წვდომის მენიუ

შპს „უბიკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ

ნომერი: გ-25-18 / 238

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 02, 2025 14:44

მიღების თარიღი მაისი 22, 2025

შპს „უბიკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ

ავტორიზებული პირი: შპს „უბიკომი“.

სამართალდარღვევა: „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის დარღვევა.

წარმოების დაწყების    საფუძველი:    სახელმწიფო   უსაფრთხოების   სამსახურის   საჯარო   სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს 2025 წლის პირველი მაისის SSG 925 00095391 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/1856; თარიღი: 02.05.2025).

კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 22 მაისი.

I.აღწერილობითი   ნაწილი

1.სახელმწიფო უსაფრთხოების  სამსახურის  საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს 2025 წლის პირველი მაისის   SSG 9 25 00095391 წერილის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/1856; თარიღი: 02.05.2025) საფუძველზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (შემდგომში - კომისია)  დაიწყო  მარტივი  ადმინისტრაციული წარმოება  შპს  „უბიკომისთის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის    დაკისრების    საკითხის  განხილვის თაობაზე,  მის    მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის მე-19  მუხლის  მე-2  პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტისა და 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო.

2.სახელმწიფო უსაფრთხოების  სამსახურის  საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს 2025 წლის პირველი მაისის   SSG 9 25 00095391 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/1856; თარიღი:  02.05.2025) კომისიისთვის  მოწოდებულ  იქნა ინფორმაცია  იმ ავტორიზებული პირების შესახებ, რომელთა მიმართაც სააგენტოს არ განუხორციელებია ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების სააგენტოს ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამობის შეფასება. მათ შორის, ერთ-ერთ ავტორიზებული პირი იყო შპს „უბიკომი“.

3.    სახელმწიფო  უსაფრთხოების  სამსახურის  საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს 2025 წლის პირველი მაისის  SSG 9 25 00095391 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/1856; თარიღი: 02.05.2025) სააგენტომ მომართა კომისიას ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნით, თუ რამდენად ახორციელებს შპს „უბიკომი“ ავტორიზაციით განსაზღვრულ საქმიანობას, ხოლო     დადებითი    პასუხის    შემთხვევაში,  ითხოვა  კომისიამ უზრუნველყოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ზომების მიღება კომპანიის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების აღსრულების უზრუნველსაყოფად.

4. შპს „უბიკომის“  მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის  საკითხის განხილვა დაინიშნა 2025 წლის 22 მაისს, 15 საათზე, რის შესახებაც კომპანიას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (Nგ-25-03/1114; თარიღი:16.05.2025), რომელიც გაეგზავნა მის მიერ კომისიაში წარმოდგენილ და კომისიის უწყებრივ რეესტრში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე. შეტყობინებით კომპანიას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.

5.  კომისიის  2025  წლის  22  მაისის  სხდომას  ესწრებოდა  შპს  „უბიკომის“  დირექტორი  ი.  ზექალაშვილი, რომელმაც დაადასტურა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი.

II.     მარეგულირებელი კანონმდებლობა

6.  „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-19  მუხლის  მე-2  პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და  გადაწყვეტილებები.

7.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ60“ ქვეპუნქტის მიხედვით, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია არის ავტორიზებული პირი, რომლის საქმიანობის ან/და მომსახურების სახეა სატელეფონო ქსელებით ან/და ინტერნეტქსელებით უზრუნველყოფა ან/და მომსახურება.

8.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 81  მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის არქიტექტურა და ინტერფეისები განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ნორმატიული აქტებით.

9.    „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 83 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, განახორციელოს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირება და შეინახოს ისინი ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადით.  ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების განსახორციელებლად უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, ჰქონდეს წვდომა ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის შესაბამის მონაცემთა ბაზებზე. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ  მონაცემთა  ბაზების  კოპირების ტექნიკური წესი და პროცედურა  განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ნორმატიული აქტით.

10.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 14 დღით ადრე უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ტექნიკური მახასიათებლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება, ხოლო მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურებაზე ავტორიზებულმა პირმა აგრეთვე უნდა უზრუნველყოს გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრისა და მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის ფაქტის დაფიქსირების ტექნიკური შესაძლებლობისა და მისი ფუნქციონირების შეზღუდვის (ბლოკირების) ტექნიკური შესაძლებლობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება.

11. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21  პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების უზრუნველსაყოფად უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების უფლების მოპოვება.

12. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.

13. კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ (დანართი N1) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული ან ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

14. კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ (დანართი N1) მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელის ან/და ავტორიზებული პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის) ან სალიცენზიო/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების ან/და ავტორიზაციის პირობების დარღვევაზე, ან პირის მიერ ულიცენზიოდ/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე, ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

III.         სამოტივაციო ნაწილი

1.    შესწავლილი მტკიცებულებები

15. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს 2025 წლის პირველი მაისის SSG 9 25 00095391 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/1856; თარიღი: 02.05.2025);

16. კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N25-10-902; 02.05.2025);

17. კომისიის   აპარატის   კონკურენციის   ხელშეწყობისა და   ბაზრის   რეგულირების   დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N25-10-979; 14.05.2025) დანართით;

18. შპს „უბიკომისთვის“ გაგზავნილი წერილობითი შეტყობინება (Nგ-25-03/1114; თარიღი:16.05.2025), კომისიის 2025 წლის 22 მაისის სხდომაზე მოწვევის თაობაზე და მისი ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

19.  შპს „უბიკომის“ დირექტორის მიერ კომისიის 2025 წლის 22 მაისის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;

20. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „უბიკომის“  შესახებ მონაცემები;

2.    დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

21.   შპს „უბიკომი“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირია (ავტორიზაციის თარიღი:

21/11/2017; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტების და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება: WiFi ).

მტკიცებულება: მონაცემები ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „უბიკომის“  შესახებ;

22.  შპს „უბიკომს“ არ მიუმართავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ საქართველოს განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამობის განსაზღვრის მიზნით და ამის შესახებ არ მიუწოდებია ინფორმაცია კომისიისთვის.

მტკიცებულება: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს 2025 წლის პირველი მაისის  SSG 9 25 00095391 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/1856; თარიღი: 02.05.2025);

23.  შპს „უბიკომი“  ახორციელებს ავტორიზაციით გათვალისწინებულ პრაქტიკულ საქმიანობას, კერძოდ, მას ჰყავს აბონენტები და აქვს შემოსავალი საბითუმო მონაცემთა გადაცემით/ინტერნეტით მომსახურებიდან (ლოკალური და გლობალური ინტერნეტი) და ფიქსირებული უსადენო ქსელის გამოყენებით გაწეული მონაცემთა გადაცემით/ინტერნეტით მომსახურებიდან (სააბონენტო გადასახადი).

მტკიცებულება: კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N25-10-979; 14.05.2025) დანართით;

24. შპს  „უბიკომის“     მიმართ  ბოლო  ერთი  წლის  განმავლობაში  პასუხისმგებლობის  არცერთი  სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „უბიკომის“ შესახებ.

3.    სამართლებრივი შეფასება

25. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „უბიკომი“, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი, ვალდებულია, შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

26.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიას ეკისრება ვალდებულება ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 14 დღით ადრე უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება. თავის მხრივ, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია არის ავტორიზებული პირი, რომლის საქმიანობის ან/და მომსახურების სახეა სატელეფონო ქსელებით ან/და ინტერნეტქსელებით უზრუნველყოფა ან/და მომსახურება. ამდენად, შპს „უბიკომი“, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზემოაღნიშნული მოთხოვნა.

27. შპს „უბიკომს“ ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე არ მიუმართავს საქართველოს სახელმწიფო  უსაფრთხოების  სამსახურის  საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის  - საქართველოს განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამობის განსაზღვრის მიზნით, ამის თაობაზე არ მიუწოდებია ინფორმაცია კომისიისთვის და არ შეუსრულებია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა, რითაც დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი.

4.    პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

28.  შპს „უბიკომის“ მიერ ამ გადაწყვეტილების 22-ე და 27-ე პარაგრაფებში მითითებული ქმედების ჩადენით, ავტორიზებული პირის მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი.

29. შპს „უბიკომის“ მიმართ  მსგავსი/იდენტური  სამართალდარღვევის  ჩადენისთვის  არ  გამოყენებულა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე ბოლო ერთი წლის განმავლობაში. შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ზემოთ მითითებული სამართალდარღვევის ბოლო ერთი წლის განმავლობაში პირველად ჩადენისთვის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულია წერილობითი გაფრთხილება. აქედან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „უბიკომს“ უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება. 

30. ამასთან, დარღვევის აღმოფხვრის მიზნით, კომპანიას უნდა დაევალოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნის შესრულება და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

IV.         სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ60 ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 21  პუნქტის „ე“ და „ა.დ“ ქვეპუნქტის, 81  მუხლის მე-3 პუნქტის, 83 მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლების, VII თავისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-4 მუხლის, მე-6 მუხლისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გაწყვიტა:

1.    შპს    „უბიკომს“    მიეცეს    წერილობითი    გაფრთხილება    „ელექტრონული    კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო;

2.    შპს „უბიკომმა“ უზრუნველყოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21  პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების ტექნიკური შესაძლებლობების     საქართველოს     კანონმდებლობით    დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;

4.    გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს „უბიკომისთვის“ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „უბიკომისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

6.  დაევალოს    კომისიის    აპარატის    იურიდიულ  დეპარტამენტს (თ. გოშუა)  შპს    „უბიკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

7.  კონტროლი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-5 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი);

8.  კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3, მე-5 და მე-7 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).

ვახტანგ  აბაშიძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები