შპს „ვიფიშერთან“ ურთიერთჩართვის შეჩერებაზე სს „სილქნეტის“ განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 18, 2025 14:11
მიღების თარიღი თებერვალი 13, 2025
შპს „ვიფიშერთან“ ურთიერთჩართვის შეჩერებაზე სს „სილქნეტის“ განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
განმცხადებელი: სს „სილქნეტი“
მოპასუხე: შპს „ვიფიშერი“
დავის საგანი: ურთიერთჩართვიდან გამომდინარე დავალიანების გადაუხდელობა
კომისიის მოსამზადებელი სხდომის თარიღი: 2025 წლის 13 თებერვალი, 15:00 საათი.
I. აღწერილობითი ნაწილი
1. განმცხადებლის პოზიცია
1.სს ,,სილქნეტმა“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში - კომისია) განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/421, თარიღი: 04.02.25) მიმართა.
2.განმცხადებლის განმარტებით, სს „სილქნეტსა“ და შპს „ვიფიშერს“ (ს/კ400147337) შორის 2021 წლის პირველ იანვარს გაფორმებული „სს „სილქნეტის“ კუთვნილი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვისთვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) და ლოკალური ან/და საერთაშორისო არასტანდარტული სახის მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) დასრულების მომსახურების შესახებ“ ხელშეკრულებისა და იმავე ხელშეკრულებაზე გაფორმებული „ლოკალური ან/და საერთაშორისო არასტანდარტული სახის მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) დასრულების მომსახურების შესახებ“ დამატებითი შეთანხმების შესაბამისად, სს ,,სილქნეტის“ მიერ შპს „ვიფიშერისთვის“ გაწეული მომსახურებისთვის, შპს ,,ვიფიშერს“ სს „სილქნეტის“ მიმართ ერიცხება 2024 წლის დეკემბრის დავალიანება 47 356.35 ლარის ოდენობით.
3.განმცხადებლი აღნიშნავს, რომ მომსახურების საფასურის გადახდა ხელშეკრულების არსებითი პირობაა და მომსახურების საფასურის გადაუხდელობით, ადგილი აქვს შპს ,,ვიფიშერის“ მიერ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობის შეუსრულებლობას. შესაბამისად, სს „სილქნეტი“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ითხოვს კომისიის თანხმობას შპს „ვიფიშერთან” ურთიერთჩართვის მომსახურების შეჩერებაზე ამ უკანასკნელის მიერ სს „სილქნეტის“ მიმართ არსებული დავალიანების სრულად გადახდამდე.
4.2025 წლის 23 თებერვალს სს ,,სილქნეტმა“ წერილობით (შ-25-6/571, 13.02.25) მიმართა კომისიას და მოითხოვა კომისიას წარმოებაში არ მიეღო სს ,,სილქნეტის“ 2025 წლის 4 თებერვლის განცხადება და შეეწყვიტა დავის წარმოება, ვინაიდან, შპს ,,ვიფიშერმა“ 2025 წლის 13 თებერვალს დაფარა სს ,,სილქნეტის“ მიმართ არსებული 2024 წლის დეკემბრის თვის მომსახურების საფასურის დავალიანება.
5.2025 წლის 13 თებერვლის მოსამზადებელ სხდომაზე სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა მ. ვაშაკიძემ აღნიშნა, რომ შპს ,,ვიფიშერმა” 2025 წლის 13 თებერვალს დაფარა სს ,,სილქნეტის“ მიმართ არსებული 2024 წლის დეკემბრის თვის მომსახურების საფასურის დავალიანება და მოითხოვა კომისიას წარმოებაში არ მიეღო სს ,,სილქნეტის“ 2025 წლის 4 თებერვლის განცხადება და შეეწყვიტა დავის წარმოება.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
6.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ძირითად ფუნქციებს მიეკუთვნება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში“, ხოლო ამავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად - „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ტექნიკურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება.“
7.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება. დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.“.
8.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით.
9.,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „დავა განიხილება შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, კომისიის სხდომაზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტობრივი გარემოებები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ისინი“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „პირველი პუნქტით განსაზღვრული შეჯიბრებითობის პრინციპი არ ზღუდავს კომისიას, საქმის გარემოებათა გასარკვევად საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და გამოითხოვოს მტკიცებულებები.“.
10.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „მხარეები უფლებამოსილი არიან დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვონ საქმის მორიგებით დამთავრება“. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, „განმცხადებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე, ხოლო მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე“.
III. სამოტივაციო ნაწილი
1. გამოკვლეული მტკიცებულებები
11.სს „სილქნეტის“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/421, თარიღი: 4.02.25).
12.სს „სილქნეტსა“ და შპს „ვიფიშერს” შორის 2021 წლის 21 იანვარს გაფორმებული „სს „სილქნეტის“ კუთვნილი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვისთვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) და ლოკალური ან/და საერთაშორისო არასტანდარტული სახის მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) დასრულების მომსახურების შესახებ“ N21-049 ხელშეკრულება.
13.„სს „სილქნეტის“ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაზე, ლოკალური ან/და საერთაშორისო არასტანდარტული სახის მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) დასრულების მომსახურების შესახებ“ 2021 წლის 21 იანვრის დამატებითი შეთანხმება.
14.„სს „სილქნეტის“ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაზე, ლოკალური ან/და საერთაშორისო არასტანდარტული სახის მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) დასრულების მომსახურების შესახებ“ 2023 წლის 31 მარტის დამატებითი შეთანხმება.
15.2020 წლის სს „სილქნეტის“ კუთვნილი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვისთვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) და ლოკალური ან/და საერთაშორისო არასტანდარტული სახის მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) დასრულების მომსახურების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა).
16.სს ,,სილქნეტის“ მიერ შპს ,,ვიფიშერისთვის“ 2024 წლის დეკემბრის თვეში გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობის შესახებ ურთიერთშედარების აქტი.
17. სს ,,სილქნეტის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/576, 13.02.25).
18.2025 წლის 13 თებერვალს გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე სს „სილქნეტის“ წარმომადგენლის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება.
19.სს „სილქნეტისა“ და შპს „ვიფიშერის” შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და საჯარო რეესტრის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
20.შპს „ვიფიშერი“ 2020 წლის 31 დეკემბრიდან არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი და 2020-2021 წლებში ავტორიზაცია აქვს გავლილი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
B.F.1: ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება. საქმიანობის აღწერა: B.F.1.1 ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; B.F.1.3 საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; B.F.1.4 ტექსტური შეტყობინების მომსახურება. B.M.2: მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა. საქმიანობის აღწერა: B.M.2.1 ტექსტური შეტყობინების მომსახურება.
მტკიცებულება: შპს „ვიფიშერის“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან.
21.სს „სილქნეტი“ 2010 წლის 10 მარტიდან არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი და 2010, 2011, 2012, 2015, 2016 და 2018 წლებში ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სხვადასხვა სახეებზე (კატეგორია:A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; A.F.3. ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებით და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; A.F.5 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა; A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა; A.M.1 ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; A.S.1 თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება; B.F.3 მონაცემთა გადაცემა; B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი; B.F.6 გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand); B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა; B.S.2 ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით; B.S.3 თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება; B.S.4 თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება).
მტკიცებულება: სს „სილქნეტის“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან.
22.სს „სილქნეტსა“ და შპს „ვიფიშერს“ შორის 2021 წლის 21 იანვარს გაფორმდა „სს „სილქნეტის“ კუთვნილი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვისთვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) და ლოკალური ან/და საერთაშორისო არასტანდარტული სახის მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) დასრულების მომსახურების შესახებ“ ხელშეკრულება და ამავე ხელშეკრულებაზე 2021 წლის 21 იანვარსა და 2023 წლის 31 მარტს დაიდო დამატებითი შეთანხმებები.
მტკიცებულება: 2021 წლის 21 იანვრის N21-049 ხელშეკრულება და დამატებითი შეთანხმება; 2023 წლის 31 მარტის დამატებითი შეთანხმება.
23.2025 წლის 23 თებერვალს სს ,,სილქნეტმა“ წერილობით (შ-25-6/571, 13.02.25) მიმართა კომისიას და მოითხოვა კომისიას წარმოებაში არ მიეღო სს ,,სილქნეტის“ 2025 წლის 4 თებერვლის განცხადება და შეეწყვიტა დავის წარმოება, ვინაიდან შპს ,,ვიფიშერმა“ 2025 წლის 13 თებერვალს დაფარა სს ,,სილქნეტის“ მიმართ არსებული 2024 წლის დეკემბრის თვის მომსახურების საფასურის დავალიანება.
მტკიცებულება: სს ,,სილქნეტის“ წერილი (შ-25-6/571, 13.02.25).
24.2025 წლის 13 თებერვლის სხდომაზე სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა უარი თქვა მოთხოვნაზე და ითხოვა მისი განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა შპს ,,ვიფიშერის“ მიერ დავალიანების დაფარვის გამო.
მტკიცებულება: 2025 წლის 13 თებერვლის სხდომაზე სს ,,სილქნეტის“ წარმომადგენლის განმარტება.
3. სამართლებრივი შეფასება
25.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამასთან, კომისიის კომპეტენციას მიეკუთვნება ავტორიზებულ პირებს შორის დავის განხილვა ურთიერთჩართვის საკითხებზე. ამდენად, კომისია არის საკითხის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანო.
26.თავის მხრივ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი მხარეებს ანიჭებს უფლებამოსილებას დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მორიგდნენ. ამასთან, თუ განმცხადებელმა უარი თქვა მოთხოვნაზე ან მოპასუხემ ცნო მოთხოვნა, კომისია უფლებამოსილია შეწყვიტოს წარმოება.
27.ვინაიდან, სს „სილქნეტი“ უარს ამბობს განცხადების განხილვაზე, ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1.შეწყდეს შპს „ვიფიშერთან“ ურთიერთჩართვის შეჩერებაზე სს „სილქნეტის“ განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/421, 4.02.25) საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება.
2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.
3.გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.
4.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) გადაწყვეტილების მხარეებისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
5.კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი