სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 06, 2025 12:58
მიღების თარიღი თებერვალი 27, 2025
სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ
განმცხადებელი: სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“
კომისიის სხდომის თარიღი: 27.02.2025
I. აღწერილობითი ნაწილი
1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ“ (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის ბრძანება № 1-1/585; ს.კ. № 245631632) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-25-7/685, 19.02.2025) 2024 წლის 22 თებერვლის № გ-24-7/101 გადაწყვეტილების შესაბამისი (ქ. ბათუმის, ფოთისა და ყულევის ნავსადგურების ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ოთხი სიხშირე) სიხშირული რესურსის მინიჭების მოთხოვნით.
2.სიხშირეები გათვალისწინებულია საზღვაო ხომალდებთან ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
II. სამოტივაციო ნაწილი
3.კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებულ პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებული არ არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ რომელიც საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რისთვისაც არაავტორიზებული პირი იხდის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურს.
4.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად არაავტორიზებულ პირს, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის (გარდა რადიოსარელეო ქსელის ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთის გამოყენების მიზნით), კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დროებით − 1 წლის ვადით, რისთვისაც პირი წინასწარ იხდის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა ერთ სიხშირეზე შეადგენს 1000 ლარს.
5.კომისია აღნიშნავს, რომ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტში ჩარიცხა 4000 ლარი.
6.კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.
III. სარეზოლუციო ნაწილი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის,„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N 13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-3 პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და 29-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1.მიენიჭოს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება № F 3232 შემდეგი პირობებით: სიხშირეები - 156.300 მჰც, 156.650 მჰც, 156.425 მჰც და 156.875 მჰც (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. ბათუმის, ფოთისა და ყულევის ნავსადგურების ტერიტორიაზე, ერთი წლის ვადით - 2025 წლის 27 თებერვლიდან 2026 წლის 27 თებერვლამდე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
2.სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.
3.წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრის მართლზომიერი გამოყენების მიზნით მონიტორინგის განხორციელება დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე).
4.დაევალოს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს თანდართული ფორმის შევსება და კომისიის ოფიციალურ მეილზე reestri@comcom.ge გადმოგზავნა; ცვლილების შემთხვევაში ინფორმაცია გადმოგზავნილ უნდა იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაოდღის ვადაში.
5.საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის“ სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან.
6.დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ქ. სულიაშვილი) სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის“ მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა.
7.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას:
ა) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის აღრიცხვა შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში (ნ. დევდარიანი);
ბ) გადაწყვეტილების სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
8.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.
9.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) გადაწყვეტილების სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
10.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი