წვდომის მენიუ

შპს „სერვისი“-სთვის (ს/კ: 211383304) პარტნიორთა წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-26-11 / 228

გამოქვეყნების თარიღი მაისი 22, 2026 15:10

მიღების თარიღი მაისი 21, 2026

შპს „სერვისი“-სთვის (ს/კ: 211383304) პარტნიორთა წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში “კომისია“) 2026 წლის 15 მაისს განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის შ-26-6/5160) მიმართა შპს „სერვისის“ დირექტორმა/დამფუძნებელმა ფიზიკურმა პირმა, თამრიკო გოგლიძემ, კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელის, ვახტანგ გაჩეჩილაძის, გარდაცვალების გამო მისი სრული წილის მის მემკვიდრეზე, ფიზიკურ პირ ვიქტორია გაჩეჩილაძეზე გასხვისებაზე წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე.

შპს „სერვისი“ 2010 წლის თებერვლიდან   წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი)  გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური  სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

სპილენძის წყვილების მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი  კავშირით მომსახურება

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება ტექსტური შეტყობინების მომსახურება

B.F.2  ინტერნეტ მომსახურება

კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial-up) სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL) ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

B.F.3 მონაცემთა გადაცემა

მონაცემთა გადაცემა

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „სერვისის“ დამფუძნებლები არიან:

სახელი

გვარი

წილი(%)

ვახტანგ

გაჩეჩილაძე

50

თამრიკო

გოგლიძე

50

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მიხედვით, კომისია ამავე კანონის 26-27-ე მუხლებით დადგენილი წესით განიხილავს ისეთ კონცენტრაციას, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში არ ექცევა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონცენტრაციების კონტროლის მექანიზმის ფარგლებში მაგრამ აკმაყოფილებს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ წინაპირობებს. შესაბამისად, კომისია მოცემულ შემთხვევაში განცხადებაში აღნიშნულ ტრანზაქციას განიხილავს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე-27-ე მუხლებით დადგენილი წესით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისიის  უწყებრივი რეესტრის შესაბამისად შპს „სერვისი“, მისი დამფუძნებლები  და ფიზიკური პირი, ვიქტორია გაჩეჩილაძე, არ ფლობენ წილებს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ სხვა პირებში. შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად აღნიშნული პირები ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ სხვა პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ  არიან.

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის 2025 წლის იანვრიდან 2026 მარტის პერიოდის მონაცემების თანახმად, კომპანია ეწევა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებად საქმიანობას, კერძოდ, ადგილობრივი ქსელის ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხების იჯარას და აღნიშნული მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი და საბაზრო წილები შემდეგია:

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნული ტრანზაქცია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას ვერ იქონიებს და შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან. ამასთან, აღნიშნული ცვლილებით კომპანიის აფილირება და    პარტნიორების ურთიერთდამოკიდებულება (აფილირება) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირ(ებ)თან არ შეიცვლება.

შესაბამისად, არ არსებობს შპს „სერვისის“ წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეს თანხმობა შპს „სერვისს“ მისი დამფუძნებლის, ფიზიკური პირის, ვახტანგ გაჩეჩილაძის კუთვნილი 50%-იანი წილის ფიზიკურ პირ ვიქტორია გაჩეჩილაძეზე სრულად გადაცემაზე;

2. განემარტოს  შპს  „სერვისს“,  რომ  ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „სერვისი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3. ამ  გადაწყვეტილებით  კომისიის  მიერ  გაცემული  თანხმობა  ძალაშია  გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი)  თვის  განმავლობაში.  აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს „სერვისი“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ  გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის კომპანიისთვის  გაგზავნა (ბ. გასვიანი);

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის კომპანიისთვის ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კომპანიისთვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის  აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

გოგა  გულორდავა        თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე           წევრი

ეკატერინე  იმედაძე      წევრი

ნათია კუკულაძე          წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები