ა(ა)იპ „რადიო-ტვ ნორისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 01, 2025 12:58
მიღების თარიღი სექტემბერი 25, 2025
ა(ა)იპ „რადიო-ტვ ნორისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მაუწყებელი: ა(ა)იპ „რადიო-ტვ ნორ“
სამართალდარღვევა: საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა
წარმოების დაწყების საფუძველი: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N25-10-1977;12.09.2025)
კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 25 სექტემბერი, 15:00 საათი
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში-კომისია) აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N 25-10-1977; 12.09.2025) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ა(ა)იპ „რადიო-ტვ ნორისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მის მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ (შემდგომში - საარჩევნო კოდექსი) 50-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღევის გამო.
2. მოხსენებით ბარათში მითითებულია, რომ საარჩევნო კოდექსით დადგენილი წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფის წესების თანახმად, მაუწყებელი, რომელიც გეგმავს ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის ეთერში განთავსებას ვალდებულია აცნობოს კომისიას მის მიერ გამოყოფილი გრაფიკისა და ტარიფების შესახებ. კერძოდ, საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი ან ავტორიზებული მაუწყებლები ვალდებულნი არიან კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნების მიზნით კომისიას გადასცენ ინფორმაცია ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად საეთერო დროის ტარიფების შესახებ. კომისიისათვის აღნიშნული ინფორმაციის გაგზავნა უნდა მოხდეს კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-60 დღიდან 5 კალენდარული დღის ვადაში.
3. კომისიამ ა(ა)იპ „რადიო-ტვ ნორის“ მიერ დადგენილი ტარიფების შესახებ ინფორმაცია მიიღო კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევით, კერძოდ, 2025 წლის 25 აგვისტოს, მაშინ, როდესაც მისი წარმოდგენის ბოლო ვადა იყო 2025 წლის 10 აგვისტო (კენჭისყრამდე 55-ე დღე). საარჩევნო კოდექსის 931 მუხლის თანახმად, მაუწყებლის მიერ საეთერო დროის ტარიფების შესახებ მოთხოვნილი ინფორმაციის დადგენილ ვადებში კომისიისათვის მიუწოდებლობის შემთხვევაში მაუწყებელს ეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ფორმით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ ა(ა)იპ „რადიო-ტვ ნორმა“ დაარღვია კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულება.
4. ა(ა)იპ „რადიო-ტვ ნორისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2025 წლის 25 სექტემბერი, 15:00 საათი. აღნიშნულის თაობაზე ა(ა)იპ „რადიო-ტვ ნორს“ გაეგზავნა შეტყობინება (N გ-25-03/2263;22/09/2025) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. კომპანიას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.
5. კომისიის 2025 წლის 25 სექტემბრის სხდომას ესწრებოდა ა(ა)იპ „რადიო-ტვ ნორის“ წარმომადგენელი ა. თთთიანი და რიტა სტამბოლციანი, ასევე, ამავე სხდომას ესწრებოდა კ. სტალინსკი. ა(ა)იპ „რადიო-ტვ ნორის“ წარმომადგენელმა ა. თთთიანმა სომხურ ენაზე გააკეთა განმარტება, ხოლო ქართულ ენაზე თარგმანს უზრუნველყოფდა ამავე კომპანიის წარმომადგენელი რ. სტამბოლციანი. მაუწყებლის წარმომადგენლებმა (ა. თთთიანი, თარგმანი - რ. სტამბოლციანი) განმარტეს, რომ მაუწყებელმა ტარიფების შესახებ ინფორმაცია გააგზავნა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, მაგრამ ენობრივი ბარიერის გამო, კომპანიის დირექტორმა არ იცოდა თუ აღნიშნული ინფორმაცია კომისიისთვისაც უნდა წარმოედგინა. კომისიის თანამშრომელთან კომუნიკაციის შემდეგ მაუწყებელმა ტარიფების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა კომისიაში.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი.
8. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და მის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.
9. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი, ავტორიზებული მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია/რადიო ვალდებულია ცესკოს და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით, კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-60 დღიდან 5 კალენდარული დღის ვადაში გადასცეს ინფორმაცია ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად საეთერო დროის ტარიფების შესახებ. ეს ტარიფები ძალაში შედის კენჭისყრამდე 50-ე დღიდან. შესაბამისი ტარიფის შეცვლა დასაშვებია ერთხელ, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 35-ე კალენდარული დღისა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა. ტარიფის შეცვლის შემთხვევაში ახალი ტარიფი ეგზავნება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით. ეს ტარიფი ძალაში შედის კენჭისყრამდე 30-ე კალენდარულ დღეს. ამ პუნქტში აღნიშნული შესაბამისი პირი ვალდებულია კენჭისყრამდე 50-ე დღიდან დაიწყოს რეკლამის განთავსება შემდეგი პირობების დაცვით: ა)მაუწყებლის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში საჯაროდ გამოაცხადოს და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ყოველკვირეულად გადასცეს შემდეგი ინფორმაცია: რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობით არის გამოყოფილი საეთერო დრო, 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი, გაწეული მომსახურება; ბ) ტელე- ან რადიოკომპანიის მიერ 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი ფასიანი დრო არ უნდა აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის საერთო მოცულობის 15 პროცენტს და არცერთ საარჩევნო სუბიექტს არ უნდა დაეთმოს ამ დროის ერთ მესამედზე მეტი. ფასიანი დროის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის ერთნაირი უნდა იყოს; გ) პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის გამოქვეყნებისას კადრის კუთხეში უნდა იყოს წარწერა „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“. ასეთ რეკლამას უნდა ჰქონდეს სურდოთარგმანი, რომლის უზრუნველყოფაც რეკლამის წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის ვალდებულებაა; დ) ამ პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში არ დაუშვას პოლიტიკური რეკლამის განთავსება სხვა დროს, გარდა ამ მიზნით გამოყოფილი დროის შუალედისა.
10. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 931 მუხლის თანახმად, შესაბამისი მაუწყებლის მიერ კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-60 დღიდან 5 კალენდარული დღის ვადაში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის საეთერო დროის ტარიფებისა და შეცვლილი ტარიფების მიწოდების მოთხოვნის, აგრეთვე ამ კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მაუწყებლისათვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას.
11. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.
12. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
III. სამოტივაციო ნაწილი
1. შესწავლილი მტკიცებულებები
13. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N25-10-1977; 12.09.2025) თანდართული დოკუმენტაციით;
14. მონაცემები ა(ა)იპ „რადიო-ტვ ნორის“ შესახებ კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა საჯარო რეესტრიდან;
15. კომისიის 2024 წლის 26 დეკემბრის N გ-24-6/594 გადაწყვეტილება „ააიპ „რადიო-ტვ ნორის“ სათემო რადიომაუწყებლობის №B171 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე“;
16. ა(ა)იპ „რადიო-ტვ ნორისთვის“ გაგზავნილი შეტყობინება (Nგ-25-03/2263;22/09/2025) კომისიის 2025 წლის 25 სექტემბრის სხდომაზე მოწვევის შესახებ და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
17. ა(ა)იპ „რადიო-ტვ ნორის“ წარმომადგენლების ა. თთთიანი, რ. სტამბოლციანი (თარგმანი) ახსნა- განმარტება მიცემული კომისიის 2025 წლის 25 სექტემბრის სხდომაზე.
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
18. ა(ა)იპ „რადიო-ტვ ნორ“ (ს/კ 236689883) ფლობს რადიომაუწყებლობის №B171 ლიცენზიას (ლიცენზიის სახე - რადიომაუწყებლობა; ლიცენზიის სახეობა - სათემო მაუწყებლობა). შესაბამისად, იგი ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა.
მტკიცებულება: მონაცემები ა(ა)იპ „რადიო-ტვ ნორის“ შესახებ კომისიის უწყებრივი რეესტრიდან; კომისიის 2024 წლის 26 დეკემბრის N გ-24-6/594 გადაწყვეტილება „ააიპ „რადიო-ტვ ნორის“ სათემო რადიომაუწყებლობის №B171 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე“
19. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები დაინიშნა 2025 წლის 4 ოქტომბერს.
მტკიცებულება: „მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნების დანიშვნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2025 წლის 5 აგვისტოს №05/08/01 განკარგულება.
20. კომისიამ ა(ა)იპ „რადიო-ტვ ნორის“ მიერ დადგენილი ტარიფების შესახებ ინფორმაცია მიიღო 2025 წლის 25 აგვისტოს, მაშინ, როდესაც მისი წარმოდგენის ბოლო ვადა იყო 2025 წლის 10 აგვისტო (კენჭისყრამდე 55-ე დღე).
მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 25-10-1977; 12.09.2025) თანდართული დოკუმენტაციით;
21. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ა(ა)იპ „რადიო-ტვ ნორის“ მიმართ გამოყენებული არ ყოფილა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის.
მტკიცებულება: მონაცემი ა(ა)იპ „რადიო-ტვ ნორის“ შესახებ კომისიის უწყებრივი რეესტრიდან.
3. სამართლებრივი შეფასება
22. საარჩევნო კოდექსით დადგენილი წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფის წესების თანახმად, მაუწყებელი, რომელიც გეგმავს ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის ეთერში განთავსებას ვალდებულია, აცნობოს კომისიას მის მიერ გამოყოფილი გრაფიკისა და ტარიფების შესახებ. კერძოდ, საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი, ავტორიზებული მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია/რადიო ვალდებულია ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით კომისიას გადასცენ ინფორმაცია ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად საეთერო დროის ტარიფების შესახებ. კომისიისათვის აღნიშნული ინფორმაციის გაგზავნა უნდა მოხდეს კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-60 დღიდან 5 კალენდარული დღის ვადაში.
23. ა(ა)იპ „რადიო-ტვ ნორის“ მიერ კომისიისთვის წინამდებარე ტარიფების წარმოდგენის ბოლო ვადა იყო 2025 წლის 10 აგვისტო (კენჭისყრამდე 55-ე დღე). მაუწყებელმა ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად ტარიფების შესახებ ინფორმაცია კომისიაში წარმოადგინა 2025 წლის 25 აგვისტოს - საარჩევნო კოდექსით დადგენილი ვადის დარღვევით. შესაბამისად, მაუწყებლის მიერ დარღვეულია საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის პირველი პუნქტი.
4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები
24. ა(ა)იპ „რადიო-ტვ ნორის“ მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. საარჩევნო კოდექსის 931 მუხლის თანახმად, მაუწყებლის მიერ საეთერო დროის ტარიფების შესახებ მოთხოვნილი ინფორმაციის დადგენილ ვადებში კომისიისათვის მიუწოდებლობის შემთხვევაში მაუწყებელს ეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
25. თავის მხრივ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.
26. გამომდინარე იქიდან, რომ ა(ა)იპ „რადიო-ტვ ნორის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე/მსგავსი ხასიათის დარღვევის ჩადენისთვის გამოყენებული არ ყოფილა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის რომელიმე სახე, საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის, 931 მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ა(ა)იპ „რადიო-ტვ ნორს“ უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98- ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტის, 931 მუხლის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა(ა)იპ „რადიო-ტვ ნორს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო.
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) წინამდებარე გადაწყვეტილების ა(ა)იპ „რადიო-ტვ ნორისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
3.გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი№64) ა(ა)იპ „რადიო-ტვ ნორისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
5. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (მ.რუხაძე) ა(ა)იპ „რადიო-ტვ ნორისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა.
6. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
