულებულ ზარებთან დაკავშირებით, კომისიის 2015 წლის 6 თებერვლის №01/174-15 წერილი, შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგიის“ 2015 წლის 6 მარტის ელექტრონული წერილის ამონაბეჭდი და შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგიის“ საბილინგო მონაცემები ამავე წლის მარტის თვეში განხორციელებული ზარების შესახებ);
21. შპს ,,მაგთიკომის“ 2015 წლის 5 მაისის საჩივარი №შ-6/2705-15, რომელსაც თან ერთვის შპს
,,მაგთიკომის“ 2015 წლის 6 მარტის №15/040-5 განცხადება, შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგიის“ 2015 წლის 25 თებერვლის №1/02-15 და 2015 წლის 22 აპრილის №07/04-15 წერილები და კომისიის 2015 წლის 6 თებერვლის №01/174-15 წერილი;
22. შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგიის“ 2015 წლის 11 მაისის №02/05-15 წერილი;
23. შპს „მაგთიკომის“ 2015 წლის პირველი მაისის №შ-6/2868-15 განცხადება;
24. შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ 2015 წლის 18 მაისის Nშ-6/2998-15 წერილი;
25. შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ 2015 წლის 28 მაისის Nშ-6/3427-15 წერილი;
26. შპს „მაგთიკომის“ 2015 წლის 11 დეკემბრის №შ-6/972-15 განცხადება;
27. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის დ. გოგიჩაიშვილის 2015 წლის 22 მაისის №შ-10/3307-15 სამსახურებრივი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით;
28. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ც. უჯმაჯურიძისა და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის დ. ქუთათელაძის 2015 წლის 9 დეკემბრის მოხსენებითი ბარათი;
29. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ც. უჯმაჯურიძისა და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის დ. ქუთათელაძის 2015 წლის 21 დეკემბრის №შ-10/10062-15 სამსახურებრივი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით;
30. შპს „გ.ს.ი ტექნოლოგიის“ 2016 წლის 15 იანვრის Nშ-6/330-16 წერილი;
31. შპს „მაგთიკომის“ 2016 წლის 18 იანვრის Nშ-6/403-16 წერილი;
32. შპს „მაგთიკომის“ 2016 წლის 20 იანვრის Nშ-6/426-16 წერილი;
33. შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ 2016 წლის 21 იანვრის Nშ-6/580-16 წერილი;
34. შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიისა“ და შპს „მაგთიკომის“ შესახებ მონაცემები ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
35. კომისიაში დაცული მონაცემები ავტორიზებული პირების ქსელში ან ქსელიდან განხორციელებული სატელეფონო ზარების შესახებ;
36. მხარეთა წარმომადგენლების მიერ კომისიის სხდომებზე მიცემული ახსნა-განმარტებები;
37. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება (საქმე N3/3720-16);
38. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინება (საქმე N3ბ/2195-17);
39. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10
თებერვლის განჩინება (Nბს-566 (კ-20)).
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
40. შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგია“ და შპს ,,მაგთიკომი“ წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ავტორიზებულ პირებს.
მტკიცებულება: შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიისა“ და შპს ,,მაგთიკომის“ შესახებ მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;
41. მხარეთა შორის დავის წარმოშობის პერიოდში შპს ,,გ.ს.ი, ტექნოლოგია“ ფლობდა ნუმერაციის რესურსს ინდექსით 160XXX -161XXX (2000 სააბონენტო ნომერი) ქ. თბილისში ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად და ასევე, ფლობდა ნუმერაციის რესურს 8-0-4-4 საინფორმაციო-საცნობარო მომსახურების გასაწევად;
მტკიცებულება: კომისიის 2010 წლის 26 იანვრის №42/1, 2008 წლის 17 ივლისის №413/1 და 2011 წლის 15 მარტის N123/2 გადაწყვეტილებები.
42. 2015 წლის 26 იანვარს შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიამ“ განცხადებით მიმართა კომისიას და აცნობა, რომ აპირებდა ახალი სერვისის დანერგვას, კერძოდ, კონტაქტ ცენტრში ვებ სერვისის, ელექტრონული ფოსტის და/ან ნებისმიერი სხვა ტექსტური შეტყობინებების საფუძველზე ადგილობრივი/საერთაშორისო ზარების და კონფერენციების განხორციელებას. ამასთან, კომპანიის მიერ დეტალურად იქნა აღწერილი მომსახურების არსი, რომლის თანახმად, შემოსული შეკვეთის საფუძველზე, სადაც ტექსტის სახით მითითებული იქნებოდა ზარის შემკვეთი აბონენტის ნომერი, დასაკავშირებელი აბონენტის ნომერი და დაკავშირების სასურველი დრო, შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგია“ კონტაქტ ცენტრიდან განახორციელებდა გამავალ ზარებს შემკვეთისა და დასაკავშირებელი აბონენტის ნომრებზე, რის შემდეგაც განხორციელდებოდა ამ ზარების შეერთება. ამდენად, კომპანია უზრუნველყოფდა ადგილობრივი და საერთაშორისო მხოლოდ გამავალ ზარებს საკუთარი ტექნიკური საშუალებებისა და შეერთებების საფუძველზე. მოთხოვნის და/ან საჭიროების შემთხვევაში აბონენტებს მიეწოდებოდათ ზარის შეკვეთის სატელეფონო ნომერი მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით და/ან ოპერატორების მიერ ან ავტომატურ რეჟიმში, IVR სისტემის გამოყენებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიამ“ ითხოვა განმარტება, წარმოადგენდა თუ არა ხსენებული მომსახურება ავტორიზაციით განსაზღვრულ საქმიანობას და ასეთის შემთხვევაში, რა დამატებით ნებართვას ან/და ლიცენზიას საჭიროებდა. კომისიის 2015 წლის 6 თებერვლის საპასუხო წერილით, შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგიას“ ეცნობა, რომ აღწერილი სერვისი ექვემდებარებოდა ავტორიზაციას და წარმოადგენდა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ისეთ ავტორიზებად სახეს, როგორიცაა: ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების საკომუნიკაციო კავშირით მომსახურება. ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება
მტკიცებულება: შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ 2015 წლის 26 იანვრის N01/01-18 წერილი; კომისიის 2015 წლის 6 თებერვლის N01/174-15 წერილი;
43. . შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიამ“ შპს ,,მაგთიკომის“ მიერ სადავოდ მიჩნეული მომსახურების ფარგლებში ზარების განხორციელება შპს „მაგთიკომის“ ქსელში დაიწყო 2015 წლის 2 მარტს.
მტკიცებულება: შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ 2015 წლის 28 აპრილის №შ-6/2443-15 საჩივარი.
44. შპს „მაგთიკომის“ 2014 წლის 29 ოქტომბრის წერილით შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიას“ გაეგზავნა ახალი მოწვევის ოფერტა ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შეთავაზების თაობაზე. შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიამ“ შპს ,,მაგთიკომის“ ოფერტაზე აქცეპტის განხორციელების ფაქტი დაადასტურა 2015 წლის 11 მაისის წერილით. შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგია“ თავის 2015 წლის 22 აპრილის წერილში შპს ,,მაგთიკომის“ მიმართ მოთხოვნების ჩამოყალიბებისას ხელმძღვანელობდა შპს „მაგთიკომის“ ოფერტის პირობებით.
მტკიცებულება: შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ 2015 წლის 11 მაისის N02/05-15 წერილი; შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ 2015 წლის 22 აპრილის №07/04-15 წერილი; წინამდებარე დავაზე 2015 წელს კომისიაში ჩატარებულ სხდომებზე მხარეების მიერ მიცემული ახსნა-განმარტებები;
45. შპს ,,მაგთიკომის“ 2014 წლის პირველი ნოემბრის მოწვევის ოფერტის 2.3 პუნქტისა და 2.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარმოდგენა აუცილებელია იმ ურთიერთჩართული პირებისთვის, რომლებიც სარგებლობენ საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებით. ოფერტის 2.4 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მაგთიკომთან ურთიერთჩართული ოპერატორი, ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში დაარღვევს ანგარიშსწორების ვალდებულებას, მაგთიკომი იტოვებს უფლებას, მოსთხოვოს ამ ოპერატორს 2.3.6 – 2.3.7 პუნქტებით გათვალისწინებული ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარმოდგენა და ეს უკანასკნელი ვალდებულია 3 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს მოთხოვნილი გარანტია. ოფერტის 2.12 პუნქტის თანახმად, ყველა ურთიერთჩართული ავტორიზებული პირი, რომელიც უკვე სარგებლობს საერთაშორისო ზარის მაგთიკომის ქსელში დასრულების/ტერმინაციის მომსახურებით, ვალდებულია მიმართოს მაგთიკომს წერილობითი განაცხადით, სადაც მითითებული იქნება ერთი თვის განმავლობაში მაგთიკომის ქსელში საერთაშორისო და ადგილობრივი ტრაფიკის სავარაუდო მოცულობები და არაუგვიანეს 2014 წლის 1 ნოემბრისა უზრუნველყოს ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარდგენა წინამდებარე ოფერტის 2.3.6- 2.3.8 პუნქტების შესაბამისად, ხოლო ოფერტის 2.13 პუნქტის შესაბამისად, ყველა ურთიერთჩართული ავტორიზებული პირი, რომელიც წინამდებარე ოფერტის გამოქვეყნების დღისათვის უკვე სარგებლობს საერთაშორისო ზარის მაგთიკომის ქსელში დასრულების/ტერმინაციის მომსახურებით, ვალდებულია 2014 წლის 1 ნოემბრამდე გააფორმოს ახალი ურთიერთჩართვის ხელშეკრულება წინამდებარე ოფერტის პირობების გათვალისწინებით. ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის და 2.12 პუნქტით გათვალისწინებული პირების მხრიდან ხელშეკრულების შესრულების გარანტიის არ წარმოდგენის შემთხვევაში, ჩაითვლება უარად წინამდებარე ოფერტით გათვალისწინებული მომსახურების მიღებაზე და წერილობითი გაფრთხილების შემთხვევაში, მაგთიკომი აღარ გაუწევს წინამდებარე ოფერტით გათვალისწინებულ მომსახურებას. ოფერტის 11.7 პუნქტის თანახმად, ნებისმიერი საეჭვო ტრაფიკის (fraud) (ზარის წამომწყები ნომრის შეცვლის/გადაკეთების ან სხვა შემთხვევაში, რომელიც ქმნის საფუძვლიან ეჭვს თაღლითური ქმედების (fraud) არსებობაზე) აღმოჩენის შემთხვევაში, მაგთიკომი იტოვებს უფლებას შეაჩეროს ზარების მიღება კონკრეტული მიმართულებებიდან. ამავე ოფერტის 11.8 პუნქტის თანახმად, ნებისმიერი ზარი, რომელსაც არ ექნება ეროვნული ფორმატი (იგულისხმება ზარის წამომწყები ა ნომერი), ჩაითვლება საერთაშორისო ზარად და დაერიცხება შესაბამისი საფასური. შპს ,,მაგთიკომის“ 2014 წლის პირველი ნოემბრის ოფერტის 4.1.2 პუნქტის თანახმად, მობილურ ქსელში ურთიერთჩართვის (ზარის წამოწყების/დასრულების) ტარიფია 2015 წლის პირველი იანვრიდან - 3.5 თეთრი, დღგ-ს და აქციზის ჩათვლით, ხოლო 4.4 პუნქტის თანახმად, საერთაშორისო ზარი მობილურ ქსელში შეესაბამება კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ) დადგენილ საერთაშორისო ზარების დასრულების/ტერმინაციის ტარიფებს, კერძოდ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისთვის 0.20 აშშ დოლარი ექვივალენტური თანხა ეროვნულ ვალუტაში, ხოლო სხვა ავტორიზებული პირებისთვის - 0.16 აშშ დოლარი ექვივალენტური თანხა ეროვნულ ვალუტაში. ოფერტის 4.5 პუნქტის თანახმად, საერთაშორისო ფიქსირებულ ქსელში შეესაბამება კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ) დადგენილ საერთაშორისო ზარების დასრულების/ტერმინაციის ტარიფებს, კერძოდ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისთვის 0.12 აშშ დოლარი ექვივალენტური თანხა ეროვნულ ვალუტაში, ხოლო სხვა ავტორიზებული პირებისთვის - 0.09 აშშ დოლარი ექვივალენტური თანხა ეროვნულ ვალუტაში;
მტკიცებულება: შპს ,,მაგთიკომის“ 2014 წლის პირველი ნოემბრის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა);
46. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტმა შპს „გსი ტექნოლოგიების“ საანალიზო პერიოდის CDR –ბის, შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიებისა“ და მის პარტნიორ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების, შედარების აქტის, ინვოისისა და საბანკო ამონაწერის შესწავლის საფუძველზე წარმოადგინა შემდეგი ინფორმაცია:
ა) შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიების“ მიერ წარმოდგენილი CDR –ბის მიხედვით ირკვევა, რომ 1) CDR-ში საერთაშორისო შემომავალი ზარი არ ფიქსირდება, ხოლო გამავალი ზარი განხორცილებულია, როგორც საერთაშორისო ოპერატორების, ასევე მობილური და ფიქსირებული ქსელის ოპერატორების მიმართულებით და 2) საერთაშორისო ოპერატორების მიმართულებით გამავალი ტრაფიკის ჯამი, მობილური და ფიქსირებული ქსელის ოპერატორების მიმართულებით განხორცილებული ტრაფიკის ჯამის ტოლია;
ბ) შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიების“ მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებისა და 2014 წლის 14 აპრილის №შ-6/1868-15 წერილის მიხედვით, შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ ზარის განხორციელება ხდება შემდეგი სქემით - შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგია“ ტექსტური შეტყობინების საფუძველზე ღებულობს შეკვეთას, რომელშიც მითითებულია ზარის შემკვეთი აბონენტის ნომერი, დასაკავშირებელი აბონენტის ნომერი და დაკავშირებისთვის სასურველი დრო, ხოლო კომპანიის ქოლ-ცენტრიდან ხორციელდება ერთი მხრივ გამავალი საერთაშორისო ზარი გამოსაძახებელ აბონენტთან და მეორე მხრივ გამავალი ადგილობრივი ზარი გამომძახებელ აბონენტთან, ამით შემკვეთი აბონენტი უკავშირდება დასაკავშირებელ აბონენტს;
გ) შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ მოწოდებული ფინანსური (შესაბამისი პერიოდის ინვოისი, ხელშეკრულება, შედარების აქტი და საბანკო ამონაწერი) ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ შპს „გსი ტექნოლოგია“ პარტნიორი კომპანიისთვის „ბ“ პუნქტში აღწერილი მომსახურების გაწევისთვის იღებს ანაზღაურებას 0,074 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგია“ მის მიერ განხორციელებული საერთაშორისო გამავალი ზარების ტერმინაციისთვის შპს „VI Trade“- ს უხდის ანაზღაურებას 0,005 აშშ დოლარის ოდენობით. კომპანიის მიერ პარტნიორ ოპერატორთან გაფორმებულ შედარების აქტში ტრაფიკის შესახებ წარმოდგენილი ინფორმაცია ემთხვევა კომისიისთვის CDR-ბით მოწოდებულ ინფორმაციას.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის 2015 წლის 22 მაისის №შ-10/3307-15 სამსახურებრივი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით;
47. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის დასკვნით, შპს „გსი ტექნოლოგიის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის თანახმად, შპს „გსი ტექნოლოგიის“ მიერ შპს „მაგთიკომის“ მობილურ ქსელში 2015 წლის 2 მარტიდან 2015 წლის 11 მარტამდე პერიოდში დასრულებული სატელეფონო ზარები შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ ადგილობრივი სატელეფონო ქსელიდან შპს „მაგთიკომის“ მობილურ ქსელში გამავალი ადგილობრივი ზარებია, ხოლო შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ ადგილობრივი სატელეფონო ქსელიდან პარტნიორი კომპანიის (VI Trade Ltd) მიმართულებით განხორცილებული ზარები წარმოადგენს გამავალ საერთაშორისო ზარებს. ამასთან, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო ზარის განხორცილების მარშუტი ეკონომიკური შინაარსით არის საერთაშორისო ზარის განხორცილების ისეთი ალტერნატიული საშუალება, როგორიცაა, ე.წ „ქოლ ბექი“, რომელსაც საქართველოში იყენებს მობილური კომპანიები მომხმარებლებისათვის იაფი როუმინგული მომსახურების მისაწოდებლად. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიების“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი საანალიზო პერიოდის CDR –ბის, შპს „გსი ტექნოლოგიასა“ და მის პარტნიორ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების, შედარების აქტის, ინვოისისა და საბანკო ამონაწერის შესწავლით ობიექტურად ვერ დგინდებოდა თუ რა სქემით ახორციელებდა ზარებს შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგია“
მტკიცებულება: კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის 2015 წლის 22 მაისის №შ-10/3307-15 სამსახურებრივი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით;
48. შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიამ“ კომისიის აპარატის უფლებამოსილ თანამშრომლებს მისცა დაშვება მის მფლობელობაში არსებულ პროგრამულ კომუტატორებზე და სერვერებზე არსებულ ინფორმაციასთან, საიდანაც რეალურ დროში შეიძლებოდა ზარების დეტალური ჩანაწერების მიხედვით გაკეთებულიყო განხორციელებული ზარების მონიტორინგი. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგია“ იღებდა ტექსტურ შეტყობინებას პარტნიორი კომპანიიდან, შეტყობინება შეიცავდა გამოსაძახებელი აბონენტის ნომერს საქართველოში და თურქეთის რესპუბლიკაში შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ პარტნიორი კომპანიის ე.წ. ქოლ ცენტრის ნომრებს (ინდექსი: 9085073009XX). განხორციელებული ზარების ამსახველ ჩანაწერში არ ჩანდა საზღვარგარეთიდან დაკავშირების მსურველი (პირობითად „ა“ ნომრის მფლობელი) აბონენტის ნომერი. შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ ზარის განხორციელების სქემის თანახმად, შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ პარტნიორი ოპერატორი იღებდა საერთაშორისო ზარებს სხვადასხვა ქვეყნიდან და ახდენდა ზარების ტრანსფორმაციას ტექსტურ ფორმატში და შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგია“ მიღებული ტექსტური ინფორმაციის საფუძველზე ტექნიკურად ერთდროულად ახორციელებდა 2 გამავალ ზარს. 2015 წლის 7 დეკემბერს კომისიის აპარატის თანამშრომლის სატელეფონო ნომერზე 577737XXX, გერმანიიდან განხორციელდა ზარი 19:28 საათზე შეკვეთის გარეშე („ა“ ნომრით 491624048XXX.). დეტალური ინფორმაციის მიხედვით, კომისიის თანამშრომელთან სატელეფონო ზარი განხორციელდა „ა“ ნომრით 322160162. ამავე დროს შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიიდან“ გამავალი საერთაშორისო ზარი დაფიქსირდა არა გერმანიის 491624048XXX ნომერზე, არამედ შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ პარტნიორი კომპანიის ნომერზე (90850730009XX); შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგია“ არ ფლობდა ინფორმაციას გერმანიიდან ზარის წამომწყები აბონენტის ნომრის შესახებ. შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიამ“ შპს ,,მაგთიკომის“ მობილურ ქსელში დაასრულა საერთაშორისო ზარი გამომძახებელი აბონენტის ნომრის იდენტიფიცირების გარეშე;
მტკიცებულება: კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ც. უჯმაჯურიძისა და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის დ. ქუთათელაძის 2015 წლის 9 დეკემბრის Nშ-10/9688-15 და 2015 წლის 21 დეკემბრის №შ-10/10062-15 სამსახურებრივი ბარათები თანდართული დოკუმენტაციით;
49. შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ დირექტორმა გ. ჩიკვაიძემ კომისიის 2015 წლის 29 დეკემბრის სხდომაზე განაცხადა, რომ ზარები როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი მიმართულებით ხორციელდება კომპანიის ქოლ ცენტრიდან, რომლის ნომერიც გამჭვირვალედაა მიწოდებული საქართველოს აბონენტთან, ხოლო „ა“ ნომრის შესახებ ინფორმაცია კომპანიის მიერ მოთხოვნილ იქნა პარტნიორისგან და საქართველოს აბონენტს შეეძლო მისი გაგება ავტომატურ რეჟიმში ქოლ ცენტრის ნომერზე გადარეკვით. მან ასევე დაადასტურა, რომ კომისიის უფლებამოსილი წარმომადგენლების მოთხოვნიდან მეორე დღესვე შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ სატელეფონო ზარით იქნა მოწოდებული ინფორმაცია ,,ა“ ნომრის შესახებ. კომისიის 2016 წლის 14 იანვრის სხდომაზე შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ წარმომადგენელმა ზ. გოგიჩაიშვილმა დაადასტურა შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ ქოლ ცენტრის მეშვეობით კომისიის აპარატის თანამშრომლის ნომრის 577737XXX და სატელეფონო ნომრის - 491624048XXX დაკავშირების ფაქტი.
მტკიცებულება: შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ დირექტორის გ. ჩიკვაიძის მიერ კომისიის 2015 წლის 29 დეკემბრის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება; შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ წარმომადგენლის ზ. გოგიჩაიშვილის მიერ კომისიის 2016 წლის 14 იანვრის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.
3. სამართლებრივი შეფასება
50. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 მაისის გადაწყვეტილების (საქმე N3/3720-16) სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის მიხედვით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი კომისიის 2016 წლის 28 იანვრის N60/16 გადაწყვეტილება და კომისიას დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით. ამრიგად, „საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების დაცვით, კომისია სადავო საკითხთან დაკავშირებით გამოსცემს ახალ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს თბილისის საქალაქო სასამართლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილი სტანდარტების გათვალისწინებით.
51. წინამდებარე დავის ფარგლებში შპს „გ.ს.ი, ტექნოლოგიის“ მოთხოვნა იყო: 1. კომისიის მიერ უკანონოდ იქნას ცნობილი შპს ,,მაგთიკომის“ მოთხოვნა მის მობილურ ქსელში ადგილობრივი ზარების საერთაშორისო დასრულების ტარიფით დათვლის შესახებ; 2. კომისიის მიერ უკანონოდ იქნას ცნობილი შპს ,,მაგთიკომის“ მობილურ ქსელში ადგილობრივი ზარების დასრულების მის მიერ წარმოდგენილი ტარიფი (4 თეთრი).
52. შპს „მაგთიკომის“ მოთხოვნა იყო: 1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ მისცეს თანხმობა შპს ,,მაგთიკომს“ შეუჩეროს ურთიერთჩართვა შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგიას“ შემდეგი სამივე პირობის დაკმაყოფილებამდე: ა) შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ არსებული დავალიანების სრულ დაფარვამდე; ბ) შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ შპს ,,მაგთიკომის“ მოწვევის ოფერტით გათვალისწინებული ვალდებულების, კერძოდ, ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარმოდგენამდე; გ) შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ შპს ,,მაგთიკომთან“ ახალი მოწვევის ოფერტის პირობების შესაბამისად ხელშეკრულების გაფორმებამდე; 2. განმარტოს კომისიამ რამდენად შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან, მათ შორის, კომისიის გადაწყვეტილებებთან, შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ საერთაშორისო ზარების შემოტანა/დასრულება ადგილობრივი ნომრით. იმ შემთხვევაში, თუ მოცემული სქემით საერთაშორისო ზარის დასრულება არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, ქსელის მფლობელი ოპერატორის მიერ ასეთი ზარი მიჩნეული უნდა იყოს საერთაშორისო თუ ადგილობრივ ზარად; 3. საკითხის საფუძვლიანად შესწავლისთვის, კომისიამ დაადგინოს, თუ რომელი პარტნიორი კომპანიების საშუალებით ახორციელებს შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგია“ საერთაშორისო ზარების შემოტანას, რა სახის სახელშეკრულებო ურთიერთობები გააჩნიათ აღნიშნულ კომპანიებს და ასევე, კომისიამ გამოითხოვოს პარტნიორ-კომპანიასთან/კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებები.
53. კომისია აღნიშნავს, რომ მოდავე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მოთხოვნების შინაარსიდან გამომდინარე, დავის გადაწყვეტის მიზნით, კომისიამ უნდა განსაზღვროს: 1. რა სახის სატელეფონო ზარები განახორციელა შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიამ“ შპს „მაგთიკომის“ მობილურ საკომუნიკაციო ქსელში; 2. შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ შპს „მაგთიკომის“ მობილურ საკომუნიკაციო ქსელში დასრულებული სატელეფონო ზარები განხორციელებული იყო თუ არა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. აქვს თუ არა სამართლებრივი საფუძველი შპს „მაგთიკომის“ მოთხოვნას შპს „გ.ს.ი ტექნოლოგიისთვის“ ურთიერთჩართვის შეჩერების თაობაზე.
54. რაც შეეხება შპს „მაგთიკომის“ მოთხოვნას, კომისიამ დაადგინოს, თუ რომელი პარტნიორი კომპანიების საშუალებით ახორციელებს შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგია“ საერთაშორისო ზარების შემოტანას, რა სახის სახელშეკრულებო ურთიერთობები გააჩნიათ აღნიშნულ კომპანიებს და ასევე, კომისიამ გამოითხოვოს პარტნიორ-კომპანიასთან/კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, აღნიშნული გარემოებები კომისიამ გამოიკვლია წინამდებარე დავაზე 2016 წელს განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 46-ე პარაგრაფი).
3.1. შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ განხორციელებული ზარების სახის განსაზღვრის საკითხი
55. კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით განხორციელებული მომსახურება, რომელსაც მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირი განსაზღვრული საფასურის სანაცვლოდ სთავაზობს მსურველ ოპერატორს ან მომხმარებელს, ხოლო ამავე მუხლის ყ) ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელები (ელექტრო-კავშირგაბმულობის ქსელები) არის გამოძახებებისა და სხვადასხვა საინფორმაციო სიგნალების ელექტრონული დამუშავების, დამისამართების (კომუტაციის), გატარების და გადაცემის ტექნოლოგიური სისტემა, რომელიც მოიცავს სადენიან (მათ შორის, ოპტიკურბოჭკოვან), თანამგზავრულ, რადიოსიხშირულ ან ოპტიკურ აღჭურვილობას, სხვა ტექნოლოგიურ საშუალებებს და საოპერაციო ტექნიკურ რესურსებს, მათ შორის, ფიქსირებული (არხული და პაკეტური კომუტაციის, მათ შორის, ინტერნეტის) და მობილური კომუნიკაციების, ციფრული მაუწყებლობის, საეთერო და საკაბელო ქსელებს. სახელმწიფო თავდაცვის, უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის ორგანოების ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფა ითვალისწინებს ელექტრონული საკომუნიკაციო სპეციალური ქსელების არსებობასაც.
56. სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება მისი მიწოდებისა და მიღების ადგილის მიხედვით შეიძლება იყოს, ადგილობრივი და საერთაშორისო, ხოლო ცალკეული საკომუნიკაციო მომსახურებების სახეობები, მათ შორის, საქალაქთაშორისოც. ამ თვალსაზრისით, ფიქსირებული სატელეფონო და მობილური საკომუნიკაციო მომსახურებების ფარგლებში განხორციელებული ზარები, ასევე, მოკლე ტექსტური შეტყობინებები, მათი წამოწყებისა და დასრულების ადგილის მიხედვით, შეიძლება განსხვავდებოდნენ და მიეკუთვნებოდნენ ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო ფორმატის ზარებს. აღნიშნული სატელეფონო ზარები და მოკლე ტექსტური შეტყობინებები, მათი განხორციელების/გადაცემის მიმართულების მიხედვით შეიძლება იყოს გამავალი, შემომავალი ან ტრანზიტული.
57. სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება ადგილობრივია, თუკი ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირი მოცემული მომსახურების ფარგლებში შედგა ერთი და იმავე ქვეყნის ტერიტორიაზე ავტორიზებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის ან მიმწოდებლების ქსელებით, ამავე მიმწოდებლების აბონენტებს შორის.
58. სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება საერთაშორისოა, თუკი ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირი მოცემული მომსახურების ფარგლებში შედგა ორი ან მეტი ქვეყნის ტერიტორიაზე ავტორიზებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლების ქსელებით, ამავე მიმწოდებლების აბონენტებს შორის.
59. წინამდებარე დავაზე არსებული მტკიცებულებების გამოკვლევის საფუძველზე დადგინდა სქემა, რომლის მიხედვით შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგია“ ასრულებდა სატელეფონო ზარებს შპს ,,მაგთიკომის“ მობილურ საკომუნიკაციო ქსელში 2015 წლის 2 მარტიდან, კერძოდ, შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგია“ იღებდა ტექსტურ შეტყობინებას პარტნიორი კომპანიიდან, შეტყობინება შეიცავდა გამოსაძახებელი აბონენტის ნომერს საქართველოში და თურქეთის რესპუბლიკაში შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ პარტნიორი კომპანიის ე.წ. ქოლ ცენტრის ნომრებს (ინდექსი: 9085073009XX). განხორციელებული ზარების ამსახველ ჩანაწერში არ ჩანდა საზღვარგარეთიდან დაკავშირების მსურველი (პირობითად „ა“ ნომრის მფლობელი) აბონენტის ნომერი, მიუხედავად იმისა, რომ ზარის წამოწყება სწორედ ამ აბონენტის ინიციატივით მოხდა. შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ ზარის განხორციელების ტექნიკური სქემის თანახმად, შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ პარტნიორი ოპერატორი იღებდა საერთაშორისო ზარებს სხვადასხვა ქვეყნიდან და ახდენდა ზარების ტრანსფორმაციას ტექსტურ ფორმატში და შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგია“ მიღებული ტექსტური ინფორმაციის საფუძველზე ტექნიკურად ერთდროულად ახორციელებდა 2 გამავალ ზარს. 2015 წლის 7 დეკემბერს კომისიის აპარატის თანამშრომლის სატელეფონო ნომერზე 577737XXX, გერმანიიდან განხორციელდა ზარი 19:28 საათზე შეკვეთის გარეშე („ა“ ნომრით 491624048XXX.). დეტალური ინფორმაციის მიხედვით, კომისიის თანამშრომელთან სატელეფონო ზარი ტექნიკურად განხორციელდა „ა“ ნომრით 322160162, მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში სატელეფონო კავშირი შედგა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის 491624048XXX ნომერთან. ამავე დროს შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიიდან“ გამავალი საერთაშორისო ზარი დაფიქსირდა არა გერმანიის 491624048XXX ნომერზე (მიუხედავად იმისა, რომ სატელეფონო კავშირი სწორედ ამ ნომერთან შედგა), არამედ შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ პარტნიორი კომპანიის ნომერზე - 90850730009XX (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 48-ე პარაგრაფი).
60. ზემოაღნიშნული ტექნიკური სქემით ზარის განხორციელების პროცესში დადგინდა, რომ საკომუნიკაციო კავშირი შედგა ქვეყნის საერთაშორისო კოდის - „49“-ის მქონე სააბონენტო ნომერსა და ქვეყნის საერთაშორისო კოდის - „995“ მქონე სატელეფონო ნომერს შორის, რა დროსაც საკომუნიკაციო კავშირის უზრუნველყოფაში ჩართული იყო, როგორც ორივე აბონენტის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი, ასევე, შუამავალი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი კომპანიები - შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგია“ და მისი პარტნიორი კომპანია თურქეთიდან. შესაბამისად, საკომუნიკაციო კავშირი შედგა გერმანიასა და საქართველოში ავტორიზებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლების აბონენტებს შორის, გერმანიაში, თურქეთსა და საქართველოში ავტორიზებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 48-ე და 49 პარაგრაფები). ამდენად, დადგენილია, რომ 491624048XXX ნომერსა და 577737XXX ნომერს შორის შედგა საერთაშორისო საკომუნიკაციო კავშირი.
61. შპს „გ.ს.ი ტექნოლოგიის“ ქოლცენტრიდან ნომრით (322160162) ტექნიკურად ხორციელდებოდა ერთის მხრივ ადგილობრივი გამავალი ზარი გამოსაძახებელ აბონენტთან (577737XXX), ხოლო მეორეს მხრივ საერთაშორისო გამავალი ზარი (პარტნიორი კომპანიის გავლით - ქოლ ცენტრის ნომერი -9085073009XX) დაკავშირების ინიციატორ აბონენტთან (491624048XXX). თუმცა, საკითხის საფუძვლიანად შესწავლისა და ობიექტურად გადაწყვეტისთვის, მნიშვნელოვანია ზარის განხორციელების ტექნიკურ ასპექტთან ერთად მისი შინაარსობრივი ასპექტის გათვალისწინება. იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ გამოძახების წამომწყები იყო საერთაშორისო კოდის - „49“- ის მქონე სააბონენტო ნომრით მოსარგებლე აბონენტი - გერმანიაში ავტორიზებული ოპერატორის აბონენტი, რომლის მიერ ინიცირებული სატელეფონო ზარი დასრულდა საერთაშორისო კოდის -„995“-ის მქონე სააბონენტო ნომერთან დაკავშირებით, კერძოდ, დასრულდა საქართველოში ავტორიზებული ოპერატორის - შპს „მაგთიკომის“ მობილურ საკომუნიკაციო ქსელში, აღნიშნული სატელეფონო ზარი, თავისი შინაარსით იყო შემომავალი საერთაშორისო ზარი.
62. იმ პირობებში, როცა ზარი ინიცირებულია ერთ ქვეყანაში ავტორიზებული ოპერატორის აბონენტის მიერ და დასრულებულია მეორე ქვეყანაში ავტორიზებული ოპერატორის აბონენტთან, სხვადასხვა ქვეყანაში ავტორიზებული პირების აბონენტებს შორის შემდგარი საკომუნიკაციო კავშირი თავისი არსით საერთაშორისოა, მიუხედავად ზარის განხორციელების სქემის ტექნიკური მოწყობისა. შესაბამისად, ერთ ქვეყანაში ავტორიზებული პირის აბონენტის მიერ ინიცირებული ზარი, რომელიც სრულდება მეორე ქვეყანაში ავტორიზებული პირის ქსელში, გამოსაძახებელ აბონენტთან, წარმოადგენს მეორე ქვეყანაში ავტორიზებული პირის ქსელში შემომავალ საერთაშორისო ზარს. აქედან გამომდინარე, სადავო პერიოდში, შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ წინამდებარე საქმეზე არსებული მტკიცებულებებით დადგენილი სქემით შპს „მაგთიკომის“ ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელში დასრულებული სატელეფონო ზარები წარმოადგენენ შემომავალ საერთაშორისო ზარებს.
3.2. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებში გამოძახებების იდენტიფიცირების ვალდებულების დარღვევა
63. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნუმერაციის ეროვნულ სისტემას ადგენს საქართველოს მთავრობა კომისიასთან შეთანხმებით, ხოლო მეორე პუნქტის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს კომისია. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ დებულების მიღების მიზანია საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ნუმერაციის რესურსების ჰარმონიზებული და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება და სახელმწიფო ნუმერაციის რესურსებით სარგებლობის გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული პირობების უზრუნველყოფა, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ დებულებით დგინდება ნუმერაციის რესურსების ერთგვაროვანი სტრუქტურა და ფორმატი; რესურსების განაწილების, გამოყოფისა და მინიჭების, აგრეთვე ავტორიზებული პირებისა და მომხმარებლების მიერ ამ რესურსებით სარგებლობის საერთო პირობები, მათ შორის, ნუმერაციის რესურსების მართვისა და გამოყენების წესები. ამავე დებულების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებიდან გამავალი ან/და შემომავალი ან/და ტრანზიტული საერთაშორისო კავშირის განხორციელების დროს გამოძახებების იდენტიფიცირებისათვის უზრუნველყოფილ უნდა იქნეს გამომძახებელი აბონენტის საერთაშორისო ნომრის გამჭვირვალედ გადაცემა ან/და მიღება ან/და ტრანზიტი. ამავე დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოძახების წამომწყები აბონენტის ნომრის იდენტიფიცირება არის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორის მიერ გამოძახების წამომწყები, მომსახურების მიმღები აბონენტის ნომრის იდენტიფიცირება, ხოლო ამავე პუნქტის „ჰ11“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააბონენტო ნომერი (შემოკლებული აღნიშვნა – „SN“) არის სააბონენტო ნუმერაციის რესურსი, გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ნუმერაციის კონკრეტულ ზონაში აბონენტის ან მისი ტერმინალური მოწყობილობის იდენტიფიცირებისათვის და/ან გამოძახებების ან საინფორმაციო სიგნალების დამისამართებისათვის გამოყენებული ციფრების კომბინაცია. ტერმინები – „სააბონენტო ნომერი“ და „ბოლო მომხმარებლის ნომერი“ გამოიყენება ეკვივალენტური მნიშვნელობით.
64. ზარის წამომწყები ნომრის იდენტიფიცირების ვალდებულება ემსახურება მომხმარებელთა დაცვას, საკომუნიკაციო ქსელების უსაფრთხოებას, ბაზრის სამართლიან ფუნქციონირებას და საზოგადოებრივი ინტერესების უზრუნველყოფას. სატელეფონო ზარის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ამცირებს ზარის მიმღებ აბონენტთა მოტყუების, მათთან არასასურველი კომუნიკაციის რისკებს. ამასთანავე, ზარის წამომწყები ნომრის იდენტიფიცირება არის მექანიზმი, რომელიც მიმართულია ნომრის შესახებ მონაცემის გაყალბების და ხელოვნური ზარების გენერაციის წინააღმდეგ, ასევე, ისეთი მარშრუტების წინააღმდეგ, რომლებიც შესაძლებელს ხდის საერთაშორისო სატელეფონო ზარის ადგილობრივ ზარად წარმოჩენას საერთაშორისო ზარების დასრულებისთვის დადგენილი ტარიფების გადახდის თავიდან აცილების მიზნით. გარდა ამისა, ნომრის იდენტიფიცირება გამოიყენება ზარების სწორი კლასიფიკაციისთვის, ოპერატორთა შორის ანგარიშსწორების მიზნით.
65. წინამდებარე საქმეზე არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ სადავო პერიოდში, შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ შპს „მაგთიკომის“ მობილურ საკომუნიკაციო ქსელში დასრულებული სატელეფონო ზარები თავისი არსით წარმოადგენდნენ შემომავალ საერთაშორისო ზარებს. როგორც ზემოთ აღინიშნა, სხვადასხვა ქვეყანაში ავტორიზებული პირების აბონენტებს შორის შემდგარი საკომუნიკაციო კავშირი თავისი არსით საერთაშორისოა, მიუხედავად ზარის განხორციელების სქემის ტექნიკური მოწყობისა. შესაბამისად, ერთ ქვეყანაში ავტორიზებული პირის აბონენტის მიერ ინიცირებული ზარი, რომელიც სრულდება მეორე ქვეყანაში ავტორიზებული პირის ქსელში, გამოსაძახებელ აბონენტთან, წარმოადგენს მეორე ქვეყანაში ავტორიზებული პირის ქსელში შემომავალ საერთაშორისო ზარს. ამდენად, შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგია“ ვალდებული იყო საერთაშორისო ზარების განხორციელების დროს გამოძახებების იდენტიფიცირების მიზნით უზრუნველეყო ზარის რეალური წამომწყები, მომსახურების მიმღები აბონენტის საერთაშორისო ნომრის გამჭვირვალედ გადაცემა, როგორც ამას ავალდებულებს მოქმედი კანონმდებლობა.
66. მონიტორინგის შედეგად გამოირკვა, რომ შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგია“ იღებდა ტექსტურ შეტყობინებას პარტნიორი კომპანიიდან, შეტყობინება შეიცავდა გამოსაძახებელი აბონენტის ნომერს საქართველოში და თურქეთის რესპუბლიკაში შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ პარტნიორი კომპანიის ე.წ. ქოლ ცენტრის ნომრებს (ინდექსი: 9085073009XX). განხორციელებული ზარების ამსახველ ჩანაწერში არ ჩანდა საზღვარგარეთიდან დაკავშირების მსურველი (პირობითად „ა“ ნომრის მფლობელი) აბონენტის ნომერი. 2015 წლის 7 დეკემბერს კომისიის აპარატის თანამშრომლის სატელეფონო ნომერზე 577737XXX, გერმანიიდან განხორციელდა ზარი 19:28 საათზე შეკვეთის გარეშე („ა“ ნომრით 491624048XXX.). დეტალური ინფორმაციის მიხედვით, კომისიის თანამშრომელთან სატელეფონო ზარი განხორციელდა „ა“ ნომრით 322160162. ამავე დროს შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიიდან“ გამავალი საერთაშორისო ზარი დაფიქსირდა არა გერმანიის 491624048XXX ნომერზე, არამედ შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ პარტნიორი კომპანიის ნომერზე (90850730009XX). შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგია“ არ ფლობდა ინფორმაციას გერმანიიდან ზარის წამომწყები აბონენტის ნომრის შესახებ. შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიამ“ შპს ,,მაგთიკომის“ მობილურ ქსელში დაასრულა საერთაშორისო ზარი გამომძახებელი აბონენტის ნომრის იდენტიფიცირების გარეშე. შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ დირექტორმა გ. ჩიკვაიძემ კომისიის 2015 წლის 29 დეკემბრის სხდომაზე განაცხადა, რომ ზარები როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი მიმართულებით ხორციელდება კომპანიის ქოლ ცენტრიდან, რომლის ნომერიც გამჭვირვალედ იყო მიწოდებული საქართველოს აბონენტთან, ხოლო „ა“ ნომრის შესახებ ინფორმაცია კომპანიის მიერ მოთხოვნილ იქნა პარტნიორისგან და საქართველოს აბონენტს შეეძლო მისი გაგება ავტომატურ რეჟიმში ქოლ ცენტრის ნომერზე გადარეკვით. მან ასევე დაადასტურა, რომ კომისიის უფლებამოსილი წარმომადგენლების მოთხოვნიდან მეორე დღესვე შპს „გ.ს.ი ტექნოლოგიის“ სატელეფონო ზარით იქნა მოწოდებული ინფორმაცია „ა“ ნომრის შესახებ. კომისიის 2016 წლის 14 იანვრის სხდომაზე შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ წარმომადგენელმა ზ. გოგიჩაიშვილმა დაადასტურა შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ ქოლ ცენტრის მეშვეობით კომისიის აპარატის თანამშრომლის ნომრის 577737XXX და სატელეფონო ნომრის - 491624048XXX დაკავშირების ფაქტი (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 48-ე და 49 პარაგრაფები).
67. ის გარემოება, რომ შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიამ“ თავდაპირველად არ იცოდა შპს ,,მაგთიკომის“ აბონენტთან რა ნომერი დააკავშირა, მიუთითებს იმაზე, რომ გამომძახებელ აბონენტს არ შეუკვეთავს შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიისთვის“ ზემოთ აღწერილი სქემით ზარის განხორციელება. ასეთი სქემით ზარის საქართველოში ავტორიზებული ოპერატორის ქსელში დასრულების შეკვეთის შემთხვევაში, გამომძახებელი აბონენტის ნომერი აუცილებლად გამოჩნდებოდა შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ საბილინგო მონაცემებში გამავალ ზარად და მისთვის თავიდანვე ცნობილი იქნებოდა ამ ნომრის მონაცემები. ამასთანავე, შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ კომპანიის ქოლცენტრიდან გამავალი ადგილობრივი და გამავალი საერთაშორისო ზარების განხორციელებისას შპს „გ.ს.ი.“ ტექნოლოგიის“ ქოლცენტრისა და მისი თურქული პარტნიორი კომპანიის ქოლცენტრის ნომრების საბილინგო მონაცემებში იდენტიფიცირება იმ პირობებში, როცა აღნიშნული პირები არ წარმოადგენენ რეალურად გამომძახებელ აბონენტებს, არამედ წარმოადგენენ მომსახურების მიმწოდებლებს, ხოლო მოქმედი კანონმდებლობით მოთხოვნილია ზარის წამომწყები, გამომძახებელი აბონენტის ნომრის იდენტიფიცირება, შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ საკუთარი ქოლცენტრისა და თურქული პარტნიორი კომპანიის ქოლცენტრის ნომრების იდენტიფიცირება ვერ იქნება მიჩნეული კანონმდებლობით მოთხოვნილი ვალდებულების შესრულებად.
68. კომისია ყურადღებას ამახვილებს შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ 2015 წლის 26 იანვრის განცხადებაზე, რომელშიც შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგია“ აღწერდა თუ როგორი მომსახურების დანერგვას გეგმავდა და ითხოვდა განმარტებას, წარმოადგენდა თუ არა ხსენებული მომსახურება ავტორიზაციით განსაზღვრულ საქმიანობას და ასეთის შემთხვევაში, რა დამატებით ნებართვას ან/და ლიცენზიას საჭიროებდა. აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია, რომ შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ 2015 წლის 26 იანვრის განცხადებაში აღწერილი ზარის განხორციელების სქემა და მონიტორინგის დროს გამოვლენილი ზარის განხორციელების სქემა იდენტური არ იყო. განცხადებაში აღწერილი სქემის მიხედვით, შემოსული შეკვეთის ტექსტში მითითებული იქნებოდა ზარის შემკვეთი აბონენტის ნომერი, დასაკავშირებელი აბონენტის ნომერი და დაკავშირების სასურველი დრო, ხოლო მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგია“ იღებდა ტექსტურ შეტყობინებას პარტნიორი კომპანიიდან, შეტყობინება შეიცავდა გამოსაძახებელი აბონენტის ნომერს საქართველოში და თურქეთის რესპუბლიკაში შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ პარტნიორი კომპანიის ე.წ. ქოლ ცენტრის ნომრებს. განცხადებაში ასევე, მითითებული იყო, რომ მოთხოვნის და/ან საჭიროების შემთხვევაში აბონენტებს მიეწოდებოდათ ზარის შეკვეთის სატელეფონო ნომერი მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით და/ან ოპერატორების მიერ ან ავტომატურ რეჟიმში, IVR სისტემის გამოყენებით, თუმცა, განცხადებაში შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგია“ არ უთითებდა იმაზე, რომ საბილინგო მონაცემებში არ ასახავდა გამომძახებელი აბონენტის ნომერს.
69. კომისია ასევე, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კომისიის 2015 წლის 6 თებერვლის საპასუხო წერილით, შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიას“ კომისიისგან არ მიუღია მონიტორინგის დროს გამოვლენილი სქემით ზარის განხორციელებაზე თანხმობა. აღნიშნული საპასუხო წერილით, ავტორიზებულ პირს ეცნობა, რომ მის განცხადებაში აღწერილი მომსახურება, რომელიც განსხვავდებოდა მონიტორინგის დროს გამოვლენილი სქემით ზარის განხორციელებისგან, ექვემდებარებოდა ავტორიზაციას და წარმოადგენდა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ისეთ ავტორიზებად სახეს, როგორიცაა: ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების საკომუნიკაციო კავშირით მომსახურება. ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება.
70. ამდენად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებით დგინდება, რომ შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიამ“ შპს ,,მაგთიკომის“ მობილურ საკომუნიკაციო ქსელში დაასრულა საერთაშორისო ზარი გამომძახებელი აბონენტის ნომრის იდენტიფიცირების გარეშე, რითაც დაარღვია „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტი.
3.3 შპს „მაგთიკომის“ მიერ შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიისთვის“ ურთიერთჩართვის შეჩერების საკითხი
71. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიამ“ დაადასტურა თანხმობა შპს „მაგთიკომის“ 2014 წლის პირველი ნოემბრის მოწვევის ოფერტაზე (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 44-ე პარაგრაფი).
72. შპს ,,მაგთიკომის“ 2014 წლის პირველი ნოემბრის მოწვევის ოფერტის 2.3 პუნქტისა და 2.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარმოდგენა აუცილებელია იმ ურთიერთჩართული პირებისთვის, რომლებიც სარგებლობენ საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებით. ოფერტის 2.4 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მაგთიკომთან ურთიერთჩართული ოპერატორი, ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში დაარღვევს ანგარიშსწორების ვალდებულებას, მაგთიკომი იტოვებს უფლებას, მოსთხოვოს ამ ოპერატორს 2.3.6 –2.3.7 პუნქტებით გათვალისწინებული ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარმოდგენა და ეს უკანასკნელი ვალდებულია 3 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს მოთხოვნილი გარანტია. ოფერტის 2.12 პუნქტის თანახმად, ყველა ურთიერთჩართული ავტორიზებული პირი, რომელიც უკვე სარგებლობს საერთაშორისო ზარის მაგთიკომის ქსელში დასრულების/ტერმინაციის მომსახურებით, ვალდებულია მიმართოს მაგთიკომს წერილობითი განაცხადით, სადაც მითითებული იქნება ერთი თვის განმავლობაში მაგთიკომის ქსელში საერთაშორისო და ადგილობრივი ტრაფიკის სავარაუდო მოცულობები და არაუგვიანეს 2014 წლის 1 ნოემბრისა უზრუნველყოს ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარდგენა წინამდებარე ოფერტის 2.3.6-2.3.8 პუნქტების შესაბამისად, ხოლო ოფერტის 2.13 პუნქტის შესაბამისად, ყველა ურთიერთჩართული ავტორიზებული პირი, რომელიც წინამდებარე ოფერტის გამოქვეყნების დღისათვის უკვე სარგებლობს საერთაშორისო ზარის მაგთიკომის ქსელში დასრულების/ტერმინაციის მომსახურებით, ვალდებულია 2014 წლის 1 ნოემბრამდე გააფორმოს ახალი ურთიერთჩართვის ხელშეკრულება წინამდებარე ოფერტის პირობების გათვალისწინებით. ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის და 2.12 პუნქტით გათვალისწინებული პირების მხრიდან ხელშეკრულების შესრულების გარანტიის არ წარმოდგენის შემთხვევაში, ჩაითვლება უარად წინამდებარე ოფერტით გათვალისწინებული მომსახურების მიღებაზე და წერილობითი გაფრთხილების შემთხვევაში, მაგთიკომი აღარ გაუწევს წინამდებარე ოფერტით გათვალისწინებულ მომსახურებას. ოფერტის 11.7 პუნქტის თანახმად, ნებისმიერი საეჭვო ტრაფიკის (fraud) (ზარის წამომწყები ნომრის შეცვლის/გადაკეთების ან სხვა შემთხვევაში, რომელიც ქმნის საფუძვლიან ეჭვს თაღლითური ქმედების (fraud) არსებობაზე) აღმოჩენის შემთხვევაში, მაგთიკომი იტოვებს უფლებას შეაჩეროს ზარების მიღება კონკრეტული მიმართულებებიდან. ამავე ოფერტის 11.8 პუნქტის თანახმად, ნებისმიერი ზარი, რომელსაც არ ექნება ეროვნული ფორმატი (იგულისხმება ზარის წამომწყები „ა“ ნომერი), ჩაითვლება საერთაშორისო ზარად და დაერიცხება შესაბამისი საფასური. შპს ,,მაგთიკომის“ 2014 წლის პირველი ნოემბრის ოფერტის 4.1.2 პუნქტის თანახმად, მობილურ ქსელში ურთიერთჩართვის (ზარის წამოწყების/დასრულების) ტარიფია 2015 წლის პირველი იანვრიდან - 3.5 თეთრი, დღგ-ს და აქციზის ჩათვლით, ხოლო 4.4 პუნქტის თანახმად, საერთაშორისო ზარი მობილურ ქსელში შეესაბამება კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ) დადგენილ საერთაშორისო ზარების დასრულების/ტერმინაციის ტარიფებს, კერძოდ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისთვის 0.20 აშშ დოლარი ექვივალენტური თანხა ეროვნულ ვალუტაში, ხოლო სხვა ავტორიზებული პირებისთვის - 0.16 აშშ დოლარი ექვივალენტური თანხა ეროვნულ ვალუტაში. ოფერტის 4.5 პუნქტის თანახმად, საერთაშორისო ფიქსირებულ ქსელში შეესაბამება კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ) დადგენილ საერთაშორისო ზარების დასრულების/ტერმინაციის ტარიფებს, კერძოდ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისთვის 0.12 აშშ დოლარი ექვივალენტური თანხა ეროვნულ ვალუტაში, ხოლო სხვა ავტორიზებული პირებისთვის - 0.09 აშშ დოლარი ექვივალენტური თანხა ეროვნულ ვალუტაში (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 45-ე პარაგრაფი).
73. საქმეზე არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ დანერგილი სქემით, 2015 წლის 2 მარტიდან შპს „მაგთიკომის“ მობილურ საკომუნიკაციო ქსელში დასრულებული სატელეფონო ზარები წარმოადგენდნენ შემომავალ საერთაშორისო ზარებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგია“ როგორც ურთიერთჩართული ავტორიზებული პირი, რომელიც უკვე სარგებლობდა საერთაშორისო ზარის შპს „მაგთიკომის“ ქსელში დასრულების/ტერმინაციის მომსახურებით, ვალდებული იყო შპს „მაგთიკომთან“ გაეფორმებინა ურთიერთჩართვის ხელშეკრულება 2014 წლის პირველი ნოემბრის ოფერტის პირობებით.
74. 2016 წელს, მხარეთა შორის წინამდებარე დავის განხილვის მომენტისთვის შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიას“ არ ჰქონდა გადახდილი შპს ,,მაგთიკომისთვის“ მის ქსელში დასრულებული საერთაშორისო ზარებისთვის ოფერტით განსაზღვრული საფასური. მხარეები სადავოდ ხდიდნენ განხორციელებული ზარების სახეს და აქედან გამომდინარე, ვერ თანხმდებოდნენ გაწეული მომსახურების საფასურზე, ხოლო საქმეზე არსებული მტკიცებულებების შესწავლის საფუძველზე კომისიამ დაადგინა თუ რა სახის ზარები დაასრულა შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიამ“ შპს „მაგთიკომის“ მობილურ საკომუნიკაციო ქსელში. ამასთანავე, ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დადგენილია, რომ შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიამ“ შპს „მაგთიკომის“ მობილურ საკომუნიკაციო ქსელში დაასრულა საერთაშორისო ზარი გამომძახებელი აბონენტის ნომრის იდენტიფიცირების გარეშე. გარდა ამისა, დადგენილია, რომ მხარეები არ დავობენ შპს „მაგთიკომის“ მობილურ საკომუნიკაციო ქსელში დასრულებული ზარების რაოდენობაზე. ამ გარემოებების მხედველობაში მიღებით, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მაგთიკომის“ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, შპს „მაგთიკომს“ მიეცეს თანხმობა შპს „გ.ს.ი ტექნოლოგიასთან“ ურთიერთჩართვის შეჩერებაზე შემდეგი პირობების შესრულებამდე:
ა) დაევალოთ მხარეებს შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ შპს ,,მაგთიკომის“ ქსელში საერთაშორისო ზარების დასრულებამდე მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელშეკრულების გაფორმება;
ბ) უზრუნველყონ მხარეებმა წინამდებარე გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის 20 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი შედარების აქტის გაფორმება შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ ტექნიკურად ორი გამავალი ზარის შეერთების სქემით შპს ,,მაგთიკომის“ ქსელში 2015 წლის განმავლობაში დასრულებული საერთაშორისო ზარების თაობაზე და ანგარიშსწორება შპს ,,მაგთიკომის“ ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შეთავაზების თაობაზე 2014 წლის პირველი ნოემბრის მოწვევის ოფერტით საერთაშორისო ზარის დასრულებისთვის განსაზღვრული პირობებით.
4. პასუხისმგებლობა და სამართალდარღვევის პრევენციის მიზნით შესასრულებელი ვალდებულებები
75. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიას“ სამართალდარღვევის ჩადენამდე ბოლო ერთო წლის განმავლობაში არ დაჰკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მსგავსი/იდენტური სამართალდარღვევისთვის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება. ამასთანავე, მსგავსი სამართალდარღვევის პრევენციის მიზნით, შპს „მაგთიკომს“ უნდა დაევალოს მის ქსელში მხოლოდ სრულად იდენტიფიცირებული „ა“ სატელეფონო ნომრით განხორციელებული ზარების დაშვება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ მე-13 მუხლის შესაბამისად.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, „საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-3 პუნქტის, 36-ე და 48-ე მუხლების, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ პირველი მუხლის, მე-2 მუხლისა და მე-13 მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს „მაგთიკომის“ საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/2705-15; 05.05.2015), კერძოდ, შპს „მაგთიკომს“ მიეცეს თანხმობა შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიასთან“ ურთიერთჩართვის შეჩერებაზე შემდეგი პირობების შესრულებამდე:
ა) დაევალოთ მხარეებს შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ შპს ,,მაგთიკომის“ ქსელში საერთაშორისო ზარების დასრულებამდე მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელშეკრულების გაფორმება;
ბ) უზრუნველყონ მხარეებმა გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი შედარების აქტის გაფორმება შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ ტექნიკურად ორი გამავალი ზარის შეერთების სქემით შპს ,,მაგთიკომის“ ქსელში 2015 წლის განმავლობაში დასრულებული საერთაშორისო ზარების თაობაზე და ანგარიშსწორება შპს
,,მაგთიკომის“ ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შეთავაზების თაობაზე 2014 წლის პირველი ნოემბრის მოწვევის ოფერტით საერთაშორისო ზარის დასრულებისთვის განსაზღვრული პირობებით.
2. დაევალოს შპს „მაგთიკომს“ მის ქსელში მხოლოდ სრულად იდენტიფიცირებული „ა“ სატელეფონო ნომრით განხორციელებული ზარების დაშვება;
3. შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიას“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) გადაწყვეტილების მხარეებისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
7. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი (ე. სიჭინავა);
8. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიების დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე);
9. გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა სარეზოლუციო ნაწილის პირველი, მე-2, მე-4, მე-7 და მე-8 პუნქტებისა) კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
