წვდომის მენიუ

შპს „ტელეკომპანია დიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-25-18 / 405

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 29, 2025 14:25

მიღების თარიღი ივლისი 24, 2025

შპს „ტელეკომპანია დიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ავტორიზებული პირი: შპს „ტელეკომპანია დია“

სამართალდარღვევა: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევა.

წარმოების დაწყების საფუძველი: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 25-10-1486, 09.07.2025).

კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 24 ივლისი, 15:00 საათი.

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში - კომისია) აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N25-10-1485,09.07.2025) საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეკომპანია დიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, მის მიერ   „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღევის გამო.

2. აღნიშნული მოხსენებითი ბარათის თანახმად, კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი ზედამხედველობას უწევს მაუწყებლების მიერ ყოველწლიური ანგარიშების წარმოდგენის პროცესს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რომლის თანახმად, ავტორიზებული პირები/ლიცენზიის მფლობელები ვალდებულნი არიან ყოველი წლის 1 მაისამდე კომისიაში წარმოადგინონ და საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსონ გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის/სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.

3. კომისიამ 2025 წლის 2 აპრილის №გ-25-04/716 წერილით ყველა ავტორიზებულ პირს შეახსენა აღნიშნული ვალდებულების თაობაზე. რადგანაც, შპს „ტელეკომპანია დიამ“ (ს/კ. 243861111) აღნიშნული ანგარიშით გათვალისწინებული არცერთი ინფორმაცია/დოკუმენტაცია კანონით დადგენილ ვადაში კომისიაში არ წარმოადგინა, მაუწყებელს 2025 წლის 17 ივნისს გაეგზავნა № გ-25-04/1433 წერილი და ეთხოვა 3 სამუშაო დღის ვადაში ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა.

4. რადგანაც წერილის მიღებიდან 3 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ, შპს „ტელეკომპანია დიას“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი, მედიამომსახურებების   რეგულირების   დეპარტამენტს   მიაჩნია,   რომ   კომპანიის   მხრიდან ადგილი აქვს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობას.

5. შპს „ტელეკომპანია დიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა დაინიშნა 2025 წლის 24 ივლისს, რის შესახებაც, კომპანი ას გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება (Nგ-25-03/1746; 21/07/2025). ავტორიზებულ პირს ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.

6. კომისიის 2025 წლის 24 ივლისის სხდომას ესწრებოდა შპს „ტელეკომპანია   დიას“ წარმომადგენელი, მ. ტატულაშვილი, რომელმაც განმარტა, რომ შესაძლოა კომპანიას შეეცვალოს მაუწყებლობის სახე, აღარ იყოს რეგიონული და სანამ კომპანიის მფლობელის მიერ მოხდება საკითხის გადაწყვეტა, თავად, როგორც დირექტორი, იღებს პასუხისმგებლობას მაუწყებლის საქმიანობაზე. ასევე, განმარტა, რომ კომპანიას აქვს ფინანსური პრობლემები (რაც მნიშვნელოვანია აუდიტის დასკვნის მოსამზადებლად), რთულია მაუწყებლის სრულფასოვნად ფუნქციონირებისთვის თანხების მოძიება. ამასთან, მ. ტატულაშვილმა კომისიას მიმართა თხოვნით, მხედველობაში იქნეს მიღებული ეს გარემობები და კომპანიას მიეცეს დამატებითი ერთი თვის ვადა.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,„მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები“;

8. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, „მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ფუნქციებია მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება“;

9. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა“;

10. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,  „ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ყოველი წლის 1 მაისამდე კომისიას წარუდგინოს და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის/სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. მაუწყებელმა ანგარიშს უნდა დაურთოს აუდიტის დასკვნა“;

11. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,„მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს“;

12. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2 500 ლარისა“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი „მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 1%-ისა, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შესაჩერებლად/ავტორიზაციის შესაჩერებლად“;

13. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად „კომისიის მიერ გაგზავნილი ყოველგვარი შეტყობინება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება მატერიალური ან ელექტრონული რეგისტრირებული საფოსტო გზავნილის მეშვეობით. მატერიალური საფოსტო გზავნილი იგზავნება დამტარებლის ან საფოსტო მომსახურების განმახორციელებელი პირის მეშვეობით.“. ხოლო, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად „კორესპოდენციის ელექტრონული გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში, დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების, როგორც პირდაპირ, აქტიურად გამოხატული ქმედებით, ასევე, ავტომატური საშუალებით დადასტურების შემთხვევაშიც“.

III. სამოტივაციო ნაწილი

1. შესწავლილი მტკიცებულებები

14. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 25-10-1486, 09.07.2025);

15. კომისიის წერილი ( №გ-25-04/716, 02.04.2025) ავტორიზებულ და ლიცენზირებულ პირებს;

16. შპს „ტელეკომპანია დიასთვის“ კომისიის მიერ გაგზავნილი 2025 წლის 17 ივნისის Nგ-25-04/1434 წერილი და მისი ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

17. კომისიის 2025 წლის 21 ივლისის N25-03/1746 შეტყობინება შპს „ტელეკომპანია დიას“ სხდომაზე მოწვევის თაობაზე   და მისი ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

18. კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N25-10-1604,23.07.2025);

19. კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N 25-10-1606, 23.07.2025);

20. კომისიის 2025 წლის 24 ივლისის სხდომაზე შპს „ტელეკომპანია დიას“ წარმომადგენლის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება;

21. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ტელეკომპანია დიას“ შესახებ მონაცემები;

2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

22. შპს „ტელეკომპანია დია“ არის როგორც ელექტრონული კომუნიკაციების, ასევე, მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი. მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაცია გავლილი აქვს 2015 წლის 14 ივლისს (მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა). 

მტკიცებულება: ამონაწერი  კომისიის  უწყებრივი  რეესტრიდან   შპს  „ტელეკომპანია  დიას“ შესახებ.

23. შპს „ტელეკომპანია დიას“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება არ შეუსრულებია. კერძოდ, გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ, ასევე, აუდიტის დასკვნა კომპანიას უნდა წარმოედგინა 2025 წლის პირველ მაისამდე. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70- ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია შპს „ტელეკომპანია დიას“ არც წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების დღისათვის არ წარმოუდგენია.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 25-10-1486, 09.07.2025).

24. შპს „ტელეკომპანია დიას“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი/ერთგვაროვანი დარღვევისათვის დაკისრებული აქვს წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა, კერძოდ:

ა) „შპს „ტელეკომპანია დიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2024 წლის 25 ივლისის Nგ-24-18/327 გადაწყვეტილებით შპს „ტელეკომპანია დიას“ მიეცა წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო (არ ქონდა წარმოდგენილი 2023 წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. მაუწყებელმა ანგარიშს უნდა დაურთოს აუდიტის დასკვნა);

ბ) „შპს „ტელეკომპანია დიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2024 წლის 28 ნოემბრის N გ-24-18/555 გადაწყვეტილებით მაუწყებელს დაეკისრა ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 451  მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „შპს „ტელეკომპანია დიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2024 წლის 25 ივლისის Nგ-24-18/327 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო (დაევალა აუდიტის დასკვნის და ანგარიშის წარმოდგენა გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში - რაც არ იყო შესრულებული მის მიერ).

მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ოფიციალური ვებ-გვერდიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

25. შპს „ტელეკომპანია დიას“ წლიური შემოსავლის 1% არ აღემატება 5000 ლარს.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N25-10-1606; 23.07.2025).

3. სამართლებრივი შეფასება

26. შპს „ტელეკომპანია დია“, როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები. „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით ყოველი წლის 1 მაისამდე ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის/სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. მაუწყებელმა ანგარიშს უნდა დაურთოს აუდიტის დასკვნა.

27. როგორც მაუწყებლის წარმომადგენელმა განმარტა, დოკუმენტაციის/ინფორმაციის (მათ შორის აუდიტის დასკვნის) წარმოუდგენლობა განპირობებული იყო მაუწყებელში შექმნილი ორგანიზაციული და ფინანსური პრობლემებით,  თუმცა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მაუწყებელს ეს ვალდებულება დაკისრებული აქვს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით. იმავე კანონით გათვალისწინებულია ვალდებულის შესრულების ვადა - არაუგვიანეს პირველი მაისი. ამასთან, კომისიის მიერ მოხდა მაუწყებლისთვის წერილობითი მიმართვის გაგზავნა, როგორც ვალდებულის შესრულების ვადის დადგომამდე, ასევე, პირველი მაისის შემდგომაც.

28. ამდენად, კომისიის შეფასებით, შპს „ტელეკომპანია დიას“ მიერ არ აქვს შესრულებული კანონისმიერი ვალდებულებები, არ აქვს კომისიაში წარმოდგენილი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია/ინფორმაცია და, შესაბამისად, სახეზეა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევა.

29. ამდენად, შპს „ტელეკომპანია დიას“ მიერ გასული წლის  - 2024 წლის ანგარიშის საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ, ასევე აუდიტის დასკვნის 1 მაისამდე წარმოუდგენლობით, დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და 70-ე    მუხლის მე-4 პუნქტი, რაც მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.

4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

30. აღსანიშნავია, რომ შპს „ტელეკომპანია დიას“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახედ მსგავსი/ერთგვაროვანი დარღვევისათვის გამოყენებული იყო წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა. კომპანიამ დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ერთგვაროვანი დარღვევა - შპს “ტელეკომპანია დიას” არ აქვს წარმოდგენილი 2024 წლის ანგარიში და აუდიტის დასკვნა.

31. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომისია ვალდებულია მედია მომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებს დააკისროს ჯარიმა, თუ მათ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრეს გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულეს კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მათ აღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინეს ახალი დარღვევა, ხოლო ამავე კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,  მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 1%-ისა, მაგრამ არანაკლებ 5 000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შესაჩერებლად/ავტორიზაციის შესაჩერებლად.

32. ვინაიდან, შპს „ტელეკომპანია დიას“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი/ერთგვაროვანი დარღვევისათვის დაკისრებული ჰქონდა  წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამავე კანონის 451  მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევისათვის მაუწყებელს უნდა დაეკისროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, ვინაიდან შპს „ტელეკომპანია დიას“ წლიური შემოსავლის 1% არ აღემატება 5000 ლარს.

33. ამასთან, დარღვევის აღმოფხვრის მიზნით,    შპს „ტელეკომპანია დიას“ უნდა დაევალოს კომისიაში წარმოადგინოს გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. მაუწყებელმა ანგარიშს უნდა დაურთოს აუდიტის დასკვნა.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 71- ე  მუხლის  მე-3  პუნქტის  და  72-ე  მუხლის  მე-2  პუნქტის  საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „ტელეკომპანია დიას“ დაეკისროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო;

2. შპს  „ტელეკომპანია  დიას“  დაევალოს  „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიას წარუდგინოს გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ, ასევე აუდიტის დასკვნა გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;

3. შპს „ტელეკომპანია დიამ“ უზრუნველყოს:

ა) წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა ამ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900; ბანკი- სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი - 302003251;

ბ) ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა, გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) გადაწყვეტილების შპს „ტელეკომპანია დიასთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს „ტელეკომპანია დიასთვის“  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

7. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიუ დეპარტამენტს (მ.აკოლაშვილი) შპს „ტელეკომპანია დიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

8. კონტროლი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი);

9. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).

ვახტანგ  აბაშიძე                თავმჯდომარე  - მ.შ.

ივანე მახარაძე                   წევრი

ნათია კუკულაძე                წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები