წვდომის მენიუ

 ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში  დასაქმებულთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების წესის და  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის სამოტივაციო პოლიტიკის და  კარიერული განვითარების სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე” კომუნიკაციების კომისიის  2020 წლის 16 ივლისის Nგ-20-22/ 570 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: გ-25-19 / 71

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 13, 2025

მიღების თარიღი თებერვალი 06, 2025

,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმებულთამიერშესრულებული სამუშაოს შეფასების წესის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის სამოტივაციო პოლიტიკის და კარიერული განვითარების სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე” კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის 16 ივლისის Nგ-20-22/570 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (შემდგომში „კომუნიკაციების კომისია“) ორგანიზაციული ეფექტიანობის გაზრდის, შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული ორგანიზაციული კულტურის და სამუშაოს შესრულების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, დანერგილია პროექტებზე დაფუძნებული მუშაობის პროცესი და თანამშრომლების ჩართულობით, ხორციელდება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტები. კომისიაში, ასევე, დანერგილია შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემა, შემუშავებულია და დამტკიცებულია, კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის 16 ივლისის Nგ-20-22/570 გადაწყვეტილებით, ,,კომისიაში დასაქმებულთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების წესი“ (შემდგომში „შეფასების წესი“) და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  აპარატის სამოტივაციო პოლიტიკისა და კარიერული განვითარების სახელმძღვანელო“(შემდგომში „სამოტივაციო პოლიტიკისა და კარიერული განვითარების სახელმძღვანელო“). აღნიშნული დოკუმენტებით განისაზღვრება კომუნიკაციების კომისიის აპარატის თანამშრომლების შესრულებული სამუშაოს შეფასების მეთოდი, მეთოდის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები და შეფასების შედეგების გამოყენების ეფექტური გზები, ასევე, კომუნიკაციების კომისიის  თანამშრომელთა არამატერიალური და მატერიალური მოტივაციის და კარიერის განვითარების საშუალებები.

ორგანიზაციული და ინდივიდუალური ეფექტიანობის გაზრდისათვის, კომუნიკაციების კომისია მუდმივად აკვირდება არსებულ სამუშაო პროცესებს, დანერგილ პრაქტიკას და საჭიროების შემთხვევაში, შეაქვს ცვლილებები. შესრულებული სამუშაოს შეფასებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივებისა და უფრო ეფექტურად  განხორციელების  მიზნით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული შეფასების პროცესის ელექტრონულად, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით მართვა, რამაც მოითხოვა გარკვეული ცვლილებები შეფასების წესშიც.

განახლებული შეფასების წესის შესაბამისად, ახლებურად ჩამოყალიბდება, აგრეთვე, შეფასების სკალასთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი. მოქმედი წესის შესაბამისად, ყოველი წლის დასაწყისში ხდება შესრულებული სამუშაოს შეფასების სკალის ერთიანი სტანდარტის შემუშავება/გადახედვა, რომელზე დაყრდნობითაც, ხელმძღვანელები თანამშრომლებთან ერთად განსაზღვრავენ შესრულებული სამუშაოს შეფასების კრიტერიუმებს. აღნიშნული სტანდარტის გეგმიურად გადახედვამ, მოითხოვა გარკვეული ცვლილებები/დამატებები წესში.  შევიდა რამდენიმე ცვლილება პროექტების მართვასთან და კალიბრაციის პროცესთან დაკავშირებითაც.

შეფასების წესში ზოგიერთი საკითხის ახლებურად განსაზღვრამ გამოიწვია ამავე გადაწყვეტილებით  (2020 წლის 16 ივლისის Nგ-20-22/570 გადაწყვეტილება) დამტკიცებული სამოტივაციო პოლიტიკისა და კარიერული განვითარების სახელმძღვანელოშიც რამდენიმე ცვლილების აუცილებლობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმებულთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების წესში“ და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის სამოტივაციო პოლიტიკისა და კარიერული განვითარების სახელმძღვანელოში“ ცვლილების განხორციელება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმებულთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების წესის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის სამოტივაციო პოლიტიკის და კარიერული განვითარების სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2020 წლის 16 ივლისის  Nგ-20-22/570 გადაწყვეტილების  პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული დანართი N1 (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმებულთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების წესი), შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს წინამდებარე გადაწყვეტილებაზე თანდართული დანართი N1-ის შესაბამისად.

2.„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმებულთა მიერ შესრულებული სამუშაოს  შეფასების წესის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის სამოტივაციო  პოლიტიკის და კარიერული განვითარების სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2020 წლის 16 ივლისის Nგ-20-22 / 570 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული დანართი N2 (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის სამოტივაციო პოლიტიკის და კარიერული განვითარების სახელმძღვანელო) შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს წინამდებარე გადაწყვეტილებაზე თანდართული დანართი N2-ის შესაბამისად.

3.დაევალოს კომისიის აპარატის  ადმინისტრაციას (ო.ვოტ) გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

4.გადაწყვეტილება ძალაშიშედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე. 

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ  საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64) გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში.

6.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადამიანური რესურსების მართვის და ორგანიზაციული განვითარების სამსახურს.

კახი ბექაური                თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე            წევრი

ნათია კუკულაძე            წევრი

ივანე მახარაძე                წევრი 

  

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები