საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის N671/9 გადაწყვეტილებაში „გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე საჯარო-ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 26, 2025 17:55
მიღების თარიღი დეკემბერი 25, 2025
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის N671/9 გადაწყვეტილებაში „გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე საჯარო-ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
I. აღწერილობითი ნაწილი
1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“), „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ახორციელებს ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრების რეგულირების პროცესის მუდმივ მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში ახდენს მოქმედი რეგულაციების განახლებასა თუ დაკონკრეტებას, რათა უზრუნველყოს კონკურენციის განვითარება და საბითუმო დაშვების მომსახურებებზე სამართლიანი, არადისკრიმინაციული და ეკონომიკურად გამართლებული პირობების ჩამოყალიბება.
2.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) 2018 წლის 6 დეკემბრის N671/9 გადაწყვეტილებით მაგისტრალურ/ძირითად (Trunk”) ქსელებთან და “Backhaul” გადაცემის ქსელებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე, განსაზღვრულ გეოგრაფიული საზღვრებში განისაზღვრა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირები და ამავე გადაწყვეტილებით დაეკისრათ ინფორმაციის გამჭირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება; ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება, დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება, დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება, სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება. სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულების ფარგლებში განისაზღვრა შემდეგი ზღვრული ტარიფები:
1.ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელში ერთ კილომეტრზე, ერთი ძარღვის იჯარაზე თვეში 14.9 ლარის ოდენობით, (გადასახადების გარეშე);
2.მონაცემების ტრანსპორტირებაზე ერთ მეგაბიტ/წმ-ზე თვეში 0.50 ლარის ოდენობით (გადასახადების გარეშე).
3. N671/9 გადაწყვეტილებით, ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულების ფარგლებში დაზიანებული ოპტიკური ბოჭკოვანი კაბელის აღდგენის ვადები არ უნდა აღემატებოდეს „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით გათვალისწინებული ვადებს, ხოლო, დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულების ფარგლებში მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირების მიერ მაგისტრალურ/ძირითად (“trunk”) და „Backhaul” გადაცემის ქსელებთან დაშვების მსურველი (აქცეპტანტი) ავტორიზებული პირისათვის მიწოდება იმგვარი არადისკრიმინაციული და ერთგვაროვანი პირობებით (მათ შორის ტარიფებით, ხარისხით, მიწოდების ვადებით), რომლებიც არანაკლებ ხელსაყრელია, ვიდრე საკუთარი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის, აფილირებული ან/და სხვა ურთიერთჩართული ავტორიზებული პირებისათვის ან/და შიდა მოხმარებისთვის;
4. 2025 წლის დასაწყისში კომისიამ დაიწყო საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის ფიქსირებული და მობილური მომსახურებების კომპლექსური კვლევის მეორე ეტაპზე, რაც მათ შორის მოიცავს ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ინდივიდუალური/კორპორატიული შეთავაზებების მქონე იურიდიული პირი აბონენტების საცალო ბაზრის სეგმენტის და მისი შესაბამისი საბითუმო ბაზრების კვლევას. კომპლექსური კვლევის მეორე ფაზის მიმდინარე ეტაპზე საჭირო გახდა მაგისტრალურ/ძირითად (Trunk”) ქსელებთან და “Backhaul” გადაცემის ქსელებთან დაშვების საბითუმო ბაზრის არსებული მარეგულირებელი ჩარჩოს მიმოხილვაც, რა დროსაც გამოიკვეთა, რომ აღნიშულ ბაზარზე მომსახურების მიწოდების პირობებსა და ხარისხის პარამეტრებთან მიმართებაში შესაძლოა არსებობდეს გარკვეული ორაზროვნება, კერძოდ, კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის N671/9 გადაწყვეტილებით განსაზღვრული მარეგულირებელი ჩარჩოს არსებულ პრაქტიკასთან შესაბამისობის კუთხით, რაც შესაძლოა ხელს უშლის დაშვების მსურველმა ოპერატორებმა სრულფასოვნად ისარგებლონ აღნიშნული რეგულაციის ფარგლებში განსაზღვრული პირობებით. აღნიშნული მოსაზრება, ასევე, დადასტურდა ცალკეულ ავტორიზებულ პირებთან კომუნიკაციის შედეგადაც. ამგვარი გაურკვევლობა შესაძლოა იწვევდეს ბაზარზე დისკრიმინაციული ურთიერთობის ჩამოყალიბებასა და ზღუდავდეს ჯანსაღი კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას ბაზარზე. შესაბამისად, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს, დავიწყოთ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ფარგლებშიც მოხდება და მოხდეს 2018 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით განსაზღვრული მარეგულირებელი ჩარჩოს არსებულ პრაქტიკასთან შესაბამისობის შესწავლა მომსახურების მიწოდების პირობების, ტექნიკური და ხარისხობრივი პარამეტრების ნაწილში და ასეთის საჭიროების შემთხვევაში, დააზუსტოს მომსახურების მიწოდების მახასიათებლები, რაც უნდა იყოს დაცული მაგისტრალურ/ძირითად (Trunk”) ქსელებთან და “Backhaul” გადაცემის ქსელებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების მიერ.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63- ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით.
6. კომისიის 2021 წლის 9 დეკემბრის N6 დადგენილებით დამტკიცებული ,,საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კომისია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებამდე (გამოცემამდე) წინამდებარე წესის შესაბამისად საჯარო კონსულტაციებს გამართავს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე-24-ე მუხლებით და ამავე კანონის V თავით გათვალისწინებულ კონკურენციის წინასწარ რეგულირებასთან დაკავშირებული ბაზრის ანალიზის პროცედურების განხორციელებისას.
7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.
III. სამოტივაციო ნაწილი
8. წინამდებარე გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში მოყვანილი გარემოებებიდა ნ გამომდინარე, იმისათვის, რომ ბაზარზე უზრუნველყოფილ იქნეს ეფექტური კონკურენცია და სამართლიანი პირობები საბითუმო სერვისებზე, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოხდეს აღნიშნული საკითხის შესწავლა და და ასეთის საჭიროების შემთხვევაში, დააზუსტოს მომსახურების მიწოდების ხარისხის მახასიათებლები, რაც უნდა იყოს დაცული მაგისტრალურ/ძირითად (Trunk”) ქსელებთან და “Backhaul” გადაცემის ქსელებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების მიერ.
9. ვინაიდან, კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის N671/9 გადაწყვეტილების მიღება მოხდა კანონმდებლობის შესაბამისად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილების ცვლილება უნდა განხორციელდეს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესის საფუძველზე.
10. იმისათვის რათა, კომისიის გადაწყვეტილების პროექტთან დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ მხარეს მიეცეს კომენტარების წარდგენის შესაძლებლობა, მიზანშეწონილია კომისიის გადაწყვეტილების გამოცემის მიზნით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადად განისაზღვროს 3 თვე.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, ამავე კოდექსის VII და IX თავების, კომისიის 2021 წლის 9 დეკემბრის N6 დადგენილებით დამტკიცებული ,,საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად:
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის N671/9 გადაწყვეტილებაში „გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის განხილვის მიზნით;
2. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გაიმართოს საჯარო კონსულტაციები.
3. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადად განისაზღვროს 3 თვე.
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) კომისიის ოფიციალურ ვ ებ- გვერდზე (www.comcom.ge) გამოაქვეყნოს: ა) ცნობა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და გადაწყვეტილების პროექტის საჯარო კონსულტაციაზე წარდგენის თაობაზე, ბ) წინამდებარე გადაწყვეტილება, გ) მომზადებული გადაწყვეტილების პროექტი; დ) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაინტერესებული მხარის მიერ კომისიაში წარდგენილი კომენტარები (გარდა საიდუმლო/კონფიდენციალური ინფორმაციისა), კომისიაში რეგისტრაციიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
5. საჯარო კონსულტაციების გამართვის მიზნით, “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის N671/9 გადაწყვეტილებაში „გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე” კომისიის გადაწყვეტილების პროექტთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეების მიერ კომენტარების წარდგენის ვადად განისაზღვროს პროექტის გამოქვეყნების დღიდან 30 კალენდარული დღე (არანაკლებ 20 სამუშაო დღისა). კომენტარების კომისიაში წარმოდგენა უნდა განხორციელდეს წერილობით, კომისიის შემდეგ მისამართზე: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. N50/18 ან კომისიის ელექტრონულ მისამართზე (post@comcom.ge).
6. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2026 წლის 12 მარტს 15:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
8. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა)
ივანე მახარაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
