შპს „პროსერვ.ჯი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ავტორიზებული
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 05, 2025 19:01
მიღების თარიღი ივლისი 31, 2025
შპს „პროსერვ.ჯი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ავტორიზებული პირი: შპს „პროსერვ.ჯი“
სამართალდარღვევა: „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევა
წარმოების დაწყების საფუძველი: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი (N25-10-1403;01.07.2025) და სამსახურებრივი (N 25-10-1633;28.07.2025) ბარათები თანდართული დოკუმენტაციით
კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 31 ივლისი
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში - კომისია) აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი (N25-10-1403;01.07.2025) და სამსახურებრივი (N25-10-1633;28.07.2025) ბარათების საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „პროსერვ.ჯი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის გამო.
2. მოხსენებითი ბარათიდან (N 25-10-1403; 01.07.2025) ირკვევა, რომ შპს „პროსერვ.ჯი“-ს კომისიაში კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ წარმოუდგენია 2025 წლის მარტის, აპრილისა და მაისის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1.9 ფორმა და 2025 წლის თებერვლის, მარტის, აპრილისა და მაისის თვეების 1.1 ფორმა (ფორმა შემოსავლის თაობაზე).
3. სამსახურებრივი ბარათიდან (N25-10-1633; 28.07.2025) ირკვევა, რომ შპს „პროსერვ.ჯი“-ს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ასევე, ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე, კომისიაში არ წარმოუდგენია 2025 წლის მარტის, აპრილის, მაისისა და ივნისის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1.9 ფორმა და 2025 წლის თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისისა და ივნისის თვეების 1.1 ფორმა (ფორმა შემოსავლის თაობაზე).
4. შპს „პროსერვ.ჯი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2025 წლის 31 ივლისს, 15:00 საათზე, რის შესახებაც შპს „პროსერვ.ჯი“-ს ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (Nგ-25-03/1812;28/07/2025) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. კომპანიას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.
5. კომისიის აპარატის ადმინისტრაციის განახლებული სამსახურებრივი ბარათიდან (N25-10-1660;30.07.2025) ირკვევა, რომ შპს „პროსერვ.ჯი“-მ კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდეგ, გადაწყვეტილების მიღებამდე, კომისიაში წარმოადგინა 2025 წლის მარტის, აპრილის, მაისისა და ივნისის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1.9 ფორმა და 2025 წლის თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისისა და ივნისის თვეების სტატისტიკური 1.1 ფორმა (ფორმა შემოსავლის თაობაზე).
6. კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურებრივ ბარათში (N25-10-1665;30.07.2025) აღნიშნულია, რომ ვინაიდან შპს „პროსერვ.ჯი“-მ კომისიაში წარმოადგინა რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1.9 ფორმა (2025 წლის მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი), გამოირკვა, რომ კომპანიას კომისიის მიმართ ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება 431.96 ლარის ოდენობით. აღნიშნული სამსახურებრივი ბარათი ასევე გაეგზავნა შპს „პროსერვ.ჯი“-ს (Nგ-25-03/1827;31/07/2025).
7. კომისიის 2025 წლის 31 ივლისის სხდომას არ ესწრებოდა შპს „პროსერვ.ჯი“-ს წარმომადგენელი. ვინაიდან, კომპანიას შეტყობინება ჩაბარდა კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე, შპს „პროსერვ.ჯი“-ს მიერ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე კომისიაში არ შემოსულა, კომისიის მიერ დაცულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით მისთვის დაკისრებული ვალდებულება - დაინტერესებული პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უზრუნველყოფის თაობაზე. შესაბამისად, კომისიამ საკითხი განიხილა შპს „პროსერვ.ჯი“-ს წარმომადგენლის დასწრების გარეშე.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში − ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური და სალიცენზიო მოსაკრებელი.
10. ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობაა ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური.
11. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.
12. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, დამტკიცდა ელექტრონული საკომუნიკაციო და სამაუწყებლო დარგების სტატისტიკური ანგარიშგების თანდართული ფორმები (დანართი N1). ასევე, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ ყველა პირს და ასევე ყველა მაუწყებელს დაევალა ამ გადაწყვეტილების N1 დანართით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების ელექტრონულად შევსება და კომისიაში წარმოდგენა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.
13. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.
14. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
15. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ (დანართიN1) მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად „კომისიის მიერ გაგზავნილი ყოველგვარი შეტყობინება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება მატერიალური ან ელექტრონული რეგისტრირებული საფოსტო გზავნილის მეშვეობით. მატერიალური საფოსტო გზავნილი იგზავნება დამტარებლის ან საფოსტო მომსახურების განმახორციელებელი პირის მეშვეობით“, ხოლო ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად „კორესპოდენციის ელექტრონული გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების, როგორც პირდაპირ, აქტიურად გამოხატული ქმედებით, ასევე, ავტომატური საშუალებით დადასტურების შემთხვევაშიც“.
III. სამოტივაციო ნაწილი
1. შესწავლილი მტკიცებულებები
16. კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი ბარათი (N25-10-1403;01.07.2025) თანდართული დოკუმენტაციით;
17. კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N25-10-1633; 28.07.2025) თანდართული დოკუმენტაციით;
18. კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათები (N25-10-1660, 30.07.2025 და N 25-10-1665, 30.07.2025);
19. კომისიის შეტყობინება (Nგ-25-03/1812;28/07/2025) შპს „პროსერვ.ჯი“-ს 2025 წლის 31 ივლისის სხდომაზე მოწვევის თაობაზე და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
20. შპს „პროსერვ.ჯი“-სთვის დამატებითი ადმინისტრაციული წარმოების მასალის გაგზავნის შესახებ (N გ-25-03/1827; 31/07/2025) თანდართული დოკუმენტაციით და მისი ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
21. კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N25-10-1668;31.07.2025);
22. კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N 25-10-1674;31.07.2025) შპს „პროსერვ.ჯი“-ს წლიური შემოსავლის 0,5%-ის შესახებ;
23. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „პროსერვ.ჯი“-ს შესახებ მონაცემები.
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
24. შპს „პროსერვ.ჯი“ (ს/კ412706086) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირია. მტკიცებულება: მონაცემი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „პროსერვ.ჯი“-ს შესახებ.
25. შპს „პროსერვ.ჯი“-ს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ასევე, ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე, კომისიაში არ წარმოუდგენია 2025 წლის მარტის, აპრილის, მაისისა და ივნისის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1.9 ფორმა და 2025 წლის თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისისა და ივნისის თვეების 1.1 ფორმა (ფორმა შემოსავლის თაობაზე).
მტკიცებულება: კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი (N 25-10-1403; 01.07.2025) და სამსახურებრივი (N 25-10-1633; 28.07.2025) ბარათები თანდართული დოკუმენტაციით.
26. შპს „პროსერვ.ჯი“-მ კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდეგ, გადაწყვეტილების მიღებამდე, კომისიაში წარმოადგინა 2025 წლის მარტის, აპრილის, მაისისა და ივნისის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1.9 ფორმა და 2025 წლის თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისისა და ივნისის თვეების 1.1 ფორმა (ფორმა შემოსავლის თაობაზე).
მტკიცებულება: კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N25-10-1660;30.07.2025) თანდართული დოკუმენტაციით.
27. ვინაიდან შპს „პროსერვ.ჯი“-მ კომისიაში წარმოადგინა რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1.9 ფორმა (2025 წლის მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი), გამოირკვა, რომ კომპანიას კომისიის მიმართ ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება 431.96 ლარის ოდენობით. შპს „პროსერვ.ჯი“-ს გაეგზავნა ინფორმაცია წინამდებარე გარემოების შესახებ. გარდა ამისა, აღნიშნული რეგულირების საფასური კომპანიას გადაწყვეტილების მიღების დღისთვისაც არ გადაუხდია.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N25-10-1665;30.07.2025) თანდართული დოკუმენტაციით; შპს „პროსერვ.ჯი“-სთვის დამატებითი ადმინისტრაციული წარმოების მასალის გაგზავნის შესახებ (Nგ-25-03/1827;31/07/2025) თანდართული დოკუმენტაციით და აღნიშნული დოკუმენტის ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება.
28. შპს „პროსერვ.ჯი“-ს კომისიის 2024 წლის 30 მაისის N გ-24-18/235 გადაწყვეტილებით მიეცა წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტების, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევის გამო.
მტკიცებულება: კომისიის 2024 წლის 30 მაისის N გ-24-18/235 გადაწყვეტილება „შპს „პროსერვ.ჯი“- სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“.
29. შპს „პროსერვ.ჯი“-ს წლიური შემოსავლის 0.5 პროცენტი არ აღემატება 3 000 ლარს.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N25-10-1674;31.07.2025).
3. სამართლებრივი შეფასება
30. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით შპს „პროსერვ.ჯი“, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი, ვალდებული იყო ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის ფორმა 1.9-ის საშუალებით, კომისიისთვის წარმოედგინა ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩაერიცხა კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური. ასევე, შეევსო სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და ელექტრონულად კომისიაში წარმოედგინა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.
31. კომისიის მიერ დადგინდა, რომ შპს „პროსერვ.ჯი“-ს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ასევე, ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე კომისიისთვის არ წარმოუდგენია 2025 წლის მარტის, აპრილის, მაისისა და ივნისის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1.9 ფორმა და 2025 წლის თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისისა და ივნისის თვეების 1.1 ფორმა (ფორმა შემოსავლის თაობაზე).
32. შპს „პროსერვ.ჯი“-მ კანონმდებლობით დადგენილი ვადების დარღვევით, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდეგ, გადაწყვეტილების მიღებამდე კომისიაში წარმოადგინა 2025 წლის მარტის, აპრილის, მაისისა და ივნისის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1.9 ფორმა და 2025 წლის თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისისა და ივნისის თვეების 1.1 ფორმა (ფორმა შემოსავლის თაობაზე). ამდენად შპს „პროსერვ.ჯი“-ს მიერ, ზემოთ დასახელებული ფორმების კანონმდებლობით დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობით, დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილება და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილება.
33. ამასთან, რეგულირების საფასურის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადაუხდელობით შპს „პროსერვ.ჯი“-ს მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტები და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილებით განსაზღვრული პირობები.
4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები
34. შპს „პროსერვ.ჯი“-ს მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეგულირების საფასურის გაანგარიშებისა (1.9 ფორმა) და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების წარმოუდგენლობისთვის პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა. შესაბამისად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კომპანიის აღნიშნულ დარღვევას შეესატყვისება წერილობითი გაფრთხილება.
35. რაც შეეხება რეგულირების საფასურის გადაუხდელობისას, შპს „პროსერვ.ჯი“-ს ანალოგიური დარღვევისთვის (რეგულირების საფასურის გადაუხდელობა), კომისიის 2024 წლის 30 მაისის N გ-24-18/235 გადაწყვეტილებით „შპს „პროსერვ.ჯი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“, მიეცა წერილობითი გაფრთხილება. კომპანიამ წერილობითი გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ანალოგიური დარღვევა (არ გადაიხადა რეგულირების საფასური). შესაბამისად, აღნიშნულ დარღვევას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეესატყვისება ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა. ვინაიდან შპს „პროსერვ.ჯი“-ს წლიური შემოსავლის 0.5 პროცენტი არ აღემატება 3 000 ლარს, მას უნდა დაეკისროს ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით.
36. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 36-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ პირმა ჩაიდინა რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელთა საქმეებს ერთდროულად ერთი და იგივე ორგანო (თანამდებობის პირი) განიხილავს, მას ადმინისტრაციული სახდელი დაედება იმ სანქციის ფარგლებში, რომელიც დაწესებულია უფრო მძიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის. განსახილველ შემთხვევაში კომისიის მიერ ერთდროულად განიხილება შპს „პროსერვ.ჯი“-ს მიერ ჩადენილი ორი სამართალდარღვევა - რეგულირების საფასურის გაანგარიშების (1.9 ფორმა) და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების კანონმდებლობით დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობა და რეგულირების საფასურის გადაუხდელობა. ხსენებული რეგულირების საფასურისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმის წარმოუდგენლობისთვის კომპანიისთვის დასაკისრებელი პასუხისმგებლობის ზომაა - წერილობით გაფრთხილება, რეგულირების საფასურის გადაუხდელობისთვის - ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით.
37. შესაბამისად, შპს „პროსერვ.ჯი“-ს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევის გამო უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა იმ ფარგლებში, რომელიც დაწესებულია უფრო მძიმე დარღვევისათვის. შესაბამისად, შპს „პროსერვ.ჯი“-ს უნდა დაეკისროს ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით.
38. ამასთან, ვინაიდან შპს „პროსერვ.ჯი“-ს გადაწყვეტილების მიღების დღისთვისაც არ გადაუხდია 2025 წლის მარტის, აპრილის, მაისისა და ივნისის თვეების რეგულირების საფასურის დავალიანება 431.96 ლარის ოდენობით, კომპანიას უნდა დაევალოს 2025 წლის მარტის, აპრილის, მაისისა და ივნისისს თვეების რეგულირების საფასურის დავალიანების 431.96 ლარის კომისიის ანგარიშზე ჩარიცხვა ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე მუხლის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლებისა და VII თავის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 36-ე მუხლის, კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, მე-16 მუხლის მე-5 და მე-9 პუნქტების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად, გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს „პროსერვ.ჯი“-ს დაეკისროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევის გამო.
2. შპს „პროსერვ.ჯი“-ს დაევალოს 2025 წლის მარტის, აპრილის, მაისისა და ივნისის თვეების რეგულირების საფასურის დავალიანების 431.96 ლარის გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისიის ანგარიშზე ჩარიცხვა.
3. შპს „პროსერვ.ჯი“-მ უზრუნველყოს:
ა) წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა ამ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900; ბანკი- სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი - 302003251;
ბ) ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა, გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე.
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „პროსერვ.ჯი“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „პროსერვ.ჯი“-სთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
7. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს შპს „პროსერვ.ჯი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა.
8. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი