შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 17, 2025 13:27
მიღების თარიღი აპრილი 03, 2025
შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (შემდგომში „კომისია“) 2025 წლის 24 მარტს შპს „მაგთიკომმა“ წერილით (კომისიაში რეგისტრაციის ნომრით შ-25-6/1174) წარმოადგინა შპს „მაგთიკომის“ მობილურ ქსელთან მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) სავალდებულო დაშვების, ეროვნული როუმინგის და თანალოკაციის სავალდებულო მომსახურების შეთავაზების წინადადებებში (შემდგომში - მოწვევის ოფერტა) მითითებული დაშვების ტარიფების შესაბამისი გაანგარიშების მოდელი. კომპანია აცხადებს, რომ აღნიშნული ფინანსური მოდელი წარმოადგენს მის კომერციულ საიდუმლოებას, რომლის გამჟღავნებამ, მათ შორის, მესამე პირებზე გადაცემამ, შესაძლოა ზიანი მიაყენოს მის კონკურენტუნარიანობას და მოითხოვა მისი კომერციულ საიდუმლოებად ცნობა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კომერციული საიდუმლოება განიმარტება, როგორც ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ინფორმაციის წარდგენისას პირი ვალდებულია მიუთითოს, რომ ეს ინფორმაცია მისი კომერციული საიდუმლოებაა. საჯარო დაწესებულება ვალდებულია 10 დღის ვადაში კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნიოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ინფორმაციის ღიაობის ვალდებულება დადგენილია კანონით. თუ ინფორმაციის წარდგენისას საჯარო დაწესებულება არ მიიჩნევს ამ ინფორმაციას კომერციულ საიდუმლოებად, იგი იღებს გადაწყვეტილებას მისი ღიაობის თაობაზე, რასაც დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის პირს. გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ ინფორმაცია ხდება ღია, თუ პირმა, რომლის საკუთრებაცაა ეს ინფორმაცია, ამ ვადის გასვლამდე ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით – სასამართლოში, არ გაასაჩივრა ინფორმაციის ღიაობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საჯარო დაწესებულებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.
კომისიამ შეისწავლა წარმოდგენილი მოდელი, და მიიჩნევს, რომ ის ნაწილობრივ შეიცავს კომერციულ საიდუმლოებას, რომლის გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას. შესაბამისად, წარმოდგენილი მოდელის ის ნაწილი, სადაც მითითებულია კონკურენტულად სენსიტიური ინფორმაცია - კომერციულ საიდუმლოებად უნდა იქნეს ცნობილი. გარდა აღნიშნულისა, მოდელი შეიცავს იმგვარ ინფორმაციას, რომელიც შპს „მაგთიკომის“ მხრიდან წარმოდგენილია კომისიაში, მათ შორის კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებში (როგორიც არის ტრაფიკის, სიხშირული რესურსის შესახებ და სხვა ინფორმაცია) და ღიაა/ნაცნობია ღიად, ამასთან, მოდელის გაანგარიშების შედეგად მიღებული ტარიფები, რომელიც წარმოდგენილია შპს „მაგთიკომის“ დაშვების წინადადებაში - არის საჯარო და უნდა დარჩეს ღიად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის, 31-ე მუხლის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესის“ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად:
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს „მაგთიკომის“ მოთხოვნა და მის მიერ 2025 წლის 24 მარტს წერილით (კომისიაში რეგისტრაციის ნომრით შ-25-6/1174) წარმოდგენილი შპს „მაგთიკომის“ მობილურ ქსელთან მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) სავალდებულო დაშვების, ეროვნული როუმინგის და თანალოკაციის სავალდებულო მომსახურების შეთავაზების წინადადებაში მითითებული დაშვების ტარიფების გაანგარიშების ფინანსური მოდელი, გარდა ამ მოდელში წარმოდგენილი იმ ინფორმაციისა, რომელიც წარმოდგენილია კომისიაში და ღიაა/ნაცნობია ღიად, ცნობილ იქნას კომერციულ საიდუმლოებად;
2.ინფორმაცია შპს „მაგთიკომის“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს „მაგთიკომის“ მიერ ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ კომისიისთვის მომართვიდან მის მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მიმართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;
3.დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;
4.დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „მაგთიკომისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ბ. გასვიანი);
5.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
6.გადაწყვეტილება, შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში;
7.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი).
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
ვახტანგ აბაშიძე წევრი
კახი ბექაური თავმჯდომარე