შპს „სტუდია მაესტროსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 15, 2025 13:14
მიღების თარიღი დეკემბერი 04, 2025
შპს „სტუდია მაესტროსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
ავტორიზებული პირი: შპს „სტუდია მაესტრო“
სამართალდარღვევა: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა
წარმოების დაწყების საფუძველი: კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N25-10-2585; 28.11.2025)
კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 4 დეკემბერი, 15:00 საათი.
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში-კომისია) მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N25-10-2585;28.11.2025) საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „სტუდია მაესტროს“ მიერ სამართალდარღვევის შესაძლო ჩადენის საკითხის განხილვის მიზნით.
2. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის საფუძველზე, საერთო მაუწყებლები ვალდებულნი არიან გადასცენ წინასაარჩევნო დებატები მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს. კომუნიკაციების კომისიის მიერ განხორციელებული მონიტორინგისას გამოვლინდა, რომ შპს „სტუდია მაესტროს“ ეთერში, 2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას წინასაარჩევნო დებატები განთავსებული არ ყოფილა.
3. 2025 წლის 28 ოქტომბერს კომისიამ წერილობით (25-04/2569) მიმართა მაუწყებელს და მოსთხოვა ინფორმაცია დებატების გამართვასთან დაკავშირებით, შესაბამის ვიდეომასალასთან ერთად, ხოლო დებატების გაუმართაობის შემთხვევაში, მაუწყებელს ეთხოვა ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზის თაობაზე შესაბამისი განმარტების წარმოდგენა. საპასუხო წერილით, მაუწყებელმა განუმარტა კომისიას, რომ პოლიტიკური დებატების ჩატარება მაუწყებლის მხრიდან მოითხოვს როგორც ტექნიკური, ისე ადამიანური რესურსების დამატებით მობილიზებას, მათ შორის შესაბამისი სტუდიის მოწყობას, რისი შესაძლებლობაც შპს „სტუდია მაესტროს“ არ გააჩნია, შესაბამისად, მაუწყებელმა ვერ უზრუნველყო კანონისმიერი ვალდებულების შესრულება.
4. შპს „სტუდია მაესტოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა კომისიაში დაინიშნა 2025 წლის 4 დეკემბერს, რის შესახებაც, შპს „სტუდია მაესტროს“ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. კომპანიას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.
5. კომისიის 2025 წლის 4 დეკემბრის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს „სტუდია მაესტროს“ წარმომადგენელი ა.ვაზაგაშვილი, რომელმაც აღიარა შპს „სტუდია მაესტროს“ მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ფუნქციებია მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება“.
7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა“.
8. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,„საერთო მაუწყებელმა უნდა გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებელმა მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს, აგრეთვე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არადისკრიმინაციულად უნდა უზრუნველყონ ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში“.
9. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,„მედიამომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული/გავრცელებული პროგრამის, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, რომლებიც მას საშუალებას აძლევს, უზრუნველყოს მის მიერ გავრცელებული პროგრამის, მომხმარებლის გენერირებული ვიდეორგოლისა და აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა“.
10. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „მედიამომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული/გავრცელებული პროგრამის, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა“.
11. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,„მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს“.
12. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართიN1) მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად „კომისიის მიერ გაგზავნილი ყოველგვარი შეტყობინება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება მატერიალური ან ელექტრონული რეგისტრირებული საფოსტო გზავნილის მეშვეობით. მატერიალური საფოსტო გზავნილი იგზავნება დამტარებლის ან საფოსტო მომსახურების განმახორციელებელი პირის მეშვეობით“, ხოლო ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, „კორესპოდენციის ელექტრონული გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების, როგორც პირდაპირ, აქტიურად გამოხატული ქმედებით, ასევე ავტომატური საშუალებით დადასტურების შემთხვევაშიც“.
III. სამოტივაციო ნაწილი
1. შესწავლილი მტკიცებულებები
13. კომისიის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N25-10-2585; 28.11.2025) თანდართული დოკუმენტაციით.
14. კომისიის წერილი (Nგ-25-04/2569 28.10.2025) შპს „სტუდია მაესტროს“;
15. შპს „სტუდია მაესტროს“ წერილი (Nშ-25-6/4567 03.11.2025) კომისიას;
16. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „სტუდია მაესტროს“ შესახებ მონაცემები.
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
17. შპს „სტუდია მაესტრო“ არის კერძო საერთო მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირი (BR-385,13.07.2012);
მტკიცებულება: ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „სტუდია მაესტროს“ შესახებ.
18. შპს „სტუდია მაესტროს“ ეთერში 2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას წინასაარჩევნო დებატები განთავსებული არ ყოფილა.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N25-10-2585; 28.11.2025); შპს „სტუდია მაესტროს“ წერილი (Nშ-25-6/456703.11.2025) კომისიას;
19. შპს „სტუდია მაესტროს“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის არცერთი სახე, მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის;
მტკიცებულება: მონაცემების კომისიის უწყებრივი რეესტრიდან.
3. სამართლებრივი შეფასება
20. შპს „სტუდია მაესტრო“, როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს ,,სტუდია მაესტრო“ ვალდებულია გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, არადისკრიმინაციულად უნდა უზრუნველყოს ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში.
21. კომისიის მიერ დადგინდა, რომ შპს „სტუდია მაესტროს“ ეთერში 2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას წინასაარჩევნო დებატები არ განთავსებულა, რითაც შპს „სტუდია მაესტროს“ მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტი.
4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები
22. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.
23. როგორც დადგინდა, შპს „სტუდია მაესტროს“ მიერ დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტი. ამასთან, კომპანიას, ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე/ანალოგიური ხასიათის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა არ დაკისრებია. აქედან გამომდინარე, კანონმდებლობის შესაბამისად, შპს „სტუდია მაესტროს“ უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.
IV. სარეზოლუციოო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 55-ე მუხლის პირველი პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. შპს „სტუდია მაესტროს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო.
2. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნების დღიდან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი№64) შპს „სტუდია მაესტროსთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ.გასვიანი) გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „სტუდია მაესტროსთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
5. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (თ. ხუხუნაიშვილი) შპს „სტუდია მაესტროსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა.
6. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
