წვდომის მენიუ

შპს „NEW-NET“-ისთვის (ს/კ:45421696) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისა და პარტნიორთა წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

ნომერი: გ-26-11 / 200

გამოქვეყნების თარიღი მაისი 07, 2026 10:29

მიღების თარიღი აპრილი 30, 2026

შპს „NEW-NET“-ისთვის (ს/კ:45421696) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისა და პარტნიორთა წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

I. აღწერილობითი ნაწილი

1. შპს  „NEW-NET“-მა  2026  წლის  6  აპრილს  საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნულ  კომისიაში (შემდგომში - კომისია) წარმოადგინა „წინასწარი შეტყობინება პარტნიორთა შემადგენლობისა და ხელმძღვანელობის ცვლილების თაობაზე“ (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-26-6/3575; თარიღი 06.04.2026). წინამდებარე შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ შპს „NEW-NET“, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი, საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მოთხოვნების შესაბამისად, წინასწარ აცნობებს კომპანიის პარტნიორთა შემადგენლობასა და ხელმძღვანელობაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ. კერძოდ, შეტყობინებაში აღნიშნულია: 1) კომპანიის ერთ-ერთი პარტნიორი, მაყვალა ამირანაშვილი ( წილი – 20%), გარდაცვლილია 2018 წელს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მემკვიდრეობის სამართლებრივი საფუძვლის დასადგენად განხორციელდა სასამართლო წარმოება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილებით, დადგინდა იურიდიული ფაქტი, რომლის თანახმადაც მარიამ ამირანაშვილს, ფაქტობრივი ფლობისა და მართვის გზით, სრულად აქვს მიღებული გარდაცვლილი მაყვალა ამირანაშვილის ქონება, მათ შორის, შპს „ NEW-NET“-ის შესაბამისი 20%-იანი წილი; 2) ამჟამინდელ პარტნიორთა შემადგენლობა:

- მაყვალა ამირანაშვილი – 20%; რუსუდან კრავჩენკო   – 20%; დარინა აბულაძე – 20%; დავით დიასამიძე – 20%; დავით ხომერიკი – 20%. დაგეგმილი ცვლილებების შემდეგ პარტნიორთა შემადგენლობა იქნება: მარიამ ამირანაშვილი – 20%; სალომე ჩაჩიბაია – 20%; დარინა აბულაძე – 20%; დავით დიასამიძე – 20%; დავით ხომერიკი – 20%; 3) პარტნიორი რუსუდან კრავჩენკო  გეგმავს მის საკუთრებაში არსებული 20%-იანი წილის უსასყიდლოდ გადაცემას (ჩუქებას) მის შვილზე – სალომე ჩაჩიბაიაზე, რის შედეგადაც შეიცვლება პარტნიორთა შემადგენლობა. 4) ასევე, იგეგმება კომპანიის დირექტორის ცვლილება: ამჟამინდელი დირექტორი: რუსუდან კრავჩენკო, დაგეგმილი ახალი დირექტორი: დავით დიასამიძე . კომპანიის მითითებით აღნიშნული ცვლილებების სამართლებრივი გაფორმების დასრულებისთანავე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომისიას წარედგინება განახლებული ინფორმაცია და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შპს „NEW-NET“ ითხოვს მის მიერ 2026 წლის 6 აპრილს წარმოდგენილი შეტყობინების ცნობად მიღებას.

2. კომისიის 2026 წლის 8 აპრილის N გ-26-08/2346 წერილით შპს „NEW-NET“-ს ეცნობა, რომ კომპანიამ კომისიას შეატყობინა დამფუძნებლის წილების ცვლილების განზრახვის შესახებ. ავტორიზებულ პირს ასევე განემარტა, რომ ტრანზაქციის განხორციელებამდე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომისიისგან უნდა მიიღოს წინასწარი თანხმობა. ამავე წერილით, შპს „NEW-NET“-ს განსაზღვრა 15 სამუშაო დღე კომისიაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოსადგენად.

3. 2026 წლის 14 აპრილს განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის N შ-26-6/3714) კომისიას მომართა შპს „NEW-NET“-მა სადაც აღნიშნულია, რომ კომპანიის ერთ-ერთი პარტნიორის მაყვალა ამირანაშვილის გარდაცვალების შემდეგ, 2026 წლის 14 აპრილს ნოტარიუსის ნათია ფაღავას მიერ გაცემულ იქნა სამკვიდრო მოწმობა, რომლის საფუძველზეც მარიამ ამირანაშვილმა   სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო სრულად, მათ შორის შპს „NEW-NET“-ის (ს/კ 45421696) 20%-იანი წილი და მარიამ ამირანაშვილი, მას შემდეგ რაც სრულად დაარეგისტრირებს საკუთრების უფლებას მიღებულ სამკვიდრო ქონებაზე, გეგმავს მის საკუთრებაში არსებული 20%-იანი წილის გასხვისებას ფიზიკურ პირ დავით დიასამიძეზე. აქვე აღნიშნულია, რომ   ერთ-ერთი პარტნიორი რუსუდან კრავჩენკო, რომელიც ფლობს 20%-იან წილს, გეგმავს აღნიშნული წილის უსასყიდლოდ გადაცემას (ჩუქება) ფიზიკურ პირ სალომე ჩაჩიბაიაზე. აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით კომპანია ითხოვს აღწერილ ტრანზაქციაზე წინასწარი თანხმობის მიცემას.

4. დამატებით,  მეწარმეთა  და  არასამეწარმეო  (არაკომერციული)  იურიდიული  პირების  რეესტრის მონაცემებიდან (B26077154, 17/04/2026) ირკვევა, რომ სამემკვიდრეო წილი (მაყვალა ამირანაშვილის 20%-იანი წილი) მარიამ ამირანაშვილის სახელზე მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში დარეგისტრირდა 2026 წლის 17 აპრილს. კომპანიას აღნიშნული ტრანზაქციის განსახორციელებლად კომისიისგან წინასწარი თანხმობა არ აქვს მიღებული.

5. საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა დაინიშნა 2026 წლის 30 აპრილს, რის შესახებაც შპს „NEW-NET“-ს ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (N გ.26-08/2832; 27/04/2026). კომპანიას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.

6. კომისიის 2026 წლის 30 აპრილის სხდომას ესწრებოდა  შპს „NEW-NET“-ის წარმომადგენელი დავით გორგილაძე.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

7. „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-2  მუხლის  ჰ33    პუნქტის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულება არის ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობა, რომელსაც შეუძლია უშუალო გავლენა მოახდინოს მათ შორის გარიგებების პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ასეთ განსაკუთრებულ ურთიერთობებს განეკუთვნება, კერძოდ, ურთიერთობები, რომელთა დროსაც: პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირის საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ერთი პირი თანამდებობრივი მდგომარეობით ექვემდებარება მეორე პირს ან ერთ პირს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირი; პირები არიან ფილიალი საწარმოები ან პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; პირები ნათესავები არიან (ამ კანონის მიზნებისთვის ნათესავებად ითვლებიან: ოჯახის წევრები, პირდაპირი აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავები, გერი, და და ძმა, აგრეთვე მშობლის და შვილის გერები);

8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობის ან/და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ამ კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;

9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო პირობების, აგრეთვე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;

10. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;

11.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

12.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის

„გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის რეგულირების ერთ-ერთი მიზანია რამდენიმე ავტორიზებული პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილება;

13.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისია, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული კონცენტრაციის გარდა, ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლებით დადგენილი წესით შეისწავლის იმ ოპერაციას, რომლითაც ხდება: ა) ავტორიზებული პირის საოპერაციო აქტივის შეძენა; ბ) ორი ან ორზე მეტი პირის, რომელთაგან ერთ-ერთი ავტორიზებული პირია, შერწყმის შედეგად გაერთიანება; გ) ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა, რის შედეგადაც შემძენი პირის მფლობელობაში ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან 5 პროცენტზე მეტი აღმოჩნდება. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები არ გამოიყენება ავტორიზებული პირების წილის ან აქციების შეძენის შემთხვევაში, თუ შემძენი პირის ან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მიერ ერთობლივად ხდება ავტორიზებული პირის 5 პროცენტამდე წილის ან აქციების შეძენა;

14.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

15. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები; ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან; დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა; ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე;

16. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღების შემდეგ განახორციელოს ამ კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებები;

17.  ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. ადმინისტრაციული წარმოების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს;

18.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა;

19. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი  წესების”  (დანართი  N1)  მე-16  მუხლის  მე-5  პუნქტის  თანახმად „კომისიის მიერ გაგზავნილი ყოველგვარი შეტყობინება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება მატერიალური ან ელექტრონული რეგისტრირებული საფოსტო გზავნილის მეშვეობით. მატერიალური საფოსტო გზავნილი იგზავნება დამტარებლის ან საფოსტო მომსახურების განმახორციელებელი პირის მეშვეობით“. ხოლო ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად „კორესპოდენციის ელექტრონული გზავნილით  გაგზავნის  შემთხვევაში,  დოკუმენტი ჩაბარებულად   ჩაითვლება   ადრესატის   მიერ  მისი მიღების, როგორც   პირდაპირ, აქტიურად გამოხატული ქმედებით, ასევე, ავტომატური საშუალებით დადასტურების შემთხვევაშიც“.

III. სამოტივაციო ნაწილი

1. შესწავლილი მტკიცებულებები

20. შპს „NEW-NET“-ის 2026 წლის 6 აპრილის წერილი კომისიას (კომისიაში რეგისტრაციის N შ-26-6/3575; თარიღი 06.04.2026);

21. კომისიის 2026 წლის 8 აპრილის N გ-26-08/2346 წერილი შპს „NEW-NET“-ს;

22. შპს „NEW-NET“-ის 2026 წლის 14 აპრილის განცხადება კომისიას (კომისიაში რეგისტრაციის N შ-26-6/3714; თარიღი 14.04.2026) თანდართული დოკუმენტაციით;

23.  შპს „NEW-NET“-ის 2026 წლის 15 აპრილის პარტნიორთა კრების ოქმი;

24. მონაცემები შპს „NEW-NET“-ის შესახებ კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი და საჯარო რეესტრის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

25. მონაცემები კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზიდან;

26. შეტყობინება (N გ.26-08/2832; 27/04/2026)  „NEW-NET“-ს კომისიის 2026 წლის 30 აპრილის სხდომაზე მოწვევის შესახებ.

2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

27. შპს „NEW-NET“ 2013 წლის თებერვლიდან  წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2   ინტერნეტ მომსახურება

WiFi

მტკიცებულება: მონაცემი შპს „NEW-NET“-ის შესახებ კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

28. 2026 წლის 6 აპრილს შპს „NEW-NET“-მა მომართა წერილით კომისიას კომპანიის პარტნიორთა შემადგენლობაში დაგეგმილი ცვლილების შესახებ და მოითხოვა აღნიშნული ინფორმაციის კომისიის მიერ ცნობად მიღება. კომისიის 2026 წლის 8 აპრილის N გ-26-08/2346 წერილით შპს „NEW- NET“-ს ეცნობა, რომ კომპანიამ კომისიას შეატყობინა დამფუძნებლის წილების ცვლილების განზრახვის შესახებ. ავტორიზებულ პირს ასევე განემარტა, რომ ტრანზაქციის განხორციელებამდე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომისიისგან უნდა მიიღოს წინასწარი თანხმობა. ამასთანავე, შპს „NEW-NET“-ს განსაზღვრა 15 სამუშაო დღე კომისიაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  26-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოსადგენად.

მტკიცებულება: შპს „NEW-NET“-ის 2026 წლის 6 აპრილის წერილი კომისიას (კომისიაში რეგისტრაციის N შ-26-6/3575; თარიღი 06.04.2026); კომისიის 2026 წლის 8 აპრილის N გ-26-08/2346 წერილი შპს „NEW-NET“-ს;

29. შპს „NEW-NET“-ის ერთ-ერთი პარტნიორის მაყვალა ამირანაშვილის  გარდაცვალების შემდეგ, 2026 წლის 14 აპრილს ნოტარიუსის ნათია ფაღავას მიერ გაცემულ იქნა სამკვიდრო მოწმობა, რომლის საფუძველზეც მარიამ ამირანაშვილმა სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო სრულად, მათ შორის შპს „NEW-NET“-ის (ს/კ 45421696) 20%-იანი წილი და მარიამ ამირანაშვილი, მას შემდეგ რაც სრულად დაარეგისტრირებს საკუთრების უფლებას მიღებულ სამკვიდრო ქონებაზე, გეგმავს მის საკუთრებაში არსებული 20%-იანი წილის გასხვისებას ფიზიკურ პირ დავით დიასამიძეზე . ამასთანავე, ერთ-ერთი პარტნიორი რუსუდან კრავჩენკო, რომელიც ფლობს 20%-იან წილს, გეგმავს აღნიშნული წილის უსასყიდლოდ გადაცემას (ჩუქება) ფიზიკურ პირ სალომე ჩაჩიბაიაზე .

მტკიცებულება: შპს „NEW-NET“-ის 2026 წლის 14 აპრილის განცხადება კომისიას (კომისიაში რეგისტრაციის N შ-26-6/3714; თარიღი 14.04.2026) თანდართული დოკუმენტაციით;

30.  მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებიდან (B26077154, 17/04/2026) ირკვევა, რომ სამემკვიდრეო წილი (მაყვალა ამირანაშვილის 20%-იანი წილი) მარიამ ამირანაშვილის სახელზე მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში დარეგისტრირდა 2026 წლის 17 აპრილს. კომპანიას აღნიშნული ტრანზაქციის განსახორციელებლად კომისიისგან წინასწარი თანხმობა არ აქვს მიღებული.

მტკიცებულება: მონაცემი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან შპს „NEW-NET“-ის შესახებ.

31. ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „NEW-NET“-ს არ დაკისრებია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა მსგავსი/ანალოგიური შინაარსის დარღვევისთვის.

მტკიცებულება: მონაცემი შპს „NEW-NET“-ის შესახებ კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

32.  შპს „NEW-NET“-ის პარტნიორები არიან:

სახელი

გვარი

წილი(%)

მარიამ

ამირანაშვილი

            20

რუსუდან

კრავჩენკო

20

დარინა

აბულაძე

20

დავით

დიასამიძე

20

დავით

ხომერიკი

20

მტკიცებულება:  მონაცემი შპს „NEW-NET“-ის შესახებ საჯარო რეესტრის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

33. კომისიის უწყებრივი რეესტრის შესაბამისად, შპს „NEW-NET“, მისი შემდეგი დამფუძნებლები დავით ხომერიკი, გარდაცვლილი მაყვალა ამირანაშვილი და რუსუდან კრავჩენკო, ახალი პარტნიორი ფიზიკური პირი სალომე ჩაჩიბაია არ ფლობენ  წილებს კომისიის სხვა ავტორიზებულ პირებში.

მტკიცებულება: მონაცემი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

34. კომისიის   უწყებრივი რეესტრის შესაბამისად, დარინა აბულაძე და დავით დიასამიძე ფლობენ წილებს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირ შპს „ნიუ-ნეტ+“-ში 20% და 60%-ის შესაბამისად.

მტკიცებულება: მონაცემი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

35. კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, კომპანია ოპერირებს ქალაქ ბათუმსა და ხელვაჩაურში და ეწევა ინტერნეტით მომსახურებას. 2025 წლის იანვრიდან 2026 წლის მარტის ჩათვლით პერიოდის მონაცემების შესაბამისად კომპანიის შემოსავალი და საბაზრო წილები შემდეგია:

შპს „NEW-NET“-ი

 

2025 წლი შპს „NEW-NET“-ი ს იანვრიდან 2026 წლის მარტის ჩათვლით

საბაზრო წილი

აბონენტები 2026 წლის მარტის მდგომარეობით

საბაზრი წილი

ინტერნეტ მომსახურება

 191 550

0.05%

299

0.03%

მტკიცებულება: მონაცემები კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზიდან.

3. სამართლებრივი შეფასება

ა) მარიამ ამირანაშვილის მიერ მემკვიდრეობით წილის შეძენა კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე

36. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება, ხოლო კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღების შემდეგ განახორციელოს ამ კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებები. კერძოდ, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

37. „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  25-ე  და  26-ე  მუხლებით განსაზღვრულია ავტორიზებული პირის ვალდებულება, წინასწარ შეატყობინოს კომისიას შერწყმის, მისი წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის თაობაზე. ამგვარი შეტყობინების შემთხვევაში კი ტრანზაქციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, გასცეს თანხმობა, ასევე, თანხმობის გაცემასთან ერთად მოითხოვოს კონკურენციის შენარჩუნების უზრუნველმყოფი ღონისძიებების განხორციელება, ტრანზაქციის პირობების კორექტირება ან საერთოდ აკრძალოს ტრანზაქცია, თუ მიიჩნევს, რომ იგი ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის მნიშვნელოვნად დარღვევას გამოიწვევს. დასახელებული საკანონმდებლო ნორმებით ჩამოყალიბებულია ე.წ. „კონცენტრაციების კონტროლის“ უფლებამოსილება. კომისიის ეს უფლებამოსილება ემსახურება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენტული ბაზრის სტრუქტურის შენარჩუნებას და კონკურენციის მნიშვნელოვნად შემზღუდველი კონცენტრაციების თავიდან აცილებას.

38. კომისიის კონტროლსა  და წინასწარ შეთანხმებას დაქვემდებარებული ტრანზაქციები განსაზღვრულია უშუალოდ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლებით, ესენია - ავტორიზებული პირის საოპერაციო აქტივის შეძენა, ორი ან ორზე მეტი პირის,  რომელთაგან  ერთ-ერთი  ავტორიზებული  პირია,  შერწყმის  შედეგად  გაერთიანება  და ავტორიზებული   პირის   წილის   ან   აქციების   შეძენა.   აღნიშნული   ტრანზაქციები   განიმარტება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კონცენტრაციების კონტროლის რეგულირების დანიშნულებისა და მიზანმიმართულების გათვალისწინებით.

39. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლები მიუთითებს ავტორიზებული პირის წილის ან აქციების „შეძენაზე“ და არ აკონკრეტებს შეძენის რომელიმე ფორმას. შესაბამისად, აღნიშნული საკანონმდებლო ნორმების გრამატიკული განმარტებიდან ექსპლიციტურად გამომდინარეობს, რომ ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენაში მოიაზრება ნებისმიერი ფორმით შეძენა. გარდა ამისა, როგორც აღინიშნა, კონცენტრაციების კონტროლის მიზანია კონკურენციის მნიშვნელოვნად შემზღუდველი კონცენტრაციების თავიდან აცილება. ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენამ, შესაძლებელია, წარმოშვას კონკურენციის მნიშვნელოვნად შეზღუდვის რისკები იმის მიუხედავად, თუ რომელი ფორმით ხდება ეს. კერძოდ, შესაძლებელია, ბაზრის რომელიმე სეგმენტზე კონკურენციის კუთხით პრობლემური იყოს ნებისმიერი ფორმით შეძენა, იქნება ეს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ჩუქების საფუძველზე, კანონით ან ანდერძით მემკვიდრეობის გზით, თუ კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელიმე სხვა ფორმით.

40. კომისია აქვე განმარტავს, რომ წილის შეძენის განზრახვა გარკვეული ქმედების განხორციელების ნების გამოხატვას გულისხმობს, მათ შორის, სამკვიდროს მიღების ნების გამოვლენასაც. სამკვიდრო ქონების მიღება პირის უფლებაა და არა ვალდებულება. შესაბამისად, მემკვიდრეობის მისაღებად აუცილებელია სამკვიდროს მისაღებად ნების გამოხატვა. ხოლო იმ შემთხვევაში თუ პირი მემკვიდრეობით იძენს ავტორიზებული პირის წილს/აქციას და ეს ტრანზაქცია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ექვემდებარება კონცენტრაციების კონტროლს, ავტორიზებული პირი ვალდებულია ტრანზაქციის განხორციელებამდე თანხმობის მისაღებად მიმართოს კომისიას.

41. აღსანიშნავია, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენის ამგვარ განმარტებასთან დაკავშირებით უკვე არსებობს კომისიის პრაქტიკა (იხ. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება Nგ-19- 18/583 შპს „დაკასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“, 2020 წლის 24 სექტემბრის Nგ-20-18/730 გადაწყვეტილება „შპს „სტანდარტის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე“, კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის გ-20-18/872 გადაწყვეტილება „შპს ,,სიმნეტისთვის“ (ს/კ 424066441) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ”, კომისიის 2021 წლის 15 ოქტომბრის №გ-21-18/573 გადაწყვეტილება „შპს „ბრეძას“ (ს/კ440886926) სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე“ და კომისიის 2023 წლის 27 აპრილის Nგ-23-18/201 გადაწყვეტილება „შპს „ახალი ქსელებისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე”.).

42.  შესაბამისად,  პირის  მიერ  მემკვიდრეობით  ავტორიზებული  პირის  წილის  შეძენა  საჭიროებს კომისიის წინასწარ თანხმობას. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26- ე მუხლია პირველი და მე-2 პუნქტების სისტემური განმარტების შედეგად დგინება, რომ ავტორიზებულმა პირმა, რომლის წილის შეძენაც ხდება, წილის შეძენის განზრახვის შესახებ უნდა აცნობოს კომისიას, ამასთანავე, დაელოდოს კომისიის გადაწყვეტილებას წილის შეძენაზე თანხმობის შესახებ და ამის შემდეგ შეიძინოს წილი. დასახელებული პირობებიდან რომელიმეს შეუსრულებლობა, ავტორიზებული პირის სამართალდამრღვევად ცნობის საფუძველია. წინამდებარე  ნორმების  სხვაგვარი  განმარტება  ხელს შეუშლიდა  კომისიის  მიერ  კონცენტრაციის „წინასწარი კონტროლის“ ფუნქციის განხორციელებას. სწორედ ამიტომ, შპს „NEW-NET“ განცხადების წარმოდგენის შემდეგ, უნდა დალოდებოდა კომისიის თანხმობას წილის შეძენაზე და შემდეგ უნდა მომხდარიყო მარიამ ამირანაშვილის მიერ კომპანიის 20%-იანი წილის შეძენა. ვინაიდან, მარიამ ამირანაშვილმა კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე შეიძინა შპს „NEW-NET“-ის 20%-იანი წილი, დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები.

ბ) პარტნიორთა წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხი

43.  შპს „NEW-NET“-მა 2026 წლის 14 აპრილის განცხადებით, ასევე, მოითხოვა შემდეგ პარტნიორთა წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემა: მარიამ ამირანაშვილი გეგმავს მის საკუთრებაში არსებული

20%-იანი წილის გასხვისებას ფიზიკურ პირ დავით დიასამიძეზე. დამატებით, ერთ-ერთი პარტნიორი რუსუდან კრავჩენკო, რომელიც ფლობს 20%-იან წილს, გეგმავს აღნიშნული წილის უსასყიდლოდ გადაცემას (ჩუქება) ფიზიკურ პირ სალომე ჩაჩიბაიაზე .

44. კომისიის უწყებრივი რეესტრის შესაბამისად შპს „NEW-NET“, მისი შემდეგი დამფუძნებლები დავით ხომერიკი, მარიამ ამირანაშვილი, რუსუდან კრავჩენკო, ახალი პარტნიორი ფიზიკური პირი სალომე ჩაჩიბაია არ ფლობენ   წილებს კომისიაში სხვა ავტორიზებულ პირებში და “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად აღნიშნული პირები ურთიერთდამოკიდებული  (აფილირებული) არ არიან კომისიაში ავტორიზებულ  სხვა პირებთან. ამასთან, მისი დამფუძნებლები დარინა აბულაძე და დავით დიასამიძე ფლობენ წილებს ავტორიზებულ პირ შპს „ნიუ-ნეტ+“-ში 20%-ს და 60%-ს შესაბამისად. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად აღნიშნული პარტნიორები კომისიაში ავტორიზებულ შპს „ნიუ-ნეტ+“-თან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არიან.

45. კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, კომპანია ოპერირებს ქალაქ ბათუმსა და ხელვაჩაურში და ეწევა ინტერნეტით მომსახურებას. 2025 წლის იანვრიდან 2026 წლის მარტის ჩათვლით პერიოდის მონაცემების შესაბამისად კომპანიის შემოსავალი და საბაზრო წილები შემდეგია:

შპს „NEW- NET“

2025 წლის იანვრიდან 2026 წლის მარტის ჩათვლით

საბაზრო წილი

აბონენტები 2026 წლის მარტის მდგომარეობით

საბაზრი წილი

ინტერნეტ მომსახურება

191 550

0.05%

299

0.03%

46. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მიხედვით, კომისია ამავე კანონის 26-27-ე მუხლებით დადგენილი წესით განიხილავს ისეთ კონცენტრაციას, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში არ ექცევა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონცენტრაციების კონტროლის მექანიზმის ფარგლებში, მაგრამ აკმაყოფილებს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ წინაპირობებს. შესაბამისად, კომისია მოცემულ შემთხვევაში განცხადებაში აღნიშნულ ტრანზაქციას განიხილავს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე-27- ე მუხლებით დადგენილი წესით.

47. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

48. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

49.  ზემოთ აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელების შემთხვევაში, საბოლოოდ შპს „NEW-NET“-ის 40% წილის მფლობელი გახდება დავით დიასამიძე და 20%-იანი წილის მფლობელი გახდება ფიზიკური პირი სალომე ჩაჩიბაია. ამასთან კომპანიის აფილირება და პარტნიორების ურთიერთდამოკიდებულება (აფილირება) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირ(ებ)თან  არ  შეიცვლება.  ხოლო  ტრანზაქციის  შემდეგ  მფლობელების  წილის განაწილება იქნება შემდეგი:

სახელი

გვარი

წილი(%)

სალომე

ჩაჩიბაია

20

დარინა

აბულაძე

20

დავით

დიასამიძე

40

დავით

ხომერიკი

20

50. ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან  გამომდინარე, აღნიშნული  ტრანზაქცია  ბაზრის  შესაბამის სეგმენტზე გავლენას ვერ იქონიებს და შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

51. შესაბამისად, არ არსებობს შპს „NEW-NET“-ის წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

52. სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, საჭირო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.

4.    პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

53. გამომდინარე იქიდან, რომ შპს შპს „NEW-NET“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის  არცერთი  სახე  მსგავსი/ანალოგიური  შინაარსის  დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „NEW-NET“-ს მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევისთვის.

54. ამასთანავე, განხორციელებული ტრანზაქცია (შპს „NEW-NET“-ის 20%-იანი წილის მარიამ ამირანაშვილის მიერ შეძენა) ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე ახალ გარემოებას არ ქმნის, შესაბამისად შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან. ასევე, არ დგინდება ის აუცილებელი გარემოებები, რომლის თანახმადაც, საჭირო იქნება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის გამოკვლევის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. ამგვარად, არ იკვეთება შპს „NEW-NET“-ისთვის რაიმე სპეციალური ღონისძიების/ვალდებულების დაკისრების აუცილებლობა.

IV.  სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის მე-5 და მე-9 პუნქტების, 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის და მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 25- ე მუხლის, 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 27-ე მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე და 44-ე მუხლებისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შპს „NEW-NET“-ს   მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევის გამო;

2. შპს „NEW-NET“-ს მიეცეს თანხმობა შემდეგ ტრანზაქციაზე :

ა) შპს „NEW-NET“-ის  პარტნიორის, რუსუდან კრავჩენკოს, 20%-იანი წილის ფიზიკურ პირ სალომე ჩაჩიბაიზე გასხვისებაზე;

ბ) შპს „NEW-NET“-ის პარტნიორის, მარიამ ამირანაშვილის, 20%-იანი წილის ფიზიკურ პირ დავით დიასამიძეზე  გასხვისებაზე;

3. განემარტოს შპს „NEW-NET“-ს, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „NEW-NET“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

4. ამ  გადაწყვეტილებით  კომისიის  მიერ  გაცემული  თანხმობა  ძალაშია  გადაწყვეტილების მიღებიდან 6  (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს „NEW-NET“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „NEW-NET“-სთვის გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7.  დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი)  აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „NEW-NET“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

გოგა  გულორდავა       თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე           წევრი

ნათია კუკულაძე          წევრი

ივანე მახარაძე              წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები