შპს „ზანეტის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 15, 2025 12:24
მიღების თარიღი დეკემბერი 04, 2025
შპს „ზანეტის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე
ავტორიზებული პირი: შპს „ზანეტი“
სამართალდარღვევა: „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევა
წარმოების დაწყების საფუძველი: ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წერილი (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/4879, 01.12.25)
კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 4 დეკემბერი, 15:00 საათი.
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (შემდგომში-კომისია) ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში - სამსახური) წერილის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/4879,01.12.25) საფუძველზე, დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ზანეტის“ მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის საკითხის განხილვის თაობაზე.
2. სამსახურის წერილის მიხედვით, კომისიის რეგულირებას დაქვემდებარებულ რიგ სუბიექტებს, მათ შორის, შპს „ზანეტს“ სამსახურისთვის არ წარუდგინია 2024 წლის საანგარიშგებო პერიოდის ანგარიშგება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
3. შპს „ზანეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების განხილვა დაინიშნა კომისიის სხდომაზე 2025 წლის 4 დეკემბერს, 15:00 საათზეა, რის შესახებ კომპანიას გაეგზავნა შეტყობინება, მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.
4. კომისიის 2025 წლის 4 დეკემბრის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ზანეტის“ წარმომადგენელი რ. ეგაძე.
5. კომისიის 2025 წლის 4 დეკემბრის სხდომას ასევე ესწრებოდა სამსახურის წარმომადგენელი გ. ჯმუხაძე, რომელმაც განმარტა, რომ შპს „ზანეტმა“ 2024 წლის 4 დეკემბერს სამსახურს წარუდგინა 2024 წლის საანგარიშგებო პერიოდის ანგარიშგება, რომელიც გასაჯაროვდა სამსახურის ელექტრონულ პორტალზე.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
6. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „სუბიექტი (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა) ვალდებულია მისთვის ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), მმართველობის ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა ერთად, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა, წარუდგინოს სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით“.
7. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „მეოთხე კატეგორიის საწარმოები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებას აწარმოებენ სამსახურის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა“.
8. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ამ კანონისა და მის საფუძველზე მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის მოთხოვნების დარღვევისათვის მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს რეგულირებისადმი/ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის მიმართ გამოსაყენებელ სანქციებს განსაზღვრავს შესაბამისი მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო“.
9. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჯ“ ქვეპუნქტის მიხედვით, „მარეგულირებელი ორგანო განმარტებულია როგორც „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, საქართველოში მოქმედი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო“.
10. „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „საქართველოში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს მიეკუთვნება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია“.
11. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „სამსახური ვალდებულია ამ კანონის,„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნების დარღვევისათვის ერთდროულად ან/და ცალ-ცალკე, თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე – არათანამიმდევრულად, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, სდპ-ის, პირველი, მეორე, მესამე ან მეოთხე კატეგორიის საწარმოს მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები: დ.ა) წერილობითი გაფრთხილება; დ.ბ) ფულადი ჯარიმა; დ.გ) სდპ-ის შემთხვევაში − მისი მმართველობითი ორგანოს წევრისთვის სდპ-ში ამ კანონით გათვალისწინებული თავისი ფუნქციების შესრულების დროებით, არაუმეტეს 3 წლით აკრძალვა“.
12. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ამ კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების წარმოებისა და კონსოლიდაციის წესების, მე-7 მუხლის, მე-8 მუხლის, მე-9 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებისა და მე-16 მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობა ან/და აუდიტორული შემოწმების ჩატარებისათვის თავის არიდება გამოიწვევს სუბიექტის დაჯარიმებას: ა) მეოთხე კატეგორიის საწარმოსი – 500 ლარის ოდენობით; ბ) მესამე კატეგორიის საწარმოსი – 1 000 ლარის ოდენობით; გ) მეორე კატეგორიის საწარმოსი – 5 000 ლარის ოდენობით; დ) პირველი კატეგორიის საწარმოსი და სდპ-ისა – 10 000 ლარის ოდენობით“;
13. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის სამსახურმა შეიძლება სუბიექტის მიმართ ფულადი ჯარიმის ნაცვლად წერილობითი გაფრთხილება გამოიყენოს. სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს 1 თვეზე ნაკლები, სუბიექტის მიერ წერილობითი გაფრთხილებით დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობამ შესაძლებელია გამოიწვიოს სუბიექტის დაჯარიმება. სუბიექტის მიერ ფულადი ჯარიმის დაკისრებისას დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობამ შესაძლებელია გამოიწვიოს სუბიექტისთვის დაკისრებული ფულადი ჯარიმის ოდენობის გაორმაგება. სუბიექტის მიერ ზედიზედ ორ საანგარიშგებო პერიოდში ანგარიშგების წარუდგენლობის შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია სუბიექტისთვის გაორმაგებული ფულადი ჯარიმის დაკისრების შემდეგ იგი დააჯარიმოს აგრეთვე საწარმოს კატეგორიისთვის განსაზღვრული ჯარიმის ხუთმაგი ოდენობით“.
14. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია ამ კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენა. ამ შემთხვევაში უფლებამოსილი პირი აღნიშნული საქმის განხილვის შედეგებზე დაყრდნობით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს“.
15. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად „კომისიის მიერ გაგზავნილი ყოველგვარი შეტყობინება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება მატერიალური ან ელექტრონული რეგისტრირებული საფოსტო გზავნილის მეშვეობით. მატერიალური საფოსტო გზავნილი იგზავნება დამტარებლის ან საფოსტო მომსახურების განმახორციელებელი პირის მეშვეობით“. ხოლო, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, „კორესპონდენციის ელექტრონული გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში, დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების, როგორც პირდაპირ, აქტიურად გამოხატული ქმედებით, ასევე, ავტომატური საშუალებით დადასტურების შემთხვევაშიც“.
III. სამოტივაციო ნაწილი
1. შესწავლილი მტკიცებულებები
16. კომისიაში წარდგენილი სამსახურის წერილები თანდართული დოკუმენტაციით (კომისიაში რეგისტრაცია: Nშ-25-6/4879, 01.12.25; Nშ-25-6/4437, 23.10.25).
17. შპს „ზანეტისთვის“ გაგზავნილი შეტყობინება კომისიის 2025 წლის 4 დეკემბრის სხდომაზე მოწვევის შესახებ.
18. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ზანეტის“ შესახებ მონაცემები.
19. კომისიის 2025 წლის 4 დეკემბრის სხდომაზე სამსახურის წარმომადგენლის გ. ჯმუხაძის მიერ გაკეთებული განმარტება.
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
20. შპს „ზანეტი“ არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი. მტკიცებულება: კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ზანეტის“ შესახებ მონაცემები.
21. შპს „ზანეტი“ არის IV კატეგორიის საწარმო.
მტკიცებულება: სამსახურის 2025 წლის პირველი დეკემბრის N16/84573 წერილი კომისიას თანდართული დოკუმენტაციით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/4879; 01.12.2025).
22. 2025 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით და ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დღისთვის შპს „ზანეტს“ სამსახურისთვის არ წარუდგენია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული 2024 წლის საანგარიშგებო პერიოდის ანგარიშგება.
მტკიცებულება: სამსახურის წერილი კომისიას თანდართული დოკუმენტაციით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/4879, 01.12.25);
23. 2025 წლის 4 დეკემბერს შპს „ზანეტმა“ სამსახურს წარუდგინა 2024 წლის ანგარიშგება, კანონით დადგენილი წესით, შესაბამისად, შპს „ზანეტის“ ანგარიშგება გასაჯაროვებულია სამსახურის ანგარიშგების ელექტრონულ პორტალზე.
მტკიცებულება: სამსახურის წარმომადგენლის მიერ კომისიის 2025 წლის 4 დეკემბრის სხდომაზე გაკეთებული განმარტება.
3. სამართლებრივი შეფასება
24. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შპს „ზანეტი“ ვალდებულია ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა, წარუდგინოს სამსახურს, კანონით დადგენილი წესით.
25. შპს „ზანეტის“ მიერ, სამსახურში „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული 2024 წლის საანგარიშო პერიოდის ანგარიშგების არაუგვიანეს 2025 წლის პირველ ოქტომბრამდე წარუდგენლობით, დარღვეულია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი, რაც „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, კომისიის მიერ აღნიშნული სუბიექტის სანქცირების საფუძველია.
26. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევისთვის მეოთხე კატეგორიის საწარმოს მიმართ სანქციის სახით შესაძლოა გამოყენებულ იქნას, მათ შორის, წერილობითი გაფრთხილება. ასევე, ამავე კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შეუსრულებლობა გამოიწვევს მეოთხე კატეგორიის საწარმოს 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას. ამავე კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი „ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის სამსახურმა შეიძლება სუბიექტის მიმართ ფულადი ჯარიმის ნაცვლად წერილობითი გაფრთხილება გამოიყენოს“.
4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები
27. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ამასთანავე, ამავე კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას დაცული უნდა იქნას საჯარო და კერძო ინტერესების ბალანსი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით.
28. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე მუხლის თანახმად, ორგანოს, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს წყვეტს, შეუძლია შემამსუბუქებლად მიიჩნიოს ისეთი გარემოებანიც, რომლებიც არ არის გათვალისწინებული კანონმდებლობით.
29. კომისიის მიერ დადგინდა, რომ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდეგ, 2025 წლის 4 დეკემბერს შპს „ზანეტმა“ წარადგინა ანგარიშგება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, რომელიც გასაჯაროვებულია ანგარიშგების პორტალზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ შპს „ზანეტის“ მიმართ არ იქნეს გამოყენებული სანქციის სახედ წერილობითი გაფრთხილება. შესაბამისად, შპს „ზანეტი“ ცნობილ უნდა იქნეს სამართალდამრღვევად და გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან, რითაც დაცული იქნება კანონიერებისა და პროპორციულობის პრინციპი, ასევე, მიიღწევა ის მიზანი, რაც ზოგადად გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-8 პუნქტის, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და 27-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ზანეტი“ ცნობილი იქნეს სამართალდამრღვევად „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო.
2. შპს „ზანეტი“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან.
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი№64) შპს „ზანეტისთვის“ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „ზანეტისთვის“ და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა, და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
6. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (თ. ხუხუნაიშვილი) შპს „ზანეტის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა.
7. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 და მე-6 პუნქტებისა), ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
