შპს „პისი მაქსისთვის“, შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი ფოპტნეტისთვის“ და სს “საქართველოს რკინიგზისთვის” 2025 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენისათვის განსხვავებული პირობების დადგენის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 16, 2025 11:41
მიღების თარიღი დეკემბერი 04, 2025
შპს „პისი მაქსისთვის“, შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი ფოპტნეტისთვის“ და სს “საქართველოს რკინიგზისთვის” 2025 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენისათვის განსხვავებული პირობების დადგენის თაობაზე
გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდეგში - კომისია) 2018 წლის 6 დეკემბრის N671/9 გადაწყვეტილების, ასევე, ამ გადაწყვეტილებაში 2019 წლის 18 აპრილს N235/19 გადაწყვეტილებით შეტანილი ცვლილების თანახმად, გამოყოფილი არხებით მომსახურების მაგისტრალურ/ძირითად („Trunk”) და „Backhaul” გადაცემის ქსელთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებს: შპს „დელტაკომს“, შპს „რკინიგზის ტელეკომს“, შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტს“, სს „საქართველოს რკინიგზას“, და შპს „პისი მაქსს“, ამ გადაწყვეტილებით დაეკისრათ შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში წარმოდგენა.
კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა, რომელსაც კომისიის გადაწყვეტილებებით დაკისრებული აქვს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებული აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება, საანგარიშო წლის შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში კომისიას უნდა წარუდგინოს ფინანსური წლის დასრულებიდან 6 თვეში, არაუგვიანეს 1 ივლისამდე, ხოლო ფინანსური წლის დასრულებიდან 4 თვეში უნდა გამოაქვეყნოს სააღრიცხვო პოლიტიკის საჯარო (გამოსაქვეყნებელი) ვერსია.
ამასთანავე, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა, მის მიერ მომზადებული სააღრიცხვო პოლიტიკა, კომისიას უნდა წარუდგინოს გადასამოწმებლად, განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშგების გამოქვეყნებამდე არაუგვიანეს 8 თვით ადრე.
აღნიშნულთან დაკავშირებით, 2025 წლის 6 ნოემბერს, კომისიაში შემოვიდა შპს „პისი მაქსის“, წერილი N შ-25-6/4636. აღნიშნულ წერილში კომპანია განმარტავს, რომ მისი საქმიანობის სფერო შემოიფარგლება მხოლოდ გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურებით და შესაბამისად, შპს “პისი მაქსის” საქმიანობა მოიცავს მხოლოდ ერთ ბიზნესერთეულს.
ანალოგიური მომართვის საფუძველზე კომისიამ, 2024 წლის 12 დეკემბერის N გ-24-22/573, 2023 წლის 28 დეკემბერის N გ-23-22/589, 2022 წლის 22 დეკემბრის N გ-22-22/581, 2022 წლის 20 იანვრის N გ-22-22/27, 2021 წლის 13 მაისის N გ-21-22/273 და 2020 წლის 30 ივლისის N გ-20-22/603 გადაწყვეტილებებით ნება დართო შპს „პისი მაქსს“ 2024, 2023, 2022, 2021, 2020 და 2019 წლების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშგებების შესაბამისი ინფორმაცია კომისიაში წარმოედგინა ფასს სტანდარტებით მომზადებული ფინანსური აღრიცხვის აუდირებულ ანგარიშგებაში დამატებით ცხრილების სახით. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის განცხადების საფუძველზე (კომისიაში შემოსული წერილი შ-25-6/4636) საქმიანობის სფერო 2025 წლის 6 ნოემბრის მდგომარეობით არის და 2025 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშო წლისთვის იქნება უცვლელი, შპს „პისი მაქსი“ ითხოვს, რომ გასული წლების ანალოგიურად მიეცეს შესაძლებლობა 2025 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშგების შესაბამისი ინფორმაცია წარმოადგინოს ფასს სტანდარტებით მომზადებული ფინანსური აღრიცხვის აუდირებული ანგარიშგების სახით შემდეგი პირობებით: შპს „პისი მაქსის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი 2024 წლის ანგარიშგების მსგავსად 2025 წლის ანგარიშგებაში მოცემული იქნება განმარტება, რომ შპს „პისი მაქსის“ საქმიანობა შემოიფარგლება მაგისტრალურ/ძირითად („Trunk”) ქსელთან დაშვების საბითუმო მომსახურებით, ასევე, აუდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში გამოყოფილი არხებით/ძირითად („Trunk”) გადაცემის ქსელთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტიდან მიღებული შემოსავლები და შესაბამისი დანახარჯები გამოყოფილი იქნება ცალკე ცხრილში 2025 წლის აუდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, ასევე, ცალკე ცხრილში მოცემული იქნება აღნიშნული რეგულირებული სეგმენტის დატვირთული კაპიტალის უწყისი. კომპანია ასევე თხოვნით მიმართავს კომისიას მოეხსნას განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშგების სააღრიცხვო პოლიტიკის წარმოდგენის ვალდებულება.
ასევე, 2025 წლის 6 ნოემბერს კომისიაში შემოვიდა შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის“ წერილი შ-25-6/4625, სადაც აღნიშნულია, რომ 2024 წელს, როგორც ეს აუდირებული ანგარიშგებითაც დასტურდება, გამოყოფილი არხებით მომსახურებების მაგისტრალურ/ძირითად („Trunk”) ქსელთან დაშვების საბითუმო ბაზრიდან შემოსავალი 44 ათასი ლარი იყო, რაც კომპანიის მთლიანი შემოსავლის (7,351 ათასი ლარი) 0,598 %-ია. იმის გათვალისწინებით, რომ მაგისტრალურ/ძირითად („Trunk”) ქსელთან დაშვების საბითუმო ბაზრიდან შემოსავალი არამატერიალური იყო 2024, 2023, 2022, 2021 და 2020 წელს, შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტს“ მოეხსნა 2024, 2023, 2022, 2021 და 2020 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენის ვალდებულება კომისიის 2024 წლის 12 დეკემბერის N გ-24-22/573, 2023 წლის 28 დეკემბრის N გ-23-22/589, 2022 წლის 22 დეკემბრის N გ-22-22/581, 2022 წლის 20 იანვრის N გ-22-22/27, 2021 წლის 13 მაისის N გ-21-22/273 გადაწყვეტილებებით. 2025 წლის 6 ნოემბრის მდგომარეობით კომპანიის საქმიანობა და მის მიერ მიღებული შემოსავლები 2024 წლის ანალოგიურია და ამავე წერილით კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით რეგულირებული სეგმენტიდან, 2025 წლის ათი თვის მდგომარეობით დეკლარირებული შემოსავალი 36 ათას ლარს შეადგენს, ხოლო 2024 წლის სავარაუდო სრული შემოსავალი არ გადააჭარბებს 44 ათას ლარს, რაც ასევე არამატერიალურია კომპანიის მთლიან შემოსავალში.
დასახელებული წინაპირობების გათვალისწინებით, კომპანია კომისიას მიმართავს თხოვნით შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტს“ მოეხსნას როგორც განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშგების სააღრიცხვო პოლიტიკის, ასევე განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშგების წარმოდგენის ვალდებულება.
ასევე, აღსანიშნავია, რომ შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი ფოპტნეტი“ თანახმაა, კომისიაში წარმოადგინოს ფასს სტანდარტებით მომზადებულ ფინანსური აღრიცხვის აუდირებულ ანგარიშგებაში მაგისტრალური/ძირითად („Trunk“) ქსელთან დაშვების საბითუმო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების გამოყოფა. აუდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, ასევე, იქნება განმარტება, რომ შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტის“ რეგულირებადი საქმიანობა შემოიფარგლება მაგისტრალურ/ძირითად („Trunk“) ქსელთან დაშვების საბითუმო მომსახურებით. აღსანიშნავია, ისიც, რომ კომპანია ფუნქციონირებს მხოლოდ საბითუმო სეგმენტზე და არ არის ვერტიკალურად ინტეგრირებული.
ასევე, 2025 წლის 3 ნოემბერს კომისიაში შემოვიდა სს „საქართველოს რკინიგზის“ ფილიალ „ვორლდ ბიზნეს სოლუშენის“ წერილი N შ-25-6/4574. წერილში კომპანია განმარტავს, რომ სს „საქართველოს რკინიგზის“ სატელეკომუნიკაციო მომსახურების განმახორციელებელი შიდა სტრუქტურული ერთეული - საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების სააგენტო, არც საცალო და არც საბითუმო ბაზარზე არ ეწევა კომერციულ საქმიანობას, სააგენტო ორიენტირებულია მხოლოდ სს „საქართველოს რკინიგზის“, როგორც სატრანსპორტო გადაზიდვების სუბიექტის - საქართველოს რკინიგზის შიდა სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე. ასევე, კომპანიის განმარტებით, სს „საქართველოს რკინიგზას“ არ გააჩნია თავისუფალი რესურსები და შესაბამისად, ტექნიკური შესაძლებლობები ამ სეგმენტზე მომსახურება გაუწიოს სხვა კომპანიას. 2023 წლის ივნისის შემდგომ, კომპანიას არ მიუღია შემოსავალი აღნიშნული მიმართულებიდან, რაც დასტურდება ელექტრონულ ფორმებში წარმოდგენილი ინფორმაციით.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კომპანიას მიაჩნია, რომ სს „საქართველოს რკინიგზა“ არ წარმოადგენს კლასიკური გაგებით სატელეკომუნიკაციო სეგმენტის ოპერატორს, რომელიც ორიენტირებულია მოგების მიღებაზე, შესაბამისად კომპანია კომისიას მიმართავს თხოვნით სს „საქართველოს რკინიგზას“ მოეხსნას შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენის ვალდებულება. ასევე, აღსანიშნავია, რომ სს „საქართველოს რკინიგზა“ თანახმაა, კომისიაში წარმოადგინოს ფასს სტანდარტებით მომზადებულ ფინანსური აღრიცხვის აუდირებულ ანგარიშგებაში და მოახდინოს მაგისტრალური/ძირითად (Trunk) ქსელთან დაშვების საბითუმო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების გამოყოფა.
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „კომუნიკაციების კომისია უფლებამოსილია დააკონკრეტოს ამ კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებები და მათი შესრულების პირობები”. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტმა შეისწავლა შპს „პისი მაქსის“ და შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის“ მიერ 2024 წელს წარმოდგენილი ფასს სტანდარტებით მომზადებული ფინანსური აღრიცხვის აუდირებული ანგარიშგებები და მასში დამატებითი ცხრილების სახით წარმოდგენილი ინფორმაცია. აღნიშნულის საფუძველზე დასტურდება, რომ როგორც შპს „პისი მაქსი“, ასევე, შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი“ აწარმოებენ სატელეკომუნიკაციო ქსელის გამოყენებასთან დაკავშირებულ საბითუმო საქმიანობას, კერძოდ მაგისტრალური/ძირითად („Trunk“) ქსელთან დაშვების საბითუმო მომსახურებას აწვდიან ავტორიზებულ პირებს და არ გააჩნიათ საცალო სატელეკომუნიკაციო სეგმენტი.
ამასთან, კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-5 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად:
1. ავტორიზებული პირის საქმიანობა სულ მცირე ორ მიმართულებას მოიცავს. ესენია საცალო და სატელეკომუნიკაციო ქსელის გამოყენებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საბითუმო საქმიანობები.
2. ბიზნეს ერთეულების განსაზღვრისას მკაფიო ზღვარი უნდა გაევლოს ბოლო მომხმარებლებისთვის მომსახურების გაწევასა (საცალო) და ქსელის ფუნქციონირებას (ქსელურ საქმიანობას) შორის.
ზემოთ აღნიშნული გარემოებების საფუძველზე იკვეთება, რომ შპს „პისი მაქსის“ და შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის“ შემთხვევაში 2025 წლის მდგომარეობითაც, ამ კომპანიების საქმიანობა მოიცავს მხოლოდ სატელეკომუნიკაციო ქსელის გამოყენებასთან დაკავშირებულ საბითუმო საქმიანობას, ხოლო „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ თანახმად, იმისათვის, რომ მოხდეს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად სრულფასოვანი აღრიცხვა, ავტორიზებული პირის საქმიანობა სულ მცირე ორ მიმართულებას უნდა მოიცავდეს: საცალო და სატელეკომუნიკაციო ქსელის გამოყენებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საბითუმო საქმიანობებს.
კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოკვლევის საფუძველზე ასევე იკვეთება, რომ სს „საქართველოს რკინიგზა“ სატელეკომუნიკაციო ბაზრის საცალო სეგმენტზე არ ეწევა კომერციულ საქმიანობას და ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა, საბითუმო სეგმენტზეც კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი ნულოვანია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაითვალისწინა რა კომისიამ ავტორიზებული პირების მოთხოვნები და ამ მოთხოვნების გათვალისწინების რეალური შესაძლებლობები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 54-ე, 103-ე, 104-ე, და 105-ე მუხლების და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დადგინდეს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების შპს „პისი მაქსისთვის”, შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტისთვის“ და სს” საქართველოს რკინიგზისთვის” ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულებების შესრულების 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესები“-სგან განსხვავებული პირობები და ვადები შემდეგი სახით:
ა) შპს „პისი მაქსი“, შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი ფოპტნეტი“ და სს“ საქართველოს რკინიგზა” 2025 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშგების სააღრიცხვო პოლიტიკის წარმოდგენის ვალდებულებისაგან გათავისუფლდნენ.
ბ) შპს „პისი მაქსისთვის”, შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი- ფოპტნეტისთვის“ და სს “საქართველოს რკინიგზისთვის” 2025 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენის შესაბამისი ვალდებულება დაკორექტირდეს და მოხდეს ანგარიშის წარმოდგენა ფასს სტანდარტით მომზადებულ ფინანსური აღრიცხვის აუდირებულ ანგარიშგებაში დამატებითი ცხრილების სახით - ანგარიშის წარდგენის ვადად განისაზღვროს 2026 წლის 1 ოქტომბერი.
2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.comcom.ge გამოქვეყნებისთანავე;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ნათია კუკულაძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
