შპს „აგრომედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 15, 2025 13:01
მიღების თარიღი მაისი 08, 2025
შპს „აგრომედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ავტორიზებული პირი: შპს „აგრომედია“
სამართალდარღვევა: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებისა და მე-4 პუნქტის დარღვევა.
წარმოების დაწყების საფუძველი: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2025 წლის 15 აპრილის N25-10-795 და 24 აპრილის N25-10-841 მოხსენებითი ბარათები
კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 8 მაისი, 15:00 საათი.
I. აღწერილობითი ნაწილი
1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში - კომისია) აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2025 წლის 15 აპრილის N25-10-795 და 24 აპრილის N25-10-841 მოხსენებითი ბარათების საფუძველზე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „აგრომედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე, მის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის გამო.
2.მოხსენებითი ბარათიდან და მასზე დართული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის პერიოდული მონიტორინგისას განხორციელდა შპს „აგრომედიას“ (ს/კ. 405305076) მონიტორინგი მაუწყებლის ეთერში განთავსებული სარეკლამო კომუნიკაციების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით (რეკლამა, პროდუქტის განთავსება, სპონსორობა, ტელეშოპინგი).
3. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ 2025 წლის 12 მარტს 04:03 საათზე გავიდა გადაცემა - „ტირძნისი: ბორნსოფქიმია ტირძნისში“, რომლის ფარგლებშიც სიუჟეტის წამყვანი იმყოფება სოფელ ტინძისში, ერთ-ერთ მეურნეობაში. წამყვანი ესაუბრება მეურნეობის აგრონომს, რომელიც, ამავდროულად, არის კომპანია „ბორნსოფქიმიის“ აგრონომი. ისინი საუბრობენ მეურნეობაში მიღებული მოსავლის მოცულობასა და იმ პრეპარატებზე, რომლებიც მოსავლის გაუმჯობესებისთვის გამოიყენეს. აგრონომი აღნიშნავს, რომ გამოყენებულია „ბორნსოფქიმიის“ პროდუქცია და ჩამოთვლის რამდენიმე მათგანს, რომლებიც კადრშიც ჩნდება. აგრონომი აღნიშნულ პრეპარატებს პოზიტიურ კონტექსტში წარმოადგენს და აცხადებს, რომ „ძალიან მაგრად გაამართლა“. შემდეგ, წამყვანი და აგრონომი განაგრძობენ საუბარს მეურნეობაში გამოყენებულ პრეპარატებზე და ასახელებენ სხვადასხვა ბრენდს, რომელთა პროდუქტებიც ასევე ჩანს კადრში. თითოეულ პროდუქტზე მითითებულია „ბორნსოფქიმიის“ ლოგო. რეპორტაჟის მიმდინარეობისას წამყვანი აღნიშნავს: „აღნიშნულ ნაკვეთზე ასევე გამოყენებულია იტალიური კომპანია „ადრიატიკას“ მიერ წარმოებული წვეთოვან სარწყავ სისტემაში გამოსაყენებელი თხევადი ფოსფორი. ის არა მხოლოდ კვებავს ნიადაგს ფოსფორით, არამედ ასუფთავებს წვეთოვან სისტემას და არეგულირებს ნიადაგის pH-ს. ეს პრეპარატია „ბულ P“, რომელიც შესაძლებელია შეძენილ იქნას „ბორნსოფქიმიის“ სერვისცენტრებში.“ აღნიშნული პრეპარატები არაერთხელ ჩანს ახლო კადრით.
4. აგრონომთან საუბრის შემდეგ, წამყვანი კომპანიის შიდა ქართლის ოფისის რეგიონალურ მენეჯერს ესაუბრება. წამყვანი მენეჯერს ეკითხება ადგილობრივი ფილიალის საქმიანობის შესახებ, მათ სამუშაო პრაქტიკაზე, იმ კულტურებზე, რომელთა მოვლაზეც კომპანიის სპეციალისტები მუშაობენ და ა.შ. მენეჯერი განმარტავს, რომ კომპანია რეგულარულად ახორციელებს გასვლით მონიტორინგს და ფერმერებს ეხმარება სხვადასხვა პრობლემის, მათ შორის, დაავადებებისა და მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლაში. ის მიუთითებს ფილიალის მისამართს და აღნიშნავს, რომ ფერმერებს შეუძლიათ ეწვიონ ოფისს, სადაც მიიღებენ კონსულტაციას და შეძლებენ ფართო ასორტიმენტიდან პროდუქციის შეძენას. მენეჯერი ხაზს უსვამს, რომ კომპანიის ფილიალში წარმოდგენილია მრავალფეროვანი პროდუქცია, მათ შორის შხამქიმიკატები, და ასახელებს რამდენიმე საერთაშორისო ბრენდს. თურქულ ბრენდ „საფატარინზე“ ის ამბობს, რომ მისი პროდუქცია „იდეალურად მუშაობს“, ხოლო იტალიურ ბრენდ „მანიკასთან“ დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მას „საკმაოდ ფართო გამოყენება აქვს“ ერთწლოვან და მრავალწლოვან კულტურებში და „იდეალურ შედეგს იძლევა“. მენეჯერის კომენტარის საპასუხოდ, წამყვანი აცხადებს: „ეს ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონისთვის. თქვენ სრულად უზრუნველყოფთ როგორც ერთწლოვანი კულტურების სათესლე მასალის მიწოდებას, ასევე წვეთოვანი სარწყავი სისტემების მოწყობას, ფერტიგაციის საშუალებებს და პესტიციდებით უზრუნველყოფას, რაც ამ რეგიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.“
5. მოხსენებითი ბარათის თანახმად, პროდუქტის განთავსება ისე მოხდა, რომ მან გავლენა მოახდინა პროგრამის შინაარსზე და პროდუქტს გადაჭარბებული მნიშვნელობა მიენიჭა, გარდა ამისა პროგრამაში მოხდა პროდუქტზე პოზიტიურ კონტექსტში მითითება. გაჟღერდა ინფორმაცია ხელმისაწვდომობის შესახებ, გაკეთდა სარეკლამო განცხადება, პოზიტიურ თვისებებსა და სარგებლობაზე გაკეთდა მითითებები. ასევე, გადაცემის წამყვანების მხრიდან პროდუქტის მიმართ არაერთხელ იქნა გამოხატული დადებითი განწყობა/მოწონება. არაერთხელ მოხდა ბრენდის/პროდუქციის ხსენება და ჩვენება.
6. მონიტორინგის შედეგად, ასევე, გამოვლინდა, რომ 2025 წლის 10 მარტს მაუწყებლის ეთერში განთავსდა 2 სიუჟეტი, სადაც მოხდა პროდუქტის განთავსება. კერძოდ, 14:27 საათზე გავიდა გადაცემა „აგრო რჩევები“, რომლის წამყვანი იმყოფება ჰიპერმარკეტ „აგროჰაბის“ სასათბურე მეურნეობაში, სადაც სხვადასხვა ჯიშის პომიდორს აწარმოებენ. ხოლო, გადაცემა „აგრო რჩევების“ 21:32 საათზე გასულ სიუჟეტში წამყვანი იმყოფება „საქართველოს სათბურის კორპორაციის“ სასათბურე მეურნეობაში. აღნიშნული სიუჟეტების ეთერში განთავსებისას არ მოხდა შესაბამისი სარეკლამო კომუნიკაციის შემცველი წარწერის ამონათება. შესაბამისად, არ მოხდა მაყურებლის ინფორმირება, რა სახის კომერციულ კომუნიკაციას ეცნობა იგი. ამასთან, 10 მარტს განთავსებულ სიუჟეტებში პროდუქტის განთავსების სხვა წესების დარღვევა არ დაფიქსირებულა.
7. კომისიის 2025 წლის 3 აპრილის Nგ-25-04/734 და 17 აპრილის Nგ-25-04/866 წერილებით შპს „აგრომედიასგან“ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, თუ რა სტატუსით განთავსდა 2025 წლის 10 მარტს 14:27 და 21:32 საათზე, ხოლო, 12 მარტს 04:03 საათზე სიუჟეტები და კომერციული კომუნიკაციის რომელი სახე იყო მასში გამოყენებული (რეკლამა, სპონსორობა, პროდუქტის განთავსება) და არსებობის შემთხვევაში კომპანიას ეთხოვა შესაბამისი ხელშეკრულების წარმოდგენა;
8. შპს „აგრომედიას“ 2025 წლის 8 და 23 აპრილის წერილებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/1409; თარიღი: 08.04.2025 და Nშ-25-6/1630; თარიღი: 23.04.2025) კომპანიამ კომისიას განუმარტა, რომ სადავო სიუჟეტებში გამოყენებული კომუნიკაციის სახე წარმოადგენდა პროდუქტის განთავსებას. ამასთან, კომპანიამ კომისიას წარუდგინა შპს „ბორნ სოფქიმიასთან“ 2025 წლის პირველ თებერვალს გაფორმებული „სარეკლამო მომსახურების შესახებ“ ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც მოხდა სიუჟეტებში პროდუქტის განთავსება.
9. შპს „აგრომედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა დაინიშნა 2025 წლის 8 მაისს, რის შესახებაც, კომპანიას გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება (N გ-25-03/1011, 05.05.2025). კომისიის შეტყობინებით შპს „აგრომედიას“ ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.
10. კომისიის 2025 წლის 8 მაისის სხდომაზე გამოცხადდა შპს „აგრომედიას“ წარმომადგენელი, რ. ბაბალაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ გაითვალისწინებდა კომისიის მითითებებს და გაატარებდა შესაბამის ღონისძიებების რათა დაცული ყოფილიყო მოთხოვნები.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
11. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები“;
12. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, „მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ფუნქციებია მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება“;
13. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა“;
14. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ძ1“ ქვეპუნქტის თანახმად, „აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია – გამოსახულება, ხმით ან ხმის გარეშე, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისთვის და ემსახურება ფიზიკური პირისადმი ან იურიდიული პირისადმი, საქონლისადმი, მომსახურებისადმი, სამუშაოსადმი, იდეის და წამოწყებისადმი ინტერესის აღძვრასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას. ასეთი გამოსახულებები თან ახლავს ან/და ინტეგრირებულია პროგრამაში/მომხმარებლის გენერირებულ ვიდეორგოლში საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ. აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია არის აუდიოვიზუალური მედიამომსახურება და მოიცავს კომერციულ რეკლამას, ტელეშოპინგს, სპონსორობასა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებას (Product Placement). აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია მოიცავს აგრეთვე რადიომაუწყებლობის ეთერში განთავსებულ კომერციულ რეკლამას, ტელეშოპინგს, სპონსორობასა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებას (Product Placement)“;
15. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ17“ ქვეპუნქტის თანახმად, „პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება (Product Placement) − საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ნებისმიერი ფორმით გავრცელება, რაც გამოიხატება პროგრამაში ან მომხმარებლის გენერირებულ ვიდეორგოლში ამ პროდუქტის ინტეგრირებით, პროდუქტზე მითითებით ან/და მომსახურებასა და სასაქონლო ნიშანზე მითითებით“;
16. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად „პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება ისე უნდა მოხდეს, რომ: ა) მან გავლენა არ მოახდინოს პროგრამის შინაარსსა და პროგრამების განრიგში განთავსებაზე − მაუწყებლობის შემთხვევაში ან კატალოგში განთავსებაზე − გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების შემთხვევაში, მათ შორის, მედიამომსახურების მიმწოდებლის სარედაქციო დამოუკიდებლობასა და პასუხისმგებლობაზე; ბ) იგი არ შეიცავდეს პროდუქტის შეძენისკენ პირდაპირ მოწოდებას; გ) მან პროდუქტს გადაჭარბებული მნიშვნელობა არ მიანიჭოს“;
17. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება მკაფიოდ იდენტიფიცირებული უნდა იყოს. იმ პროგრამის დასაწყისში და დასასრულს, აგრეთვე ყოველი სარეკლამო ან სხვა სახის წყვეტის შემდეგ, რომელშიც ხდება პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება, ნათლად უნდა მიეთითოს ამის შესახებ. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება მაუწყებლის მიერ სამაუწყებლო ბადეში ან/და გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის მიერ მისი მომსახურების ფარგლებში განთავსებულ დამოუკიდებელ პროგრამაზე“;
18. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „მედიამომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული/გავრცელებული პროგრამის, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, რომლებიც მას საშუალებას აძლევს, უზრუნველყოს მის მიერ გავრცელებული პროგრამის, მომხმარებლის გენერირებული ვიდეორგოლისა და აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა“;
19. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს“;
20. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად „კომისიის მიერ გაგზავნილი ყოველგვარი შეტყობინება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება მატერიალური ან ელექტრონული რეგისტრირებული საფოსტო გზავნილის მეშვეობით. მატერიალური საფოსტო გზავნილი იგზავნება დამტარებლის ან საფოსტო მომსახურების განმახორციელებელი პირის მეშვეობით.“. ხოლო ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად „კორესპოდენციის ელექტრონული გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში, დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების, როგორც პირდაპირ, აქტიურად გამოხატული ქმედებით, ასევე, ავტომატური საშუალებით დადასტურების შემთხვევაშიც“.
III. სამოტივაციო ნაწილი
1. შესწავლილი მტკიცებულებები
21. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2025 წლის 15 აპრილის N25-10-795 და 24 აპრილის N25-10-841 მოხსენებითი ბარათები - თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად;
22. კომისიის 2025 წლის 3 აპრილის Nგ-25-04/734 და 17 აპრილის Nგ-25-04/866 წერილები;
23. შპს „აგრომედიას“ 2025 წლის 8 და 23 აპრილის წერილები (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/1409; თარიღი: 08.04.2025 და Nშ-25-6/1630; თარიღი: 23.04.2025);
24. შპს „აგრომედიასა“ და შპს „ბორნ სოფქიმიას“ შორის 2025 წლის პირველ თებერვალს გაფორმებული „სარეკლამო მომსახურების შესახებ“ ხელშეკრულება;
25. შპს „აგრომედიასთვის“ კომისიის მიერ გაგზავნილი შეტყობინება 2025 წლის 8 მაისის სხდომაზე მოწვევის თაობაზე (Nგ-25-03/1011, 05.05.2025) და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
26. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „აგრომედიას“ შესახებ მონაცემები;
27. შპს „აგრომედიას“ წარმომადგენლის, რ. ბაბალაშვილის მიერ კომისიის 2025 წლის 8 მაისის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტება.
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
28. შპს „აგრომედია“ 2018 წლის 13 დეკემბრიდან არის მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი (მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; ქვესახეობა: სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა).
მტკიცებულება: მონაცემები ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „აგრომედიას“ შესახებ;
29. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის პერიოდული მონიტორინგისას განხორციელდა შპს „აგრომედიას“ (ს/კ. 405305076) მონიტორინგი მაუწყებლის ეთერში განთავსებული სარეკლამო კომუნიკაციების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით (რეკლამა, პროდუქტის განთავსება, სპონსორობა, ტელეშოპინგი). მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ:
ა) 2025 წლის 12 მარტს 04:03 საათზე გავიდა გადაცემა - „ტირძნისი: ბორნსოფქიმია ტირძნისში“, რომლის ფარგლებშიც სიუჟეტის წამყვანი იმყოფება სოფელ ტინძისში, ერთ-ერთ მეურნეობაში. წამყვანი ესაუბრება მეურნეობის აგრონომს, რომელიც, ამავდროულად, არის კომპანია
„ბორნსოფქიმიის“ აგრონომი. ისინი საუბრობენ მეურნეობაში მიღებული მოსავლის მოცულობასა და იმ პრეპარატებზე, რომლებიც მოსავლის გაუმჯობესებისთვის გამოიყენეს. აგრონომი აღნიშნავს, რომ გამოყენებულია „ბორნსოფქიმიის“ პროდუქცია და ჩამოთვლის რამდენიმე მათგანს, რომლებიც კადრშიც ჩნდება. აგრონომი აღნიშნულ პრეპარატებს პოზიტიურ კონტექსტში წარმოადგენს და აცხადებს, რომ „ძალიან მაგრად გაამართლა“. შემდეგ, წამყვანი და აგრონომი განაგრძობენ საუბარს მეურნეობაში გამოყენებულ პრეპარატებზე და ასახელებენ სხვადასხვა ბრენდს, რომელთა პროდუქტებიც ასევე ჩანს კადრში. თითოეულ პროდუქტზე მითითებულია „ბორნსოფქიმიის“ ლოგო. რეპორტაჟის მიმდინარეობისას წამყვანი აღნიშნავს: „აღნიშნულ ნაკვეთზე ასევე გამოყენებულია იტალიური კომპანია „ადრიატიკას“ მიერ წარმოებული წვეთოვან სარწყავ სისტემაში გამოსაყენებელი თხევადი ფოსფორი. ის არა მხოლოდ კვებავს ნიადაგს ფოსფორით, არამედ ასუფთავებს წვეთოვან სისტემას და არეგულირებს ნიადაგის pH-ს. ეს პრეპარატია „ბულ P“, რომელიც შესაძლებელია შეძენილ იქნას „ბორნსოფქიმიის“ სერვისცენტრებში.“ აღნიშნული პრეპარატები არაერთხელ ჩანს ახლო კადრით.
აგრონომთან საუბრის შემდეგ, წამყვანი კომპანიის შიდა ქართლის ოფისის რეგიონალურ მენეჯერს ესაუბრება. წამყვანი მენეჯერს ეკითხება ადგილობრივი ფილიალის საქმიანობის შესახებ, მათ სამუშაო პრაქტიკაზე, იმ კულტურებზე, რომელთა მოვლაზეც კომპანიის სპეციალისტები მუშაობენ და ა.შ. მენეჯერი განმარტავს, რომ კომპანია რეგულარულად ახორციელებს გასვლით მონიტორინგს და ფერმერებს ეხმარება სხვადასხვა პრობლემის, მათ შორის, დაავადებებისა და მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლაში. ის მიუთითებს ფილიალის მისამართს და აღნიშნავს, რომ ფერმერებს შეუძლიათ ეწვიონ ოფისს, სადაც მიიღებენ კონსულტაციას და შეძლებენ ფართო ასორტიმენტიდან პროდუქციის შეძენას. მენეჯერი ხაზს უსვამს, რომ კომპანიის ფილიალში წარმოდგენილია მრავალფეროვანი პროდუქცია, მათ შორის შხამქიმიკატები, და ასახელებს რამდენიმე საერთაშორისო ბრენდს. თურქულ ბრენდ „საფატარინზე“ ის ამბობს, რომ მისი პროდუქცია „იდეალურად მუშაობს“, ხოლო იტალიურ ბრენდ „მანიკასთან“ დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მას „საკმაოდ ფართო გამოყენება აქვს“ ერთწლოვან და მრავალწლოვან კულტურებში და „იდეალურ შედეგს იძლევა“. მენეჯერის კომენტარის საპასუხოდ, წამყვანი აცხადებს: „ეს ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონისთვის. თქვენ სრულად უზრუნველყოფთ როგორც ერთწლოვანი კულტურების სათესლე მასალის მიწოდებას, ასევე წვეთოვანი სარწყავი სისტემების მოწყობას, ფერტიგაციის საშუალებებს და პესტიციდებით უზრუნველყოფას, რაც ამ რეგიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.“
პროდუქტის განთავსება ისე მოხდა, რომ მან გავლენა მოახდინა პროგრამის შინაარსზე და პროდუქტს გადაჭარბებული მნიშვნელობა მიენიჭა, გარდა ამისა პროგრამაში მოხდა პროდუქტზე პოზიტიურ კონტექსტში მითითება. გაჟღერდა ინფორმაცია ხელმისაწვდომობის შესახებ, გაკეთდა სარეკლამო განცხადება, პოზიტიურ თვისებებსა და სარგებლობაზე გაკეთდა მითითებები. ასევე, გადაცემის წამყვანების მხრიდან პროდუქტის მიმართ არაერთხელ იქნა გამოხატული დადებითი განწყობა/მოწონება. არაერთხელ მოხდა ბრენდის/პროდუქციის ხსენება და ჩვენება.
ბ) 2025 წლის 10 მარტს მაუწყებლის ეთერში განთავსდა 2 სიუჟეტი, სადაც მოხდა პროდუქტის განთავსება. კერძოდ, 14:27 საათზე გავიდა გადაცემა „აგრო რჩევები“, რომლის წამყვანი იმყოფება ჰიპერმარკეტ „აგროჰაბის“ სასათბურე მეურნეობაში, სადაც სხვადასხვა ჯიშის პომიდორს აწარმოებენ. ხოლო, გადაცემა „აგრო რჩევების“ 21:32 საათზე გასულ სიუჟეტში წამყვანი იმყოფება „საქართველოს სათბურის კორპორაციის“ სასათბურე მეურნეობაში. აღნიშნული სიუჟეტების ეთერში განთავსებისას არ მოხდა შესაბამისი სარეკლამო კომუნიკაციის შემცველი წარწერის ამონათება. შესაბამისად, არ მოხდა მაყურებლის ინფორმირება, რა სახის კომერციულ კომუნიკაციას ეცნობა იგი.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2025 წლის 15 აპრილის N25-10-795 და 24 აპრილის N25-10-841 მოხსენებითი ბარათები - თანდართული დოკუმენტაციით; განთავსებული სიუჟეტის ამსახველი ვიდეო მასალა;
30. შპს „აგრომედიასა“ და შპს „ბორნ სოფქიმიას“ შორის 2025 წლის პირველ თებერვალს გაფორმებულია „სარეკლამო მომსახურების შესახებ“ ხელშეკრულება, ერთი წლის ვადით. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს სარეკლამო რგოლებისა და გადაცემის დამზადება დამკვეთის პროდუქციის შესახებ და ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ანაზღაურების ოდენობა და წესი.
მტკიცებულება: შპს „აგრომედიას“ 2025 წლის 8 აპრილის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/1409; თარიღი: 08.04.2025) და თანდართული 2025 წლის პირველი თებერვლის „სარეკლამო მომსახურების შესახებ“ ხელშეკრულება;
31. შპს „აგრომედია“ სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ სადავო სიუჟეტებში გამოყენებული კომუნიკაციის სახე წარმოადგენდა პროდუქტის განთავსებას. ამასთან, სიუჟეტების განთავსება მოხდა შპს „აგრომედიასა“ და შპს „ბორნ სოფქიმიას“ შორის 2025 წლის პირველ თებერვალს გაფორმებული „სარეკლამო მომსახურების შესახებ“ ხელშეკრულების საფუძველზე.
მტკიცებულება: შპს „აგრომედიას“ 2025 წლის 8 და 23 აპრილის წერილები (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/1409; თარიღი: 08.04.2025 და Nშ-25-6/1630; თარიღი: 23.04.2025) და 2025 წლის პირველი თებერვლის „სარეკლამო მომსახურების შესახებ“ ხელშეკრულება;
32. შპს „აგრომედიას“ მართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა;
მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „აგრომედიას“ შესახებ.
3. სამართლებრივი შეფასება
33. კომერციული სიტყვის თავისუფლება და გამოხატვა, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით დაცული უფლებების სფეროს განეკუთვნება. კომერციული გამოხატვა, მოიცავს, ასევე კომერციულ, მათ შორის ტელევიზიის მეშვეობით გადაცემულ რეკლამას და განმარტავს, რომ კომერციული გამოხატვა, გამოხატვის სხვა ფორმებისგან განსხვავებით, ექვემდებარება კონტროლის განსხვავებულ სტანდარტებს. ხელისუფლების ორგანოები სარგებლობენ შეფასების ფართო ზღვრით მასზე შეზღუდვის დაწესების აუცილებლობასთან მიმართებაში. კომერციული რეკლამის შეზღუდვა დასაშვებია არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ან არასარწმუნო ან/და შეცდომაში შემყვანი რეკლამის თავიდან აცილების მიზნით, ხოლო განსაკუთრებულ გარემოებებში, შეიძლება აკრძალულ იქნას ობიექტური და სარწმუნო რეკლამისა და იმ სტატიების გამოქვეყნებაც კი, რომლებიც აღწერს უტყუარ ფაქტებს და ასახავს რეალურ მოვლენებს სხვათა პირადი ცხოვრების პატივისცემის ან გარკვეული კომერციული ინფორმაციის საიდუმლოების დაცვის მიზნით. აშშ უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, მცდარი გამოხატვა არასდროს ყოფილა დაცული და ,,კომერციული სიტყვის რეგულირება უდავოდ დასაშვებია“. კომერციული სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია, თუ კომერციული გამოხატვა ეხება კანონით აკრძალულ საქმიანობას; ის არის მცდარი ან შეცდომაში შემყვანი; თუ სახელმწიფომ დაადასტურა კომერციული გამოხატვისა და შეზღუდვის არსებითი ინტერესი. აშშ-ის სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, კომერციული სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია არამხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება არაკეთილსინდისიერი რეკლამის გავრცელებას, არამედ იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქმე ეხება კეთილსინდისიერი რეკლამის გავრცელებას (იხ.,,შპს ,,მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2021 წლის 17 ივნისის №21-18/360 და 4 თებერვლის №21-18/56 გადაწყვეტილებები; ,,შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2015 წლის 31 დეკემბრის №826/18 და 2017 წლის 4 აპრილის №219/18 გადაწყვეტილებები; შპს,,მთავარი არხისთვის“ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხის განხილვის თაობაზე“ კომისიის 2023 წლის 4 მაისის №გ-23-18/204 გადაწყვეტილება).
34. „აუდიოვიზუალური მედიის მომსახურებების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წევრი სახელმწიფოების კანონებით, რეგულაციებით ან ადმინისტრაციული აქტებით გათვალისწინებული გარკვეული დებულებების კოორდინაციის შესახებ“ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2010 წლის 10 მარტის 2010/13/EU დირექტივასთან დაახლოების მიზნით, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებებით, კანონმა დასაშვებად ცნო კომერციული კომუნიკაციის ისეთი სახეობები, როგორც არის: პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/ მომსახურების) განთავსება (ე.წ. „Product Placement”), მაგრამ ამავე დროს გაითვალისწინა დირექტივით განსაზღვრული რიგი შეზღუდები, რომელიც საქართველოს კანონმდებლობაში პრაქტიკულად იდენტურად იქნა გადმოტანილი დირექტივიდან.
35. პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა და სპონსორობის მარეგულირებელი წესების დაცვა ემსახურება: 1. მომხმარებელთა ინტერესების დაცვას, რაც გულისხმობს მაუწყებლის მიერ ისეთი პროგრამის განთავსებას, რომელშიც არ იქნება აღრეული სარეკლამო პროდუქცია და მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის ფარგლებში შექმნილი პროდუქტი, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომხმარებლებზე ფარული კომერციული კომუნიკაციის ნეგატიური ზემოქმედება და მათი შეცდომაში შეყვანა; 2. სამაუწყებლო კომერციული კომუნიკაციის ბაზარზე სტაბილური მდგომარეობისა და ჯანსაღი კონკურენციის შენარჩუნებას (იხ.შპს ,,მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2021 წლის 17 ივნისის №21-18/360 და 4 თებერვლის №21-18/56 გადაწყვეტილებები).
36. ამდენად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება ისე უნდა მოხდეს, რომ ამის შესახებ სათანადოდ იყოს მაყურებელი ინფორმირებული, ასევე მან გავლენა არ მოახდინოს პროგრამის შინაარსზე, მათ შორის მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობასა და პასუხისმგებლობაზე; იგი არ შეიცავდეს პროდუქტის შეძენისკენ პირდაპირ მოწოდებას; მან პროდუქტს გადაჭარბებული მნიშვნელობა არ მიანიჭოს.
37. პროდუქტის შეძენისკენ მოწოდებად, პროდუქტებისთვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭებად და პროგრამის შინაარსზე და მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე გავლენის მომხდენად შესაძლოა მიჩნეულ იქნეს პროდუქტის განთავსების მიმდინარეობისას სპეციალურ შეთავაზებებზე, შეთავაზებების მოქმედების პერიოდზე, პროდუქციის ხელმისაწვდომობაზე, სავაჭრო ობიექტის მისამართზე, სამუშაო განრიგზე, მომსახურების სერვისზე და პროდუქტის პოზიტიურ თვისებებზე გაკეთებული მითითებები, პროდუქტების მიმართ დადებითი განწყობის გამოხატვა და მოწონება, პროდუქციის მრავალჯერადი ჩვენება და ხსენება, გამოხატვის ფორმა და სიუჟეტისთვის დათმობილი დროის ხანგრძლივობა (იხ.,,შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე“ კომისიის 2022 წლის 15 დეკემბრის №22-18/572 გადაწყვეტილება; შპს „ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2022 წლის 17 ნოემბრის №22-18/489 გადაწყვეტილება; შპს ,,მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2021 წლის 17 ივნისის №21-18/360 და 4 თებერვლის №21-18/56 გადაწყვეტილებები; ,,შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“- სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2019 წლის 27 ივნისის №19-18/382, 2018 წლის 8 თებერვლის №61/18 და 2017 წლის 4 აპრილის №219/18 გადაწყვეტილებები; შპს ,,მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხის განხილვის თაობაზე“ კომისიის 2023 წლის 4 მაისის №გ-23-18/204 გადაწყვეტილება).
38. კანონისმიერი ვალდებულებებისა და კომისიის უფლებამოსილებების თაობაზე მაუწყებელთა და სხვა დაინტერესებულ პირთა ინფორმირების მიზნით, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების საკითხებთან დაკავშირებით, კომისიამ შეიმუშავა და ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების (,,Product Placement“) სახელმძღვანელო რეკომენდაციები. რეკომენდაციებში მითითებულია ის ფაქტორები, რომლებზედაც პროდუქტის განთავსებისას კომისია მეტწილად გაამახვილებს ყურადღებას და რომლებიც აღქმული იქნება როგორც სარეკლამო განზრახვის მატარებელი. მათ შორის, როდესაც ხდება პროდუქტის, საქონლის/მომსახურების პოზიტიურ თვისებებზე ან სარგებლობაზე მითითებები (პირდაპირი ან არაპირდაპირი), პროდუქტის მიმართ დადებითი განწყობის გამოხატვა/მოწონება (პირდაპირი ან არაპირდაპირი), შეძენის წაქეზება (პირდაპირ ან არაპირდაპირი), სარეკლამო განცხადებები, ხელმისაწვდომობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. (იხ. კომისიის 2022 წლის 15 დეკემბრის №22-18/572 გადაწყვეტილება ,,შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე“).
39. შპს „აგრომედია“, როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება ისე უნდა მოხდეს, რომ: ა) მან გავლენა არ მოახდინოს პროგრამის შინაარსსა და პროგრამების განრიგში განთავსებაზე − მაუწყებლობის შემთხვევაში ან კატალოგში განთავსებაზე − გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების შემთხვევაში, მათ შორის, მედიამომსახურების მიმწოდებლის სარედაქციო დამოუკიდებლობასა და პასუხისმგებლობაზე; ბ) იგი არ შეიცავდეს პროდუქტის შეძენისკენ პირდაპირ მოწოდებას; გ) მან პროდუქტს გადაჭარბებული მნიშვნელობა არ მიანიჭოს. ასევე, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება მკაფიოდ იდენტიფიცირებული უნდა იყოს. იმ პროგრამის დასაწყისში და დასასრულს, აგრეთვე ყოველი სარეკლამო ან სხვა სახის წყვეტის შემდეგ, რომელშიც ხდება პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება, ნათლად უნდა მიეთითოს ამის შესახებ.
40. განსახილველ შემთხვევაში, 2025 წლის 12 მარტს 04:03 საათზე გასულ გადაცემაში - „ტირძნისი: ბორნსოფქიმია ტირძნისში“ - მოხდა პროდუქტის განთავსება (რაც ასევე არ ყოფილა სადავოდ გამხდარი შპს „აგრომედიას“ მიერ (შპს „აგრომედიას“ 2025 წლის 8 აპრილის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/1409; თარიღი: 08.04.2025) - შპს „აგრომედიასა“ და შპს „ბორნ სოფქიმიას“ შორის 2025 წლის პირველ თებერვალს გაფორმებული „სარეკლამო მომსახურების შესახებ“ ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამისი ანაზღაურებით. ამასთან, პროგრამაში პროდუქტი განთავსდა ისე, რომ მან გავლენა მოახდინა პროგრამის შინაარსზე, გაკეთდა სარეკლამო განცხადება პროდუქტის პოზიტიურ თვისებებსა და სარგებლობაზე, არაერთხელ იქნა გამოხატული წამყვანის მხრიდან დადებითი განწყობა, პროდუქტის ჩვენება და ხსენება - რაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების დარღვევაა.
41. თავის მხრივ, 2025 წლის 10 მარტს 14:27 საათსა და 21:32 საათზე გასულ გადაცემა „აგრო რჩევებშიც“ გამოყენებული კომერციული კომუნიკაციების სახე იყო პროდუქტის განთავსება - რაც, ასევე, განხორციელდა შპს „აგრომედიასა“ და შპს „ბორნ სოფქიმიას“ შორის 2025 წლის პირველ თებერვალს გაფორმებული „სარეკლამო მომსახურების შესახებ“ ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამისი ანაზღაურებით და რაც ასევე, არ ყოფილა სადავოდ გამხდარი შპს „აგრომედიას“ მიერ (შპს „აგრომედიას“ 2025 წლის 23 აპრილის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/1409; თარიღი: 08.04.2025). თუმცა, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება არ ყოფილა მკაფიოდ იდენტიფიცირებული.პროგრამის დასაწყისში და დასასრულს, აგრეთვე ყოველი სარეკლამო ან სხვა სახის წყვეტის შემდეგ, არ ყოფილა ნათლად მითითებული ამის შესახებ. შესაბამისად, არ მოხდა მაყურებლის სათანადოდ ინფორმირება პროდუქტის განთავსების შესახებ, რითაც დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე-4 პუნქტი.
42. ამდენად, სადავო სიუჟეტების განთავსებით, შპს ,,აგრომედიას“ მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები და მე-4 პუნქტი - რაც მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.
4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები
43. აღსანიშნავია, რომ შპს „აგრომედიას“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა. შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „აგრომედიას“ უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 691 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „აგრომედიას“ (ს/კ. 405305076) მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებისა და მე-4 პუნქტის დარღვევის გამო;
2. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს „აგრომედიასთვის“ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „აგრომედიასთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
5. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (მ. აკოლაშვილი) შპს „აგრომედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
6. კონტროლი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-4 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი);
7. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ეკატერინე იმედაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი