წვდომის მენიუ

შპს „ტელე 1“-ის ავტორიზაციის შეჩერებისა და კომისიის 2019 წლის 16 მაისის №გ-19-15/292 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ

ნომერი: გ-25-3 / 548

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 17, 2025 15:47

მიღების თარიღი ნოემბერი 13, 2025

შპს „ტელე 1“-ის ავტორიზაციის შეჩერებისა და  კომისიის 2019 წლის 16 მაისის №გ-19-15/292 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ

ავტორიზებული პირი: შპს „ტელე 1“ (ს/კ 405318963)

წარმოების დაწყების საფუძველი: კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის 2025 წლის პირველი ოქტომბრის N25-10-2125 მოხსენებითი ბარათი;

კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 13 ნოემბერი

I. აღწერილობითი ნაწილი

1. კომისია აღნიშნავს, რომ  კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის 2025 წლის პირველი და 17 ოქტომბრის (Nშ-25-10-2125 და Nშ-25-10-2237),   კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის 2025 წლის 24 ოქტომბრის (Nშ-25-10-2275)   მოხსენებითი ბარათებიდან ირკვევა, რომ შპს „ტელე 1“ 2024 წლის   ივლისის თვიდან   ავსებს სტატისტიკური ანგარიშგების ნულოვან ფორმებს და 2024 წლის აგვისტოს თვიდან  2025 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით წარმოადგენს რეგულირების ყოველწლიური საფასურის ნულოვან გაანგარიშებებს. 2023 წლის აგვისტოს თვიდან 2024 წლის ივლისის თვეებიშ ჩათვლით ერიცხება რეგულირების დავალიანება ჯამურად 37,66 ლარის ოდენობით;  შპს „ტელე 1” არ ფიქსირდება კონტრაჰენტ ოპერატორად არცერთ ავტორიზებულ პირთან.

2. კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელე 1“-ის ავტორიზაციის შეჩერებისა და კომისიის 2019 წლის 16 მაისის №გ-19-15/292 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ. საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2025 წლის 13 ნოემბერი.

3. შპს „ტელე 1”-ს, საკითხის განხილვის თაობაზე შეტყობინება (Nგ-25-03/2640) გაეგზავნა 2025 წლის 7 ნოემბერს ელექტრონულ მისამართზე კომისიის სხდომაზე დისტანციურად დასწრების მიზნით. შეტყობინება ელექტრონულ მისამართზე კომპანიას ჩაბარდა 2025 წლის 7 ნოემბერს (მიღებულია ავტომატური საშუალებით დადასტურება).

4. 2025 წლის 13 ნოემბერს კომისიის სხდომას არ ესწრებოდა შპს „ტელე 1”-ის წარმომადგენელი. სხდომაზე  კომისიამ მიიჩნია, რომ მის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით, შესაბამისად კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „ტელე 1”-ის დაუსწრებლად.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

5.,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით  დადგენილი  სანქციების დაკისრებას.

6. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე  ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას,  ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;

8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური და სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი; ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობაა ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური.

10. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N 95/19 გადაწყვეტილებით ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.

11. „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილების მე-5 მუხლის შესაბამისად, ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისთვის განკუთვნილი  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გაიცემა მხოლოდ ავტორიზებულ პირებზე. შესაბამისად, პირი, რომელსაც შეუჩერდება ავტორიზაცია, არ უნდა ფლობდეს ნუმერაციის რესურსს. ასევე ამავე დადგენილების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმების საფუძველია შესაბამის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის გაუქმება/შეჩერება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უფლების გაუქმების შემთხვევაში მფლობელს მის მიერ გადახდილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური არ უბრუნდება.

12. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

III.   სამოტივაციო ნაწილი

1.  დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

13. შპს „ტელე1”(ს/კ405318963) წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს 2019 წლის 21 თებერვალს შემდეგ საქმიანობაზე:

A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა:

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება:

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; ტექსტური შეტყობინების მომსახურება.

14. კომისიის 2019 წლის 16 მაისის №გ-19-15/292 გადაწყვეტილებით ფლობს ნუმერაციის რესურსს - დამისამართების პრეფიქსს 7-5-3-7 (შვიდი-ხუთი-სამი-შვიდი) შესაბამის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის ვადით, პორტაბელობის ვალდებულების გაუქმებამდე, ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების ორგანიზებისთვის ტერმინალური მოწყობილობებიდან სააბონენტო ნომრების პორტაბელობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში ზარის დამისამართებისა და იდენტიფიცირებისთვის;;

2. სამართლებრივი შეფასება

15. კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191  მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:

ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;

ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას;

გ) არ იხდის რეგულირების საფასურს;

16. „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილების მე-5 მუხლის შესაბამისად, ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისთვის განკუთვნილი  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გაიცემა მხოლოდ ავტორიზებულ პირებზე. შესაბამისად, პირი, რომელსაც შეუჩერდება ავტორიზაცია, არ უნდა ფლობდეს ნუმერაციის რესურსს. ასევე ამავე დადგენილების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმების საფუძველია შესაბამის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის გაუქმება/შეჩერება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უფლების გაუქმების შემთხვევაში მფლობელს მის მიერ გადახდილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური არ უბრუნდება.

17. შესაბამისად კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება შპს „ტელე 1“-ის ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე და ასევე კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების”  მე-7 მუხლის პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტის საფუძველზე ასევე უფლებამოსილია ძალადაკარგულად გამოაცხადოს კომისიის 2019 წლის 16 მაისის №გ-19-15/292 გადაწყვეტილება.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტების, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-191  მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 98-ე და 99-ე მუხლების  და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შეუჩერდეს ავტორიზაცია შპს „ტელე 1“-ს (ს/კ 405318963) ავტორიზებული საქმიანობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე;

2. განემარტოს შპს „ტელე 1"-ს, რომ ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზებული პირის მიერ საქმიანობის განახლება ხდება კომისიის მიერ მისი ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების მომენტიდან. კომისია ავტორიზებულ პირს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში ატარებს შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

3. განემარტოს შპს „ტელე 1"-ს, რომ  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით;

4. ცნობილი იქნას ძალადაკარგულად კომისიის 2019 წლის 16 მაისის №გ-19-15/292 გადაწყვეტილება;

5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს „ტელე 1“-ისთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

6. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე) ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) ერთი თვის ვადაში;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ  აბაშიძე           თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე      წევრი

ნათია კუკულაძე          წევრი

ივანე მახარაძე              წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები