შპს „ონეტ +“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 10, 2025 17:32
მიღების თარიღი აპრილი 03, 2025
შპს „ონეტ +“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ
ავტორიზებული პირი: შპს „ონეტ +“.
სამართალდარღვევა: „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის დარღვევა.
წარმოების დაწყების საფუძველი: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს 2025 წლის 5 მარტის SSG 9 25 00049192 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-3/909, თარიღი: 06.03.2025).
კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 3 აპრილი, 15 საათი.
I. აღწერილობითი ნაწილი
1.საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს 2025 წლის 5 მარტის SSG 9 2500049192 წერილის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-3/909, 06.03.2025) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ (დანართი N1) 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (შემდგომში „კომისია“) დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ონეტ+“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე, მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო.
2.საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს 2025 წლის 5 მარტის SSG 9 25 00049192 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-3/909, თარიღი: 06.03.2025) კომისიისთვის მოწოდებულ იქნა ინფორმაცია იმ ავტორიზებული პირების შესახებ, რომელთა მიმართაც
სააგენტოს არ განუხორციელებია |
ელექტრონული |
კომუნიკაციისა |
და მისი |
მაიდენტიფიცირებელი მონაცემების |
რეალურ დროში |
მოპოვების და |
ელექტრონული |
კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების სააგენტოს ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამობის შეფასება. მათ შორის, ერთ-ერთი ავტორიზებული პირი იყო შპს „ონეტ+“.
3. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს 2025 წლის 5 მარტის SSG 9 2500049192 წერილის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-3/909, თარიღი: 06.03.2025) მიხედვით, სააგენტომ მომართა კომისიას ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნით თუ რამდენად ახორციელებს შპს „ონეტ+“ ავტორიზაციით განსაზღვრულ საქმიანობას, ხოლო დადებითი პასუხის შემთხვევაში, ითხოვა კომისიამ უზრუნველყოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ზომების მიღება კომპანიის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების აღსრულების უზრუნველსაყოფად.
4. შპს „ონეტ +“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2025 წლის 3 აპრილს, 15 საათზე, რის შესახებაც კომპანიას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (Nგ-25-03/678, თარიღი : 31/03/2025), რომელიც გაეგზავნა მის მიერ კომისიაში წარმოდგენილ და კომისიის უწყებრივ რეესტრში მითითებულ ელ.ფოსტის მისამართზე. შეტყობინებით, კომპანიას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.
5. კომისიის 2025 წლის 3 აპრილის სხდომას ესწრებოდა შპს „ონეტ +“-ის წარმომადგენელი ო. ჩვამანია, რომელმაც განმარტა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირ - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსთან ჰქონდა კომუნიკაცია და კომპანიის საქმიანობა შესაბამისობაში იქნება მოყვანილი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ60“ ქვეპუნქტის მიხედვით, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია არის ავტორიზებული პირი, რომლის საქმიანობის ან/და მომსახურების სახეა სატელეფონო ქსელებით ან/და ინტერნეტქსელებით უზრუნველყოფა ან/და მომსახურება.
8. ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 81 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის არქიტექტურა და ინტერფეისები განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ნორმატიული აქტებით.
9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 83 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, განახორციელოს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირება და შეინახოს ისინი ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადით.“ ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად „ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების განსახორციელებლად უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, ჰქონდეს წვდომა ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის შესაბამის მონაცემთა ბაზებზე. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური წესი და პროცედურა განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ნორმატიული აქტით.”.
10. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 14 დღით ადრე უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის საინფორმაციო- ტექნოლოგიური და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ტექნიკური მახასიათებლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება, ხოლო მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურებაზე ავტორიზებულმა პირმა აგრეთვე უნდა უზრუნველყოს გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრისა და მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის ფაქტის დაფიქსირების ტექნიკური შესაძლებლობისა და მისი ფუნქციონირების შეზღუდვის (ბლოკირების) ტექნიკური შესაძლებლობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება.
11. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების უზრუნველსაყოფად უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების უფლების მოპოვება.
12. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.
13. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად „კომისიის მიერ გაგზავნილი ყოველგვარი შეტყობინება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება მატერიალური ან ელექტრონული რეგისტრირებული საფოსტო გზავნილის მეშვეობით. მატერიალური საფოსტო გზავნილი იგზავნება დამტარებლის ან საფოსტო მომსახურების განმახორციელებელი პირის მეშვეობით.“. ხოლო ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად „კორესპოდენციის ელექტრონული გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში, დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების, როგორც პირდაპირ, აქტიურად გამოხატული ქმედებით, ასევე, ავტომატური საშუალებით დადასტურების შემთხვევაშიც“.
III. სამოტივაციო ნაწილი
1. შესწავლილი მტკიცებულებები
14. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს 2025 წლის 5 მარტის SSG 9 2500049192 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-3/909, 06.03.2025);
15. კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N25-10-588, 17.03.2025);
16. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N25-10-608, 19.03.2025) თანდართული დოკუმენტაციით (Excel ფაილი);
17. შპს „ონეტ+“-ისთვის გაგზავნილი წერილობითი შეტყობინება (Nგ-25-03/678, 31/03/2025) კომისიის 2025 წლის 3 აპრილის სხდომაზე მოწვევის თაობაზე და მისი ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
18. შპს „ონეტ+“-ის წარმომადგენლის ო. ჩვამანიას მიერ კომისიის 2024 წლის 3 აპრილის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;
19. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ონეტ+“-ის შესახებ მონაცემები;
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
20. შპს „ონეტ+“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირია (ავტორიზაციის თარიღი: 19/10/2023; ავტორიზაციის სახე: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: A.F.1.2 ოპტიკურ- ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.1.5 ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: A.F.2.1 რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: A.F.3.2 პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება: B.F.2.3 ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება; B.F.2.6 WiFi);
მტკიცებულება: მონაცემები ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ონეტ+“-ის შესახებ;
21. შპს „ონეტ +“-ს შესრულებული არ აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება, რომლის მიხედვითაც, ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიამ ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 14 დღით ადრე უნდა უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება;
მტკიცებულება: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს 2025 წლის 5 მარტის SSG 9 25 00049192 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-3/909, 06.03.2025);
22. შპს „ონეტ+“-ს ავტორიზებული საქმიანობის დაწყებამდე არ მიუმართავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსთვის ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების სააგენტოს ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამობის განსაზღვრის მიზნით და ამის შესახებ არ მიუწოდებია ინფორმაცია კომისიისთვის;
მტკიცებულება: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს 2025 წლის 5 მარტის SSG 9 25 00049192 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-3/909, 06.03.2025);
23. შპს „ონეტ+“ ახორციელებს ავტორიზაციით გათვალისწინებულ პრაქტიკულ საქმიანობას და კომპანიას უფიქსირდება აბონენტები და შემოსავალი ფიქსირებული სადენიანი ქსელის გამოყენებით გაწეული მონაცემთა გადაცემით/ინტერნეტით მომსახურებიდან;
მტკიცებულება: კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N25-10-608, 19.03.2025) თანდართული დოკუმენტაციით (Excel ფაილი);
24. შპს „ონეტ+“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა;
მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ონეტ+“-ის შესახებ.
3. სამართლებრივი შეფასება
25. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „ონეტ+“, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
26. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიას ეკისრება ვალდებულება ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 14 დღით ადრე უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება. ვინაიდან ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია არის ავტორიზებული პირი, რომლის საქმიანობის ან/და მომსახურების სახეა სატელეფონო ქსელებით ან/და ინტერნეტქსელებით უზრუნველყოფა ან/და მომსახურება, შპს „ონეტ+“-ს, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს ეკისრება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აღნიშნული ვალდებულება.
27. შპს „ონეტ+“-ს არ მოუმართავს სააგენტოსთვის ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების სააგენტოს ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამობის განსაზღვრის მიზნით და ამის შესახებ არ მიუწოდებია ინფორმაცია კომისიისთვის, რითაც დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი.
4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები
28. კომისიის მიერ დადგინდა, რომ შპს „ონეტ+“-მა დაარღვია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნები - რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კომპანიის სანქცირების საფუძველია.
29. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „ონეტ+“-ს იგივე/ანალოგიური სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაკისრებია, კომპანიას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.
30. ამასთან, დარღვევის აღმოფხვრის მიზნით, კომპანიას უნდა დაევალოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესრულება და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ60 ქვეპუნქტი, მე19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, 21 პუნქტის „ე“ და „ა.დ“ ქვეპუნქტი, 81 მუხლის მე-3 პუნქტი,83 მუხლის პირველი პუნქტი, 45-ე მუხლის პირველი პუნქტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლების, VII თავისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-16 მუხლის, 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. შპს „ონეტ +“-ს მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
2. შპს „ონეტ+“-მა უზრუნველყოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების ტექნიკური შესაძლებლობების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს „ონეტ+“-სთვის გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „ონეტ+“-სთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
6. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „ონეტ+“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
7. კონტროლი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-5 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი);
8. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3, მე-5 და მე-7 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი