წვდომის მენიუ

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურისა და პოზიციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2023 წლის 20 იანვრის გ- 23-22/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: გ-25-19 / 660

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 29, 2025 16:32

მიღების თარიღი დეკემბერი 25, 2025

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურისა და პოზიციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2023 წლის 20 იანვრის გ-23-22/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 25 დეკემბერი, 15:00 საათი.

I. აღწერილობითი ნაწილი

1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული   კომისიის  (შემდგომში ,,კომუნიკაციების კომისია”)   2023 წლის  20 იანვრის გ-23-22/9 გადაწყვეტილებით დამტკიცებულია კომუნიკაციების კომისიის ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურა და საშტატო ნუსხა.

2.საშტატო   ნუსხით განსაზღვრულია კომუნიკაციების კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების  შესასრულებლად  საჭირო  სტრუქტურული  ერთეულები  და პოზიციების ჩამონათვალი,  აგრეთვე   თითოეულ   პოზიციაზე   საშტატო   ერთეულების რაოდენობა და შესაბამისი სახელფასო ზღვრები.

3.გასულ პერიოდში საჯარო მოხელეთა ანაზღაურების მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების   შესაბამისად,   საჯარო   სექტორში   კვალიფიციური სამუშაო ძალის მოზიდვა/შენარჩუნებისა და  კერძო სექტორთან მიმართებით კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფის მიზნით,  2022 წლიდან 2025 წლის ჩათვლით, ყოველწლიურად ხდებოდა საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ანაზღაურების 10%-იანი ზრდა.

4.„საქართველოს  2026 წლის   სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონისა და „საჯარო დაწესებულებაში შრომის  ანაზღაურების  შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ანაზღაურება 10%-ით იზრდება მომდევნო, 2026 წელსაც.

5.მარეგულირებელი ორგანოების თანამშრომლებზე, მათ შორის, კომუნიკაციების კომისიის თანამშრომლებზე, არ   ვრცელდება   „საჯარო   დაწესებულებაში   შრომის   ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება (ხსენებული კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე) და შესაბამისად არც ზემოხსენებული ცვლილებები.

6.„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-131 მუხლის თანახმად, საშტატო ნუსხასთან ერთად, დასაქმებულ პირთა შრომით გასამრჯელოს და სხვა შრომით სამართლებრივ ურთიერთობებს   (დანიშვნა, დაწინაურება, წახალისება და ა.შ.) აწესრიგებს თავად მარეგულირებელი ორგანოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტები და მასზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები.

7. 2019 წლიდან  მიმდინარე პერიოდამდე, კომუნიკაციების  კომისიის აპარატსა და კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის თითოეული პოზიციისათვის მინიმალური და მაქსიმალური სახელფასო ზღვრები, კომისიის გადაწყვეტილებით,  შეიცვალა მხოლოდ ერთხელ, 2023 წელს,  საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების მატებებისა და ზოგადი ინდუსტრიის სახელფასო კვლევის შედეგებიდან გამომდინარე. როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში, რომლებიც წარმოადგენენ საბიუჯეტო ორგანიზაციებს, ანაზღაურებების ცვლილება, კერძოდ 10%-იანი ზრდა, 2022-2026 წლებში ხდებოდა ყოველწლიურად.

8.    ამასთან,  გასათვალისწინებელია  ისიც,  რომ  საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის 2022 წლის 29 დეკემბრის №7 დადგენილებით დამტკიცებული “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების” მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად “კომისიის წევრებისა და კომისიის აპარატში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს რეგულირებადი დარგის/დარგების კერძო სექტორში არსებული შრომის ანაზღაურების დონეს.”

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

9.    საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  მუხლის  პირველი  ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით.

10.  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კოლეგიურ ორგანოში ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

11.  „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-131 მუხლის პირველი პუნქტის    „ა“    და    „ბ“    ქვეპუნქტების    თანახმად,    მხოლოდ    ეროვნული მარეგულირებელი ორგანოა უფლებამოსილი:

ა) დაამტკიცოს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატის სტრუქტურა და საშტატო ნუსხა;

ბ) განსაზღვროს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატში დასაქმებული პირის შრომითი გასამრჯელო;

III. სამოტივაციო ნაწილი

12. კომუნიკაციების კომისიისთვის პრიორიტეტულია მოქმედი კანონმდებლობით მასზე განსაზღვრული ფუნქციების ეფექტურად შესრულება, ორგანიზაციული პროდუქტიულობის გაზრდა, აგრეთვე შრომის ბაზარზე როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორთან მიმართებით კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება და კვალიფიციური ადამიანური რესურსის მოზიდვა.

13.  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს არსებულ შრომის ანაზღაურების სისტემაში ცვლილებას, სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში შრომის ანაზღაურებების  ცვლილებების   კუთხით   მიმდინარე   პროცესთან   ჰარმონიზაციას და კომისიის აპარატისა (მრჩეველთა საბჭოს გარდა) და კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის თითოეული საშტატო პოზიციისათვის განსაზღვრული მინიმალური და მაქსიმალური შრომითი გასამრჯელოს 10%-ით ზრდას.

14.  კომისიაში შიდა ორგანიზაციული პროცესების გაუმჯობესებისა და კანონით დაკისრებული ფუნქციების ეფექტიანად შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, პერიოდულად ხდება გარკვეულ ცვლილებები შრომითი ფუნქციების განაწილების, ადამიანური რესურსების ოპტიმიზაციის კუთხითაც. ამ ეტაპზე, კომისიაში მიმდინარე პროექტებისა და სტრატეგიული მიზნების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია არსებულ საშტატო ნუსხაში რამდენიმე ცვლილება, კერძოდ:

15. კონკურენციის   ხელშეწყობის   და   ბაზრის   რეგულირების   დეპარტამენტის   უფროსის მოხსენებით ბარათში (N25-10-2866; თარიღი 24.12.2025) მითითებული არგუმენტაციის გათვალისწინებით, კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი საჭიროებს დამატებით ადამიანურ რესურსს სამუშაოების გაზრდილი მოცულობის გათვალისწინებით; ავტორიზებული პირების/პირის ფინანსური ანგარიშგების ან/და განცალკევებული ანგარიშგების მომზადების პროცესი მოითხოვს დეპარტამენტის მხრიდან დიდ ადამიანურ რესურსს. დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელი სხვა პროექტების რეგულარულად დიდი რაოდენობის, სირთულისა და პრიორიტეტულობის გათვალისწინებით კი, მიზანშეწონილია ანგარიშგებების მომზადებაზე დამატებითი საკადრო ერთეულის არსებობა, რომელიც აგრეთვე მოახდენს მარეგულირებელი მიზნებისთვის ანგარიშგებების ხარისხის უზრუნველყოფას, რისი რესურსიც დღეს დეპარტამენტს არ აქვს - კერძოდ, ყოველთვიური ანგარიშგების სტრუქტურის ჩამოყალიბებას და სიღრმისეული ფინანსური ანალიზის მომზადებას, აგრეთვე ავტორიზებული პირის ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესებისთვის რეკომენდაციების შემუშავებას, აგრეთვე ჩართული იქნება, დეპარტამენტის საქმიანობის ფარგლებში, სხვადასხვა ტიპის კვლევაში, შესაბამისი ანალიტიკური ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადებაში. სამუშაო ანალიზის საფუძველზე, მიზანშეწონილია აღნიშნული ფუნქციების შესასრულებლად წამყვანი სპეციალისტის 1 საშტატო ერთეულის დამატება კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტში.

16. მრჩევლის საშტატო ერთეულის დამატება სატელეკომუნიკაციო დარგის განვითარების მიმართულებით კომისიის მიერ განსახორციელებელი პროექტებისა და დარგის განვითარებასთან დაკავშირებული ინიციატივების წარდგენა/განხორციელების ხელშესაწყობად;

17.  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოხსენებით ბარათში (N 25-10-2849 თარიღი 23.12.2025) მითითებული არგუმენტაციის გათვალისწინებით, კომისიის და მისი საქმიანობის ცნობადობის გაზრდაზე მიმართული აქტივობები, პროექტები და ღონისძიებები თავისი შინაარსით ბევრად უფრო კომპლექსური და მასშტაბური გახდა ბოლო წლების განმავლობაში.    კომისიამ, აგრეთვე დაიწყო ახალ საკომუნიკაციო პროდუქტებზე მუშაობა, რამაც მოითხოვა ადამიანური რესურსების დამატებაც გასულ წლებში. სხვადასხვა პლატფორმისათვის რელევანტური და ეფექტური საკომუნიკაციო პროდუქტების/შინაარსის შექმნის საჭიროებიდან და პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, აგრეთვე საზოგადოების ინფორმირებაზე მიმართული ღონისძიებების ზრდისა და ხასიათის სირთულის გათვალისწინებით, გამოიკვეთა რომ შესაბამისი სამუშაოების შესრულება მოითხოვს ბევრად უფრო მაღალ კომპეტენციას - ცოდნას, უნარებს და გამოცდილებას საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგში, ვიდრე ეს სამსახურის ჩამოყალიბების პირველ წლებში იყო. შესაბამისად, მიზანშეწონილია საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამ ფუნქციების შესრულებაზე პასუხისმგებელი პოზიციის - წამყვანი სპეციალისტის რანგის ცვლილება და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საკომუნიკაციო პროექტების მთავარი სპეციალისტის რანგით (E3) ჩამოყალიბება, ხოლო სოციალური მედიის მიმართულებით არსებული ფუნქციების განმახორციელებელი პოზიციის სახელწოდების ცვლილება და ნაცვლად მთავარი სპეციალისტისა, სოციალური მედიის მენეჯერის სახელწოდებით განსაზღვრა, იმავე რანგით (E3).

18. კომისიას, წინამდებარე გადაწყვეტილების მე-12 - მე-17   პუნქტებში ხსენებული არგუმენტების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიაჩნია სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურისა და პოზიციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2022 წლის 20 იანვრის გ-23-22/9 გადაწყვეტილებაში შედეგი ცვლილებების  შეტანა: 1. კომისიის აპარატისა (მრჩეველთა საბჭოს გარდა) და კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის თითოეული საშტატო პოზიციისათვის განსაზღვრული მინიმალური და მაქსიმალური შრომითი გასამრჯელოს 10%-ით გაზრდა; 2.  კომისიის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტში წამყვანი სპეციალისტის 1 საშტატო ერთეულის დამატება (E4); 3. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წამყვანი სპეციალისტის პოზიციის და შესაბამისი რანგის ცვლილება და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საკომუნიკაციო პროექტების მთავარი სპეციალისტის პოზიციად ჩამოყალიბება, შესაბამისი რანგით (E3); 4. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოზიციის სახელწოდების ცვლილება და სოციალური მედიის მენეჯერის სახელით ჩამოყალიბება, არსებული რანგით (E3); 5. სატელეკომუნიკაციო დარგის განვითარების მიმართულებით მრჩევლის საშტატო ერთეულის დამატება.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე, 103-ე, 104-ე და 105-ე მუხლებისა და “ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს  კანონის 131 მუხლი პირველი პუნქტის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურისა და პოზიციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2023 წლის 20 იანვრის გ-23-22/9 გადაწყვეტილებაში შევიდეს ცვლილება და გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით დამტკიცებული სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საშტატო ნუსხა“ (დანართი №2) დამტკიცდეს თანდართული ფორმით;

2. დაევალოს კომუნიკაციების კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

3.  გადაწყვეტილება ძალაში შედის 2026 წლის 1 იანვრიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64) გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების  შესრულებაზე დაევალოს კომუნიკაციების კომისიის აპარატის ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების სამსახურს (მ.სუხაშვილი).

ვახტანგ  აბაშიძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები