შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 18, 2025 16:21
მიღების თარიღი დეკემბერი 11, 2025
შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
ავტორიზებული პირი: შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“
სამართალდარღვევა: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და 70-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა
წარმოების დაწყების საფუძველი: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N25-10-2641;03.12.2025)
კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 11 დეკემბერი
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში-კომისია) აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N25-10-2641;03.12.2025) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის გამო.
2. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებით ბარათიდან ირკვევა, რომ ამავე დეპარტამენტის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ის ეთერში 2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას წინასაარჩევნო დებატები არ განთავსებულა. ამასთანავე, მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა ისიც, რომ შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ის ეთერში საზოგადოებრივ- პოლიტიკური გადაცემა არ განთავსებულა, მაშინ, როდესაც შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“ ავტორიზებული პირია საერთო ტელემაუწყებლობაზე, ხოლო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჯ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებლობა გულისხმობს არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ- პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობას.
3. მოხსენებითი ბარათის თანახმად, კომისიამ წერილებით მიმართა მაუწყებელს და მოითხოვა მისგან ახსნა-განმარტების წარმოდგენა. შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი წერილით დგინდება, რომ მაუწყებელი გადავიდა ახალ შენობაში, რომელიც საჭიროებდა გარემონტებასა და აღჭურვას. დაფინანსების ნაკლებობის გამო მაუწყებელმა ვერ მოახერხა სტუდიის მომზადება. დამატებით, ახალქალაქში არსებული პირობებიდან გამომდინარე, მაუწყებელმა ვერ მოახერხა წამყვანის მოძიება, რომელსაც შეეძლო პირდაპირი პოლიტიკური დებატების წარმართვა.
4. შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2025 წლის 11 დეკემბერი, 15:00 საათი. აღნიშნულის შესახებ შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ს გაეგზავნა შეტყობინება (Nგ-25-03/2869;08/12/2025) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. კომპანიას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.
5. კომისიის 2025 წლის 11 დეკემბრის სხდომას ესწრებოდა შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ის წარმომადგენელი ვ. ქთოიან და სომხური ენის თარჯიმანი ზ. მხითარიანი, რომელიც უზრუნველყოფდა თარგმანს ქართული ენიდან სომხურ ენაზე და პირიქით. ვ. ქთოიანის განმარტებით (თარგმანი - ზ. მხითარიანი) მაუწყებლისთვის არავის მიუმართავს როგორც დებატების, ასევე, საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების განთავსებისთვის. კომპანიამ შეიცვალა ადგილმდებარეობა და დღეის მდგომარეობით არც სტუდია აქვს და არც კადრები ჰყავს, რომელსაც პოლიტიკური დებატების გამართვა შეეძლება.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ერთ-ერთი ფუნქციაა მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება.
8. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ს1“ პუნქტის თანახმად, მედიამომსახურება არის მედიამომსახურების მიმწოდებლის სარედაქციო პასუხისმგებლობით მიწოდებული მომსახურება/განხორციელებული საქმიანობა−აუდიოვიზუალური მედიამომსახურება და რადიომაუწყებლობა. ამავე მუხლის „ს2“ პუნქტის თანახმად კი აუდიოვიზუალური მედიამომსახურება არის მედიამომსახურების მიმწოდებლის სარედაქციო პასუხისმგებლობით მიწოდებული მომსახურება, რომლის ან რომლის განუყოფელი ნაწილის ძირითადი მიზანია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით ფართო საზოგადოებისთვის პროგრამების მიწოდება მისი ინფორმირების, გართობის ან განათლების მიზნით. ასეთი აუდიოვიზუალური მედიამომსახურება არის ამ კანონით გათვალისწინებული ტელემაუწყებლობა ან გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურება, აგრეთვე აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია.
9. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი.
10. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჯ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო მაუწყებლობა არის არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ- პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა.
11. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საერთო მაუწყებელმა უნდა გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს.
12. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუქნტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა. ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაში/მის მიერ კომისიისთვის წარდგენილ ავტორიზაციის შეტყობინებაშია ასახული.
13. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული/გავრცელებული პროგრამის, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, რომლებიც მას საშუალებას აძლევს, უზრუნველყოს მის მიერ გავრცელებული პროგრამის, მომხმარებლის გენერირებული ვიდეორგოლისა და აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა.
14. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.
15. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად „კომისიის მიერ გაგზავნილი ყოველგვარი შეტყობინება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება მატერიალური ან ელექტრონული რეგისტრირებული საფოსტო გზავნილის მეშვეობით. მატერიალური საფოსტო გზავნილი იგზავნება დამტარებლის ან საფოსტო მომსახურების განმახორციელებელი პირის მეშვეობით.“. ხოლო ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად „კორესპოდენციის ელექტრონული გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში, დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების, როგორც პირდაპირ, აქტიურად გამოხატული ქმედებით, ასევე, ავტომატური საშუალებით დადასტურების შემთხვევაშიც“.
III. სამოტივაციო ნაწილი
1. შესწავლილი მტკიცებულებები
16. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N25-10-2641; 03.12.2025);
17. კომისიის 2025 წლის 28 ოქტომბრის N გ-25-04/2569 წერილი მაუწყებლებს;
18. კომისიის 2025 წლის 17 ნოემბრის N გ-25-04/2693 წერილი მაუწყებლებს;
19. შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ის პასუხი კომისიას (კომისიაში რეგისტრაციის N შ-25-6/4823;25.11.25);
20. შეტყობინება (Nგ-25-03/2869;08/12/2025) შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ს კომისიის 2025 წლის 11 დეკემბრის სხდომაზე მოწვევის შესახებ და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
21. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ის შესახებ მონაცემები;
22. შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ის საავტორიზაციო განცხადება (კომისიაში შემოსვლის N 6/3221-14; 20.05.2014);
23. შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ის წარმომადგენლის ვ.ქთოიანის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2025 წლის 11 დეკემბრის სხდომაზე.
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
24. შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“ (ს/კ 423352124) მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირია (სახე - ტელემაუწყებლობა; სახეობა - კერძო მაუწყებლობა; ქვესახეობა - B.1.2.1 საერთო ტელემაუწყებლობა).
მტკიცებულება: მონაცემი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ის შესახებ.
25. შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ის საავტორიზაციო განცხადებაში განსახორციელებელი მაუწყებლობის სახეობად მითითებულია საერთო ტელემაუწყებლობა.
მტკიცებულება: შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ის საავტორიზაციო განცხადება (კომისიაში შემოსვლის N 6/3221-14; 20.05.2014).
26. შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ის ეთერში 2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას წინასაარჩევნო დებატები არ განთავსებულა. ამასთანავე, 2025 წლის 5 აგვისტოდან - 4 ოქტომბრის ჩათვლით შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ის ეთერში საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა არ განთავსებულა.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 25-10-2641;03.12.2025); კომისიის N გ-25-04/2569 და N გ-25-04/2693 წერილები მაუწყებლებს; შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ის პასუხი კომისიას (კომისიაში რეგისტრაციის N შ-25-6/4823; 25.11.25); შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ის წარმომადგენლის ვ. ქთოიანის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2025 წლის 11 დეკემბრის სხდომაზე.
27. შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ს ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის არ დაკისრებია.
მტკიცებულება: კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ის შესახებ მონაცემები.
3. სამართლებრივი შეფასება
28. შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“, როგორც საერთო მაუწყებელი, ვალდებული იყო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გადაეცა წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს. კომისიის მიერ დადგინდა, რომ შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ს 2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში არ განუთავსებია წინასაარჩევნო დებატები, შესაბამისად, კომპანიის მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტი.
29. ამასთანავე, შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“, როგორც საერთო მაუწყებელი, ვალდებული იყო ემაუწყებლა არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამებით. კომისიის მიერ დადგინდა, რომ შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ს 2025 წლის 5 აგვისტოდან - 4 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ეთერში არ განუთავსებია საზოგადოებრივ- პოლიტიკური გადაცემა. შესაბამისად, ამ ნაწილში დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები და 70-ე მუხლის პირველი პუნქტი.
4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები
30. შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების დარღვევა მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.
31. თავის მხრივ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.
32. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე/მსგავსი ხასიათის დარღვევის ჩადენისთვის გამოყენებული არ ყოფილა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის რომელიმე სახე, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ს მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98- ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ მე-3 მუხლის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 55-ე მუხლის პირველი პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ ერთხმად გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა: 1. შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ს მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და 70-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო;
2. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-სთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
5. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (მ. რუხაძე) შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძემ წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
