წვდომის მენიუ

შპს „მთავარი არხისთვის“ ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე

ნომერი: გ-25-3 / 396

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 25, 2025 18:10

მიღების თარიღი ივლისი 24, 2025

შპს „მთავარი არხისთვის“ ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე

ავტორიზებული პირი: შპს „მთავარი არხი“.

სამართალდარღვევა: „მაუწყებლობის  შესახებ"  საქართველოს  კანონის  მე-12  მუხლის  მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 70-ე მუხლის მე-6 პუნქტის,„რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების  ფორმების  დამტკიცების  შესახებ“  კომისიის   2016 წლის   11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების და „შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების  თაობაზე“ კომისიის  2025 წლის 6 მარტის  გ-25-18/113 გადაწყვეტილების დარღვევა.

წარმოების დაწყების  საფუძველი:  კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი ბარათი    (N25-10-1173, 03.06.2025), კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათები (N 25-10-1149, 02.06.2025 და N25-10-1183, 04.06.2025)

კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 24 ივლისი

I. აღწერილობითი ნაწილი

1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში - კომისია) აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი ბარათიდან (N25-10-1173, 03.06.2025) ირკვევა, რომ  „შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2025 წლის 06 მარტის N გ-25-18/113 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამისად შპს „მთავარ არხს“ დაევალა 2024 წლის სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრისა და 2025 წლის იანვრის თვეების რეგულირების საფასურის ჯამური დავალიანების - 28,081.14 ლარის 10 სამუშაო დღის ვადაში გადახდა. „შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2025 წლის 06 მარტის N გ-25-18/113 გადაწყვეტილება შპს „მთავარ არხს“ ჩაბარდა 2025 წლის 19 მარტს (ფოსტის გზავნილის კოდი: NAP01010020324; გაგზავნის თარიღი:18.03.2025); შპს „მთავარ არხს“ არ შეუსრულებია გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით დაკისრებული ვალდებულება, კერძოდ, ამ დროისთვის არ გადაუხდია რეგულირების საფასურის დავალიანება - 28,081.14 ლარის ოდენობით;

2. მოხსენებითი ბარათიდან (N25-10-1173, 03.06.2025) ასევე ირკვევა, რომ შპს „მთავარ არხს“ არ აქვს წარმოდგენილი 2025 წლის თებერვლის, მარტისა და აპრილის თვეების 1.9. რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა, 2025 წლის I კვარტლის ფორმა 1.5 (მაუწყებლობის დაფინანსების წყაროები), ფორმა 1.6 (მაუწყებლობისთვის გაწეული სასყიდლიანი და უფასო მომსახურება) და ფორმა 1.7 იურიდიული/ფიზიკური პირების მიერ გაწეული დაფინანსება (რეკლამის ან ტელეშოფინგის განთავსებით, სპონსორობით, გაწეული მომსახურებით ან შეწირულობით ცალ-ცალკე);

3. გარდა ამისა, კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N 25-10-1149, 02.06.2025) და სამსახურებრივი ბარათის (N25-10-1183,04.06.2025) მიხედვით, შპს „მთავარი არხს“, როგორც საერთო მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირს, ავტორიზაციის პირობებში განსაზღვრული აქვს დღე-ღამის განმავლობაში არანაკლებ 12 საათი მაუწყებლობის ვალდებულება. სამსახურებრივი ბარათის თანახმად, 2025 წლის პირველ მაისს მაუწყებლობა შეჩერდა და ეკრანზე განთავსდა წარწერა „აქ იყო მთავარი არხი, მადლობა, რომ გვიყურებდით, მთავარი ხართ თქვენ“. ასევე, ირკვევა, რომ 2025 წლის 04 ივნისის მდგომარეობით წარწერა - „აქ იყო მთავარი არხი, მადლობა, რომ გვიყურებდით, მთავარი ხართ თქვენ“, აღარ არის განთავსებული.

4. „შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2024 წლის 26 დეკემბრის Nგ-24-18/606 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის  შესაბამისად, შპს „მთავარ არხს“  მიეცა  წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების დარღვევის გამო. ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის თანახმად, კომპანიას დაევალა 2024 წლის სექტემბრის, ოქტომბრისა და ნოემბრის თვეების რეგულირების საფასურის დავალიანების - 24,846.92 ლარის 10 სამუშაო დღის ვადაში გადახდა.

5. ასევე, „შპს „მთავარი  არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2025 წლის 06 მარტის Nგ-25-18/113 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „მთავარ არხს“ დაეკისრა ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და „შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2024 წლის 26 დეკემბრის N გ-24-18/606 გადაწყვეტილების დარღვევის გამო. ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის თანახმად, კომპანიას დაევალა 2024 წლის სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრისა და 2025 წლის იანვრის თვეების რეგულირების საფასურის ჯამური დავალიანების - 28,081.14 ლარის 10 სამუშაო დღის ვადაში გადახდა.

6. „შპს „მთავარი არხისთვის“ ავტორიზაციის შეჩერების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“კომისიის 2025 წლის 19 ივნისის Nგ-25-23/316 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „მთავარი არხისთვის“ ავტორიზაციის შეჩერების მიზნით. ასევე დაინტერესებული მხარეების მიერ წერილობითი მოსაზრების წარდგენის ვადად განისაზღვრა 2025 წლის 22 ივლისის ჩათვლით პერიოდი,  ხოლო ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2025 წლის 24 ივლისი.

7. 2025 წლის 24 ივლისის ჩათვლით პერიოდში დაინტერესებული მხარეების მიერ წერილობითი მოსაზრებები კომისიაში წარმოდგენილი არ არის.

8. კომისიის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათიდან (N 25-10-1613, 24.07.2025) ირკვევა, რომ შპს „მთავარ არხს“ 2025 წლის 24 ივლისის მდგომარეობით არ გადაუხდია რეგულირების საფასურის დავალიანება 28,081.14 ლარი. ასევე, არ აქვს წარმოდგენილი 2025 წლის თებერვლის,  მარტის, აპრილის, მაისისა და ივნისის თვეების 1.9. რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა, 2025 წლის I და II კვარტლის ფორმა 1.5 (მაუწყებლობის დაფინანსების წყაროები), ფორმა 1.6 (მაუწყებლობისთვის გაწეული სასყიდლიანი და უფასო მომსახურება) და ფორმა 1.7 იურიდიული/ფიზკური პირების მიერ გაწეული დაფინანსება (რეკლამის ან ტელეშოფინგის განთავსებით, სპონსორობით, გაწეული მომსახურებით ან შეწირულობით ცალ-ცალკე).

9. კომისიის 2025 წლის 24 ივლისის ზეპირი მოსმენის სხდომას არ დაესწრო შპს „მთავარი არხის“ წარმომადგენელი. „შპს „მთავარი არხისთვის“ ავტორიზაციის შეჩერების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ კომისიის 2025 წლის 19 ივნისის Nგ-25-23/316 გადაწყვეტილება 2025 წლის 24 ივნისს გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (https://comcom.ge/ge/legal-acts/solutions/2025--25-23-316.page) და ასევე, გაეგზავნათ კომპანიის წარმომადგენლებს ელექტრონული ფოსტის მისამართზე. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შპს „მთავარი არხის“ დერექტორებს ჩაბარდათ 2025 წლის 26 ივნისს. ასევე, 2025 წლის 24 ივნისს ინტერნეტში, კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საჯარო გაცნობისათვის გამოქვეყნებული იყო ცნობა N25-12 საჯარო წარმოების დაწყების თაობაზე ზეპირი მოსმენის ჩატარების თარიღის მითითებით   და შპს „მთავარი არხისთვის“ ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე კომისიის გადაწყვეტილების პროექტი.  ვინაიდან, კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული, ვალდებულება კომისიამ საკითხი განიხილა შპს „მთავარი არხის“ წარმომადგენლის/ების დასწრების გარეშე.

10. კომისიამ  ზეპირი  მოსმენა  დასრულებულად ჩათვალა და საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების თარიღად განსაზღვრა 2025 წლის 24 ივლისი.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

11. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ფუნქციებია ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება, ავტორიზაციის შეჩერება, განახლება და გაუქმება, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და ავტორიზაციის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი;

12. „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  382 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და ავტორიზებული პირის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. კომისიის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით;

13. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლები. რეგულირების საფასურის  ოდენობაა მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მიმწოდებლების მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი. რეგულირების საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მიმწოდებელთა შემოსავლიდან ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად ფაქტობრივად მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე. მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მიმწოდებლები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური და კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით.

14.  „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.

15. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად,    დამტკიცდა ელექტრონული საკომუნიკაციო და სამაუწყებლო დარგების სტატისტიკური ანგარიშგების თანდართული ფორმები (დანართი N1). ასევე, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ ყველა პირს და ასევე ყველა მაუწყებელს დაევალა ამ გადაწყვეტილების N1 დანართით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების ელექტრონულად შევსება და კომისიაში წარმოდგენა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.

16. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451  მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

17. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451  მუხლის მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაში/მის მიერ კომისიისთვის წარდგენილ ავტორიზაციის შეტყობინებაშია ასახული;

18. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-14 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი არღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და მის მიმართ ამ დარღვევისთვის სანქციის სახით უკვე გამოყენებულია წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა;

19.  „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  451   მუხლის  მე-15  პუნქტის ავტორიზაციის შეჩერება ნიშნავს ავტორიზებული საქმიანობის აკრძალვას მის განახლებამდე;

20. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-19 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-14 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზაცია განახლდება ავტორიზებული პირის მიერ დარღვევის აღმოფხვრის დადასტურებიდან 7 დღის ვადაში კომისიის მიერ მისი ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების მომენტიდან.

21. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომისია ადგენს მედიამომსახურების მიმწოდებლის ანგარიშგების ელექტრონულ ფორმასა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის ანგარიშგების ელექტრონულ ფორმას. მედიამომსახურების მიმწოდებლის ანგარიშგების ელექტრონულ ფორმაში, გარდა ამ კანონით განსაზღვრული სხვა ინფორმაციისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს ინფორმაცია მედიამომსახურების მიმწოდებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის, ცალ-ცალკე რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ განხორციელებული შემოწირულებებიდან მიღებული შემოსავლების თაობაზე. ამ ანგარიშგების ფორმაში გათვალისწინებული უნდა იქნეს აგრეთვე ინფორმაცია მედიამომსახურების მიმწოდებლისთვის გაწეული მომსახურების შესახებ, მათ შორის, მისი მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ გაწეული ფასიანი თუ უფასო მომსახურების თაობაზე. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის ანგარიშგების ელექტრონულ ფორმაში ასახული უნდა იყოს ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების, მიღებული შემოსავლების, მის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მონაცემები და კომისიის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია. მედიამომსახურების მიმწოდებელი, ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი კვარტლის დასრულების შემდეგ მომდევნო თვის 15 რიცხვამდე წარუდგინოს კომისიას შესაბამისი ანგარიშგების ელექტრონული ფორმა.

22. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს  დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს;

23. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მხოლოდ კომისიას აქვს ლიცენზიის მოქმედების შეჩერების/ავტორიზაციის შეჩერების ან ლიცენზიის/ავტორიზაციის გაუქმების უფლება.

24. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 1%-ისა, მაგრამ არანაკლებ 5 000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შესაჩერებლად/ავტორიზაციის შესაჩერებლად;

III. სამოტივაციო ნაწილი

1. შესწავლილი მტკიცებულებები

 

1. კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი ბარათი (N25-10-1173,03.06.2025) თანდართული დოკუმენტაციით („შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2025 წლის 06 მარტის N გ-25-18/113 გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ფოსტის გზავნილის კოდი: NAP01010020324);

2. კომისიის   აპარატის   მედიამომსახურებების   რეგულირების   დეპარტამენტის   მოხსენბითი ბარათი (N25-10-1149, 02.06.2025);

3. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N25-10-1183, 04.06.2025) თანდართული ვიდეო მასალით;

4. „შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის  დაკისრების  თაობაზე“ კომისიის 2024 წლის 26 დეკემბრის Nგ-24-18/606 გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

5. შპს „მთავარი არხის“ (განცხადების წარდგენისას არსებული სახელწოდება: შპს „კომედი არხი“) ავტორიზაციის შესახებ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის   Nშ-19-6/1149,  თარიღი:21.03.2019);

6. შპს „მთავარი არხის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ  განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-7/3534, თარიღი: 26.08.2019 );

7. მეწარმეთა  და  არასამეწარმეო  (არაკომერციული)  იურიდიული  პირების  რეესტრიდან  და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „მთავარი არხის“   შესახებ მონაცემები;

8. კომისიის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N 25-10-1613, 24.07.2025);

9. „შპს „მთავარი არხისთვის“ ავტორიზაციის შეჩერების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ კომისიის 2025 წლის 19 ივნისის Nგ-25-23/316 გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „მთავარი არხისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

10.  შპს „მთავარი არხი“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირია (ავტორიზაციის თარიღი: 18/04/2019; ავტორიზაციის ნომერი: BR-5062; მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;  მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 12 საათი).

მტკიცებულება:  ამონაწერი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან. შპს „მთავარი არხის“ (ძველი სახელწოდება: შპს „კომედი არხი“) ავტორიზაციის შესახებ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/1149, თარიღი: 21.03.2019) და შპს „მთავარი არხის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-7/3534, თარიღი: 26.08.2019 ).

11. „შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2025 წლის 06 მარტის N გ-25-18/113 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამისად შპს „მთავარ არხს“ დაევალა 2024 წლის სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრისა და 2025 წლის იანვრის თვეების რეგულირების საფასურის ჯამური დავალიანების - 28,081.14 ლარის 10 სამუშაო დღის ვადაში გადახდა. კომისიის 2025 წლის 06 მარტის N გ-25-18/113 გადაწყვეტილება შპს „მთავარ არხს“ ჩაბარდა 2025 წლის 19 მარტს (ფოსტის გზავნილის კოდი: NAP01010020324; გაგზავნის თარიღი:18.03.2025); შპს „მთავარ არხს“ არ შეუსრულებია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით დაკისრებული ვალდებულება, კერძოდ,    არ გადაუხდია რეგულირების საფასურის დავალიანება - 28,081.14 ლარის ოდენობით.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი ბარათი (N25-10-1173,03.06.2025); კომისიის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N 25-10-1613, 24.07.2025).

12. შპს „მთავარი არხს“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში წინამდებარე გადაწყვეტილების მე-11 პარაგრაფში მითითებული დარღვევისთვის (რეგულირების საფასურის გადაუხდელობა) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახედ დაკისრებული აქვს წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა, კერძოდ:

ა) „შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2024 წლის 26 დეკემბრის Nგ-24-18/606 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის  შესაბამისად, შპს „მთავარ  არხს“ მიეცა  წერილობითი  გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების დარღვევის გამო და ამავე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის თანახმად, დაევალა 2024 წლის სექტემბრის, ოქტომბრისა და ნოემბრის თვეების რეგულირების საფასურის დავალიანების - 24,846.92 ლარის 10 სამუშაო დღის ვადაში გადახდა.

ბ) „შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2025 წლის 06 მარტის N გ-25-18/113 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „მთავარ არხს“ დაეკისრა ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და „შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2024 წლის 26 დეკემბრის N გ-24-18/606 გადაწყვეტილების დარღვევის გამო და ამავე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის თანახმად, დაევალა 2024 წლის სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრისა და 2025 წლის იანვრის თვეების რეგულირების საფასურის ჯამური დავალიანების - 28,081.14 ლარის 10 სამუშაო დღის ვადაში გადახდა.

მტკიცებულება: „შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2024 წლის 26 დეკემბრის Nგ-24-18/606 გადაწყვეტილება; „შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2025 წლის 06 მარტის N გ-25-18/113 გადაწყვეტილება.

13. შპს „მთავარ არხს“  არ აქვს წარმოდგენილი 2025 წლის თებერვლის, მარტისა, აპრილის, მაისის და ივნისის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა 1.9, ასევე, 2025 წლის I და II კვარტლის ფორმა 1.5 (მაუწყებლობის დაფინანსების წყაროები), ფორმა 1.6 (მაუწყებლობისთვის გაწეული სასყიდლიანი და უფასო მომსახურება) და ფორმა 1.7 (იურიდიული/ფიზიკური პირების მიერ გაწეული დაფინანსება (რეკლამის ან ტელეშოფინგის  განთავსებით,  სპონსორობით,  გაწეული  მომსახურებით  ან შეწირულობით ცალ-ცალკე).

მტკიცებულება: კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი ბარათი (N25-10-1173, 03.06.2025); კომისიის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი  (N 25-10-1613, 24.07.2025) .

14. 2025 წლის პირველ მაისს მაუწყებლობა შეჩერდა და ეკრანზე განთავსდა წარწერა „აქ იყო მთავარი არხი, მადლობა, რომ გვიყურებდით, მთავარი ხართ თქვენ“; 2025 წლის 04 ივნისის მდგომარეობით  აღნიშნული წარწერა აღარ არის განთავსებული.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი  (N25-10-1149,  02.06.2025)  და  სამსახურებრივი  ბარათი  (N25-10-1183,04.06.2025); ამონაწერი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „მთავარი არხის“ შესახებ.

15. კომისიის 2025 წლის 19 ივნისის N .... გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „მთავარი არხისთვის“ ავტორიზაციის შეჩერების მიზნით. ასევე დაინტერესებული მხარეების მიერ  წერილობითი მოსაზრების წარდგენის ვადად განისაზღვრა 2025 წლის 22 ივლისის ჩათვლით პერიოდი,  ხოლო ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2025 წლის 24 ივლისი.

მტკიცებულება: „შპს „მთავარი არხისთვის“ ავტორიზაციის შეჩერების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ კომისიის 2025 წლის 12 ივნისის ...... გადაწყვეტილება.

3. სამართლებრივი შეფასება

16. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, შპს „მთავარი არხი“, როგორც მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი  ვალდებულია  დაიცვას  მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები და ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაში/მის მიერ კომისიისთვის წარდგენილ ავტორიზაციის შეტყობინებაშია ასახული.

17. ამდენად, კომპანია ვალდებული იყო ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის ფორმა 1.9-ის საშუალებით, წარმოედგინა კომისიისთვის ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩაერიცხა კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.  ასევე, შეევსო სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და ელექტრონულად კომისიაში წარმოედგინა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით. ასევე, შპს „მთავარი არხი“ ვალდებული იყო, განეხორციელებინა მაუწყებლობა დღე-ღამეში არანაკლებ 12 საათის განმავლობაში, როგორც ეს ასახულია მის ავტორიზაციის შეტყობინებაში და განეკუთვნება ავტორიზაციის პირობას.

18. კომისიის მიერ დადგინდა, რომ შპს „მთავარ არხს“ შესრულებული არ აქვს „შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2025 წლის 06 მარტის N გ-25-18/113 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით დაკისრებული ვალდებულება. კერძოდ, კომპანიას არ გადაუხდია რეგულირების საფასურის დავალიანება - 28,081.14 ლარის ოდენობით. შესაბამისად, შპს „მთავარი არხის“ მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილება, ასევე, „შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2025 წლის 06 მარტის N გ-25-18/113 გადაწყვეტილება, რადგან განსაზღვრულ ვადაში  კომპანიამ  არ აღმოფხვრა  დარღევა  და  არ  გადაიხადა  რეგულირების საფასურის დავალიანება.

19. ასევე, დადგინდა, რომ შპს „მთავარი არხი“ 2025 წლის თებერვლის თვიდან არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმებს და არ აქვს წარმოდგენილი 2025 წლის პირველი კვარტლის სხვადასხვა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-18 პარაგრაფი).

20. გარდა ამისა, შპს „მთავარმა არხმა“ ავტორიზაციის პირობების დარღვევით 2025 წლის პირველი მაისიდან სრულად შეაჩერა მაუწყებლობა.

21. შესაბამისად, დასტურდება შპს „მთავარი არხის" მიერ „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 70-ე მუხლის მე-6 პუნქტის, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის  N95/19 გადაწყვეტილების და „შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2025 წლის 6 მარტის გ-25-18/113 გადაწყვეტილების დარღვევა.

4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

22. როგორც აღინიშნა, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 1%-ისა, მაგრამ არანაკლებ 5 000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შესაჩერებლად/ავტორიზაციის შესაჩერებლად. ხოლო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-14 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი არღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და მის მიმართ ამ დარღვევისთვის სანქციის სახით უკვე გამოყენებულია წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა. მაუწყებლისთვის ავტორიზაციის შეჩერება გამოიყენება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში. გაფრთხილებისა და დაჯარიმების შემდგომ მაუწყებლის მიერ დარღვევის გაგრძელების ან/და ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის შემთხვევაში კომისიას აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა ან საჯარო ადმინისტრაციული წარმოების გზით შეაჩეროს მაუწყებლის ავტორიზაცია დარღვევის აღმოფხვრამდე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამრიგად, პასუხისმგებლობის ზომის შერჩევისას კომისია გადაწყვეტილებას იღებს კანონმდებლობის აღსრულების კანონიერ ინტერესებისა და მაუწყებლის ლეგიტიმურ ინტერესების ურთიერთშეჯერების გზით და მაუწყებლობის ავტორიზაციის შეჩერება გამოიყენება როგორც უკიდურესი, ultima ratio ღონისძიება.

23. როგორც დადგინდა, კომისიის მიერ დარღვევის იდენტიფიცირების, პასუხისმგებლობის სახით წერილობითი გაფრთხილებისა და ჯარიმის დაკისრების მიუხედავად კომპანია უწყვეტად არღვევს კანონმდებლობის მოთხოვნებს. კერძოდ, შპს „მთავარი არხი“ არ იხდის რეგულირების საფასურის დავალიანებას, ამასთან არ წარუდგენს რეგულირების საფასურის გაანგარიშებისა და სხვა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებს და შეწყვეტილი აქვს მაუწყებლობა. შესაბამისად, კანონმდებლობის მიხედვით, კომპანიას უნდა დაეკისროს მორიგი ჯარიმა ან შეუჩერდეს ავტორიზაცია.

24. აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიერ კანონმდებლობის დარღვევა 2024 წლის ოქტომბრის თვიდან უწყვეტად გრძელდება, ასევე 2025 წლის მაისის თვიდან ირღვევა ავტორიზაციის პირობა - კომპანიამ შეწყვიტა მაუწყებლობა. ამასთან, კომპანია დაემშვიდობა მაყურებელს/აუდიტორიას და არც  საჯაროდ განუცხადებია და არც კომისიისთვის მიუწოდებია ინფორმაცია რაიმე ფორმით მაუწყებლობის გაგრძელების გეგმების შესახებ. ამდენად, ცხადია, რომ ერთი მხრივ, შპს „მთავარი არხის” მხრიდან უწყვეტად ირღვევა კანონმდებლობის მოთხოვნები და, მეორე მხრივ, არ დგას მაუწყებლობის განხორციელების ინტერესი. გარდა ამისა, კომისიის მიერ კომპანიის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევების უწყვეტად დაფიქსირება და ჯარიმების დაკისრება კიდევ უფრო მძიმე შედეგს გამოიღებს მაუწყებლისთვის. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს ავტორიზაციის შეჩერების ღონისძიების გამოყენებას.

25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სახეზეა შპს „მთავარი არხის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევა და მის მიმართ ამ დარღვევისათვის სანქციის სახით უკვე გამოყენებულია წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ 2025 წლის პირველი მაისიდან კომპანიამ შეწყვიტა მაუწყებლობა, მიზანშეწონილია შპს „მთავარ არხს“ შეუჩერდეს ავტორიზაცია დარღვევის აღმოფხვრამდე. კომპანია შეძლებს განაახლოს ავტორიზებული საქმიანობა მას შემდეგ,  რაც უზრუნველყოფს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას.

26. ამრიგად, შპს „მთავარ არხს“ უნდა შეუჩერდეს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაცია დარღვევის აღმოფხვრამდე. ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზებული პირის მიერ საქმიანობის განახლება ხდება ავტორიზებული პირის მიერ დარღვევის აღმოფხვრის დადასტურებიდან 7 დღის ვადაში კომისიის მიერ მისი ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების მომენტიდან.

27. ამასთან, კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ავტორიზაციის შეჩერება ნიშნავს ავტორიზებული საქმიანობის აკრძალვას მის განახლებამდე. ხოლო, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,   მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით. ამასთან, ავტორიზაციის გარეშე საქმიანობამ, გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელია გამოიწვიოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც.

V. სარეზოლუციო ნაწილი

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, 382 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 451 მუხლის მე-14 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, 451 მუხლის მე-15 პუნქტის, 451 მუხლის მე-19 პუნქტის, 70-ე მუხლის მე-6 პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, 71-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული   კოდექსის 95-ე მუხლის, 115-ე მუხლისა და IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.  შპს „მთავარ არხს“ შეუჩერდეს  მაუწყებლობის ავტორიზაცია (BR-5062, 18/04/2019) დარღვევის აღმოფხვრამდე;

2. განემარტოს შპს „მთავარ არხს“, რომ ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზებული პირის მიერ საქმიანობის განახლება ხდება ავტორიზებული პირის მიერ დარღვევის აღმოფხვრის დადასტურებიდან 7 დღის ვადაში კომისიის მიერ მისი ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების მომენტიდან;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე  (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს „მთავარი არხისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ.გასვიანი) გადაწყვეტილების შპს „მთავარი არხისთვის“  გაგზავნა  და  კომისიის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

6. დაევალოს  კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე) ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-5 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი);

8. კონტროლი   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   (გარდა  გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3  და  მე-5 პუნქტებისა) დაევალოს  კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ.ქორიძე).

ვახტანგ  აბაშიძე                 თავმჯდომარე  - მ.შ.

ნათია კუკულაძე                 წევრი

ივანე მახარაძე                    წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები