წვდომის მენიუ

შპს „სეზონი ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-25-18 / 374

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 18, 2025 11:12

მიღების თარიღი ივლისი 10, 2025

შპს „სეზონი ტვ“-სთვის  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ავტორიზებული პირი: შპს „სეზონი ტვ“

სამართალდარღვევა: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 691 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებისა და მე-4 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის   2016 წლის   14 იანვრის   N1 დადგენილებით  დამტკიცებული  „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის დარღვევა.

წარმოების დაწყების საფუძველი:  კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 25-10-1263, 13.06.2025) თანდართული დოკუმენტაციით.

კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 10 ივლისი, 15:00 საათი.

I. აღწერილობითი ნაწილი

1.საქართველოს  კომუნიკაციების ეროვნული    კომისიის    (შემდგომში    „კომისია“)    აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების  დეპარტამენტის  მოხსენებითი  ბარათის   (N25-10-1263, 13.06.2025) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  36-ე  მუხლის  მე-14  პუნქტის  შესაბამისად,  კომისიაში  დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს „სეზონი ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის  განხილვის  თაობაზე,  მის  მიერ  მაუწყებლობის  სფეროში  მოქმედი კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის გამო.

2.მოხსენებითი  ბარათიდან  და  მასზე  დართული  დოკუმენტაციიდან  ირკვევა,  რომ  კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის პერიოდული მონიტორინგისას განხორციელდა  შპს  „სეზონი ტვ”-ის  მონიტორინგი  მაუწყებლის  ეთერში განთავსებული სარეკლამო  კომუნიკაციების კანონით  დადგენილ  მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით (რეკლამა, პროდუქტის    განთავსება,  სპონსორობა, ტელეშოპინგი).

3.კომისიის     წერილით    (Nგ-25-04/1239,  02/06/2025) გამოთხოვილ  იქნა  ინფორმაცია,  თუ  რა სტატუსით განთავსდა 2025 წლის 31 მაისს, 10:00 სთ-ზე, შპს „სეზონი ტვ”-ს ეთერში, გადაცემაში - „დღის  შეჯამება  ნიკოლოზ  მჟავანაძესთან  ერთად“,  კომპანია  „რანჩო  ვარიანში“  შესახებ სიუჟეტი, რომელიც  მიმდინარეობდა  „რანჩო  ვარიანიდან“.  კომერციული  კომუნიკაციის რომელი სახე იყო მასში გამოყენებული (რეკლამა, სპონსორობა, პროდუქტის განთავსება) და არსებობის შემთხვევაში კომპანიას ეთხოვა შესაბამისი ხელშეკრულების წარმოდგენა;

4.    კომისიის  წერილის  (N  გ-25-04/1239,  02/06/2025)  პასუხად,  შპს  „სეზონი  ტვ“-იმ  კომისიას წერილობით (კომისიაში რეგისტრაციის N შ-25-6/2417, 11.06.2025) აცნობა, რომ 2025 წლის 31 მაისს, 10:00 სთ-ზე, შპს „სეზონი ტვ”-ს ეთერში გასული სიუჟეტი რეკლამის სტატუსით (სარეკლამო მომსახურება) იყო განთავსებული. შპს „სეზონი ტვ“-იმ ამავე წერილით კომისიას წარუდგინა შპს „სეზონი ტვ“-სა და შპს „შპს ნამა 2024“-თან 2025 წლის 25 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება. ხელშეკრულების  პირველი მუხლის 1.2. პუნქტის 1.2.1 ქვეპუნქტის თანახმად, მომსახურების საგანია მომსახურების გაწევა და  მოიცავს სარეკლამო მომსახურებას.

5.  კომისიის  აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათიდან (N გ-25-04/1239, 02/06/2025) ირკვევა, რომ შპს „სეზონი ტვ“-ს სამაუწყებლო ბადეში განთავსებული სარეკლამო კომუნიკაციების (რეკლამა, პროდუქტის განთავსება, სპონსორობა, ტელეშოპინგი) კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა შემდეგი: 2025 წლის 31 მაისს 10:00 სთ. შპს “სეზონი ტვ”-ის ეთერში გავიდა გადაცემა - „დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად“. გადაცემა  იწყება  „რანჩო  ვარიანიში“  და  წამყვანის  მიერ  გამოყენებულია  შემდეგი  ფრაზები:

„დღეს ჩვენ უჩვეულო ადგილიდან ვიწყებთ გადაცემას და არა სტუდიიდან, ვიმყოფებით რანჩო ვარიანში, ეს არის ნამდვილი სამოთხე დედამიწაზე, ვისაც არ გინახავთ გისურვებთ, რომ მოხვიდეთ და ნახოთ ეს წალკოტი, სადაც დიდიან-პატარიანად იმ გარემოს ნახავთ, რომელსაც თქვენ ესწრაფით. აქ არის კოტეჯები, ცხენები, სათევზაო ტბები, აქ არის უნიკალური გარემო შექმნილი, სივრცეები რომლითაც თქვენ შეგიძლიათ ოჯახთან ერთად დაისვენოთ, დრო გაატაროთ და სწორედ აი ამ წალკოტში გადავწყვიტეთ ჩვენს სტუმრებთან ერთად გავაკეთოდ გადაცემა, რომელიც იქნება პოზიტიური დაცლილი ყოველგვარი ქვეტექსტებისგან. აქ არის მოწყობილი დიდი ზომის და პატარა ზომის ბასეინები და აქ შეგიძლიათ მოწყდეთ ქალაქის გარემოს და დაისვენოთ ბუნებაში. აქ არის შესანიშნავი კერძები, შესანიშნავი მზარეულები. გარდა იმისა, რომ აქ დრო გაატარო, აქვე ვარიანში შეგიძლიათ დაათვალიეროთ მუზეუმი, ყინწვისის მონასტერი და რა თქმა უნდა იოსებ სტალინის სახლმუზეუმი. ბევრი დასასვენებელი სივრცეა, არის ბილიარდი, ტენისის მაგიდები, პატარა ბავშვს შეუძლია ველოსიპედით ისეირნოს, ცხენებით იჯირითონ, ითევზაონ. ყველაფერია იმისთვის, რომ თითოეულმა ადამიანმა მიიღოს ის სულიერი სიმშვიდე, რომელსაც თითოეული თქვენგანი ესწრაფის აქ“.

6.  მოხსენებითი  ბარათის  თანახმად,  პროდუქტის  განთავსება  ისე  მოხდა,  რომ  მან  გავლენა მოახდინა პროგრამის შინაარსზე და პროდუქტს გადაჭარბებული მნიშვნელობა მიენიჭა, გარდა ამისა პროგრამაში მოხდა პროდუქტზე პოზიტიურ კონტექსტში მითითება. გაჟღერდა ინფორმაცია ხელმისაწვდომობის შესახებ, გაკეთდა სარეკლამო განცხადება, პოზიტიურ თვისებებსა და სარგებლობაზე გაკეთდა მითითებები. ასევე, სიუჟეტის წამყვანის მხრიდან პროდუქტის მიმართ იქნა გამოხატული დადებითი განწყობა/მოწონება.

7.  ზემოაღნიშნული  სიუჟეტის  განთავსებისას  არ  მოხდა  შესაბამისი  სარეკლამო  კომუნიკაციის შემცველი წარწერის ამონათება. შესაბამისად, არ მოხდა მაყურებლის ინფორმირება, იმის შესახებ, თუ რა სახის კომერციულ კომუნიკაციას ეცნობოდა იგი.

8.  კომისიის   აპარატის   მედიამომსახურებების   რეგულირების   დეპარტამენტის   მოხსენებითი ბარათიდან (N გ-25-04/1239, 02/06/2025) ასევე ირკვევა, რომ მთელი გადაცემის განმავლობაში ეკრანის ზედა   მარცხენა კუთხეში განთავსებულია “რანჩო ვარიანის” მაიდენტიფიცირებელი სიმბოლო, რაც წარმოადგენს სპონსორობის წესების დარღვევას, ვინაიდან სპონსორზე მითითება უნდა იყოს მოკლე.

9.  მოხსენებითი   ბარათის   თანახმად,   შპს   „სეზონი   ტვ”-ის   მიერ   აღნიშნული   სიუჟეტების მსვლელობისას დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტი, 691 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და მე-4 პუნქტით განსაზღვრული წესები  და საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  2016  წლის  14  იანვრის  N1 დადგენილებით  დამტკიცებული  „სპონსორზე  მითითების  სახელმძღვანელო რეკომენდაციების“  მე-5 მუხლის მე-8 პუნქტი.

10. შპს „სეზონი ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა დაინიშნა 2025 წლის 10 ივლისს, რის შესახებაც, კომპანიას გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება (Nგ-25-03/1634, 07/07/2025). კომისიის შეტყობინებით შპს „სეზონი ტვ“-ს ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.

11.  კომისიის 2025 წლის 10 ივლისის სხდომაზე გამოცხადდა შპს „სეზონი ტ“-ს წარმომადგენელი გ. ახლოური, რომელმაც განაცხადა, რომ შპს „სეზონი ტვ“-ს მიზანი არ ყოფილა რეგულაციების დარღვევა და მედია კონტექსტში დამალული კომერციული შეტყობინების გავრცელება, რაც ეწინააღმდეგება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. გ. ახლოურმა განმარტა, რომ აღნიშნულ შემთხვევაში, კონკრეტული სიუჟეტის განთავსება განხორციელდა რეკლამის სტატუსით. ამას ადასტურებს მაუწყებლის ოფიციალური წერილიც. მან დასძინა, რომ „დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად“, რომელიც „რანჩო ვარიანში“ იყო გადაღებული, გადაცემის ფორმატი არ იყო ფოკუსირებული კონკრეტული პროდუქტის ან ლოკაციის რეკლამირებაზე. გადაცემის ადგილი - „რანჩო ვარიანი“ აარჩია გადაცემის წამყვანმა დამოუკიდებლად, ჟურნალისტური და კრეატიული თავისუფლების ფარგლებში, როგორც გადაცემის გარემოს გასამრავალფეროვნებლად. გადაცემაში ადგილი ჰქონდა წამყვანის სუბიექტურ შეფასებებს, რაც არ იყო სარეკლამო ტექსტით ან სცენარით წინასწარ განსაზღვრული. აღნიშნული შეფასებები ასახავდა პირად შთაბეჭდილებებს, რაც არ წარმოადგენს პროდუქტის განთავსების კლასიკურ მაგალითს, მაუწყებლობის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნის თანახმად. გადაცემის ეთერში გასვლამდე შპს „სეზონი ტვ"-სა და „რანჩო ვარიანს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, თუმცა მისი მიზანი იყო მხოლოდ ლოკაციის ტექნიკური და ლოჯისტიკური უზრუნველყოფა. არ არსებობდა წინასწარ განსაზღვრული სარეკლამო გეგმა ან სარედაქციო შინაარსზე ზეგავლენის მცდელობა.

12. გ. ახლოურმა ასევე აღნიშნა, რომ ეკრანზე განთავსებული სიმბოლო „რანჩო ვარიანი", გამოყენებული იყო მხოლოდ რანჩოს იდენტიფიკაციის მიზნით და არ შეიცავდა სარეკლამო მოწოდებას. მომავალში მსგავსი სიმბოლოების გამოყენება მოხდება კანონთან და რეკომენდაციის სრული შესაბამისობით.

13.  შპს „სეზონი ტვ“-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გადაცემის შინაარსი მრავალფეროვანი იყო. გადაცემა „დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად", არ იყო სრულად მიძღვნილი კონკრეტული ლოკაციის - „რანჩო ვარიანის“ მიმართ. გადაცემაში მონაწილეობდნენ სტუმრები და განხილულ იქნა სხვადასხვა თემატიკა. შესაბამისად, შინაარსი არ იყო ცალსახად კომერციულ ფოკუსზე ორიენტირებული. წამყვანმა გადაცემა ჩაწერა „რანჩო ვარიანში“ საკუთარი ინიციატივით, რაც მაუწყებლის მხრიდან რედაქციულ თავისუფლებასთან თავსებად ქმედებად ითვლება. გადაცემაში გამოყენებული პოზიტიური შეფასებები არ იყო წინასწარ მომზადებული ტექსტის მიხედვით ან სარეკლამო მიზნებისთვის განზრახული.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

14.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

15.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ფუნქციებია მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;

16.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451  მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

17. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ძ1“ ქვეპუნქტის თანახმად, აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია – გამოსახულება, ხმით ან ხმის გარეშე, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისთვის და ემსახურება ფიზიკური პირისადმი ან იურიდიული პირისადმი, საქონლისადმი, მომსახურებისადმი, სამუშაოსადმი, იდეის და წამოწყებისადმი ინტერესის აღძვრასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას. ასეთი გამოსახულებები თან ახლავს ან/და ინტეგრირებულია პროგრამაში/მომხმარებლის გენერირებულ ვიდეორგოლში საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ. აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია არის აუდიოვიზუალური მედიამომსახურება და მოიცავს კომერციულ რეკლამას, ტელეშოპინგს, სპონსორობასა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებას (Product Placement). აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია მოიცავს აგრეთვე რადიომაუწყებლობის ეთერში განთავსებულ კომერციულ რეკლამას, ტელეშოპინგს, სპონსორობასა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებას (Product Placement);

18.  „მაუწყებლობის   შესახებ“  საქართველოს  კანონის   მე-2   მუხლის „ჰ17“ ქვეპუნქტის თანახმად, პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება (Product Placement) − საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ნებისმიერი ფორმით გავრცელება, რაც გამოიხატება პროგრამაში ან მომხმარებლის გენერირებულ ვიდეორგოლში ამ პროდუქტის ინტეგრირებით, პროდუქტზე მითითებით ან/და მომსახურებასა და სასაქონლო ნიშანზე მითითებით;

19. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ9“ ქვეპუნქტის თანახმად, სპონსორობა – ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების, მომხმარებლის გენერირებული ვიდეორგოლის, პროგრამის მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება იმ პირის მიერ, რომელიც ჩართული არ არის მედიამომსახურების, ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიწოდების ან შესაბამისი ნაწარმოებების შექმნის საქმიანობაში თავისი სახელის, სავაჭრო ნიშნის, იმიჯის, საქმიანობის განვითარების რეკლამირების მიზნით;

20. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისა კენ პირდაპირი მოწოდება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით.

21. „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  691   მუხლის  მე-3  პუნქტის  თანახმად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება ისე უნდა მოხდეს, რომ: ა) მან გავლენა არ მოახდინოს პროგრამის შინაარსსა და პროგრამების განრიგში განთავსებაზე − მაუწყებლობის შემთხვევაში ან კატალოგში განთავსებაზე − გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების შემთხვევაში, მათ შორის, მედიამომსახურების მიმწოდებლის სარედაქციო დამოუკიდებლობასა და პასუხისმგებლობაზე; ბ) იგი არ შეიცავდეს პროდუქტის შეძენისკენ პირდაპირ მოწოდებას; გ) მან პროდუქტს გადაჭარბებული მნიშვნელობა არ მიანიჭოს.

22. „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  691   მუხლის  მე-4  პუნქტის  თანახმად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება მკაფიოდ იდენტიფიცირებული უნდა იყოს. იმ პროგრამის დასაწყისში და დასასრულს, აგრეთვე ყოველი სარეკლამო ან სხვა სახის წყვეტის შემდეგ, რომელშიც ხდება პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება, ნათლად უნდა მიეთითოს ამის შესახებ. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება მაუწყებლის მიერ სამაუწყებლო ბადეში ან/და გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის მიერ მისი მომსახურების ფარგლებში განთავსებულ დამოუკიდებელ პროგრამაზე.

23. „სპონსორზე   მითითების   სახელმძღვანელო   რეკომენდაციების   დამტკიცების   შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული  „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო  რეკომენდაციების“  მე-5  მუხლის მე-8  პუნქტის    თანხმად,    პროგრამების    მიმდინარეობისას/პროგრამების    ანონსირებისას სპონსორზე მითითება უნდა იყოს მოკლე და შეიცავდეს ნეიტრალურ ვიზუალურ ან/და ვერბალურ განცხადებებს, რომელიც მიზნად ისახავს მხოლოდ სპონსორის იდენტიფიცირებას. ასეთ მითითებას შეიძლება თან ახლდეს მხოლოდ სპონსორის სახელის გრაფიკული გამოსახულება, ლოგო ან ნებისმიერი სხვა განმასხვავებელი სიმბოლო. გრაფიკული გამოსახულების შინაარსი არ უნდა შეიცავდეს სარეკლამო შეტყობინებებს და პირდაპირ მოწოდებას ან/და წაქეზებას საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ.

24.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული/გავრცელებული პროგრამის, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, რომლებიც მას საშუალებას აძლევს, უზრუნველყოს მის მიერ გავრცელებული პროგრამის, მომხმარებლის გენერირებული ვიდეორგოლისა და აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა.

25.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს  დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის  ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.

26.  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად „კომისიის მიერ გაგზავნილი ყოველგვარი შეტყობინება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება მატერიალური ან ელექტრონული რეგისტრირებული საფოსტო გზავნილის მეშვეობით. მატერიალური საფოსტო გზავნილი იგზავნება დამტარებლის ან საფოსტო მომსახურების განმახორციელებელი პირის მეშვეობით.“. ხოლო, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად „კორესპოდენციის ელექტრონული გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში, დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების, როგორც პირდაპირ, აქტიურად გამოხატული ქმედებით, ასევე, ავტომატური საშუალებით დადასტურების შემთხვევაშიც“.

III. სამოტივაციო ნაწილი

1. შესწავლილი მტკიცებულებები

27.  კომისიის   აპარატის   მედიამომსახურებების   რეგულირების   დეპარტამენტის   მოხსენებითი ბარათი (N25-10-1263, 13.06.2025);

28.  კომისიის წერილი (რეგისტრაციის ნომერი Nგ-25-04/1239, 02/06/2025);

29.  შპს „სეზონი ტვ“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის N შ-25-6/2417, 11.06.2025) თანდართული დოკუმენტაციით ( შპს „სეზონი ტვ“-სა და შპს „შპს ნამა 2024“-თან 2025 წლის 25 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება);

30. კომისიის შეტყობინება (Nგ-25-03/1634, 07/07/2025) შპს „სეზონი ტვ“-ს სხდომაზე მოწვევის თაობაზე და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

31. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „სეზონი ტვ“-ის   შესახებ მონაცემები;

32.  შპს „სეზონი ტვ“-ს წარმომადგენლის, გ. ახლოურის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2025 წლის 10 ივლისის სხდომაზე.

2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

33.  შპს „სეზონი ტვ“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირია.

მტკიცებულება: ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „სეზონი ტვ“-ს შესახებ.

34. კომისიის აპარატის  მედიამომსახურებების  რეგულირების  დეპარტამენტის პერიოდული მონიტორინგისას განხორციელდა „შპს სეზონნი ტვ“-ის მონიტორინგი მაუწყებლის ეთერში განთავსებული სარეკლამო კომუნიკაციების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით (რეკლამა, პროდუქტის განთავსება, სპონსორობა, ტელეშოპინგი). მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა შემდეგი:

ა) 2025 წლის 31 მაისს 10:00 სთ. შპს “სეზონი ტვ”-ის ეთერში გავიდა გადაცემა - „დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად“. გადაცემა იწყება „რანჩო ვარიანიში“ და წამყვანის მიერ გამოყენებულია შემდეგი ფრაზები: „დღეს ჩვენ უჩვეულო ადგილიდან ვიწყებთ გადაცემას და არა სტუდიიდან, ვიმყოფებით რანჩო ვარიანში, ეს არის ნამდვილი სამოთხე დედამიწაზე, ვისაც არ გინახავთ გისურვებთ, რომ მოხვიდეთ და ნახოთ ეს წალკოტი, სადაც დიდიან-პატარიანად იმ გარემოს ნახავთ, რომელსაც თქვენ ესწრაფით. აქ არის კოტეჯები, ცხენები, სათევზაო ტბები, აქ არის უნიკალური გარემო შექმნილი, სივრცეები რომლითაც თქვენ შეგიძლიათ ოჯახთან ერთად დაისვენოთ, დრო გაატაროთ და სწორედ აი ამ წალკოტში გადავწყვიტეთ ჩვენს სტუმრებთან ერთად გავაკეთოდ გადაცემა, რომელიც იქნება პოზიტიური დაცლილი ყოველგვარი ქვეტექსტებისგან. აქ არის მოწყობილი დიდი ზომის და პატარა ზომის ბასეინები და აქ შეგიძლიათ მოწყდეთ ქალაქის გარემოს და დაისვენოთ ბუნებაში. აქ არის შესანიშნავი კერძები, შესანიშნავი მზარეულები. გარდა იმისა, რომ აქ დრო გაატარო, აქვე ვარიანში შეგიძლიათ დაათვალიეროთ მუზეუმი, ყინწვისის მონასტერი და რა თქმა უნდა იოსებ სტალინის სახლმუზეუმი. ბევრი დასასვენებელი სივრცეა, არის ბილიარდი, ტენისის მაგიდები, პატარა ბავშვს შეუძლია ველოსიპედით ისეირნოს, ცხენებით იჯირითონ, ითევზაონ. ყველაფერია იმისთვის, რომ თითოეულმა ადამიანმა მიიღოს ის სულიერი სიმშვიდე, რომელსაც თითოეული თქვენგანი ესწრაფის აქ“.

ბ)ზემოაღნიშნული სიუჟეტის განთავსებისას არ მოხდა შესაბამისი სარეკლამო კომუნიკაციის შემცველი წარწერის ამონათება. შესაბამისად, არ მოხდა მაყურებლის ინფორმირება, იმის შესახებ, რა სახის კომერციულ კომუნიკაციას ეცნობა იგი.

გ) მთელი გადაცემის განმავლობაში ეკრანის ზედა  მარცხენა კუთხეში განთავსებულია “რანჩო ვარიანის” მაიდენტიფიცირებელი სიმბოლო, რაც წარმოადგენს სპონსორობის წესების დარღვევას, ვინაიდან სპონსორზე მითითება უნდა იყოს მოკლე.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N25-10-1263, 13.06.2025) თანდართული დოკუმენტაციით; განთავსებული სიუჟეტის ამსახველი ვიდეო მასალა: ბმული-  სეზონი ტვ - პროდუქტის განთავსება/სპონსორობა - რანჩო ვარიანში.

35.  შპს „სეზონი ტვ“-სგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, თუ რა სტატუსით იქნა განთავსებული 2025 წლის 31 მაისს, 10:00 საათზე, შპს “სეზონი ტვ”-ის ეთერში   (გადაცემა - „დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად“) კომპანია „რანჩო ვარიანში“ შესახებ სიუჟეტი, რომელიც მიმდინარეობდა „რანჩო ვარიანიდან“, კომერციული კომუნიკაციის რომელი სახე იყო მასში გამოყენებული (რეკლამა, სპონსორობა, პროდუქტის განთავსება) და არსებობის შემთხვევაში კომპანიას ეთხოვა შესაბამისი ხელშეკრულების წარმოდგენა. წერილის პასუხად შპს „სეზონი ტვ“-იმ კომისიას წარუდგინა შპს „სეზონი ტვ“-სა და შპს „შპს ნამა 2024“-თან 2025 წლის 25 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება. წარმოდგენილი ხელშეკრულების   პირველი მუხლის 1.2. პუნქტის 1.2.1 ქვეპუნქტის თანახმად, მომსახურების საგანია მომსახურების გაწევა და  მოიცავს სარეკლამო მომსახურებას.

მტკიცებულება: კომისიის წერილის (N გ-25-04/1239, 02/06/2025); შპს „სეზონი ტვ“ წერილი (კომისიაში  რეგისტრაციის  N  შ-25-6/2417,  11.06.2025)  თანდართული  დოკუმენტაციით (შპს „სეზონი ტვ“-სა და შპს „შპს ნამა 2024“-თან 2025 წლის 25 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება);

36.  შპს „სეზონი ტვ“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

მტკიცებულება: მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „სეზონი ტვ“-ის შესახებ.

3. სამართლებრივი შეფასება

37. კომერციული სიტყვის თავისუფლება და გამოხატვა, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით დაცული უფლებების სფეროს განეკუთვნება. კომერციული გამოხატვა, მოიცავს, ასევე კომერციულ, მათ შორის ტელევიზიის მეშვეობით გადაცემულ რეკლამას და განმარტავს, რომ კომერციული გამოხატვა, გამოხატვის სხვა ფორმებისგან განსხვავებით, ექვემდებარება კონტროლის განსხვავებულ სტანდარტებს. ხელისუფლების ორგანოები  სარგებლობენ   შეფასების ფართო ზღვრით მასზე შეზღუდვის დაწესების აუცილებლობასთან მიმართებაში. კომერციული რეკლამის შეზღუდვა დასაშვებია არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ან არასარწმუნო ან/და შეცდომაში შემყვანი რეკლამის თავიდან აცილების მიზნით, ხოლო განსაკუთრებულ გარემოებებში, შეიძლება აკრძალულ იქნას ობიექტური და სარწმუნო რეკლამისა და იმ სტატიების გამოქვეყნებაც კი, რომლებიც აღწერს უტყუარ ფაქტებს და ასახავს რეალურ მოვლენებს სხვათა პირადი ცხოვრების პატივისცემის ან გარკვეული კომერციული ინფორმაციის საიდუმლოების დაცვის მიზნით. აშშ უზენაესი სასამართლოს  პრაქტიკის თანახმად,  მცდარი  გამოხატვა  არასდროს  ყოფილა  დაცული  და ,,კომერციული სიტყვის რეგულირება უდავოდ დასაშვებია“. კომერციული სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია, თუ კომერციული გამოხატვა ეხება კანონით აკრძალულ საქმიანობას; ის არის მცდარი ან შეცდომაში შემყვანი; თუ სახელმწიფომ დაადასტურა კომერციული გამოხატვისა და შეზღუდვის არსებითი ინტერესი. აშშ-ის სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, კომერციული  სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია არამხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება არაკეთილსინდისიერი რეკლამის გავრცელებას, არამედ იმ შემთხვევაშიც,  როდესაც  საქმე  ეხება  კეთილსინდისიერი  რეკლამის  გავრცელებას (იხ.,,შპს ,,მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2021 წლის 17 ივნისის №21-18/360 და 4 თებერვლის №21-18/56 გადაწყვეტილებები; ,,შპს „სამაუწყებლო  კომპანია  რუსთავი 2“-  სთვის ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2015 წლის 31 დეკემბრის №826/18 და 2017 წლის 4 აპრილის №219/18 გადაწყვეტილებები; შპს,,მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხის განხილვის თაობაზე“ კომისიის 2023 წლის 4 მაისის №გ-23-18/204 გადაწყვეტილება).

38. „აუდიოვიზუალური მედიის მომსახურებების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წევრი სახელმწიფოების კანონებით, რეგულაციებით ან ადმინისტრაციული აქტებით გათვალისწინებული გარკვეული დებულებების კოორდინაციის შესახებ“ ევროპარლამენტისა და   საბჭოს   2010   წლის   10 მარტის   2010/13/EU   დირექტივასთან   დაახლოების მიზნით, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებებით, კანონმა დასაშვებად ცნო კომერციული  კომუნიკაციის ისეთი სახეობები, როგორც  არის:  პროგრამაში  პროდუქტის  (საქონლის/მომსახურების) განთავსება  (ე.წ. „Product Placement”), მაგრამ ამავე დროს გაითვალისწინა დირექტივით განსაზღვრული რიგი შეზღუდვები, რომელიც  საქართველოს  კანონმდებლობაში  პრაქტიკულად  იდენტურად იქნა გადმოტანილი დირექტივიდან.

39. პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა და სპონსორობის მარეგულირებელი წესების დაცვა ემსახურება: 1. მომხმარებელთა ინტერესების დაცვას, რაც გულისხმობს მაუწყებლის მიერ ისეთი პროგრამის განთავსებას, რომელშიც არ იქნება აღრეული სარეკლამო პროდუქცია  და მაუწყებლის სარედაქციო    დამოუკიდებლობის ფარგლებში შექმნილი პროდუქტი, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომხმარებლებზე ფარული კომერციული კომუნიკაციის ნეგატიური ზემოქმედება და მათი შეცდომაში შეყვანა; 2. სამაუწყებლო კომერციული კომუნიკაციის ბაზარზე სტაბილური მდგომარეობისა და ჯანსაღი კონკურენციის შენარჩუნებას (იხ. შპს  ,,მთავარი   არხისთვის“   ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2021 წლის 17 ივნისის №21-18/360 და 4 თებერვლის №21-18/56 გადაწყვეტილებები).

40.  ამდენად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება ისე უნდა მოხდეს, რომ ამის შესახებ სათანადოდ იყოს მაყურებელი ინფორმირებული, ასევე მან გავლენა არ მოახდინოს პროგრამის შინაარსზე, მათ შორის მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობასა და პასუხისმგებლობაზე; იგი არ შეიცავდეს პროდუქტის შეძენისკენ პირდაპირ მოწოდებას; მან პროდუქტს გადაჭარბებული მნიშვნელობა არ მიანიჭოს.

41. პროდუქტის შეძენისკენ მოწოდებად, პროდუქტებისთვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭებად და პროგრამის შინაარსზე და მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე გავლენის მომხდენად შესაძლოა მიჩნეულ იქნეს პროდუქტის განთავსების მიმდინარეობისას სპეციალურ შეთავაზებებზე, შეთავაზებების მოქმედების პერიოდზე, პროდუქციის ხელმისაწვდომობაზე, სავაჭრო ობიექტის მისამართზე, სამუშაო განრიგზე, მომსახურების სერვისზე და პროდუქტის პოზიტიურ თვისებებზე   გაკეთებული მითითებები, პროდუქტების მიმართ დადებითი განწყობის გამოხატვა და მოწონება, პროდუქციის მრავალჯერადი ჩვენება და ხსენება, გამოხატვის ფორმა და სიუჟეტისთვის დათმობილი დროის ხანგრძლივობა (იხ. ,,შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის  დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე“ კომისიის 2022 წლის 15 დეკემბრის №22-18/572 გადაწყვეტილება; შპს „ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2022 წლის 17 ნოემბრის №22-18/489 გადაწყვეტილება; შპს ,,მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის  დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2021 წლის   17   ივნისის  №21-18/360  და 4 თებერვლის  №21-18/56  გადაწყვეტილებები; ,,შპს „სამაუწყებლო კომპანია  რუსთავი  2“-სთვის  ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2019 წლის 27 ივნისის №19-18/382, 2018 წლის 8 თებერვლის №61/18 და 2017 წლის 4 აპრილის №219/18  გადაწყვეტილებები;  შპს  ,,მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხის განხილვის თაობაზე“ კომისიის 2023 წლის მაისის №გ-23-18/204 გადაწყვეტილება).

42.  კანონისმიერი ვალდებულებებისა და კომისიის უფლებამოსილებების თაობაზე მაუწყებელთა და   სხვა    დაინტერესებულ    პირთა    ინფორმირების    მიზნით,    პროგრამაში    პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების საკითხებთან დაკავშირებით, კომისიამ შეიმუშავა და ვებ-გვერდზე  გამოაქვეყნა   პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების (,,Product Placement“) სახელმძღვანელორეკომენდაციები. რეკომენდაციებში მითითებულია ის ფაქტორები, რომლებზედაც პროდუქტის განთავსებისას კომისია მეტწილად გაამახვილებს ყურადღებას და რომლებიც აღქმული იქნება როგორც სარეკლამო განზრახვის მატარებელი. მათ შორის, როდესაც ხდება პროდუქტის, საქონლის/მომსახურების პოზიტიურ თვისებებზე ან სარგებლობაზე მითითებები (პირდაპირი ან არაპირდაპირი), პროდუქტის მიმართ დადებითი განწყობის გამოხატვა/მოწონება (პირდაპირი ან არაპირდაპირი), შეძენის წაქეზება (პირდაპირ ან არაპირდაპირი), სარეკლამო განცხადებები, ხელმისაწვდომობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. (იხ.    კომისიის   2022    წლის    15    დეკემბრის  №22-18/572 გადაწყვეტილება ,,შპს„ტელეკომპანია პირველისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე“).

43.  სპონსორზე მითითება არ უნდა შეიცავდეს სარეკლამო შეტყობინებას, ამასთან, სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ან/და წაქეზება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით, მათ შორის, საქონლის/მომსახურების დეტალური აღწერა როგორც ვერბალური, ასევე ვიზუალური ფორმით (იხ. ,,შპს „სამაუწყებლო  კომპანია   რუსთავი 2“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2019 წლის 27 ივნისის №19-18/382 და 2017 წლის 4 აპრილის №219/18 გადაწყვეტილებები. შპს ,,მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხის განხილვის თაობაზე“ კომისიის 2023 წლის 4 მაისის №გ-23-18/204 გადაწყვეტილება).

44. საქართველოს  უზენაესი სასამართლოს განმარტებით, ,,სიუჟეტებში  კონკრეტულ ფასდაკლებებზე, სამუშაო  განრიგზე  მითითება, პროდუქციის  დადებით მახასიათებლებზე განსაკუთრებული  აქცენტის  გაკეთება,  გამოყენებული გამონათქვამების შინაარსი, კონკრეტული საშუალებების თვისებების დემონსტრირება, სერვისებსა და სიახლეებზე აქცენტირება, ასევე სიუჟეტებისთვის დათმობილი დროის ხანგრძლივობა მიუთითებს პროდუქტის განთავსების წესების  დარღვევაზე, რამეთუ  პროდუქტებს მიენიჭებათ გადაჭარბებული მნიშვნელობა, სიუჟეტები შეიცავენ პროდუქტების, შეძენისაკენ მოწოდებებს და გავლენას ახდენენ პროგრამის შინაარსზე“, ხოლო ,,სპონსორზე მითითებისას დაუშვებელია სპეციალურ მახასიათებლებზე, ნიშანთვისებებზე და უპირატესობებზე მითითება“. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 12 მაისის განჩინება საქმეზე ბს-971 (კ-19).

45.  შპს „სეზონი ტვ“, როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის თანახმად, პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება (Product Placement) არის საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ნებისმიერი ფორმით გავრცელება. ხოლო, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება მკაფიოდ იდენტიფიცირებული უნდა იყოს. იმ პროგრამის დასაწყისში და დასასრულს, აგრეთვე ყოველი სარეკლამო ან სხვა სახის წყვეტის შემდეგ, რომელშიც ხდება პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება, ნათლად უნდა მიეთითოს ამის შესახებ. ამასთან, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება ისე უნდა მოხდეს, რომ: ა) მან გავლენა არ მოახდინოს პროგრამის შინაარსსა და პროგრამების განრიგში განთავსებაზე − მაუწყებლობის შემთხვევაში ან კატალოგში განთავსებაზე − გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების შემთხვევაში, მათ შორის, მედიამომსახურების მიმწოდებლის სარედაქციო დამოუკიდებლობასა და პასუხისმგებლობაზე; ბ) იგი არ შეიცავდეს პროდუქტის შეძენისკენ პირდაპირ მოწოდებას; გ) მან პროდუქტს გადაჭარბებული მნიშვნელობა არ მიანიჭოს.

46. მაუწყებელმა  ასევე,  უნდა  გაითვალისწინოს სპონსორობასთან   დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვები, როგორიცაა საქონელზე/მომსახურებაზე სპეციალური მითითებით საქონლის/მომსახურების  შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდების, მათ  შორის, ვერბალური  ან/და  ვიზუალური ფორმით საქონლის/მომსახურების აღწერის დაუშვებლობა, ასევე, სპონსორზე სარეკლამო შეტყობინებების შემცველი მითითებების აკრძალვა.

47.  პროგრამების მიმდინარეობისას/პროგრამების ანონსირებისას სპონსორზე მითითება უნდა იყოს მოკლე და შეიცავდეს ნეიტრალურ ვიზუალურ ან/და ვერბალურ განცხადებებს, რომელიც მიზნად ისახავს მხოლოდ სპონსორის იდენტიფიცირებას. ასეთ მითითებას შეიძლება თან ახლდეს მხოლოდ სპონსორის სახელის გრაფიკული გამოსახულება, ლოგო ან ნებისმიერი სხვა განმასხვავებელი სიმბოლო. გრაფიკული გამოსახულების შინაარსი არ უნდა შეიცავდეს სარეკლამო შეტყობინებებს და პირდაპირ მოწოდებას ან/და წაქეზებას საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ. პროგრამაში სპონსორის შესახებ მითითება მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს პროგრამებისგან დროითი ან სივრცითი (ვიზუალური) ხერხის გამოყენებით.

48.  კომისიის მიერ დადგინდა, რომ 2025 წლის 31 მაისს, 10:00 საათზე,  შპს „სეზონი ტვ“-სა და შპს „შპს ნამა 2024“-თან 2025 წლის 25 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, საფასურის სანაცვლოდ, შპს “სეზონი ტვ”-ის ეთერში  გადაცემაში - „დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად“, გავიდა  „რანჩო ვარიანის“ შესახებ სიუჟეტი - განხორციელდა პროდუქტის განთავსება, რომელიც მიმდინარეობდა „რანჩო ვარიანიდან“, ამრიგად, მაუწყებელი ვალდებული იყო დაეცვა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები პროგრამაში პროდუქტის განთავსებასთან დაკავშირებით.

49.  მაუწყებელს არ მოუხდენია  პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების მკაფიოდ იდენტიფიცირება. აღნიშნული პროგრამის დასაწყისში, დასასრულს, აგრეთვე მისი სარეკლამო ან სხვა სახის წყვეტის შემდეგ, არ ყოფილა მითითებული ამის შესახებ. შესაბამისად, მაუწყებლის მიერ დაირღვა  „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 691 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნა.

50. ამასთან, განთავსებულ სიუჟეტში,   პროდუქტის განთავსება ისე მოხდა, რომ მან გავლენა მოახდინა პროგრამის შინაარსზე, კერძოდ, პროგრამის შინაარსი სრულად იყო მორგებული საფასურის სანაცვლოდ განთავსებულ პროდუქტზე, სიუჟეტის წამყვანი ერთვება „რანჩო ვარიანიდან“. ამასთან, პროგრამაში განთავსებულ პროდუქტს გადაჭარბებული მნიშვნელობა მიენიჭა. კერძოდ, სიუჟეტის წამყვანის მიერ გამოყენებულია შემდეგი ფრაზები: „.. ვიმყოფებით რანჩო ვარიანში, ეს არის ნამდვილი სამოთხე დედამიწაზე, ვისაც არ გინახავთ გისურვებთ, რომ მოხვიდეთ და ნახოთ ეს წალკოტი, სადაც დიდიან-პატარიანად იმ გარემოს ნახავთ, რომელსაც თქვენ ესწრაფით.“; „... აქ არის კოტეჯები, ცხენები, სათევზაო ტბები, აქ არის უნიკალური გარემო შექმნილი, სივრცეები რომლითაც თქვენ შეგიძლიათ ოჯახთან ერთად დაისვენოთ, დრო გაატაროთ...“; „... აქ არის მოწყობილი დიდი ზომის და პატარა ზომის ბასეინები და აქ შეგიძლიათ მოწყდეთ ქალაქის გარემოს და დაისვენოთ ბუნებაში. აქ არის შესანიშნავი კერძები, შესანიშნავი მზარეულები…“; „ბევრი დასასვენებელი სივრცეა, არის ბილიარდი, ტენისის მაგიდები, პატარა ბავშვს შეუძლია ველოსიპედით ისეირნოს, ცხენებით იჯირითონ, ითევზაონ…“. შესაბამისად, დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 691 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა.

51.  ასევე, კომისიის მიერ დადგინდა, რომ მთელი გადაცემის განმავლობაში ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში განთავსებულია „რანჩო ვარიანის“ მაიდენტიფიცირებელი სიმბოლო, რაც წარმოადგენს სპონსორობის წესების დარღვევას, ვინაიდან სპონსორზე მითითება უნდა იყოს მოკლე. პროგრამების მიმდინარეობისას/პროგრამების ანონსირებისას სპონსორზე მითითება უნდა იყოს მოკლე და შეიცავდეს ნეიტრალურ ვიზუალურ ან/და ვერბალურ განცხადებებს, რომელიც მიზნად ისახავს მხოლოდ სპონსორის იდენტიფიცირებას. ამდენად, დარღვეულია კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნა.

52.  ყოველივე  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სეზონი ტვ“-ს მიერ დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები და მე-4 პუნქტი, 67-ე მუხლის მე-3 პუნქტი და კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო  რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-8 პუნქტი, რაც მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.

4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

53. აღსანიშნავია,  რომ  შპს  „სეზონი  ტვ“-ის  მიმართ  ბოლო  ერთი  წლის  განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა. შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამავე კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის და 691  მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებისა და მე-4 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის დარღვევისათვის შპს „სეზონი ტვ“-ს უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ძ1“ და „ჰ17“ ქვეპუნქტების, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 67-ე მუხლის მე-3 პუნქტი, 691 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.    შპს  „სეზონი  ტვ“-ის მიეცეს  წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის  შესახებ“ საქართველოს კანონის, 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 691 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებისა და მე-4 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით  დამტკიცებული  „სპონსორზე  მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის  მე-8 პუნქტის  დარღვევის გამო;

2. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე   (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;

3.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს „სეზონი ტვ“-სთვის გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

4. დაევალოს  კომისიის  აპარატის  ადმინისტრაციას  (ბ. გასვიანი)  გადაწყვეტილების  ან  მისი დამოწმებული ასლის შპს „სეზონი ტვ“-სთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (თ.გოშუა) შპს „სეზონი ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

6.  კონტროლი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-4 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი);

7.    კონტროლი   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   (გარდა   გადაწყვეტილების   სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).

ვახტანგ  აბაშიძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები