შპს „ძველი ქალაქისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ავტორიზებული პირი: შპს „ძველი ქალაქი“
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 08, 2025 14:31
მიღების თარიღი სექტემბერი 25, 2025
შპს „ძველი ქალაქისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ავტორიზებული პირი: შპს „ძველი ქალაქი“
სამართალდარღვევა: საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა
წარმოების დაწყების საფუძველი: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N24-10-1975; 12.09.2025)
კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 25 სექტემბერი, 15:00 საათი
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში-კომისია) აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N25-10-1975;12.09.2025) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ძველი ქალაქის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის გამო.
2. მოხსენებით ბარათში მითითებულია, რომ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ დადგენილი წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფის წესების თანახმად, მაუწყებელი, რომელიც გეგმავს ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის ეთერში განთავსებას ვალდებულია აცნობოს კომისიას მის მიერ გამოყოფილი გრაფიკისა და ტარიფების შესახებ. კერძოდ, საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი ან ავტორიზებული მაუწყებლები ვალდებულნი არიან კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნების მიზნით კომისიას გადასცენ ინფორმაცია ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად საეთერო დროის ტარიფების შესახებ. კომისიისათვის აღნიშნული ინფორმაციის გაგზავნა უნდა მოხდეს კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-60 დღიდან 5 კალენდარული დღის ვადაში.
3. კომისიამ შპს „ძველი ქალაქის“ მიერ დადგენილი ტარიფების შესახებ ინფორმაცია მიიღო კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევით, კერძოდ, 25 აგვისტოს, მაშინ, როდესაც მისი წარმოდგენის ბოლო ვადა იყო 10 აგვისტო (კენჭისყრამდე 55-ე დღე). საარჩევნო კოდექსის 931 მუხლის თანახმად, მაუწყებლის მიერ საეთერო დროის ტარიფების შესახებ მოთხოვნილი ინფორმაციის დადგენილ ვადებში კომისიისათვის მიუწოდებლობის შემთხვევაში მაუწყებელს ეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „ძველმა ქალაქმა“ დაარღვია კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულება.
4. საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2025 წლის 25 სექტემბერი, 15:00 საათი. აღნიშნულის თაობაზე შპს „ძველ ქალაქს“ გაეგზავნა შეტყობინება და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. კომპანიას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.
5. კომისიის 2025 წლის 25 სექტემბრის სხდომას ესწრებოდა შპს „ძველი ქალაქის“ წარმომადგენელი ი. მაჩიტაძე, რომელმაც განაცხადა, რომ ტექნიკური მიზეზის გამო, გამოიგზავნა დაგვიანებით წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების ტარიფის თაობაზე ინფორმაცია კომისიაში.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი;
8. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და მის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა;
9. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50- ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი, ავტორიზებული მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია/რადიო ვალდებულია ცესკოს და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით, კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-60 დღიდან 5 კალენდარული დღის ვადაში გადასცეს ინფორმაცია ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად საეთერო დროის ტარიფების შესახებ. ეს ტარიფები ძალაში შედის კენჭისყრამდე 50-ე დღიდან. შესაბამისი ტარიფის შეცვლა დასაშვებია ერთხელ, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 35-ე კალენდარული დღისა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა. ტარიფის შეცვლის შემთხვევაში ახალი ტარიფი ეგზავნება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით. ეს ტარიფი ძალაში შედის კენჭისყრამდე 30-ე კალენდარულ დღეს. ამ პუნქტში აღნიშნული შესაბამისი პირი ვალდებულია კენჭისყრამდე 50-ე დღიდან დაიწყოს რეკლამის განთავსება შემდეგი პირობების დაცვით: ა) მაუწყებლის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში საჯაროდ გამოაცხადოს და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ყოველკვირეულად გადასცეს შემდეგი ინფორმაცია: რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობით არის გამოყოფილი საეთერო დრო, 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი, გაწეული მომსახურება; ბ) ტელე-ან რადიოკომპანიის მიერ 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი ფასიანი დრო არ უნდა აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის საერთო მოცულობის 15 პროცენტს და არცერთ საარჩევნო სუბიექტს არ უნდა დაეთმოს ამ დროის ერთ მესამედზე მეტი. ფასიანი ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის ერთნაირი უნდა იყოს; გ) პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის გამოქვეყნებისას კადრის კუთხეში უნდა იყოს წარწერა „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“. ასეთ რეკლამას უნდა ჰქონდეს სურდოთარგმანი, რომლის უზრუნველყოფაც რეკლამის წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის ვალდებულებაა; დ) ამ პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში არ დაუშვას პოლიტიკური რეკლამის განთავსება სხვა დროს, გარდა ამ მიზნით გამოყოფილი დროის შუალედისა.
10. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 931 მუხლის თანახმად, შესაბამისი მაუწყებლის მიერ კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-60 დღიდან 5 კალენდარული დღის ვადაში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის საეთერო დროის ტარიფებისა და შეცვლილი ტარიფების მიწოდების მოთხოვნის, აგრეთვე ამ კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მაუწყებლისათვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას;
11. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71- ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს;
12. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
III. სამოტივაციო ნაწილი
1. შესწავლილი მტკიცებულებები
13. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 25-10-1975; 12.09.2025) თანდართული დოკუმენტაციით;
14. შპს „ძველი ქალაქის“ წერილი კომისიას წინასაარჩევნო რეკლამის ტარიფის თაობაზე (Nშ-25-6/3566 25.08.2025);
15. მონაცემები შპს „ძველი ქალაქის“ შესახებ კომისიის უწყებრივი რეესტრიდან, სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა საჯარო რეესტრიდან;
16. შპს „ძველი ქალაქის“ წარმომადგენლის ი. მაჩიტაძის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2025 წლის 25 სექტემბრის სხდომაზე.
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
17. შპს „ძველი ქალაქი“ ფლობს რადიომაუწყებლობის B71 ლიცენზიას. შესაბამისად, იგი ვალდებულია, შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები.
მტკიცებულება: მონაცემი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ძველი ქალაქის“ შესახებ.
18. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები დაინიშნა 2025 წლის 4 ოქტომბერს.
მტკიცებულება: „მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნების დანიშვნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2025 წლის 5 აგვისტოს №05/08/01 განკარგულება.
19. კომისიამ შპს „ძველი ქალაქის“ მიერ დადგენილი ტარიფების შესახებ ინფორმაცია მიიღო 2025 წლის 25 აგვისტოს, მაშინ, როდესაც მისი წარმოდგენის ბოლო ვადა იყო 2025 წლის 10 აგვისტო (კენჭისყრამდე 55-ე დღე).
მტკიცებულება: მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N25-10-1975; 12.00.2025) თანდართული დოკუმენტაციით.
20. ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „ძველ ქალაქს“ არ დაკისრებია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის.
მტკიცებულება: მონაცემი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ძველი ქალაქის“ შესახებ.
3. სამართლებრივი შეფასება
21. საარჩევნო კოდექსით დადგენილი წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფის წესების თანახმად, მაუწყებელი, რომელიც გეგმავს ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის ეთერში განთავსებას ვალდებულია, აცნობოს კომისიას მის მიერ გამოყოფილი გრაფიკისა და ტარიფების შესახებ. კერძოდ, საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი, ავტორიზებული მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია/რადიო ვალდებულია კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით კომისიას გადასცენ ინფორმაცია ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად საეთერო დროის ტარიფების შესახებ. კომისიისათვის აღნიშნული ინფორმაციის გაგზავნა უნდა მოხდეს კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-60 დღიდან 5 კალენდარული დღის ვადაში.
22. შპს „ძველი ქალაქის“ მიერ კომისიისთვის წინამდებარე ტარიფების წარდგენის ბოლო ვადა იყო 2025 წლის 10 აგვისტო (კენჭისყრამდე 55-ე დღე). მაუწყებელმა ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად ტარიფების შესახებ ინფორმაცია კომისიაში წარმოადგინა 25 აგვისტოს - საარჩევნო კოდექსით დადგენილი ვადის დარღვევით. შესაბამისად, მაუწყებლის მიერ დარღვეულია საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის პირველი პუნქტი.
4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები
23. შპს „ძველი ქალაქის“ მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. საარჩევნო კოდექსის 931 მუხლის თანახმად, მაუწყებლის მიერ საეთერო დროის ტარიფების შესახებ მოთხოვნილი ინფორმაციის დადგენილ ვადებში კომისიისათვის მიუწოდებლობის შემთხვევაში მაუწყებელს ეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
24. თავის მხრივ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71- ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.
25. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ძველი ქალაქის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე/მსგავსი ხასიათის დარღვევის ჩადენისთვის გამოყენებული არ ყოფილა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის რომელიმე სახე, საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის, 931 მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „ძველ ქალაქს“ უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98- ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტის, 931 მუხლის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს „ძველ ქალაქს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო.
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ძველი ქალაქისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნების დღიდან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი№64) შპს „ძველი ქალაქისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
5. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (თ. ხუხუნაიშვილი) შპს „ძველი ქალაქისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა.
6. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
