შპს „სფერო ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 29, 2025 13:33
მიღების თარიღი ივლისი 24, 2025
შპს „სფერო ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
ავტორიზებული პირი: შპს „სფერო ტვ“
სამართალდარღვევა: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევა.
წარმოების დაწყების საფუძველი: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 25-10-1487, 09.07.2025).
კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 24 ივლისი, 15:00 საათი.
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში - კომისია) აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N25-10-1487, 09.07.2025) საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „სფერო ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღევის გამო.
2. მოხსენებით ბარათში მითითებულია, რომ კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი ზედამხედველობას უწევს მაუწყებლების მიერ ყოველწლიური ანგარიშების წარმოდგენის პროცესს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესრულების მონიტორინგის მიზნით, რომლის თანახმად, ავტორიზებული პირები/ლიცენზიის მფლობელები ვალდებულნი არიან ყოველი წლის 1 მაისამდე კომისიაში წარმოადგინონ და საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსონ გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის/სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.
3. კომისიამ 2025 წლის 2 აპრილის №გ-25-04/716 წერილით ყველა ავტორიზებულ პირს შეახსენა აღნიშნული ვალდებულების თაობაზე. რადგანაც, შპს „სფერო ტვ“-იმ (ს/კ. 402210843) აღნიშნული ანგარიშით გათვალისწინებული არცერთი ინფორმაცია/დოკუმენტაცია კანონით დადგენილ ვადაში კომისიაში არ წარმოადგინა, მაუწყებელს 2025 წლის 17 ივნისს გაეგზავნა №გ-25-04/1434 წერილი და ეთხოვა 3 სამუშაო დღის ვადაში ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა.
4. რადგანაც წერილის მიღებიდან 3 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ, შპს „სფერო ტვ“-ის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი, მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ კომპანიის მხრიდან ადგილი აქვს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობას.
5. შპს „სფერო ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა დაინიშნა 2025 წლის 24 ივლისს, რის შესახებაც, კომპანიას გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება (N გ-25-03/1745; 21/07/2025). ავტორიზებულ პირს ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.
6. 2025 წლის 24 ივლისს შპს „სფერო ტვ“-ის წარმომადგენელმა, ს. პეტრიაშვილმა კომისიაში წარმოადგინა კომპანიის წერილობითი პოზიცია (Nშ-25-6/3028; 24.07.2025) (შესაბამის მტკიცებულებებთან ერთად) და განმარტა, რომ აუდიტის დასკვნის წარმოუდგენლობა განპირობებული იყო „თიბისი ბანკში“ შექნილი პრობლემებით. კერძოდ, ბანკის მიერ დახურულია შპს „სფერო ტვ“-ის ანგარიშები, უარს ეუბნებიან მომსახურების გაწევაზე და ვერ ხერხდება საბანკო ამონაწერის ამოღება. ამასთან, მხარემ ითხოვა, რომ კომისიას მიეცა 1 თვის ვადა და არ მომხდარიყო შპს „სფერო ტვ“-ს ცნობა სამართალდამრღვევად.
7. კომისიის 2025 წლის 24 ივლისის სხდომას ესწრებოდა შპს „სფერო ტვ“-ის წარმომადგენელი - ს. პეტრიაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ მხარს უჭერს შპს „სფერო ტვ“-ის 2025 წლის 24 ივლისის წერილობით პოზიციას და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ აუდიტის დასკვნის წარმოუდგენლობა გამოწვეული იყო ბანკში შექმნილი პრობლემებით. კომისიას მიმართა, რომ მხედველობაში მიეღო ეს გარემოება, მიეცა ვადა მაუწყებლისთვის და არ ეცნო სამართალდამრღვევად.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
8. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,„მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები“;
9. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, „მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ფუნქციებია მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება“;
10. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა“;
11. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ყოველი წლის 1 მაისამდე კომისიას წარუდგინოს და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის/სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. მაუწყებელმა ანგარიშს უნდა დაურთოს აუდიტის დასკვნა“;
12. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,„მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს“.
13. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად „კომისიის მიერ გაგზავნილი ყოველგვარი შეტყობინება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება მატერიალური ან ელექტრონული რეგისტრირებული საფოსტო გზავნილის მეშვეობით. მატერიალური საფოსტო გზავნილი იგზავნება დამტარებლის ან საფოსტო მომსახურების განმახორციელებელი პირის მეშვეობით.“. ხოლო, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად „კორესპოდენციის ელექტრონული გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში, დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების, როგორც პირდაპირ, აქტიურად გამოხატული ქმედებით, ასევე, ავტომატური საშუალებით დადასტურების შემთხვევაშიც“.
III. სამოტივაციო ნაწილი
1. შესწავლილი მტკიცებულებები
14. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 25-10-1487, 09.07.2025);
15. კომისიის წერილი ( №გ-25-04/716, 02.04.2025) ავტორიზებულ და ლიცენზირებულ პირებს;
16. შპს „სფერო ტვ“-სთვის კომისიის მიერ გაგზავნილი 2025 წლის 17 ივნისის Nგ-25-04/1434 წერილი და მისი ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
17. კომისიის 2025 წლის 21 ივლისის N25-03/1745 შეტყობინება შპს სფერო ტვ“-ს სხდომაზე მოწვევის თაობაზე და მისი ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
18. შპს „სფერო ტვ“-ის წერილობითი პოზიცია (Nშ-25-6/3028; 24.07.2025)19. 2025 წლის 24 ივლისის სხდომაზე, შპს „სფერო ტვ-ს წარმომადგენლის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება;
20. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „სფერო ტვ“-ის შესახებ მონაცემები.
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
21. შპს „სფერო ტვ“ 2022 წლის 11 აგვისტოდან არის მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი (მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა).
მტკიცებულება: ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „სფერო ტვ“-ს შესახებ.
22. შპს „სფერო ტვ“-ს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება არ შეუსრულებია. კერძოდ, გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ, ასევე, აუდიტის დასკვნა კომპანიას უნდა წარმოედგინა 2025 წლის პირველ მაისამდე. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70- ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია შპს „სფერო ტვ“-ის არც წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების დღისათვის არ წარმოუდგენია.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 25-10-1487, 09.07.2025) - თანდართული დოკუმენტაციით;
23. შპს „სფერო ტვ“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.
მტკიცებულება: მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „სფერო ტვ“-ის შესახებ.
3. სამართლებრივი შეფასება
24. შპს „სფერო ტვ“, როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები. „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით ყოველი წლის 1 მაისამდე ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის/სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. მაუწყებელმა ანგარიშს უნდა დაურთოს აუდიტის დასკვნა.
25. როგორც მაუწყებლის წარმომადგენელმა განმარტა, აუდიტის დასკვნის წარმოუდგენლობა განპირობებული იყო ბანკში შექმნილი პრობლემებით. თუმცა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მაუწყებელს ეს ვალდებულება დაკისრებული აქვს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით. იმავე კანონით გათვალისწინებულია ვალდებულის შესრულების ვადა - არაუგვიანეს პირველი მაისი. ამასთან, კომისიის მიერ მოხდა მაუწყებლისთვის წერილობითი მიმართვის გაგზავნა, როგორც ვალდებულის შესრულების ვადის დადგომამდე, ასევე, პირველი მაისის შემდგომაც.
26. ამდენად, კომისიის შეფასებით, შპს „სფერო ტვ“-ს არ აქვს შესრულებული კანონისმიერი ვალდებულებები, არ აქვს კომისიაში წარმოდგენილი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული აუდიტის დასკვნა და, შესაბამისად, სახეზეა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევა.
27. ამდენად, შპს „სფერო ტვ“-ის მიერ გასული წლის ანგარიშის საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ, ასევე აუდიტის დასკვნის 1 მაისამდე წარმოუდგენლობით, დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტი, რაც მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.
4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები
28. აღსანიშნავია, რომ შპს „სფერო ტვ“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა. შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამავე კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევისათვის მაუწყებელს უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.
29. ამასთან, დარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „სფერო ტვ“-ს უნდა დაევალოს კომისიაში წარმოადგინოს გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. მაუწყებელმა ანგარიშს უნდა დაურთოს აუდიტის დასკვნა.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „სფერო ტვ“-ს მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო;
2. შპს „სფერო ტვ“-ს დაევალოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიას წარუდგინოს აუდიტის დასკვნა გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) გადაწყვეტილების შპს „სფერო ტვ“-სთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,№64) შპს „სფერო ტვ“-სთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (მ. აკოლაშვილი) შპს „სფერო ტვ“- სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა.
7. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ივანე მახარაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი