შპს ,,სეზონი ტვ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 30, 2025 15:43
მიღების თარიღი ივნისი 26, 2025
შპს ,,სეზონი ტვ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ
ავტორიზებული პირი: შპს „სეზონი ტვ“
სამართალდარღვევა: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-5 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის დარღვევა.
წარმოების დაწყების საფუძველი: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№25-10-1211, 9.06.25).
კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 19 ივნისი და 26 ივნისი.
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში - კომისია) აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (№25-10-1211, 09.06.2024) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „სეზონი ტვ“-ის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის მიზნით.
2. მოხსენებით ბარათში მითითებულია, რომ მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა საერთო მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირის - შპს „სეზონი ტვ“-ის სამაუწყებლო ბადის შემოწმება. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ 2025 წლის 26 მაისს და 4 ივნისს შპს „სეზონი ტვ“-ის ეთერში განთავსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამა - „დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან“ შეიცავდა შეურაცხმყოფელ ლექსიკას. კერძოდ, გადაცემაში როგორც წამყვანის, ისე მიწვეული სტუმრის მიერ გამოყენებულ იქნა უცენზურო ლექსიკა, რომელიც არ იყო კონტექსტით გამართლებული.
3. მოხსენებითი ბარათის თანახმად, აღნიშნული პროგრამა განეკუთვნება 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელ პროგრამას. ამასთან, პროგრამა ეთერში გავიდა 21:00 საათზე, ხოლო შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენების ფაქტები ფიქსირდება 21:24 საათიდან 21:31 საათის ჩათვლით. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა დაუშვებელია ეთერში განთავსდეს 6-დან 23 საათამდე. შესაბამისად, დეპარტამენტის მოსაზრებით, შპს „სეზონი ტვ“-ის მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები.
4. შპს „სეზონი ტვ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2025 წლის 19 ივნისს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც ავტორიზებულ პირს ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (Nგ-25-03/1412, თარიღი: 16.01.2025). კომპანიას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.
5. კომისიის 2025 წლის 19 ივნისის სხდომაზე დაწყებული საკითხის განხილვა გაგრძელდა 26 ივნისს. კომისიის სხდომებზე კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შპს „სეზონი ტვ“, როგორც ავტორიზებული მაუწყებელი, სრულიად აცნობიერებს იმ ვალდებულებებს, რაც დადგენილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და ზოგადად, საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის სტანდარტებით. მათი მიზანია მართონ პლატფორმა, სადაც საზოგადოებრივ- პოლიტიკური თემა მოწოდებულია მოქალაქეების პირდაპირი და ცოცხალი ფორმით, იქ, სადაც ცხარე დებატებს, ხშირად, გარკვეული ემოციური ფონი ახლავს. თუმცა, არსებითად რჩება აზრის გამოხატვის თავისუფლებისა და პლურალიზმის სივრცედ. რაც შეეხება კონკრეტულ გადაცემას - „დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან“, რომელშიც დაფიქსირებულია შეურაცხმყოფელი ლექსიკა, პირდაპირ აცხადებს, რომ გადაცემაში მოწვეული სტუმრის მხრიდან გამოქვეყნებული გინებითი ფრაზები სრულიად მიუღებელია მაუწყებლისთვის, როგორც ეთიკურად, ისე სამართლებრივად. ეს არ შეესაბამება მათ სარედაქციო პრინციპებს. გადაცემა გადის პირდაპირ ეთერში და სტუმრის მიერ გამოქვეყნებული ლექსიკა, წამყვანისთვის იყო მოულოდნელი. წამყვანმა დაუყოვნებლივ სცადა ინტერვენცია მოწოდებით - გთხოვთ, ცენზურა დაიცვათ. თუმცა, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ამ მოწოდებამ მყისიერად ვერ გამოიღო შედეგი და უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გადაცემის სტუმარი წინასწარ, გადაცემის დაწყებამდე იყო გაფრთხილებული, რომ უცენზურო ლექსიკისაგან თავი შეეკავებინა. თუმცა არც ამან იქონია გავლენა. გადაცემის შემდეგ კი, როგორც დაუყოვნებლივ, ისე სამომავლოდ, მიიღეს მკაცრი ზომები. სტუმარს აღარ მიეცემა ეთერში ჩართვის შესაძლებლობა. შემუშავებულია წერილობითი და ვერბალური გაფრთხილება ყველა მომავალი სტუმრისთვის. გამკაცრდა სარედაქციო ბარიერი. რაც შეეხება წამყვანის მიერ გამოქვეყნებულ ფორმას, მან აღნიშნა, რომ აქ არსებითად აქვთ საქმე პოლიტიკური კრიტიკის ემოციურად გაჟღერებასთან რაც მიმართულია საჯარო ფიგურისადმი და წარმოადგენს პირდაპირ ეთერში გამოთქმულ მოქალაქეობრივ პოზიციას. აღნიშნული იყო მკაცრად გამოხატული ირონია და უკიდურესი სარკაზმი პოლიტიკური პროცესებისადმი, რომლის მიზანი იყო საზოგადოების შოკით მობილიზება და არა კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის დისკრედიტაცია. წამყვანის ფორმულირება იყო მეტაფორული და მიზნად არ ისახავდა სიძულვილის ენით რეალური ზიანის მიყენებას. იგი გამოხატავდა განწყობას იმ უკმაყოფილებაზე, რაც პოლიტიკურ ცხოვრებაში მორალის დეგრადაციას უკავშირდება და ეს მოხდა პირდაპირი ეთერის იმპულსურ რეჟიმში. წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ამ პოზიციების განხილვისას, საერთაშორისო პრაქტიკა, მათ შორის სტრასბურგის სასამართლო მკაფიოდ აღნიშნავს - პოლიტიკური გამოხატვის ფორმა შეიძლება იყოს შოკის მომგვრელი, მტკივნეული ან უხეში, თუმცა იგი დაცულია გამოხატვის თავისუფლებით, როდესაც იგი მიმართულია საჯარო ინტერესის თემაზე. წამყვანის სიტყვები, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჩაითვალოს ფორმალურად უხეშად, ემსახურებოდა საჯარო დისკუსიის გაღრმავებას და არ იქნა გამოყენებული კონკრეტული პირის ღირსების განზრახ შესალახად. დამატებით აღნიშნა, რომ აღნიშნული გადაცემა, თავისი ხასიათით, თემატიკით და ვიზუალური სტრუქტურით, არასდროს ყოფილა და არც არის გათვლილი არასრულწლოვან აუდიტორიაზე. ისინი არ ანათესავებენ გადაცემაში გასაშუქებელ თემებს ისეთ თემებთან, რაც შეიძლება მოზარდი მაყურებლისთვის იყოს საინტერესო. არ ავრცელებენ იუმორისტულ, მუსიკალურ, გართობის ან ახალგაზრდული კულტურის კონტენტს. გადაცემას არ ახლავს არც გრაფიკული ვიზუალი, არც ეფექტები, ან მსგავსი ფორმები, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკით განიხილება არასრულწლოვნებზე მიზნობრივი ზემოქმედების იარაღად. მათი მაუწყებლობა სრულიად მიმართულია პოლიტიკურად დაინტერესებული სრულწლოვანი აუდიტორიისკენ, რის გამოც, მისი აზრით, არ არსებობს რეალური საფუძველი, რომ მისმა კონკრეტულმა ფრაგმენტმა არასრულწლოვნებზე ფაქტობრივი ზეგავლენა მოახდინა. მან, ასევე, აღნიშნა, რომ მაუწყებელი „სეზონი ტვ“ წარმოადგენს შეზღუდული რესურსით მოქმედ მედია საშუალებას, რომელშიც დასაქმებულია სულ 5 ადამიანი, არ ჰყავს ცენზორი, გადაცემის დროით გადავადების ტექნიკური შესაძლებლობა არ არსებობს, არც ცალკე ეთერის მენეჯერი. მიუხედავად ამისა, დაუყოვნებლივ იმოქმედეს და შემთხვევის შემდეგ მოხდა გადაცემის სარედაქციო შეფასება. შემუშავებულია შიდა რეგულაცია სტუმრების გაფრთხილებისა და რეგისტრაციისთვის. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არც წამყვანი, არც მაუწყებელი არ იდგნენ შეურაცხყოფის და საჯარო ზიანის მიზანმიმართული გავრცელების პოზიციაზე. აღნიშნული შემთხვევა იყო ინდივიდუალური პირის, მოწვეული სტუმრის ქმედება და წამყვანის ემოციური რეაქცია პოლიტიკურ პროცესებზე. კომისიის გადაწყვეტილება კი, მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს მაუწყებლის თავისუფლებაზე. მისი თხოვნაა, კომისიამ გაითვალისწინოს, რომ მაუწყებელს ჰქონდა დაუყოვნებლივი რეაგირება, სრულად აიღო პასუხისმგებლობა სტუმრის შავ სიაში შეტანაზე, გადაცემის მიზნობრივი აუდიტორიის ხასიათი და ტექნიკური შეზღუდვები.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში საქმიანობას არეგულირებს კომისია“. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ფუნქციებია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი“, ასევე, „ბავშვის უფლებათა კოდექსის საფუძველზე ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან ბავშვის დაცვის ღონისძიებების განსახორციელებლად მედიამომსახურებების საშუალებებით გავრცელებული პროგრამების შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდების წესების დაცვის კონტროლი“.
7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის მიხედვით, „მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი“, ხოლო „ტ2“ ქვეპუნქტის თანახმად, „ტელემაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ავტორიზებული პირი, რომელიც პირადი სარედაქციო პასუხისმგებლობით ახორციელებს საკუთარი სამაუწყებლო ბადით გათვალისწინებული აუდიოვიზუალური პროდუქციის გადაცემას ისე, რომ სამაუწყებლო ბადით განსაზღვრულ დროს მაყურებლებისათვის ერთდროულად ხელმისაწვდომია“.
8. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა“.
9. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,„მაუწყებელს ეკრძალება შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდებისა და სათანადო საეთერო დროის განსაზღვრის გარეშე ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში ისეთი მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას, ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობასა და სოციალიზაციას“. თავის მხრივ, ამავე მუხლის მე-5 პუნქტი ითვალისწინებს მაუწყებლის მიერ სამაუწყებლო ბადის დაგეგმვის შეზღუდვებს. კერძოდ, მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი აკეთებს დათქმას, რომ მაუწყებელი ვალდებულია 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 23 საათამდე.
10. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,„მაუწყებელი ვალდებულია პროგრამათა კატეგორიების დადგენის მიზნით გამოიყენოს ამ კანონის 562 მუხლით გათვალისწინებული პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები და პროგრამები სამაუწყებლო ბადეში განათავსოს ამ მუხლით დადგენილი დროითი შეზღუდვების შესაბამისად“. ამავე კანონის 562 მუხლის მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს: შეურაცხმყოფელ ლექსიკას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს კონტექსტით გამართლებულია.
11. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,„მედიამომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული/გავრცელებული პროგრამის, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, რომლებიც მას საშუალებას აძლევს, უზრუნველყოს მის მიერ გავრცელებული პროგრამის, მომხმარებლის გენერირებული ვიდეორგოლისა და აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა“.
12. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისიაუფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომისია ვალდებულია მედიამომსახურების მიმწოდებლებს დააკისროს ჯარიმა, თუ მათ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრეს გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულეს კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მათ აღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინეს ახალი დარღვევა.
13. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.
III. სამოტივაციო ნაწილი
1. შესწავლილი მტკიცებულებები
14. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№25-10-1211, 9.06.25) თანდართული მასალით.
15. შპს „სეზონი ტვ“-ის 2025 წლის 26 მაისისა და 4 ივნისის სამაუწყებლო ბადე.
16. კომისიის 2024 წლის 17 ოქტომბრის №გ-24-18/491 გადაწყვეტილება ,,შპს „სეზონი ტვ”-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“.
17. კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათი (№25-10-1306, 18.06.2025) შპს „სეზონი ტვ“-ის წლიური შემოსავლის ოდენობის თაობაზე.
18. შპს „სეზონი ტვ“-ისთვის გაგზავნილი შეტყობინება (Nგ-25-03/1412, 16.06.2025) კომისიის 2025 წლის 19 ივნისის სხდომაზე მოწვევის შესახებ და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
19. შპს ,,სეზონი ტვ“-ის წარმომადგენლის მიერ კომისიის 2025 წლის 19 ივნისის სხდომაზე მიცემული ახსნა- განმარტება.
20. შპს „სეზონი ტვ“-ის შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა საჯარო რეესტრიდან.
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
21. შპს ,,სეზონი ტვ“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს (მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა. ავტორიზაციის თარიღი: 22.04.2021).
მტკიცებულება: კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს „სეზონი ტვ“-ის შესახებ.
22. შპს „სეზონი ტვ“-ის 2025 წლის 26 მაისის და 4 ივნისის ეთერში 21:00 საათზე განთავსებული იყო საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამა „დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან“.
მტკიცებულება: შპს „სეზონი ტვ“-ის 2025 წლის 26 მაისის და 4 ივნისის სამაუწყებლო ბადე.
23. შპს ,,სეზონი ტვ“-ის ეთერში 2025 წლის 26 მაისს განთავსებულ გადაცემაში - „დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან“, 21:24 საათზე, მიწვეული სტუმრის, მიერ გამოყენებული იყო შემდეგი ფრაზები: „ერთხელ უთხარი შენ მოგ***ან დედის ტრ**ი და თქვენ მოგ***ანთ კარგის ტრ**ი და მორჩი რა გადადი სხვა საკითხზე“. აღსანიშნავია, რომ გადაცემის წამყვანი ღიმილით პასუხობს: „კარგით ბატონო გრიშა გეხვეწებით ცოტა ცენზურა დავიცვათ“. მოწვეული სტუმრის მიერ ასევე, გამოყენებულია შემდეგი ფრაზები: „შენ მამაშენს დააფსი შენი გაჩენისათვის და მე კიდე შენ დაგაფსამ მერე“, „დაახვიონ და შეიტენონ უკან თავიანთი დროშა, სიწმინდე შეიტენონ ტრ**ში, ევროპელებმაც და ამათმაც“. ამ შემთხვევაში წამყვანი აღარ მოუწოდებს სტუმარს კორექტულობისკენ.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათით (№25-10-1211, 09.06. 2025) წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი.
24. შპს ,,სეზონი ტვ“-ის ეთერში 2025 წლის 4 ივნისს განთავსებულ გადაცემაში - „დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან“, 21:38 საათზე, გადაცემის წამყვანის მხრიდან გამოყენებული იყო შემდეგი ფრაზები: „მიშას ბო**ბი“, „ბო**ნდარა ნანუკა“, „თქვე პიდ***სტებო თქვენა, მიშას ბო**ბი მაინც ყავდა და თქვენ პიდ***სტები გყავთ ხელისუფლებაში“.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათით (№25-10-1211, 09.06. 2025) წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი.
25. კომისიის 2024 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით №გ-24-18/491 შპს ,,სეზონი ტვ“-ის მიეცა წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-2 პუნქტის და მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო.
მტკიცებულება: კომისიის 2024 წლის 17 ოქტომბრის № გ-24-18/491 გადაწყვეტილება.
26. კომისიის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს ,,სეზონი ტვ“-ის წლიური შემოსავალი შეადგენს 0 ლარს.
მტკიცებულება: კომისიის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N 25-10-1306, 18.06.25).
3. სამართლებრივი შეფასება
27. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი მაუწყებელს აკისრებს ვალდებულებას დაიცვას არასრულწლოვნების ინტერესები და შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდების მინიჭებითა და დროითი შეზღუდვის გათვალისწინებით დაგეგმოს სამაუწყებლო ბადე. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მაუწყებელმა 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ უნდა განათავსოს 6 საათიდან 23 საათამდე. თავის მხრივ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 562 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევს პროგრამას (ანონსს) რომელიც შეიცავს შეურაცხმყოფელ ლექსიკას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს კონტექსტით გამართლებულია. ამრიგად, პროგრამა, რომელიც შეიცავს შეურაცხმყოფელ ლექსიკას და ეს კონტექსტით არ არის გამართლებული, დაუშვებელია მაუწყებლის ეთერში განთავსდეს 6 საათიდან 23 საათამდე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ 54-ე მუხლის მიხედვით, „მაუწყებელმა უნდა დაიცვას საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტები, რათა უზრუნველყოს საზოგადოების წარმომადგენელთა დაცვა მავნე და შეურაცხმყოფელი მასალისგან.“ ამდენად, საქართველოს კანონმდებლობა შეურაცხმყოფელი ლექსიკის შემცველი პროგრამის გავრცელებას, საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტების დარღვევად მიიჩნევს, ასევე, 23:00 საათის შემდეგ.
28. როგორც კომისიის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, შპს „სეზონი ტვ“-ის ეთერში განთავსებული პროგრამა განეკუთვნება 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელ პროგრამას. კერძოდ, პროგრამის სტუმრისა და წამყვანის მიერ გამოყენებულია შეურაცხმყოფელი ლექსიკა - არაერთი უცენზურო სიტყვა და გამონათქვამი (დეტალურად იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-20 და 21-ე პარაგრაფები).
29. იმის შესაფასებლად, იყო თუ არა შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენება კონტექსტით გამართლებული, მნიშვნელოვანია, მხედველობაში იქნეს მიღებული პროგრამის ბუნება და პროგრამის არსის გადმოცემაში შეურაცხმყოფელი ლექსიკის ფუნქცია. მაგალითად, კომისია კონტექსტით გამართლებულად მიიჩნევს შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენებას მაშინ, როდესაც ეს განპირობებულია პერსონაჟის მახასიათებლებით და ნაწარმოების მხატვრული ღირებულებით (იხ. „შპს „ფორმულასათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2020 წლის 31 დეკემბრის №გ-20-18/966 გადაწყვეტილება). კომისია მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამის მნიშვნელობისა და ფუნქციის გათვალისწინებით, ასეთ პროგრამებში შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენება არ არის კონტექსტით გამართლებული (იხ.,,შპს „სეზონი ტვ”-ისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2024 წლის 17 ოქტომბრის№გ-24-18/491 გადაწყვეტილება; „შპს ,,სეზონი ტვ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ" კომისიის 2022 წლის 9 დეკემბრის №გ-22-18/523 გადაწყვეტილება). ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენება მოხდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში, შესაბამისად, არ იყო კონტექსტით გამართლებული.
30. აღსანიშნავია, რომ შეურაცხმყოფელი ლექსიკა განთავსდა შპს „სეზონი ტვ“-ის პირდაპირ ეთერში. პირდაპირ ეთერში არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამის განთავსებასთან დაკავშირებით კომისიის პრაქტიკა მიუთითებს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 და 562 მუხლების გათვალისწინებით მაუწყებელი ვალდებულია გაატაროს გონივრული და ეფექტიანი ღონისძიებები არასრულწლოვნებისთვის მავნე ზეგავლენის მომხდენი ინფორმაციის გავრცელების აღსაკვეთად. ასეთ გონივრულ ღონისძიებად შეიძლება მიჩნეულ იქნეს პროგრამის პირდაპირ ეთერში გადაცემის შეჩერება ან პროგრამის წამყვანის (ან მაუწყებლის სხვა წარმომადგენლის) ინტერვენცია, რომლის ფარგლებშიც წამყვანი შეაწყვეტინებს მესამე პირს (სტუმარს, რესპოდენტს) არასრულწლოვნისთვის მავნე ზეგავლენის მომხდენი ინფორმაციის გავრცელებას და გაემიჯნება მის შინაარსს. ასეთივე ეფექტურ და გონივრულ საშუალებად შეიძლება ჩაითვალოს სათანადო ტექნოლოგიური გადაწყვეტების გამოყენება, რომლებიც უზრუნველყოფს პირდაპირი ეთერით გასული გადაცემის დაყოვნების შესაძლებლობას (ე.წ. “Broadcast delay”) და მაუწყებელს შესაძლებლობას მისცემს რეალურ დროში ჩაერიოს და ეთერში არ განათავსოს ისეთი მასალა, რომელიც არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 და 562 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები ვრცელდება როგორც პირდაპირ, ასევე, ჩანაწერის მეშვეობით, ეთერში გადაცემულ ტელერადიოპროდუქციაზე და მოიცავს ნებისმიერი ტიპისა და კატეგორიის პროგრამას. გარდა ამისა, მაუწყებელს აქვს ვალდებულება, გაატაროს სათანადო ეფექტური და გონივრული ღონისძიებები, რათა აღიკვეთოს არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ინფორმაციის ეთერში გავრცელება, როგორც მაუწყებლის წარმომადგენლების (მაგალითად, წამყვანის), ისე - მესამე პირების (მაგალითად, რესპონდენტების) მიერ“ (იხ. „შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ მერი მელქაძის საჩივრის განხილვის თაობაზე" კომისიის 2021 წლის 12 აგვისტოს N გ-21-16/475 გადაწყვეტილება; ,,შპს „სეზონი ტვ”-ისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2024 წლის 17 ოქტომბრის№გ-24-18/491 გადაწყვეტილება; „შპს ,,სეზონი ტვ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ" კომისიის 2022 წლის 9 დეკემბრის №გ-22-18/523 გადაწყვეტილება).
31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სეზონი ტვ“-ის მიერ საზოგადოებრივ- პოლიტიკურ გადაცემაში 21:24-საათიდან 21:31-საათის ჩათვლით განთავსდა 15 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი პროგრამა, რომელიც შეიცავდა შეურაცხმყოფელ ლექსიკას და ეს არ იყო კონტექსტით გამართლებული. ამასთან, დარღვევა სრულად შეერაცხება მაუწყებელს, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაცემის წამყვანი თავად იყენებდა შეურაცხმყოფელ ლექსიკას და მეორე მხრივ, მან არ შეაჩერა სტუმრის მხრიდან შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენება. შესაბამისად, მაუწყებლის მიერ დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-2 პუნქტის და მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები.
4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები
32. გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის 2024 წლის 17 ოქტომბრის №გ-24-18/491 გადაწყვეტილებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-2 პუნქტის და მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო, შპს ,,სეზონი ტვ“-ის მიეცა წერილობითი გაფრთხილება და გაფრთხილების მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში მის მიერ ჩადენილია ახალი მსგავსი/ანალოგიური დარღვევა, შპს „სეზონი ტვ“-ის ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უნდა დაეკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა. ვინაიდან, შპს ,,სეზონი ტვ“-ის წლიური შემოსავალი შეადგენს 0 ლარს, კომპანიას უნდა დაეკისროს ჯარიმის მინიმალური ოდენობა - 2500 ლარი.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 96-ე და 98-ე მუხლების, VII თავის,„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირელი პუნქტისა და მე-3 პუნქტის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 561 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების, 562 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 71-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. შპს „სეზონი ტვ“-ის დაეკისროს ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-2 პუნქტის და მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო.
2. შპს „სეზონი ტვ“-იმ უზრუნველყოს:
ა) წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა ამ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900; ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი - 302003251;
ბ) ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა, გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „სეზონი ტვ“-ისთვის ჩაბარების დღიდან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი№64) შპს „სეზონი ტვ“- ისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „სეზონი ტვ“-ისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
6. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს შპს „სეზონი ტვ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა.
7. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი).
8. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი