შპს „ინექსფონისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ავტორიზებული
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 06, 2025 14:18
მიღების თარიღი იანვარი 30, 2025
შპს „ინექსფონისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ავტორიზებული პირი: შპს ინექსფონი“
სამართალდარღვევა: საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილების დანართის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის დარღვევა.
წარმოების დაწყების საფუძველი: სსიპ ,,საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ,,112“ -ის წერილი (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში რეგისტრაციის N შ-24-3/5315;10.12.24).
კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 30 იანვარი, 15:00 საათი.
I.აღწერილობითი ნაწილი
1.სსიპ ,,საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ,,112“-ის (შემდგომში - ,,112“) წერილის საფუძველზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (შემდგომში - კომისია) დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ინექსფონის“ მიერ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადებით“ გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის საკითხის განხილვის თაობაზე.
2. ,,112“-ის წერილის მიხედვით, კომისიის რეგულირებას დაქვემდებარებული პირი, შპს „ინექსფონი“ (ს/კ 204545000) არ ახორციელებს აბონენტებისგან ამოღებული თანხის ჩარიცხვას დადგენილ ვადებში საქართველოს მთავრობის 2019მ წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებით დამტკიცებულიმ ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების“ შესაბამისად. შპს ,,ინექსფონს“ ჩასარიცხი აქვს
2023 – 2024 წლებში ანონენტებისაგან ამოღებული მომსახურების საფასური 26 655.6 ლარის ოდენობით. კერძოდ: 2023 წლის ოქტომბრის 2413.6 ლარი; 2023 წლის ნოემბრის 2537.6 ლარი; 2024 წლის თებერვლის 2492.4 ლარი; 2024 წლის მარტის 2552.8 ლარი; 2024 წლის აპრილის 2653.6 ლარი;
2024 წლის მაისის 2582.8 ლარი; 2024 წლის ივნისის 2655.6 ლარი; 2024 წლის ივლისის 2,699.2 ლარი;
2024 წლის აგვისტოს 2647.2 ლარი; 2024 წლის სექტემბრის 1686.4 ლარი; 2024 წლის ოქტომბრის 1,734.4 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ,,112“ კომისიისგან ითხოვს რეაგირებას საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების“ მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად.
3.2014 წლის 31 დეკემბერს, შპს ,,ინექსფონმა“ კომისიაში წარმოადგინა შპს ,,ინექსფონის“ 2024 წლის 31 დეკემბრის წერილობითი მიმართვა ,,112“-სადმი (კომისიაში რეგისტრაციის N: შ-24-6/5643, 31.12.24), სადაც ის აღიარებს ,,112“-ის მიმართ არსებულ ფინანსურ ვალდებულებას 27 197.60 ლარის ოდენობით და მიუთითებს, რომ აღნიშნულ დავალიანებას დაფარავს 2025 წლის განმავლობაში ყოველთვიურად, თანაბარი განაწილებით, მიმდინარე ვალდებულებასთან ერთად. ასევე წარმოადგინა, მასსა და ,,112“-ს შორის 2024 წლის 25 დეკემბერს გაფორმებული შედარების აქტი (კომისიაში რეგისტრაციის N შ-24-6/5643, 31.12.24), რომლის მიხედვით, შპს ,,ინექსფონის“ ფინანსური ვალდებულება (აბონენტებისგან ამოღებული თანხა) ,,112“-ის მიმართ 2024 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს 27 197.60 ლარს, რასაც მხარეები ადასტურებენ ხელმოწერით.
4.2025 წლის 13 იანვარს შპს ,,ინექსფონმა“ კომისიაში წარმოადგინა 2025 წლის 10 იანვრის N 1736509904 და N 1736510398 საგადასახადო დავალებები შპს ,,ინექსფონის“ მიერ 2024 წლის დეკემბრის (826 ლარი) და 2023 წლის ოქტომბრის (2413 ლარი) დავალიანებების დაფარვის შესახებ.
5.2025 წლის 21 იანვარს ,,112“-მა კომისიაში წარმოადგინა წერილი (N შ-25-6/192, 21.01.25), რომლის მიხედვით, 2025 წლის 21 იანვრის მდგომარეობით შპს „ინექსფონს“ ,,112“-სთვის არა აქვს ჩარიცხული აბონენტებისგან ამოღებული „112“-ის მომსახურების საფასური 24 784 ლარის ოდენობით. მხარეებს შორის 2024 წლის 25 დეკემბერს გაფორმებული შედარების აქტის საფუძველზე შპს ,,ინექსფონი“ აღიარებს დავალიანებას, ხოლო 2024 წლის 31 დეკემბრის წერილით ,,112“ -ს ატყობინებს, რომ დავალიანებას დაფარავს 2025 წლის განმავლობაში, ყოველთვიური თანაბარი გადანაწილებით, მიმდინარე დავალიანებასთან ერთად. შედარების აქტის გაფორმების შემდეგ შპს „ინექსფონმა“ დავალიანების დაფრვის მიზნით განახორციელა ორი ჩარიცხვა, ჯამურად 3 239,60 ლარის ოდენობით.
6.შპს „ინექსფონისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2025 წლის 30 იანვარი, 15:00 საათი. აღნიშნულის შესახებ შპს „ინექსფონს“ გაეგზავნა შეტყობინება (Nგ-25-03/84, 20.01.25) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. კომპანიას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.
7.კომისიის 2024 წლის 30 იანვრის სხდომაზე, „112“-ის წარმომადგენელმა, ეკონომიკური სამმართველოს უფროსმა გ. ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ ,,112“-ის მიმართ შპს ,,ინექსფონს“ გააჩნია ,,112“-ის მომსახურების საფასურის დავალიანება 24 784 ლარის ოდენობით. ამასთან, აღნიშნა, რომ წინააღმდეგი არ არიან შპს „ინექსფონის“ წინადადების, რომ არსებულ დავალიანებას დაფარავენ ეტაპობრივად, მიმდინარე დავალიანებასთან ერთად, 2025 წლის განმავლობაში, ხოლო გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, დამატებით მიმართავენ კომისიას.
8.კომისიის 2025 წლის 30 იანვრის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „ინექსფონის“ წარმომადგენელი. კომპანიას კომისიის შეტყობინება ჩაბარდა 2025 წლის 20 იანვარს. ვინაიდან, კომისიის მიერ შესრულებული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით მისთვის დაკისრებული ვალდებულება - დაინტერესებული პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უზრუნველყოფის თაობაზე, კომისიამ საკითხი განიხილა შპს „ინექსფონის“ წარმომადგენლის დასწრების გარეშე.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
9.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.
10.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
11.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.
12.საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112’’-ის მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112’’-ის მომსახურების საფასურის (შემდგომში – საფასური) გადამხდელები არიან ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის აბონენტი და მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტი (შემდგომში – აბონენტი).
13.საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საფასური შეადგენს: ა) ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის აბონენტის სააბონენტო ნომერზე ყოველ კალენდარულ თვეში, მიუხედავად აბონენტად გახდომის რიცხვისა, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის (მათ შორის, დაწესებულებებისთვის) – 0.40 ლარს; ბ) მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტის სააბონენტო ნომერზე ყოველ კალენდარულ თვეში, მიუხედავად აბონენტად გახდომის რიცხვისა, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის (მათ შორის, დაწესებულებებისთვის) – 0.40 ლარს.
14.საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საფასური გადაიხდევინება ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის აბონენტის შემდეგ სააბონენტო ნომერზე, რომელსაც: ა) ერიცხება სააბონენტო გადასახდელი და რომელიც კალენდარული თვის განმავლობაში ერთხელ მაინც იყო ორმხრივად ჩართული; ბ) არ ერიცხება სააბონენტო გადასახდელი, მაგრამ რომლითაც კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელდა ფასიანი მომსახურების შეძენა ან ფასიანი მომსახურებით სარგებლობა; გ) სატელეკომუნიკაციო მომსახურების პაკეტის შეძენისას ან პაკეტით სარგებლობისას, თუ ამ პაკეტით მიწოდებული სააბონენტო ნომრის მეშვეობით კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელდა ფასიანი მომსახურების შეძენა ან ფასიანი მომსახურებით სარგებლობა.
15.საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების“ მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საფასური გადაიხდევინება თითოეულ სააბონენტო ნომერზე, რომლითაც კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელდა ჯამში 5 ლარზე მეტი ღირებულების მომსახურების შეძენა ან მომსახურებით სარგებლობა.
16.საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებით დამტკიცებული მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული საფასურის ამოღებას უზრუნველყოფს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი პირი (შემდგომში – მომსახურების მიმწოდებელი), ამ დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
17.საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების“ მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი მომდევნო თვის არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ განსაზღვრული ფორმითა და შინაარსით წარუდგინოს მას საფასურის დარიცხვასა და გადახდასთან დაკავშირებული ინფორმაცია სააბონენტო ნომრების მიხედვით, ხოლო მე-7 პუნქტის შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი მომდევნო თვის არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა იმ დროისთვის გადახდილი/ამოღებული საფასური სრულად ჩარიცხოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მიერ წინასწარ განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე.
18.საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების“ მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებლის მიერ მისთვის ამ დადგენილებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას აკონტროლებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.
III. სამოტივაციო ნაწილი
1. შესწავლილი მტკიცებულებები
19. ,,112“-ის წერილი კომისიას (კომისიაში რეგისტრაციის N: შ-24-3/5315; 10.12.2024).
20.შპს ,,ინექსფონის“ 2024 წლის 31 დეკემბრის წერილი ,,112“-ს (კომისიაში რეგისტრაციის N: შ-24-6/5623, 31.12.24).
21.შპს ,,ინექსფონსა“ და ,,112“-ს შორის 2024 წლის 25 დეკემბერს გაფორმებული შედარების აქტი (კომისიაში რეგისტრაციის N: შ-24-6/5623, 31.12.24).
22.2025 წლის 10 იანვრის N1736509904 და N1736510398 საგადასახადო დავალებები შპს ,,ინექსფონის“ მიერ დავალიანების ნაწილის დაფარვის შესახებ.
23.შპს „ინექსფონისთვის“ გაგზავნილი შეტყობინება (N გ-25-03/84, 20.01.25) კომისიის 2025 წლის 30 იანვრის სხდომაზე მოწვევის შესახებ; კომისიაში ელექტრონულ ფოსტით გამოგზავნილი წერილი შეტყობინების ჩაბარების შესახებ.
24.,,112“-სთვის გაგზავნილი შეტყობინება (Nგ-25-03/83, 20.01.25) კომისიის 2025 წლის 30 იანვრის სხდომაზე მოწვევის შესახებ.
25.,,112“-ის წერილი კომისიას (N შ-25- 6/192, 21.01.25).
26.მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ინექსფონის“ შესახებ მონაცემები.
27.კომისიის 2025 წლის 30 იანვრის სხდომაზე ,,112“-ის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული ახსნა- განმარტება.
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
28.შპს „ინექსფონი“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირია.
მტკიცებულება: მონაცემი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ინექსფონის“ შესახებ.
29.შპს ,,ინექსფონის“ მიერ ,,112“-სთვის 2024 წლის 31 დეკემბერს მიწერილი წერილისა და შპს ,,ინექსფონსა“ და ,,112“-ს შორის 2024 წლის 25 დეკემბერს გაფორმებული შედარების აქტის მიხედვით, შპს ,,ინექსფონს“, 2024 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით, ,,112“-სთვის არ აქვს ჩარიცხული აბონენტებისაგან ამოღებული „112“-ის მომსახურების საფასური 27 197.60 ლარის ოდენობით. 2024 წლის 31 დეკემბერს ,,112“-სთვის მიწერილ წერილში შპს ,,ინექსფონი“ აღიარებს ,,112“-ის მიმართ არსებულ ფინანსურ ვალდებულებას, რომლის ნაწილი 3239 ლარის ოდენობით დაფარა 2025 წლის 10 იანვარს და ,,112“-ს ატყობინებს, რომ დარჩენილ დავალიანებას დაფარავს 2025 წლის ბოლომდე, ყოველთვიური თანაბარი გადანაწილებით.
მტკიცებულება: შპს ,,ინექსფონის“ 2024 წლის 31 დეკემბრის წერილი ,,112“-ს; შპს ,,ინექსფონსა“ და ,,112“-ს შორის 2024 წლის 25 დეკემბერს გაფორმებული შედარების აქტი (კომისიაში რეგისტრაციის N შ-24-6/5643, 31.12.24); ,,112“-ის 2025 წლის 21 იანვრის წერილი კომისიას (N შ-25- 6/192, 21.01.25); 2025 წლის 10 იანვრის N1736509904 საგადასახადო დავალება შპს ,,ინექსფონის“ მიერ 2024 წლის დეკემბრის დავალიანების დაფარვის შესახებ; 2025 წლის 10 იანვრის N1736510398 საგადასახადო დავალება შპს ,,ინექსფონის“ მიერ 2023 წლის ოქტომბრის დავალიანების დაფარვის შესახებ; კომისიის 2025 წლის 30 იანვრის სხდომაზე ,,112“-ის წარმომადგენლის მიერ მიცემული ახსნა- განმარტება.
30.კომისიის 2024 წლის 30 იანვრის სხდომას ესწრებოდა „112“-ის წარმომადგენელი, ,,112“-ის ეკონომიკური სამმართველოს უფროსი გ. ნაცვლიშვილი, რომელმაც დაადასტურა, რომ ,,112“-ის მიმართ შპს ,,ინექსფონის“ დარჩენილი დავალიანება შეადგენს 24 784 ლარს. ამასთან განაცხადა, რომ წინააღმდეგი არ არიან შპს „ინექსფონმა“ არსებული დავალიანება დაფაროს ეტაპობრივად, მიმდინარე დავალიანებასთან ერთად, 2025 წლის განმავლობაში. შპს ,,ინექსფონის’ მიერ გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, დამატებით მიმართავენ კომისიას.
მტკიცებულება: კომისიის 2025 წლის 30 იანვრის სხდომაზე ,,112“-ის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი პოზიცია.
31.შპს ,,ინექსფონის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.
მტკიცებულება: მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ინექსფონის“ შესახებ.
3. სამართლებრივი შეფასება
32.როგორც აღინიშნა, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, მთავრობის დადგინილებები.
33.საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების“ მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი მომდევნო თვის არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა იმ დროისთვის გადახდილი/ამოღებული საფასური სრულად ჩარიცხოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მიერ წინასწარ განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე. ამავე დროს, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების“ მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებლის მიერ მისთვის ამ დადგენილებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას აკონტროლებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.
34.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ინექსფონის“ მიერ აბონენტებისგან ამოღებული „112“-ის მომსახურების საფასურის ,,112“-ის საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხველობით დარღვეულია საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებით დამტკიცებული მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების“ მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი, რაც, მისი სანქცირების საფუძველია.
4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები
35.საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების“ მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებლის მიერ მისთვის ამ დადგენილებით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.
36.,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.
37.როგორც დადგინდა, შპს „ინექსფონის“ მიერ დარღვეულია საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების“ მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი, ამასთან, კომპანიას, ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე/ანალოგიური ხასიათის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა არ დაკისრებია. აქედან გამომდინარე, კანონმდებლობის შესაბამისად, შპს ,,ინექსფონს“ უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება. ამასთან, დარღვევის აღმოფხვრის მიზნით შპს „ინექსფონს“ უნდა დაევალოს ,,112“-ის მიმართ არსებული დავალიანების დაფარვა 2025 წლის ბოლომდე, ყოველთვიური თანაბარი განაწილებით.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების“ მე-2 და მე-3 მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.შპს „ინექსფონს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების“ მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის დარღვევის გამო.
2.შპს ,,ინექსფონმა“ უზრუნველყოს წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების დღისთვის მომსახურების საფასურის 24 784 ლარის ოდენობით ჩარიცხვა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მიერ წინასწარ განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე 2025 წლის ბოლომდე, ყოველთვიური თანაბარი გადანაწილებით.
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი№64) შპს „ინექსფონისთვის“ და სსიპ ,,საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-სთვის გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
4.გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „ინექსფონისთვის“ და სსიპ ,,საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-სთვის ჩაბარების დღიდან.
5.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (მ.შ ნ.შოვნაძე) გადაწყვეტილების შპს „ინექსფონისთვის“ და სსიპ ,,საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
6.კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე, სსიპ ,,საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ წარმოდგენილი წერილობითი ინფორმაციის მიხედვით, დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (მ.შ. ნ. შოვნაძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
