ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 20, 2025 14:36
მიღების თარიღი ოქტომბერი 09, 2025
ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
ლიცენზიის მფლობელი: ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“
სამართალდარღვევა: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის 11 პუნქტის დარღვევა
წარმოების დაწყების საფუძველი: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 25-10-2117, 30.09.2025).
კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 9 ოქტომბერი, 15:00 საათი.
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N25-10-2117,30.09.2025) საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის 11 პუნქტის დარღევის გამო.
2. მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის 11 პუნქტის თანახმად, „აკრძალულია მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების (ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის) მიღება (გარდა კომერციული რეკლამისა, ტელეშოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა).“ ამასთანავე, 661 მუხლის 12 პუნქტის მიხედვით, „ამ მუხლის მიზნებისთვის უცხოური ძალა არის: ა) უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი; ბ) ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე; გ) იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული; დ) ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის ისეთი გაერთიანება, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული.“;
3. მოხსენებითი ბარათის თანახმად, კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა შეისწავლა მაუწყებლების მიერ 2025 წლის მე-2 კვარტალში (აპრილი-ივნისი) წარმოდგენილი ფორმა 1.7 (მაუწყებლების შემოსავლების წყაროები). შედეგად გამოვლინდა, რომ ამ პერიოდში ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმას” შემოსავლის სახით 7,821.60 ლარი (შვიდი ათას რვაას ოცდაერთი ლარი და სამოცი თეთრი) მიღებული აქვს (მომსახურების სახე - სხვა) შემდეგი იურიდიული პირისგან: ”DEUTSCHE WELLE ANSTALT DESOEFFENTLICHEN RECHTS“ (DE123052407) - გერმანია;
4. ასევე, მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, რომ კომისიის 2025 წლის 27 აგვისტოს Nგ-25-04/2057 წერილით ააიპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმისგან“ გამოთხოვილ იქნა დეტალური ინფორმაცია გაწეული მომსახურებისა და ზემოაღნიშნული შემოსავლის შესახებ შესაბამის დოკუმენტებთან ერთად (ხელშეკრულება, ინვოისი და სხვა ფინანსური დოკუმენტი);
5. ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმამ“ 2025 წლის 1 სექტემბრის N 21-25 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის N შ-25-6/3673, თარიღი: 02.09.2025) კომისიის წერილის პასუხად აცნობა, რომ ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“ 2019 წლიდან თანამშრომლობს ”Deutsche Welle Akademie“-სთან სხვადასხვა საგრანტო პროექტის ფარგლებში. პროექტების მიზანია ქვემო ქართლის რეგიონში კონსტრუქციული ჟურნალისტიკის განვითარება, ადგილობრივი პრობლემების გაშუქება და მრავალენოვანი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. პროექტის ფარგლებში, ყოველწლიურად, ”Deutsche Welle Akademie“-ს ფინანსური მხარდაჭერით, 8 თვის განმავლობაში იქმნება ჟურნალისტური კონტენტი ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე. 2025 წლის მეორე კვარტალში მიღებული 7,821.60 ლარი (შვიდი ათას რვაას ოცდაერთი ლარი და სამოცი თეთრი) ”Deutsche Welle“-სგან მიღებული იყო კონკრეტული პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანი იყო ვებსაიტისთვის კონტენტის შექმნა და განთავსება. პროექტის ფარგლებში მომზადებული მასალები გამოქვეყნდა მათ ვებგვერდზე და სოციალურ ქსელებში ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე და მათი განმატებით, აღნიშნული თანამშრომლობა არ უკავშირდება FM სიხშირით მაუწყებლობას და არ გულისხმობს პროგრამული შინაარსის ეთერში განთავსებას.
6. მოხსენებითი ბარათის თანახმად, მაუწყებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და თანდართული დოკუმენტების გათვალისწინებით, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის“ მიერ მიღებული თანხა წარმოადგენს უცხოური ძალისგან პირდაპირ დაფინანსებას და იგი ვერ ჯდება იმ გამონაკლისში (კომერციული რეკლამა, ტელეშოპინგი, სპონსორობა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება), რომელიც განსაზღვრულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის 11 პუნქტით.
7. მოხსენებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 765 მუხლის მიხედვით, „მაუწყებლის მიერ ამ კანონის 65-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 661 მუხლის 11 პუნქტის მოთხოვნების 2025 წლის 1 ივნისამდე დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს ამ კანონით დადგენილი წესით. კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს შეუფარდოს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სანქცია, რომელიც აღსასრულებლად არ მიექცევა. მაუწყებლის მიერ ამ კანონის 65-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 661 მუხლის 11 პუნქტის მოთხოვნების 2025 წლის 1 ივნისის შემდეგ დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს და მაუწყებელს შესაბამის სანქციას შეუფარდებს კანონით დადგენილი წესით“.
8. ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა დაინიშნა 2025 წლის 9 ოქტომბერს, რის შესახებაც, კომპანიას გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება (Nგ-25-03/2371, 06/10/2025). მაუწყებელს ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99– ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.
9. კომისიის 2025 წლის 9 ოქტომბრის სხდომაზე გამოცხადდნენ ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის“ წარმომადგენლები კ. მამედოვა და ი. დიასამიძე. კომისიის სხდომაზე კ. მამედოვამ აღნიშნა, რომ „Deutsche Welle“-სთან ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებთ, 2019 წლიდან არიან პარტნიორები და აშუქებენ ადგილობრივ ამბებს. კანონში განხორციელებული ცვლილების შემდეგ, მათ მიიღეს ერთ-ერთი განმარტება, რომ FM სიხშირეზე არ უნდა ყოფილიყო განთავსებული უცხოური დაფინანსებით კონტენტი. ამდენად, მათ შეწყვიტეს გადაცემები და მხოლოდ ვებგვერდის მეშვეობით გააგრძელეს. კ. მამედოვამ აღნიშნა, რომ მათ შესასრულებელი აქვთ კონტრაქტით განსაზღვრული ვალდებულებები და დრო სჭირდებათ კანონთან ადაპტაციისთვის.
10. კ. მამედოვამ ასევე აღნიშნა, რომ ეს პირდაპირი დაფინანსება ცხადია არის, იმიტომ რომ მათი ანგარიშიდან კომპანიის (ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“) ანგარიშზე ირიცხებოდა თანხები. ეს ყველაფერი დასასრულისკენ მიდის, იმიტომ რომ ახალი არაფერი ამ ვითარებაში აღარ მოხდება. თუმცა იმის, რაც 20 წლის განმავლობაში ხდებოდა, 1 ან 2 თვეში შეცვლა, არის ტექნიკურად რთული.
11. ასევე, ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის“ წარმომადგენელმა ი. დიასამიძემ აღნიშნა, რომ პროექტი არის ბევრად უფრო ადრე აღებული და ამ პროექტის განხორციელებაც მანამდე არის დაწყებული, სანამ კანონმდებლობა შემუშავდებოდა და შემდგომ უკვე სამართლებრივი ნორმის სახით იქნებოდა მიღებული. პროექტი დაფინანსებული და გაცემულია გერმანიაში რეგისტრირებული ორგანიზაციის მიერ. პროექტი უშუალოდ კავშირში მაუწყებელთან იყო 2 გადაცემის მხრივ. როდესაც ეს კანონმდებლობა იქნა მიღებული, 1 გადაცემა უკვე იყო ჩაშვებული და გასული, ხოლო მეორე გადაცემა უნდა გასულიყო კანონის ამოქმედების შემდგომ. ერთადერთი, რისი გაკეთებაც ამ ეტაპისათვის მოხერხდა, იყო ის, რომ ის მეორე გადაცემა, რომელიც დაფინანსებული იყო ამ ორგანიზაციის მიერ, არ გაუშვიათ.
12. ი. დიასამიძემ დასძინა, რომ უკვე აღებული პროექტები, თანაბარ სუბიექტებს შორის წარმოშობს ვალდებულებას, რაც არის პროექტით გათვალისწინებული და რისი შესრულების ვალდებულებაც გააჩნიათ. გარდა კანონის დაცვისა, უკვე აღებული ვალდებულებების შესრულებისათვისაც სჭირდებათ გარკვეული დრო. ი. დიასამიძემ აღნიშნა, რომ მაუწყებელმა შესაძლებლობის ფარგლებში დაიცვა კანონი. ამდენად, მიაჩნია, რომ ეს არ უნდა გახდეს სამართალდამრღვევად ცნობის საფუძველი, მასზე არ უნდა გავრცელდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლი. გარდა ამისა, მხედველობის მიღმა არ უნდა დარჩეს ისიც, რომ ეს არის ახალი კანონმდებლობა, ახალი რეგულირება და მას ამოქმედებისათვის და მოქმედებისათვის იმაზე მეტი დრო სჭირდება, ვიდრე აპრილიდან ივნისამდე პერიოდია. მათთვის ცნობილია, რომ ეს გადაწყვეტილება ვერ მიექცევა აღსასრულებლად, იმიტომ რომ კანონმდებლობა შეიცავს მსგავსი სახის დათქმას. მაგრამ სამომავლოდაც, ორგანიზაციებს ესაჭიროებათ იმაზე მეტი დრო, ვიდრე კანონმდებლობითაა განსაზღვრული.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
13. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
14. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი;
15. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ფუნქციებია მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;
16. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და მის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა;
17. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის 11 პუნქტის თანახმად, აკრძალულია მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების (ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის) მიღება (გარდა კომერციული რეკლამისა, ტელეშოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა). ამასთანავე, აკრძალულია უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა) ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან/და თანადაფინანსება;
18. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის 12 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისთვის უცხოური ძალა არის: ა) უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი; ბ) ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე; გ) იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული; დ) ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის ისეთი გაერთიანება, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული.
19. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს;
20. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად „კომისიის მიერ გაგზავნილი ყოველგვარი შეტყობინება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება მატერიალური ან ელექტრონული რეგისტრირებული საფოსტო გზავნილის მეშვეობით. მატერიალური საფოსტო გზავნილი იგზავნება დამტარებლის ან საფოსტო მომსახურების განმახორციელებელი პირის მეშვეობით“. ხოლო ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად „კორესპოდენციის ელექტრონული გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში, დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების, როგორც პირდაპირ, აქტიურად გამოხატული ქმედებით, ასევე, ავტომატური საშუალებით დადასტურების შემთხვევაშიც“;
21. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი 765 მუხლის თანახმად, მაუწყებლის მიერ ამ კანონის 65-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 661 მუხლის 11 პუნქტის მოთხოვნების 2025 წლის 1 ივნისამდე დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს ამ კანონით დადგენილი წესით. კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს შეუფარდოს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სანქცია, რომელიც აღსასრულებლად არ მიექცევა. მაუწყებლის მიერ ამ კანონის 65-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 661 მუხლის 11 პუნქტის მოთხოვნების 2025 წლის 1 ივნისის შემდეგ დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს და მაუწყებელს შესაბამის სანქციას შეუფარდებს კანონით დადგენილი წესით.
III. სამოტივაციო ნაწილი
1. შესწავლილი მტკიცებულებები
22. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 25-10-2117, 30.09.2025);
23. კომისიის 2025 წლის 27 აგვისტოს წერილი (რეგისტრაციის ნომერი Nგ-25-04/2057);
24. ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმამ“ 2025 წლის 1 სექტემბრის N 21-25 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/3673, თარიღი: 02.09.2025) თანდართული დოკუმენტაციით (”Deutsche Welle“-სა (DE123052407) და ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება, ინვოისი და ანგარიშგება);
25. 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7-ში მაუწყებლების მიერ შევსებული ინფორმაცია;
26. კომისიის შეტყობინება (Nგ-25-03/2371,06/10/2025) სხდომაზე მოწვევის თაობაზე და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
27. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის“ შესახებ მონაცემები;
28. ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის“ წარმომადგენლების კ. მამედოვას და ი. დიასამიძის ახსნა-განმარტებები მიცემული კომისიის 2025 წლის 9 ოქტომბრის სხდომაზე.
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
29. ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“ წარმოადგენს რადიომაუწყებელს (რადიომაუწყებლობის B190 ლიცენზია).
მტკიცებულება: მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის” შესახებ; „ა(ა)იპ”ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმისთვის” მარნეულის მუნიციპალიტეტში სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ” კომისიის 2016 წლის N608/1 გადაწყვეტილება.
30. კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7-ში მაუწყებლების მიერ შევსებული ინფორმაციის მონიტორინგისას გამოვლინდა, რომ 2025 წლის მე-2 კვარტალში რადიომაუწყებელი - ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა” მაუწყებლის ერთ-ერთ დაფინანსების წყაროდ, ფიზიკური/იურიდიული პირის ველში უთითებს ”DEUTSCHE WELLE ANSTALT DESOEFFENTLICHEN RECHTS“ (DE123052407), ხოლო მომსახურების სახედ მონიშნულია კატეგორია - „სხვა“;
მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N25-10-2117, 30.09.2025);კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7- ში მაუწყებლების მიერ შევსებული ინფორმაცია;
31. „Deutsche Welle“ (DE123052407), რომელიც მდებარეობს შემდეგ მისამართზე: Kurt-Schumacher- Straße 3, 53113 ბონი, გერმანია, მიეკუთვნება ისეთი ორგანიზაციულ წარმონაქმნს (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის ისეთ გაერთიანებას, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული. ამასთან, „Deutsche Welle“ (DE123052407) წარმოადგენს ისეთ ორგანიზაციას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული. ამდენად, „Deutsche Welle“ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, წარმოადგენს უცხოურ ძალას.
მტკიცებულება: ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმას“ 2025 წლის 1 სექტემბრის N21-25 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/3673, თარიღი: 02.09.2025) თანდართული დოკუმენტაციით (მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება); მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან მონაცემები; კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7-ში მაუწყებლების მიერ შევსებული ინფორმაცია;
32. ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან და ანგარიშგების ფორმა 1.7-ში შევსებული ინფორმაციის თანახმად, ა(ა)იპ ნ„ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმამ” “DEUTSCHE WELLE ANSTALT DESOEFFENTLICHEN RECHTS”-სგან (DE123052407) 2025 წლის აპრილის თვეში შემოსავლის სახით 7,821.60 ლარი მიიღო. ამდენად, ადგილი აქვს მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი დაფინანსების მიღებას.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N25-10-2117, 30.09.2025) თანდართული დოკუმენტაციით (ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის“ 2025 წლის 1 სექტემბრის N21-25 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/3673, თარიღი: 02.09.2025) თანდართული დოკუმენტაციით (ხელშეკრულება, ინვოისი და ანგარიშგება); კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7- ში მაუწყებლების მიერ შევსებული ინფორმაცია;
33. ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.
მტკიცებულება: მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის” შესახებ.
3. სამართლებრივი შეფასება
34. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2025 წლის 1 აპრილს განხორციელებული ცვლილებით (დოკუმენტის ნომერი: 407-IIმს-XIმპ) აიკრძალა მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების (ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის) მიღება (გარდა კომერციული რეკლამისა, ტელეშოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა). ამასთან, აიკრძალა უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა) ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან/და თანადაფინანსება. ამასთან, შესული ცვლილების მიზნებისთვის, განისაზღვრა უცხოური ძალა, რომელსაც წარმოადგენენ: ა) უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი; ბ) ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე; გ) იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული; დ) ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის ისეთი გაერთიანება, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული.
35. საკანონმდებლო დონეზე მაუწყებლის დაფინანსების წესის ახლებურად განსაზღვრა ემსახურება მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისაგან მიღებული დაფინანსების შეზღუდვას უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის საშუალებით საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის შემცირების უზრუნველყოფის მიზნით, გამომდინარე იქიდან, რომ მაუწყებლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სანდოობის მაღალი ხარისხით სარგებლობს და შეუძლია მოახდინოს მნიშვნელოვანი ზეგავლენა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე (იხ. საქართველოს კანონის პროექტზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დართული განმარტებითი ბარათი (N07-3/30/11).
36. ამდენად, 2025 წლის 1 აპრილიდან კანონით აკრძალულია მაუწყებლის მიერ უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტისგან, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირისგან, ისეთი იურიდიული პირისგან, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული და ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნისგან ან პირთა სხვა სახის ისეთი გაერთიანებისგან, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული, პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება (გარდა კომერციული რეკლამისა, ტელეშოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა). ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“, როგორც მაუწყებელი, ვალდებულია დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აღნიშნული მოთხოვნა.
37. კომისიის მიერ დადგინდა, რომ ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმამ“ “DEUTSCHE WELLE ANSTALT DESOEFFENTLICHEN RECHTS”-სგან (DE123052407) შემოსავლის/დაფინანსების სახით 7,821.60 ლარი მიიღო. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების, ასევე, სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7-ში მაუწყებლების მიერ შევსებული ინფორმაციის თანახმად, 2025 წლის მე-2 კვარტალში (აპრილი, მაისი, ივნისი) ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“ მაუწყებლის ერთ-ერთ დაფინანსების წყაროდ, ფიზიკური/იურიდიული პირის ველში უთითებს „DEUTSCHE WELLE ANSTALT DESOEFFENTLICHEN RECHTS“ (DE123052407), ხოლო მომსახურების სახედ მონიშნულია კატეგორია - „სხვა“. შესაბამისად, სახეზეა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 661 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული წესის დარღვევა. ამავდროულად, არ იკვეთება 661 მუხლის 11 პუნქტებით გათვალისწინებული არცერთი საგამონაკლისო შემთხვევის არსებობა.
38. ამდენად, ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის“ მიერ უცხოური ძალის - „DEUTSCHE WELLE ANSTALT DESOEFFENTLICHEN RECHTS“-გან (DE123052407 პირდაპირი დაფინანსების მიღებით მაუწყებლის მიერ დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის 11 პუნქტი, რაც მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს.
4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები
39. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 71-ე მუხლის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.
40. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 765 მუხლის თანახმად, ,,მაუწყებლის მიერ ამ კანონის 65-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 661 მუხლის 11 პუნქტის მოთხოვნების 2025 წლის 1 ივნისამდე დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს ამ კანონით დადგენილი წესით. კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს შეუფარდოს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სანქცია, რომელიც აღსასრულებლად არ მიექცევა. მაუწყებლის მიერ ამ კანონის 65-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 661 მუხლის 11 პუნქტის მოთხოვნების 2025 წლის 1 ივნისის შემდეგ დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს და მაუწყებელს შესაბამის სანქციას შეუფარდებს კანონით დადგენილი წესით“.
41. ამრიგად, დადგენილია, რომ ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის“ მხრიდან დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 661 მუხლის 11 პუნქტი. აღსანიშნავია, რომ ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა. შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამავე კანონის 661 მუხლის 11 პუნქტის დარღვევისათვის ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმას“ უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.
42. ამასთან, ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმას“ უნდა დაევალოს უცხოური ძალისგან -„DEUTSCHE WELLE ANSTALT DESOEFFENTLICHEN RECHTS“-სგან (DE123052407) დაფინანსების მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 661 მუხლის 11 პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, 765 მუხლისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-16 მუხლის მე-5 და მე-9 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმას“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის 11 პუნქტის დარღვევის გამო;
2. ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმას“ დაევალოს უცხოური ძალისაგან - “DEUTSCHE WELLE ANSTALT DESOEFFENTLICHEN RECHTS”-სგან (DE123052407) დაფინანსების მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,№64) ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმისთვის“ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
6. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (თ.გოშუა) ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
7. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
