შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 21, 2025 12:29
მიღების თარიღი ივლისი 17, 2025
შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
ავტორიზებული პირი: შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგი“
სამართალდარღვევა: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევა.
წარმოების დაწყების საფუძველი: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 25-10-1485, 09.07.2025).
კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 17 ივლისი, 15:00 საათი.
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N25-10-1485,09.07.2025) საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღევის გამო.
2. აღნიშნული მოხსენებითი ბარათის თანახმად, კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი ზედამხედველობას უწევს მაუწყებლების მიერ ყოველწლიური ანგარიშების წარმოდგენის პროცესს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რომლის თანახმად, ავტორიზებული პირები/ლიცენზიის მფლობელები ვალდებულნი არიან ყოველი წლის 1 მაისამდე კომისიაში წარმოადგინონ და საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსონ გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის/სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.
3. კომისიამ 2025 წლის 2 აპრილის №გ-25-04/716 წერილით ყველა ავტორიზებულ პირს შეახსენა აღნიშნული ვალდებულების თაობაზე. რადგანაც, შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგმა“ აღნიშნული ანგარიშით გათვალისწინებული არცერთი ინფორმაცია/დოკუმენტაცია კანონით დადგენილ ვადაში კომისიაში არ წარმოადგინა, მაუწყებელს 2025 წლის 17 ივნისს გაეგზავნა № გ-25-04/1432 წერილი და ეთხოვა 3 სამუშაო დღის ვადაში ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა.
4. რადგანაც წერილის მიღებიდან 3 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ, შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგს“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი, მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ კომპანიის მხრიდან ადგილი აქვს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობას.
5. შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა დაინიშნა 2025 წლის 17 ივლისს, რის შესახებაც, კომპანიას გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება (Nგ-25-03/1684, 14/07/2025). ავტორიზებულ პირს ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98– ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.
6. კომისიის 2025 წლის 17 ივლისის სხდომას არ ესწრებოდა შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგის“ წარმომადგენელი. ვინაიდან, კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით მისთვის დაკისრებული ვალდებულება - დაინტერესებული პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უზრუნველყოფის თაობაზე, კომისიამ საკითხი განიხილა შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგის“ წარმომადგენლის დასწრების გარეშე.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
8. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ფუნქციებია მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;
9. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
10. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ყოველი წლის 1 მაისამდე კომისიას წარუდგინოს და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის/სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. მაუწყებელმა ანგარიშს უნდა დაურთოს აუდიტის დასკვნა;
11. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.
12. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2 500 ლარისა;
13. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 1%-ისა, მაგრამ არანაკლებ 5 000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შესაჩერებლად/ავტორიზაციის შესაჩერებლად.
14. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად „კომისიის მიერ გაგზავნილი ყოველგვარი შეტყობინება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება მატერიალური ან ელექტრონული რეგისტრირებული საფოსტო გზავნილის მეშვეობით. მატერიალური საფოსტო გზავნილი იგზავნება დამტარებლის ან საფოსტო მომსახურების განმახორციელებელი პირის მეშვეობით.“. ხოლო, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად „კორესპოდენციის ელექტრონული გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში, დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების, როგორც პირდაპირ, აქტიურად გამოხატული ქმედებით, ასევე, ავტომატური საშუალებით დადასტურების შემთხვევაშიც“.
III. სამოტივაციო ნაწილი
1. შესწავლილი მტკიცებულებები
15. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 25-10-1485, 09.07.2025);
16. კომისიის 2025 წლის 2 აპრილის წერილი (№გ-25-04/716,02.04.2025) ავტორიზებულ და ლიცენზირებულ პირებს;
17. კომისიის 2025 წლის 17 ივნისის წერილი (№გ-25-04/1432,17.06.2025) გაგზავნილი შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგთან“ და აღნიშნული წერილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია);
18. კომისიის შეტყობინება (Nგ-25-03/1684,14/07/2025) სხდომაზე მოწვევის თაობაზე და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
19. კომისიის იურიდიული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 25-10-1524,14.07.2025);
20. კომისიის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N 25-10-1553,17.07.2025);
21. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგის “ შესახებ მონაცემები;
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
22. შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგი“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირია. მტკიცებულება: ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგის“ შესახებ.
23. შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგს“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება არ შეუსრულებია. კერძოდ, გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ, ასევე, აუდიტის დასკვნა კომპანიას უნდა წარმოედგინა 2025 წლის პირველ მაისამდე. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგს“ არც წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების დღისათვის არ წარმოუდგენია.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 24-10-1333, 18.07.2024) თანდართული დოკუმენტაციით;
24. შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგს“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი/ერთგვაროვანი დარღვევისათვის დაკისრებული აქვს წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა, კერძოდ:
ა) „შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2024 წლის 25 ივლისის N გ-24-18/328 გადაწყვეტილებით შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგს“ მიეცა წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო (არ ქონდა წარმოდგენილი 2023 წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. მაუწყებელმა ანგარიშს უნდა დაურთოს აუდიტის დასკვნა);
ბ) „შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2024 წლის 28 ნოემბრის N გ-24-18/551 გადაწყვეტილებით შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგს“ დაეკისრა ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2024 წლის 25 ივლისის Nგ-24-18/328 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო (არ წარმოუდგენია აუდიტის დასკვნა და ანგარიში).
მტკიცებულება: კომისიის 2024 წლის 25 ივლისის N გ-24-18/328 გადაწყვეტილება; კომისიის 2024 წლის 28 ნოემბრის N გ-24-18/551 გადაწყვეტილება.
25. შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგის“ წლიური შემოსავლის 1% არ აღემატება 5000 ლარს.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N25-101553,17.07.2025).
3. სამართლებრივი შეფასება
26. შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგი“, როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები. „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით ყოველი წლის 1 მაისამდე ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის/სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. მაუწყებელმა ანგარიშს უნდა დაურთოს აუდიტის დასკვნა.
27. კომისიის მიერ დადგინდა, რომ შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგსს“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი. შესაბამისად, სახეზეა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევა.
28. ამდენად, შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგის“ მიერ გასული წლის - 2024 წლის ანგარიშის საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ, ასევე აუდიტის დასკვნის 1 მაისამდე წარმოუდგენლობით, დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და 70-ე მუხლის მე-4 პუნქტი, რაც მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.
4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები
29. აღსანიშნავია, რომ შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახედ მსგავსი/ერთგვაროვანი დარღვევისათვის გამოყენებული იყო წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა. კომპანიამ დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ერთგვაროვანი დარღვევა - შპს “ტელეკომპანია მედია მონიტორინგს” არ აქვს წარმოდგენილი 2024 წლის ანგარიში და აუდიტის დასკვნა. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომისია ვალდებულია მედია მომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებს დააკისროს ჯარიმა, თუ მათ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრეს გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულეს კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მათ აღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინეს ახალი დარღვევა, ხოლო ამავე კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 1%-ისა, მაგრამ არანაკლებ 5 000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შესაჩერებლად/ავტორიზაციის შესაჩერებლად.
30.ვინაიდან, შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი/ერთგვაროვანი დარღვევისათვის დაკისრებული ჰქონდა წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამავე კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევისათვის შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგს“ უნდა დაეკისროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, ვინაიდან შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგის“ წლიური შემოსავლის 1% არ აღემატება 5000 ლარს.
31.ამასთან, დარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგსს“ უნდა დაევალოს კომისიაში წარმოადგინოს გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. მაუწყებელმა ანგარიშს უნდა დაურთოს აუდიტის დასკვნა.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 71- ე მუხლის მე-3 პუნქტის და 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგს“ დაეკისროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო;
2.შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგს“ დაევალოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიას წარუდგინოს გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ, ასევე აუდიტის დასკვნა გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;
3.შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგმა“ უზრუნველყოს:
ა) წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა ამ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900; ბანკი- სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი - 302003251;
ბ) ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა, გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;
4.გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ.გასვიანი) გადაწყვეტილების შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,
№64) შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
7.დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
8. კონტროლი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი);
9. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი (გარდა გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის მე-3, მე-5, მე-6 და მე-7, პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი