წვდომის მენიუ

შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-25-18 / 113

გამოქვეყნების თარიღი მარტი 13, 2025 16:30

მიღების თარიღი მარტი 06, 2025

შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ავტორიზებული პირი: შპს „მთავარი არხი“

სამართალდარღვევა: „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის№12 დადგენილებისა და „შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის 26 დეკემბრის N გ-24-18/606 გადაწყვეტილების დარღვევა.

წარმოების დაწყების საფუძველი: კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათები (N 25-10-263, 04.02.2025 და N 25-10-443, 24.02.2025).

კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 6 მარტი, 15:00 საათი.

I. აღწერილობითი ნაწილი

1.საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული   კომისიის   (შემდგომში   -   კომისია)   აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათების (N25-10-263, 04.02.2025 და N25-10-443, 24.02.2025) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში  დაიწყო  მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს  „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღევის გამო.

2.მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათებიდან ირკვევა,რომ მაუწყებლობის  სფეროში ავტორიზებულ პირს, შპს „მთავარ არხს“ არ შეუსრულებია „შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2024 წლის 26 დეკემბრის N გ-24-18/606 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით დაკისრებული ვალდებულება, კერძოდ, არ გადაუხდია სექტემბრის, ოქტომბრისა და ნოემბრის თვეების რეგულირების საფასურის დავალიანება - 24,846.92 ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შპს „მთავარ არხს“ ჩაბარდა 2024 წლის 31 დეკემბერს.

3.ასევე, მოხსენებითი და სამსახურებრივი  ბარათებიდან  ირკვევა,  რომ  შპს  „მთავარ  არხს“ დამატებით ერიცხება 2024 წლის დეკემბრის და 2025 წლის იანვრის თვეების რეგულირების საფასურის დავალიანება 3,234.22 ლარის ოდენობით (2024 წლის დეკემბერის - 3,221.51 ლარი და 2025 წლის იანვარი -12.71 ლარი) და ამის გათვალისწინებით შპს „მთავარი არხის“ ჯამური დავალიანება შეადგენს 28,081.14 ლარს.

4.შპს  „მთავარი  არხისთვის“  ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის  დაკისრების  თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2025 წლის 6 მარტი, 15:00 საათი. აღნიშნულის შესახებ შპს „მთავარ არხს“ გაეგზავნა შეტყობინება (N გ-25-03/389, 28/02/2025) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. კომპანიას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული   მტკიცებულებებისა   და შუამდგომლობების  წარმოდგენის,  აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე. შეტყობინება კომპანიას ჩაბარდა 2025 წლის 28 თებერვალს.

5.კომისიის 2025 წლის 6 მარტის სხდომას არ ესწრებოდა შპს „მთავარი არხის“ წარმომადგენელი. ვინაიდან, კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით მისთვის  დაკისრებული ვალდებულება - დაინტერესებული პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უზრუნველყოფის თაობაზე, კომისიამ საკითხი განიხილა შპს „მთავარი არხის“ წარმომადგენლის დასწრების გარეშე.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

6.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

7.„მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-2  მუხლის  „ტ“  ქვეპუნქტის  თანახმად, მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი;

8.„მაუწყებლობის  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის  მომსახურების მიმწოდებლები. რეგულირების საფასურის ოდენობაა მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მიმწოდებლების მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი. რეგულირების საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მიმწოდებელთა შემოსავლიდან ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად ფაქტობრივად მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე. მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მიმწოდებლები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური და კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით;

9.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

10.„რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული   პირები   ვალდებულნი   არიან   ყოველთვიურად,   არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის  გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;

11.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და მის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა;

12.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის    ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს;

13.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისია ვალდებულია მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებს დააკისროს ჯარიმა, თუ მათ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრეს გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულეს კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მათ აღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინეს ახალი დარღვევა.

14.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2 500 ლარისა.

15.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

III. სამოტივაციო ნაწილი

1.შესწავლილი მტკიცებულებები

16.კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი ბარათი  (N25-10-263, 04.02.2025);

17.კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი  (N25-10-443, 24.02.2025);

18.„შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2024 წლის 26 დეკემბრის N გ-24-18/606 გადაწყვეტილება;

19.კომისიის 2024 წლის 26 დეკემბრის N გ-24-18/606 გადაწყვეტილების შპს „მთავარი არხისთვის” გაგზავნისა და ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

20.მონაცემები შპს „მთავარი არხის“ შესახებ კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა საჯარო რეესტრიდან;

21.შპს „მთავარი არხისთვის“ გაგზავნილი შეტყობინება (Nგ-25-03/389, 28/02/2025) კომისიის  2025 წლის 6 მარტის სხდომაზე მოწვევის შესახებ და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

22.შპს „მთავარი არხი“  მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირია.

მტკიცებულება: მონაცემი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „მთავარი არხის“ შესახებ.

23.შპს „მთავარი არხს“ კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებების შესაბამისად ჯარმურად ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება 28,081.14 ლარის ოდენობით, კერძოდ:

ა) შპს „მთავარ არხს“ არ შეუსრულებია „შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2024 წლის 26 დეკემბრის N გ-24-18/606 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით დაკისრებული ვალდებულება,  არ გადაუხდია სექტემბრის, ოქტომბრისა და ნოემბრის თვეების რეგულირების საფასურის დავალიანება - 24,846.92 ლარი (ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შპს „მთავარ არხს“ ჩაბარდა 2024 წლის 31 დეკემბერს);

ბ) შპს „მთავარ არხს“ დამატებით ერიცხება 2024 წლის დეკემბრის და 2025 წლის იანვრის თვეების რეგულირების საფასურის დავალიანება 3,234.22 ლარის ოდენობით (2024 წლის დეკემბერი - 3,221.51 ლარი და 2025 წლის იანვარი -12.71 ლარი);

მტკიცებულება:   კომისიის აპარატის   ადმინისტრაციის   მოხსენებითი   და   სამსახურებრივი ბარათები  (N 25-10-263, 04.02.2025 და N 25-10-443, 24.02.2025).

24. ბოლო  ერთი  წლის  განმავლობაში  შპს  „მთავარი  არხის“  მიმართ  მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის     სახე - წერილობითი გაფრთხილება.

მტკიცებულება: მონაცემი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „მთავარი არხის“ შესახებ; „შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2024 წლის 26 დეკემბრის N გ-24-18/606 გადაწყვეტილება.

3. სამართლებრივი შეფასება

25.საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, შპს „მთავარი არხი“, როგორც მაუწყებლობის სფეროში   ავტორიზებული     პირი     ვალდებულია     დაიცვას     მედიამომსახურებისა     და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. ამდენად, კომპანია ვალდებული იყო ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის ფორმა 1.9-ის საშუალებით, წარმოედგინა კომისიისთვის ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების   საფასურის       თაობაზე და ჩაერიცხა კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.

26.განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ შპს „მთავარ არხს“ არ შეუსრულებია  „შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2024 წლის 26 დეკემბრის N გ-24-18/606 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით დაკისრებული ვალდებულება, კერძოდ, არ გადაუხდია სექტემბრის, ოქტომბრისა და ნოემბრის თვეების  რეგულირების საფასურის  დავალიანება - 24,846.92 ლარი.  ასევე,  კომპანიის  მიერ ჩადენილია მსაგვსი/ანალოგიური დარღვევა. კერძოდ, შპს „მთავარ არხს“ ასევე არ გადაუხდია 2024 წლის დეკემბრის და 2025 წლის იანვრის თვეების რეგულირების საფასურის დავალიანება - 3,234.22 ლარი (2024 წლის დეკემბერის - 3,221.51 ლარი და 2025 წლის იანვარი -12.71 ლარი). ამდენად, შპს „მთავარი არხის” ჯამური დავალიანება წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შეადგენს 28,081.14 ლარს.

27.ყოველივე ზეამოღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „მთავარი არხის“ მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის  2005  წლის  28  ოქტომბრის  N12  დადგენილება  და  „შპს  „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული   პასუხისმგებლობის   დაკისრების   თაობაზე“   კომისიის   2024  წლის   26 დეკემბრის N გ-24-18/606 გადაწყვეტილება.

4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

28.გამომდინარე იქიდან, რომ „შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2024 წლის 26 დეკემბრის N გ-24-18/606 გადაწყვეტილებით შპს „მთავარ არხს“ მიცემული ჰქონდა წერილობითი  გაფრთხილება და გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა დარღვევა და არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა მსგავსი/ანალოგიური დარღვევა, კომპანიას, ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2024   წლის 26 დეკემბრის  N  გ-24-18/606   გადაწყვეტილებისა   და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევისათვის, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 72-ე მუხლის  პირველი პუნქტის შესაბამისად, უნდა დაეკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.

29.საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  მე-6  მუხლის  პირველი  ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ამასთანავე, ამავე კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას დაცული უნდა იქნას საჯარო და კერძო ინტერესების ბალანსი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული  სახდელი  წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით.  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება,    მისი    ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის   34-ე მუხლის თანახმად, ორგანოს, რომელიც  ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის  საქმეს წყვეტს, შეუძლია შემამსუბუქებლად  მიიჩნიოს ისეთი გარემოებანიც, რომლებიც არ არის გათვალისწინებული   კანონმდებლობით.  აღნიშნულიდან  გამომდინარე,  კომისიას  მიაჩნია, რომ   შპს „მთავარი არხის“  მიმართ მიზანშეწონილია, გამოყენებულ იქნეს ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით, რითაც დაცული იქნება კანონიერებისა და პროპორციულობის პრინციპი, ასევე, მიიღწევა ის მიზანი, რაც ზოგადად გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.

30.ამასთან, შპს „მთავარ არხს“ უნდა დაევალოს კომისიაში  28,081.14 ლარის ოდენობით რეგულირების საფასურის დავალიანების გადახდა ამ გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

IV.  სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის  გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 53-ე, 54-ე მუხლების, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის,   95-ე,   96- ე,  97-ე, 98-ე  და  99-ე მუხლების,  „მაუწყებლობის  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის,  70-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები ს,72-ე მუხლის პირველი პუნქტის, კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი  პუნქტის  „ბ“  ქვეპუნქტისა  და  36-ე  მუხლის  მე-14  პუნქტის,  „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების  შესაბამისად, კომისიამ ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.შპს  „მთავარ  არხს“  დაეკისროს ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და „შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2024 წლის 26 დეკემბრის N გ-24-18/606 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;

2.შპს „მთავარ არხს“  დაევალოს  2024  წლის  სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრისა და 2025 წლის  იანვრის  თვეების  რეგულირების  საფასურის  ჯამური  დავალიანების  -  28,081.14 ლარის 10 სამუშაო დღის ვადაში გადახდა;

3.შპს „მთავარმა არხმა“ უზრუნველყოს:

ა) წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა ამ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:  ხაზინის   ერთიანი   ანგარიში,   ანგარიშის   ნომერი   - 200122900; ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი - 302003251;

ბ) ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა, გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

4.დაევალოს  კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „მთავარი არხისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე   (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5.გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების ან  მისი დამოწმებული ასლის შპს „მთავარი არხისთვის“ ჩაბარების დღიდან;

6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი№64) შპს „მთავარი არხისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7.დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

8.გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი).

კახი ბექაური               თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე           წევრი

ეკატერინე  იმედაძე       წევრი

ნათია კუკულაძე            წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები