წვდომის მენიუ

მობილური მომსახურებების ბაზარზე ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით საქმის მოკვლევის დაწყების შესახებ

ნომერი: გ-25-9 / 439

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 27, 2025 16:28

მიღების თარიღი აგვისტო 21, 2025

მობილური მომსახურებების ბაზარზე ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით საქმის მოკვლევის დაწყების შესახებ

1. საქმის აღწერა

2025 წლის   1 მაისს  საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნულ  კომისიაში(შემდგომში   - კომისია) შემოვიდა შპს „მაგთიკომის” წერილი (კომისიაში რეგისტრაციის ნომრით შ-25-6/1834), რომლითაც კომპანიამ კომისიას აცნობა ტარიფების დაგეგმილი ცვლილების შესახებ, კერძოდ, 2025 წლის 1-ლი ივნისიდან „ულიმიტო  ინტერნეტ-კვირა“  პაკეტის  ფასი    9 ლარის  ნაცვლად    10 ლარი, ხოლო „ულიმიტო ინტერნეტ-თვე“ 32 ლარის ნაცვლად 35 ლარი იქნებოდა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდეგში „კომისია“) სტატისტიკური ანგარიშგების ელექტრონული  ფორმების  მონაცემებზე  დაყრდნობით,  აღნიშნული  პაკეტების - „ულიმიტო ინტერნეტ-კვირა“   და   „ულიმიტო   ინტერნეტ-თვე“ - აქტივაციების   რაოდენობა ყოველთვიურად 499 ათასს და 144 ათასს შეადგენს1, შესაბამისად, ხოლო განხორციელებულმა ფასის ცვლილებამ  11% და  9% შეადგინა.  კომისიის  სტატისტიკური  ანგარიშგების  ელექტრონული ფორმებზე დაყრდნობით  ბოლო  წლების  მონაცემებით,  აღნიშნული  პაკეტებიდან  მიღებული შემოსავალი ჯამში მობილური მომსახურებებიდან მიღებული შემოსავლის 20%-ს აღემატება, ხოლო პაკეტური შეთავაზებებიდან მიღებული შემოსავლის 35%-ს. კომპანიის ვებ-გვერდზე აღნიშნული პაკეტები მითითებულია, როგორც სააქციო შეთავაზება, აქციის მოქმედების ვადის გასვლისთანავე ხდება მისი განახლება და კომპანიის შეთავაზებების პორტფელში აღნიშნული შეთავაზება უკვე რამდენიმე წელია არსებობს.

2. სამართლებრივი საფუძველი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის თანახმად,  კომისიის  ძირითად  ფუნქციებს  განეკუთვნება  „კონკურენციის  შესახებ“ საქართველოს კანონით   განსაზღვრული   ფუნქციების   შესრულება,   ამ   კანონით   დადგენილი თავისებურებების გათვალისწინებით.

„კონკურენციის   შესახებ"    საქართველოს    კანონის მე-4  მუხლის მიხედვით, ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულების უფლებამოსილების მქონე ორგანო არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – სააგენტო). ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებას ახორციელებს ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანო.

 1 2025 წლის 6 თვის მონაცემის საშუალო (ფორმა 2.18)

„კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანო ეკონომიკის რეგულირებად სფეროში ამ კანონით გათვალისწინებული საკითხების შესწავლისას ხელმძღვანელობს ამ კანონის მე-3 და მე-6−მე-9 მუხლებით, მე-11 მუხლის პირველი−მე-8 პუნქტებით, 111  მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-6−მე-12 პუნქტებითა და 27-ე, 33-ე და 331 მუხლებით, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტს, მე-5 მუხლს, 111 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტებსა და 112, მე-18, 22-ე−25-ე და 32-ე მუხლებს  მხოლოდ  იმ  შემთხვევაში იყენებს, თუ  ეკონომიკის შესაბამისი  რეგულირებადი  სფეროს მომწესრიგებელი სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

„კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის თანახმად, სააგენტო, ხოლო ამ შემთხვევაში კომისია ეკონომიკურ აგენტთან მიმართებით უფლებამოსილია განახორციელოს საქმის მოკვლევა წარდგენილი საჩივრის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით;

„კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონით სააგენტო და შესაბამისი ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანო თანამშრომლობენ ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის დარღვევის შემთხვევათა შესწავლისა და აღკვეთისათვის.

„კონკურენციის   შესახებ"   საქართველოს   კანონის   31-ე   მუხლის   მე-6   პუნქტის თანახმად, თუ ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის შესაძლო დარღვევის ფაქტს ან კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინებას ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანო განიხილავს, იგი სააგენტოს საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების ან/და საკუთარი პოზიციის წარმოდგენის მოთხოვნით მიმართავს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესის“ მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, “მოპასუხე არის პირი, რომლის წინააღმდეგაც კომისიაში წარდგენილია საჩივარი კანონის შესაბამისი მუხლის/მუხლების სავარაუდო დარღვევის თაობაზე ან რომლის მიმართაც კომისიამ საკუთარი ინიციატივით დაიწყო საქმის მოკვლევა”.

„კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად დომინანტური მდგომარეობა არის - „შესაბამის ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ისეთი მდგომარეობა, რომელიც მას/მათ საშუალებას აძლევს, იმოქმედოს/იმოქმედონ კონკურენტი ეკონომიკური აგენტებისგან, მიმწოდებლებისგან, კლიენტებისა და საბოლოო მომხმარებლებისგან დამოუკიდებლად, არსებითი გავლენა მოახდინოს/მოახდინონ შესაბამის ბაზარზე საქონლის მიმოქცევის საერთო პირობებზე და შეზღუდოს/შეზღუდონ კონკურენცია”, ხოლო ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დომინანტური მდგომარეობა განისაზღვრება შესაბამის ბაზარზე ეკონომიკური აგენტის საბაზრო წილის, აგრეთვე მისი კონკურენტების საბაზრო წილების, ბაზარზე შესვლის ბარიერების, წარმოების გაფართოების ბარიერების, მყიდველის საბაზრო ძალაუფლების, ნედლეულის წყაროს ხელმისაწვდომობის, ვერტიკალური ინტეგრაციის ხარისხის, ქსელური ეფექტებისა და საბაზრო ძალაუფლების განმსაზღვრელი სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.

კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებად შეიძლება ჩაითვალოს შემდეგი ქმედებები:

ა) შესყიდვის ან გაყიდვის არასამართლიანი ფასის ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა (ფიქსირება);

ბ) წარმოების, ბაზრის ან ტექნოლოგიური განვითარების მომხმარებლის ინტერესების საზიანოდ შეზღუდვა;

გ) გარკვეული სავაჭრო პარტნიორებისთვის იდენტურ ტრანზაქციებზე განსხვავებული პირობების დაწესება, რითაც ხდება მათი არაკონკურენტულ მდგომარეობაში ჩაყენება;

დ) გარიგების დასადებად მხარისთვის ისეთი დამატებითი პირობის დადგენა/ვალდებულების დაკისრება, რომელიც არც საგნობრივად და არც კომერციულად დაკავშირებული არ არის გარიგების საგანთან, და სხვა

3.  მოკვლევის დაწყების საკითხი

აღნიშნულთან დაკავშირებით, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტმა(შემდგომში - დეპარტამენტი) განახორციელა პირველადი შეფასება - ხომ არ შეიძლება არსებობდეს გონივრული ეჭვი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის თაობაზე.

„კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად დომინანტური მდგომარეობა არის - „შესაბამის ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ისეთი მდგომარეობა, რომელიც მას/მათ საშუალებას აძლევს, იმოქმედოს/იმოქმედონ კონკურენტი ეკონომიკური აგენტებისგან, მიმწოდებლებისგან, კლიენტებისა და საბოლოო მომხმარებლებისგან დამოუკიდებლად, არსებითი გავლენა მოახდინოს/მოახდინონ შესაბამის ბაზარზე საქონლის მიმოქცევის საერთო პირობებზე და შეზღუდოს/შეზღუდონ კონკურენცია.” ხოლო ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დომინანტური მდგომარეობა განისაზღვრება შესაბამის ბაზარზე ეკონომიკური აგენტის საბაზრო წილის, აგრეთვე მისი კონკურენტების საბაზრო წილების, ბაზარზე შესვლის ბარიერების, წარმოების გაფართოების ბარიერების, მყიდველის საბაზრო ძალაუფლების, ნედლეულის წყაროს ხელმისაწვდომობის, ვერტიკალური ინტეგრაციის ხარისხის, ქსელური ეფექტებისა და საბაზრო ძალაუფლების განმსაზღვრელი სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.

აღნიშნულის გათვალისწინებით, დეპარტამენტმა გააკეთა ისეთი ფაქტორების პირველადი შეფასება, რომლებიც შესაძლოა მიუთითებდეს შპს „მაგთიკომის“ დომინანტურ მდგომარეობაზე, როგორიცაა: საბაზრო წილები, ბაზარზე შესვლის ბარიერების არსებობა, რთულად დუბლირებადი ინფრასტრუქტურა, ვერტიკალური ინტეგრაცია, კაპიტალის ბაზრებზე/ფინანსურ რესურსებზე მარტივი ან პრივილეგირებული წვდომა.

საბაზრო წილების შეფასება - შპს „მაგთიკომი“ 2025 წლის ივნისის მდგომარეობით მობილური მომსახურების ფიზიკური პირი აბონენტების ბაზარზე შემოსავლების მიხედვით ფლობს 47% საბაზრო წილს, ხოლო აბონენტების მიხედვით 40%-ს2.

ბაზარზე კომპანიების საბაზრო წილები აბონენტებისა და შემოსავლების მიხედვით, შემდეგია:

2 კომისიის ელექტრონული ფორმები - ფორმა 2.1

მობილური მომსახურებების ბაზარზე ბოლო წლების განმავლობაში ფაქტიურად არ შეცვლილა საბაზრო წილების დინამიკა:

 

იმ ფონზე, რომ კომპანია სტაბილურად ინარჩუნებს საბაზრო წილებს ბოლო წლების (2021-2025 (6თვე)) განმავლობაში, აბონენტების რაოდენობა სტაბილურია (საშუალო ზრდის მაჩვენებელი -1,64%), ხოლო შემოსავლის ოდენობა მზარდია - საშუალო წლიური ზრდა (CAGR) 19%.

ზოგადად, კომპანიის დომინანტური პოზიციის არსებობაზე შესაძლოა მიუთითებს სხვა ფაქტორებიც, კერძოდ:

ბაზარზე შესვლის ბარიერების არსებობა - ამ  კუთხით,  გასათვალისწინებელია  ბაზარზე  ახალი მოთამაშეების შესვლის ბარიერებისა და არსებული ოპერატორების პოზიციების გაძლიერების შესაძლებლობის საკითხი. ზემოთაღნიშნული საბაზრო წილები და მათი სტაბილურობა წლების განმავლობაში მიუთითებს, რომ ბაზარზე ახალი ქსელური ოპერატორის, ან მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების (MVNO) შესვლა, ან არსებული ოპერატორების მიერ საბაზრო წილის არსებითი ზრდა, რაც გავლენას იქონიებდა კონკურენტულ გარემოზე, არ იკვეთება. ბაზარზე მხოლოდ ერთი მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორი - ჰალო (შპს „ეკლეკტიკი“) - დაეშვა სს „სილქნეტის“ ქსელზე 2022 წელს, რომელსაც ამ დროისთვის შემოსავლების მიხედვით ბაზრის მხოლოდ 0.25% აქვს.

რთულად  დუბლირებად  ინფრასტრუქტურა -   ბაზარზე   შესვლის   ბარიერს   ქმნის   ქსელის ინფრასტრუქტურის აშენებისათვის საჭირო ინვესტიციის დიდი მოცულობა. ამ მხრივ, მობილური მომსახურებების ბაზარზე შპს „მაგთიკომი“ და სს „სილქნეტი“ ფლობენ რთულად დუბლირებად ინფრასტრუქტურას, რომელიც მათ მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს - მოსახლეობის ფართო დაფარვისა და სიხშირული სპექტრის ხელმისაწვდომობის კუთხით. ამასთან, მათი საბაზო სადგურების რაოდენობა და გეოგრაფიული მასშტაბი ბევრად აღემატება ბაზრის მესამე მოთამაშის - შპს „სელფი მობაილის“ მაჩვენებლებს, რაც ამ უკანასკნელს უზღუდავს შესაძლებლობას გაწიოს ეფექტური კონკურენცია. ამასთან, შპს „მაგთიკომის“ ქსელში, კონკურენტებთან შედარებით გადაიცემა გაცილებით დიდი მოცულობის ინტერნეტ ტრაფიკი და ამასთან, ბოლო წლების განმავლობაში მას საბაზო სადგურების რაოდენობის ზრდის კუთხითაც უკეთესი მაჩვენებელი აქვს, რაც შპს „მაგთიკომს“ უკეთ პოზიციონირებულს ხდის მომავალი გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ დაკავშირებულ ბაზრებზე მოქმედ ოპერატორებს, მობილურ ბაზარზე შესასვლელად სჭირდებათ მაღალი ინვესტიციები, საკუთარი სიხშირული რესურსი და მობილური ქსელის ინფრასტრუქტურის დუბლირება, რაც ასევე დაკავშირებულია მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსთან და მთლიანობაში ქმნის მნიშვნელოვან ბარიერს ამ ტიპის მოთამაშეებისთვის გააფართოვონ საქმიანობა მობილური მომსახურებების კუთხით.

ვერტიკალური ინტეგრაცია - ვერტიკალურად ინტეგრირებული ოპერატორები, რომლებიც ფლობენ როგორც საბითუმო, ისე საცალო ქსელს, ბაზარზე კონკურენტულ უპირატესობას იღებენ მომსახურების მიწოდების სრული ჯაჭვის კონტროლისა და მომხმარებლის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირების შესაძლებლობით. შპს „მაგთიკომი“, ისევე როგორც სს „სილქნეტი“ და შპს „სელფი მობაილი“, ვერტიკალურად ინტეგრირებული ოპერატორია. ამ კუთხით, კონკურენტებთან შედარებით გარკვეული უპირატესობა აქვს შპს „მაგთიკომს“, რადგან ქსელის უფრო დიდ სიმძლავრეს ფლობს და ბოლო წლების განმავლობაში კონკურენტებს მნიშვნელოვნად უსწრებს ქსელის    განვითარებაში    განხორციელებული    ინვესტიციების    მოცულობით.    შედეგად,   შპს „მაგთიკომს“, შესაძლოა ჰქონდეს სტიმული საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ იმოქმედოს და შეზღუდოს კონკურენტების წვდომა საჭირო ინფრასტრუქტურაზე, რაც ვერტიკალური ინტეგრაციის პოტენციურ ანტიკონკურენტულ მხარეს უსვამს ხაზს.

მასშტაბის და მრავალფეროვნების ეკონომია - როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს მობილურ ტელეკომუნიკაციების ბაზარზე შპს „მაგთიკომი“ ლიდერობს როგორც აბონენტების რაოდენობის რაოდენობითა და დაგენერირებული მობილური ინტერნეტის ტრაფიკის მოცულობის წილით, ასევე მომხმარებლებს სთავაზობს კონვერგენტულ სერვისებს - ოპერირებს როგორც ფიქსირებული, ასევე მობილური მომსახურებების ბაზარზე. ეს ყოველივე მას საშუალებას ისარგებლოს როგორც მასშტაბის, ისე მრავალფეროვნების ეკონომიით. დიდი ბაზრის წილი და ეროვნული დაფარვა ამცირებს ერთეულ მომსახურებაზე გაწეულ ხარჯს და ზრდის კონკურენტულ უპირატესობას, ხოლო ერთსა და იმავე ინფრასტრუქტურაზე ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურების, მობილური სერვისებისა და ციფრული ტელევიზიის შეთავაზება - უზრუნველყოფს ხარჯების შემცირებას საერთო რესურსების გაზიარებით. ამ შესაძლებლობების შედეგად, შპს „მაგთიკომს“ შეუძლია აბონენტებს შესთავაზოს კომბინირებული პაკეტები, შეინარჩუნოს მაღალი მომგებიანობა და მყარი პოზიცია, მაშინ როცა „სილქნეტს“, მიუხედავად იმისა, რომ ის აბონენტებს ასევე სთავაზობს კომბინირებულ შეთავაზებებს, უჭირს კონკურენციის გაწევა მსგავსი მასშტაბის არარსებობის გამო; ხოლო „სელფი მობაილს“, რომელიც მხოლოდ მობილური მომსახურებების ბაზარზე ოპერირებს - სერვისების მრავალფეროვნების არარსებობის გამო.

კაპიტალის ბაზრებზე/ფინანსურ რესურსებზე  მარტივი ან პრივილეგირებული წვდომა - საქართველოში სასესხო დაფინანსებაზე წვდომა შედარებით რთულია და იმ კომპანიებს, რომლებიც საკუთარი ოპერაციული შემოსავლებით ახორციელებენ ინვესტიციებს, კონკურენტებთან შედარებითი უპირატესობა აქვთ. შპს „მაგთიკომს“ ბოლო წლებში მაღალი EBITDA (მოგება საპროცენტო, საგადასახადო, ცვეთის და ამორტიზაციის ხარჯებამდე) და მნიშვნელოვანი კაპიტალური დანახარჯები აქვს სესხის საჭიროების გარეშე, ხოლო სს „სილქნეტსა“ და შპს „სელფი მობაილს“ შედარებით დაბალი EBITDA აქვთ და სარგებლობენ სესხებით, რაც მათ მომგებიანობას ამცირებს. შპს “მაგთიკომის” მთლიანი აქტივები საკუთარი კაპიტალით არის დაფინანსებული, შესაბამისად, ფინანსური სახსრების მოძიება შპს “მაგთიკომისთვის”, კონკურენტებთან შედარებით, უფრო მარტივია.

აღნიშნულ  მოსაზრებებს ამყარებს ის ფაქტიც, რომ კომისიის 2024 წლის 25 ივლისის N გ-24-9/331 „მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ” გადაწყვეტილებაში განხორციელდა ზემოთ აღნიშნული ინდიკატორების შეფასება, რომლის საფუძველზეც შპს „მაგთიკომი“ მობილურ ქსელზე დაშვების შესაბამის ბაზარზე მიჩნეულ იქნა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირად.

ყოველივე აღნიშნულის გათვალიწინებით, იკვეთება სურათი, რომელიც შესაძლოა  შპს „მაგთიკომის“ დომინანტურ პოზიციაზე მიუთითებდეს. თავისთავად დომინანტური პოზიციის ფლობა არ არის დარღვევა, თუმცა, ერთი ეკონომიკური აგენტის ან რამდენიმე ეკონომიკური აგენტის (ჯგუფური დომინანტური მდგომარეობის შემთხვევაში) მიერ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება დაუშვებელია. შესაბამისად, დეპარტამენტმა ასევე შეაფასა, არსებობს თუ არა ის გარემოებები, რაც შესაძლოა დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაზე მიუთითებდეს.

კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებად შეიძლება ჩაითვალოს შემდეგი ქმედებები:

ა) შესყიდვის ან გაყიდვის არასამართლიანი ფასის ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა (ფიქსირება);

ბ) წარმოების, ბაზრის ან ტექნოლოგიური განვითარების მომხმარებლის ინტერესების საზიანოდ შეზღუდვა;

გ) გარკვეული სავაჭრო პარტნიორებისთვის იდენტურ ტრანზაქციებზე განსხვავებული პირობების დაწესება, რითაც ხდება მათი არაკონკურენტულ მდგომარეობაში ჩაყენება;

დ) გარიგების დასადებად მხარისთვის ისეთი დამატებითი პირობის დადგენა/ვალდებულების დაკისრება, რომელიც არც საგნობრივად და არც კომერციულად დაკავშირებული არ არის გარიგების საგანთან, და სხვა

განსახილველ შემთხვევაში, ზემოთ აღნიშნული ინდიკატორებიდან გამომდინარე არსებობს გონივრული ეჭვი, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ განხორციელებული ფასების ცვლილებით შესაძლოა ადგილი ჰქონდეს გაყიდვის  არასამართლიანი  ფასის  დადგენას,  რასაც  ამყარებს  ინფორმაცია კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების შესახებ.

შპს „მაგთიკომი“ EBITDA მაჩვენებლის მიხედვით მნიშვნელოვნად უსწრებს არა მხოლოდ ადგილობრივ კონკურენტებს, არამედ ამ მაჩვენებლით თითქმის ორჯერ აღემატება ევროპულ საშუალო მაჩვენებელს - 38,2%-ს3:

3 S&P Global Ratings – "Industry Credit Outlook Update | Europe"

 

იქიდან გამომდინარე, რომ შპს „მაგთიკომის“ საბითუმო ქსელი თითქმის მთლიანად მის საცალო ერთეულებს ემსახურება, აღნიშნული მარჟა ძირითადად საცალო ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის და მობილური მომსახურებების მიწოდებიდან გენერირდება, რაც იწვევს გონივრულ ეჭვს შპს „მაგთიკომის“ მიერ არასამართლიანად ჭარბი ფასის გამოყენების თაობაზე.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისია მიიჩნევს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს შპს „მაგთიკომის“ მიერ „კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევას, რომელიც გულისხმობს შესყიდვის ან გაყიდვის არასამართლიანი ფასის ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენას (ფიქსირებას). შესაბამისად, კომისიას მიზანშეწონილად  მიაჩნია  დაიწყოს  მოკვლევა  შპს  „მაგთიკომის“  მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაძლო დარღვევის ფაქტზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 11-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2, მე-6 და მე-7 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII თავისა და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით  დამტკიცებული  „საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის   მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესის“ , მე-14 მუხლის პირველი, მე-2, მე-4 - მე-8 პუნქტების  გათვალისწინებით, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1.  დაიწყოს    საქმის    მოკვლევა    შპს    „მაგთიკომის“    მიმართ     მობილური    მომსახურებების ბაზარზე „კონკურენციის  შესახებ"  საქართველოს  კანონის  მე-6  მუხლის  მე-2  პუნქტის  “ა” ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევის ფაქტზე.

2. საქმის მოკვლევის უზრუნველყოფის მიზნით კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით დაინიშნოს მოკვლევის ჯგუფი კანონმდებლობის შესაბამისად.

3.  მოკვლევის დაწყების შესახებ ეცნობოს სსიპ „საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს“.

4.  გადაწყვეტილება ძალაშია მისი კომისიის ვებგვერდზე  (www.comcom.ge) გამოქვეყნების მომენტიდან.

5.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

6.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “მაგთიკომისთვის” და „საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის სააგენტოსთვის“ დაუყონებლივ გაგზავნა და კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

ვახტანგ  აბაშიძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ივანე მახარაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები