შპს „ფორმულას“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 07, 2025 14:42
მიღების თარიღი მაისი 01, 2025
შპს „ფორმულას“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე
ავტორიზებული პირი: შპს „ფორმულა“
სამართალდარღვევა: „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა, „შპს „ფორმულასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2025 წლის 13 მარტის Nგ-25-18/124 გადაწყვეტილების დარღვევა.
წარმოების დაწყების საფუძველი: კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი ბარათი (N 25-10-738, 07.04.2025).
კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის პირველი მაისი, 15:00 საათი.
I.აღწერილობითი ნაწილი
1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში - კომისია) აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი ბარათის (N25-10-738, 07.04.2025) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ფორმულასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღევის გამო.
2.მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, რომ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს, შპს „ფორმულას“ არ შეუსრულებია „შპს „ფორმულასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2025 წლის 13 მარტის Nგ-25-18/124 გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტით დაკისრებული ვალდებულება, კერძოდ, არ გადაუხდია 2024 წლის ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეების რეგულირების საფასურის დავალიანება - 7,756,87 ლარი (აღნიშნული ვალდებულება კომპანიას უნდა შეესრულებინა გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 სამუშაო დღის ვადაში), ხოლო კომისიის 2025 წლის 13 მარტის Nგ-25-18/124 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით დაკისრებული ვალდებულება შეასრულა ნაწილობრივ, კერძოდ 18 მარტს წარმოადგინა იანვრის თვის რეგულირების 1.9 გაანგარიშების ფორმა, რომლის შესაბამისად გადასახდელი ვალდებულება - 1,107,23 ლარი არ ჩარიცხა კომისიის ანგარიშზე (ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შპს „ფორმულას“ ჩაბარდა 2025 წლის 24 მარტს).
3. ასევე, მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, რომ შპს „ფორმულას“ დამატებით ერიცხება 2025 წლის თებერვლის თვის რეგულირების საფასურის დავალიანება 3052,92 ლარი, ამის გათვალისწინებით მისი ჯამური დავალიანება კომისიის მიმართ შეადგენს-11,917.02 ლარს (2024 წლის ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეების - 7,756,87 ლარი, 2025 წლის იანვრის თვის - 1,107.23 ლარი და 2025 წლის თებერვლის თვის - 3,052.92 ლარი) .
4. კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათიდან (N 25-10-886, 30.04.2025) ირკვევა, რომ შპს „ფორმულა“-მ 2025 წლის 30 აპრილს ჩარიცხა რეგულირების დავალიანება 11,917.02 ლარის ოდენობით.
5. შპს „ფორმულამ“ 2025 წლის 30 აპრილის N640 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/1816,01.05.2025) კომისიაში წარმოადგინა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ითხოვა, აღნიშნული გარემოება კომისიამ მიიღოს მხედველობაში ადმინისტრაციული საქმის განხილვისას და კომპანია გაათავისუფლოს პასუხისმგებლობისგან, სამართალდარღვევის აღმოფხვრის გამო.
6. შპს „ფორმულასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2025 წლის პირველი მაისი, 15:00 საათი. აღნიშნულის თაობაზე შპს „ფორმულას“ გაეგზავნა შეტყობინება (Nგ-25-03/944, 28/04/2025) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. კომპანიას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.
7. კომისიის 2025 წლის პირველი მაისის სხდომას ესწრებოდა შპს „ფორმულას“ წარმომადგენელი ე. ქათამაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ ტელეკომპანიას სრულად აქვს დავალიანებები გადახდილი. ამის შესახებ წერილობითაც აცნობეს კომისიას და ამავე დროს, მიმართეს თხოვნით, რომ რადგანაც საკითხის განხილვის მომენტისთვის დარღვევა სრულად აღმოფხვრილია, ეს გარემოება გაითვალისწინოს კომისიამ და გაათავისუფლოს კომპანია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
8. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
9. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი;
10. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლები. რეგულირების საფასურის ოდენობაა მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მიმწოდებლების მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი. რეგულირების საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მიმწოდებელთა შემოსავლიდან ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად ფაქტობრივად მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე. მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მიმწოდებლები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური და კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით;
11. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
12. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;
13. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და მის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა;
14. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს;
15. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისია ვალდებულია მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებს დააკისროს ჯარიმა, თუ მათ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრეს გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულეს კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მათ აღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინეს ახალი დარღვევა.
16. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2 500 ლარისა.
17. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
18. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად „კომისიის მიერ გაგზავნილი ყოველგვარი შეტყობინება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება მატერიალური ან ელექტრონული რეგისტრირებული საფოსტო გზავნილის მეშვეობით. მატერიალური საფოსტო გზავნილი იგზავნება დამტარებლის ან საფოსტო მომსახურების განმახორციელებელი პირის მეშვეობით.“. ხოლო ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად „კორესპოდენციის ელექტრონული გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში, დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების, როგორც პირდაპირ, აქტიურად გამოხატული ქმედებით, ასევე, ავტომატური საშუალებით დადასტურების შემთხვევაშიც“.
III. სამოტივაციო ნაწილი
1. შესწავლილი მტკიცებულებები
19. კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი ბარათი (N25-10-738, 07.04.2025);
20. „შპს „ფორმულასთვის“ დმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2025 წლის 13 მარტის Nგ-25-18/124 გადაწყვეტილება;
21. კომისიის 2025 წლის 13 მარტის Nგ-25-18/124 გადაწყვეტილების შპს „ფორმულასთვის“ გაგზავნისა და ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
22. მონაცემები შპს „ფორმულას“ შესახებ კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა საჯარო რეესტრიდან;
23. შპს „ფორმულასთვის“ გაგზავნილი შეტყობინება (Nგ-25-03/944, 28/04/2025) კომისიის 2025 წლის პირველი მაისის სხდომაზე მოწვევის შესახებ და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
24. კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N25-10-864, 28.04.2025);
25. კომისიის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N 25-10-879, 29.04.2025);
26. კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N 25-10-886, 30.04.2025);
27. შპს „ფორმულას“ 2025 წლის 30 აპრილის N640 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/1816, 01.05.2025);
28. შპს „ფორმულას“ წარმომადგენლის ე.ქათამაძის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2025 წლის პირველი მაისის სხდომაზე.
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
29. შპს „ფორმულა“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირია.
მტკიცებულება: მონაცემი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ფორმულას“ შესახებ.
30. შპს „ფორმულას“ კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებების შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მომენტისათვის ჯამურად ერიცხებოდა რეგულირების საფასურის დავალიანება 11,917.02 ლარის ოდენობით, კერძოდ:
ა) შპს „ფორმულას“ არ ჰქონდა შესრულებული „შპს „ფორმულასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2025 წლის 13 მარტის Nგ-25-18/124 გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტით დაკისრებული ვალდებულება, კერძოდ, არ ჰქონდა გადახდილი 2024 წლის ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეების რეგულირების საფასურის დავალიანება -7,756,87 ლარი, ხოლო კომისიის 2025 წლის 13 მარტის Nგ-25-18/124 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით დაკისრებული ვალდებულება შესრულებული ჰქონდა ნაწილობრივ, კერძოდ 18 მარტს წარმოადგინა იანვრის თვის 1,9 ფორმა, რომლის შესაბამისად გადასახდელი ვალდებულება შეადგენდა 1,107,23 ლარს (ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შპს„ფორმულას“ ჩაბარდა 2025 წლის 24 მარტს);
ბ) შპს „ფორმულას“ დამატებით ერიცხებოდა 2025 წლის თებერვლის თვის რეგულირების საფასურის დავალიანება 3052,92 ლარის ოდენობით;
მტკიცებულება: კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი ბარათი (N25-10-738, 07.04.2025).
31. შპს „ფორმულამ“, ვადების დარღვევით, 2025 წლის 30 აპრილის მდგომარეობით სრულად ჩარიცხა რეგულირების საფასურის დავალიანება -11,917.02 ლარი კომისიის ანგარიშზე.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათიდან (N 25-10-886, 30.04.2025); შპს „ფორმულას“ 2025 წლის 30 აპრილის N640 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/1816, 01.05.2025) თანდართული გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაციით.
32. ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „ფორმულას“ მიმართ მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახე - წერილობითი გაფრთხილება.
მტკიცებულება: მონაცემი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ფორმულას“ შესახებ; „შპს „ფორმულასთვის“ დმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2025 წლის 13 მარტის Nგ-25-18/124 გადაწყვეტილება.
3. სამართლებრივი შეფასება
33. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, შპს „ფორმულას“, როგორც მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. ამდენად, კომპანია ვალდებული იყო ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის ფორმა 1.9-ის საშუალებით, წარმოედგინა კომისიისთვის ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩაერიცხა კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.
34. განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე შპს „ფორმულას“ არ ჰქონდა შესრულებული „შპს „ფორმულასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2025 წლის 13 მარტის Nგ-25-18/124 გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტებით დაკისრებული ვალდებულება, არ ჰქონდა გადახდილი 2024 წლის ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეების რეგულირების საფასურის დავალიანება - 7,756,87 ლარი (აღნიშნული ვალდებულება კომპანიას უნდა შეესრულებინა გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 სამუშაო დღის ვადაში), ხოლო კომისიის 2025 წლის 13 მარტის Nგ-25-18/124 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით დაკისრებული ვალდებულება შესრულებული ჰქონდა ნაწილობრივ, კერძოდ 18 მარტს წარმოადგინა იანვრის თვის რეგულირების 1,9 გაანგარიშების ფორმა, რომლის შესაბამისად გადასახდელი ვალდებულება შეადგენდა 1,107,23 ლარს, რომელიც არ ჰქონდა ჩარიცხული კომისიის ანგარიშზე. ასევე, შპს „ფორმულას“ დამატებით ერიცხებოდა 2025 წლის თებერვლის თვის რეგულირების საფასურის დავალიანება 3052,92 ლარის ოდენობით. ამდენად, შპს „ფორმულას“ ჯამური დავალიანება შეადგენდა 11,917.02 ლარს (2024 წლის ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეების - 7,756,87 ლარი, 2025 წლის იანვრის თვის - 1,107.23 ლარი და 2025 წლის თებერვლის თვის - 3,052.92 ლარი).
35. შპს „ფორმულამ“, ვადების დარღვევით, 2025 წლის 30 აპრილის მდგომარეობით სრულად ჩარიცხა რეგულირების საფასურის დავალიანება -11,917.02 ლარი კომისიის ანგარიშზე. ამდენად, შპს „ფორმულას“ მიერ დარღვეულ იქნა„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12
დადგენილება და „შპს „ფორმულასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2025 წლის 13 მარტის Nგ-25-18/124 გადაწყვეტილება.
4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები
36. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ამასთანავე, ამავე კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას დაცული უნდა იქნას საჯარო და კერძო ინტერესების ბალანსი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით.
37. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე მუხლის თანახმად, ორგანოს, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს წყვეტს, შეუძლია შემამსუბუქებლად მიიჩნიოს ისეთი გარემოებანიც, რომლებიც არ არის გათვალისწინებული კანონმდებლობით.
38. კომისიის მიერ დადგინდა, რომ კომპანიამ, მართალია ვადების დარღვევით, მაგრამ არსებული ვალდებულება სრულად შეასრულა. კერძოდ, შპს „ფორმულამ“ რეგულირების საფასურის დავალიანება, წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებამდე, სრულად ჩარიცხა კომისიის ანგარიშზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ შპს „ფორმულას“ მიმართ არ იქნეს გამოყენებული სანქციის სახედ ჯარიმა. შესაბამისად, შპს „ფორმულა“ ცნობილ უნდა იქნეს სამართალდამრღვევად და გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან, რითაც დაცული იქნება კანონიერებისა და პროპორციულობის პრინციპი, ასევე, მიიღწევა ის მიზანი, რაც ზოგადად გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98- ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, 72-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის, მე-16 მუხლის მე-5 და მე-9 პუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, კომისიამ ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ფორმულა“ ცნობილ იქნეს სამართალდამრღვევად „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და „შპს „ფორმულასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2025 წლის 13 მარტის Nგ-25-18/124 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;
2. შპს „ფორმულა“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ფორმულასთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „ფორმულასთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „ფორმულას“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
7. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი