წვდომის მენიუ

შპს „სფეისნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-25-18 / 241

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 02, 2025 16:27

მიღების თარიღი მაისი 29, 2025

შპს „სფეისნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე


ავტორიზებული პირი: შპს „სფეისნეტი“ (ს.კ.: 400277972)

სამართალდარღვევა: „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის  მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის დარღვევა.

წარმოების დაწყების საფუძველი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს“ 2025 წლის 1 მაისის SSG 125 00095391 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/1856; 02.05.2025).

კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 29 მაისი.

I.   აღწერილობითი ნაწილი

1.  სახელმწიფო  უსაფრთხოების  სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს“  2025 წლის 1 მაისის SSG 1 25 00095391 წერილის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/1856; 02.05.2025) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  საქმიანობის  მარეგულირებელი  წესების” 36-ე მუხლის  მე-14 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (შემდგომში - კომისია) დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „სფეისნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის  დაკისრების  საკითხის  განხილვის  თაობაზე,   მის  მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და   21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო.

2.  სახელმწიფო  უსაფრთხოების სამსახურის საჯარო  სამართლის  იურიდიული პირის „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს“ 2025 წლის 1 მაისის SSG 1 25 00095391 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/1856; 02.05.2025) კომისიისთვის მოწოდებულ იქნა ინფორმაცია იმ ავტორიზებული პირების შესახებ, რომელთა მიმართ სააგენტოს არ განუხორციელებია  „ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   მე-19 მუხლის 21  პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების ტექნიკური შესაძლებლობების სააგენტოს ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება. მათ შორის, ერთ-ერთი ავტორიზებული პირი იყო შპს „სფეისნეტი“.

3.  სახელმწიფო  უსაფრთხოების  სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული  პირის „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს“ წერილის მიხედვით, სააგენტომ მომართა კომისიას ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნით თუ რამდენად ახორციელებს შპს „სფეისნეტი“ ავტორიზაციით განსაზღვრულ საქმიანობას, ხოლო დადებითი პასუხის შემთხვევაში, ითხოვა კომისიამ უზრუნველყოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ზომების მიღება კომპანიის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების აღსრულების უზრუნველსაყოფად.

4.  შპს „სფეისნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2025 წლის 29 მაისს, 15:00 საათზე, რის შესახებ კომპანიას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (Nგ-25-03/, თარიღი: 21.05.2025). შეტყობინებით, კომპანიას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.

5. კომისიის 2025 წლის 29 მაისის სხდომას ესწრებოდა შპს „სფეისნეტის“ წარმომადგენელი, რომელმაც აღნიშნა, რომ დაწყებულია მუშაობა და ერთთვიან ვადაში აღმოფხვრიან სამართალდარღვევას.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები“.

7.   „ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ“   საქართველოს   კანონის მე-2 მუხლის „ჰ60“ ქვეპუნქტის მიხედვით, ,,ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია არის ავტორიზებული პირი, რომლის საქმიანობის ან/და მომსახურების სახეა სატელეფონო ქსელებით ან/და ინტერნეტქსელებით უზრუნველყოფა ან/და მომსახურება“.

8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 81 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ,,კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის არქიტექტურა და ინტერფეისები განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ნორმატიული აქტებით’’.

9.     „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  83  მუხლის  პირველი პუნქტის თანახმად,   ,,უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, განახორციელოს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირება და შეინახოს ისინი ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადით“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ,,ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების განსახორციელებლად უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, ჰქონდეს წვდომა ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის შესაბამის მონაცემთა ბაზებზე. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური წესი და პროცედურა განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ნორმატიული აქტით“.

10.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 14 დღით ადრე უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ტექნიკური მახასიათებლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება, ხოლო მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურებაზე ავტორიზებულმა პირმა აგრეთვე უნდა უზრუნველყოს გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრისა და მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის ფაქტის დაფიქსირების ტექნიკური შესაძლებლობისა და მისი ფუნქციონირების შეზღუდვის (ბლოკირების) ტექნიკური შესაძლებლობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება“.

11. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21  პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების უზრუნველსაყოფად უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების უფლების მოპოვება“.

12. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების   სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა“.

13. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად „კომისიის მიერ გაგზავნილი ყოველგვარი შეტყობინება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება მატერიალური ან ელექტრონული რეგისტრირებული საფოსტო გზავნილის მეშვეობით. მატერიალური საფოსტო გზავნილი იგზავნება დამტარებლის ან საფოსტო მომსახურების განმახორციელებელი პირის   მეშვეობით“.   ხოლო,   ამავე   მუხლის   მე-9   პუნქტის   თანახმად „კორესპოდენციის ელექტრონული გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში, დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების, როგორც პირდაპირ, აქტიურად გამოხატული ქმედებით, ასევე, ავტომატური საშუალებით დადასტურების შემთხვევაშიც“.

III. სამოტივაციო ნაწილი

1. შესწავლილი მტკიცებულებები

14.    სახელმწიფო  უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული  პირის „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს“ 2025 წლის 1 მაისის SSG 1 25 00095391 წერილის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/1856; 02.05.2025).

15. კომისიის  აპარატის  იურიდიული  დეპარტამენტის  სამსახურებრივი  ბარათი  (N25-10-588;2.05.2025).

16. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით (Excel -ის ფაილი) (N25-10-979; 14.05.2025).

17. შპს ,,სფეისნეტისთვის“ გაგზავნილი წერილობითი შეტყობინება (Nგ-25-03/, 21.05.2025) კომისიის 2025 წლის 29 მაისის სხდომაზე მოწვევის თაობაზე და მისი ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

18. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „სფეისნეტის“ შესახებ მონაცემები.

19.  შპს „სფეისნეტის“ წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.

2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

20. შპს „სფეისნეტი“ (ს.კ.: 400277972) არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი: 13.02.2020; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: A.F.2.1 რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: A.F.3.2 პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ინტერნეტმომსახურება: B.F.2.6 WiFi.

მტკიცებულება: მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

21. შპს „სფეისნეტს“ არ მიუმართავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსთვის ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების სააგენტოს ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამობის განსაზღვრის მიზნით და ამის შესახებ არ მიუწოდებია ინფორმაცია კომისიისთვის.

მტკიცებულება:   სახელმწიფო   უსაფრთხოების   სამსახურის   საჯარო   სამართლის   იურიდიული პირის „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს“ 2025 წლის 1 მაისის SSG 1 25 00095391 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/1856; 02.05.2025).

22.  შპს „სფეისნეტი“ ახორციელებს ავტორიზაციით გათვალისწინებულ პრაქტიკულ საქმიანობას, კერძოდ, ჰყავს აბონენტები და აქვს შემოსავალი ფიქსირებული უსადენო ქსელის გამოყენებით გაწეული მონაცემთა გადაცემით/ინტერნეტით მომსახურებიდან.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N25-10-979; 14.05.2025) თანდართული დოკუმენტაციით (Excel ფაილი).

23. შპს  „სფეისნეტის“  მიმართ  ბოლო  ერთი  წლის  განმავლობაში  პასუხისმგებლობის  არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

მტკიცებულება: მონაცემები შპს „სფეისნეტის“ შესახებ კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

3. სამართლებრივი შეფასება

24. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „სფეისნეტი“ როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

25. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21  პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 14 დღით ადრე უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ტექნიკური მახასიათებლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება.  ვინაიდან ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია არის ავტორიზებული პირი, რომლის საქმიანობის ან/და მომსახურების სახეა სატელეფონო ქსელებით ან/და ინტერნეტქსელებით უზრუნველყოფა ან/და მომსახურება, შპს „სფეისნეტი“, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზემოაღნიშნული მოთხოვნა.

26. შპს „სფეისნეტს“ ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე არ მიუმართავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსთვის ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების სააგენტოს ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამობის განსაზღვრის მიზნით, ამის თაობაზე არ მიუწოდებია ინფორმაცია კომისიისთვის და არ შეუსრულებია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21  პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა, რითაც დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი.

4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

27. კომისიის მიერ დადგინდა, რომ შპს „სფეისნეტმა“ დაარღვია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-19  მუხლის  21   პუნქტის  „ე“  ქვეპუნქტის  მოთხოვნები,  რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კომპანიის სანქცირების საფუძველია.

28. ამასთან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „სფეისნეტს“ იგივე/ანალოგიური სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაკისრებია. ამდენად, კომპანიას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.

29.   გარდა ამისა, დარღვევის აღმოფხვრის მიზნით, კომპანიას უნდა დაევალოს „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-19  მუხლის 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესრულება და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ60“  ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 21 პუნქტის „ე“ და „ა.დ“ ქვეპუნქტების, 81 მუხლის მე-3 პუნქტის, 83  მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლების, VII თავისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-16 და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გადაწყვიტა:

1. შპს „სფეისნეტს’’(ს.კ.:400277972) მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო.

2. შპს „სფეისნეტმა“ უზრუნველყოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების ტექნიკური შესაძლებლობების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა   კოლეგიაში   (მისამართი:   ქ.   თბილისი,   დავით   აღმაშენებლის   ხეივანი   №64)   შპს „სფეისნეტისთვის“ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) გადაწყვეტილების  შპს ,,სფეისნეტისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

6. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტს (პ. ბერია) შპს ,,სფეისნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა.

7. კონტროლი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-5 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი).

8. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3, მე-5 და მე-7 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები