შპს „მთავარი არხისთვის“ ავტორიზაციის შეჩერების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 24, 2025 14:05
მიღების თარიღი ივნისი 19, 2025
შპს „მთავარი არხისთვის“ ავტორიზაციის შეჩერების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
ავტორიზებული პირი: შპს „მთავარი არხი“ კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 19 ივნისი
I.აღწერილობითი ნაწილი
1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში - კომისია) აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი ბარათიდან (N25-10-1173, 03.06.2025) ირკვევა, რომ „შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2025 წლის 06 მარტის N გ-25-18/113 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამისად შპს „მთავარ არხს“ დაევალა 2024 წლის სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრისა და 2025 წლის იანვრის თვეების რეგულირების საფასურის ჯამური დავალიანების - 28,081.14 ლარის 10 სამუშაო დღის ვადაში გადახდა. „შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2025 წლის 06 მარტის N გ-25-18/113 გადაწყვეტილება შპს „მთავარ არხს“ ჩაბარდა 2025 წლის 19 მარტს (ფოსტის გზავნილის კოდი: NAP01010020324; გაგზავნის თარიღი:18.03.2025); შპს „მთავარ არხს“ არ შეუსრულებია გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით დაკისრებული ვალდებულება, კერძოდ, ამ დროისთვის არ გადაუხდია რეგულირების საფასურის დავალიანება - 28,081.14 ლარის ოდენობით;
2.მოხსენებითი ბარათიდან (N25-10-1173, 03.06.2025) ასევე ირკვევა, რომ შპს „მთავარ არხს“ არ აქვს წარმოდგენილი 2025 წლის თებერვლის, მარტისა და აპრილის თვეების 1.9. რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა, 2025 წლის I კვარტლის ფორმა 1.5 (მაუწყებლობის დაფინანსების წყაროები), ფორმა 1.6 (მაუწყებლობისთვის გაწეული სასყიდლიანი და უფასო მომსახურება) და ფორმა 1.7 იურიდიული/ფიზიკური პირების მიერ გაწეული დაფინანსება (რეკლამის ან ტელეშოფინგის განთავსებით, სპონსორობით, გაწეული მომსახურებით ან შეწირულობით ცალ-ცალკე);
3. გარდა ამისა, კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N 25-10-1149, 02.06.2025) და სამსახურებრივი ბარათის (N25-10-1183, 04.06.2025) მიხედვით, შპს „მთავარი არხს“, როგორც საერთო მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირს, ავტორიზაციის პირობებში განსაზღვრული აქვს დღე-ღამის განმავლობაში არანაკლებ 12 საათი მაუწყებლობის ვალდებულება. სამსახურებრივი ბარათის თანახმად, 2025 წლის პირველ მაისს მაუწყებლობა შეჩერდა და ეკრანზე განთავსდა წარწერა „აქ იყო მთავარი არხი, მადლობა, რომ გვიყურებდით, მთავარი ხართ თქვენ“. ასევე, ირკვევა, რომ 2025 წლის 04 ივნისის მდგომარეობით წარწერა - „აქ იყო მთავარი არხი, მადლობა, რომ გვიყურებდით, მთავარი ხართ თქვენ“, აღარ არის განთავსებული.
4. „შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2024 წლის 26 დეკემბრის Nგ-24-18/606 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „მთავარ არხს“ მიეცა წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების დარღვევის გამო. ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის თანახმად, კომპანიას დაევალა 2024 წლის სექტემბრის, ოქტომბრისა და ნოემბრის თვეების რეგულირების საფასურის დავალიანების - 24,846.92 ლარის 10 სამუშაო დღის ვადაში გადახდა.
5. ასევე, „შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2025 წლის 06 მარტის Nგ-25-18/113 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „მთავარ არხს“ დაეკისრა ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და „შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2024 წლის 26 დეკემბრის N გ-24-18/606 გადაწყვეტილების დარღვევის გამო. ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის თანახმად, კომპანიას დაევალა 2024 წლის სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრისა და 2025 წლის იანვრის თვეების რეგულირების საფასურის ჯამური დავალიანების - 28,081.14 ლარის 10 სამუშაო დღის ვადაში გადახდა.
6. შპს „მთავარი არხის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვა დაინიშნა 2025 წლის 12 ივნისს, 15:00 საათზე, რის შესახებ კომპანიას გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება (Nგ-25-03/1324; 09.06.2025) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
7. კომისიის 2025 წლის 12 ივნისის სხდომა გადაიდო კომისიის ინიციატივით, მხარის დასწრების უზურნველსაყოფად. ახალი სხდომის თარიღად განისაზღვრა 2025 წლის 19 ივნისი და აღნიშნულის შესახებ შპს „მთავარ არხს“ ეცნობა კომისიის წერილობითი შეტყობინებით (Nგ-25-03/1324; 09.06.2025).
8. კომისიის 2025 წლის 19 ივნისის დისტანციურად გამართულ სხდომას არ ესწრებოდა შპს „მთავარი არხის“ წარმომადგენელი და არც შუამდგომლობა ყოფილა წარმოდგენილი სხდომის გადადების მოთხოვნით.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
9. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ფუნქციებია ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება, ავტორიზაციის შეჩერება, განახლება და გაუქმება, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და ავტორიზაციის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი.
10. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 382 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და ავტორიზებული პირის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. კომისიის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით;
11. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლები. რეგულირების საფასურის ოდენობაა მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მიმწოდებლების მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი. რეგულირების საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მიმწოდებელთა შემოსავლიდან ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად ფაქტობრივად მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე. მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მიმწოდებლები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური და კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით.
12. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.
13. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, დამტკიცდა ელექტრონული საკომუნიკაციო და სამაუწყებლო დარგების სტატისტიკური ანგარიშგების თანდართული ფორმები (დანართი N1). ასევე, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ ყველა პირს და ასევე ყველა მაუწყებელს დაევალა ამ გადაწყვეტილების N1 დანართით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების ელექტრონულად შევსება და კომისიაში წარმოდგენა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.
14. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
15. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაში/მის მიერ კომისიისთვის წარდგენილ ავტორიზაციის შეტყობინებაშია ასახული;
16. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-14 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი არღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და მის მიმართ ამ დარღვევისთვის სანქციის სახით უკვე გამოყენებულია წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა;
17. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-15 პუნქტის ავტორიზაციის შეჩერება ნიშნავს ავტორიზებული საქმიანობის აკრძალვას მის განახლებამდე;
18. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს;
19. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მხოლოდ კომისიას აქვს ლიცენზიის მოქმედების შეჩერების/ავტორიზაციის შეჩერების ან ლიცენზიის/ავტორიზაციის გაუქმების უფლება;
20. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 1%-ისა, მაგრამ არანაკლებ 5 000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შესაჩერებლად/ავტორიზაციის შესაჩერებლად;
III. სამოტივაციო ნაწილი
21. კომისიის მიერ დგინდება, რომ შპს „მთავარი არხის“ მიერ 2024 წლის ოქტომბრიდან ირღვევა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები. მაუწყებელი არ ასრულებს კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს რეგულირების საფასურის გადახდისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების წარმოდგენის თაობაზე. გარდა ამისა, 2025 წლის პირველი მაისიდან კომპანია აღარ ახორციელებს მაუწყებლობას. შპს „მთავარი არხის“ მიმართ შესაბამისი დარღვევებისთვის სანქციის სახით უკვე გამოყენებულია წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, განიხილოს შპს „მთავარი არხის“ ავტორიზაციის შეჩერების საკითხი. კანონმდებლობის შესაბამისად, კომისიის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. ამდენად, უნდა დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „მთავარი არხის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის (ავტორიზაციის ნომერი: BR-5062; ავტორიზაციის თარიღი: 18/04/2019) შეჩერების მიზნით.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 382 მუხლის მე-2 პუნქტის, 451 მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტების, 71-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 118-ე, 115-ე მუხლების და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „მთავარი არხისთვის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის (ავტორიზაციის ნომერი: BR-5062; ავტორიზაციის თარიღი: 18/04/2019) შეჩერების მიზნით;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2025 წლის 24 ივლისს, 15:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაინტერესებული მხარეების მიერ წერილობითი მოსაზრების წარდგენის ვადა განისაზღვროს 2025 წლის 22 ივლისის ჩათვლით. მოსაზრებების კომისიაში წარმოდგენა უნდა განხორციელდეს წერილობით, კომისიის შემდეგ მისამართზე: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. N50/18 ან კომისიის ელექტრონულ მისამართზე post@comcom.ge.
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ.გასვიანი):
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „მთავარი არხისთვის“ გაგზავნა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
6. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
7. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი.ბუთბაია).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
