შპს „პოსტვ“ -სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 17, 2025 15:23
მიღების თარიღი დეკემბერი 11, 2025
შპს „პოსტვ“ -სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
ავტორიზებული პირი: შპს „პოსტვ“.
სამართალდარღვევა: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტი.
წარმოების დაწყების საფუძველი: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N25-10-2591, 28.11.2025) თანდართული დოკუმენტაციით.
კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 11 დეკემბერი, 15:00 საათი.
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში-კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მედიმომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N25-10-2591, 28.11.2025) საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „პოსტ”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის მიზნით.
2. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის მიხედვით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის თანახმად, საერთო მაუწყებლები ვალდებულნი არიან გადასცენ წინასაარჩევნო დებატები მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს. დეპარტამენტის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ შპს „პოსტვ“-ის ეთერში 2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას წინასაარჩევნო დებატები განთავსებული არ ყოფილა.
3. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის თანახმად, 2025 წლის 28 ოქტომბერს კომისიამ წერილობით (№გ-25-04/2569) მიმართა მაუწყებელს აღნიშნულ საკითხზე განმარტების წარმოდგენის მიზნით. მაუწყებლის განმარტებით, მან ვერ უზრუნველყო კანონით დადგენილი ვალდებულების შესრულება იმ მიზეზით, რომ 2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდეც, საქართველოში რეგისტრირებული ოპოზიციური პარტიები ტელეკომპანია „პოსტვ“-სა და მის გუნდთან მიმართებაში გამოირჩეოდნენ სიძულვილის ენით, აგრესიით. ასევე, კომისიის წერილის პასუხად, შპს „პოსტვ“-ის 2025 წლის 31 ოქტომბრის N31/10/2025-04 წერილში (კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-6/4566, 3.11.25) აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში „პოსტვ“-ის გუნდის წარმომადგენლებს საჯაროდ გამართულ ბრიფინგებზე არ აძლევდნენ დასწრების უფლებას მპგ „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, ასევე მპგ „გახარია საქართველოსთვის“. შესაბამისად, „პოსტვ“-ის ჟურნალისტების მიმართ არსებული დამოკიდებულება, შეუძლებელს ხდიდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის თანახმად წინასაარჩევნო პერიოდში დებატების გამართვის ვალდებულების შესრულებას.
4. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ წინასაარჩევნო დებატების განუთავსებლობით შპს „პოსტვ“-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების დარღვევას და ითხოვს შემდგომ რეაგირებას.
5. შპს „პოსტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა კომისიაში დაინიშნა 2025 წლის 11 დეკემბერს, 15:00 საათზე, რის შესახებ შპს „პოსტვ“-ს გაეგზავნა შეტყობინება (Nგ-25-03/2870,08/12/2025) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მაუწყებელს, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
6. კომისიაში შემოვიდა შპს „პოსტვ“-ს 2025 წლის 11 დეკემბრის N11/12/2025-02 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6-25/5003,11.12.2025), რომლითაც კომისიის 2025 წლის 8 დეკემბრის №გ-25-03/2870 წერილის პასუხად, შპს პოსტვ-ს 2025 წლის 31 ოქტომბრით დათარიღებულ წერილში დაფიქსირებული გარემოებების დასადასტურებლად წარმოადგინეს ვიდეომასალები. წარმოდგენილი ვიდეომასალები დათარიღებულია: 29.10.2024; 14.02.2025 და 26.11.2025.
7. კომისიის 2025 წლის 11 დეკემბრის სხდომაზე გამოცხადდა შპს „პოსტვ“-ს წარმომადგენელი ნ. ელოშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ სხვადასხვა პერიოდში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ოპოზიციური პარტიები ტელეკომპანიის თანამშრომლებს არც ინტერვიუებს აძლევდნენ და არც საჯარო ბრიფინგებზე უშვებდნენ. სწორედ აღნიშნულის დასადასტურებლად კომისიას წარუდგინეს სხვადასხვა პერიოდის ვიდეომასალა. მისი თქმით, ეს გარემოებები გამორიცხავდა ოპოზიციური პარტიების დებატებზე მოწვევის შესაძლებლობას. ასევე, ნ.ელოშვილმა სხდომაზე დაადასტურა, რომ 2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას მოწვევა დებატებში მონაწილეობის შესახებ მაუწყებლის მხრიდან არ განხორციელებულა.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
8. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ფუნქციებია მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება“.
9. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჯ“ ქვეპუნატის თანახმად, საერთო მაუწყებლობა – არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა;
10. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია ,,დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა“.
11. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,საერთო მაუწყებელმა უნდა გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს“, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, ,,საერთო მაუწყებელმა მისი მომსახურების ზონაში საარჩევნო კამპანიის დროს, აგრეთვე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა წინასაარჩევნო დებატები არადისკრიმინაციულად უნდა გადასცეს. ამასთანავე, აღნიშნული მაუწყებელი ვალდებულია წინასაარჩევნო დებატებში მოიწვიოს ყველა სხვა პოლიტიკური პარტია, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში დებატებში მონაწილე პარტიის მსგავსი ან მასზე უკეთესი შედეგი აჩვენეს“.
12. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული/გავრცელებული პროგრამის, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა.
13. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს“.
14. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად „კომისიის მიერ გაგზავნილი ყოველგვარი შეტყობინება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება მატერიალური ან ელექტრონული რეგისტრირებული საფოსტო გზავნილის მეშვეობით. მატერიალური საფოსტო გზავნილი იგზავნება დამტარებლის ან საფოსტო მომსახურების განმახორციელებელი პირის მეშვეობით“, ხოლო, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად „კორესპოდენციის ელექტრონული გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში, დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების, როგორც პირდაპირ, აქტიურად გამოხატული ქმედებით, ასევე, ავტომატური საშუალებით დადასტურების შემთხვევაშიც“.
III. სამოტივაციო ნაწილი
1. შესწავლილი მტკიცებულებები
15. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N25-10-2591, 28.11.2025);
16. კომისიის 2025 წლის 28 ოქტომბრის №გ-25-04/2569 წერილი შპს ,,პოსტვ“-ის;
17. შპს „პოსტვ“-ის 2025 წლის 31 ოქტომბრის №31/10/2025-04 წერილი კომისიას (კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-6/4566, 3.11.25);
18. შპს „პოსტვ“ -სთვის გაგზავნილი კომისიის შეტყობინება (Nგ-25-03/2870,08/12/2025) კომისიის 2025 წლის 11 დეკემბრის სხდომაზე მოწვევის თაობაზე და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
19. შპს „პოსტვ“-ს 2025 წლის 11 დეკემბრის N11/12/2025-02 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6-25/5003, 11.12.2025);
20. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან მონაცემები შპს „პოსტვ“-ის შესახებ;
21. შპს „პოსტვ“-ს წარმომადგენლის, ნ. ელოშვილის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება კომისიის 2025 წლის 11 დეკემბრის სხდომაზე.
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
22. შპს „პოსტვ“ წარმოადგენს კერძო საერთო მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის ნომერი: BR-5071; ავტორიზაციის თარიღი: 21/11/2019).
მტკიცებულება: კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემები
23. შპს „პოსტვ“-ის ეთერში 2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას წინასაარჩევნო დებატები განთავსებული არ ყოფილა.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N25-10-2591, 28.11.2025); შპს „პოსტვ“-ის 2025 წლის 31 ოქტომბრის №31/10/2025-04 წერილი კომისიას (კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-6/4566, 3.11.25); შპს „პოსტვ“- ს წარმომადგენლის ნ.ელოშვილის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2025 წლის 11 დეკემბრის სხდომაზე.
24. შპს ,,პოსტვ“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.
მტკიცებულება: მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „პოსტვ“-ის შესახებ.
3. სამართლებრივი შეფასება
25. შპს „პოსტვ“ წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჯ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საერთო მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირს. შესაბამისად,„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შპს ,,პოსტვ“ ვალდებულია გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს.
26. კომისიის მიერ დადგინდა, რომ შპს „პოსტვ“-ის ეთერში 2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას წინასაარჩევნო დებატები არ განთავსებულა, რითაც შპს „პოსტვ“-ის მიერ დარღვეულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტი.
4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები
27. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.
28. როგორც დადგინდა, შპს „პოსტვ“-ის მიერ დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტი. ამასთან, კომპანიას, ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე/ანალოგიური ხასიათის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა არ დაკისრებია. აქედან გამომდინარე, კანონმდებლობის შესაბამისად, შპს ,,პოსტვ“-ის უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, 55-ე მუხლის პირველი პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-16 მუხლის მე-5 და მე-9 პუნქტების, 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „პოსტვ“-ის მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო;
2. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „პოსტვ“-ისთვის გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ.გასვიანი) გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს ,,პოსტვ“-ისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
5. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (თ.გოშუა) შპს „პოსტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
6. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გადაწყვეტილების სარეზოლუცია ნაწილის მე-4 და მე-5 პუნქტის გარდა) კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
