„მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის 25 ივლისის N გ-24-9 / 331 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 19, 2025 17:11
მიღების თარიღი დეკემბერი 11, 2025
„მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის 25 ივლისის N გ-24-9 / 331 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში - კომისია) 2025 წლის 23 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება N გ-25-23/527 „მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის 25 ივლისის N გ-24-9/331 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადად განისაზღვრა 3 თვე.
2. ასევე კომისიის 2021 წლის 9 დეკემბრის N6 დადგენილებით დამტკიცებული ,,საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კომისია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებამდე (გამოცემამდე) წინამდებარე წესის შესაბამისად საჯარო კონსულტაციებს გამართავს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე-24-ე მუხლებით და ამავე კანონის V თავით გათვალისწინებულ კონკურენციის წინასწარ რეგულირებასთან დაკავშირებული ბაზრის ანალიზის პროცედურების განხორციელებისას.
3.კომისიამ 2024 წლის 25 ივლისის N გ-24-9/331 „მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ” გადაწყვეტილების ფარგლებში შეისწავლა მობილური მომსახურების საცალო ბაზარი და შესაბამის საბითუმო სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირად განსაზღვრა შპს „მაგთიკომი“, რომელსაც, ამავე გადაწყვეტილების ფარგლებში დაეკისრა სპეციფიკური ვალდებულებები, მათ შორის - ეროვნულ როუმინგზე დაშვება, თანალოკაცია და მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) დაშვება. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 3.4 მუხლის (სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება შემდეგი კონკრეტული პირობებით) ე) და ზ) პუნქტებით და 3.5.9 მუხლით მომსახურების ტარიფის გაანგარიშება დაევალა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორს და განესაზღვრა კონკრეტული პირობები.
4.შესაბამისად, შპს „მაგთიკომის“ მიერ 2024 წლის 31 ოქტომბერს გამოქვეყნდა მობილურ ქსელზე საბითუმო დაშვების წინადადება(მოწვევის ოფერტა), რომელიც მოიცავდა დაშვებასთან დაკავშირებულ პროცედურულ და ეკონომიკურ პირობებს.
5. დაშვების წინადადებაში მითითებული ტარიფების თაობაზე კომისიას 6 და 7 თებერვლის წერილებით (კომისიაში რეგისტრაციის ნომრით შ-25-6/466 და შ-25-6/476 შესაბამისად) მიმართეს მობილურ ქსელზე დაშვების მსურველებმა. ისინი მიუთითებდნენ, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემთა გადაცემის მომსახურების ტარიფები შეუსაბამოდ მაღალი იყო არსებული საცალო შეთავაზებების ფონზე.
6. ამავდროულად, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებულმა ეკონომიკურმა ანალიზმა გამოავლინა მნიშვნელოვანი შეუსაბამობა MVNO-ს საბითუმო დაშვების ტარიფსა და საცალო ტარიფებს შორის. შპს „მაგთიკომთან“ 2025 წლის 6 აგვისტოს გაგზავნილ წერილში (კომისიაში რეგისტრაციის ნომრით N გ-25-08/1885) კომისია მიუთითებდა, რომ 2024 წლის ტრაფიკისა და შემოსავლების მეშვეობით გამოყვანილი მობილური ინტერნეტის საშუალო საცალო ფასი 82%-ით ნაკლები იყო, ვიდრე კომპანიის მიერ „სრული“ MVNO-სთვის დადგენილი ტარიფი (რომლის ტარიფებიც გამოქვეყნებულ ოფერტაში ყველაზე დაბალია MVNO-ს სხვა მოდელებთან შედარებით). შესაბამისად ცხადი იყო, რომ შპს „მაგთიკომის“ 2024 წლის ინტერნეტის სერვისის რეპლიკაციის შემთხვევაში, MVNO ვერ შეძლებდა საბითუმო ტარიფების დაფარვასაც კი, რამეთუ აღნიშნული ხარჯები საცალო შემოსავლის 182% იქნებოდა. წერილში ასევე მითითება გაკეთდა ორ გარემოებაზე: 1. შპს „მაგთიკომის“ სამივე მობილური სერვისის (მობილური ინტერნეტი, ხმოვანი ზარებისა და SMS) 2024 წლის შედეგების რეპლიკაციის შემთხვევაშიც კი, „სრული“ MVNO-ს საბითუმო ხარჯი მისი საცალო შემოსავლის 110% იქნებოდა. 2. ასევე, ფიქსირდებოდა ზემოთხსენებული შედეგის მნიშვნელოვნად გაუარესების ტენდენციაც - ბოლო წლების ანალიზმა აჩვენა, რომ მობილურ სერვისებზე მოთხოვნის ზრდა გამოწვეული იყო მობილურ ინტერნეტზე მოთხოვნის მნიშვნელოვანი ზრდითა და სხვა სერვისებზე (ხმოვანი ზარები და SMS) მოთხოვნის შემცირებით. შესაბამისად, 2025 წლის 5 თვის პროგნოზი აჩვენებდა, რომ შპს „მაგთიკომის“ შედეგების რეპლიკაციის შემთხვევაში, სრული MVNO-სთვის საბითუმო ხარჯი საცალო შემოსავლის 132% იქნებოდა. ამრიგად ამ მოცემულობაში შეუძლებელია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორის მიერ მომხმარებლებისთვის შეთავაზებული პაკეტების რეპლიკაცია იმგვარად, რომ პოტენციური MVNO-ს მიერ მიღებული საცალო შემოსავალი საკმარისი იყოს არა თუ მოგებაზე ორიენტირებული საქმიანობისთვის, არამედ საბითუმო ხარჯების ცვლადი ნაწილის დასაფარადაც კი.
7. აღნიშნული ანალიზის საფუძველზე, შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი მობილურ ქსელზე დაშვების საბითუმო ტარიფის მაღალი განაკვეთის შესახებ კომისიასა და კომპანიას შორის განხორციელდა არაერთი წერილობითი კომუნიკაცია და შედგა არაერთი სამუშაო შეხვედრა, სადაც კომპანიას განემარტა საბითუმო ტარიფებთან მიმართებით არსებული შეუსაბამობების შესახებ. თუმცა შედეგი ტარიფების შემცირების კუთხით - არ დამდგარა. ამასთან, კომპანიის მიერ მოწოდებულ ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიაში და მოდელში გამოიკვეთა არაერთი შეუსაბამობა, რაც მიგვითითებს, რომ მიზანშეწონილია ტარიფების ხელახალი გაანგარიშება განხორციელდეს კომისიის მიერ.
8. იმისათვის, რომ კომისიის მიერ ტარიფის გაანგარიშებამდე პერიოდში არ შეიქმნას ერთგვარი რეგულაციური ვაკუუმი, კომისიის მიერ ტარიფის საბოლოო გაანგარიშებამდე შპს „მაგთიკომსა“ და დაშვების მსურველს შორის მოლაპარაკებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული კომპანიის მიერ გამოქვეყნებული დაშვების წინადადება.
9. 11 დეკემბრის სხდომაზე გამოითქვა შემდეგი მოსაზრებები:
10. ვ. აბაშიძემ (კომისიის წევრი) ითხოვა სიტყვა და აღნიშნა, რომ საკითხის არსებით ნაწილს ეთანხმება, მიიჩნევს, რომ კომისიის ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებლობა, ვალდებულება და თავისთავად, უფლებამოსილებაა ტარიფების დადგენა, მით უმეტეს ისეთ სიტუაციაში, როდესაც გარკვეულ გაუგებრობებს აქვს ადგილი. თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ თავის დროზე, როდესაც მიიღეს ის გადაწყვეტილება, რომელშიც ცვლილება შედის(2024 წლის 25 ივლისის Nგ-24-9/331), შპს „მაგთიკომისთვის“ გარკვეული სპეციფიური ვალდებულებების დაკისრების წინააღმდეგი იყო. შესაბამისად, თანმიმდევრული რომ იყოს საკუთარ გადაწყვეტილებაში, აქაც სურს დააფიქსიროს იგივე პოზიცია.
11. კ. ბექაურმა კენჭისყრაზე დააყენა კომისიის გადაწყვეტილების პროექტი „მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის 25 ივლისის Nგ-24-9/331 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
სარეზოლუციო ნაწილი
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტების, მე-20-მუხლის, კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესის“ მე-9 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ე. იმედაძემ და ნ. კუკულაძემ, კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, ორი ხმა ერთის წინააღმდეგ (მომხრე: ე. იმედაძე და ნ. კუკულაძე; წინააღმდეგი: ვ. აბაშიძე)
გადაწყვიტა:
1. „მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის 25 ივლისის N გ-24-9/331 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 3.4 პუნქტის ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტები და 3.5.9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ე) შპს „მაგთიკომის“ მიერ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) და ეროვნული როუმინგის დაშვებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნას დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულების ფარგლებში გათვალისწინებული ე.წ. „მარჟის შეკუმშვის“ დაუშვებლობა;
ზ) მომსახურების ტარიფის და დანახარჯების გაანგარიშების ე.წ. ‘’bottom-up“ მოდელის გამოყენებისას კომისია იხელმძღვანელებს „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით.
3.5.9. შპს „მაგთიკომმა“ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) მიმართ არ უნდა მოახდინოს საცალო და საბითუმო ტარიფებს შორის მარჟის შეკუმშვა (ე. წ. „margin squeeze“). (იხ. დანართი 1, პუნქტი 4 – „MVNO დაშვებისთვის მარჟის შეკუმშვის ტესტი“).
2. ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული ტარიფების კომისიის მიერ გაანგარიშებამდე შპს „მაგთიკომსა“ და დაშვების მსურველს შორის მობილურ ქსელზე საბითუმო დაშვებაზე მოლაპარაკებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული კომპანიის მიერ გამოქვეყნებული დაშვების წინადადება.
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებისთანავე.
4. გადაწყვეტილების შპს ,,მაგთიკომისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი).
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,მაგთიკომისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ვახტანგ აბაშიძე წევრი
