ა(ა)იპ „რადიო-ტვ ნორისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 17, 2025 12:35
მიღების თარიღი ოქტომბერი 09, 2025
ა(ა)იპ „რადიო-ტვ ნორისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ლიცენზიის მფლობელი: ა(ა)იპ „რადიო-ტვ ნორ“
სამართალდარღვევა: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის 11 პუნქტის დარღვევა
წარმოების დაწყების საფუძველი: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 25-10-2119, 30.09.2025).
კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 9 ოქტომბერი, 15:00 საათი.
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში„კომისია“) აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N25-10-2119,30.09.2025) საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ა(ა)იპ „რადიო-ტვ ნორისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის 11 პუნქტის დარღევის გამო.
2. მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის 11 პუნქტის თანახმად, „აკრძალულია მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების (ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის) მიღება (გარდა კომერციული რეკლამისა, ტელეშოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა).“ ამასთანავე, 661 მუხლის 12 პუნქტის მიხედვით, „ამ მუხლის მიზნებისთვის უცხოური ძალა არის: ა) უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი; ბ) ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე; გ) იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული; დ) ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის ისეთი გაერთიანება, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული.“;
3. მოხსენებითი ბარათის თანახმად, კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა შეისწავლა მაუწყებლების მიერ 2025 წლის მე-2 კვარტალში (აპრილი-ივნისი) წარმოდგენილი ფორმა 1.7 (მაუწყებლების შემოსავლების წყაროები). აღნიშნულის შედეგად გამოვლინდა, რომ ამ პერიოდში ააიპ „რადიო-ტვ ნორს“ შემოსავლი მიღებული აქვს შემდეგი იურიდიული პირებისგან: Europian Endowement for Democracy (901631669214) - ბელგიის სამეფო (61,200.00 ლარი) და International Media Support IMS (26487013) - დანია (9,740.00 ლარი).
4. ასევე, მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, რომ კომისიის მიერ 2025 წლის 27 აგვისტოს Nგ-25-04/2069 და 8 სექტემბრის N გ-25-04/2169 წერილებით ააიპ „რადიო-ტვ ნორისგან“ გამოთხოვილ იქნა დეტალური ინფორმაცია გაწეული მომსახურებისა და ზემოაღნიშნული შემოსავლის შესახებ შესაბამის დოკუმენტებთან ერთად (ხელშეკრულება, ინვოისი და სხვა ფინანსური დოკუმენტი);
5. ა(ა)იპ „რადიო-ტვ ნორმა“ 2025 წლის 1 სექტემბრის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის N შ-25-6/3664, თარიღი: 01.09.2025), 10 სექტემბრის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის N შ-25-6/3797, თარიღი: 10.09.2025) და 12 სექტემბრის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის N შ-25-6/3828, თარიღი: 12.09.2025) კომისიას აცნობა, რომ ააიპ „რადიო-ტვ ნორ“ ფუნქციონირებს უცხოური დაფინანსებით და არ შეუძლია დაფინანსების გარეშე არსებობა, რადგან ადგილობრივი რეკლამის სფერო ძალიან მცირეა და გრანტები, რომლებიც დღესდღეობით აქვთ მოპოვებული მიმართულია რადიოს მხარდასაჭერად: ხელფასების, კომუნალური გადასახადების და ასევე ონლაინ სერვისების შესაქმნელად საიტისთვის www.nor.ge. მაუწყებლის განმარტებით, მას აქვს შემდეგი პროექტები: 1. პირველი პროექტი FOND Europian Endowement for Democracy-სთან, რომელიც დაიწყო, ვიდრე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდოდა ცვლილება და აიკრძალებოდა მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსება, ხოლო ხელშეკრულება FOND Europian Endowement for Democracy- სთან გაფორმდა 2025 წლის 16 აპრილს. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს კონტენტის შექმნას ვებისთვის და ასევე, პროექტში გათვალისწინებულია ხელფასები ერთი წლის განმავლობაში (01.04.2025-31.03.2026); 2. მეორე პროექტი International Media Support IMS-სთან, რომელიც დაიწყო ზემოხსენებული საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ და ხელშეკრულება გაფორმდა 2025 წლის 8 ივლისს. პროექტის ხანგრძლივობა - 29.05.2025-31.12.2025. აღნიშნული პროექტი გათვლილია www.nor.ge საიტზე ონლაინ სერვისების შესყიდვისთვის, ჰოსტინგის გადასახადისა და საიტისთვის. ასევე, კომუნალური გადასახადებისთვის: დენი, წყალი, გაზი, ინტერნეტი. აღნიშნული პროექტი არ ითვალისწინებს კონტენტის შექმნას.
6. მოხსენებითი ბარათის თანახმად, მაუწყებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და თანდართული დოკუმენტების გათვალისწინებით, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ ა(ა)იპ „რადიო- ტვ ნორის“ მიერ მიღებული თანხა წარმოადგენს უცხოური ძალისგან პირდაპირ დაფინანსებას და იგი ვერ ჯდება იმ გამონაკლისში (კომერციული რეკლამა, ტელეშოპინგი, სპონსორობა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება), რომელიც განსაზღვრულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის 11 პუნქტით. ასევე მითითებულია, რომ პროექტის მიღების/დადებული ხელშეკრულების თარიღის მიუხედავად, მაუწყებელს დაფინანსება მიღებული აქვს იმის შემდეგ, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილება და აიკრძალა მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსება.
7. მოხსენებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 765 მუხლის მიხედვით, „მაუწყებლის მიერ ამ კანონის 65-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 661 მუხლის 11 პუნქტის მოთხოვნების 2025 წლის 1 ივნისამდე დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს ამ კანონით დადგენილი წესით. კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს შეუფარდოს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სანქცია, რომელიც აღსასრულებლად არ მიექცევა. მაუწყებლის მიერ ამ კანონის 65-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 661 მუხლის 11 პუნქტის მოთხოვნების 2025 წლის 1 ივნისის შემდეგ დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს და მაუწყებელს შესაბამის სანქციას შეუფარდებს კანონით დადგენილი წესით“.
8. ა(ა)იპ „რადიო-ტვ ნორისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა დაინიშნა 2025 წლის 9 ოქტომბერს, რის შესახებაც, მაუწყებელს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.
9. კომისიის 2025 წლის 9 ოქტომბრის სხდომაზე გამოცხადდა ა(ა)იპ „რადიო-ტვ ნორის“ წარმომადგენელი არარატ თთთიანი, რომელმაც განაცხადა, რომ საკანონმდებლო ცვლილებებს მაუწყებელი გაეცნო სომხურ ენაზე და თარგმანის შესაბამისად, კანონის ძალაში შესვლის თარიღი იყო 2025 წლის 1 ივნისი, რამაც გამოიწვია მაუწყებლის მიერ კანონის დარღვევა, თუმცა, მაუწყებლის წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული დაფინანსება შეწყვეტილია და დარღვევა აღმოფხვრილია.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
10. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
11. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი;
12. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ფუნქციებია მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;
13. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და მის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა;
14. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის 11 პუნქტის თანახმად, აკრძალულია მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების (ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის) მიღება (გარდა კომერციული რეკლამისა, ტელეშოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა). ამასთანავე, აკრძალულია უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა) ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან/და თანადაფინანსება;
15. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის 12 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისთვის უცხოური ძალა არის: ა) უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი; ბ) ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე; გ) იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული; დ) ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის ისეთი გაერთიანება, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული.
16. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს;
17. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად „კომისიის მიერ გაგზავნილი ყოველგვარი შეტყობინება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება მატერიალური ან ელექტრონული რეგისტრირებული საფოსტო გზავნილის მეშვეობით. მატერიალური საფოსტო გზავნილი იგზავნება დამტარებლის ან საფოსტო მომსახურების განმახორციელებელი პირის მეშვეობით“. ხოლო ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად „კორესპოდენციის ელექტრონული გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში, დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების, როგორც პირდაპირ, აქტიურად გამოხატული ქმედებით, ასევე, ავტომატური საშუალებით დადასტურების შემთხვევაშიც“;
18. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი 765 მუხლის თანახმად, მაუწყებლის მიერ ამ კანონის 65-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 661 მუხლის 11 პუნქტის მოთხოვნების 2025 წლის 1 ივნისამდე დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს ამ კანონით დადგენილი წესით. კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს შეუფარდოს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სანქცია, რომელიც აღსასრულებლად არ მიექცევა. მაუწყებლის მიერ ამ კანონის 65-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 661 მუხლის 11 პუნქტის მოთხოვნების 2025 წლის 1 ივნისის შემდეგ დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს და მაუწყებელს შესაბამის სანქციას შეუფარდებს კანონით დადგენილი წესით.
III. სამოტივაციო ნაწილი
1. შესწავლილი მტკიცებულებები
19. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N25-10-2119, 30.09.2025) თანდართული დოკუმენტაციით;
20. კომისიის 2025 წლის 27 აგვისტოს Nგ-25-04/2069 და 2025 წლის 8 სექტემბრის Nგ-25-04/2169 წერილები;
21. ა(ა)იპ „რადიო-ტვ ნორის“ წერილები (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/3664, თარიღი: 01.09.2025; კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/3797, თარიღი: 10.09.2025 და კომისიაში რეგისტრაციის N შ-25-6/3828, თარიღი: 12.09.2025) თანდართული დოკუმენტაციით;
22. 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7-ში მაუწყებლების მიერ შევსებული ინფორმაცია;
23. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ა(ა)იპ „რადიო-ტვ ნორის“ შესახებ მონაცემები;
24. ა(ა)იპ „რადიო-ტვ ნორის“ წარმომადგენლის არარატ თთთიანის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2025 წლის 9 ოქტომბრის სხდომაზე.
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
25. აა(ა)იპ „რადიო-ტვ ნორ“ წარმოადგენს სათემო რადიომაუწყებელს (რადიომაუწყებლობის B171 ლიცენზია).
მტკიცებულება: მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან ა(ა)იპ „რადიო-ტვ ნორის” შესახებ.
26. 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7-ში მაუწყებლების მიერ შევსებული ინფორმაციის მონიტორინგისას გამოვლინდა, რომ 2025 წლის მე-2 კვარტალში რადიომაუწყებელი - ა(ა)იპ „რადიო-ტვ ნორ” მაუწყებლის ერთ-ერთ დაფინანსების წყაროდ, (მომსახურების კატეგორია - სხვა) ფიზიკური/იურიდიული პირის ველში უთითებს FOND Europian Endowement for Democracy (901631669214), აღნიშნული კომპანია დაფუძნებულია ბელგიაში.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N25-10-2119, 30.09.2025); 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7- ში მაუწყებლების მიერ შევსებული ინფორმაცია;
27. 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7-ში მაუწყებლების მიერ შევსებული ინფორმაციის მონიტორინგისას გამოვლინდა, რომ 2025 წლის მე-2 კვარტალში რადიომაუწყებელი - ა(ა)იპ „რადიო-ტვ ნორ” მაუწყებლის ერთ-ერთ დაფინანსების წყაროდ (მომსახურების კატეგორია - სხვა), ფიზიკური/იურიდიული პირის ველში უთითებს International Media Support IMS (26487013), აღნიშნული კომპანია დაფუძნებულია დანიაში;
მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N25-10-2119, 30.09.2025); 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7- ში მაუწყებლების მიერ შევსებული ინფორმაცია;
28. The European Endowment for Democracy (EED) (901631669214)), რომელიც მდებაროებს შემდეგ მისამართზე: Rue de la Loi 34 1040 ბრუსელი, ბელგია. მიეკუთვნება ისეთ ორგანიზაციულ წარმონაქმნს (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის ისეთ გაერთიანებას, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული. ამასთან, წარმოადგენს ისეთ ორგანიზაციას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული. ამდენად, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, წარმოადგენს უცხოურ ძალას.
მტკიცებულება: 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7-ში მაუწყებლების მიერ შევსებული ინფორმაცია;
29. International Media Support (IMS) რომელიც მდებაროებს შემდეგ მისამართზე: IMS/Nørregade 18/1165 კოპენჰაგენი, დანია. მიეკუთვნება ისეთ ორგანიზაციულ წარმონაქმნს (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის ისეთ გაერთიანებას, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული. ამასთან, წარმოადგენს ისეთ ორგანიზაციას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული. ამდენად, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, წარმოადგენს უცხოურ ძალას.
მტკიცებულება: 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა1.7-ში მაუწყებლების მიერ შევსებული ინფორმაცია;
30. ა(ა)იპ „რადიო-ტვ ნორის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან და ანგარიშგების ფორმა 1.7-ში შევსებული ინფორმაციის თანახმად, ა(ა)იპ „რადიო-ტვ ნორმა” “The European Endowment for Democracy (EED)”-სგან 2025 წლის მაისის თვეში შემოსავლის სახით 61200 ლარი მიიღო, ხოლო International Media Support (IMS)-სგან მაუწყებელმა შემოსავლის სახით 2025 წლის მაისის თვეში მიიღო 9740 ლარი. ამდენად, ადგილი აქვს უცხოური ძალისგან პირდაპირი დაფინანსების მიღებას.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N25-10-2119,30.09.2025) თანდართული დოკუმენტაციით; 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7-ში მაუწყებლების მიერ შევსებული ინფორმაცია;
31. ა(ა)იპ „რადიო-ტვ ნორის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.
მტკიცებულება: მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან.
3. სამართლებრივი შეფასება
32. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2025 წლის 1 აპრილს განხორციელებული ცვლილებით (დოკუმენტის ნომერი: 407-IIმს-XIმპ) აიკრძალა მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების (ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის) მიღება (გარდა კომერციული რეკლამისა, ტელეშოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა). ამასთან, აიკრძალა უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა) ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან/და თანადაფინანსება. ამასთან, შესული ცვლილების მიზნებისთვის, განისაზღვრა უცხოური ძალა, რომელსაც წარმოადგენენ: ა) უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი; ბ) ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე; გ) იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული; დ) ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის ისეთი გაერთიანება, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული.
33. საკანონმდებლო დონეზე მაუწყებლის დაფინანსების წესის ახლებურად განსაზღვრა ემსახურება მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისაგან მიღებული დაფინანსების შეზღუდვას უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის საშუალებით საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის შემცირების უზრუნველყოფის მიზნით, გამომდინარე იქიდან, რომ მაუწყებლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სანდოობის მაღალი ხარისხით სარგებლობს და შეუძლია მოახდინოს მნიშვნელოვანი ზეგავლენა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე (იხ. საქართველოს კანონის პროექტზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დართული განმარტებითი ბარათი (N07-3/30/11).
34. ამდენად, 2025 წლის 1 აპრილიდან კანონით აკრძალულია მაუწყებლის მიერ უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტისგან, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირისგან, ისეთი იურიდიული პირისგან, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული და ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნისგან ან პირთა სხვა სახის ისეთი გაერთიანებისგან, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული, პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება (გარდა კომერციული რეკლამისა, ტელეშოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა). ა(ა)იპ „რადიო-ტვ ნორ“, როგორც მაუწყებელი, ვალდებულია დაიცვას ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აღნიშნული მოთხოვნა.
35. კომისიის მიერ დადგინდა, რომ ა(ა)იპ „რადიო-ტვ ნორს“ 2025 წლის მეორე კვარტალში შემოსავლი მიღებული აქვს (მომსახურების სახე - სხვა) შემდეგი იურიდიული პირებისგან: Europian Endowement for Democracy (901631669214) - ბელგიის სამეფო 61,200.00 ლარი და International Media Support IMS (26487013)-დანია 9,740.00 ლარი. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების, ასევე, სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7-ში მაუწყებლების მიერ შევსებული ინფორმაციის თანახმად, 2025 წლის მე-2 კვარტალში (აპრილი, მაისი, ივნისის) ა(ა)იპ „რადიო-ტვ ნორ“- მაუწყებლის ერთ-ერთ დაფინანსების წყაროდ, ფიზიკური/იურიდიული პირის ველში უთითებს აღნიშნულ იურიდიულ პირებს, ხოლო მომსახურების სახედ მონიშნულია კატეგორია-„სხვა“ შესაბამისად, სახეზეა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 661 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული წესის დარღვევა.
ამავდროულად, არ იკვეთება 661 მუხლის 11 პუნქტებით გათვალისწინებული არცერთი საგამონაკლისო შემთხვევის არსებობა.
36. ამდენად, უცხოური ძალის - Europian Endowement for Democracy“-ისა და და International Media Support IMS-ის მიერ ა(ა)იპ „რადიო-ტვ ნორის“ დაფინანსებით ა(ა)იპ „რადიო-ტვ ნორის“ მიერ დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის 11 პუნქტი, რაც მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს.
4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები
37. აღსანიშნავია, რომ ა(ა)იპ „რადიო-ტვ ნორის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა. შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამავე კანონის 661 მუხლის 11 პუნქტის დარღვევისათვის ა(ა)იპ „რადიო-ტვ ნორს“ უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.
38. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 71-ე მუხლის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.
39. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 765 მუხლის თანახმად, ,,მაუწყებლის მიერ ამ კანონის 65-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 661 მუხლის 11 პუნქტის მოთხოვნების 2025 წლის 1 ივნისამდე დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს ამ კანონით დადგენილი წესით. კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს შეუფარდოს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სანქცია, რომელიც აღსასრულებლად არ მიექცევა. მაუწყებლის მიერ ამ კანონის 65-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 661 მუხლის 11 პუნქტის მოთხოვნების 2025 წლის 1 ივნისის შემდეგ დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს და მაუწყებელს შესაბამის სანქციას შეუფარდებს კანონით დადგენილი წესით“.
40. ამრიგად, როგორც დგინდება, რომ მაუწყებლის მხრიდან დარღვეულია „მაუწყებლობ შესახებ" საქართველოს კანონის 661 მუხლის 11 პუნქტი, ამასთან, მაუწყებელს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი/ანალოგიური ხასიათის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა არ დაკისრებია. აქედან გამომდინარე, კანონმდებლობის შესაბამისად, ა(ა)იპ ,,რადიო-ტვ ნორს“ უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.
41. ამასთან, ა(ა)იპ ,,რადიო-ტვ ნორს“ უნდა დაევალოს უცხოური ძალისგან დაფინანსების მიღების დაუყონებლივ შეწყვეტა.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, 661 მუხლის 11 და 12 პუნქტების, 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 765 მუხლის საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად:
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა(ა)იპ „რადიო-ტვ ნორას“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის 11 პუნქტის დარღვევის გამო.
2. ა(ა)იპ „რადიო-ტვ ნორს“ დაევალოს უცხოური ძალებისაგან-Europian Endowement for Democracy (901631669214)- და International Media Support IMS (26487013) დაფინანსების მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,№64) ა(ა)იპ „რადიო-ტვ ნორისთვის“ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ.გასვიანი) გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ა(ა)იპ „რადიო-ტვ ნორისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
6. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (თ.ხუხუნაიშვილი) ა(ა)იპ „რადიო- ტვ ნორისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
7. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
