ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ბაზარზე ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით საქმის მოკვლევის დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 27, 2025 15:57
მიღების თარიღი აგვისტო 21, 2025
ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ბაზარზე ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით საქმის მოკვლევის დაწყების შესახებ
1. საქმის აღწერა
2025 წლის 1 ივლისს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (შემდგომში- კომისია) შემოვიდა შპს “მაგთიკომის” წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25- 6/2733), რომლითაც კომპანიამ კომისიას შეატყობინა ინტერნეტ მომსახურების ტარიფების ცვლილების შესახებ. წერილში კომპანია მიუთითებდა, რომ 2025 წლის 1 აგვისტოდან იცვლებოდა შპს „მაგთიკომის“ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტ მომსახურების ტარიფები (ფასები მოცემულია დღგ-ის ჩათვლით):
„50მბ/წმ - 37 ლარი“ პაკეტით (თბილისი) მოსარგებლე ახალი და არსებული აბონენტებისთვის პაკეტის ღირებულება გახდება 40 ლარი (50მბ/წმ - 40 ლარი);
„50მბ/წმ - 30 ლარი“ სააქციო პაკეტით (რეგიონი) მოსარგებლე ახალი და არსებული აბონენტებისთვის პაკეტის ღირებულება გახდება 33 ლარი (50მბ/წმ - 33 ლარი);
ზემოაღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით, 3 ლარით გაიზრდება ყველა სტანდარტული და სააქციო ინტერნეტი + IPTV შეთავაზებები (თბილისი და რეგიონი), სადაც კომბინაციაში ფიგურირებს 50 მბ/წმ-იანი ინტერნეტი.
კომპანიას ცვლილებასთან დაკავშირებით აღნიშნულ წერილში ფასის ზრდის მიზეზებთან დაკავშირებით განმარტება არ გაუკეთებია.
კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის (შემდგომში „დეპარტამენტი“) შეფასებით, კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, ცვლილება შეეხო დაახლოებით 456 ათას აბონენტს, რაც ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების აბონენტების 84%-ს შეადგენს. აღნიშნული ცვლილება შპს „მაგთიკომის“ თვიური შემოსავლის ზრდას დაახლოებით 1.37 მლნ. ლარით იწვევს (აღნიშნული გაანგარიშებულია აბონენტების რაოდენობის გამრავლებით 3 ლარზე, ანუ იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას არსებული აბონენტები შეუნარჩუნდება). ზემოთ აღნიშნული ცვლილებების შედეგად ფასის ზრდამ ცალკემდგომ ინტერნეტის პაკეტებზე 8% და 10% შეადგინა, შესაბამისად თბილისისა და რეგიონებისთვის, ხოლო სხვადასხვა კომბინირებულ შეთავაზებაში ზრდის პროცენტი მერყეობს 4-%-დან 9%-მდე.

აღნიშნული ცვლილებას მოჰყვა მომხმარებელთა მომართვიანობა კომისიის მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში, სადაც აბონენტებმა დააფიქსირეს უკმაყოფილება ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით.
2. სამართლებრივი საფუძველი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითად ფუნქციებს განეკუთვნება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება, ამ კანონით დადგენილი თავისებურებების გათვალისწინებით.
„კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მიხედვით, ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულების უფლებამოსილების მქონე ორგანო არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – სააგენტო). ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებას ახორციელებს ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანო.
„კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანო ეკონომიკის რეგულირებად სფეროში ამ კანონით გათვალისწინებული საკითხების შესწავლისას ხელმძღვანელობს ამ კანონის მე-3 და მე-6−მე-9 მუხლებით, მე-11 მუხლის პირველი−მე-8 პუნქტებით, 111 მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-6−მე-12 პუნქტებითა და 27-ე, 33-ე და 331 მუხლებით, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტს, მე-5 მუხლს, 111 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტებსა და 112, მე-18, 22-ე−25-ე და 32-ე მუხლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში იყენებს, თუ ეკონომიკის შესაბამისი რეგულირებადი სფეროს მომწესრიგებელი სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
„კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის თანახმად, სააგენტო, ხოლო ამ შემთხვევაშიკომისია ეკონომიკურ აგენტთან მიმართებით უფლებამოსილია განახორციელოს საქმის მოკვლევა წარდგენილი საჩივრის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით;
„კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონით სააგენტო და შესაბამისი ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანო თანამშრომლობენ ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის დარღვევის შემთხვევათა შესწავლისა და აღკვეთისათვის.
„კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის შესაძლო დარღვევის ფაქტს ან კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინებას ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანო განიხილავს, იგი სააგენტოს საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების ან/და საკუთარი პოზიციის წარმოდგენის მოთხოვნით მიმართავს.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ
„კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესის“ მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, “მოპასუხე არის პირი, რომლის წინააღმდეგაც კომისიაში წარდგენილია საჩივარი კანონის შესაბამისი მუხლის/მუხლების სავარაუდო დარღვევის თაობაზე ან რომლის მიმართაც კომისიამ საკუთარი ინიციატივით დაიწყო საქმის მოკვლევა”.
„კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად დომინანტური მდგომარეობა არის - „შესაბამის ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ისეთი მდგომარეობა, რომელიც მას/მათ საშუალებას აძლევს, იმოქმედოს/იმოქმედონ კონკურენტი ეკონომიკური აგენტებისგან, მიმწოდებლებისგან, კლიენტებისა და საბოლოო მომხმარებლებისგან დამოუკიდებლად, არსებითი გავლენა მოახდინოს/მოახდინონ შესაბამის ბაზარზე საქონლის მიმოქცევის საერთო პირობებზე და შეზღუდოს/შეზღუდონ კონკურენცია”, ხოლო ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დომინანტური მდგომარეობა განისაზღვრება შესაბამის ბაზარზე ეკონომიკური აგენტის საბაზრო წილის, აგრეთვე მისი კონკურენტების საბაზრო წილების, ბაზარზე შესვლის ბარიერების, წარმოების გაფართოების ბარიერების, მყიდველის საბაზრო ძალაუფლების, ნედლეულის წყაროს ხელმისაწვდომობის, ვერტიკალური ინტეგრაციის ხარისხის, ქსელური ეფექტებისა და საბაზრო ძალაუფლების განმსაზღვრელი სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებად შეიძლება ჩაითვალოს შემდეგი ქმედებები:
ა) შესყიდვის ან გაყიდვის არასამართლიანი ფასის ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა (ფიქსირება);
ბ) წარმოების, ბაზრის ან ტექნოლოგიური განვითარების მომხმარებლის ინტერესების საზიანოდ შეზღუდვა;
გ) გარკვეული სავაჭრო პარტნიორებისთვის იდენტურ ტრანზაქციებზე განსხვავებული პირობების დაწესება, რითაც ხდება მათი არაკონკურენტულ მდგომარეობაში ჩაყენება;
დ) გარიგების დასადებად მხარისთვის ისეთი დამატებითი პირობის დადგენა/ვალდებულების დაკისრება, რომელიც არც საგნობრივად და არც კომერციულად დაკავშირებული არ არის გარიგების საგანთან, და სხვა
3. მოკვლევის დაწყების საკითხი
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტ მომსახურების ტარიფების ცვლილებასთან დაკავშირებით, დეპარტამენტმა განახორციელა პირველადი შეფასება, შპს „მაგთიკომის“ მხრიდან ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურების ტარიფების ცვლილებით ხომ არ შეიძლება არსებობდეს გონივრული ეჭვი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის, კერძოდ, ამ კანონის მე-6 მუხლის დარღვევის თაობაზე.
„კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად დომინანტური მდგომარეობა არის - „შესაბამის ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ისეთი მდგომარეობა, რომელიც მას/მათ საშუალებას აძლევს, იმოქმედოს/იმოქმედონ კონკურენტი ეკონომიკური აგენტებისგან, მიმწოდებლებისგან, კლიენტებისა და საბოლოო მომხმარებლებისგან დამოუკიდებლად, არსებითი გავლენა მოახდინოს/მოახდინონ შესაბამის ბაზარზე საქონლის მიმოქცევის საერთო პირობებზე და შეზღუდოს/შეზღუდონ კონკურენცია”, ხოლო ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დომინანტური მდგომარეობა განისაზღვრება შესაბამის ბაზარზე ეკონომიკური აგენტის საბაზრო წილის, აგრეთვე მისი კონკურენტების საბაზრო წილების, ბაზარზე შესვლის ბარიერების, წარმოების გაფართოების ბარიერების, მყიდველის საბაზრო ძალაუფლების, ნედლეულის წყაროს ხელმისაწვდომობის, ვერტიკალური ინტეგრაციის ხარისხის, ქსელური ეფექტებისა და საბაზრო ძალაუფლების განმსაზღვრელი სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
აღნიშნულის გათვალისწინებით, დეპარტამენტმა გააკეთა იმ ფაქტორების პირველადი შეფასება, რომელიც შესაძლოა მიუთითებდეს შპს „მაგთიკომის“ დომინანტურ მდგომარეობაზე, როგორიცაა: საბაზრო წილები, ბაზარზე შესვლის ბარიერების არსებობა, რთულად დუბლირებადი ინფრასტრუქტურა, ვერტიკალური ინტეგრაცია, მასშტაბის და მოცულობის ეკონომია, კაპიტალის ბაზრებზე/ფინანსურ რესურსებზე მარტივი ან პრივილეგირებული წვდომა, მომხმარებლის მსყიდველობითი ძალაუფლება.
შპს „მაგთიკომი“ 2025 წლის მე-2 კვარტლის მდგომარეობით ფიქსირებული ოპტიკურ- ბოჭკოვანი ინტერნეტ მომსახურების ფიზიკური პირი აბონენტების ბაზარზე შემოსავლების მიხედვით ფლობს 54% საბაზრო წილს, ხოლო აბონენტების მიხედვით 52%-ს.
ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურებების ბაზარზე კომპანიების საბაზრო წილები აბონენტებისა და შემოსავლების მიხედვით, შემდეგია:

საბაზრო წილების დინამიკა ბოლო წლების განმავლობაში შემდეგია:


მიუხედავად იმისა, რომ შპს „მაგთიკომის“ საბაზრო წილი მცირდება ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, კომპანია მაინც სტაბილურად ინარჩუნებს 50%-ზე მეტ საბაზრო წილებს როგორც შემოსავლების, ისე აბონენტების მიხედვით. ამასთან, კომპანიის აბონენტების რაოდენობის და შემოსავლების ცვლილების ტენდენცია სტაბილურად მზარდია, საშუალო წლიური ზრდის მაჩვენებლებით (CAGR) 3% და 12% შესაბამისად.
გარდა საბაზრო წილის შეფასებისა, განხილულ იქნა დომინანტური მდგომარეობის განსაზღვრის სხვა ფაქტორებიც. ამ კუთხით, გასათვალისწინებელია ბაზარზე ახალი მოთამაშეების შესვლისა და არსებული ოპერატორების მიერ საქმიანობის გაფართოების ბარიერების საკითხი. ზემოთაღნიშნული საბაზრო წილების სტაბილური ტენდენცია, რომელიც ასახავს ბაზრის ორი მსხვილი მოთამაშის მიერ დიაგრამაზე ასახულ პერიოდში სტაბილურად 80%-ზე მაღალი ბაზრის წილის ფლობას, შესაძლოა მიუთითებდეს, რომ ბაზარზე ახალი მსხვილი მოთამაშეების შესვლა და მათ მიერ ისეთი საბაზრო წილის მიღწევა, ან არსებული ოპერატორების მიერ საბაზრო წილის ისეთი ზრდა, რომელიც შეძლებდა ბაზრის კონკურენტულ გარემოზე ზემოქმედებას, ბაზარზე შესვლის და გაფართოების ბარიერებთან არის დაკავშირებული.
შპს “მაგთიკომი” ვერტიკალურად ინტეგრირებული ოპერატორია, რომელიც ოპერირებს, ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ბაზრის, როგორც საბითუმო, ისე საცალო სეგმენტებზე, გარდა ამისა, მაგთიკომი კონვერგენტული ოპერატორია და წარმოდგენილია, როგორც ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების, ისე მობილური მომსახურებების ბაზრებზე. აღნიშნული ფაქტორები, შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ შპს „მაგთიკომი“ სარგებლობს მასშტაბის და მოცულობის მაღალი ეკონომიით, რაც საშუალებას აძლევს მას აწარმოოს მომსახურების ერთი დამატებითი ერთეული ბევრად დაბალი ღირებულებით, ვიდრე ამას კონკურენტები ახერხებენ. ამასთან, კონვერგენცია ხელს უწყობს შპს “მაგთიკომს” შესთავაზოს აბონენტებს მომსახურების მრავალფეროვანი პაკეტები, რაც შესაძლოა კიდევ უფრო ამყარებდეს მის პოზიციას ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ბაზრის საცალო სეგმენტზე.
ამასთან, შპს “მაგთიკომს” აქვს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის ყველაზე დიდი დაფარვა (დაფარვის არეალში მოქცეული შინამეურნეობების რაოდენობის მიხედვით) საქართველოს მასშტაბით, რაც საშუალებას აძლევს მას მიაწოდოს ფიქსირებული ფართოზოლოვანი მომსახურება ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიით ყველაზე მეტ დასახლებას (641 დასახლება). აღნიშნულის გათვალისწინებით შპს „მაგთიკომი“ ერთადერთი ოპერატორია,
რომელსაც გააჩნია ეროვნული მასშტაბის საბითუმო ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი, რომლის დუბლირებაც ახალი შემსვლელი ოპერატორისთვის რთულია და ასევე, რთულია ამ მასშტაბს მიაღწიონ ბაზარზე არსებულმა სხვა ოპერატორებმა. ამასთან, აღნიშნული უპირატესობის ხელშემწყობია ის ფაქტიც, რომ შპს „მაგთიკომი“ დღემდე არ ახორციელებს ღია დაშვებას თავის ოპტიკურ-ბოჭკოვან ქსელზე, რაც აიძულებს ბაზარზე შემსვლელ სუბიექტებს განახორციელონ დიდი ინვესტიცია საწყის ეტაპზე საკუთარი ქსელის მოწყობის მიზნით, რაც მათთვის დიდ ფინანსურ რესურსებთან და დროსთან იქნება დაკავშირებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „მაგთიკომი“ შესაძლოა არ განიცდიდეს კონკურენტულ საფრთხეებს ბაზარზე პოტენციური შემსვლელების მხრიდან, იქიდან გამომდინარე, რომ მათთვის შეუძლებელია იმ დონის, მასშტაბის და მოცულობის ეკონომიის მიღწევა რომ კონკურენტული საფრთხე შეუქმნან მაგთიკომს მოკლე ან საშუალოვადიან პერიოდში.
ამასთან, კიდევ ერთი ყურადსაღები ფაქტორი, რაც შეიძლება განაპირობებდეს შპს “მაგთიკომის” დომინანტურ მდგომარეობას, არის მომხმარებლის მსყიდველობითი ძალაუფლების არარსებობა, რაც მიუთითებს მომხმარებლის ისეთ პოზიციაზე, როდესაც მომხმარებელს მნიშვნელოვანი წილი უჭირავს მომსახურების მიმწოდებლის პორტფელში და შესაბამისად, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს სერვისის მიწოდების პირობებს, იქიდან გამომდინარე, რომ მის მიერ მიმწოდებლის ჩანაცვლება, სერიოზულ მატერიალურ ზიანს მიაყენებს კომპანიას. თუმცა, შპს “მაგთიკომის” ქსელის ყველაზე დიდი დაფარვა (რომელიც
2022 წლის მონაცემებით მომხმარებელთა ფართების 88%-ს ფარავს მაშინ, როდესაც სიდიდით მე-2 ოპერატორის სს „სილქნეტის“ ანალოგიური მაჩვენებელი 57% იყო), რაც ზღუდავს მომხმარებლის შესაძლებლობას ჩაანაცვლოს მომსახურება, შესაძლოა განაპირობებს ფიქსირებული ფართოზოლოვანი მომსახურების ბაზარზე მომხმარებლის მსყიდველობითი ძალაუფლების არარსებობას.
ზემოთ აღნიშნულ ფაქტორებთან ერთად გასათვალისწინებელია შპს “მაგთიკომის” შესაძლო უპირატესობა კაპიტალზე ხელმისაწვდომობის კუთხით, რასაც უზრუნველყოფს ის ფაქტი, რომ შპს “მაგთიკომის” მთლიანი აქტივები საკუთარი კაპიტალით არის დაფინანსებული, შესაბამისად, ფინანსური სახსრების მოძიება შპს “მაგთიკომისთვის”, კონკურენტებთან შედარებით, უფრო მარტივია.
აღნიშნულ მოსაზრებებს ამყარებს ის ფაქტიც, რომ კომისიის 2024 წლის 8 აგვისტოს მიღებულ N გ- 24-9/361 “ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ” გადაწყვეტილებაში განხორციელდა ზემოთ აღნიშნული ინდიკატორების შეფასება, რომლის საფუძველზეც შპს „მაგთიკომი“ ფიქსირებულ ქსელზე დაშვების შესაბამის ბაზარზე მიჩნეულ იქნა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირად.
ზემოთ აღნიშნული ინდიკატორები შპს „მაგთიკომის“ შესაძლო დომინანტურ მდგომარეობაზე მიუთითებს. თავისთავად დომინანტური მდგომარეობის ფლობა არ არის დარღვევა, თუმცა, ერთი ეკონომიკური აგენტის ან რამდენიმე ეკონომიკური აგენტის (ჯგუფური დომინანტური მდგომარეობის შემთხვევაში) მიერ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება დაუშვებელია. შესაბამისად, დეპარტამენტმა ასევე შეაფასა, არსებობს თუ არა ის გარემოებები, რაც შესაძლოა დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაზე მიუთითებდეს.
კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებად შეიძლება ჩაითვალოს შემდეგი ქმედებები:
ა) შესყიდვის ან გაყიდვის არასამართლიანი ფასის ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა (ფიქსირება);
ბ) წარმოების, ბაზრის ან ტექნოლოგიური განვითარების მომხმარებლის ინტერესების საზიანოდ შეზღუდვა;
გ) გარკვეული სავაჭრო პარტნიორებისთვის იდენტურ ტრანზაქციებზე განსხვავებული პირობების დაწესება, რითაც ხდება მათი არაკონკურენტულ მდგომარეობაში ჩაყენება;
დ) გარიგების დასადებად მხარისთვის ისეთი დამატებითი პირობის დადგენა/ვალდებულების დაკისრება, რომელიც არც საგნობრივად და არც კომერციულად დაკავშირებული არ არის გარიგების საგანთან, და სხვა
განსახილველ შემთხვევაში, ზემოთ აღნიშნული ინდიკატორებიდან გამომდინარე არსებობს გონივრული ეჭვი, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ განხორციელებული ფასების ცვლილებით შესაძლოა ადგილი ჰქონდეს შესყიდვის ან გაყიდვის არასამართლიანი ფასის დადგენას, რასაც ამყარებს ინფორმაცია კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების შესახებ.
შპს „მაგთიკომის“ EBITDA-მ მარჟამ (შემოსავალს საპროცენტო სარგებლის, გადასახადების და ცვეთის ხარჯების დაფარვამდე გაყოფილი კომპანიის ჯამურ შემოსავალზე), 2024 წლის მდგომარეობით 73.52% შეადგინა და 2020 წლის მაჩვენებელთან მიმართებაში დაახლოებით 9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. იქიდან გამომდინარე, რომ შპს „მაგთიკომის“ საბითუმო ქსელი თითქმის მთლიანად მის საცალო ერთეულებს ემსახურება, აღნიშნული მარჟა ძირითადად საცალო ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის და მობილური მომსახურებების მიწოდებიდან გენერირდება, რაც იწვევს გონივრული ეჭვს შპს „მაგთიკომის“ მიერ საცალო ბაზარზე არასამართლიანად ჭარბი ფასის გამოყენების თაობაზე.
Telecompaper-ის1 მიერ განხორციელებული კვლევის მიხედვით, რომლის ფარგლებშიც შესწავლილ იქნა სისტემური ოპერატორების (ე.წ Incumbent) EBITDA მარჟები ევროკავშირის 10 ქვეყანაში, რომელთა საშუალო მაჩვენებელმა 2023 წლის მე-3 კვარტლის მონაცემებით 36% შეადგინა, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ნიდერლანდების სისტემურმა ოპერატორმა KPN-მა 48%, ხოლო ყველაზე დაბალი Telia ჯგუფის ფინეთის წარმომადგენლობამ 28.5% დააფიქსირა. როგორც, აღნიშნული მონაცმებიდან ჩანს, შპს „მაგთიკომის“ მაჩვენებელი ევროკავშირის 10 საბაზისო ოპერატორის საშუალო EBITDA მარჟას ორჯერ, ხოლო ყველაზე მაღალი EBITDA მარჟის მქონე, KPN-ის მაჩვენებელს 25 პროცენტული პუნტით აღემატება.
S&P Global-ის2 ანგარიშის მიხედვით, რომელშიც განხილულია სატელეკომუნიკაციო ინდუსტრია, გლობალური სატელეკომუნიკაციო ოპერატორების 2024 წლის საშუალო EBITDA მარჟამ, ევროპული სატელეკომუნიკაციო ოპერატორებისთვის 38.2% შეადგინა. შედარებისთვის, შპს „მაგთიკომის“ მაჩვენებელმა ანალოგიურ პერიოდში 73.5% შეადგინა. აღნიშნული სურათი შესაძლოა იყოს გონივრული ეჭვის საფუძველი შპს „მაგთიკომის“ მიერ არასამართლიანი ფასების დაწესების თაობაზე.
1 https://www.government.nl/binaries/government/documenten/reports/2024/06/24/the-financial-health-of-the-european-telecoms- operators/The+Financial+Health+of+the+European+Telecoms+Operators.pdf
2 https://www.spglobal.com/_assets/documents/ratings/research/101601258.pdf

გამომდინარე იქიდან, რომ შპს „მაგთიკომის“ საბითუმო ქსელი თითქმის მთლიანად მის საცალო ერთეულებს ემსახურება, აღნიშნული მარჟა ძირითადად საცალო ფიქსირებული ფართოზოლოვანი და მობილური მომსახურებების მიწოდებიდან გენერირდება, რაც იწვევს გონივრული ეჭვს შპს „მაგთიკომის“ მიერ არასამართლიანად ჭარბი ფასის გამოყენების თაობაზე.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისია მიიჩნევს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს შპს „მაგთიკომის“ მიერ „კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევას, რომელიც გულისხმობს შესყიდვის ან გაყიდვის არასამართლიანი ფასის ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენას (ფიქსირებას). შესაბამისად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დაიწყოს მოკვლევა შპს „მაგთიკომის“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაძლო დარღვევის ფაქტზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 11-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2, მე-6 და მე-7 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII თავისა და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესის“ მე-14 მუხლის პირველი, მე-2, მე-4 -მე-8 პუნქტების, გათვალისწინებით, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საქმის მოკვლევა შპს „მაგთიკომის“ მიმართ ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ბაზარზე „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევის ფაქტზე.
2. საქმის მოკვლევის უზრუნველყოფის მიზნით კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით დაინიშნოს მოკვლევის ჯგუფი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. მოკვლევის დაწყების შესახებ ეცნობოს სსიპ „საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს“.
4. გადაწყვეტილება ძალაშია მისი კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნების მომენტიდან.
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “მაგთიკომისთვის” და კონკურენციის და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოსთვის დაუყონებლივ გაგზავნა და კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ივანე მახარაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
