წვდომის მენიუ

შპს „მახათასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-25-18 / 659

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 29, 2025 16:20

მიღების თარიღი დეკემბერი 25, 2025

შპს „მახათასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ავტორიზებული პირი: შპს „მახათა“

სამართალდარღვევა: „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“   ქვეპუნქტების და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევა

წარმოების დაწყების საფუძველი: კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 25-10-2776, 16.12.2025)

კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 25 დეკემბერი, 15:00 საათი.

I.აღწერილობითი  ნაწილი

1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში  -   კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის  იურიდიული  დეპარტამენტის  მოხსენებითი  ბარათის    (N  25-10-2776, 16.12.2025) საფუძველზე   კომისიაში   დაიწყო   მარტივი   ადმინისტრაციული   წარმოება   შპს „მახათას“ მიერ  საქართველოს  კანონმდებლობის  შესაძლო  დარღვევის  საკითხის  განხილვის მიზნით.

2.კომისიის  აპარატის  იურიდიული  დეპარტამენტის  მოხსენებითი  ბარათის (N  25-10-2776, 16.12.2025) თანახმად, შპს „მახათას“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში სხვადასხვა პერიოდში განხორციელდა ცვლილებები,  კერძოდ,     2025 წლის   6 ოქტომბერს  ალექსანდრე  წივწივაძემ თავისი 25%-იანი წილიდან 12.5% გაასხვისა კონსტანტინე წივწივაძის და 12.5% ლიანა ქებაძის სასარგებლოდ. ხოლო, 2025 წლის 14 ნოემბერს ქამუშა ქამუშაძემ  თავისი კუთვნილი 30%-იანი წილი სრულად  გაასხვისა  დავით  მარუაშვილის    სასარგებლოდ.  შპს  „მახათას“  აღნიშნული ტრანზაქციის განსახორციელებლად კომისიისგან წინასწარი თანხმობა არ აქვს მიღებული.

3.მოხსენებითი    ბარათიდან  ასევე  ირკვევა,  რომ  განხორციელებული  ცვლილებების  თაობაზე ინფორმაცია კომისიაში შპს „მახათამ“  წარმოადგინა 2025 წლის 25 ნოემბერს (Nშ-25-6/4831).

4.კომისიის     აპარატის  იურიდიული  დეპარტამენტის  სამსახურებრივი  ბარათის   (N25-10-2795, 17.12.2025) პასუხად,    კომისიის    აპარატის    კონკურენციის    ხელშეწყობისა    და    ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან (N 25-10-2830, 22.12.2025) ირკვევა, რომ შპს „მახათას“ დამფუძნებლების ცვლილება, ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე გავლენას არ იქონიებს, შესაბამისად შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების  ბაზარზე  არსებულ  კონკურენტულ  გარემოსთან.  კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნით, არ დგება ის აუცილებელი გარემოებები, რომელთა თანახმადაც, საჭირო იქნება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, შეძენის გამოკვლევის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.

5.   საკითხის  განსახილველად  კომისიის  სხდომა  დაინიშნა  2025  წლის  25  დეკემბერს,  რის შესახებაც კომპანიას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (N გ-25-03/3014, 22/12/2025). მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის  გარემოებათა  გამოკვლევისა  და  ადმინისტრაციული  წარმოების  მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.

6.    2025 წლის 24 დეკემბერს კომისიაში შემოვიდა შპს „მახათას“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/5141, 24.12.2025), რომელშიც აღნიშნულია, რომ ალექსანდრე წივწივაძის წილის გასხვისება არ მომხდარა არამედ მისი გარდაცვალების შემდეგ წილები გადავიდა მემკვიდრეებზე და წილის გაფორმება ავტომატურად მოხდა იუსტიციის სამინისტროს მიერ. შესაბამისად ვერ მოხერხდებოდა ალექსანდრე წივწივაძის მხრიდან კომიისიის ნებართვის მოთხოვნა. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ    ქამუშა ქამუშაძის მხრიდან წილის გასხვისება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ანტიკორუფციული კანონიდან გამომდინარე განხორციელდა, რადგან ქამუშა ქამშაძე დასაქმებულია საჯარო სამსახურში, ხელმძღვანელის პოზიციაზე და ამ კანონიდან გამომდინარე, მას მოუწია თავისი წილების და სხვა პოზიციების დათმობა. რადგან ანტიკორუფციული კანონი იყო მოკლე ვადებში შესული ძალაში, შესაბმისად ვერ მოესწრებოდა კომისიისგან ნებართვის მოთხოვნა. წერილით მოთხოვნილია ზემოაღნიშნულის გათვალისწინება.

7.    კომისიის 2025 წლის 25 დეკემბრის სხდომაზე გამოცხადდა შპს „მახათას“ წარმომადგენელი კ. წივწივაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ ალექსანდრე წივწივაძეს წილი არ გაუსხვისებია, იგი გარდაიცვალა და წილი ავტომატურად გადანაწილდა მემკვიდრეებზე. ხოლო,    ქამუშა ქამუშაძესთან დაკავშირებით განმარტა, მას შემდეგ, რაც ანტიკორუფციული კანონი შევიდა ძალაში, იგი ფაქტიურად 3 დღეში  ამოქმედდა, ხოლო, ქამუშა ქამუშაძე არის საჯარო სამსახურის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ამიტომ ნაჩქარევად გადააფორმა წილი და ვერ მოხერხდა კომისიის ინფორმირება.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

8.    „ელექტრონული     კომუნიკაციების     შესახებ“     საქართველოს     კანონის      მე-11     მუხლის პირველი პუნქტის      მიხედვით,      ელექტრონული    კომუნიკაციების    სფეროში    კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობის ან/და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ამ კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

9.    „ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   მე-11   მუხლის   მე-3 პუნქტის  „ზ“  ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო პირობების, აგრეთვე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

10. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში  განხორციელებულ  საქმიანობას,  ასევე  მათ  მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

11.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ავტორიზებული პირი ვალდებულია, თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, ასევე წილის ან აქციების მფლობელთა ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელსაც ეს ინფორმაცია შეაქვს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

12. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის რეგულირების ერთ-ერთი მიზანია რამდენიმე ავტორიზებული პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილება, ხოლო მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ამოცანაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ეფექტიანი კონკურენციის ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბება.

13. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისია, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული კონცენტრაციის გარდა, ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლებით დადგენილი წესით შეისწავლის იმ ოპერაციას, რომლითაც ხდება: ა) ავტორიზებული პირის საოპერაციო აქტივის შეძენა; ბ) ორი ან ორზე მეტი პირის, რომელთაგან ერთ-ერთი ავტორიზებული პირია, შერწყმის შედეგად გაერთიანება; გ) ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა, რის შედეგადაც შემძენი პირის მფლობელობაში ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან 5 პროცენტზე მეტი აღმოჩნდება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები არ გამოიყენება ავტორიზებული პირების წილის ან აქციების შეძენის შემთხვევაში, თუ შემძენი პირის ან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მიერ ერთობლივად ხდება ავტორიზებული პირის 5 პროცენტამდე წილის ან აქციების შეძენა.

14. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

15.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები; ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან; დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა; ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ  პირსა  და  მასთან  ურთიერთდამოკიდებულ  (აფილირებულ) პირს  შორის ურთიერთობის  შესახებ,  რომელიც  უნდა  მოიცავდეს  მონაცემებს  მათ  შორის  კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე.

16.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღების შემდეგ განახორციელოს ამ კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებები.

17.  „ელექტრონული  კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან  შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე   არსებულ კონკურენციაზე შესაძლო   გავლენის   მოხდენის   დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

18. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.

19.  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

20.  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად „კომისიის მიერ გაგზავნილი ყოველგვარი შეტყობინება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება მატერიალური ან ელექტრონული რეგისტრირებული საფოსტო გზავნილის მეშვეობით. მატერიალური საფოსტო გზავნილი იგზავნება დამტარებლის ან საფოსტო მომსახურების განმახორციელებელი პირის მეშვეობით“. ხოლო ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად „კორესპოდენციის ელექტრონული გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში, დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების, როგორც პირდაპირ, აქტიურად გამოხატული ქმედებით, ასევე, ავტომატური საშუალებით დადასტურების შემთხვევაშიც“.

III. სამოტივაციო ნაწილი

1. შესწავლილი მტკიცებულებები

21. კომისიის  აპარატის  იურიდიული  დეპარტამენტის  მოხსენებითი  ბარათი  თანდართული დოკუმენტაციით (N 25-10-2776, 16.12.2025);

22.  კომისიის შეტყობინება (N გ-25-03/3014, 22/12/2025) შპს „მახათას“ სხომაზე მოწვევის თაობაზე;

23.  კომისიის  აპარატის  იურიდიული  დეპარტამენტის  სამსახურებრივი  ბარათი  (N25-10-2795, 17.12.2025);

24.  კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების  დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 25-10-2830, 22.12.2025);

25.  შპს „მახათას“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/5141, 24.12.2025);

26.  კომისიის 2025 წლის 25 დეკემბრის  სხდომაზე  შპს „მახათას“ წარმომადგენლის კ. წივწივაძის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება;

27.  შპს „მახათას“ შესახებ მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და საჯარო რეესტრის სამეწარმეო და არასამეწარმეო პირთა რეესტრიდან (B11013364, 27/01/2011, B25139807, 06/10/2025 და B25156937, 14/11/2025 ).

2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

28. შპს  „მახათა“  არის  ელექტრონული  კომუნიკაციების  სფეროში  ავტორიზებული  პირი, ავტორიზაციის თარიღი - 03/02/2010.

მტკიცებულება: კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემები.

29. შპს „მახათას“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში სხვადასხვა პერიოდში განხორციელდა ცვლილებები, კერძოდ,   2025 წლის 6 ოქტომბერს შპს „მახათას” 25% წილის ფლობელის ალექსანდრე წივწივაძის ნაცვლად 12.5%-ის მფლობელად განისაზღვრა კონსტანტინე წივწივაძე და 12.5% მფლობელად ლიანა ქებაძე. ხოლო, 2025 წლის 14 ნოემბერს ქამუშა ქამუშაძემ  თავისი კუთვნილი 30%-იანი წილი სრულად გაასხვისა დავით მარუაშვილის  სასარგებლოდ.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 25-10-2776, 16.12.2025); შპს „მახათას“ შესახებ მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და საჯარო რეესტრის სამეწარმეო და არასამეწარმეო პირთა რეესტრიდან  (B11013364, 27/01/2011,  B25139807,  06/10/2025  და  B25156937,  14/11/2025);  შპს „მახათას“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/5141, 24.12.2025).

30.  შპს „მახათას“ დამფუძნებლების ცვლილება, ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე ახალ გარემოებას არ ქმნის და ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე  არსებულ კონკურენციაზე, შესაბამისად აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს  თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნით, არ დგება ის აუცილებელი გარემოებები, რომელთა თანახმადაც, საჭირო იქნება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, შეძენის გამოკვლევის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 25-10-2830, 22.12.2025).

31.  ავტორიზებული   პირის  წილის პირდაპირი/არაპირდაპირი შეძენის განზრახვის  შესახებ, შეძენის განხორციელებამდე, შპს „მახათას“ კომისიისთვის არ უცნობებია და წილის შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობა არ მიუღია. ამასთან, 2025 წლის 6 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილების თაობაზე არ აცნობა კომისიას ცვლილების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში (ინფორმაცია წარმოდგენილია ვადის დარღვევით).

მტკიცებულება: კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 25-10-2776, 16.12.2025); შპს „მახათას“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-24-6/4831, 25.11.2025).

32. ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „მახათას“   არ  დაკისრებია  „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობა  მსგავსი/იდენტური დარღვევისთვის.

მტკიცებულება: კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემები.

3. სამართლებრივი შეფასება

33. როგორც აღინიშნა, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება, ხოლო კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღების შემდეგ განახორციელოს ამ კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებები. კერძოდ, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით  მიიღოს  გადაწყვეტილება  შერწყმის  ან  შეძენის  გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

34. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლებით განსაზღვრულია ავტორიზებული პირის ვალდებულება, წინასწარ შეატყობინოს კომისიას შერწყმის, მისი წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის თაობაზე. ამგვარი შეტყობინების შემთხვევაში კი ტრანზაქციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, გასცეს თანხმობა, ასევე, თანხმობის გაცემასთან ერთად მოითხოვოს კონკურენციის შენარჩუნების უზრუნველმყოფი ღონისძიებების განხორციელება, ტრანზაქციის პირობების კორექტირება ან საერთოდ აკრძალოს ტრანზაქცია, თუ მიიჩნევს, რომ იგი ბაზრის შესაბამის  სეგმენტებზე  კონკურენციის  მნიშვნელოვნად  დარღვევას  გამოიწვევს. დასახელებული საკანონმდებლო ნორმებით ჩამოყალიბებულია ე.წ. „კონცენტრაციების კონტროლის“ უფლებამოსილება. კომისიის ეს უფლებამოსილება ემსახურება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენტული ბაზრის სტრუქტურის შენარჩუნებას და კონკურენციის მნიშვნელოვნად შემზღუდველი კონცენტრაციების თავიდან აცილებას.

35. კომისიის  კონტროლსა  და  წინასწარ  შეთანხმებას  დაქვემდებარებული  ტრანზაქციები განსაზღვრულია უშუალოდ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის

25-ე და 26-ე მუხლებით, ესენია - ავტორიზებული პირის საოპერაციო აქტივის შეძენა, ორი ან ორზე მეტი პირის, რომელთაგან ერთ-ერთი ავტორიზებული პირია, შერწყმის შედეგად გაერთიანება და ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა. აღნიშნული ტრანზაქციები განიმარტება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კონცენტრაციების კონტროლის რეგულირების დანიშნულებისა და მიზანმიმართულების გათვალისწინებით.

36. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლები მიუთითებს ავტორიზებული პირის წილის ან აქციების „შეძენაზე“ და არ აკონკრეტებს შეძენის რომელიმე ფორმას. შესაბამისად, აღნიშნული საკანონმდებლო ნორმების გრამატიკული განმარტებიდან ექსპლიციტურად გამომდინარეობს, რომ ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენაში მოიაზრება ნებისმიერი ფორმით შეძენა. გარდა ამისა, როგორც აღინიშნა, კონცენტრაციების   კონტროლის   მიზანია   კონკურენციის   მნიშვნელოვნად   შემზღუდველი კონცენტრაციების თავიდან აცილება. ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენამ, შესაძლებელია, წარმოშვას კონკურენციის მნიშვნელოვნად შეზღუდვის რისკები იმის მიუხედავად, თუ რომელი ფორმით ხდება ეს. კერძოდ, შესაძლებელია, ბაზრის რომელიმე სეგმენტზე კონკურენციის კუთხით პრობლემური იყოს ნებისმიერი ფორმით შეძენა, იქნება ეს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ჩუქების საფუძველზე, კანონით ან ანდერძით მემკვიდრეობის გზით, თუ კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელიმე სხვა ფორმით.

37. კომისია   აქვე   განმარტავს,   რომ   წილის   შეძენის   განზრახვა   გარკვეული   ქმედების განხორციელების ნების გამოხატვას გულისხმობს, მათ შორის, სამკვიდროს მიღების ნების გამოვლენასაც. სამკვიდრო ქონების მიღება პირის უფლებაა და არა ვალდებულება. შესაბამისად, მემკვიდრეობის მისაღებად აუცილებელია სამკვიდროს მისაღებად ნების გამოხატვა. ხოლო იმ შემთხვევაში თუ პირი მემკვიდრეობით იძენს ავტორიზებული პირის წილს/აქციას და ეს ტრანზაქცია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ექვემდებარება კონცენტრაციების კონტროლს, ავტორიზებული პირი ვალდებულია ტრანზაქციის განხორციელებამდე თანხმობის მისაღებად მიმართოს კომისიას.

38. უნდა აღინიშნოს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენის ამგვარ განმარტებასთან დაკავშირებით უკვე არსებობს კომისიის პრაქტიკა (იხ. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება Nგ-19- 18/583 შპს „დაკასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“, 2020 წლის 24 სექტემბრის Nგ-20-18/ 730 გადაწყვეტილება „შპს „სტანდარტის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე“, კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის გ-20-18/872 გადაწყვეტილება „შპს ,,სიმნეტისთვის“ (ს/კ 424066441) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ”,  კომისიის

2021 წლის 15 ოქტომბრის №გ-21-18/573 გადაწყვეტილება „შპს „ბრეძას“ (ს/კ440886926) სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე“ და კომისიის 2023 წლის 27 აპრილის Nგ-23-18/201 გადაწყვეტილება „შპს „ახალი ქსელებისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე”.).

39.  შესაბამისად, კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ კომისიის მიერ კანონით განსაზღვრული ამოცანები და ფუნქციები სათანადოდ შესრულდეს, შპს „მახათას“, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს მისი წილის შეძენის განზრახვის თაობაზე, შეძენის ფორმის მიუხედავად წინასწარ უნდა ეცნობებინა კომისიისთვის, რათა კომისიას, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე აღნიშნული ტრანზაქციის შესაძლო გავლენა დაედგინა და შესაბამისად, მიეღო გადაწყვეტილება წილის შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის დადგენის მიზნით დაეწყო ადმინისტრაციული წარმოება შეძენის გამოკვლევის თაობაზე.

40.  ასევე, კანონმდებლობის თანახმად,  ავტორიზებული პირია ვალდებული წილის მფლობელთა ცვლილების   თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელსაც ეს ინფორმაცია შეაქვს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში. ამდენად, კანონის მიზნებიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ კომისიის მიერ კანონით განსაზღვრული ამოცანები და ფუნქციები სათანადოდ შესრულდეს, შპს „მახათას” ცვლილების განხორციელებიდან კანონით განსაზღვრულ ვადაში უნდა წარმოდგინა ინფორმაცია დამფუძნებლის ცვლილების შესახებ.

41.  როგორც კომისიის მიერ დადგინდა,   შპს „მახათას“   დამფუძნებლების წილის გასხვისებამდე აღნიშნული   განზრახვის    შესახებ,    კანონით    განსაზღვრული    წესით    არ    მოუმართავს კომისიისთვის და არ მიუღია კომისიის წინასწარი თანხმობა აღნიშნულ ტრანზაქციაზე. ასევე, რეგისტირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში არ უცნობებია კომისიისთვის (2025 წლის 6 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილების თაობაზე ინფორმაცია წარმოდგენილია ვადების დარღვევით).   შესაბამისად, კომპანიის მიერ, კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე, ავტორიზებული პირის წილის გასხვისებითა და კანონით  განსაზღრულ  ვადაში კომისიისთვის  წილის  მფლობელთა  ცვლილების  თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის კანონით განსაზღვრულ ვადაში მოუწოდებლობით,  დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“  და „გ“  ქვეპუნქტები და  26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები.

4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

42.  ზემოაღნიშნული   დარღვევები   „ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ“   საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის   შესაბამისად, ავტორიზებული პირის სანქცირების საფუძველია.

43. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „მახათას“ მიმართ ბოლო ერთი წლის  განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა, მას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა დაეკისროს წერილობითი გაფრთხილება.

44. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისიის წინასწარი თანხმობა სავალდებულოა, როდესაც ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა. ავტორიზებული პირის წილის ან აქციების პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გაყიდვის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევ ავტორიზებულ პირს დააკისროს სპეციალური ღონისძიებები, მათ შორის, მოსთხოვოს წილის გასხვისებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა. კომისიის მიერ აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენება უნდა იყოს დასაბუთებული და უნდა ემყარებოდეს კონკრეტულ ფაქტობრივ და სამართლებრივ წინაპირობებს. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი არის ის ფაქტი - იცვლება თუ არა წილის ან აქციების გასხვისების შედეგად საბოლოო ბენეფიციარის წილობრივი მონაწილეობა ან/და გავლენა ავტორიზებულ პირში ან/და ასევე წილის ან აქციების გასხვისებით შესაძლებელია თუ არა ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის კონკურენტუნარიანობას მიადგეს საფრთხე. ამასთან, კომისია აღნიშნავ, რომ არ არის აუცილებელი დადგენილი იყოს კონკურენტუნარიანობისთვის ზიანის მიყენების უტყუარობა, არამედ კონკურენტუნარიანობისთვის ზიანის მიყენების რეალური საფრთხის არსებობაც კი საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ კომისიამ ავტორიზებულ პირს დააკისროს სპეციალური ღონისძიებები (მათ შორის კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისებული წილის ან აქციების გასხვისებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა). იმას თუ რამდენად რეალურია საფრთხე და საერთოდ არსებობს თუ არა საფრთხე ავტორიზებული პირის წილის ან აქციების კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გასხვისებით დაზიანდეს ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო, სხვა ფაქტორებთან ერთად განაპირობებს წილის ან აქციების გასხვისებაში მონაწილე ავტორიზებული პირ(ებ)ის საქმიანობის არეალი, საბაზრო წილი, აბონენტების რაოდენობა.

45. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N 25-10-2830, 22.12.2025) მიხედვით, შპს „მახათას“ დამფუძნებლების ცვლილება, ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე გავლენას არ იქონიებს. შესაბამისად, აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნით,  არ  დგება  ის  აუცილებელი  გარემოებები,  რომელთა  თანახმადაც,  საჭირო  იქნება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, შეძენის გამოკვლევის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. ამრიგად, არ იკვეთება შპს „მახათასთვის“ რაიმე სპეციალური ღონისძიების/ვალდებულების დაკისრების აუცილებლობა.

V.  სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-16 მუხლის მე-5 და მე-9 პუნქტების, 36-ე მუხლის მე-13 და მე-14  პუნქტების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების    შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის და მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების, 25- ე მუხლის, 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 27-ე მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე და 44-ე მუხლებისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.    შპს „მახათას“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევის გამო;

2. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე   (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;

3.    გადაწყვეტილება   შეიძლება  გასაჩივრდეს  თბილისის  საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „მახათასთვის“ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

4.  დაევალოს   კომისიის   ადმინისტრაციას   (.ბ.  გასვიანი)   აღნიშნული   გადაწყვეტილების  ან გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის   შპს „მახათასთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5.  დაევალოს  კომისიის  აპარატის  იურიდიულ  დეპარტამენტს  (თ.  გოშუა)  შპს  „მახათასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის  აპარატის  იურიდიულ  დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).

ვახტანგ  აბაშიძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები